სადუკეველები
იუდაიზმის ერთ-ერთი გავლენიანი სექტის წევრები, რომლებიც სამღვდელოების გარემოცვაში იყვნენ (სქ. 5:17). არ სწამდათ აღდგომის და ანგელოზების (სქ. 23:8).
სადუკეველთა სექტის ჩამოყალიბების ზუსტი დრო უცნობია. ისტორიულ წყაროებში მათ პირველად იოსებ ფლავიუსი მოიხსენიებს. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ისინი ძვ. წ. II საუკუნის მიწურულს ფარისევლებს უპირისპირდებოდნენ („იუდეველთა სიძველენი“, XIII, თ. 10, აბზ. 6). იოსებ ფლავიუსი მათ სწავლებებზეც გვაწვდის ინფორმაციას. მაგრამ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ზუსტია თუ არა მისი ცნობები. როგორც ფლავიუსი ამბობს, ფარისევლებისგან განსხვავებით სადუკეველებს არ სწამდათ ბედისწერის. მათი აზრით თითოეული ადამიანი თავისი საქმეებიდან გამომდინარე განსაზღვრავდა საკუთარ მომავალს („იუდეველთა სიძველენი“, XIII, თ. 5, აბზ. 9). ისინი უარყოფდნენ ზეპირგადმოცემულ ბევრ ტრადიციას, რომლებსაც ფარისევლები იცავდნენ. ფარისევლებისგან განსხვავებით მათ არც სულის უკვდავების სწამდათ და არც იმის, რომ სიკვდილის შემდეგ სული დაჯილდოვდებოდა ან დაისჯებოდა. ისინი ერთმანეთს საკმაოდ უხეშად ეპყრობოდნენ და როგორც ამბობენ, ხშირად დავობდნენ. იოსებ ფლავიუსი წერდა, რომ მათი სწავლებები მდიდრებს ხიბლავდა („იუდეველთა სიძველენი“, XIII, თ. 10, აბზ. 6; XVIII, 16, 17 (i, 4), ინგლ.; „იუდეველთა ომი“, II, 162—166 (viii, 14), ინგლ.).
იოანე ნათლისმცემელი სადუკეველებს მოუწოდებდა, მონანიების შესაფერისი ნაყოფი გამოეღოთ, ვინაიდან ფარისევლების მსგავსად ღვთის კანონს ისინიც უგულებელყოფდნენ (მთ. 3:7, 8). იესო ქრისტემ კი მათი არაჯანსაღი სწავლებები საფუარს შეადარა (მთ. 16:6, 11, 12).
სადუკეველების რელიგიურ შეხედულებებზე საქმეების 23:8-ში ვკითხულობთ: „სადუკეველები ამბობენ, რომ არ არსებობს არც აღდგომა, არც ანგელოზი და არც სული, ფარისევლები კი ამ ყველაფერს აღიარებენ“. ერთხელ იესო ჩიხში რომ მოემწყვდიათ, სადუკეველებმა აღდგომისა და მაზლის ვალდებულების საკითხი წამოჭრეს. მაგრამ იესომ მათთვის ავტორიტეტული წყაროდან, კერძოდ, მოსეს წერილებიდან მოუყვანა ციტატა, გააბათილა მათი მტკიცება, რომ მკვდრეთით აღდგომა არ იქნებოდა და ასე გააჩუმა ისინი (მთ. 22:23—34; მრ. 12:18—27; ლკ. 20:27—40). მოგვიანებით ებრაელთა უზენაესი სასამართლოს, სინედრიონის, წინაშე მდგარმა მოციქულმა პავლემ სადუკეველები და ფარისევლები თავიანთი განსხვავებული რელიგიური შეხედულებების საფუძველზე ერთმანეთს დააპირისპირა, რამაც სინედრიონში განხეთქილება გამოიწვია (სქ. 23:6—10).
განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, სადუკეველები და ფარისევლები იესოს წინააღმდეგ გაერთიანდნენ. მაგალითად, ერთხელ ისინი ერთად მივიდნენ იესოს საცდუნებლად და სთხოვეს, ციდან ნიშანი ეჩვენებინა (მთ. 16:1). როგორც ბიბლიიდან ჩანს, სწორედ სადუკეველები იყვნენ ყველაზე მეტად მოწადინებული, რომ იესო მოეკლათ. ისინი იყვნენ იმ სასამართლოს (სინედრიონი) წევრები, რომელიც იესოს წინააღმდეგ შეითქვა და მოგვიანებით მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მოსამართლეთა შორის იყვნენ სადუკეველი მღვდელმთავარი კაიაფა და, როგორც ჩანს, სხვა გავლენიანი მღვდლები (მთ. 26:59—66; ინ. 11:47—53; სქ. 5:17, 21). აქედან გამომდინარე, როცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილები უფროსი მღვდლების გარკვეულ ქმედებებზე საუბრობს, მათთან ერთად სადუკეველებიც მოიაზრებიან (მთ. 21:45, 46; 26:3, 4, 62—64; 28:11, 12; ინ. 7:32). როგორც ჩანს, იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც სადუკეველები ყველაზე აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ ქრისტიანობას (სქ. 4:1—23; 5:17—42; 9:14).