23 ᲓᲐᲕᲘᲗᲘ
ის არ შეუშინდა გოლიათს
ᲔᲠᲗᲘ ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲐ ელაჰის ველს გაჰყურებს. ამ ველის გადაღმა გოლიათი დგას, მის გვერდით კი – ფარისმტვირთველი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ტანის კაცია. ასე რომ, შორიდანაც კი მარტივი აღსაქმელია, რამდენად დიდია გოლიათი. ის სადღაც 2,9 მეტრი სიმაღლისაა და ფიზიკურადაც საკმაოდ ძლიერია. ხალხს შიშის ზარს სცემს მისი დანახვა. მაგრამ ამას ამ ახალგაზრდაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. საინტერესოა, რა არის მისი გაბედულების საიდუმლო.
ეს ახალგაზრდა დავითია. არც ისე დიდი ხნის წინ წინასწარმეტყველმა სამუელმა ის ისრაელის მომავალ მეფედ ცხო. ამის შემდეგ იეჰოვა დავითს თავისი სულით განსაკუთრებულ ძალას აძლევს. მართალია, ის ჯერ კიდევ მოზარდია და ჯარში მსახურების ასაკი არ მოსვლია, მაგრამ მას უკვე მამაც და ძლიერ მებრძოლად იცნობენ.
ახლა ისრაელების ბანაკში ის მამის დავალებითაა მოსული. მან თავისი ძმები უნდა მოინახულოს, რომლებიც ჯარში მსახურობენ. ისრაელები და ფილისტიმელები უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ბრძოლის ველზე არიან განლაგებული. თუმცა ისინი ვერ ბედავენ, რომ ფილისტიმელებს და მათ გამორჩეულ მებრძოლს, გოლიათს, დაუპირისპირდნენ. არადა ის უკვე მერამდენე დღეა, მასხრად იგდებს მათ. გოლიათი ამჯერადაც გამოდის მათ დასაცინად. როდესაც დავითს ესმის, როგორ იგდებს აბუჩად ეს წარმართი მებრძოლი იეჰოვას, აღშფოთებული მებრძოლებს ეკითხება, ვინ არის ეს წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, ცოცხალი ღვთის ლაშქარს რომ დასცინისო და როგორ დაჯილდოვდება ის, ვინც მას დაამარცხებსო. როდესაც დავითის უფროსი ძმა, ელიაბი, იგებს მის სიტყვებს, ფიქრობს, რომ ის იქ სეირის საყურებლადაა მისული და უბრაზდება. მაგრამ დავითი კვლავ ცდილობს, საბრძოლო მუხტი შეიტანოს ებრაელების ბანაკში.
დავითის სიტყვები საულის ყურამდეც აღწევს და მას თავისთან იბარებს. დავითი მეფის შეგულიანებასაც ცდილობს და ეუბნება: „ნურავის შეუდრკება გული მისი შიშით!“. შემდეგ კი მზადყოფნას გამოთქვამს, თავად შეებრძოლოს ამ ფილისტიმელს. საულს ეშინია, გოლიათმა სიცოცხლეს არ გამოასალმოს დავითი და არ უნდა მისი გაშვება. შიში რომ გაუქარწყლოს, დავითი მას უყვება, როგორ დაამარცხა იეჰოვას ძალით დათვი და ლომი, რომლებიც მამამისის ფარას დაესხნენ თავს. შემდეგ კი არწმუნებს, რომ იეჰოვა ამჯერადაც მოუმართავს ხელს. საბოლოოდ დავითი ითანხმებს მეფეს. საული მას თავისი ჯავშნით მოსავს და მახვილსაც აძლევს. თუმცა დავითი მიუჩვეველია ასეთი აღჭურვილობის ტარებას, ამიტომ გადაწყვეტს, საბრძოლველად თავისი ჯოხით და შურდულით გავიდეს.
დავითი გზად ხევში ხუთ გლუვ მრგვალ ქვას იღებს და ასე მიემართება ძლევამოსილ მტერთან შესაბრძოლებლად. როგორც კი გოლიათი ამ პატარა ბიჭს ხედავს, მის დაცინვას იწყებს და ეუბნება: „ძაღლი ვარ, ჯოხით რომ გამოდიხარ?!“. როგორც ჩანს, ის ვერ ხედავს, რომ დავითს თან შურდულიც აქვს წაღებული, რომელიც საკმაოდ ძლიერი იარაღია გამოცდილი კაცის ხელში. გოლიათი დავითს თავისი ღმერთების სახელით წყევლის და ეუბნება, რომ მის ხორცს ფრინველებსა და მხეცებს მიუგდებს საჯიჯგნად.
იეჰოვას სახელი რომ დაეცვა, ახალგაზრდა დავითი ძლიერ მტერსაც არ შეუშინდა.
ამაზე დავითი პასუხობს: „შენ მახვილით, შუბითა და ხელშუბით გამოდიხარ, მე კი ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ისრაელის ჯარის ღვთის სახელით გამოვდივარ, რომელსაც შენ დასცინე!“. ამ სიტყვებიდან ჩანს, რა არის მისი გაბედულების საიდუმლო. დავითი გოლიათს საკუთარ თავს კი არ ადარებს, არამედ იმაზე ფიქრობს, რამდენად პატარაა ის იეჰოვასთან შედარებით. ამიტომ მას წამითაც არ ეპარება იმაში ეჭვი, რომ გოლიათს მოკლავს და ფილისტიმელები დამარცხდებიან.
იეჰოვას მხარდაჭერაში დარწმუნებული დავითი მტრისკენ გარბის, ხელს აბგაში იყოფს, ქვას იღებს, შურდულში დებს და მის მოქნევას იწყებს. შეიძლება გოლიათი პირველად სწორედ ამ მომენტში ამჩნევს მის ხელში შურდულს, მაგრამ უკვე საკმაოდ გვიანია. დავითი შურდულით ქვას ისვრის, გოლიათს შიგ შუბლში არტყამს და ის პირქვე ეცემა. დავითი მისკენ გარბის, ქარქაშიდან მახვილს აძრობს და მისივე მახვილით ჰკვეთს თავს. ამის დანახვაზე ისრაელ ჯარისკაცებსაც ეძლევათ გული, ყიჟინით უტევენ ფილისტიმელებს და იმარჯვებენ. ფაქტია, ჯარისკაცებს ასეთ მხნეობას სწორედ დავითის გაბედულება მატებთ. და ეს დღემდე ასეა. მისი მაგალითი კვლავაც უამრავ ადამიანს ეხმარება გაბედულების მოკრებაში.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა დავითის გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) ვინ იყვნენ დავითის წინაპრები, რომლებიც მასავით რწმენითა და გაბედულებით გამოირჩეოდნენ? (მათ. 1:5, 6; ლუკ. 3:31–38; w12 10/1 24 ¶2)
2) რა ფაქტები ადასტურებს ამ ისტორიის უტყუარობას? (wp16.5 13) სურათი 1
Courtesy of Israel Antiquities Authority
სურათი 1: ძვ. წ. IX საუკუნით დათარიღებული ქვის ფრაგმენტი, რომელზეც ამოტვიფრულია სიტყვები: „დავითის სახლი“
3) აღწერეთ დავითის ცხოვრების ის პერიოდი, როცა ის მამამისის ცხვარს მწყემსავდა (w11 9/1 27 ¶1 – 28 ¶2). სურათი 2
Todd Bolen/BiblePlaces.com
სურათი 2
4) საიდან ვიგებთ, რომ დავითს ხშირად არასწორად აფასებდნენ? (w21.03 3 ¶6; it „ელიაბი“ №4 ¶1)
რას სწავლობთ
როგორ დაგვეხმარება დავითის მაგალითი, როცა . . .
შიში გვიპყრობს? სურათი 3
სურათი 3
არასწორ სურვილებს ვებრძვით?
რა მხრივ შეიძლება გარშემომყოფებისთვის დამხმარე აღმოჩნდეს ჩვენი გაბედულების მაგალითი? (1 სამ. 17:50–53)
კიდევ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ ახალგაზრდა დავითს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ დავითს მოზარდობის წლების შესახებ?
გაიგეთ მეტი
ამ სიმღერიდან დაინახავთ, რა იყო დავითის გაბედულების საიდუმლო.
როგორ შეუძლიათ ახალგაზრდა ძმებს, დავითის მსგავსად დაიმსახურონ სხვების პატივისცემა და არ დაკარგონ ის?
„ახალგაზრდა ძმებო, როგორ შეგიძლიათ მოიპოვოთ სხვების ნდობა?“ (w21.03 2–5 ¶1–11)