ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი
მე ვარ ალფა და ომეგა (გამოცხ. 1:8).
„ალფა“ ბერძნული ანბანის პირველი ასოა, „ომეგა“ კი – ბოლო. ამით იეჰოვას იმის თქმა სურდა, რომ დაწყებულ საქმეს აუცილებლად მიიყვანდა ბოლომდე. როცა იეჰოვამ ადამი და ევა შექმნა, უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“ (დაბ. 1:28). ეს იმას ნიშნავდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ადამისა და ევას სრულყოფილი და ღვთის ერთგული შთამომავლები დედამიწას აავსებდნენ და მას სამოთხედ გადააქცევდნენ. შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვამ სწორედ ამ დროს თქვა: „ალფა“. შემდეგ კი იმის საჩვენებლად, რომ მისი განზრახვა აუცილებლად შესრულდებოდა, მან „მეშვიდე დღე“ წმინდად გამოაცხადა. სწორედ მეშვიდე დღის ბოლოს, როცა მისი განზრახვა ბოლომდე შესრულდება, იეჰოვა, ასე ვთქვათ, იტყვის: „ომეგა“ (დაბ. 2:1–3). w23.11 5 ¶13, 14
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი
მოამზადეთ იეჰოვას გზა! მოასწორეთ ჩვენი ღვთისთვის სავალი, ხრიოკზე რომ გადის (ეს. 40:3).
ისრაელებს წინ საკმაოდ რთული ოთხთვიანი მგზავრობა ელოდათ. თუმცა იეჰოვამ აღუთქვა მათ, რომ ნებისმიერ დაბრკოლებას მოაშორებდა. ღვთისმოშიში ებრაელები თვლიდნენ, რომ ისრაელში დაბრუნება ნებისმიერ მსხვერპლად ღირდა, რადგან ესმოდათ, რომ იქ თავისუფლად შეძლებდნენ ღვთის თაყვანისცემას. ბაბილონში იეჰოვას ტაძარი არ იყო. ისრაელებს არც სამსხვერპლო ჰქონდათ, სადაც მოსეს კანონით გათვალისწინებულ მსხვერპლს შესწირავდნენ და არც მღვდელმსახურებას ეწეოდა ორგანიზება. თანაც ამდენ კერპთაყვანისმცემელს შორის, რომლებიც არად აგდებდნენ იეჰოვასა და მის ნორმებს, ღვთის ხალხი უმცირესობაში იყო. ასე რომ, ათიათასობით ღვთისმოშიშ ებრაელს ერთი სული ექნებოდა, როდის დაბრუნდებოდა სამშობლოში და აღადგენდა წმინდა თაყვანისმცემლობას. w23.05 14, 15 ¶3, 4
პარასკევი, 17 ოქტომბერი
იარეთ როგორც სინათლის შვილებმა (ეფეს. 5:8).
დღეს ქვეყნიერება ისე გაირყვნა, რომ საკმაოდ რთულია ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება. ამიტომ წმინდა სული გვჭირდება, რომ კვლავაც ისე ვიაროთ, როგორც „სინათლის შვილებმა“ (1 თეს. 4:3–5, 7, 8). წმინდა სული გვეხმარება, არ მოვექცეთ ქვეყნიერებაში გავრცელებული ცხოვრებისეული ფილოსოფიის ზეგავლენაში, რომელიც აშკარად უპირისპირდება ღვთის აზროვნებას. მეტიც, ღვთის სული ჩვენში წარმოშობს „ყოველივე იმას, რაც კარგი, მართალი და ჭეშმარიტია“ (ეფეს. 5:9). რა არის საჭირო წმინდა სულის მისაღებად? ლოცვა, რადგან, როგორც იესომ თქვა, იეჰოვა „წმინდა სულს მათ [მისცემს], ვინც სთხოვს“ (ლუკ. 11:13). ღვთის სულს ქრისტიანულ შეხვედრებზეც ვიღებთ (ეფ. 5:19, 20). დიახ, სწორედ ამ სულის დახმარებით შევძლებთ ღვთისმოსაწონად ცხოვრებას. w24.03 23, 24 ¶13–15