ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
როგორ შეძლო რუსეთში მცხოვრებმა მარტოხელა ნარკომანმა დედამ, მავნე ჩვევის დაძლევა და შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესება? როგორ მოიკრიბა ძალ-ღონე და გაბედულება კიოტოში (იაპონია) მცხოვრებმა უსახლკარო მამაკაცმა, რომ თავი დაეღწია იმ მავნე ჩვევისთვის, რომელმაც ის სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო? რა დაეხმარა ავსტრალიელ კოვბოის, თავი დაენებებინა ლოთობისთვის? მოდი, გავიგოთ, რამ შეცვალა ისინი.
„ვისწავლე, რომ ვალდებული ვიყავი, საკუთარი თავი თვითონ მერჩინა“ — ნელი ბაიმატოვა
ასაკი: 45
ქვეყანა: რუსეთი
წარსულში: ნარკომანი
მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე ჩრდილოეთ ოსეთის (დღევანდელი ალანია) დედაქალაქ ვლადიკავკაზში. მიუხედავად იმისა, რომ მდიდარ ოჯახში ვიზრდებოდი, მატერიალურ სიმდიდრეს ჩემთვის ბედნიერება არ მოუტანია. 34 წლისა ვიყავი, როცა უკვე ორჯერ დამენგრა ოჯახი. ამ დროისთვის უკვე ათი წელი იყო, რაც ნარკოტიკებს ვიღებდი და ორჯერ კლინიკაშიც ვმკურნალობდი. თუმცა ორი შვილი მყავდა, მათ მიმართ არანაირი დედობრივი გრძნობა არ გამაჩნდა; არც ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან მქონდა ნორმალური ურთიერთობა.
დედაჩემი იეჰოვას მოწმე იყო და ხშირად მესმოდა, როგორ ტიროდა და როგორ შესთხოვდა იეჰოვას, დამხმარებოდა. ვფიქრობდი, რა გულუბრყვილოა-მეთქი დედაჩემი. როგორ დამეხმარება-მეთქი იეჰოვა. მე თვითონ ყველანაირად შევეცადე, თავი დამენებებინა ნარკოტიკებისთვის, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ერთხელ ორი დღის განმავლობაში არ მივიღე ნარკოტიკული საშუალება. ერთი სული მქონდა, სახლიდან როდის გავიდოდი და ფანჯრიდან გადავხტი. სამწუხაროდ, ეს ფანჯარა მეორე სართულზე იყო. დავეცი, მკლავი და ფეხი მოვიტეხე და ზურგი დავიზიანე. ერთ თვეზე მეტი ლოგინიდან ვერ ვდგებოდი.
მთელი ამ ხნის განმავლობაში დედა მივლიდა და არ მსაყვედურობდა. მას კარგად ესმოდა, რომ ნერვები დაწყვეტაზე მქონდა და საღად აზროვნება მიჭირდა. ერთხელაც მან ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ისa რამდენიმე ნომერი დატოვა ჩემს საწოლთან ახლოს. ყველა ნომერი წავიკითხე და ძალიან მომეწონა, რადგან მათში ბევრი საინტერესო ინფორმაცია ეწერა. მაშინ გადავწყვიტე, მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დამეწყო.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ერთ-ერთი რაც ბიბლიის შესწავლის წყალობით ვისწავლე, პასუხისმგებლობის გრძნობა იყო. ვისწავლე, რომ ვალდებული ვიყავი, საკუთარი თავი და შვილები მე თვითონ მერჩინა და დედას აღარ დავწოლოდი ტვირთად. რადგან მანამდე დროს ტარების გარდა არაფერს ვაკეთებდი, ადვილი არ იყო იმ აზრთან შეგუება, რომ უნდა მემუშავა.
ძალიან დამეხმარა კანონის 6:5—7-ში ჩაწერილი რჩევა, რომელიც მშობლებს მოუწოდებს, შვილებს ღვთის შესახებ ასწავლონ. მივხვდი, რომ ჩემი ორი შვილის აღზრდაზე ღვთის წინაშე ვიყავი პასუხისმგებელი. ამან აღმძრა, მათთან უფრო მეტი დრო გამეტარებინა და სათანადოდ შემეყვარებინა ისინი.
უდიდეს მადლიერებას ვგრძნობდი იეჰოვას მიმართ, რადგან მან ნება მომცა, გამეგო მის შესახებ ჭეშმარიტება. ასე რომ, მივუძღვენი ჩემი ცხოვრება იეჰოვას, მოვინათლე და გავხდი იეჰოვას მოწმე.
კურთხევები: რაკი საკუთარი თავის მოთოკვა ვისწავლე, დედასთან ურთიერთობა გამიუმჯობესდა. ამის წყალობით შვილებსაც დავუახლოვდი.
შევიზიზღე ის საქმეებიც, რაც ღმერთს არ მოსწონს, და ბევრი ის პრობლემაც სრულიად გაქრა, რომლებიც წარსულთან მაკავშირებდა. ახლა დიდ სიხარულს მანიჭებს ის, რომ სხვებს ვეხმარები ჩვენი მოსიყვარულე ღვთის, იეჰოვას შესახებ ჭეშმარიტების გაცნობაში.
„ვფიქრობ, რომ სიკვდილს გადავრჩი“ — მინორუ ტაკედა
ასაკი: 54
ქვეყანა: იაპონია
წარსულში: უსახლკარო
მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე ქალაქ იამაგუჩში მამასთან და ბებიასთან. დედაჩემი არასოდეს მინახავს. 19 წლისა ვიყავი, ბებია რომ გარდამეცვალა და მამაღა დამრჩა. მე მზარეულად ვმუშაობდი, მამაჩემიც იმავე საქმიანობით იყო დაკავებული. ჩვენი სამუშაო გრაფიკი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და იშვიათად ვხედავდით ერთმანეთს. მივეჩვიე დიდხანს მუშაობას და მეგობრებთან სმას.
დროთა განმავლობაში ჩემი სამუშაო მომბეზრდა. ვეჩხუბე ჩემს უფროსს და უფრო მეტის სმა დავიწყე. სანამ 30 წლისა გავხდებოდი, გადავწყვიტე, სახლიდან წავსულიყავი და მემოგზაურა. როცა ფული შემომეხარჯა, ერთ-ერთ სამორინეში დავიწყე მუშაობა. შევხვდი ერთ გოგონას და მალე დავქორწინდით. მაგრამ სულ რაღაც ორ წელიწად ნახევრის შემდეგ ერთმანეთს დავშორდით.
დეპრესიაში ვიყავი და საკუთარი თავის კონტროლიც მიჭირდა, რის გამოც ვალები დამედო. მევალეებს რომ არ ვეპოვე, ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი და მამასთან ვცხოვრობდი. მაგრამ მამაჩემს ვატყუებდი, რის გამოც ურთიერთობა გაგვიფუჭდა. ერთხელაც ფული მოვპარე და სახლიდან წავედი. ცოტა ხანი თავს აზარტული თამაშებით ნაშოვნი ფულით ვირჩენდი. ბოლოს კაპიკიც აღარ დამრჩა და გარკვეული დროის განმავლობაში რკინიგზის სადგურში ვცხოვრობდი. ჯერ გადავედი ჰაკატაში, შემდეგ ჰიმეძში, ბოლოს კი კიოტოში. რამდენიმე წლის მანძილზე უსახლკარო ვიყავი.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: 1999 წელს მდინარე კამოუგავას (კიოტო) მახლობლად, პარკში, ორი ქალბატონი გამომელაპარაკა. ერთ-ერთმა მათგანმა მკითხა: „გინდათ ბიბლიის შესწავლა?“ ვუთხარი, რომ მინდოდა. იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი კრების მოწიფული ქრისტიანები მასწავლიდნენ ბიბლიას და მეხმარებოდნენ, დამენახა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება. მირჩიეს, მომეძებნა სამუშაო და საცხოვრებელი. მათთვის რომ მესიამოვნებინა, რამდენიმე გასაუბრებაზე წავედი, თუმცა თავიდან ამას სერიოზულად არ ვეკიდებოდი. მოგვიანებით იეჰოვას შევთხოვდი დახმარებას, სერიოზულად ვეძებდი სამუშაოს და ვიპოვე კიდეც.
ლოცვები დიდი პრობლემების მოგვარებაშიც დამეხმარა. მევალეებმა მიპოვეს და ფულის გადახდა მომთხოვეს. ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდი. ერთხელაც, როდესაც ჩვეულებისამებრ ბიბლიას ვკითხულობდი, წავიკითხე ესაიას 41:10. ამ მუხლში ჩაწერილი სიტყვებით ღმერთი თავის ერთგულებს ჰპირდება: „მე დაგეხმარები“. ამ სიტყვებმა ძალ-ღონე და გაბედულება შემმატა. ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერი გავაკეთე. 2000 წელს მოვინათლე და ერთ-ერთი იეჰოვას მოწმეთაგანი გავხდი.
კურთხევები: ბიბლიიდან ნასწავლი დამეხმარა, რომ მამაჩემთან ურთიერთობა აღმედგინა. მანაც მაპატია ჩემი შეცდომები. ის ბედნიერი იყო, რომ ბიბლიური ნორმების თანახმად ვცხოვრობდი. ვფიქრობ, რომ სიკვდილს გადავრჩი, რადგან ბიბლიური პრინციპებით დავიწყე ცხოვრება.
უფრო მეტიც, ახლა სრულიად უზრუნველვყოფ საკუთარ თავს (ეფესოელები 4:28; 2 თესალონიკელები 3:12). ქრისტიანულ კრებაში ნამდვილი მეგობრებიც შევიძინე (მარკოზი 10:29, 30). უზომოდ მადლიერი ვარ იმისათვის, რაც იეჰოვამ მასწავლა.
„ჩემთვის ადვილი არ იყო საჭირო ცვლილებების მოხდენა“ — დეივიდ ჰადსონი
ასაკი: 72
ქვეყანა: ავსტრალია
წარსულში: ლოთი
მოკლე ბიოგრაფია: ჩემი მშობლებისთვის, ვილისა და ლუსისთვის, მე მეთერთმეტე შვილი ვიყავი. ჩემი ოჯახი ცხოვრობდა აბორიგენთა ერთ-ერთ დასახლებაში, კერძოდ, ოურუკუნში, რომელიც კუინზლენდის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ოურუკუნი გაშენებული იყო ზღვის მახლობლად მდინარე არჩერის თვალწარმტაც სანაპიროზე. თავი რომ გვერჩინა, მშობლებმა ნადირობა და თევზაობა გვასწავლეს. იმ დროს აბორიგენებს მთავრობა აკონტროლებდა და მათ ფულის გამოყენებას უკრძალავდა. ჩვენთვის, აბორიგენებისთვის, სპეციალური ადგილიც კი იყო გამოყოფილი საცხოვრებლად, რომლის დატოვებაც არ შეგვეძლო.
ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ შვილები კარგად აღეზარდათ. ისინი გვასწავლიდნენ, უფროსებისთვის პატივი გვეცა და ის მცირედიც კი, რაც გაგვაჩნდა, სხვებისთვის გვეწილადებინა. ასე რომ, უფროსებს ისე ვექცეოდით, როგორც დედას და მამას, როგორც ბიძასა და ბიცოლას.
შვიდი წლისა ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. გადავსახლდით მაპუნში, აბორიგენთა დასახლებაში, რომელიც ოურუკუნის ჩრიდილოეთით, 150 კილომეტრში მდებარეობდა. 12 წლისა ვიყავი, როცა ცხენებისა და საქონლის მოვლა ვისწავლე და არაერთ რანჩოზე მიმუშავია კოვბოიდ მანამ, სანამ ორმოცდახუთს არ გადავაბიჯე. კოვბოის ცხოვრება რთული და მძიმე იყო. ხშირად ვსვამდი და თანაც უზომოდ, რის გამოც არაერთი თავსატეხი და პრობლემა შემექმნა.
ერთ-ერთი მორიგი ქეიფის შემდეგ სასტუმროდან ბარბაცით გამოვედი და ავტომობილს ჩავუვარდი ბორბლებში. მთელი ორი წელი ვმკურნალობდი და ფიზიოთერაპიას ვიტარებდი. ასე დამთავრდა ჩემი კოვბოობა.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: მკურნალობის დროს ერთმა მეგობარმა ქალმა ჟურნალ „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის რამდენიმე ეგზემპლარი მომიტანა, რომ წამეკითხა. მაგრამ, რაკი სკოლაში დიდხანს არ მივლია, კარგად ვერ ვკითხულობდი. ერთ დღესაც პაპანაქება სიცხეში 83 წლის მამაკაცი მეწვია სახლში. ერთი ჭიქა ცივი წყლის დასალევად შევიპატიჟე. მან ბიბლიაზე დაფუძნებული რამდენიმე პუბლიკაცია დამიტოვა და მკითხა, შეიძლებოდა თუ არა, კვლავ მოსულიყო, რათა ამ პუბლიკაციების შინაარსზე გვესაუბრა. საბოლოოდ ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მივხვდი, რომ, თუ ღვთისთვის მინდოდა მესიამოვნებინა, მეც უნდა შევცვლილიყავი და ცხოვრების სტილიც უნდა შემეცვალა.
ადვილი არ იყო საჭირო ცვლილებების მოხდენა. მახსოვდა დედის დარიგება და იმ მოხუც კაცს, რომელიც ბიბლიას მასწავლიდა, დიდ პატივს ვცემდი; ვაფასებდი იმ სულიერ ფასეულობებსაც, რასაც ის მიზიარებდა. მიუხედავად ამისა, ვერ გადამეწყვიტა ღვთისთვის თავის მიძღვნა. ვფიქრობდი, რომ ყველაფერი უნდა მცოდნოდა, რაც კი ბიბლიაში ეწერა.
ამ საკითხთან დაკავშირებით თვალსაზრისის შეცვლაში ერთი თანამშრომელი დამეხმარა. ის იეჰოვას მოწმე იყო და კოლოსელების 1:9, 10-ში ჩაწერილი სიტყვებით გამამხნევა. ამ მუხლებში ნათქვამია, რომ საჭიროა „ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა“ გავიღრმაოთ. ჩემი თანამშრომელი დამეხმარა, გამეგო, რომ ყოველთვის იქნებოდა რაღაც ახალი, რაც უნდა მესწავლა. ამგვარად, არანაირი მიზეზი აღარ მქონდა იმისა, რომ მცირე ცოდნის გამო წინ ვერ გადამედგა ნაბიჯი.
ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობამ — ვხედავდი, როგორ გაერთიანებულად სცემდნენ ღმერთს თაყვანს სხვადასხვა კულტურის ადამიანები. ამ ერთიანობამ საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რომ ჭეშმარიტი რელიგია ვიპოვე. ასე რომ, 1985 წელს მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი.
კურთხევები: ახლა უკეთ ვკითხულობ და დიდ დროს ვუთმობ იმას, რომ სხვებსაც ვასწავლო წერა-კითხვა და შევასწავლო ბიბლია. იმ ქალმაც, რომელმაც პირველად მომცა ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“-ი, დაიწყო ბიბლიის შესწავლა და მოინათლა. ახლა კი ის ჩემი საყვარელი მეუღლეა. ჩვენ სიამოვნებით ვეხმარებით აბორიგენებს იეჰოვა ღმერთის გაცნობაში.
[სქოლიო]
a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩანართი 21 გვერდზე]
მე და ჩემი ცოლი სიამოვნებით ვეხმარებით აბორიგენებს ღვთის გაცნობაში