საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 15 გვ. 74-გვ. 77
  • ისინი მხარში ედგნენ ერთმანეთს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ისინი მხარში ედგნენ ერთმანეთს
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • „სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • რუთი და ნაომი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • „სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • რუთი და ნაომი
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 15 გვ. 74-გვ. 77

15 ᲜᲐᲝᲛᲘ ᲓᲐ ᲠᲣᲗᲘ

ისინი მხარში ედგნენ ერთმანეთს

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲜᲐᲝᲛᲘᲡ უბედურება ერთი მეორის მიყოლებით დაატყდა თავს. როცა ისრაელში შიმშილობა ჩამოვარდა, მისმა ქმარმა გადაწყვიტა, ოჯახი ბეთლემიდან მოაბში გადაეყვანა. გარკვეული ხნის შემდეგ ნაომის ქმარი მოუკვდა და უცხო მიწაზე ორ შვილთან ერთად მარტო დარჩა. მოგვიანებით მისმა ვაჟებმა მოაბელი ცოლები მოიყვანეს, რომლებიც არ ემსახურებოდნენ იეჰოვას. დაახლოებით 10 წლის შემდეგ ნაომის კვლავ დაატყდა თავს უბედურება. მას ორივე ვაჟი გამოეცალა ხელიდან. ისინი ისე დაიხოცნენ, რომ შვილი არ ჰყოლიათ. ნაომიმ არა მარტო ქმარ-შვილი დაკარგა, არამედ იმის იმედიც გადაეწურა, რომ ოდესმე შთამომავალი ეყოლებოდა.

ამ ქალს მოაბში დარჩენის არანაირი მიზეზი აღარ ჰქონდა. ამიტომ გადაწყვიტა, ისევ ბეთლემში დაბრუნებულიყო, რასაც დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდებოდა. მასთან ერთად გზას მისი რძლები, რუთი და ორფაც დაადგნენ. ნაომი განიცდიდა, რომ ისინი უნდა მოსწყვეტოდნენ მშობლიურ მიწას და ნათესავებს. მათ შეიძლება აღარც გათხოვების და შვილების ყოლის შესაძლებლობა მისცემოდათ. ნაომი სულაც არ ფიქრობდა თავის თავზე. ამიტომ რუთსა და ორფას უთხრა: „წადით, დაბრუნდით თქვენ-თქვენს სახლებში დედებთან“. ნაომის დიდი გაბედულება დასჭირდებოდა, რომ მარტო გაეგრძელებინა გზა. სამივენი ატირდნენ, თუმცა ორფამ შინ დაბრუნება ამჯობინა, რუთი კი დედამთილთან დარჩა.

რუთმა ნაომის უთხრა: „ნუ მეხვეწები, რომ მიგატოვო და წავიდე. სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ. სადაც შენ გაათევ ღამეს, მეც იქ გავათევ. შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი – ჩემი ღმერთი! სადაც შენ მოკვდები, მეც იქ მოვკვდები და დავიმარხები!“.

რუთს და ნაომის დიდი უბედურება დაატყდათ თავს. თუმცა მათ იეჰოვას ხალხს შორის პოვეს თავშესაფარი.

რუთმა დიდი გაბედულება და ერთგულება გამოიჩინა. ის ნაომის გაჰყვა ისრაელში და უკან მოიტოვა ოჯახი, მშობლიური მიწა-წყალი, მოაბელთა ცრუ ღმერთები და ნაომის ღმერთი, იეჰოვა, აირჩია თავის ღმერთად. როცა ისინი ბეთლემში ჩავიდნენ, მთელი ქალაქი მათზე ალაპარაკდა. განვლილმა წლებმა და გაჭირვებამ ნაომის თავისი კვალი დაატყო, ამიტომ მის დანახვაზე ქალაქში მცხოვრები ქალები შეშფოთდნენ. ნაომიმ დაიჩივლა და თქვა, რომ ყოვლისშემძლემ სიცოცხლე გაუმწარა და ხელცარიელი დააბრუნა. მისი სიტყვები შესაძლოა რუთს გულზე მოხვედროდა. ის ხომ ნაომის გულისთვის ამხელა მსხვერპლზე წავიდა. მაგრამ ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ რუთი განაწყენდა. ის ნაომისთან ერთად ბეთლემში დასახლდა და საკვები რომ ჰქონოდათ, ყანაში თავთავების აკრეფა დაიწყო.

რუთი და ნაომი ბეთლემში ჩადიან. რუთს ერთი ხელი ნაომისთვის აქვს ჩაჭიდებული, მეორეთი კი დატვირთული სახედარი მოჰყავს და ასე მოაბიჯებს ქუჩაში. ხალხი გაკვირვებული აკვირდება მათ.

ერთ მდიდარ კაცს, ბოაზს, რომელიც რახაბის ვაჟი იყო, შეუმჩნეველი არ დარჩენია რუთის გულმოდგინება და მისი ვინაობით დაინტერესდა. მან შეიტყო, როგორ თავდაუზოგავად ზრუნავდა რუთი ნაომიზე და შეაქო, რომ იეჰოვას ხალხს შორის პოვა თავშესაფარი. ამასთანავე, ბოაზმა მუშებიც გააფრთხილა, რომ რუთი არ შეეწუხებინათ.

რუთმა ნაომის უამბო იმ სიკეთის შესახებ, რომელიც ბოაზმა მის მიმართ გამოიჩინა. ამ ამბავმა ნაომი ძალიან გაახარა. ბოაზი მათ ნათესავად ეკუთვნოდა. მოსეს კანონის თანახმად, ქმრის უახლოეს ნათესავს დაქვრივებული ქალი ცოლად უნდა მოეყვანა. მათი პირველი ვაჟი გარდაცვლილი ქმრის გვარის გამგრძელებელი გახდებოდა და, შესაბამისად, მისი საგვარეულო ხაზი და მემკვიდრეობა არ დაიკარგებოდა (კან. 25:5, 6). ნაომიმ იფიქრა, რომ ბოაზი ზუსტად შესაფერისი ადამიანი იყო და რუთი დაარიგა, როგორ უნდა მოქცეულიყო.

რუთი დათანხმდა, რომ ყველაფერს ისე გააკეთებდა, როგორც დაარიგა. თუმცა ეს შეიძლება მისთვის უჩვეულო და უხერხული ყოფილიყო. საღამო ხანს ის კალოზე ჩავიდა. როგორც ჩანს, მოსავლის დასაცავად მამაკაცები მარცვლეულის გროვასთან იძინებდნენ. ბოაზსაც მარცვლეულის გროვასთან ეძინა. რუთი უჩუმრად მივიდა, გადახადა და ფეხებთან მიუწვა. როცა ბოაზს გამოეღვიძა, რუთმა მოკრძალებით სთხოვა, რომ როგორც გამომსყიდველს, ეზრუნა მასზე. ბოაზი მიხვდა, რომ რუთი ძალიან ღელავდა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რუთის გამბედაობამ და იეჰოვასა და ნაომის მიმართ მისმა ძლიერმა სიყვარულმა. ამიტომ პირობა მისცა, რომ რაც შეეძლო, ყველაფერს გააკეთებდა მის დასახმარებლად.

მომდევნო დღეს ბოაზი ბეთლემის უხუცესებთან მივიდა და ყველაფერი წესისა და რიგისამებრ მოაგვარა. მან ცოლად შეირთო რუთი, რომლისგანაც ვაჟი შეეძინა. ნაომის ძალიან შეუყვარდა რუთის ვაჟი, ობედი. სწორედ ის გახდა მეფე დავითისა და შესაბამისად, მესიის წინაპარიც (მათ. 1:5, 6, 16). იეჰოვამ ნაომი და რუთი უხვად აკურთხა რწმენისა და გაბედულებისთვის.

წაიკითხეთ:

  • რუთი 1:1–4:22

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა ნაომისა და რუთის რწმენა და გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) რით იყო განსაკუთრებული ღვთის კანონი, რომელიც ღარიბებს სხვის ყანაში თავთავების აკრეფის უფლებას აძლევდა? (ia 39 ¶23, სქ.) სურათი 1

რუთი ბოაზის ყანაში მომკელების მიერ დატოვებულ ქერის თავთავებს კრეფს.

სურათი 1

სურათი 1

  1. 2) საიდან ვიცით, რომ რუთი ბოაზთან უზნეობის ჩასადენად არ მისულა? (ia 47 ¶17, 18)

  2. 3) ბოაზმა რუთს „შვილი“ უწოდა. რას გვეუბნება ეს მის შესახებ? (რუთ. 2:8; w16.11 3)

  3. 4) პირველი გამომსყიდველისგან განსხვავებით, როგორ გამოავლინა დიდსულოვნება ბოაზმა? (w23.03 14) სურათი 2

    გამომსყიდველს ხელში სანდალი უჭირავს.

    სურათი 2

რას სწავლობთ

  • თუ ფინანსური პრობლემები გვაქვს, რატომ იქნება კარგი, რუთის მსგავსად შრომისმოყვარეები და მადლიერები ვიყოთ? სურათი 3

    ფოტოკოლაჟი: მარტოხელა დედას ფინანსური პრობლემები აქვს. სამ სურათზე ნაჩვენებია სხვადასხვა სიტუაცია. მარტოხელა დედა შეფიქრიანებული ათვალიერებს გადასახადის ქვითრებს. უკანა ფონზე ჩანს მისი ვაჟი, რომელიც თამაშობს. მარტოხელა დედა გვიან ღამით საოფისე შენობას ალაგებს. ცოლ-ქმარს პროდუქტები და მზა საჭმელი მიაქვს დედა-შვილისთვის.

    სურათი 3

  • რუთი მხარში ედგა ნაომის, როცა ის სასოწარკვეთილი იყო. რას ვსწავლობთ ნაომისგან, რომელმაც მზადყოფნით მიიღო დახმარება? რას ვსწავლობთ რუთისგან, რომელსაც არ მიუტოვებია ნაომი?

  • კიდევ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ რუთსა და ნაომის რწმენასა და გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ ნაომისა და რუთს?

გაიგეთ მეტი

რას გვასწავლის ურყევ სიყვარულზე წიგნი „რუთი“ და როგორ შეგვიძლია პრაქტიკულად გამოვიყენოთ ნასწავლი?

„გამოიჩინეთ ურყევი სიყვარული ერთმანეთისადმი“ (w21.11 8–13)

ამ დასურათებული ბიბლიური ისტორიის მეშვეობით დაეხმარეთ ბავშვებს, გონებაში გააცოცხლონ ეს ბიბლიური ეპიზოდი.

„რუთი – ერთგული მეგობარი“ (ijwis სტატია 12)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება