გაქვს თუ არა პიონერული სული?
1 რას ნიშნავს „პიონერული სული“? შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიროვნებას პიონერული სული აქვს, თუკი ის დადებითად არის განწყობილი ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების დავალებისადმი, მთელი გულით ავლენს ხალხისადმი სიყვარულსა და ინტერესს, თავგანწირულია, სიხარულით მიჰყვება უფალს ყველაფერში და სულიერი საკითხები ჰგვრის სიამოვნებას და არა მატერიალური.
2 იეჰოვას ხალხი მთლიანობაში, უეჭველად, ავლენს ასეთ სულს. სასტიკი დევნისა და განსაცდელების მიუხედავად, ისინი სიხარულით აგრძელებენ სამეფოს შესახებ სასიხარული ცნობის ქადაგებას.
3 თუმცა ამ უკანასკნელ დღეებში საზრუნავის მომატებამ და ყოველდღიურმა სტრესმა შეიძლება თავისი ქნას და გაანელოს ჩვენი გულმოდგინება და ენთუზიაზმი სულიერისადმი. ამიტომ თითოეულს შეუძლია ჰკითხოს საკუთარ თავს: მაქვს პიონერული სული? ხომ არ მიკარგავს პიონერულ სულს ეს ქვეყნიერება? გულმოდგინე ვარ ჭეშმარიტების მიმართ და მონდომებული ვარ, რომ სხვებს მოვუყვე ღვთის სამეფოს შესახებ? ხელს ვუწყობ კრებაში პიონერული სულის განვითარებას, რომ სხვებმა უფრო მეტად მიიღონ მონაწილეობა ღვთის ნების შესრულებაში? რის გაკეთება შემიძლია, რომ არ განმივითარდეს უარყოფითი ან გულგრილი დამოკიდებულება?
4 როგორ განვივითაროთ პიონერული სული. პიონერული სული ძირითადად ჩვენს გულზეა დამოკიდებული და მას განვითარება სჭირდება. პიონერული სულის განვითარებისთვის ბიბლიის პირადი შესწავლაა აუცილებელი, რადგან გული იმით იკვებება, რასაც ვკითხულობთ და ვისმენთ. პავლე ტიმოთეს ურჩევდა: «ამაზე იზრუნე [„იფიქრე“, აქ]. . . რათა ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება . . . ამას უერთგულე, რადგან ასეთი მოქმედებით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც» (1 ტიმ. 4:15, 16). ამიტომ აუცილებელია ვიფიქროთ სულიერ საკითხებზე, რომ ისინი გულს ჩაწვდეს, რადგან გულში იბადება ჩვენი აღძვრები. თუ ასე მოვიქცევით, გაგვიძლიერდება ღვთის ნების შესრულებისკენ ლტოლვა. სულიერისადმი ჩვენი მადლიერება გაღრმავდება და ეს აღგვძრავს, გამოვნახოთ საშუალება, უფრო მეტად ვიმსახუროთ.
5 ჩვენმა სიტყვებმა შეიძლება ადვილად ატკინოს გული ძმებს ან გაამხნეოს ისინი (ეფეს. 4:29). როდესაც ერთმანეთს სამქადაგებლო მსახურების დროს მომხდარ შემთხვევებს ვუყვებით ან ვუზიარებთ თუ რა მოგვეწონა შეხვედრებზე ან პირადი შესწავლის დროს, ჩვენ დადებით საკითხებზე ვსაუბრობთ, რაც გამამხნევებელია. გარდა ამისა, როდესაც ვინმესთან შემთხვევით საუბარს ვიწყებთ, ვცდილობთ თუ არა ეს დრო არაფორმალური ქადაგებისთვის გამოვიყენოთ. თუ ამას ვაკეთებთ, ამით სამაგალითო პიროვნების — იესოს ნაკვალევს მივყვებით (იოან. 4:7—10).
6 მოყვასისადმი სიყვარული გვეხმარება პიონერული სულის განვითარებაში (მათ. 22:39). დედამიწაზე ყოფნის დროს იესო ავლენდა ასეთ სიყვარულს. მას ეცოდებოდა ხალხი და ცდილობდა მათ დასახმარებლად ყოველივე შესაძლებლის გაკეთებას, მიუხედავად იმისა რომ ეს მისი მხრიდან მსხვერპლის გაღებას მოითხოვდა (მათ. 9:36; რომ. 5:6). თუ ისეთ აზროვნებას ვავითარებთ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა, ჩვენც შეგვებრალება ჩვენი მოყვასი და მაშინაც კი, თუ ზოგიერთები უგულებელყოფენ ჩვენს ძალისხმევას, მათთვის სულიერი დახმარების გასაწევად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვიღონებთ.
7 დადებითი გავლენა. მრავალი კურთხევა და დიდი სარგებლობა მოჰყვება ცხოვრებაში პიონერული სულის გამოვლენას. რაც უფრო მეტს ვმონაწილეობთ სამქადაგებლო მსახურებაში, მით უფრო იხვეწება ჩვენი სწავლების უნარი. ამას კი დიდი სიხარულის მოტანა შეუძლია. რაც უფრო მეტი ავლენს პიონერულ სულს კრებაში, მით უფრო მატულობს სითბო და სულიერობა. ერთმა უხუცესმა აღნიშნა, თუ რა დადებითი გავლენა იქონია მის კრებაზე პიონერულმა მსახურებამ: „ყველაფერი შეიცვალა! კრება გააქტიურდა. იეჰოვასთვის სულ უფრო და უფრო მეტი მსახურების სურვილი გაჩნდა“.
8 2002 სამსახურებრივი წლის მოახლოებისას, მიზნად დაისახე კრებაში პიონერული სულის განვითარებას შეუწყო ხელი. დაუკვირდი როგორ შეგიძლია უფრო მეტად მონაწილეობა მსახურებაში. წინასწარ დაგეგმე, რომ, როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემა, დამხმარე პიონერული მსახურება დაიწყო ან შეიძლება პიონერული მსახურებაც შეძლო. როგორც პიონერებს ასევე მაუწყებლებს შეგვიძლია პიონერული სული გვქონდეს.