‘გაიმაგრეთ გულები’
„მოთმინება გმართებთ თქვენ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული“ (ებრაელთა 10:36).
1, 2. ა) რა მოუვიდა პირველ საუკუნეში მცხოვრებ ბევრ ქრისტიანს? ბ) რატომ არის ადვილი რწმენის მოსუსტება?
ბიბლიის არც ერთი მწერალი არ მოიხსენიებს რწმენას ისე ხშირად, როგორც მოციქული პავლე. უმეტეს შემთხვევებში კი ის ლაპარაკობს მათს რწმენაზე, ვინც სულიერად მოსუსტდა ან მოკვდა. მაგალითად, ჰიმენევსისა და ალექსანდრეს ‘რწმენის ხომალდი დაიმსხვრა’ (1 ტიმოთე 1:19, 20). დემასმა პავლე იმიტომ მიატოვა, რომ „შეიყვარა ეს წუთისოფელი“ (2 ტიმოთე 4:10). ზოგი თავისი არაქრისტიანული, უპასუხისმგებლო მოქმედების გამო „განუდგა რწმენას“. სხვები კი ცრუ სიბრძნით იქნენ მოტყუებულნი და „რწმენას ჩამოშორდნენ“ (1 ტიმოთე 5:8; 6:20, 21).
2 ასე რატომ დამარცხდნენ ის ცხებული ქრისტიანები? „რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“ (ებრაელთა 11:1). ჩვენ გვწამს ის, რასაც ვერ ვხედავთ. ხილულის დასაჯერებლად რწმენა არაა საჭირო. რა თქმა უნდა, ხილულ ქონებაზე ზრუნვა უფრო ადვილია, ვიდრე უხილავ სულიერ სიმდიდრეზე (მათე 19:21, 22). მრავალი ხილული რამ, მაგალითად: „ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა“, ძლიერ იზიდავს ჩვენს არასრულყოფილ ხორცს და შეიძლება რწმენა მოგვისუსტოს (1 იოანე 2:16).
3. როგორი რწმენა უნდა განივითაროს ქრისტიანმა?
3 პავლე ამბობს: „ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“. მოსეს ასეთი რწმენა ჰქონდა. ის „ხედავდა საზღაურს“ და „თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო“ (ებრაელთა 11:6, 24, 26, 27). ქრისტიანს ასეთი რწმენა უნდა ჰქონდეს. როგორც წინა სტატიაში იყო მოხსენიებული, აბრაამი ამის შესანიშნავ მაგალითს იძლეოდა.
აბრაამის რწმენის მაგალითი
4. რა გავლენა იქონია აბრაამის ცხოვრებაზე მისმა რწმენამ?
4 აბრაამი ურში იყო, როდესაც ღმერთმა აღუთქვა, რომ მის თესლში იკურთხებოდა ყველა ერის ხალხი (დაბადება 12:1–3; საქმეები 7:2, 3). ამ აღთქმის საფუძველზე აბრაამი დაემორჩილა იეჰოვას და თავიდან ხარანში, ხოლო შემდეგ ქანაანში დასახლდა. იქ იეჰოვამ აღუთქვა, რომ მის მოდგმას მისცემდა იმ ქვეყანას (დაბადება 12:7; ნეემია 9:7, 8). მაგრამ ღვთის დანაპირებიდან ბევრი რამ აბრაამის სიკვდილის შემდეგ უნდა შესრულებულიყო. მაგალითად, აბრაამი არასოდეს ყოფილა ქანაანში თუნდაც ერთი მტკაველი მიწის მფლობელი, თუ არ ჩავთვლით მახფელას მღვიმეს, რომელიც სამარხად შეისყიდა (დაბადება 23:1–20). მიუხედავად ამისა, მას სწამდა იეჰოვას სიტყვის. აგრეთვე სწამდა და „ელოდა ქალაქს საძირკვლიანს, რომლის მშენებელი და შემოქმედი ღმერთია“ (ებრაელთა 11:10). ასეთი რწმენა შველოდა მას მთელი ცხოვრების განმავლობაში.
5, 6. როგორ გამოიცადა აბრაამის რწმენა იეჰოვას აღთქმასთან დაკავშირებით?
5 ეს განსაკუთრებით გამოჩნდა იმ აღთქმასთან დაკავშირებით, რომ მისი თესლი დიდ ხალხად იქცეოდა. ეს რომ შესრულებულიყო, მას ძე უნდა ჰყოლოდა და ის დიდხანს ელოდა ამ კურთხევას. ჩვენ არ ვიცით, რამდენი წლის იყო აბრაამი, როდესაც ღვთისგან პირველად მოისმინა ეს აღთქმა, მაგრამ ხარანისკენ ხანგრძლივი მგზავრობის განმავლობაში იეჰოვას მისთვის ჯერ კიდევ არ მიუცია შვილი (დაბადება 11:30). ის კარგა ხანს იყო ხარანში, რადგან მოასწრო ‘ქონებისა და ყრმების მოხვეჭა’. ქანაანში ჩასვლისას კი თვითონ 75 წლის იყო, ხოლო სარა — 65-ის. მაგრამ შვილი ჯერაც არ ჰყავდათ (დაბადება 12:4, 5). დაახლოებით 75 წლის სარამ დაასკვნა, რომ უკვე საკმაოდ დაბერდა და აბრაამს შვილს ვეღარ გაუჩენდა. ამიტომ იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, თავისი ყმა ქალი, აგარი, მისცა აბრაამს, რომლისგანაც ძე ეყოლა. მაგრამ ის არ იყო აღთქმული ბავშვი. აგარი და მისი შვილი, ისმაელი, საბოლოოდ სახლიდან დათხოვნილ იქნენ. მიუხედავად ამისა, აბრაამმა იეჰოვას სთხოვა, ეკურთხებინა ისმაელი და ისიც დაჰპირდა, რომ შეუსრულებდა თხოვნას (დაბადება 16:1–4, 10; 17:15, 16, 18–20; 21:8–21).
6 ღვთის მიერ დანიშნულ დროს — აღთქმის პირველად მოსმენიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ — 100 წლის აბრაამსა და 90 წლის სარას ვაჟი, ისაკი, შეეძინათ. რა ღირსშესანიშნავი მოვლენა იქნებოდა ეს მათთვის! ამ ხანში შესული წყვილისთვის მათი ‘ჩამკვდარი’ სხეულებით ახალი სიცოცხლისთვის დასაბამის მიცემა თითქმის მკვდრეთით აღგომის ტოლფასი იყო (რომაელთა 4:19–21). მოლოდინი ხანგრძლივი იყო, მაგრამ, როდესაც აღთქმა საბოლოოდ შესრულდა, შედეგი მართლაც რომ ღირდა ამად.
7. რა კავშირია რწმენასა და მოთმინებას შორის?
7 აბრაამის მაგალითი შეგვახსენებს, რომ რწმენა მალე არ უნდა დავკარგოთ. პავლე რწმენასა და მოთმინებას ერთმანეთთან აკავშირებდა: „მოთმინება გმართებთ თქვენ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული. . . ხოლო ჩვენ უკან მიქცეულთაგანნი კი არა ვართ დასაღუპავად, არამედ მორწმუნენი სულის სახსნელად“ (ებრაელთა 10:36–39). მრავალი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა აღთქმის შესრულებას, ზოგი კი — მთელი ცხოვრება. ამაში მათ მტკიცე რწმენა დაეხმარა. აბრაამის მსგავსად, ისინიც ღვთის მიერ დანიშნულ სათანადო დროს მიიღებენ ჯილდოს (აბაკუმი 2:3).
იეჰოვას სიტყვების მოსმენა
8. როგორ ვუსმენთ დღეს იეჰოვას და რატომ განამტკიცებს ეს ჩვენს რწმენას?
8 აბრაამს რწმენა, სულ მცირე, ოთხმა რამემ განუმტკიცა და იგივე შეიძლება ჩვენც დაგვეხმაროს. პირველი, მან ‘ღვთის არსებობისადმი’ რწმენა იეჰოვას სიტყვების მოსმენით გამოავლინა. ამგვარად, ის განსხვავდებოდა იერემიას დღეებში მცხოვრები იუდეველებისგან, რომლებსაც სწამდათ იეჰოვა, მაგრამ არ ისმენდნენ მის სიტყვებს (იერემია 44:15–19). დღეს იეჰოვა ბიბლიის, თავისი ინსპირირებული სიტყვის, მეშვეობით გველაპარაკება, რომელზეც პეტრემ თქვა, რომ არის ‘ლამპარი, რომელიც ბნელში [თქვენს გულებში] ანათებს’ (2 პეტრე 1:19). როდესაც ბიბლიას ყურადღებით ვკითხულობთ, ‘რწმენის სიტყვებით’ ვიკვებებით (1 ტიმოთე 4:6; რომაელთა 10:17). გარდა ამისა, ამ უკანასკნელ დღეებში „ერთგული და გონიერი მონა“ ‘დროულად გვაძლევს’ სულიერ „საზრდოს“, რითაც ხელმძღვანელობას გვიწევს ბიბლიური პრინციპების მიყოლასა და წინასწარმეტყველებების გაგებაში (მათე 24:45–47). იეჰოვას ამგვარად მოსმენა ძალზე აუცილებელია იმისათვის, რომ მტკიცე რწმენა გვქონდეს.
9. თუ ნამდვილად გვწამს ქრისტიანული იმედის, რა შედეგი მოჰყვება ამას?
9 აბრაამის რწმენა მტკიცედ იყო დაკავშირებული იმედთან. აბრაამი „ერწმუნა იმედით, რათა გამხდარიყო იგი მრავალი ხალხის მამა“ (რომაელთა 4:18). ეს არის მეორე რამ, რაც შეიძლება დაგვეხმაროს. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“. მოციქულმა პავლემ თქვა: „იმისათვის ვშრომობთ კიდეც და ვიღწვით, რომ მინდობილნი ვართ ცოცხალ ღმერთზე“ (1 ტიმოთე 4:10). თუ ნამდვილად გვწამს ქრისტიანული იმედის, აბრაამის მსგავსად, მთელი ჩვენი ცხოვრება ამ რწმენის ამსახველი იქნება.
ღმერთთან ლაპარაკი
10. როგორი ლოცვა განამტკიცებს ჩვენს რწმენას?
10 აბრაამი ღმერთს ელაპარაკებოდა და ეს იყო მესამე რამ, რამაც განამტკიცა მისი რწმენა. დღეს ჩვენც შეგვიძლია იეჰოვას ველაპარაკოთ — გამოვიყენოთ იესო ქრისტეს მეშვეობით ღვთისადმი ლოცვით მიმართვის ჯილდო (იოანე 14:6; ეფესელთა 6:18). „როდესაც კაცის ძე მოვა, ჰპოვებს ნეტა დედამიწაზე რწმენას?“ — იესომ ეს კითხვა მას შემდეგ დასვა, რაც მოჰყვა იგავი, რომელშიც გამუდმებით ლოცვის აუცილებლობა იყო ხაზგასმული (ლუკა 18:8). რწმენის განმამტკიცებელი ლოცვა მოუფიქრებლად ან მექანიკურად არ წარმოითქმება. ის ღრმად გააზრებული ლოცვაა. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია მთელი გულით ლოცვა, როდესაც სერიოზულ გადაწყვეტილებას ვღებულობთ ან დიდ გასაჭირში ვართ (ლუკა 6:12, 13; 22:41–44).
11. ა) როგორ განამტკიცა ღმერთმა აბრაამი, როდესაც მან გული გადაუშალა ლოცვაში? ბ) რას გვასწავლის აბრაამის შემთხვევა?
11 როდესაც აბრაამი ხანში შედიოდა და იეჰოვას ჯერაც არ ჰქონდა მისთვის მიცემული აღთქმული თესლი, ის ელაპარაკებოდა ღმერთს ამის შესახებ. იეჰოვამ კვლავ დაარწმუნა ის. შედეგი? აბრაამი „ერწმუნა უფალს, ხოლო მან სიწრფელეში ჩაუთვალა ეს“. შემდეგ კი იეჰოვამ მისცა ნიშანი, რითაც განამტკიცა თავისი სიტყვები (დაბადება 15:1–18). თუ იეჰოვას ლოცვაში გულს გადავუშლით, ყურად ვიღებთ მის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემულ სიტყვებს და სრული რწმენით დავემორჩილებით, ის ჩვენს რწმენასაც განამტკიცებს (მათე 21:22; იუდა 20, 21).
12, 13. ა) როგორ იყო აბრაამი კურთხეული, როდესაც იეჰოვას მითითებებს ასრულებდა? ბ) როგორი შემთხვევები განამტკიცებს ჩვენს რწმენას?
12 მეოთხე, რამაც აბრაამის რწმენა განამტკიცა იყო ის მხარდაჭერა, რომელსაც იეჰოვა უწევდა მას ღვთის მითითებების შესრულებისას. როდესაც აბრაამი დამპყრობი მეფეებისგან ლოტის გასათავისუფლებლად გაეშურა, იეჰოვამ გაამარჯვებინა მას (დაბადება 14:16, 20). იმ დროის განმავლობაში, რაც აბრაამი დროებით სახლობდა ქვეყანაში, რომელიც მისი თესლის სამკვიდრო გახდებოდა, იეჰოვასგან სიმდიდრით კურთხევა არ მოჰკლებია (შეადარეთ დაბადება 14:21–23). იეჰოვამ უხელმძღვანელა აბრაამის მსახურს, როდესაც ის ისაკისთვის საცოლეს ეძებდა (დაბადება 24:10–27). დიახ, იეჰოვას „ყველაფრით ნაკურთხი ჰყავდა. . . აბრაამი“ (დაბადება 24:1). შედეგად, მისი რწმენა იმდენად განმტკიცდა და ისეთი ახლო ურთიერთობა დაამყარა იეჰოვა ღმერთთან, რომ იეჰოვამ „მეგობარი“ უწოდა (ესაია 41:8, აქ; იაკობი 2:23).
13 შეიძლება, რომ ასეთი მტკიცე რწმენა ჩვენც გვქონდეს? დიახ. აბრაამის მსგავსად, თუ გამოვცდით იეჰოვას და მის მითითებებს დავემორჩილებით, ის ჩვენც გვაკურთხებს, ეს კი რწმენას განგვიმტკიცებს. მაგალითად, 1998 სამსახურებრივი წლის ანგარიშისთვის თვალის გადავლება გვიჩვენებს, რომ მრავალმა შესანიშნავი კურთხევა მიიღო, როდესაც ღვთის მითითებას დაემორჩილა და კეთილ ცნობას ქადაგებდა (მარკოზი 13:10).
ცნობები დღევანდელი რწმენის შესახებ
14. როგორ აკურთხა იეჰოვამ კამპანია, რომელიც ტრაქტატით, „ცნობა სამეფოს შესახებ“ №35-ით, ჩატარდა?
14 გასული 1997 წლის ოქტომბერში მსოფლიო მასშტაბის კამპანიამ, რომელიც „ცნობა სამეფოს შესახებ“ №35-ით ჩატარდა მილიონობით მოწმის გულმოდგინებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობის შედეგად დიდი წარმატებით ჩაიარა. გამონაკლისი არც განა ყოფილა. იქ ოთხ ენაზე თითქმის 2,5 მილიონი ტრაქტატის გავრცელდა და შედეგად დაახლოებით ბიბლიის 2 000 შესწავლა დაიწყო. კვიპროსზე ორმა მოწმემ ტრაქტატის გავრცელებისას მათ უკან მომავალი მღვდელი შენიშნა. მათ ამ მღვდელსაც შესთავაზეს ტრაქტატი. მას უკვე წაკითხული ჰქონია ის და თქვა: „ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ამ ცნობამ, რომ სურვილი გამიჩნდა მელოცა გამომცემლებისთვის“. დანიაში ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ 1,5 მილიონი ეგზემპლარი გავრცელდა, რასაც შესანიშნავი შედეგები მოჰყვა. ერთმა ქალმა, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მსახურობდა აღნიშნა: „ტრაქტატში ყველასთვისაა ცნობა მოცემული. ის ადვილი გასაგებია და კითხვისას, უფრო მეტის გაგების სურვილი გებადება. ის პირდაპირ მიზანში ხვდება!“
15. რომელი შემთხვევები ცხადყოფს, რომ იეჰოვამ აკურთხა მცდელობა, ყველგან ექადაგათ?
15 1998 წელს მოწმეები ცდილობდნენ ექადაგათ არა მარტო სახლებში, არამედ ყველგან. კოტ-დ’ივუარში ერთმა მისიონერმა წყვილმა პორტში, 322 გემზე 247 წიგნი, 2 284 ჟურნალი, 500 ბროშურა და ასობით ტრაქტატი გაავრცელა. აგრეთვე მეზღვაურებს დაუტოვეს ვიდეოკასეტები, რათა რეისში ყოფნისას ენახათ. კანადაში ერთი მოწმე ავტოტექმომსახურებაში მივიდა საქადაგოდ. პატრონი დაინტერესდა ჭეშმარიტებით და ძმა მასთან ოთხი საათი დარჩა, თუმცა საუბარი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რადგან მხოლოდ მაშინ საუბრობდნენ, როცა კლიენტებს მოემსახურებოდნენ. საბოლოოდ ღამის 10 საათისთვის დაინიშნა შესწავლა. მაგრამ ზოგჯერ ის შუაღამემდე არ იწყებოდა და დილის 2 საათამდე გრძელდებოდა. მეცადინეობის ასე ჩატარება ადვილი არ იყო, მაგრამ კარგი შედეგები გამოიღო. მამაკაცმა გადაწყვიტა, კვირა დღეს არ ემუშავა, რათა კრებებს დასწრებოდა. მალე მან და მისმა ოჯახმა სულიერად წინ წაიწიეს.
16. რომელი შემთხვევები ცხადყოფს, რომ ბროშურა „რას მოითხოვს“ და წიგნი „შემეცნება“ მძლავრი იარაღებია სამქადაგებლო და სწავლების საქმიანობაში?
16 ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ და წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ ქადაგებისა და სწავლების საქმიანობაში კვლავაც მძლავრ იარაღებად რჩება. იტალიაში ავტობუსის გაჩერებაზე ერთმა მონაზონმა აიღო ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“. მეორე დღეს კი მისცეს ბროშურა „რას მოითხოვს“. მას შემდეგ ავტობუსის გაჩერებაზე ყოველდღე 10—15 წუთი უტარდებოდა ბიბლიის შესწავლა. თვე-ნახევრის შემდეგ გადაწყვიტა, დაეტოვებინა მონასტერი, წასულიყო სახლში, გვატემალაში, და იქ განეგრძო შესწავლა. მალაველ ლობინას, რომელიც რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში, არ მოეწონა, როდესაც მისმა ქალიშვილებმა იეჰოვას მოწმეებთან დაიწყეს ბიბლიის შესწავლა. მიუხედავად ამისა, ქალიშვილები, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდათ, მაშინვე უზიარებდნენ დედას ბიბლიურ ჭეშმარიტებას. 1997 წლის ივნისში ლობინამ დაინახა წიგნი „შემეცნება“ და ძალიან დააინტერესა გამოთქმამ „მიმყვანი შემეცნება“. ივლისში ბიბლიის შესწავლის სურვილი გამოთქვა. აგვისტოში საოლქო კონგრესს დაესწრო და მთელ პროგრამას დიდი გულისყურით უსმენდა. იმავე თვის ბოლოს მიატოვა თავისი ეკლესია და მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. 1997 წლის ნოემბერში კი მოინათლა.
17, 18. როგორ დაეხმარა საზოგადოების მიერ გამოცემული ვიდეოფილმები ხალხს სულიერი საკითხების დანახვაში?
17 საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული ვიდეოფილმები მრავალს დაეხმარა სულიერი საკითხების დანახვაში. მავრიკიში ერთმა მამაკაცმა ეკლესია იმ მიზეზით დატოვა, რომ იქ ვერ ხედავდა ერთიანობას. ერთმა მისიონერმა მას ანახა ვიდეოფილმი, „ღვთიური სწავლებით გაერთიანებულნი“, სადაც ამ კაცმა იეჰოვას მოწმეთა ერთიანობა დაინახა. ფილმმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. „თქვენ, იეჰოვას მოწმეები, უკვე სამოთხეში ხართ!“ — თქვა მან. ამ მამაკაცმა ბიბლიის შესწავლაზე თანხმობა განაცხადა. ერთმა იაპონელმა დამ ურწმუნო ქმარს აჩვენა ვიდეოფილმი „იეჰოვას მოწმეები — ორგანიზაცია ამ სახელწოდებით“, რამაც ის ბიბლიის რეგულარული შესწავლისკენ აღძრა, ხოლო ფილმის, „ღვთიური სწავლებით გაერთიანებულნის“, ყურების შემდეგ იეჰოვას მოწმედ გახდომის სურვილი გამოთქვა. სამნაწილიანი ფილმი, სახელწოდებით „ბიბლია — ფაქტებისა და წინასწარმეტყველებების წიგნი“, პირად ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპების გამოყენებაში დაეხმარა. ბოლოს კი ფილმმა „იეჰოვას მოწმეების სიმტკიცე ნაცისტური თავდასხმის წინააღმდეგ“ დაანახვა, რომ სატანის შემოტევისას იეჰოვა განამტკიცებს თავის ხალხს. ის 1997 წლის ოქტომბერში მოინათლა.
18 ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ მრავალი შემთხვევიდან, რომლებიც გასული სამსახურებრივი წლის განმავლობაში მოხდა. ისინი ცხადყოფს, რომ იეჰოვას მოწმეებს მოქმედი რწმენა აქვთ და რომ იეჰოვა მათი საქმიანობის კურთხევით განამტკიცებს ამ რწმენას (იაკობი 2:17).
რწმენის განვითარება დღეს
19. ა) რატომ ვართ აბრაამთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში? ბ) რამდენი კაცი შეიკრიბა გასულ წელს იესოს გამომსყიდველური სიკვდილის აღსანიშნავად? გ) რომელ ქვეყნებში იყო გასულ წელს გახსენების საღამოზე განსაკუთრებით ბევრი დამსწრე? (იხილეთ 12—15 გვერდებზე მოცემული ცხრილი).
19 დღეს ჩვენ აბრაამთან შედარებით მრავალმხრივ უკეთეს მდგომარეობაში ვართ. ვიცით, რომ იეჰოვამ შეასრულა აბრაამისთვის მიცემული ყველა დანაპირები. აბრაამის შთამომავლობამ დაიმკვიდრა ქანაანი და ის დიდ ხალხად იქცა (მესამე მეფეთა 4:20; ებრაელთა 11:12). გარდა ამისა, ხარანიდან აბრაამის წასვლიდან 1 971 წლის შემდეგ მისი შთამომავალი, იესო, წყალში მონათლა იოანე ნათლისმცემელმა და თვით იეჰოვას მიერ სულით ცხების შემდეგ, სრული სულიერი გაგებით, მესია, აბრაამის თესლი გახდა (მათე 3:16, 17; გალატელთა 3:16). ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს იესომ საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო მათთვის, ვინც მისადმი რწმენას გამოავლენდა (მათე 20:28; იოანე 3:16). ახლა კი მისი მეშვეობით მრავალს შეუძლია კურთხეულ იქნას. გასული წლის 14 ნისანს 13 896 312-მა მოიყარა თავი, რათა აღენიშნათ სიყვარულის ასე შესანიშნავად გამოვლენის ფაქტი. იეჰოვას, აღთქმების დიდებული შემსრულებლის, რა შესანიშნავი გამართლებაა!
20, 21. როგორ იკურთხა აბრაამის თესლის მეშვეობით ყველა ერი პირველ საუკუნეში და როგორ კურთხევას ღებულობენ ისინი დღეს?
20 პირველ საუკუნეში ხორციელი ისრაელიდან დაწყებული ყველა ერის ხალხიდან მრავალმა გამოავლინა რწმენა აბრაამის ამ თესლის მიმართ და ღვთის ცხებული ძე, ახალი, სულიერი ‘ღვთის ისრაელის’, წევრი გახდა (გალატელთა 3:26–29; 6:16; საქმეები 3:25, 26). ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ზეცაში უკვდავ სულიერ ცხოვრებას მიიღებდნენ და ღვთის სამეფოში ქრისტეს თანამმართველები იქნებოდნენ. მხოლოდ 144 000 მიიღებდა ამგვარ კურთხევას. დღეს მათგან მხოლოდ მცირეოდენიღაა დარჩენილი დედამიწაზე (გამოცხადება 5:9, 10; 7:4). გასულ წელს 8 756-მა გამოხატა თავისი რწმენა, რომ ამ რიცხვში შედიოდა და გახსენების საღამოზე სიმბოლოები მიიღო.
21 დღეს იეჰოვას თითქმის ყველა მოწმე გამოცხადების 7:9–17-ში ნაწინასწარმეტყველები ‘უამრავი ხალხის’ წარმომადგენელია. ვინაიდან ისინი იესოს მეშვეობით კურთხევებს ღებულობენ, იმედოვნებენ მარადიულად იცხოვრონ დედამიწაზე სამოთხეში (გამოცხადება 21:3–5). ის, რომ 1998 წელს სამქადაგებლო საქმიანობაში 5 888 650 მონაწილეობდა, ცხადყოფს, რომ მათი რაოდენობა ნამდვილად ‘უამრავია’. განსაკუთრებით აღმაფრთოვანებელი იყო რუსეთის და უკრაინის ანგარიშის მიღება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ამ ქვეყნებში მაუწყებელთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. აღმაფრთოვანებელია შეერთებული შტატების აგვისტოს თვის ანგარიშიც, რომლის თანახმადაც, მაუწყებელთა რაოდენობამ 1 040 283-ს მიაღწია! ეს სამია იმ 19 ქვეყნიდან, სადაც მაუწყებელთა რიცხვა გასულ წელს 100 000-ს გადააჭარბა.
იმედი მალე განხორციელდება
22, 23. ა) რატომ უნდა გავიმაგროთ დღეს გულები? ბ) როგორ შეგვიძლია აბრაამის მსგავსი ვიყოთ და არა იმ ურწმუნოებისა, რომლებიც პავლემ მოიხსენია?
22 გახსენების საღამოზე დამსწრეებს შეახსენეს, თუ რამდენად ახლოს იყვნენ იეჰოვას აღთქმების შესრულებასთან. 1914 წელს იესო ავიდა ღვთის ზეციერი სამეფოს ტახტზე და სამეფო ძალაუფლებით თანდასწრება დაიწყო (მათე 24:3, აქ; გამოცხადება 11:15). დიახ, აბრაამის თესლი ახლა ზეცაში მეფობს! იაკობმა თავის თანამედროვე ქრისტიანებს უთხრა: «ისულგრძელეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოვებულია უფლის მოსვლა [„თანდასწრება“, აქ]» (იაკობი 5:8). ახლა ეს თანდასწრება რეალობაა! რამდენად უფრო დიდი მიზეზია იმისათვის, რომ გულები გავიმაგროთ!
23 ბიბლიის რეგულარული შესწავლითა და ღრმად გააზრებული ლოცვებით მოდი ყოველთვის განვიახლოთ ღვთის აღთქმებისადმი რწმენა. ნურასოდეს მოგვშლოდეს იეჰოვას კურთხევა და ყოველთვის ყურად გვეღოს მისი სიტყვები. თუ ასე მოვიქცევით აბრაამის მსგავსი ვიქნებით და არა მათი, ვისი რწმენაც, როგორც პავლემ მოიხსენია, მოსუსტდა და ჩაკვდა. ვერაფერი ჩამოგვაშორებს ჩვენს უწმინდეს რწმენას (იუდა 20). ვლოცულობთ, რომ ეს გამართლდეს იეჰოვას ყველა მსახურზე 1999 წლისა და მთელი მარადიულობის განმავლობაში.
იცით თუ არა?
◻ როგორ შეგვიძლია დღეს ღმერთს მოვუსმინოთ?
◻ რა სარგებლობა მოაქვს ღვთისადმი აღვლენილ აზრით აღსავსე ლოცვებს?
◻ როგორ გაგვიმტკიცდება რწმენა, თუ მორჩილად ვასრულებთ იეჰოვას მითითებას?
◻ ყოველწლიური ანგარიშიდან (12—15 გვერდები) რა არის თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო?
[ცხრილი 12—15 გვერდებზე]
იეჰოვას მოწმეების 1998 სამსახურებრივი წლის მსოფლიო ანგარიში
[ტექსტი სრულად მოცემულია პუბლიკაციაში]
[სურათი 16 გვერდზე]
თუ იეჰოვას სიტყვებს მოვუსმენთ, მისი აღთქმებისადმი რწმენა გაგვიახლდება.
[სურათი 18 გვერდზე]
ქადაგება რწმენას გვიმტკიცებს.