„იყავით მადლიერნი“
1 ჩვენგან უმეტესობას ბავშვობაშივე გვასწავლეს, გვეთქვა „გთხოვთ“ და „გმადლობთ“, როცა ვინმე თავაზიანობას ან სიკეთეს გამოავლენდა. პავლემ გვირჩია, ყოველთვის ‘ვიყოთ მადლიერნი’ და განსაკუთრებით მადლიერნი უნდა ვიყოთ იეჰოვასადმი (კოლ. 3:15, 16). მაგრამ როგორ შეგვიძლია მადლიერების გამოხატვა ჩვენი უზენაესი შემოქმედისადმი? და რა განსაკუთრებული მიზეზები გვაქვს, მადლიერნი ვიყოთ მისადმი?
2 მოციქულმა პავლემ დაწერა: „მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს ძლევას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ“ (1 კორ. 15:57). ყოველწლიურად გახსენების საღამოსთვის შეხსენება გვეძლევა უსაზღვრო სიყვარულის შესახებ, რომელიც ღმერთმა და ქრისტემ გამოავლინეს გამომსყიდველი მსხვერპლის გაღებით, რამაც მარადიული სიცოცხლის იმედი გვიბოძა (იოან. 3:16). თითქმის ყოველ ჩვენგანს დაღუპვია საყვარელი ადამიანი და ამიტომ რაოდენ მადლიერები ვართ იესოს დაპირებისთვის აღდგომის შესახებ! ჩვენი გული სავსეა მადლიერებით, როცა ვფიქრობთ ამ სისტემის აღსასრულისას გადარჩენის იმედზე ისე, რომ არ მოვკვდებით უკუნისამდე (იოან. 11:25, 26). გვიძნელდება სიტყვების პოვნა მადლიერების გამოსახატავად ყოველივე საოცარი კურთხევისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ მივიღებთ იეჰოვას ხელიდან მომავალ სამოთხეში, დედამიწაზე (გამოცხ. 21:4). ვის ექნება უკეთესი მიზეზები, რათა ‘მადლიერი იყოს’ ღვთისადმი?
3 როგორ გამოვხატოთ მადლიერება ღვთისადმი. მადლიერების გამოხატვა იეჰოვას სიკეთისთვის ყოველთვის სათანადოა მისადმი ლოცვებში (ფსალმ. 135:1–3). ჩვენ აღძრულნი ვართ, მისადმი მადლიერება გამოვავლინოთ სხვა დადებითი გზებითაც. მაგალითად, ჩვენ, უდავოდ, დავესწრებით ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს კვირას, 23 მარტს. ხელი რომ შევუწყოთ ადგილობრივი კრებისა და მსოფლიო საქმის მატერიალურ მოთხოვნილებას, სიამოვნებით ‘მივაგებთ პატივს უფალს ჩვენი ქონებიდან’ (იგავ. 3:9). ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უხუცესებს და ვთანამშრომლობთ მათთან, რითაც დიდ მადლიერებას ვავლენთ იეჰოვასადმი მათი საშუალებით შემოთავაზებული დახმარებისთვის (1 თეს. 5:12, 13). ყოველდღიურად ვცდილობთ წესიერი ქცევის შენარჩუნებას, რაც ღვთის სახელს განადიდებს (1 პეტ. 2:12). იეჰოვა კმაყოფილია ჩვენგან ყოველი გამოვლენილი მადლიერებისადმი (1 თეს. 5:18).
4 მადლიერების ყველაზე შესანიშნავი გამოხატვა ჩვენგან. თუ მთელი სულით ვღებულობთ მონაწილეობას სამეფოს ქადაგების საქმეში, იეჰოვას სახელის პატივის მიგებაში, ლოცვაში მადლიერების გამოხატვაში და თუ ერთგულად ვიცავთ ჭეშმარიტებას, ეს ყველაფერი გულწრფელი მადლიერების ყველაზე შესანიშნავი გამოვლენაა ყოველივე იმისადმი, რაც გაგვიკეთა. იეჰოვასთვის კმაყოფილებაა, გვნახოს წმინდა მსახურების შესრულებისას მისი ნების მხარდასაჭერად, „რომ ყველა ადამიანი გადარჩეს“ (1 ტიმ. 2:3, 4). აი, რატომ გამოეხმაურა ასე მრავალი მაუწყებელი „ჩვენი სამეფო მსახურების“ თებერვლის ნომრის მოწვევას, მონაწილეობა მიიღონ დამხმარე პიონერებად მარტის, აპრილისა და მაისის თვეებიდან ერთი ან მეტი თვის განმავლობაში. დამატებითი ძალების გამოყენება მსახურებაში შესანიშნავი საშუალებაა, რომ ‘მადლიერნი ვიყოთ’ ღვთისადმი. შეძლებ, რომ პიონერებს შეუერთდე აპრილში? მაისში?
5 ჩვენ მარადიული ცხოვრების ჭეშმარიტი იმედი მოგვეცა. და როცა დავინახავთ, რომ სრულდება, უფრო მრავალი მიზეზი გვექნება ყოველდღიურად სასიხარულო მადლობის გამოსახატავად იეჰოვასადმი (ფსალმ. 78:13).