საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w96 8/1 გვ. 4-8
  • უკეთესი იმედი სულისთვის

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • უკეთესი იმედი სულისთვის
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • სული ებრაულ წერილებში
  • ბერძნული გავლენა
  • ადრინდელი ქრისტიანების თვალსაზრისი სულთან დაკავშირებით
  • დოქტრინის ნამდვილი წყაროები
  • სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ — რას ამბობს ბიბლია?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • რამდენად მტკიცედ გწამთ მკვდრეთით აღდგომა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • გაქვთ უკვდავი სული?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • სული ბიბლიის თანახმად
    რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
w96 8/1 გვ. 4-8

უკეთესი იმედი სულისთვის

რომის ჯარისკაცები ამას არ მოელოდნენ. როცა იერიშით აიღეს მთაზე განლაგებული ციხე-სიმაგრე მასადა, იუდეველი მეამბოხე ძალების ბოლო სიმაგრე, ისინი მზად იყვნენ, შეხვედროდნენ მტრის თავდასხმას, მოესმინათ მეომრების ყვირილი და ქალებისა და ბავშვების კივილი. მაგრამ, ნაცვლად ამისა, მათ მხოლოდ ცეცხლის ტკაცანი გაიგონეს. როცა რომაელებმა ცეცხლმოკიდებული ციტადელი დაზვერეს, მათ შემზარავი სიმართლე იხილეს: მათი მტერი — დაახლოებით 960 ადამიანი — უკვე მკვდარი იყო! იუდეველმა მეომრებმა ერთმანეთის მიყოლებით ამოხოცეს საკუთარი ოჯახები და შემდეგ ერთმანეთი. უკანასკნელმა თავი მოიკლაa. რამ გამოიწვია ასეთი საზარელი მასიური მკვლელობა და თვითმკვლელობა?

იმ დროს მცხოვრები ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, სიტყვების თანახმად, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რწმენა სულის უკვდავებასთან დაკავშირებით. თავიდან, ელეაზარი ბენ-იაირი, მასადაში მყოფი ფანატიკოსების წინამძღოლი, არწმუნებდა თავის მიმდევრებს, რომ თვითმკვლელობა რომაელების ხელით სიკვდილზე ან მონობაზე უფრო კეთილშობილური იქნებოდა. როცა ხალხის მერყეობა დაინახა, მან აღტაცებით წარმოთქვა მგზნებარე სიტყვა სულის შესახებ. მან თქვა, რომ სხეული მხოლოდ დაბრკოლება, მხოლოდ ციხე იყო სულისთვის. „მაგრამ, როცა თავისუფლდება ამ სიმძიმისგან, რომელიც დედამიწისკენ იზიდავს და ბოჭავს, — გააგრძელა მან, — სული თავის ადგილს უბრუნდება და, სინამდვილეში, შემდეგ იღებს კურთხეულ ძალასა და უკიდურესად განუსაზღვრელ სიმტკიცეს და თვით ღმერთის მსგავსად, ისეთივე უხილავი რჩება ადამიანთა თვალისთვის“.

როგორ გამოეხმაურნენ ისინი ამ სიტყვას? იოსებ ფლავიუსი გვატყობინებს, რომ ელეაზარის ამ ამომწურავად ჩამოყალიბებული აზრის შემდეგ „მისმა მსმენელებმა ბევრი აღარ ალაპარაკეს და შეუკავებელი ენთუზიაზმით აჩქარდნენ თავიანთი საქმის გასაკეთებლად“. იოსებ ფლავიუსი ამატებს: „ისინი შეშლილებივით დარბოდნენ, თითოეულს მგზნებარე სურვილი ამოძრავებდა, რომ სხვაზე სწრაფი ყოფილიყო. . . ასეთი უძლეველი სურვილი დაეუფლა მათ თავიანთი ცოლების, შვილებისა და საკუთარი თავის მოსაკლავად“.

ეს შემაძრწუნებელი მაგალითი გვიჩვენებს, რამდენად ძირფესვიანად შეუძლია სულის უკვდავებასთან დაკავშირებულ სწავლებას შეცვალოს ადამიანის ნორმალური თვალსაზრისი სიკვდილზე. ამ სწავლების მორწმუნეებს ასწავლიან, რომ სიკვდილს, როგორც ყველაზე საშინელ მტერს კი არ შეხედონ, არამედ მხოლოდ როგორც ჭიშკარს, რომელიც სულს უფრო აღმატებული სიცოცხლისთვის ათავისუფლებს. მაგრამ, რატომ ჰქონდათ იმ იუდეველ ფანატიკოსებს ასეთი რწმენა? მრავალი ივარაუდებდა, რომ წმინდა ებრაული წერილები, რომელიც მათ ჰქონდათ, ასწავლის ადამიანში მყოფი ცნობიერების მქონე სულიერი სუბსტანციის, სულის შესახებ, რომელიც სიკვდილის შემდეგ აგრძელებს სიცოცხლეს. ნამდვილად ასეა თუ არა ეს?

სული ებრაულ წერილებში

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, არა. ბიბლიის პირველივე წიგნი, „დაბადება“, გვატყობინებს, რომ სული არ არის რაღაც, რაც შენ გაქვს, არამედ არის ის, რაც შენ ხარ. ადამის, პირველი ადამიანის, შექმნის შესახებ ჩვენ ვკითხულობთ: „იქმნა კაცი სულად ცხოველად“ (დაბადება 2:7, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა). აქ სულისთვის გამოყენებული ებრაული სიტყვა „ნეფეშ“ 700-ზე გაცილებით მეტჯერ ჩნდება ებრაულ წერილებში და არც ერთ შემთხვევაში არ იძლევა ადამიანისგან განცალკევებული, ეთეროვანი, სულიერი ნაწილის გაგებას. პირიქით, სული არის ხელშესახები, რეალური და ფიზიკური.

მოძებნე მომდევნო მოყვანილი მუხლები ბიბლიის საკუთარ ეგზემპლარში, რადგან ებრაული სიტყვა „ნეფეშ“ თითოეულში არის გამოყენებული. ეს მუხლები ნათლად აჩვენებენ, რომ სული შეიძლება ხიფათს, საშიშროებას შეხვდეს და შეიძლება მოიტაცონ კიდეც (მეორე რჯული 24:7; მსაჯულნი 9:17, ძვო; პირველი მეფეთა 19:11, ძვო); სულს შეუძლია შეეხოს საგნებს (იობი 6:7, ძვო); შეიძლება შებორკილი იყოს (ფსალმუნი 104:18); შიოდეს, მარხვით იყოს დაძაბუნებული და შიმშილისა და წყურვილისგან შეღონებული; ის შეიძლება დაიტანჯოს დამაუძლურებელი დაავადებისგან ან დარდით გამოწვეული უძილობისგანაც კი (მეორე რჯული 12:20; ფსალმუნი 34:13; 68:11; 105:15; 106:9; 118:28). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან შენი სული შენ ხარ, თვით შენი არსება, შენმა სულმა შეიძლება განიცადოს ყველაფერი, რასაც შენ განიცდიb.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ სინამდვილეში სული შეიძლება მოკვდეს? დიახ. უკვდავისგან საპირისპიროდ, ებრაული წერილები მოიხსენიებს ადამიანის სულს, როგორც ბოროტი მოქმედების გამო ‘მოკვეთილს’, ანუ დასჯილს, აგრეთვე ამბობს, რომ შეიძლება მოკვდეს დარტყმისგან, შეიძლება მოკლული, განადგურებული და დაგლეჯილი იქნეს (გამოსვლა 31:14; მეორე რჯული 19:6; 22:26; ფსალმუნი 7:3). „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“, — ნათქვამია ეზეკიელის 18:4-ში. ნათელია, რომ სიკვდილი არის სულის, ადამიანის ჩვეულებრივი დასასრული, რადგან თითოეული ჩვენგანი ცოდავს (ფსალმუნი 50:7). პირველ მამაკაცს, ადამს, ეთქვა, რომ ცოდვის საზღაური სიკვდილი იყო და არა სულიერ სამყაროში გადასვლა და უკვდავება (დაბადება 2:17). და როცა მან შესცოდა, ასეთი განაჩენი გამოცხადდა: „მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (დაბადება 3:19). როცა ადამი და ევა მოკვდნენ, ისინი უბრალოდ იქცნენ იმად, რასაც ბიბლია, ხშირად, ‘მკვდარს’ უწოდებს (რიცხვნი 5:2; 6:6).

არ არის გასაკვირი, რომ ენციკლოპედია „ამერიკანა“ (The Encyclopedia Americana) ებრაულ წერილებში მოხსენიებული სულის შესახებ ამბობს: „ადამიანის შესახებ საერთო წარმოდგენა, რომელსაც ძველი აღთქმა გვაძლევს, მიუთითებს ერთიანობაზე და არა სულისა და სხეულის შეერთებაზე“. ის ამატებს: «„ნეფეში“. . . არასდროს იძლეოდა სხეულისგან განცალკევებით მოქმედი სუბსტანციის გაგებას».

მაგრამ, რას ფიქრობდნენ სიკვდილზე ერთგული იუდეველები? უბრალოდ რომ ვთქვათ, მათ სწამდათ, რომ სიკვდილი სიცოცხლის საპირისპიროა. ფსალმუნის 145:4-ში ნათქვამია, რა ხდება, როცა სული, ანუ სასიცოცხლო ძალა, ტოვებს ადამიანს: „ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“c. მსგავსად ამისა, მეფე სოლომონი წერდა, რომ მკვდრებმა „არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5).

მაშინ, რატომ იყო ასე დარწმუნებული სულის უკვდავებაში პირველი საუკუნის მრავალი იუდეველი, როგორებიც მასადის ფანატიკოსები იყვნენ?

ბერძნული გავლენა

ეს აზრი იუდეველებმა ბიბლიიდან კი არ გადმოიღეს, არამედ ბერძნებისგან. ძველი წელთაღრიცხვით VII–V საუკუნეებში ეს წარმოდგენა, როგორც ჩანს, საიდუმლოებით მოცული ბერძნული სექტანტური რელიგიებიდან ბერძნულ ფილოსოფიაში გადავიდა. ცნება საიქიო ცხოვრების შესახებ, სადაც ბოროტი სულები აუტანელ სასჯელს დაიმსახურებდნენ, დიდი ხნის მანძილზე ძალიან მიმზიდველი იყო და ეს წარმოდგენა დამკვიდრდა და გავრცელდა. ფილოსოფოსები დაუსრულებლად დაობდნენ სულის ნამდვილი ბუნების შესახებ. ჰომეროსი აცხადებდა, რომ სული უეცრად გამოდის სიკვდილის დროს და გამოსცემს გარკვევით გასაგონ ბზუილს, წრიპინს ან შრიალს. ეპიკურე ამბობდა, რომ სულს, სინამდვილეში, მასა აქვს, რომელიც უსასრულოდ მცირეაd.

მაგრამ სულის უკვდავების ყველაზე დიდი მომხრე, ალბათ, იყო ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი. თავისი მოძღვრის, სოკრატეს, სიკვდილის აღწერა გვიჩვენებს, რომ მისი რწმენა ძალიან ჰგავდა რამდენიმე საუკუნის შემდეგ მცხოვრები მასადის ფანატიკოსების რწმენას. სწავლული ოსკარ კულმენი ამას ასე გამოთქვამს: „პლატონი გვიჩვენებს, რა სრულ სიმშვიდესა და სიწყნარეში კვდება სოკრატე. სოკრატეს სიკვდილი შესანიშნავი სიკვდილია. აქ არაფერი მეტყველებს სიკვდილის საშინელებაზე. სოკრატეს არ ეშინია სიკვდილის, რადგან, სინამდვილეში, ის გვათავისუფლებს სხეულისგან. . . სიკვდილი — სულის დიდებული მეგობარია. ასე გვასწავლის სოკრატე; და ასე, თავის სწავლებასთან აღმაფრთოვანებელ ჰარმონიაში ის კვდება“.

მაკაბელთა პერიოდში, ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნეში, ნათლად გამოჩნდა, რომ იუდეველებმა დაიწყეს ამ სწავლების შეთვისება ბერძნებისგან. იოსებ ფლავიუსი გვატყობინებს, რომ ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ფარისევლები და ესენიელები — იუდეველთა ძლევამოსილი რელიგიური ჯგუფები — მხარს უჭერდნენ ამ დოქტრინას. პოეტური ნაწარმოებები, რომლებიც, შესაძლოა, იმ პერიოდში დაიწერა, იმავე რწმენას ირეკლავენ.

მაგრამ, რა შეიძლება ითქვას იესო ქრისტეზე? მსგავსად ასწავლიდნენ თუ არა ის და მისი მიმდევრები ამ წარმოდგენას ბერძნული რელიგიიდან?

ადრინდელი ქრისტიანების თვალსაზრისი სულთან დაკავშირებით

ბერძნებისგან განსხვავებით, პირველი საუკუნის ქრისტიანები სხვაგვარად უყურებდნენ სულს. მაგალითად, განვიხილოთ იესოს მეგობრის, ლაზარეს, სიკვდილი. ლაზარეს უკვდავი სული რომ ჰქონოდა, რომელიც მისი სიკვდილის დროს სწრაფად გამოვიდა, გათავისუფლდა და გაბედნიერდა, განა იოანეს სახარების მე-11 თავში ჩაწერილი ცნობა სრულიად განსხვავებულად არ წაიკითხებოდა? რასაკვირველია, იესო ეტყოდა თავის მიმდევრებს ლაზარე რომ ცოცხალი, ჯანმრთელი და შემგრძნობი ზეცაში ყოფილიყო; ამ დროს, პირიქით, მან გაიმეორა ებრაულ წერილებში ნათქვამი და უთხრა მათ, რომ ლაზარემ დაიძინა და რომ ის უგრძნობი იყო (მუხლი 11). ეჭვგარეშეა, იესო გაიხარებდა, თუ მისი მეგობარი შესანიშნავი, ახალი სიცოცხლით ტკბებოდა; ნაცვლად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ის სახალხოდ ატირდა ლაზარეს სიკვდილის გამო (მუხლი 35). ფაქტია, იესო არასდროს იქნებოდა ისეთი სასტიკი, რომ კიდევ რამდენიმე წლით დაებრუნებინა მისთვის სიცოცხლე არასრულყოფილ ფიზიკურ სხეულში, „ციხეში“ და სნეულ და მომაკვდავ კაცობრიობაში საცხოვრებლად, თუ ლაზარეს სული ზეცაში იყო და კურთხევებით სავსე უკვდავებით ტკბებოდა.

ჰყვებოდა კი ლაზარე გაცოცხლებისას სიხარულით სავსე შემთხვევებს ოთხი სასწაულებრივი დღის შესახებ, როცა გათავისუფლებული, უსხეულო სულიერი არსება იყო? არა, ის არ ჰყვებოდა. სულის უკვდავების მორწმუნეები ამ შემთხვევას იმით ახსნიან, რომ ამდენად არაჩვეულებრივი განცდების გამო მას ლაპარაკიც არ შეეძლო. მაგრამ ეს არგუმენტი ძნელი დასაჯერებელია; და ყოველივეს შემდეგ, განა არ შეეძლო ლაზარეს ის მაინც ეთქვა მისთვის საყვარელი ადამიანებისთვის, რომ შემთხვევა ძალიან სასწაულებრივი იყო ენით გამოსათქმელად? ნაცვლად ამისა, ლაზარემ არაფერი თქვა იმ დროის შესახებ, როცა მკვდარი იყო. დაფიქრდი — ის დუმდა ისეთ საკითხზე, რაზეც ადამიანებს ყველა დანარჩენ საკითხებზე მეტად კლავს ცნობისმოყვარეობა: „როგორია სიკვდილი“! ეს დუმილი შეიძლება მხოლოდ ერთგვარად აიხსნას. მოსაყოლი არაფერი იყო. მკვდრებს მაგრად სძინავთ, ისინი უგრძნობნი არიან.

აქედან გამომდინარე, ამბობს თუ არა ბიბლია, რომ სიკვდილი სულის მეგობარია, არსებობის ორი ეტაპის მხოლოდ დამაკავშირებელი წეს-ჩვეულება? არა! მოციქული პავლეს მსგავსი ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის სიკვდილი არ იყო მეგობარი; ის „უკანასკნელი მტერი“ იყო (1 კორინთელთა 15:26). ქრისტიანები არ უყურებენ სიკვდილს, როგორც რაღაც ჩვეულებრივს, არამედ როგორც საზარელ, უჩვეულო რამეს, რადგან ის ცოდვისა და ღმერთის წინააღმდეგ აჯანყების პირდაპირი შედეგია (რომაელთა 5:12; 6:23). ის არასდროს ყოფილა ღმერთის თავდაპირველი განზრახვის ნაწილი კაცობრიობასთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამისა, ქრისტიანები არ რჩებიან უიმედოდ, როცა საკითხი სულის სიკვდილს ეხება. ლაზარეს აღდგენა ბიბლიის მრავალი ცნობიდან ერთ-ერთია, რომელიც თვალსაჩინოდ გვიჩვენებს სიმართლეს, ბიბლიურ იმედს მიცვალებული სულებისთვის — აღდგომას. ბიბლია ორ განსხვავებულ აღდგომას გვასწავლის. კაცობრიობის უმეტესი ნაწილისთვის, როგორც მართლებისთვის, ასევე უკეთურებისთვის, რომლებსაც სამარეში სძინავთ, არსებობს აღდგომის იმედი აქ, დედამიწაზე სამოთხეში, მარადიული ცხოვრებისთვის (ლუკა 23:43, აქ; იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). მცირე ჯგუფისთვის, რომელსაც იესომ ‘მცირე სამწყსო’ უწოდა, არსებობს აღდგომა ზეცაში სულიერ არსებებად მარადიული ცხოვრებისთვის. ესენი, ქრისტეს მოციქულების ჩათვლით, იმმართველებენ ქრისტე იესოსთან ერთად კაცობრიობაზე და დაუბრუნებენ მას სრულყოფილებას (ლუკა 12:32; 1 კორინთელთა 15:53, 54; გამოცხადება 20:6).

მაშ, რატომ ასწავლიან ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები ადამიანის სულის უკვდავებას და არა აღდგომას? განვიხილოთ ღვთისმეტყველის, ვერნერ იეგერის, პასუხი, რომელმაც 1959 წელს „ჰარვარდის თეოლოგიურ მიმოხილვაში“ (The Harvard Theological Review) თქვა: „ამ ქრისტიანული დოქტრინის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ ქრისტიანული თეოლოგიის მამა, ორიგენე, პლატონის მიმდევარი ფილოსოფოსი იყო ალექსანდრიის სკოლაში. მან ჩაამატა ქრისტიანულ დოქტრინაში უკვდავ სულთან დაკავშირებული მთელი რიგი სწავლებები, რომლებიც პლატონისგან გადმოიღო“. ასე რომ, ეკლესიამ გააკეთა ზუსტად ის, რაც იუდეველებმა საუკუნეების წინ გააკეთეს! მათ მიატოვეს ბიბლიური სწავლებები ბერძნული ფილოსოფიის სასარგებლოდ.

დოქტრინის ნამდვილი წყაროები

ახლა, სულის უკვდავების დოქტრინის დასაცავად, ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს, რატომ ასწავლის ამ დოქტრინას ამა თუ იმ ფორმაში ასე მრავალი რელიგია მსოფლიოში? საღვთო წერილი გვთავაზობს საღ საფუძველს მსოფლიოს რელიგიურ დაჯგუფებებში ამ სწავლების გაბატონებასთან დაკავშირებით.

ბიბლია გვეუბნება, რომ „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს“ და განსაკუთრებით აღნიშნავს სატანას, როგორც ‘წუთისოფლის მთავარს’ (1 იოანე 5:19; იოანე 12:31). ნათელია, ქვეყნიური რელიგიები არ არიან დაცული სატანის ზეგავლენისგან. პირიქით, ისინი დიდად უწყობენ ხელს არეულობასა და კამათს დღევანდელ მსოფლიოში. ხოლო სულის საკითხთან დაკავშირებით ისინი, როგორც ჩანს, ძალიან ნათლად ირეკლავენ სატანის აზროვნებას. როგორ?

გაიხსენე ყველაზე პირველი ტყუილი. ღმერთმა უთხრა ადამსა და ევას, რომ მის წინაშე შეცოდებას მოჰყვებოდა სიკვდილი. მაგრამ სატანა არწმუნებდა ევას: „არ მოკვდებით“ (დაბადება 3:4). რასაკვირველია, ადამი და ევა მოკვდნენ; ღმერთის სიტყვის თანახმად, ისინი მიწას დაუბრუნდნენ. სატანამ, ‘სიცრუის მამამ’, არ მიატოვა თავისი პირველი სიცრუე (იოანე 8:44). ურიცხვ რელიგიაში, რომლებმაც გადაუხვიეს ბიბლიურ სწავლებას ან საერთოდ უგულებელყოფენ მას, კვლავ გაისმის იგივე აზრი: ‘არ მოკვდებით. თქვენი სხეული შეიძლება დაიღუპოს, მაგრამ სულები გააგრძელებენ სიცოცხლეს მარადიულად — ღმერთივით’! საინტერესოა, სატანამაც უთხრა ევას, რომ ის იქნებოდა „ღმერთივით“! (დაბადება 3:5).

რამდენად უფრო სასარგებლოა, გვქონდეს იმედი, რომელიც დაფუძნებულია ჭეშმარიტებაზე და არა სიცრუესა და ადამიანთა ფილოსოფიებზე. რამდენად უფრო უკეთესია, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ჩვენი საყვარელი მიცვალებულები უგრძნობნი არიან სამარეში, ვიდრე ვწუხდეთ უკვდავი სულის ადგილსამყოფელზე! მკვდრების ასეთი ძილი არ უნდა გვაშინებდეს ან გვანაღვლიანებდეს. რამდენადმე, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მკვდრები უსაფრთხო, დასასვენებელ ადგილას არიან. რატომ უსაფრთხო? რადგან ბიბლია გვარწმუნებს, რომ მკვდრები, რომლებიც იეჰოვას უყვარს, ცოცხლები არიან გარკვეული გაგებით (ლუკა 20:38). ისინი მის მეხსიერებაში არიან ცოცხლები. ეს აზრით სავსე, მანუგეშებელი ფიქრია, რადგან მისი მეხსიერება განუსაზღვრელია. მას ძალიან სურს, მილიონობით საყვარელ ადამიანს დაუბრუნოს სიცოცხლე და მისცეს მათ შესაძლებლობა იცხოვრონ მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე (შეადარე იობი 14:14, 15).

აღდგომის დიდებული დღე ისე მოვა, როგორც იეჰოვას ყველა დანაპირები შესრულდება (ესაია 55:10, 11). მხოლოდ დაფიქრდი ამ წინასწარმეტყველებაზე, რომლის შესრულება ახლოვდება: „მაგრამ შენი მკვდრები ცოცხლები არიან, მათი გვამები აღდგებიან. ვისაც მიწაში სძინავს, გაიღვიძებს და იყიჟინებს; რადგან შენი ცვარი ნათლის ცვარია და დედამიწა კვლავ დაბადებს დიდი ხნის მკვდრებს“ (ესაია 26:19, „ახალი ინგლისური ბიბლია“ [The New English Bible]). ასე რომ, სამარეში მძინარე მკვდრები ისევე არიან დაცულნი, როგორც ბავშვი დედის მუცელში. მალე ისინი დაიბადებიან, კვლავ იქნებიან მოყვანილნი ცხოვრებისთვის სამოთხეში დედამიწაზე!

შეიძლება კი ამაზე უკეთესი იმედი არსებობდეს?

[სქოლიოები]

a ცნობების თანახმად, ორი ქალი და ხუთი ბავშვი გადარჩა დამალვის წყალობით. მოგვიანებით ქალებმა ყველაფერი დაწვრილებით მოუთხრეს რომაელებს, რომლებმაც ისინი ტყვედ წაიყვანეს.

b რასაკვირველია, მრავალი სხვა სიტყვის მსგავსად, რომლებსაც ძალიან ფართო გამოყენება აქვთ, სიტყვა „ნეფეშის“ მნიშვნელობასაც სხვა ნიუანსები აქვს. მაგალითად, ის შეიძლება მიუთითებდეს შინაგან პიროვნებაზე, განსაკუთრებით კი ღრმა გრძნობების შემთხვევაში (პირველი მეფეთა 18:1). ის შეიძლება ასევე ადამიანის, როგორც სულის, სიცოცხლეზე მიუთითებდეს (მესამე მეფეთა 17:21–23).

c „სულის“ აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა „რუაჰ“ ნიშნავს „სუნთქვას“ ან „ქარს“. ადამიანთან დაკავშირებით ის არ მიუთითებს ცნობიერების მქონე სულიერ ობიექტზე, არამედ პირიქით, „ახალი აღთქმის ღვთისმეტყველების ახალი საერთაშორისო ლექსიკონის“ (The New International Dictionary of New Testament Theology) თანახმად, ის მიუთითებს „პიროვნების სასიცოცხლო ძალაზე“.

d ის არ იყო უკანასკნელი, ვისაც ეს საკმაოდ უცნაური აზრი ჰქონდა. ფაქტიურად, ამ საუკუნის დასაწყისში მეცნიერი აცხადებდა, რომ აწონა რამდენიმე ადამიანის სული სიკვდილის წინა წუთებში ადამიანის წონიდან სიკვდილის შემდეგ მისივე წონის გამოკლების საშუალებით.

[სურათი 7 გვერდზე]

მასადაში მყოფ იუდეველ ფანატიკოსებს სწამდათ, რომ სიკვდილი გაათავისუფლებდა მათ სულებს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება