ცის დედოფალი
წოდება იმ ქალღმერთისა, რომელსაც განდგომილი ისრაელები იერემიას დროს ეთაყვანებოდნენ (იერ. 44:17—19).
„ცის დედოფლის“ თაყვანისმცემლობაში განსაკუთრებით ქალები მონაწილეობდნენ, თუმცა მასში ოჯახის სხვა წევრებიც იყვნენ ჩართული. ქალები შესაწირავ კვერებს აცხობდნენ, ვაჟები შეშას აგროვებდნენ, მამები კი — ცეცხლს ანთებდნენ (იერ. 7:18). ამ ქალღმერთის კულტს ძლიერ ჰქონდა ფეხი მოკიდებული ისრაელში, რაზეც იმ ებრაელების განწყობა მეტყველებს, რომლებიც მმართველ გედალიას მკვლელობის შემდეგ ეგვიპტეში გაიქცნენ. ისინი თავიანთ უბედურებას იმას აბრალებდნენ, რომ შესაწირავს აღარ უბოლებდნენ ცის დედოფალს და აღარ უღვრიდნენ დასაღვრელ შესაწირავს. წინასწარმეტყველმა იერემიამ ძლიერი არგუმენტებით სცადა, მათთვის ამ შეხედულების მცდარობა დაენახვებინა (იერ. 44:15—30).
ბიბლია არ აკონკრეტებს, თუ რომელ ქალღმერთს ეწოდებოდა ცის დედოფალი. ვარაუდობენ, რომ ეს იყო შუმერთა ნაყოფიერების ქალღმერთი ინანა, იგივე ბაბილონური იშთარი, რადგან ინანა სიტყვასიტყვით ცის დედოფალს ნიშნავს. მას შეესაბამებოდა ბაბილონური ქალღმერთი იშთარი, რომელიც აქადურ ტექსტებში „ცის დედოფლისა“ და „ცისა და ვარსკვლავთ დედოფლის“ ეპითეტებით მოიხსენიება.
იშთარის კულტი, როგორც ჩანს, სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ელ-ამარნას ერთ-ერთ ფირფიტაზე ამენოფის III-თვის მიწერილ წერილში თუშრათა მოიხსენიებს „იშთარს, ცის მბრძანებელს“. ეგვიპტეში აღმოჩენილ წარწერაში, რომელიც მეფე ჰარემხაბს (სავარაუდოდ მეფობდა ძვ. წ. მე-14 ს.-ში) ეკუთვნის, მოხსენიებულია „ასტარტე [იშთარი] ცის ქალბატონი“. მემფისში ნაპოვნი სტელის ფრაგმენტზე, რომელიც განეკუთვნება მერნეპტაჰის მმართველობის პერიოდს (სავარაუდოდ ძვ. წ. მე-13 ს.), ასტარტეს გამოსახულების ქვეშ ასეთ წარწერას ვხვდებით: „ასტარტე, ცის დედოფალი“. სპარსელთა ბატონობის დროს სიენაში (თანამედროვე ასუანი) ასტარტეს ზედწოდება „ცის დედოფალი“ იყო.
„ცის დედოფალს“ ახ. წ. მეოთხე საუკუნემდე ეთაყვანებოდნენ. დაახლოებით ახ. წ. 375 წელს თავის ერთ-ერთ ტრაქტატში ეპიფანე წერდა: „ზოგი ქალი რთავს რაღაც ეტლს ან ოთხკუთხა დასაჯდომს, და მას შემდეგ, რაც ზედ თეთრ ტილოს გადააფარებენ, წელიწადის რომელიმე სადღესასწაულო დღეს მის წინ რამდენიმე დღით დებენ პურს, რომელსაც მარიამის სახელზე სწირავენ. ამის შემდეგ ყველა ქალი ეზიარება ამ პურს“ (Panarion, 79, 1, 7). ეპიფანე (79, 8, 1, 2) ამ წეს-ჩვეულებებს უკავშირებს „ცის დედოფლის“ კულტს, რომელზეც იერემია საუბრობდა, და ციტირებს იერემიას 7:18-სა და 44:25-ს (Epiphanius, კარლ ჰოლის რედაქციით, ლაიფციგი, 1933, ტ. 3, გვ. 476, 482, 483).