გაეცანი იეჰოვას მისი სიტყვის მეშვეობით
„ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და ვინც შენ წარმოგზავნე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).
იცნობდე ვინმეს, მხოლოდ, როგორც ნაცნობს ან ზედაპირულად იცოდე რამე მასზე არასაკმარისია, რათა ეს შეესაბამებოდეს სიტყვებს „ცნობა“ და „ცოდნას“, ისე, როგორც ისინი გამოიყენება წერილებში. ბიბლიაში მათი გამოყენება გულისხმობს „გამოცდილებაზე დაფუძნებულ გაგებას“, ცოდნას, რომელიც გამოხატავს „პიროვნებებს შორის ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას“ („ახალი აღთქმის ახალი საერთაშორისო თეოლოგიური ლექსიკონი“ [ინგლ.]). ამაში შედის იეჰოვას შეცნობა მისი რომელიმე განსაკუთრებული საქმის საფუძველზე, მაგალითად, ეზეკიელის წიგნში აღწერილია მრავალი საქმე, სადაც ლაპარაკია ღმერთის მიერ უსამართლოებზე გამოტანილი განაჩენის შესრულების შესახებ, როცა იეჰოვა აცხადებს: ‘და თქვენ მოგიწევთ შეიცნოთ, რომ მე ვარ იეჰოვა’ (ეზეკიელი 38:23, აქ).
2 სიტყვების „ცნობისა“ და „ცოდნის“ გამოყენების მრავალი სხვადასხვა წესი შეიძლება აიხსნას რამდენიმე მაგალითით. იესომ მრავალ ადამიანს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მოქმედებდნენ მისი სახელით, უთხრა: „მე არასოდეს არ გიცნობდით“; იესოს მხედველობაში ჰქონდა, რომ მას არასდროს არაფერი ჰქონია მათთან საერთო (მათე 7:23). მეორე კორინთელთა 5:21-ში ნათქვამია, რომ ქრისტემ „ცოდვა არ იცოდა“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ ჰქონდა წარმოდგენა ცოდვაზე, არამედ იმას, რომ თვითონ არ ჩაუდენია ის. ასევე, როცა იესომ თქვა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და ვინც შენ წარმოგზავნე — იესო ქრისტეს“, — გულისხმობდა უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ რაღაცის ცოდნას ღმერთისა და ქრისტეს შესახებ (შეადარე მათე 7:21).
3 იეჰოვას მრავალი თვისების გაგება შეიძლება მისი სიტყვიდან, ბიბლიიდან. ერთ-ერთი მათგანია ზუსტი წინასწარმეტყველების უნარი. ეს ჭეშმარიტი ღმერთის განმასხვავებელი ნიშანია: „მოდგნენ და გაგვიცხადონ მოწევნადი. გამოგვიცხადეთ დასაბამი, რომ განვჭვრიტოთ და მივხვდეთ მის დასასრულს, ანდა მომავალი გვამცნეთ. გამოგვიცხადეთ მოსახდენი და მივხვდეთ, რომ ღმერთები ხართ“ (ესაია 41:22, 23). თავის სიტყვაში იეჰოვა გვამცნობს იმის შესახებ, თუ რა იყო ადრე, — დედამიწისა და მასზე სიცოცხლის შექმნის შესახებ. მან დიდი ხნით ადრე გამოაცხადა, თუ რა უნდა მომხდარიყო მოგვიანებით და შემდეგ სინამდვილეში შესრულდა. და ახლა ის ‘გვიცხადებს მოსახდენს’, განსაკუთრებით იმის შესახებ, რაც მოხდება ამ „უკანასკნელ დღეებში“ (2 ტიმოთე 3:1–5, 13; დაბადება 1:1–30; ესაია 53:1–12; დანიელი 8:3–12, 20–25; მათე 24:3–21; გამოცხადება 6:1–8; 11:18).
4 იეჰოვას სხვა თვისებაა ძალა. ამაზე მოწმობს ცა, სადაც ვარსკვლავები, როგორც დიდი თერმობირთვული რეაქტორები, იძლევიან სინათლესა და სითბოს. როცა მოჯანყე ადამიანები ან ანგელოზები საკამათოს ხდიან იეჰოვას მმართველობის უფლებას, ის იყენებს თავის ძალას, როგორც ‘მეომარი’ და იცავს თავის კეთილ სახელსა და სამართლიან პრინციპებს. ასეთ შემთხვევებში ის უყოყმანოდ იყენებს თავის ძალას და ანადგურებს, როგორც ნოეს დღეებში წყალდიდობისას, როგორც სოდომისა და გომორის განადგურებისას, როგორც ისრაელის გათავისუფლებისას, როცა ისინი წითელ ზღვაზე გაიყვანა (გამოსვლა 15:3–7; დაბადება 7:11, 12, 24; 19:24, 25). მალე ღმერთი გამოიყენებს თავის ძალას, რათა ‘ფეხქვეშ შემუსროს სატანა’ (რომაელთა 16:20).
5 მაგრამ, ასეთი უსაზღვრო ძალის ფლობის მიუხედავად, ის თავმდაბლობას ავლენს. ფსალმუნის 17:36, 37-ში ნათქვამია: „განმადიდე შენი წყალობით [თავმდაბლობით, აქ]. გამიფართოვე ნაბიჯი ჩემს ქვეშ და ჩემი კანჭები აღარ წაბორძიკებულან“. რადგან ღმერთი ავლენს თავმდაბლობას, ის არის „დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას, წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს ღატაკი“ (ფსალმუნი 112:6, 7).
6 ადამიანების მიმართ იეჰოვას წყალობა — მათი სიცოცხლის მხსნელია. რამხელა წყალობა მიიღო მენაშემ, როცა, მიუხედავად, ჩადენილი საშინელი სისასტიკეებისა, შეწყალებულ იქნა! იეჰოვა ამბობს: „როცა ვეუბნები ბოროტეულს, მოკვდები-მეთქი, ის კი მოიქცევა თავისი ცოდვისგან და იქმს სამართალს და სიმართლეს, არც-ერთი ცოდვა, რაც კი ჩაუდენია, არ გაუხსენდება; სამართლისა და სიმართლის ქმნისთვის ცოცხალი დარჩება“ (ეზეკიელი 33:14, 16; მეორე ნეშტთა 33:1–6, 10–13). იესომ აირეკლა იეჰოვას ეს თვისება, როცა ირწმუნებოდა, რომ საჭიროა პატიება, დღეში არა შვიდჯერამდე, არამედ სამოცდაათ გზის შვიდჯერამდე! (ფსალმუნი 102:8–14; მათე 18:21, 22; ლუკა 17:4).
გრძნობების მქონე ღმერთი
7 ბერძენ ფილოსოფოსებს, მაგალითად ეპიკურელებს, სწამდათ ღმერთების, მაგრამ თვლიდნენ, რომ ისინი ძალიან შორს იყვნენ მიწიდან საიმისოდ, რათა ჰქონოდათ ადამიანების მიმართ რაიმე ინტერესი ან ადამიანთა გრძნობებს აეღელვებინა ისინი. რამდენად განსხვავებული ურთიერთობაა იეჰოვასა და მის ერთგულ მოწმეებს შორის! „ისურვებს უფალი თავის ხალხს“ (ფსალმუნი 149:4). წარღვნის წინ, ბოროტი ადამიანების გამო, იეჰოვა სინანულს გრძნობდა და ‘წუხდა’. თავისი ორგულობით ისრაელმა იეჰოვას ტკივილი და წყენა მოუტანა. ურჩობით ქრისტიანებს შეუძლიათ გაანაწყენონ ღმერთის სული; მაგრამ ერთგულებით — გაახარონ. რამდენად საოცარია, რომ დედამიწაზე მყოფ პატარა ადამიანს შეუძლია სიხარული მოუტანოს ან გაანაწყენოს სამყაროს შემოქმედი! თუ მხედველობაში მივიღებთ ყოველივე იმას, რასაც ღმერთი ჩვენთვის აკეთებს, რაოდენ შესანიშნავია, რომ გვაქვს ძვირფასი უპირატესობა, სიამოვნება მივანიჭოთ მას! (დაბადება 6:6; ფსალმუნი 77:40, 41; იგავნი 27:11; ესაია 63:10; ეფესელთა 4:30).
8 ღმერთის სიტყვა გვიჩვენებს, რომ იეჰოვასადმი სიყვარული გვაძლევს ‘სიტყვის დიდ თავისუფლებას’ (1 იოანე 4:17, აქ). ყურადღება მიაქციე აბრაამის შემთხვევას, როცა იეჰოვა სოდომის გასანადგურებლად მივიდა. აბრაამმა უთხრა იეჰოვას: „ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ? იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან? . . არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს“. როგორია, ღმერთს უთხრა ასეთი სიტყვები! მაგრამ იეჰოვა დათანხმდა სოდომის გადარჩენაზე, თუ იქ აღმოჩნდებოდა 50 მართალი. აბრაამმა გააგრძელა ლაპარაკი და რიცხვი 50-დან 20-მდე შეამცირა. ის შეაშფოთა იმაზე ფიქრმა, რომ, შესაძლოა, ძალიან დაჟინებით მოითხოვდა. მან თქვა: „ნუ გამიწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი: ათი რომ აღმოჩნდეს?“ ისევ იეჰოვა თმობს: „არ დავღუპავ იმ ათის გულისათვის“ (დაბადება 18:23–33).
9 რატომ დართო იეჰოვამ აბრაამს ასე თავისუფალი საუბრის ნება, რომ ამგვარად ელაპარაკა? ჯერ ერთი, იეჰოვამ იცოდა აბრაამის განცდების შესახებ. მან იცოდა, რომ აბრაამის ძმისშვილი, ლოტი, სოდომში ცხოვრობდა და აბრაამს აღელვებდა მისი უსაფრთხოების საკითხი. აგრეთვე, აბრაამი იყო ღმერთის მეგობარი (იაკობი 2:23). როცა ვინმე უკმეხად გველაპარაკება, ვცდილობთ თუ არა გავიგოთ ის გრძნობები, რომლებიც ამ სიტყვების მიღმა დგას, და ვითვალისწინებთ თუ არა ყველა გარემოებას, განსაკუთრებით, თუ ის არის ჩვენი მეგობარი, რომელიც რაიმე ემოციური გავლენის ქვეშ იმყოფება? ნუთუ მანუგეშებელი არ არის იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ჩვენი სიტყვის თავისუფლებასაც ისევე გაიგებს, როგორც აბრაამის შემთხვევაში?
10 განსაკუთრებით, როცა მას ვეძებთ, როგორც ‘ლოცვების მომსმენს’, ჩვენ მგზნებარედ გვსურს სიტყვის ეს თავისუფლება, რათა გული გადავუშალოთ მას, როცა ძალიან ვიტანჯებით, როცა გვაღელვებს რაღაცა (ფსალმუნი 50:19; 64:3, 4). თუ ჩვენ, შესაძლოა, სიტყვებსაც კი ვერ ვპოულობთ „თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით“ და იეჰოვა გვისმენს. მას შეუძლია იცოდეს ჩვენი აზრები: „გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან. თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად“. მაგრამ, სულ ერთია, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თხოვნა, ძიება და კაკუნი (რომაელთა 8:26; ფსალმუნი 138:2, 4; მათე 7:7, 8).
11 იეჰოვა ზრუნავს ჩვენს შესახებ. ის გვთავაზობს იმას, რაც საჭიროა სიცოცხლისთვის, რომელიც მან შეჰქმნა. „ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე. აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს“ (ფსალმუნი 144:15, 16). ჩვენ გვთავაზობენ დავაკვირდეთ, თუ როგორ კვებავს ის ტყის ფრინველებს. შეხედე ველის შროშანებს, რა ლამაზად მოსავს ის მათ. იესომ დაამატა, რომ ღმერთი ამდენსავე და კიდევ უფრო მეტს გააკეთებს ჩვენთვის, ვიდრე მათთვის. მაშ, რატომღა უნდა ვღელავდეთ? (მეორე რჯული 32:10; მათე 6:26–32; 10:29–31). პირველი პეტრეს 5:7 გვთავაზობს, ‘ჩვენი ყველა საზრუნავი მას დავაკისროთ, რადგან ის ზრუნავს ჩვენზე’.
„მისი არსების ანარეკლი“
12 იეჰოვა ღმერთის დანახვა შეგვიძლია თავისი ქმნილებების მეშვეობით; მისი დანახვა შეგვიძლია ბიბლიაში მისივე საქმეების შესახებ კითხვით; ასევე, მისი დანახვა შეგვიძლია იესო ქრისტეს სიტყვებითა და საქმეებით, რომლებიც ჩაწერილია ბიბლიაში. იესო თავად ლაპარაკობს ასე, იოანეს 12:45-ში: „ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე წარმომგზავნა“. და ისევ, იოანეს 14:9-ში: „ვინც მე მიხილა, იხილა მამა“. კოლასელთა 1:15-ში ნათქვამია: „[იესო] არის უხილავი ღმერთის ხატება“. ებრაელთა 1:3-ში ნათქვამია: ‘იესო არის ღმერთის დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი’.
13 იეჰოვამ თავისი ძე გამოგზავნა არა მარტო გამოსყიდვის უზრუნველსაყოფად, არამედ ასევე, სიტყვითა და საქმით მისაბაძი მაგალითის დასატოვებლად. იესო ღმერთის სიტყვას ამბობდა. იოანეს 12:50-ში მან თქვა: „რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ“. ის არ მოქმედებდა დამოუკიდებლად, არამედ აკეთებდა იმას, რასაც ღმერთი ეტყოდა. იოანეს 5:30-ში მოყვანილია მისი სიტყვები: „ჩემით არაფრის გაკეთება არ შემიძლია“ (იოანე 6:38).
14 იესო ხედავდა: კეთროვნებს, კოჭლებს, ყრუებს, ბრმებს, დემონებით შეპყრობილებსა და მათ, რომლებიც დასტიროდნენ თავიანთ მკვდრებს. სიბრალულით აღძრული, კურნავდა ავადმყოფებს და აღადგენდა მკვდრებს. ის ხედავდა ხალხს, რომლებიც დაძაბუნებულნი იყვნენ და სულიერების მხრივ დახეტიალებდნენ და დაუწყო მათ ბევრი რამის სწავლება. ის მათ ასწავლიდა არა მხოლოდ ზუსტი სიტყვებით, არამედ, ასევე თავისი გულიდან გამომავალი მადლიანი სიტყვებით და ეს სიტყვები პირდაპირ ხვდებოდა სხვების გულებს და მისკენ იზიდავდა, აღძრავდა მათ ტაძარში მის მოსასმენად მოსვლისკენ, აღძრავდა განუშორებლად მიყოლოდნენ მას, მოესმინათ მისთვის სიამოვნებით. ისინი მის მოსასმენად მოედინებოდნენ და ამბობდნენ, რომ „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს“. ისინი გაოცებულნი იყვნენ მისი სწავლების მეთოდით (იოანე 7:46; მათე 7:28, 29; მარკოზი 11:18; 12:37; ლუკა 4:22; 19:48; 21:38). და როცა მტრები შეკითხვებით ცდილობდნენ მის გამოჭერას, ის მდგომარეობას მათსავე საპირისპიროდ შეაბრუნებდა და აიძულებდა გაჩუმებულიყვნენ (მათე 22:41–46; მარკოზი 12:34; ლუკა 20:40).
15 ის ამცნობდა, რომ „მოახლოებულია სასუფეველი ცათა“ და მსმენელებს არწმუნებდა გაეგრძელებინათ ‘უწინარეს ღმერთის სასუფევლის ძიება’. ის სხვებს აგზავნიდა: საქადაგებლად იმის შესახებ, რომ „მოახლოებულია სასუფეველი ცათა“; ‘მოწაფეებად გაეხადათ ადამიანები ყველა ხალხებიდან’; ყოფილიყვნენ ქრისტეს მოწმეები „დედამიწის კიდემდე“. დღეს, დაახლოებით, იეჰოვას ოთხ მილიონ-ნახევარი მოწმე მიჰყვება მის ნაკვალევს და ამას აკეთებს (მათე 4:17; 6:33; 10:7; 28:19, აქ; საქმე 1:8).
16 „ღმერთი სიყვარულია“ — გვეუბნება 1 იოანეს 4:8. კარგად ცნობილი მისი ეს თვისება დაექვემდებარა ყველაზე მტანჯველ გამოცდას, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება, როცა თავისი მხოლოდშობილი ძე სასიკვდილოდ გამოაგზავნა დედამიწაზე. ზეციერ მამას, იეჰოვას, საყვარელი ძის ვედრების მოსმენა და მისი ტანჯვა-წამების ყურება ძალიან ძვირად უჯდებოდა, თუმცა იესომ დაამტკიცა კიდეც სატანის განცხადების სიცრუე იმის შესახებ, რომ არ შეიძლებოდა იეჰოვას დედამიწაზე ჰყოლოდა ადამიანები, რომლებიც მძიმე გამოცდების დროს მტკიცედ დაიცავდნენ მისადმი უმწიკვლოებას. ჩვენ, ასევე, უნდა გვესმოდეს, თუ რაოდენ დიდი იყო იესოს მსხვერპლი, ვინაიდან ის ღმერთმა აქ, დედამიწაზე, იმისთვის გამოგზავნა, რომ ჩვენთვის მომკვდარიყო (იოანე 3:16). ეს არ იყო იოლი და სწრაფი სიკვდილი. იმის გასაგებად, თუ რამდენად დაუჯდა იეჰოვასა და იესოს ეს, და ასეთნაირად გვესმოდეს, თუ რაოდენ დიდია მათ მიერ ჩვენთვის გაღებული მსხვერპლი, მოდით, გამოვიკვლიოთ, რას მოგვითხრობს ბიბლია ამ მოვლენის შესახებ.
17 იესომ, სულ ცოტა, ოთხჯერ მაინც მოუთხრო თავის მოციქულებს, თუ რა მოელოდა მომავალში. ამის მოხდენამდე სულ რამდენიმე დღის წინ, მან თქვა: „აი, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და ძე კაცისა გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობართ, და მას სასიკვდილოდ მსჯავრს დაადებენ და გადასცემენ წარმართებს; შებღალავენ მას, გაროზგავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ“ (მარკოზი 10:33, 34).
18 იესო, რომელმაც იცოდა რომაელების წესი ამაზრზენი გაშოლტვის შესახებ, გრძნობდა იმის სიმძიმეს, რაც მოელოდა. მათრახის ტყავის თასმაზე, რომელსაც გასაროზგად იყენებდნენ, მიმაგრებული იყო ლითონის ნაჭრები და ცხვრის ძვლები; ამიტომ გაროზგვის დროს ზურგი და ფეხები სისხლმდენ ხორცის ნაფლეთებად იქცეოდა. რამდენიმე თვით ადრე, იესომ მსმენელებს მიუთითა იმ ემოციურ სტრესზე, რომელსაც მომავალი მკაცრი გამოცდა მოუტანდა, რის შესახებაც ვკითხულობთ ლუკას 12:50-ში: „ნათლობით უნდა მოვინათლო და როგორ ვწუხვარ, ვიდრე ეს მოხდება“.
19 დროის მოახლოებასთან ერთად სიმძიმე უფრო და უფრო დიდდებოდა. ამის შესახებ ის თავის ზეციერ მამას ეუბნებოდა: „ახლა დაღონდა ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან! მაგრამ ამისთვის მოვედი, ამ ჟამს“ (იოანე 12:27). როგორ უნდა ემოქმედა იეჰოვაზე თავისი მხოლოდშობილი ძის ვედრებას! გეთსემანიაში, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, იესო ძალიან შეშფოთდა და პეტრეს, იაკობსა და იოანეს უთხრა: „სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული“. რამდენიმე წუთის შემდეგ მან აღავლინა უკანასკნელი ლოცვა იეჰოვასადმი: „მამაო! თუ შენი სურვილია, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ ჩემი ნება კი არა, არამედ შენი იყოს. ამ ტანჯვაში მყოფი უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა; და მისი ოფლი იქცა სისხლის წვეთებივით, მიწაზე რომ ცვივა“ (მათე 26:38; ლუკა 22:42, 44). შესაძლოა, ეს იყო ის, რასაც მედიცინაში ჰემატიდროზს უწოდებენ. ეს იშვიათი მოვლენაა, მაგრამ შეიძლება მოხდეს დიდი ემოციური დაძაბულობის დროს.
20 გეთსემანიაში გატარებული ამ დროის შესახებ ებრაელთა 5:7-ში ნათქვამია: „მან თავისი სხეულებრიობის დღეებში ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, სიკვდილისაგან მისი გადარჩენის შემძლებელს, და შესმენილ იქნა მოკრძალების გამო“. რადგან ის არ იყო სიკვდილისგან დახსნილი ‘მისი გადარჩენის შემძლებლის’ მიერ, რა მხრივ იყო მისი ლოცვა შესმენილი? ლუკას 22:43-ში მოცემულია პასუხი: „და ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და ამაგრებდა“. ლოცვა შესმენილი იყო — ღმერთის მიერ გამოგზავნილმა ანგელოზმა იესო განამტკიცა, რათა აეტანა ეს სასტიკი გამოცდა.
21 ეს დაადასტურა შემდგომმა მოვლენებმა. როდესაც იესოში დასრულდა შინაგანი ბრძოლა, ის ადგა, დაბრუნდა პეტრე, იაკობსა და იოანესთან და უთხრა: „ადექით, წავიდეთ“ (მარკოზი 14:42). არსებითად, ის ამბობდა: „მე წავალ, რათა კოცნით გამცენ, რათა ბრბომ დამაპატიმროს, რათა უკანონოდ დამკითხონ, უკანონოდ მსჯავრი დამდონ. მე წავალ, რათა დამცინონ, მომაფურთხონ, გამროზგონ და წამების ძელს მიმალურსმონ“. ის იქ ექვსი საათის განმავლობაში ეკიდა და მტანჯველ ტკივილს განიცდიდა, მაგრამ ყოველივე ბოლომდე აიტანა. როცა კვდებოდა გამარჯვებულმა წამოიძახა: „აღსრულდა!“ (იოანე 19:30). ის ურყევი დარჩა და იეჰოვას მმართველობის უფლებრიობის მხარდაჭერით თავისი უმწიკვლოება დაამტკიცა. მან გააკეთა ყველაფერი, რისთვისაც იეჰოვამ გამოგზავნა დედამიწაზე. სიკვდილის დროს ან როცა მოხდება არმაგედონი, შევძლებთ თუ არა იეჰოვას მიერ ჩვენთვის დაკისრებული დავალების შესახებ ვთქვათ: „აღსრულდა“?
22 ნებისმიერ შემთხვევაში, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვას მიერ დადგენილ დროს, რომელიც სწრაფად ახლოვდება, „აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:9).
გახსოვს თუ არა?
◻ რას ნიშნავს იცნობდე და გქონდეს ცოდნა?
◻ როგორაა იეჰოვას მოწყალება და პატიება ნაჩვენები ჩვენთვის მის სიტყვაში?
◻ როგორ გამოიყენა სიტყვის თავისუფლება აბრაამმა იეჰოვასთან?
◻ რატომ შეგვიძლია ვუყუროთ იესოს და მასში დავინახოთ იეჰოვას თვისებები?
[სასწავლო კითხვები]
1, 2. ა) რა არის სიტყვების „ცნობა“ და „ცოდნის“ მნიშვნელობა, როგორც ისინი გამოიყენება საღვთო წერილში? ბ) რა მაგალითები ხსნის ამ მნიშვნელობას?
3. რა ამტკიცებს, რომ იეჰოვა ავლენს ჭეშმარიტი ღმერთის დამახასიათებელ თვისებას?
4. როგორ გამოიყენა და კიდევ როგორ გამოიყენებს იეჰოვა თავის თვისებას — ძალას?
5. ძალასთან ერთად, კიდევ რა თვისებას ფლობს იეჰოვა?
6. იეჰოვას რა თვისება წარმოადგენს სიცოცხლის გადამრჩენს?
7. როგორ განსხვავდება იეჰოვა ბერძნული ღმერთებისგან და რა ძვირფასი უპირატესობა მოგვეცა ჩვენ?
8. როგორ იყენებდა სიტყვის თავისუფლებას აბრაამი იეჰოვასთან?
9. რატომ დართო ნება იეჰოვამ აბრაამს ასეთნაირად ელაპარაკა და რა შეგვიძლია აქედან ვისწავლოთ?
10. სიტყვის თავისუფლება როგორ გვეხმარება ლოცვაში?
11. როგორაა ნაჩვენები, რომ იეჰოვა ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე?
12, 13. გარდა იმ შესაძლებლობისა, დავინახოთ იეჰოვა თავისი ქმნილებებისა და ბიბლიაში ჩაწერილი თავისი საქმეების მეშვეობით, კიდევ როგორ შეგვიძლია დავინახოთ და მოვუსმინოთ მას?
14. ა) რისი ნახვა იწვევდა იესოში სიბრალულის გრძნობას? ბ) რატომ აღძრავდა იესოს საუბრის სტილი ადამიანებს, მისულიყვნენ მის მოსასმენად?
15. რა იყო იესოს ქადაგების მთავარი თემა და რამდენად ჩააბა სხვები მის გავრცელებაში?
16. სიყვარული, როგორც იეჰოვას თვისება, დაექვემდებარა მძიმე გამოცდას, მაგრამ რა მისცა ამან კაცობრიობას?
17-19. როგორ აღწერდა იესო თავის მომავალ მკაცრ გამოცდას?
20. რა დაეხმარა იესოს ამ მკაცრი გამოცდის გადატანაში?
21. ა) რა აჩვენებს, რომ იმ სასტიკი გამოცდიდან იესო გამარჯვებული გამოვიდა? ბ) რისი თქმის უფლების სურვილი გვექნებოდა, როცა ჩვენი განსაცდელი გამრავლდებოდა?
22. რა აჩვენებს, თუ რა ფარგლებში ვრცელდება იეჰოვას შესახებ ცოდნა?