ფილიმონი
[მოსიყვარულე]
ქრისტიანი კოლოსეს (მცირე აზიის სამხრ.-დას) კრებიდან, რომელსაც მონები ჰყავდა და რომლის სახლშიც კრება იკრიბებოდა. ფილიმონი ყოველთვის ამხნევებდა თანაქრისტიანებს და რწმენის და სიყვარულის კარგ მაგალითს აძლევდა. პავლე მოციქული მას საყვარელ თანამსახურად მიიჩნევდა (ფლმ. 1, 2, 5—7; კლ. 4:9 შდრ. ფლმ. 10—12-ს). ის, რომ პავლეს ფილიმონის სახლში დარჩენა სურდა, ამ კაცის სტუმართმოყვარეობაზე მეტყველებს (ფლმ. 22; შდრ. სქ. 16:14, 15).
აპფია და არქიპე ფილიმონის ოჯახის წევრები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან ფილიმონისთვის მიწერილ წერილში პავლე მათაც მიმართავს. შესაძლოა აპფია ფილიმონის ცოლი ყოფილიყო, ხოლო არქიპე — მისი ვაჟი (ფლმ. 2).
როგორც პავლეს წერილიდან ჩანს, ფილიმონი მისი წყალობით გახდა ქრისტიანი (ფლმ. 19). თუმცა პავლეს არასდროს უქადაგია უშუალოდ კოლოსეში (კლ. 2:1), ამიტომ დასაშვებია, რომ ფილიმონი ქრისტიანობას ეფესოში პავლეს ორწლიანი მსახურების პერიოდში გაეცნო, ანუ მაშინ, როცა „უფლის სიტყვა მოისმინეს აზიის [იგულისხმება კოლოსეც] მცხოვრებლებმა“ (სქ. 19:10).
პავლეს წერილის მიღებამდე გარკვეული ხნით ადრე ფილიმონს თავისი მონა ონისიმე გაექცა. გამორიცხული არ არის, რომ ამ მონამ რომში გასამგზავრებლად საჭირო თანხაც ფილიმონს მოჰპარა. მოგვიანებით სწორედ რომში შეხვდა ონისიმე პავლეს და იქ გახდა ქრისტიანი (ფლმ. 10, 11, 18, 19; იხ. მონა).