36 ᲘᲝᲨᲘᲐ
მან ხალხი იეჰოვასკენ მოაბრუნა
ᲛᲐᲛᲐᲛᲘᲡᲘ ბოროტი მეფე ამონი იყო, რომელმაც კერპთაყვანისმცემლობაში გახვია ხალხი. პაპამისი მენაშეც თავიდან დიდ ბოროტებას სჩადიოდა, თუმცა ბოლო წლებში მოინანია და დაუბრუნდა იეჰოვას. როგორც ჩანს, სწორედ მისმა მაგალითმა დატოვა ამ პატარა ბიჭზე ღრმა კვალი. ეს ბიჭი იოშია იყო. სულ რაღაც, ექვსი წლის ასაკში მას პაპა დაეღუპა, ორი წლის შემდეგ კი მამამისი მოკლეს. ასე რომ, მას რვა წლის ასაკში მოუწია სამეფო ტახტზე ასვლა.
მიუხედავად იმისა, რომ ერი კერპთაყვანისმცემლობაში იყო გახვეული, იოშიას ირგვლივ მაინც არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც კარგ ზეგავლენას ახდენდნენ მასზე. მათ შორის იყვნენ წინასწარმეტყველები სოფონია, იერემია და ხულდა, აგრეთვე მღვდელმთავარი ხილკია. ბიბლიაში იოშიაზე ნათქვამია: „როცა ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო [დაახლოებით 16 წლის], თავისი წინაპრის, დავითის, ღვთის ძიებას შეუდგა“. 20 წლის ასაკში მან მთელ იუდაში გამოაცხადა ბრძოლა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ. იეჰოვაც ხელს უმართავდა ამ გულანთებულ და მამაც მეფეს.
იოშია მხოლოდ ამას არ დასჯერებია და იმ მიწაზეც გაილაშქრა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ, სადაც ერთ დროს ისრაელის ათტომიანი სამეფო არსებობდა. არადა იქ უცხოტომელები ცხოვრობდნენ, ამ სამეფოს მკვიდრი ისრაელები კი უკვე დიდი ხნის გადასახლებულები იყვნენ.
იოშია ყმაწვილი იყო, მაგრამ გაბედულად გაილაშქრა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ და ხალხი იეჰოვასკენ მოაბრუნა.
წლების შემდეგ მის ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული მოხდა. ტაძრის შეკეთების დროს მღვდელმთავარმა ხილკიამ მოსეს მიერ ისრაელებისთვის გადაცემული ღვთის კანონის წიგნი აღმოაჩინა. ეს გრაგნილი, სავარაუდოდ, თავად მოსეს ხელით იყო დაწერილი. როცა კანონში ჩაწერილი სიტყვები მეფეს წაუკითხეს, ის სულით ხორცამდე შეძრა მოსმენილმა. იმ მომენტში მან გააანალიზა, რამდენად ეურჩებოდა ხალხი იეჰოვას და როგორი განრისხებული იქნებოდა ის თავის ხალხზე. როგორ მოიქცა იოშია ამის შემდეგ?
იეჰოვას აზრის გასაგებად მან მაშინვე ხუთი კაცი გაგზავნა წინასწარმეტყველ ხულდასთან. ამ წინასწარმეტყველმა ქალმა მათ გაუმჟღავნა, რომ იეჰოვა მართლაც განრისხებული იყო, რადგან იუდას მკვიდრნი დიდი ხნის მანძილზე ეურჩებოდნენ მას. ამიტომ იერუსალიმს და მთელ იუდას განადგურება არ ასცდებოდა. თუმცა წინასწარმეტყველმა ისიც გაუმხილა, რომ იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია იოშიას საქმეები და ის, რომ მთელი გულით იყო მასთან. ამიტომ გადაწყვეტილი ჰქონდა, მის სიცოცხლეში არ აღესრულებინა განაჩენი.
მიუხედავად ასეთი განაჩენისა, მეფე მაინც ცდილობდა, ხალხი იეჰოვასკენ მოებრუნებინა. იოშიამ მათ საჯაროდ დაადებინა იმის პირობა, რომ დაიცავდნენ ღვთის მცნებებს. ამის შემდეგ ამ გაბედულმა და დიდი რწმენის მქონე მეფემ კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელა ბრძოლა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ. ქალაქ ბეთელში მან სამსხვერპლოზე ადამიანების, როგორც ჩანს, ბაალის ქურუმების, ძვლები დაწვა და გაანადგურა ის. ამგვარად 300 წლით ადრე მასზე წარმოთქმული წინასწარმეტყველება შესრულდა (1 მეფ. 13:2). იოშიამ იუდაში ის სათაყვანო მაღლობებიც მოსპო, რომლებიც ჯერ კიდევ სოლომონის განდგომის პერიოდიდან გამოიყენებოდა.
მეფემ განსაკუთრებულად დიდი პასექის აღნიშვნასაც გაუწია ორგანიზება. მან და მისმა მთავრებმა დიდი რაოდენობის ცხოველური შესაწირავი გაიღეს იეჰოვასთვის. დღესასწაულის აღნიშვნის დროს მგალობლებიც განადიდებდნენ იეჰოვას სიმღერით. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პასექი იყო ღვთის ხალხის ისტორიაში. მართალია, იოშია ყოველმხრივ გამორჩეული მეფე იყო, მაგრამ რაღაც ეტაპზე მან მეტად არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო – ის ფარაონ ნექოს წინააღმდეგ გავიდა საბრძოლველად. არადა, იეჰოვამ ნექოს პირით გააფრთხილა, არ შებრძოლებოდა მას. როგორც ჩანს, იოშიამ წინასწარმეტყველებთან არ გადაამოწმა, მართლა იეჰოვა ელაპარაკებოდა თუ არა ნექოს პირით, და ყურად არ იღო ფარაონის ნათქვამი. ფაქტია, ამხელა ჯართან შებრძოლება იოშიასგან დიდ სიმამაცეს მოითხოვდა, მაგრამ სინამდვილეში ეს უგუნური ნაბიჯი იყო. ამ ბრძოლიდან მეფე ცოცხალი აღარ დაბრუნებულა. არადა ის მხოლოდ 39 წლის იყო.
ხომ არ დაივიწყა იეჰოვამ ამის გამო მისი კარგი საქმეები? რა თქმა უნდა, არა! წინასწარმეტყველმა იერემიამ მეფის დაღუპვის შემდეგ სამგლოვიარო სიმღერა დაწერა, რომელსაც თაობები მღეროდნენ. ალბათ ერთ დღეს მკვდრეთით აღმდგარი იოშია საკუთარი თვალით ნახავს, როგორ არის ბიბლიაში აღწერილი მისი მეფობა და იმასაც გაიგებს, რომ ის სიმღერებით დაიტირეს. აშკარაა, იეჰოვას ძალიან უყვარდა იოშია და არასდროს დავიწყებია მისი რწმენა და გაბედულება!
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა იოშიას გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) რა ვიცით მწერალ შაფანზე? (w02 12/15 19 ¶2–6)
2) რატომ შემოიხია იოშიამ ტანსაცმელი, როცა კანონი წაუკითხეს? (w14 4/15 32)
3) რა ადასტურებს ფარაონ ნექოს არსებობას? (2 მატ. 35:22; it „ნექო“ ¶2) სურათი 1
StockStudio/Alamy Stock Photo
სურათი 1: მეგიდოს ველი, სადაც იოშია ფარაონ ნექოს შეებრძოლა
სურათი 1: მეგიდოს ველი, სადაც იოშია ფარაონ ნექოს შეებრძოლა
StockStudio/Alamy Stock Photo
4) ხულდამ იწინასწარმეტყველა, რომ იოშია „მშვიდად განისვენებდა“ თავის საფლავში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის ბრძოლის ველზე დაეცა, შეიძლება ითქვას, რომ ეს წინასწარმეტყველება მაინც შესრულდა? (2 მეფ. 22:20; w00 9/15 30 ¶2, 3)
რას სწავლობთ
იოშიას მსგავსად ზოგი ქრისტიანი არასახარბიელო გარემოში გაიზარდა. რისი სწავლა შეუძლიათ მათ იოშიასგან?
როგორ მივბაძოთ იოშიას, რომელიც წმინდა წერილებით ხელმძღვანელობდა? (2 მატ. 34:21) სურათი 2
სურათი 2
რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ იოშიას გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ იოშიას?
გაიგეთ მეტი
გაიგეთ, რისი სწავლა შეგიძლიათ იოშიასა და კიდევ ორი მეფისგან, რომლებიც ახალგაზრდობაში ავიდნენ იუდას სამეფო ტახტზე.
თავისი ძალით ცდილობდა იოშია წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენას?
„იოშია – იეჰოვას მოყვარული და ბოროტების მოძულე მეფე – ნაწილი II“ (ნაწყვეტი) (3:43)