35 ᲛᲔᲜᲐᲨᲔ
მას ეყო გაბედულება, რომ შეცვლილიყო
ᲛᲘᲡ ᲓᲐᲑᲐᲓᲔᲑᲐᲡ წინ სასწაული უძღოდა – იეჰოვამ მამამისს სიცოცხლე გაუხანგრძლივა და ისიც სწორედ ამის შემდეგ მოევლინა ქვეყანას. მამამისი ღვთის ერთგული მეფე ხიზკია იყო, ეს ბიჭი კი – მენაშე. ის 12 წლის იყო, როცა მამა დაეღუპა და ტახტზე ავიდა. თუმცა მენაშე არ გაჰყვა მამის კვალს – ის არ ემსახურებოდა იეჰოვას.
ათწლეულების განმავლობაში ის დიდად სცოდავდა – ჯადოქრობდა, ცრუ ღმერთებს ეთაყვანებოდა, ხალხსაც კერპთაყვანისმცემლობაში ითრევდა და თავის ვაჟებსაც კი სწირავდა კერპებს. ის ბევრ ბოროტებასაც სჩადიოდა და უდანაშაულო ხალხს ხოცავდა. მოსახლეობაც მის კვალს მიჰყვებოდა, რის გამოც იეჰოვას თვალში მის წმინდა ქალაქს, იერუსალიმს, სისხლის ღვრაში მიუძღოდა ბრალი. იეჰოვა წინასწარმეტყველებს უგზავნიდა მეფეს, მაგრამ ის ყურად არ იღებდა მის გაფრთხილებას. მაშ, როგორ იქცა ასეთი ბოროტი მეფე ჩვენთვის გაბედულების მაგალითად?
ერთხელაც იუდას წინააღმდეგ ასურელთა ჯარი გამოვიდა. იეჰოვამაც არ დაიცვა ისინი, რადგან ყურად არ იღებდნენ მის გაფრთხილებას. მათ „შეიპყრეს მენაშე კავებით, სპილენძის ბორკილები დაადეს და ბაბილონში წაიყვანეს“. წარმოიდგინეთ, რამხელა დამცირება იქნებოდა ეს ამ ამაყი მეფისთვის და რამხელა ტკივილის ატანა მოუწევდა, სანამ შორეულ ბაბილონში ჩააღწევდნენ.
მენაშე უკიდურესად ბოროტი მეფე იყო, მაგრამ იეჰოვამ გამოსწორების შანსი მისცა.
ტყვეობაში ჩავარდნილს მას დიდი დრო ექნებოდა იმისთვის, რომ კარგად დაფიქრებულიყო თავის ცხოვრებაზე. ალბათ ასეთი უსუსური და მარტოსული იქამდე არასდროს ყოფილა. შეიძლება იმასაც ფიქრობდა, სად იყვნენ ის ღმერთები, რომელთაც ეთაყვანებოდა და თავის ვაჟებსაც კი სწირავდა. ის ყველაფერს მიხვდა, მიხვდა, რომ უნდა მოენანიებინა და შეცვლილიყო. აი, რა გააკეთა მან: „დიდად დაიმდაბლა თავი თავისი მამა-პაპის ღვთის წინაშე“ და ლოცვით მიმართავდა მას. აშკარაა, ეს იმ ამაყი მმართველის საქციელს აღარ ჰგავდა, როგორიც ის უწინ იყო. იეჰოვამაც დაინახა მენაშეში მომხდარი ცვლილებები და შეისმინა მისი ლოცვები. როგორც ჩანს, ის დღითი დღე უფრო თავმდაბალი ადამიანი ხდებოდა და იეჰოვაც უახლოვდებოდა მას (ფსალმ. 138:6). მენაშეც არ წყვეტდა ლოცვას და თავის ღმერთს, იეჰოვას, შეწყალებას სთხოვდა.
რას გრძნობდა იეჰოვა, როცა ამ ლოცვებს ისმენდა? ბიბლიაში ვკითხულობთ: „გული მოულბო [მენაშემ] თავისი ხვეწნით, ღმერთმაც შეისმინა მისი ვედრება და დაუბრუნა მეფობა იერუსალიმში“. ასეთი პასუხი მენაშეს ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბებდა. ახლა უკვე შეეძლო, საქმითაც დაემტკიცებინა, რომ შეიცვალა.
თუმცა იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ მის რწმენას გამოცდა ელოდა. მის გამო ხომ მთელი ერი უკვე წლები იყო, რაც დიდ ბოროტებას სჩადიოდა. მეფეს ალბათ აფიქრებდა, მხარს დაუჭერდა თუ არა ხალხი, მაგრამ მაინც მოიკრიბა გაბედულება, რომ მისივე მიზეზით შექმნილი მდგომარეობა გამოესწორებინა. მენაშემ თავიდან იერუსალიმის გამაგრება დაიწყო, რომ მომავალი თავდასხმებისგან დაეცვა ქალაქი. გარდა ამისა, კერპები მოაშორა მთელი იერუსალიმიდან და იეჰოვას ტაძრიდან, იეჰოვას სამსხვერპლოც შეაკეთა და მსხვერპლშეწირვა განაახლა. მაგრამ ალბათ ყველაზე რთული მაინც ხალხისთვის იმის ბრძანება იქნებოდა, რომ ამიერიდან იეჰოვასთვის ემსახურათ. ის ხომ ამდენი წლის მანძილზე სრულიად საპირისპიროსკენ აქეზებდა მათ. ყველაფერი მართლაც იმაზე მიანიშნებდა, რომ მენაშე მთელი გულით ინანიებდა. მისმა შემთხვევამ იეჰოვაც განადიდა, რადგან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ის ყოველთვის მზად არის პატიებისთვის (ფსალმ. 86:5).
სამწუხაროდ, მენაშემ ვერ შეძლო სიტუაციის ბოლომდე გამოსწორება. მართალია, იეჰოვამ მეფეს მთელი გულით აპატია, მაგრამ მისგან განსხვავებით ბოროტებასა და სისხლის ღვრაში გახვეული ხალხი სულაც არ ინანიებდა და ისიც ვერ დახუჭავდა თვალს ამ ყველაფერზე. მენაშეს საკუთარი ვაჟიც კი არ უსმენდა და ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში. თუმცა მომნანიებელმა მეფემ, როგორც ჩანს, ის მაინც შეძლო, რომ თავისი შვილიშვილისთვის, იოშიასთვის, გულში იეჰოვას სიყვარული ჩაენერგა. ამ პატარა ბიჭს არასდროს დაავიწყდებოდა, რამხელა გაბედულება გამოიჩინა პაპამისმა, როცა თავი დაიმდაბლა, მოინანია და შეიცვალა. იეჰოვას ასეთი გულმოწყალება მენაშეს სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ დაავიწყდებოდა.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა მენაშეს გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) რატომ არის საგულისხმო შემდეგი სიტყვები: „[მენაშე] ამორეველებზე უარესად მოიქცა“? (2 მეფ. 21:11; w00 10/15 16 ¶5, 6; gl 10 ¶5, სქ.)
2) რომელი არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს მენაშეს არსებობას და იმას, რომ ასურეთი იმ დროს ძლევამოსილი სამეფო იყო? (it „მენაშე“ № 4 ¶2) სურათი 1
© The Trustees of the British Museum. Licensed under CC BY-NC-SA 4.0. Source
სურათი 1: ასარხადონის პრიზმა, რომელზეც ვხვდებით წარწერას: „მენაშე, იუდას მეფე“
3) რა მიანიშნებს იმაზე, რომ ასურელები ნამდვილად იყენებდნენ კავებს ხალხის დატყვევებისას? (2 მატ. 33:11; w13 4/1 10 ¶ 2, 3) სურათი 2
სურათი 2: ძვ. წ. VIII საუკუნით დათარიღებული ასურული რელიეფი
4) რა გაგებით გადაჭიმა იეჰოვამ ლარი იერუსალიმზე და გამოიყენა თარაზო? (2 მეფ. 21:13; it „თარაზო“ ¶2)
რას სწავლობთ
რას გვასწავლის მენაშეს ისტორია მონანიების შესახებ?
მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა პატიობს შემცოდველებს, მათ მაინც უწევთ ცოდვის შედეგებთან გამკლავება. როგორ ცხადყოფს ამას მენაშესა და მისი ხალხის შემთხვევა? (იერ. 15:3–5) სურათი 3
სურათი 3
რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ მენაშეს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ მენაშეს?
გაიგეთ მეტი
ნახეთ, როგორ დაეხმარა ერთ ძმას მენაშეს მაგალითი იეჰოვასთან დაბრუნებაში.
გაიგეთ, როგორ შეუძლია მენაშეს ისტორიას თქვენი გამხნევება, თუ წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო უღირსობის გრძნობა გეუფლებათ.