ბელი
[აქად-დან, ნიშნავს ბატონს, მეუფეს]
ბაბილონური ღვთაება, რომლის სამარცხვინო დაცემაც ბაბილონის დაცემასთან ერთად იყო ნაწინასწარმეტყველები (ეს. 46:1; იერ. 50:2; 51:44).
ბელი თავდაპირველად ღვთაება ენლილს ეწოდებოდა. იგი შუმერთა ტრიადის ნაწილი იყო, რომელშიც ენქი და ანუ (ეა) შედიოდნენ. ბელი ეწოდა მარდუქსაც (მეროდაქი) მას შემდეგ, რაც ის ბაბილონის მთავარი ღვთაება გახდა (იხ. ღმერთები და ქალღმერთები [ბაბილონელთა ღვთაებები]).
თუ გავითვალისწინებთ იმას, რა პატივდებული იყო ბელი, გასაგები ხდება, რატომ უწინასწარმეტყველებდნენ იეჰოვას წინასწარმეტყველები მას დამცირებას. მიდია-სპარსეთის მიერ ბაბილონის დაპყრობამდე თითქმის 200 წლით ადრე ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ დამარცხებული ბელი მოიდრიკებოდა და შერცხვენილი ნებო წელში მოიხრებოდა. ამ უმწეო ღმერთების გამოსახულებებს გარეულ თუ საპალნის ცხოველებს აჰკიდებდნენ. ბელი და ნებო ვერ გაექცეოდნენ ამ ხვედრს. „მათი სული“ (ანუ თავად ისინი) ტყვეობაში წავიდოდა (ეს. 46:1, 2; იხ. აგრეთვე იერ. 50:2). იეჰოვა ბელს პირიდან ამოანთხევინებდა იმას, რაც თავისმა თაყვანისმცემლებმა ჩააყლაპეს, მათ, ვინც თავიანთ გამარჯვებებს ბელს მიაწერდნენ. ბელი უნდა გამომშვიდობებოდა ტყვეობაში წაყვანილ იეჰოვას ხალხსა და მათი ტაძრის წმინდა ჭურჭლეულობას. ბაბილონის მიერ დაპყრობილი ხალხები აღარ გაეშურებოდნენ ბელისკენ, აღარც მის თაყვანისმცემლებს დანებდებოდა ვინმე, თითქოს ბელი იყო მსოფლიოს მთავარი ღმერთი (იერ. 51:44; იხ. მეროდაქი).