24 ᲐᲑᲘᲒᲐᲘᲚᲘ
ის არ შეუშინდა განრისხებულ მამაკაცებს
ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲨᲘ ერთი ლამაზი და გონიერი ქალი, აბიგაილი, ცხოვრობს. ის ახლა ორ ცეცხლს შუაა მოქცეული – ერთ მხარეს მისი მეუღლე ნაბალია, რომელიც უხეში, ავისმქნელი და უგუნური კაცია. მეორე მხარეს კი – დავითი, იეჰოვას ერთგული მსახური და ისრაელის მომავალი მეფე. თუმცა ახლა მის ქმარზე განრისხებული დავითი მათ სახლეულობას მიწის პირისგან აღგვას უპირებს. ეყოფა ამ ქალს იმის გამბედაობა, რომ დაძაბული სიტუაციის განსამუხტად რამე გააკეთოს?
ახლა დავითი მათკენ 400 შეიარაღებული კაცით მიემართება. რამ განარისხა ასე? ის ამ დროს უდაბნოშია გახიზნული, რადგან მეფე საულს გაურბის. თუმცა ამ მდგომარეობაშიც კი ყველაფერს აკეთებს როგორც ისრაელის მიწა-წყლის, ისე თანამემამულეების დასაცავად, იქნება ეს მტრების თუ მოთარეშე რაზმების თავდასხმისგან. დავითი და მისი კაცები ნაბალის ურიცხვ საქონელსაც იცავენ, რომლის მწყემსებიც მათ სიახლოვეს აძოვებენ პირუტყვს. თუმცა, როცა მსახურის პირით დავითი ნაბალს რბილად სთხოვს საკვებს, განრისხებული ის უარით ისტუმრებს მათ და დავითს ბატონისგან გაქცეულ მსახურად მოიხსენიებს. სწორედ ეს ხდება დავითის რისხვის მიზეზი.
მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აბიგაილი თავისი მსახურისგან იგებს. რატომ მიდის ის აბიგაილთან და არა ნაბალთან? ეს მისივე სიტყვებიდან ჩანს: „თვითონ ისეთი უვარგისი კაცია, რომ მასთან ლაპარაკი შეუძლებელია“. დიახ, მსახურმა იცის, რომ ბატონთან დალაპარაკებას არანაირი აზრი არ აქვს, აბიგაილი კი გონიერი ქალია და დარწმუნებულია, რომ გამოსავალს იპოვის.
როგორ იქცევა აბიგაილი? ის პანიკაში არ ვარდება და ხვდება, რომ სასწრაფოდ უნდა გააკეთოს რამე. ამიტომ გულუხვ ძღვენს ამზადებს დავითისა და მისი კაცებისთვის, ვირებზე კიდებს, მსახურებს ატანს და თავად ვირზე მჯდომი მათ უკან მიჰყვება. აბიგაილი მეუღლეს არაფერს ეუბნება. როგორც ჩანს, ხვდება, რომ მან შეიძლება ხელი შეუშალოს ჩანაფიქრის განხორციელებაში.
აბიგაილი არ შეუშინდა მეომრებს, რომლებიც მისმა უგუნურმა ქმარმა განარისხა.
ამ დროს დავითიც მათკენ მიემართება. მაგრამ აბიგაილს მთა ეფარება და ისინი მას ვერ ხედავენ. როცა გზად ერთმანეთს ხვდებიან, აბიგაილი სწრაფად ჩამოდის ვირიდან, განრისხებული დავითისკენ მიდის, მის წინაშე ემხობა და ევედრება, რომ მოუსმინოს. ეჭვგარეშეა, მისი თავმდაბლობა დავითს გულს ულბობს.
აბიგაილი ქმრის უგუნურ საქციელზე პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს და აღნიშნავს, რომ დავითს მართლაც ჰქონდა განრისხების მიზეზი. ამის შემდეგ შეახსენებს, რამდენი რამ გაუკეთებია იეჰოვასთვის და იეჰოვაც როგორ უდგას მხარში. ის იმასაც ეუბნება, რომ იეჰოვას არ ენდომება, დავითმა სისხლში გაისვაროს ხელი და სინდისმა მსჯავრი დასდოს უდანაშაულო სისხლის დაღვრის გამო. შემდეგ კი დასძენს, რომ მას იეჰოვა იხსნის მტრების ხელიდან, მთელ ისრაელზე გაამეფებს და მისი საგვარეულოს მეფობა არ შეწყდება. აშკარაა, ამ ქალმა იცის, რომ იეჰოვამ დავითი სცხო ისრაელის მომავალ მეფედ.
აბიგაილის რბილად ნათქვამი და დაკვირვებით შერჩეული სიტყვები დავითის რისხვას აცხრობს. ის ამბობს: „დიდება იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, რომელმაც დღეს ჩემთან შესახვედრად გამოგგზავნა!“. შემდეგ აქებს მას გონიერებისთვის და ითვალისწინებს მის რჩევას. დავითის თავმდაბლობა იქიდანაც ჩანს, რასაც შემდეგ ეუბნება: „აი, მოგისმინე და შეგისრულებ სათხოვარს!“.
ნაბალს ამ ყველაფრის შესახებ წარმოდგენა არ აქვს. ის იმ დღით ნადიმს მართავს და უზომოდ თვრება. აბიგაილი ქმარს გამოფხიზლებას აცდის და დილამდე არაფერს ეუბნება. თუმცა ასეთი მძიმე ხასიათის კაცთან დალაპარაკება ალბათ არც სიფხიზლეშია ადვილი და აბიგაილსაც აშინებს ეს. მიუხედავად ამისა, დილით ის მას ყველაფერს უყვება. მაგრამ, მისდა გასაკვირად, ამის მოსმენაზე ნაბალი ვერაფერს ამბობს და მკვდარს ემსგავსება. ათიოდე დღის შემდეგ კი იეჰოვა სიცოცხლეს უსწრაფებს ამ კაცს. ამგვარად მას იმ შეურაცხყოფისთვის სჯის, რაც მის ცხებულს მიაყენა, აბიგაილს კი სასტიკი ქმრის ხელიდან ათავისუფლებს.
თუმცა იეჰოვას კიდევ ბევრი რამ აქვს მისთვის განზრახული. როდესაც დავითი ნაბალის სიკვდილის ამბავს იგებს, ის აბიგაილს მსახურების პირით უთვლის, რომ მისი ცოლად შერთვა სურს. აბიგაილიც თანხმდება მის შემოთავაზებას. მას უკვე გაბედული და მზრუნველი ქმარი ჰყავს, რომელიც მათი თანაცხოვრების რაღაც ეტაპზე მას ამალეკელების ხელიდანაც კი იხსნის. მოგვიანებით დავითი ჯერ იუდას, შემდეგ კი მთელი ისრაელის მეფე ხდება. აბიგაილს მისგან ვაჟიც უჩნდება. იეჰოვამ დიდად დაუფასა ამ ქალს გაბედული და, იმავდროულად, ბრძნული ნაბიჯი.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა აბიგაილის გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) რატომ შეიძლებოდა, აბიგაილი ნაბალს გაჰყოლოდა ცოლად? (ia 77 ¶6)
2) დავითმა ნაბალს საკვები ცხვრის პარსვის დროს სთხოვა. აღწერეთ, რა ხდებოდა ცხვრის პარსვის დროს (w97 7/1 14 ¶4). სურათი 1
სურათი 1: ცხვრის პარსვა საზეიმო მოვლენა იყო.
სურათი 1: ცხვრის პარსვა საზეიმო მოვლენა იყო.
3) რატომ უნდა ყოფილიყო ნაბალი დავითის და მისი მეომრების მადლიერი? (ia 77, 78 ¶9, 10) სურათი 2
Hanan Isachar/Alamy Stock Photo
სურათი 2: ქარმელის მიმდებარე ტერიტორია უსწორმასწორო და ხრიოკი იყო.
4) რა იგულისხმა აბიგაილმა, როცა თქვა, რომ იეჰოვა „სიცოცხლის ქისაში“ შეინახავდა დავითის სიცოცხლეს? (1 სამ. 25:29; it „სიცოცხლე“ ¶47)
რას სწავლობთ
რისი სწავლა შეუძლიათ ქმრებს დავითისგან, რომელმაც გაითვალისწინა აბიგაილის რჩევა? სურათი 3
სურათი 3
რისი სწავლა შეუძლიათ აბიგაილისგან დებს, რომელთა მეუღლეებიც არ ემსახურებიან იეჰოვას?
როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ აბიგაილს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ აბიგაილს?
გაიგეთ მეტი
რისი გაკეთება შეუძლია ქრისტიანს ცოლქმრული კვანძების განსამტკიცებლად, თუ მისი მეუღლე არ ემსახურება იეჰოვას?
აბიგაილი დაეხმარა დავითს, დაეცხრო რისხვა. გაიგეთ, თქვენ რა დაგეხმარებათ, არ დაკარგოთ სიმშვიდე მაშინაც, თუ გულს გტკენენ ან თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ.