ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები
ნაწილი 4: ასწავლე ბიბლიის შემსწავლელებს მომზადება
1 ბიბლიის შემსწავლელი, ჩვეულებრივ, სულიერად წინ სწრაფად მიიწევს, თუ წინასწარ კითხულობს მასალას, ტექსტში პასუხებს აღნიშნავს და ფიქრობს, თუ როგორ გამოხატოს აზრები საკუთარი სიტყვებით. ამიტომაც, როცა ვინმესთან ბიბლიის შესწავლას იწყებ, თავიდან ერთად მოამზადეთ მასალა, რათა მან მომზადება ისწავლოს. ბიბლიის შემსწავლელთა უმრავლესობისთვის უმჯობესი იქნება წიგნის მთელი თავის ან გაკვეთილის ერთად მომზადება.
2 პასუხების მონიშვნა და ჩანაწერების გაკეთება. აუხსენი ბიბლიის შემსწავლელს, თუ როგორ უნდა მოძებნოს ტექსტში კონკრეტული პასუხი. აჩვენე მას სასწავლო სახელმძღვანელოს შენი პირადი ეგზემპლარი, სადაც მხოლოდ მთავარი სიტყვები და ფრაზები გაქვს მონიშნული. მან შეიძლება შენ მოგბაძოს და მასალის განხილვისას ტექსტში თვითონაც მხოლოდ ის მონიშნოს, რაც პასუხის გახსენებაში დაეხმარება (ლუკ. 6:40). ამის შემდეგ სთხოვე მას, საკუთარი სიტყვებით უპასუხოს შეკითხვებს. ეს დაგანახვებს, თუ რამდენად კარგად ესმის მას მასალა.
3 შესწავლისთვის მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილია იმ მუხლების ყურადღებით წაკითხვა, რომლებიც ტექსტში მოყვანილია, მაგრამ ციტირებული არ არის (საქ. 17:11). დაეხმარე ბიბლიის შემსწავლელს იმის დანახვაში, რომ თითოეული ასეთი მუხლი აბზაცში მოცემული აზრების განსამტკიცებლად არის მოყვანილი. აჩვენე მას, როგორ შეუძლია სახელმძღვანელოს მინდორზე მოკლე ჩანაწერების გაკეთება. ყურადღება გაუმახვილე იმ ფაქტზე, რომ ყველაფერს, რასაც ის სწავლობს, საფუძვლად ბიბლია უდევს. ურჩიე, შესწავლის დროს პასუხების გაცემისას ტექსტში მოცემული ბიბლიური მუხლების გამოყენებას შეეცადოს.
4 მიმოხილვა და გამეორება. საფუძვლიანი მომზადების დაწყებამდე ბიბლიის შემსწავლელისთვის კარგი იქნება მასალის მოკლე მიმოხილვა. ასწავლე, რომ ასეთი მიმოხილვისთვის ყურადღება მიაქციოს სათაურს, ქვესათაურებსა და ილუსტრაციებს. ისიც აუხსენი, რომ ვიდრე მომზადებას დაამთავრებს, გონივრული იქნება მთავარი აზრების გასამეორებლად დროის გამოყოფა. თუ მასალას ჩარჩოში მოცემული გასამეორებელი კითხვები ახლავს, მთავარი აზრების გასამეორებლად მათი გამოყენება შეუძლია. ასეთი მომზადება მას მასალის დამახსოვრებაში დაეხმარება.
5 ბიბლიის შემსწავლელი თუ კარგად მომზადებას ისწავლის, ეს მას კრების შეხვედრებზე აზრიანი კომენტარების გაკეთებაშიც დაეხმარება. გარდა ამისა, განივითარებს ჩვევებს, რომლებიც იმის შემდეგაც მოუტანს სარგებლობას, რაც მასთან ბიბლიის შესწავლას დაამთავრებ.