ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
როგორ გახდა ქრისტიანი მქადაგებელი კაცი, რომელიც მოტოციკლეტებით, სპორტითა და ნარკოტიკებით იყო გატაცებული? რამ აღძრა აზარტული თამაშების პროფესიონალი მოთამაშე თავი დაენებებინა ამ საქმისთვის და ოჯახი პატიოსანი შრომით ერჩინა? რა დაეხმარა იეჰოვას მოწმეების ოჯახში აღზრდილ ახალგაზრდა ქალს, რომელმაც უარი თქვა ბიბლიის ნორმებით ცხოვრებაზე, კვლავ დაფიქრებულიყო ცხოვრების აზრზე? ვნახოთ, რას ამბობენ თავად ისინი. ზოგადი მონაცემები: სახელი, გვარი: ტერენს ო’ბრაიენი ასაკი: 57 ქვეყანა: ავსტრალია წარსულში: ნარკოტიკების მომხმარებელი, მოტოციკლისტი
ზოგადი მონაცემები:
სახელი, გვარი: ტერენს ო’ბრაიენი
ასაკი: 57
ქვეყანა: ავსტრალია
წარსულში: ნარკოტიკების მომხმარებელი, მოტოციკლისტი
მოკლე ბიოგრაფია: ბავშვობა გავატარე ხალხმრავალ ქალაქ ბრიზბენში, კუინზლენდის შტატის დედაქალაქში. ჩემი მშობლები კათოლიკეები იყვნენ. რვა წლის რომ ვიყავი, მშობლებმა ეკლესიაში სიარული შეწყვიტეს და მას შემდეგ რელიგიაზე აღარ გვისაუბრია. ათი წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები საცხოვრებლად ოქროს ნაპირზე (ავსტრალია) გადავიდნენ. ჩვენ ოკეანის სანაპიროსთან ვცხოვრობდით. მახსოვს, როგორ ვირთობდი თავს ცურვითა და სერფინგით.
მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ბავშვობა მქონდა. რვა წლის რომ ვიყავი, მამამ მიგვატოვა. დედაჩემი ხელმეორედ გათხოვდა. მას შემდეგ ალკოჰოლი და გაუთავებელი კამათი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მახსოვს ერთ საღამოს, როცა ჩემმა მშობლებმა სერიოზულად იჩხუბეს, ლოგინზე ვიჯექი და ჩემთვის ვამბობდი, თუ ოდესმე ცოლს მოვიყვანდი, არასდროს წავეჩხუბებოდი. პრობლემების მიუხედავად მთელ ოჯახს — დედაჩემს, ჩემს მამინაცვალსა და ექვს და-ძმას — ერთმანეთი გვიყვარდა.
ჩემი მოზარდობის წლებში ბევრი ახალგაზრდა პროტესტს უცხადებდა ყველანაირ ძალაუფლებას. ისინი ეძალებოდნენ თამბაქოს, მარიხუანას, სხვა ნარკოტიკებსა და სასმელს. მეც ასეთ „უდარდელ“ ცხოვრებას მივყავი ხელი. ძალიან მიყვარდა მოტოციკლეტის ტარება. ორჯერ სერიოზული ავარია მომიხდა, მაგრამ ჩემს გატაცებაზე უარი არ მითქვამს და მინდოდა, მთელი ავსტრალია მოტოციკლეტით შემომევლო.
ერთი შეხედვით ჩიტივით თავისუფალი ვიყავი, მაგრამ სერიოზულად მაშფოთებდა მსოფლიო მდგომარეობა და ის, თუ რა გულგრილად ეკიდებოდა ადამიანთა უმეტესობა საკაცობრიო პრობლემებს. ძალიან მაინტერესებდა რელიგია და ჭეშმარიტება ღვთისა და იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწეოდა მსოფლიოს. ამ თემებზე ვესაუბრე ორ კათოლიკე მღვდელს, მაგრამ მათმა პასუხებმა ვერ დამაკმაყოფილა. შემდეგ პროტესტანტული ეკლესიის რამდენიმე წარმომადგენელს ვესაუბრე, მაგრამ საიმედო მათაც ვერაფერი მითხრეს. ჩემმა მეგობარმა ერთ იეჰოვას მოწმეს, ედის, შემახვედრა. მე და ედი ოთხჯერ შევხვდით ერთმანეთს. ყოველ ჯერზე ის ჩემს კითხვებს ბიბლიით პასუხობდა. პირველივე საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ამჯერად რაღაც განსაკუთრებულს მივაგენი. მაგრამ იმ დროს ცხოვრების სტილის შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავდი.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ავსტრალიაში მოგზაურობის დროს კიდევ ერთ მოწმეს შევხვდი. მაგრამ კუინზლენდში დაბრუნების შემდეგ მოწმეებს მთელი ექვსი თვე არ დავკავშირებივარ.
ერთხელ, როცა სამსახურიდან ვბრუნდებოდი დავინახე ორი სასიამოვნოდ ჩაცმული პორტფელიანი მამაკაცი და ვიფიქრე, რომ იეჰოვას მოწმეები იქნებოდნენ. მათთან მივედი და როცა გავიგე, რომ ჩემი ვარაუდი გამართლდა, ვთხოვე, ბიბლიის შესწავლაში დამხმარებოდნენ. მოწმეების შეხვედრებზე დასწრება მალევე დავიწყე. 1973 წელს სიდნეიში გამართულ დიდ კონგრესსაც დავესწარი. როცა ჩემი ოჯახის წევრებმა, განსაკუთრებით დედაჩემმა, გაიგეს, რომ ბიბლიას ვსწავლობდი, ძალიან გამინაწყენდნენ. ამ და სხვა მიზეზების გამო მოწმეებთან ურთიერთობა გავწყვიტე. მთელი წელი ჩემი საყვარელი თამაშით, კრიკეტით ვირთობდი თავს.
დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მაშინ ვიყავი ბედნიერი, როცა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას ვსწავლობდი. კვლავ დავუკავშირდი მათ და ისევ დავიწყე შეხვედრებზე სიარული. ჩემს ნარკომან მეგობრებთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე.
ყველაზე მეტად ცხოვრების შეცვლაში ბიბლიის ერთ-ერთი პერსონაჟის, იობის მაგალითი დამეხმარა. ბიბლიას ერთი ასაკოვანი მოწმე, ბილი მასწავლიდა. ის კეთილი, მაგრამ პირდაპირი კაცი იყო. იობის ისტორიის განხილვის შემდეგ ბილმა მკითხა, კიდევ ვისზე ამბობდა სატანა, რომ ღმერთს მთელი გულით არ ემსახურებოდა (იობი 2:3—5). ყველა ბიბლიური პერსონაჟი ჩამოვთვალე, ვინც კი ვიცოდი. ბილი მოთმინებით მისმენდა და მეთანხმებოდა. შემდეგ თვალი თვალში გამიყარა და მითხრა: „სატანა შენზეც იგივეს ამბობს!“. გაოცებისგან ლამის სკამიდან გადმოვვარდი. ამ შეხვედრამდე ვიცოდი, რომ რასაც ვსწავლობდი ჭეშმარიტება იყო, მაგრამ ახლა მივხვდი, რატომ უნდა გამომეყენებინა ნასწავლი ცხოვრებაში. ოთხი თვის შემდეგ მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი.
კურთხევები: იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ბიბლიური ნორმებით რომ არ მეხელმძღვანელა. დღეს ალბათ ცოცხალი არ ვიქნებოდი. ჩემი ძველი მეგობრებიდან ბევრი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს გადაჰყვა, მათ არც ქორწინებაში გაუმართლათ. ვხვდები, რომ მეც იგივე ხვედრი მელოდა.
მაგრამ დღეს მე და ჩემი მეუღლე, მარგარეტი, ბედნიერები ვართ და იეჰოვას მოწმეთა ავსტრალიის ფილიალში ვმსახურობთ. ჩემი ოჯახის წევრებიდან არც ერთი არ შემოგვიერთდა იეჰოვას მსახურებაში. მიუხედავად ამისა, მე და მარგარეტს წლების განმავლობაში გვქონდა შესაძლებლობა ბიბლიის შესწავლაში დავხმარებოდით მრავალ ადამიანს, რომლებმაც ჩემსავით შეიცვალეს ცხოვრების წესი. ამ პერიოდში ჩვენ ბევრი კარგი მეგობარი შევიძინეთ. მარგარეტი, რომელიც მოწმეების ოჯახში აღიზარდა, დამეხმარა იმ პირობის შესრულებაში, რომელიც 40 წლის წინ დავუდე საკუთარ თავს. უკვე 25 წელია, რაც შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. მართალია, ჩვენი აზრები ყოველთვის არ ემთხვევა, მაგრამ კამათი არასდროს მოგვსვლია. კარგად გვესმის, რომ ეს ბიბლიის დამსახურებაა.
ზოგადი მონაცემები:
სახელი, გვარი: მასაჰირო ოკაბაიაში
ასაკი: 39
ქვეყანა: იაპონია
წარსულში: აზარტული მოთამაშე
მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე პატარა ქალაქ ივაკურაში, სადაც ქალაქ ნაგოიადან მატარებელი ნახევარ საათში ჩადის. ჩემი მშობლები ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. მაგრამ მოგვიანებით გავიგე, რომ მამაჩემი „იაკუძას“ ანუ იაპონური მაფიის წევრი ყოფილა და ჩვენს ხუთსულიან ოჯახს თაღლითობით ნაშოვნი ფულით ინახავდა. ის ყოველდღე თვრებოდა. ოცი წლის ვიყავი, როცა ციროზით გარდაიცვალა.
მამაჩემი კორეელი იყო, რის გამოც ხშირად გავმხდარვართ დისკრიმინაციის მსხვერპლი. ამ და სხვა პრობლემებმა მოზარდობის წლები ჩამიმწარა. სკოლაში გაკვეთილებს ხშირად ვაცდენდი და ერთ წელიწადში სწავლას თავი სულ დავანებე. პოლიციას აღრიცხვაზე ვყავდი აყვანილი, თანაც ნახევრად კორეელი ვიყავი, რის გამოც ძალიან გამიჭირდა სამსახურის პოვნა. როგორც იქნა, სამსახური ვიშოვე, მაგრამ მუხლები დავიზიანე, რის გამოც ფიზიკური სამუშაოს შესრულება უკვე აღარ შემეძლო.
თავს „პაჩინკოს“ თამაშით ვირჩენდი. ეს არის ფულზე სათამაშო ავტომატური ბილიარდის ერთ-ერთი სახეობა. იმ დროს ვცხოვრობდი ერთ გოგოსთან ერთად, რომელსაც უნდოდა წესიერი სამუშაო მეშოვნა და ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურად გაგვეფორმებინა. მაგრამ აზარტული თამაშებით კარგ ფულს ვშოულობდი და არაფრის შეცვლა არ მინდოდა.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ერთ დღესაც კარზე იეჰოვას მოწმეებმა დამიკაკუნეს და დამიტოვეს წიგნი „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“. ამ საკითხზე ადრე არასდროს მიფიქრია. წიგნის წაკითხვის შემდეგ ბიბლიიდან უფრო მეტის გაგება მოვისურვე. ყოველთვის მაინტერესებდა, რა ხდებოდა სიკვდილის შემდეგ. მას შემდეგ, რაც ამ და სხვა საკითხებზე ბიბლიიდან ნათელი პასუხები მივიღე, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს თვალებიდან ლიბრი მომცილდა.
მივხვდი, რომ ბიბლიიდან ნასწავლი ცხოვრებაში უნდა გამომეყენებინა. ამიტომ ქორწინება ოფიციალურად გავაფორმე, მოწევას თავი დავანებე, ქერად შეღებილი გრძელი თმა შევიჭერი და თავი მოვიწესრიგე. აზარტულ თამაშებზეც უარი ვთქვი.
ამის გაკეთება ჩემთვის ადვილი არ ყოფილა. მაგალითად, საკუთარი ძალით გამიჭირდა სიგარეტისთვის თავის დანებება. მაგრამ მხურვალე ლოცვით და იეჰოვა ღმერთის ძალით, თავს მოვერიე. ახალმა სამსახურმაც დიდი გამოცდის წინაშე დამაყენა. გარდა იმისა, რომ მძიმე და სტრესული სამუშაო მქონდა, ფულსაც ორჯერ ნაკლებს ვშოულობდი, ვიდრე აზარტული თამაშებით. ამ რთულ სიტუაციაში ბიბლიაში, ფილიპელების 4:6, 7-ში ჩაწერილი სიტყვები დამეხმარა: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“. ეს სიტყვები ჩემ შემთხვევაშიც არაერთხელ გამართლდა.
კურთხევები: თავიდან ჩემს ცოლს არ მოეწონა, რომ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მაგრამ, როცა დაინახა, როგორ შევიცვალე, შესწავლაში შემომიერთდა და ჩემთან ერთად დაიწყო იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე სიარული. ახლა ორივე იეჰოვას მოწმეები ვართ. დიდი ბედნიერებაა, რომ ერთად ვემსახურებით ღმერთს.
ბიბლიის შესწავლამდე მეგონა, რომ ბედნიერი ვიყავი. მაგრამ ახლა ვხვდები, რა არის ნამდვილი ბედნიერება. ბიბლიის ნორმებით ცხოვრება ადვილი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე უკეთესი არჩევანი არ არსებობს.
ზოგადი მონაცემები:
სახელი, გვარი: ელიზაბეთ ჯეინ სკოფილდი
ასაკი: 35
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წარსულში: გართობასა და დროსტარებას გადაყოლილი
მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე პატარა ქალაქ ჰარდგეიტში, გლაზგოსთან (შოტლანდია) ახლოს. შვიდი წლის ვიყავი, როცა დედაჩემი იეჰოვას მოწმე გახდა. იმ დროიდან დედა ბევრ რამეს მასწავლიდა ბიბლიიდან. მაგრამ ჩვიდმეტი წლისას კლასელებთან ერთად ღამის კლუბებში სიარული, ჰევი-მეტალის მოსმენა და ალკოჰოლი უფრო მაინტერესებდა. სულიერ საკითხებზე საერთოდ არ ვფიქრობდი. საკუთარი სიამოვნებისთვის ვცხოვრობდი. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა 21 წლის გავხდი.
ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩემს ნათესავებს ვესტუმრე. იქ ყოფნისას პროტესტანტების სვლას შევესწარი. გავოგნდი, როცა პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის აშკარა სიძულვილი და ფანატიზმი დავინახე. ამ შემთხვევამ გამომაფხიზლა. მახსოვდა, რასაც დედა მასწავლიდა ბიბლიიდან და ვიცოდი, რომ ღმერთი არ იწონებდა მისი ნორმების უგულებელმყოფელთ. მაშინღა მივხვდი, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი და ღვთის ნორმებს არც მე ვითვალისწინებდი. გადავწყვიტე, რომ შოტლანდიაში დაბრუნების შემდეგ ბიბლიის შესწავლას სერიოზულად მოვკიდებოდი.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: თავს უხერხულად ვგრძნობდი და ძალიან ვნერვიულობდი, როცა დიდი პაუზის შემდეგ ჩემს მშობლიურ ქალაქში იეჰოვას მოწმეების შეხვედრაზე მივედი. მაგრამ ყველა თბილად შემხვდა. ნელ-ნელა დავიწყე ბიბლიიდან ნასწავლის გამოყენება. ამ პერიოდში ერთმა მოწმემ განსაკუთრებული სითბო გამოავლინა ჩემდამი. ის ძალიან დამეხმარა, რომ კრებაში თავი უცხოდ არ მეგრძნო. ჩემი ძველი მეგობრები კვლავაც ღამის კლუბებში მეპატიჟებოდნენ, მაგრამ მათ ავუხსენი, რომ სერიოზულად ვაპირებდი ბიბლიის ნორმებით ცხოვრებას. ბოლოს და ბოლოს მათ თავი დამანებეს.
ადრე ჩემთვის ბიბლია მხოლოდ წესებისა და კანონების წიგნი იყო. ახლა სხვაგვარად ვფიქრობ. ბიბლიის პერსონაჟები ჩემთვის რეალურები გახდნენ. ჩემსავით მათაც ჰქონდათ გრძნობები და სისუსტეები. შეცდომებს ისინიც უშვებდნენ, მაგრამ გულწრფელი მონანიების შემთხვევაში, იეჰოვა ღმერთი პატიობდა მათ. მართალია, ღმერთს ახალგაზრდობაში ზურგი ვაქციე, მაგრამ მჯეროდა, რომ იეჰოვა მაპატიებდა და დაშვებულ შეცდომებს აღარ გამიხსენებდა, თუ მთელი გულით ვეცდებოდი მისი ნების შესრულებას.
დედის საქციელმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. ჩემგან განსხვავებით ღმერთი მას არასდროს მიუტოვებია. მისმა ერთგულებამ დამანახვა, რომ იეჰოვას მსახურება ღირს ძალისხმევად. ბავშვობაში დედასთან ერთად კარდაკარ ვმსახურობდი, რაც ძალიან არ მომწონდა. ვერ წარმომედგინა, საათობით როგორ უნდა მექადაგა სხვებისთვის. მაგრამ გადავწყვიტე, საკუთარ თავზე გამომეცადა მათეს 6:31—33-ში ჩაწერილი იესოს სიტყვების ჭეშმარიტება. მან თქვა: «ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს და ნუ იტყვით: „რა ვჭამოთ?“ ან: „რა ვსვათ?“ ან: „რა ჩავიცვათ?“ . . . თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს. ამიტომ უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ». მას შემდეგ, რაც მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი, თავი დავანებე სამსახურს, ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ვიშოვე და სრული დროით დავიწყე ქადაგება.
კურთხევები: ახალგაზრდობაში მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ვცხოვრობდი, მაგრამ კმაყოფილი არასდროს ვიყავი და შინაგან სიცარიელეს ვგრძნობდი. დღეს, როცა დროის უმეტეს ნაწილს იეჰოვას მსახურებაში ვატარებ, უდიდეს კმაყოფილებას განვიცდი. ჩემი ცხოვრება აზრიანი და შინაარსიანი გახდა. მე და ჩემი მეუღლე დღეს ყოველკვირა იეჰოვას მოწმეთა სხვადასხვა კრებას ვინახულებთ და ვამხნევებთ. ასეთ მსახურებას უდიდეს პატივად მივიჩნევ. ძალიან მადლიერი ვარ, რომ იეჰოვამ კიდევ ერთი შანსი მომცა.
[ჩანართი 27 გვერდზე]
„პირველივე საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ამჯერად რაღაც განსაკუთრებულს მივაგენი. მაგრამ იმ დროს ცხოვრების სტილის შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავდი“
[ჩანართი 29 გვერდზე]
„საკუთარი ძალით გამიჭირდა სიგარეტისთვის თავის დანებება. მაგრამ მხურვალე ლოცვითა და იეჰოვა ღმერთის ძალით, თავს მოვერიე“
[ჩანართი 30 გვერდზე]
„ადრე ჩემთვის ბიბლია მხოლოდ წესებისა და კანონების წიგნი იყო. ახლა სხვაგვარად ვფიქრობ. ბიბლიის პერსონაჟები ჩემთვის რეალურები გახდნენ. ჩემსავით მათაც ჰქონდათ გრძნობები და სისუსტეები“