22 ᲘᲝᲜᲐᲗᲐᲜᲘ
მან გაბედულად უერთგულა თავის ღმერთსაც და მეგობარსაც
ᲝᲠᲘ ᲛᲐᲛᲐᲙᲐᲪᲘ კლდეზე ფორთხვით მიიწევს წინ. ისინი შეიარაღებულები არიან და ფილისტიმელთა საგუშაგო რაზმზე განუზრახავთ იერიშის მიტანა. ერთ-ერთი მათგანი ისრაელის პირველი მეფის ვაჟი, იონათანია. მას უკან თავისი საჭურველთმტვირთველი მიჰყვება. სულ ცოტა ხნის წინ მას იონათანმა ასეთი სიტყვები უთხრა: „ბევრნი ვიქნებით თუ ცოტა, ვერაფერი შეუშლის ხელს იეჰოვას, რომ გაგვამარჯვებინოს“. ეს უდავოდ შემატებდა გაბედულებას ამ ისედაც მამაც ახალგაზრდას. იონათანი არ შემცდარა, იეჰოვას დახმარებით ისინი 20-მდე ფილისტიმელს ასალმებენ სიცოცხლეს. და ეს მხოლოდ დასაწყისია. იმ დღეს იეჰოვა თავის ხალხს სასწაულებრივად ამარჯვებინებს.
ის, რაც იონათანმა გააკეთა, უდავოდ გაბედული ნაბიჯი იყო. თუმცა ამ თვისებით მხოლოდ ბრძოლის ველზე როდი გამოირჩეოდა. მას გაბედულების გამოვლენა მაშინაც უწევდა, როცა უნდა აერჩია, ვის უერთგულებდა. თავიდან ის ერთგულად უჭერდა მხარს მამამის საულს. თუმცა როცა საულმა იეჰოვას ზურგი აქცია, იონათანმა გაბედულად დაიკავა იეჰოვას მხარე და მას უერთგულა.
გადის წლები. იონათანი 50 წელსაა მიღწეული. ის იმის მოწმე ხდება, როგორ კლავს ერთი ახალგაზრდა ფილისტიმელ გოლიათს. ეს ახალგაზრდა დავითია. ყველანი აღფრთოვანებული არიან მისი სიმამაცით, მათ შორის საულიც. იონათანს რა რეაქცია აქვს? ხომ არ შურს მისი? არა. მას მსგავსი გრძნობა წამითაც კი არ უჩნდება. ის კი არადა, იმდენად იხიბლება დავითით, რომ თავის საბრძოლო აღჭურვილობასაც ჩუქნის, მათ შორის მშვილდს. ამ სახელგანთქმული მშვილდოსნისგან ეს მართლაც განსაკუთრებული საჩუქარი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იონათანი დავითზე 30 წლით დიდია, ეს სულაც არ უშლის ხელს, რომ მას დაუმეგობრდეს. ისინი მეგობრობის აღთქმასაც კი დებენ, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ერთგულობენ.
იონათანს არჩევანის გაკეთება მოუწია, თავისი ღმერთისთვის ეერთგულა თუ მამისთვის.
თავიდან საულიც იხიბლება დავითით. თუმცა მალევე შურით ივსება და მოსისხლე მტრად გადაეკიდება. საულს იმედი აქვს, რომ შვილიც აუბამს მხარს, მაგრამ იონათანი ბოლომდე ერთგულობს დავითს. არადა იცის, რომ იეჰოვამ ის კი არა, სწორედ ეს ახალგაზრდა აირჩია ისრაელის მომავალ მეფედ. ერთ დღეს იონათანი იგებს, რომ მამამისს დავითის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი. ის კი მეგობარს გამოესარჩლება, რაც მისი მხრიდან დიდ გაბედულებას მოითხოვს. საული ხომ ასაკის მიუხედავად, ჯერ კიდევ ძლიერი მეომარია, რაც შემდგომ განვითარებული მოვლენიდანაც ჩანს. როცა ხედავს, რომ თავისი შვილი დავითს უჭერს მხარს, გაბრაზებული შუბს ესვრის და მოსაკლავად იმეტებს. მართალია, იონათანი ხელიდან უსხლტება, მაგრამ მამის საქციელი ძალიან სტკენს გულს და გამწარებული ტოვებს იქაურობას. ყველაფრის მიუხედავად, ის მაინც მიდის დავითთან და საულის ჩანაფიქრს უმხელს. ამ დროს ის კიდევ ერთხელ სთხოვს მეგობარს, რომ თუ რამე დაემართება, მის ოჯახზე იზრუნოს.
საულისგან დევნილ დავითს სხვადასხვა ადგილისთვის უწევს თავის შეფარება. იონათანიც ახლავს ხოლმე საულს, როცა ის თავის ჯართან ერთად მის კვალს ადგას? ეს მართლაც წარმოუდგენელია. თანაც არც ბიბლიაშია ამაზე რაიმე ნათქვამი. მეტიც, ის ცდილობს, დევნილობაში მყოფი მეგობარი განამტკიცოს და დაარწმუნოს, რომ იეჰოვა არ მიატოვებს. როცა მის ადგილსამყოფელს იგებს, მის სანახავად ჩადის და ეუბნება: „ნუ გეშინია, მამაჩემი საული ვერაფერს დაგაკლებს. შენ გახდები ისრაელის მეფე, მე კი მეორე კაცი ვიქნები“. სამწუხაროდ, ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა აღმოჩნდება.
გადის დრო და იონათანი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ერთგულება მისი ბუნების განუყოფელი ნაწილია. ის მამის გვერდით ერთგულად ებრძვის ფილისტიმელებს, იეჰოვას მტრებს. სამწუხაროდ, ამ დროისთვის იეჰოვა საულს აღარ უჭერს მხარს, რადგან განუდგა მას და სულების გამომძახებელსაც კი მიმართა დახმარებისთვის. ბრძოლის დროს საული მძიმედ იჭრება, რის შემდეგაც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. ბრძოლის ველზე ეცემა მისი სამი ვაჟიც, მათ შორის იონათანი.
ამ ამბით თავზარდაცემული დავითი სამგლოვიარო სიმღერას წერს და თავის ძვირფას მეგობარს დასტირის. ის ამ სიმღერას „მშვილდს“ არქმევს, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ერთ დროს იონათანმა მას სწორედ თავისი მშვილდი აჩუქა. ის ასეთი სიტყვებით დასტირის მეგობარს: „ვწუხვარ შენზე, ჩემო ძმაო, იონათან, მეტად ძვირფასი იყავი ჩემთვის!“. დავითი არ ივიწყებს მეგობრისთვის მიცემულ აღთქმას და ტახტზე ასვლის შემდეგ არკვევს, ვინმე ხომ არ დარჩა იონათანს ცოცხალი. როგორც კი იგებს, რომ მისი ვაჟი მეფიბოშეთი, რომელიც ორივე ფეხით კოჭლობს, ცოცხალია, ის იერუსალიმში გადმოჰყავს საცხოვრებლად და საკუთარ თავზე იღებს მასზე მზრუნველობას.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა იონათანის გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) ვინ იყვნენ ფილისტიმელები? (w95 2/1 31)
2) როგორ ადასტურებს 1 სამუელის 13:21-ში მოხსენიებული „ფიმი“ ბიბლიის უტყუარობას? (w05 3/15 29) სურათი 1
სურათი 1: ფიმი – საწონი ქვა
3) რატომ იქნებოდა რთული მიქმაშის ხევის გადაკვეთა და რა დაეხმარა იონათანს ამაში? (it „მიქმაში“ ¶4) სურათი 2
Todd Bolen/BiblePlaces.com
სურათი 2: მიქმაშის ხევის სავარაუდო ადგილმდებარეობა
სურათი 2: მიქმაშის ხევის სავარაუდო ადგილმდებარეობა
Todd Bolen/BiblePlaces.com
4) როგორ შეასრულა დავითმა იონათანისთვის მიცემული პირობა? (it „მეფიბოშეთი“ №2 ¶1)
რას სწავლობთ
იეჰოვასთვის რომ ეერთგულა, იონათანს მამის ნების წინააღმდეგ წასვლა მოუწია. რა შემთხვევაში შეიძლება დავდგეთ მსგავსი არჩევანის წინაშე? სურათი 3
სურათი 3
რას ვსწავლობთ იონათანისა და დავითის ისტორიიდან . . .
მეგობრობაზე?
თავმდაბლობაზე?
ერთგულებაზე?
კიდევ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ იონათანს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ იონათანს?
გაიგეთ მეტი
რას ეფუძნებოდა იონათანისა და დავითის მეგობრობა და ჩვენ რა დაგვეხმარება კარგი მეგობრების შეძენაში?
დაანახვეთ შვილებს, რისი სწავლა შეუძლიათ იონათანისგან.