ელიჰუ
[ჩემი ღმერთი ის არის].
1. „რამის საგვარეულოდან ბუზელი ბარაქელის ვაჟი“. ბუზის შთამომავალი ელიჰუ, როგორც ჩანს, აბრაამის შორეული ნათესავი იყო (იობ. 32:1, 2, 6; დბ. 22:20, 21). ელიჰუ, ალბათ, თავიდან ბოლომდე ყურადღებით ისმენდა იობისა და მისი სამი ვაი-მანუგეშებლის საუბარს. მაგრამ ის პატივს სცემდა მათ ასაკს და ჩუმად იყო, ვიდრე თითოეულმა საუბარი არ დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები ელიჰუს საუბარს ლაყბობად მიიჩნევენ, რადგან მათი აზრით მან ბევრი ილაპარაკა, მისი სიტყვები თავხედი ახალგაზრდის სიტყვები არ ყოფილა. მას ესმოდა, რომ მხოლოდ წლებს კი არ მოჰქონდა სიბრძნე, არამედ ღვთის სული აბრძენებდა ადამიანს. ამიტომ ელიჰუ ღვთის სულზე იყო დაიმედებული. შედეგად, მან მართებულად დაასკვნა ორი რამ: პირველი, იობს მხედველობიდან გამორჩა, რომ იეჰოვას სიმართლე ადამიანის გამართლებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო და მეორე, იობის სამმა მეგობარმა ბოროტებაში დაადანაშაულა ღმერთი (იობ. 32:2—9, 18).
ელიჰუ მიუკერძოებელი იყო და არავის ეპირფერებოდა. ის აღიარებდა, რომ იობის მსგავსად ყოვლისშემძლემ ისიც თიხისგან შექმნა. ელიჰუს მიზანი იობის დაშინება არ ყოფილა, პირიქით, მას ნამდვილი მეგობარივით ელაპარაკებოდა და ელიფაზის, ბილდადისა და ცოფარისგან განსხვავებით, სახელით მიმართავდა (იობ. 32:21, 22; 33:1, 6).
ელიჰუ ყოველმხრივ აღმატებულად წარმოაჩენდა ჭეშმარიტ ღმერთს და ამბობდა, რომ სამართლიანია ყოვლისშემძლე და თითოეულს მისი საქციელის მიხედვით მიაგებს; ის მიუკერძოებლად განსჯის, იცის ადამიანთა გზები და უსმენს ჩაგრულთა ღაღადს; ის მოძღვარია, რომელიც კაცს ცხოველზე მეტად აბრძენებს. ღმერთი არ უსმენს სიცრუის მთქმელთ, ამიტომ ელიჰუს მოწოდებით იობი უნდა დალოდებოდა ღმერთს. მან დაარწმუნა იობი, რომ ღმერთი მასთან იყო; ის ბოროტებს არ გადაარჩენდა, ხოლო მის მსახურთა „დღეებს კარგი დასასრული“ ექნებოდა (იობ. 36:11). მან მოუწოდა იობს, განედიდებინა მზრუნველი ღვთის საქმეები, რომელიც უხვად იძლევა საზრდოს. ელიჰუმ იობის ყურადღება ბუნების ძალების განმგებლის, იეჰოვას დიდებულ საქმეებზე გადაიტანა და უთხრა, რომ დაკვირვებოდა „ღვთის საოცარ საქმეებს“ (იობ. 37:14). ბოლოს ელიჰუმ განადიდა ყოვლისშემძლე: „აღმატებულია იგი ძლიერებით და არ დააკნინებს სამართლიანობასა და უხვ სიმართლეს. ამიტომაც ეშინოდეს ხალხს მისი“ (იობ. 37:23, 24; თ-ები 34—37).
მხოლოდ ღვთის სულის წყალობით შეეძლო ელიჰუს ვითარების სწორად შეფასება და იმ სიტყვების წარმოთქმა, რომლებიც იობზე მისი განკურნების შემდეგ შესრულდა: „ნუ ჩავარდება საფლავში, ვიპოვე გამოსასყიდი! განუახლდეს ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად და დაუბრუნდეს ახალგაზრდული ძლიერება“ (იობ. 33:24, 25).
2. წინასწარმეტყველი სამუელის წინაპარი; თოხუს ვაჟი (1სმ. 1:1). ელიჰუს, როგორც ჩანს, აგრეთვე ელიაბი და ელიელი ერქვა (1მტ. 6:27, 34).
3. როგორც ვარაუდობენ, ის დავით მეფის უფროსი ძმა ელიაბი იყო, რომელიც იუდას ტომის მთავარი გახდა (1მტ. 27:18, 22; შდრ. 1სმ. 16:6; იხ. ელიაბი №4).
4. ციკლაგში დავითთან მისული შვიდი მენაშელი ათასისთავიდან ერთ-ერთი (1მტ. 12:20).
5. ერთ-ერთი კორახელი ობედ-ედომის საგვარეულოდან, რომელიც დავითის მეფობის დროს ღვთის სახლში კარიბჭის მცველი იყო (1მტ. 26:1, 4, 7, 8).