ზევსი
პოლითეისტ ბერძენთა უზენაესი ღმერთი, შეესაბამება რომაელთა იუპიტერს. ზევსი იყო ცის ღმერთი; მას მიიჩნევდნენ ქარის, ღრუბლების, წვიმისა და ჭექა-ქუხილის გამგებლად. სტიქიის ძალას ის ზოგჯერ გასანადგურებლად იყენებდა, ზოგჯერ კი ვინმეს დასახმარებლად. ძველი ბერძენი პოეტი ჰომეროსი თავის პოემაში „ილიადა“ (ქება მერვე, 1—25) ზევსს ერთად აღებულ ყველა სხვა ღმერთზე ძლევამოსილად აღგვიწერს. მაგრამ ზევსის ძალაუფლება არ ყოფილა აბსოლუტური. ზოგჯერ ის სიცრუის მსხვერპლი ხდებოდა და იძულებული იყო ბედისწერის ქალღმერთთა ნებას დამორჩილებოდა.
ზევსის დაბადებასთან, ბავშვობასთან და გამეფებასთან დაკავშირებული ისტორიების გარდა, მითები მისი სასიყვარულო თავგადასავლებით არის სავსე. მათში აღწერილია, როგორ აცდუნებს ის ქალღმერთებსა თუ მიწიერ ქალებს, აგრეთვე მოთხრობილია მის აურაცხელ უკანონო შთამომავალთა შესახებ. პარადოქსია, მაგრამ ერთ-ერთი მითის თანახმად ზევსი კლავს იასიონს (მოკვდავს) ქალღმერთ დემეტრასთან ჩადენილი უზნეობისთვის. ჰერასთან ქორწინებას, ზევსის მრავალგზისი ღალატის გარდა, სხვა რამეც უქმნის საფრთხეს. ჰერას გამუდმებული საყვედურებით შეწუხებულმა ზევსმა ერთხელ შეკრებილ ღმერთთა წინაშეც კი დაიჩივლა.
ზოგჯერ ამ ცრუღმერთის კულტი აშკარად უპირისპირდებოდა იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას. მეფე ანტიოქე IV ეპიფანემ ებრაელთა რელიგიის აღმოფხვრის მიზნით ბრძანა, იერუსალიმის ტაძარი წაებილწათ და ოლიმპოელი ზევსისათვის მიეძღვნათ. იხილეთ აპოკრიფული წიგნი 2 მაკაბელები (6:1, 2).
ახ. წ. პირველ საუკუნეში პავლეს მიერ ლისტრაში კოჭლი კაცის განკურნების შემდეგ იქაურებმა პავლე და მისი თანმხლები ბარნაბა ღმერთებად ჩათვალეს. პავლეს ჰერმესი უწოდეს, ხოლო ბარნაბას — ზევსი. ზევსის ქურუმმა ხარები მორეკა და გვირგვინები მოიტანა ხალხთან ერთად მსხვერპლის შესაწირად (სქ. 14:8—13). 1909 წელს ლისტრის მახლობლად აღმოჩენილი წარწერა ამ ქალაქში ორივე ღმერთის კულტის არსებობას ადასტურებს. ერთგან მოხსენიებულია „ზევსის ქურუმები“, სხვაგან — „დიდებული ჰერმესი“ და „მზის ღმერთი ზევსი“ (The International Standard Bible Encyclopaedia, ჯ. ორის რედაქციით, 1960, ტ. III, გვ. 1944).
ხომალდს, რომლითაც პატიმარი პავლე კუნძულ მალტიდან გაემგზავრა, ქიმზე „ზევსის ვაჟების“, ტყუპი ძმების, კასტორისა და პოლუქსის გამოსახულება ჰქონდა (სქ. 28:11).