საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es25 გვ. 98-108
  • ოქტომბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ოქტომბერი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025
  • ქვესათაურები
  • ოთხშაბათი, 1 ოქტომბერი
  • ხუთშაბათი, 2 ოქტომბერი
  • პარასკევი, 3 ოქტომბერი
  • შაბათი, 4 ოქტომბერი
  • კვირა, 5 ოქტომბერი
  • ორშაბათი, 6 ოქტომბერი
  • სამშაბათი, 7 ოქტომბერი
  • ოთხშაბათი, 8 ოქტომბერი
  • ხუთშაბათი, 9 ოქტომბერი
  • პარასკევი, 10 ოქტომბერი
  • შაბათი, 11 ოქტომბერი
  • კვირა, 12 ოქტომბერი
  • ორშაბათი, 13 ოქტომბერი
  • სამშაბათი, 14 ოქტომბერი
  • ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი
  • ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი
  • პარასკევი, 17 ოქტომბერი
  • შაბათი, 18 ოქტომბერი
  • კვირა, 19 ოქტომბერი
  • ორშაბათი, 20 ოქტომბერი
  • სამშაბათი, 21 ოქტომბერი
  • ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი
  • ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი
  • პარასკევი, 24 ოქტომბერი
  • შაბათი, 25 ოქტომბერი
  • კვირა, 26 ოქტომბერი
  • ორშაბათი, 27 ოქტომბერი
  • სამშაბათი, 28 ოქტომბერი
  • ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი
  • ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი
  • პარასკევი, 31 ოქტომბერი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025
es25 გვ. 98-108

ოქტომბერი

ოთხშაბათი, 1 ოქტომბერი

ღვთიური სიბრძნე . . . [მორჩილია] (იაკ. 3:17).

ფაქტია, დროდადრო ყველას გვიჭირს მორჩილება. ამ მხრივ არც მეფე დავითი იყო გამონაკლისი. არადა მას ძალიან უყვარდა იეჰოვა. ის ღმერთს ევედრებოდა: „შენი მორჩილების სურვილი აღმიძარი გულში“ (ფსალმ. 51:12). რატომ გვიჭირს მორჩილების გამოვლენა? პირველ რიგში იმიტომ, რომ ურჩობისკენ მიდრეკილება მემკვიდრეობით მივიღეთ; მეორე, სატანა გამუდმებით გვიბიძგებს დაუმორჩილებლობისკენ (2 კორ. 11:3); და მესამე, ისეთი ხალხის გარემოცვაში გვიწევს ცხოვრება, რომელსაც იმ სულის მთავარი მართავს, „ახლა ურჩობის ძეებში [რომ] მოქმედებს“ (ეფეს. 2:2). ამიტომ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ როგორც ჩვენს ცოდვილ ბუნებას, ისე სატანასა და მის ქვეყნიერებას. გარდა ამისა, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, დავემორჩილოთ იეჰოვას და უფლებამოსილ პირებს. w23.10 6 ¶1

ხუთშაბათი, 2 ოქტომბერი

აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს (იოან. 2:10).

როგორ გამოავლინა იესომ თავმდაბლობა, როცა წყალი ღვინოდ აქცია? როგორც აღვნიშნეთ, მას კვეხნა არ დაუწყია. ის არასდროს მოქცეულა ასე. პირიქით, ყოველთვის თავმდაბლურად მიაგებდა დიდებას ზეციერ მამას (იოან. 5:19, 30; 8:28). თუ იესოს მსგავსად თავმდაბლები ვიქნებით, არც ჩვენ დავიწყებთ ტრაბახს გაკეთებული საქმეების გამო. ამიტომ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, საკუთარი თავით კი არა, იეჰოვათი ვიამაყოთ. მსახურების პატივი ხომ სწორედ მან გვიბოძა (იერ. 9:23, 24). თანაც, მისი დახმარების გარეშე რას გავხდებოდით?! ამიტომ მოდი ყველაფრისთვის სათანადო პატივი იეჰოვას მივაგოთ (1 კორ. 1:26–31). როცა სხვებს სიკეთეს ვუკეთებთ, თუ თავმდაბლები ვართ, არ ვეცდებით ამის გახმაურებას. ჩვენთვის იმის ცოდნაც კი საკმარისი იქნება, რომ იეჰოვა ხედავს ჩვენს საქმეებს და აფასებს (შეადარეთ მათეს 6:2–4; ებრ. 13:16). იეჰოვას ძალიან ვუხარებთ გულს, როცა იესოს მსგავსად თავმდაბლობას ვავლენთ (1 პეტ. 5:6). w23.04 4 ¶9; 5 ¶11, 12

პარასკევი, 3 ოქტომბერი

მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც (ფილ. 2:4).

ღვთის შთაგონებით მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს მოუწოდა, რომ სხვების კეთილდღეობაზე ეზრუნათ. ამ რჩევის გათვალისწინება კრების შეხვედრებზეც შეგვიძლია. ამისთვის საჭიროა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მსგავსად სხვებსაც სურთ შეხვედრებში მონაწილეობა. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს ვცდილობთ, სულ ჩვენ არ ვისაუბროთ და მათაც მივცეთ აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. მსგავსად, გვინდა, კრების შეხვედრებშიც რაც შეიძლება მეტმა მიიღოს მონაწილეობა. ფაქტია, და-ძმებს ძალიან გაამხნევებს, თუ მათ თავიანთი აზრის გამოხატვის შესაძლებლობას მივცემთ (1 კორ. 10:24). თუ მოკლე კომენტარებს გავაკეთებთ, ჩამტარებელს შესაძლებლობა მიეცემა, რაც შეიძლება მეტს მიაღებინოს განხილვაში მონაწილეობა. იმ შემთხვევაშიც, თუ მოკლე კომენტარს აკეთებთ, ეცადეთ ყველა საკითხს არ შეეხოთ. თუ ყველა აზრზე თქვენ ისაუბრებთ, სხვებს რაღა დარჩებათ სათქმელი?! w23.04 22, 23 ¶11–13

შაბათი, 4 ოქტომბერი

ყველაფერს სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, რათა სხვებიც ვაზიარო მას (1 კორ. 9:23).

უნდა გვახსოვდეს, რამდენად მნიშვნელოვანია, არ შევწყვიტოთ სხვების დახმარება, განსაკუთრებით კი ქადაგება. ჩვენ მსახურებაშიც უნდა ვავლენდეთ გონიერებას და მოქნილები ვიყოთ, რადგან ქადაგების დროს ათასნაირი ჯურის ხალხს ვხვდებით. ამ მხრივ კარგ მაგალითს პავლე გვაძლევს, რომელიც უცხოტომელთა მოციქულად დაინიშნა (რომ. 11:13). ვისთვის აღარ უწევდა ქადაგება – იუდეველებისთვის, ბერძნებისთვის, განათლებული ხალხისთვის, გლეხებისთვის, წარჩინებულებისთვის თუ მეფეებისთვის. სათქმელი თითოეული მათგანის გულამდე რომ მიეტანა, პავლე „ყველასთვის ყველაფერი“ ხდებოდა (1 კორ. 9:19–22). ის მხედველობაში იღებდა მსმენელის კულტურას, წარმომავლობასა თუ მრწამსს და შესაბამისად უდგებოდა მას. ჩვენც კარგ შედეგებს მივაღწევთ, თუ პავლეს მსგავსად მოქნილები ვიქნებით და თითოეულ მსმენელს ინდივიდუალურად მივუდგებით. w23.07 23 ¶11, 12

კვირა, 5 ოქტომბერი

უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს (2 ტიმ. 2:24).

ზოგის აზრით, რბილი ხასიათი სისუსტის მაჩვენებელია. სინამდვილეში კი დიდი შინაგანი სიმტკიცეა საჭირო, რომ დაძაბულ მომენტშიც არ დავკარგოთ სიმშვიდე. რბილ ხასიათს ჩვენში წმინდა სული წარმოშობს (გალ. 5:22, 23). ბერძნული სიტყვა, რომელიც „რბილ ხასიათად“ ითარგმნა, ზოგჯერ მოთვინიერებული ცხენის აღსაწერად გამოიყენებოდა. ფაქტია, მოთვინიერებულ ცხენზე ვერავინ იტყვის, რომ სუსტია. ჩვენც შეგვიძლია განვივითაროთ რბილი ხასიათი და, იმავდროულად, მტკიცენი ვიყოთ. თუმცა ამას საკუთარი ძალით ვერ მივაღწევთ. ჩვენ იეჰოვას ლოცვაში წმინდა სული უნდა ვთხოვოთ. ამ სულის დახმარებით მოწინააღმდეგეებთან საუბრისას ბევრმა ჩვენმა და-ძმამ შეძლო სიმშვიდის შენარჩუნება და კარგი შთაბეჭდილებაც შეუქმნა სხვებს იეჰოვას მოწმეებზე (2 ტიმ. 2:24, 25). w23.09 15 ¶3

ორშაბათი, 6 ოქტომბერი

[იეჰოვამ] შემისრულა სათხოვარი (1 სამ. 1:27).

მოციქულმა იოანემ იხილა, როგორ სცემდა ზეცაში იეჰოვას თაყვანს 24 უხუცესი. ისინი განადიდებდნენ იეჰოვას და ამბობდნენ: „შენ გეკუთვნის დიდება, პატივი და ძლიერება“ (გამოცხ. 4:10, 11). ერთგულ ანგელოზებსაც, რომლებიც იეჰოვას გვერდით არიან და კარგად იცნობენ მას, არაერთი მიზეზი აქვთ, განადიდონ და პატივი მიაგონ იეჰოვას. ისინი საკუთარი თვალით ხედავენ, რა გასაოცარ საქმეებს იქმს იეჰოვა და როგორ თვისებებს ფლობს (იობ. 38:4–7). ჩვენც გვინდა, ლოცვებში განვადიდოთ იეჰოვა და კონკრეტულად მოვიხსენიოთ მისი პიროვნების ის მხარეები, რომლებიც აღგვაფრთოვანებს და გვაყვარებს მას. ბიბლიის კითხვისა და შესწავლის დროს შეეცადეთ, ღვთის იმ თვისებებზე გაამახვილოთ ყურადღება, რომლებიც განსაკუთრებით გხიბლავთ (იობ. 37:23; რომ. 11:33). შემდეგ კი ლოცვაში უთხარით იეჰოვას, რატომ აფასებთ ამ თვისებებს. შეგვიძლია იეჰოვა იმისთვისაც განვადიდოთ, რომ მხარში გვიდგას როგორც პირადად ჩვენ, ისე მთელ საძმოს (1 სამ. 2:1, 2). w23.05 3, 4 ¶6, 7

სამშაბათი, 7 ოქტომბერი

იეჰოვას ღირსად იცხოვროთ (კოლ. 1:10).

1919 წელს ღვთის ხალხი „დიდი ბაბილონის“ ტყვეობიდან გათავისუფლდა. იმავე წელს იესომ დანიშნა „ერთგული და გონიერი მონა“, რათა გულმართალ ადამიანებს ახლად გახსნილ „სიწმინდის გზაზე“ სვლაში დახმარებოდნენ (მათ. 24:45–47; ეს. 35:8). „ერთგული და გონიერი მონისა“ და მათი შრომის წყალობით, ვინც გზა გაკვალეს, „სიწმინდის გზაზე“ მოსიარულეთ შეეძლოთ უფრო და უფრო მეტად ჩასწვდომოდნენ ღვთის განზრახვებს (იგავ. 4:18). ამასთანავე, მათ შეეძლოთ გარკვეული ცვლილებები მოეხდინათ, რათა ღვთის მოსაწონად ეცხოვრათ. თუმცა იეჰოვა არ მოელოდა, რომ თავისი ხალხი ერთბაშად მოახდენდა ყველა საჭირო ცვლილებას. ის თანდათან წმენდდა მათ და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. წარმოიდგინეთ, რა ბედნიერები ვიქნებით, როცა სრულყოფილად შევძლებთ ღვთის მოსაწონად ცხოვრებას! პერიოდულად ყველა გზა საჭიროებს შეკეთებას. არც „სიწმინდის გზა“ ყოფილა გამონაკლისი. 1919 წელს ახლად დანიშნული „ერთგული და გონიერი მონა“ საქმეს შეუდგა, რათა ხალხს გაადვილებოდა „დიდი ბაბილონის“ დატოვება. w23.05 17 ¶15; 19 ¶16

ოთხშაბათი, 8 ოქტომბერი

არასდროს დაგტოვებ (ებრ. 13:5).

ხელმძღვანელი საბჭოს წევრები პირადად ამზადებენ ძმებს, რომლებიც ხელმძღვანელი საბჭოს სხვადასხვა კომიტეტში დამხმარეებად მსახურობენ. ეს ერთგული ძმები დღესვე არაერთ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას ასრულებენ და, შესაბამისად, ყოველმხრივ მომზადებულნი არიან, რომ მომავალშიც გააგრძელონ ქრისტეს ცხვარზე ზრუნვა. როდესაც „დიდი გასაჭირის“ მიწურულს ყველა ცხებული ზეცაში შეიკრიბება, „სხვა ცხვარი“ იესოს წინამძღოლობით კვლავაც ერთგულად გააგრძელებს იეჰოვას თაყვანისცემას. მართალია, იმ დროს მათზე „გოგი“ ანუ ერთა კოალიცია მიიტანს იერიშს, მაგრამ ის ღვთის ხალხთან ვერაფერს გახდება და მალევე მარცხს განიცდის (ეზეკ. 38:18–20). ამაში ისიც გვარწმუნებს, რაც იოანე მოციქულმა ხილვაში ნახა. მან იხილა „უამრავი ხალხი“, რომელთაც „დიდი გასაჭირი გამოიარეს“ (გამოცხ. 7:9, 14). დიახ, იეჰოვა აუცილებლად იხსნის თავის ხალხს. w24.02 5, 6 ¶13, 14

ხუთშაბათი, 9 ოქტომბერი

ნუ ჩააქრობთ თქვენში ღვთის სულს! (1 თეს. 5:19).

რა უნდა გავაკეთოთ, რომ იეჰოვამ თავისი სული მოგვცეს? ლოცვაში უნდა ვთხოვოთ, უნდა ვიკვლიოთ მისი სულით შთაგონებული სიტყვა და აქტიურად ჩავებათ იმ ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელსაც ღმერთი თავისი სულით ხელმძღვანელობს. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, სულის ნაყოფს წარმოშობს ჩვენში (გალ. 5:22, 23). იეჰოვა წმინდა სულს მხოლოდ მათ აძლევს, ვინც ყველანაირად ერიდება უწმინდურ საქციელსა და აზროვნებას (1 თეს. 4:7, 8). ამასთანავე, უდიერად არ უნდა მოვეკიდოთ მისი სულით შთაგონებულ წინასწარმეტყველებებს, მაგალითად, იმ ცნობებს, რომლებიც იეჰოვას დღის სიახლოვეს უსვამს ხაზს (1 თეს. 5:20). არ უნდა ვიფიქროთ, რომ არმაგედონი ჩვენს სიცოცხლეში არ მოხდება. პირიქით, მოუთმენლად უნდა ველოდებოდეთ იეჰოვას დღის დადგომას, ვიცავდეთ სიწმინდეს და ღვთისმოსაწონად ვიქცეოდეთ (2 პეტ. 3:11, 12). w23.06 12 ¶13, 14

პარასკევი, 10 ოქტომბერი

იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა (იგავ. 9:10).

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ უეცრად ჩვენი ელექტრონული მოწყობილობის ეკრანზე პორნოგრაფიული სურათი გამოჩნდება? ჩვენ მაშინვე უნდა დავხუროთ ის. ასე მოქცევა არ გაგვიჭირდება, თუ ვაფასებთ იეჰოვასთან მეგობრობას. მაგრამ რისი თქმა შეიძლება ისეთ სურათებზე, რომლებიც მთლად პორნოგრაფიული ხასიათის არაა, მაგრამ ვნებას აღძრავს? რაკი არ გვინდა, რომ უზნეო ფიქრებს გასაქანი მივცეთ, ასეთ მასალასაც უნდა მოვარიდოთ თვალი (მათ. 5:28, 29). ერთი ტაილანდელი უხუცესი დავიდი ამბობს: „როცა ისეთ სურათებს ვაწყდები, რომლებიც მაინცდამაინც პორნოგრაფიულ მასალად არ ითვლება, ვფიქრობ, რას იგრძნობს იეჰოვა, თუ მათ თვალიერებას მოვყვები. ამაზე დაფიქრება სწორად მოქცევაში მეხმარება“. ღვთისმოშიშება გვიბიძგებს, სწორად მოვიქცეთ და გული არ ვატკინოთ იეჰოვას. w23.06 23 ¶12, 13

შაბათი, 11 ოქტომბერი

შედით თქვენ-თქვენს ოთახებში (ეს. 26:20).

„ოთახებში“ შესაძლოა კრებები იგულისხმებოდეს. თუ გვინდა, თავისი დაპირებისამებრ, იეჰოვამ „დიდი გასაჭირის“ დროს დაგვიცვას, თანაქრისტიანების გვერდით უნდა ვიყოთ. ამიტომ დღესვე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევიყვაროთ და-ძმები. ამაზე შეიძლება ჩვენი გადარჩენა იყოს დამოკიდებული. როცა „იეჰოვას დიდი დღე“ დაიწყება, კაცობრიობას უმძიმესი დრო დაუდგება (სოფ. 1:14, 15). ჩვენ, მისი მსახურებიც, შევხვდებით განსაცდელებს. თუმცა, თუ დღესვე მოვემზადებით, სიმშვიდეს შევინარჩუნებთ და მოთმინებით ავიტანთ ნებისმიერ სირთულეს. ჩვენ თანაგრძნობასაც გამოვავლენთ და ხელს გავუმართავთ გასაჭირში მყოფ თანაქრისტიანებს და, რადგანაც ძლიერ გვიყვარს ისინი, გვერდიდან არ მოვშორდებით მათ. იეჰოვა კი, თავის მხრივ, მარადიულ სიცოცხლეს გვიბოძებს და ისეთ მსოფლიოში გვაცხოვრებს, სადაც აღარავის გაახსენდება და გულსაც აღარავის დაუმძიმებს წინათ მომხდარი (ეს. 65:17). w23.07 7 ¶16, 17

კვირა, 12 ოქტომბერი

[იეჰოვა] გაგამხნევებთ, განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ (1 პეტ. 5:10).

ბიბლია ღვთის ერთგულ მსახურებს ხშირად ძლიერ ადამიანებად აღგვიწერს. თუმცა მათ შორის ყველაზე ძლიერსაც კი დროდადრო ისეთი განცდა ეუფლებოდა, რომ არაფრის ძალა არ შესწევდა. მაგალითად, მეფე დავითი ამბობდა, რომ ზოგჯერ მთასავით მტკიცე იყო, ზოგჯერ კი – შეძრწუნებული (ფსალმ. 30:7). სამსონიც აღიარებდა, რომ მისი განსაკუთრებული ძალის წყარო იეჰოვა იყო და რომ არა ღვთის სული, ძალა გამოეცლებოდა და დასუსტდებოდა (მსაჯ. 14:5, 6; 16:17). დიახ, იეჰოვას გარეშე ისინი ვერაფერს გახდებოდნენ. პავლე მოციქული აცნობიერებდა, რომ ღვთის ძალას საჭიროებდა (2 კორ. 12:9, 10). მას ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა (გალ. 4:13, 14). ზოგჯერ დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებოდა ღვთის მოსაწონად მოქცევა, ზოგჯერ კი უიმედობა და სასოწარკვეთილება იპყრობდა (რომ. 7:18, 19; 2 კორ. 1:8, 9). და მაინც, ის ამბობდა: „როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“. მას თამამად შეეძლო ამის თქმა, რადგან გრძნობდა, რომ ძალას, რომელსაც საკუთარ თავში ვერ პოულობდა, იეჰოვა აძლევდა. w23.10 12 ¶1, 2

ორშაბათი, 13 ოქტომბერი

იეჰოვა გულს ხედავს (1 სამ. 16:7).

თუ დროდადრო უღირსობის გრძნობა გეუფლებათ, გახსოვდეთ, რომ იეჰოვას მსახური ვერ გახდებოდით, მას რომ არ მიეზიდეთ (იოან. 6:44). მან კარგად იცის, სინამდვილეში როგორი ხართ და იმ კარგ მხარეებსაც ხედავს თქვენში, რომლებსაც თავად შეიძლება ვერ ამჩნევდეთ (2 მატ. 6:30). ამიტომ ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ, რომ მის თვალში ძვირფასი ხართ (1 იოან. 3:19, 20). ზოგ ქრისტიანს დღემდე აწუხებს სინდისი იმ შეცდომების გამო, რომლებიც ჭეშმარიტების გაგებამდე დაუშვა (1 პეტ. 4:3). ზოგს კი გული მსჯავრს იმის გამო სდებს, რომ დღემდე უწევს ცოდვილ მიდრეკილებებთან ბრძოლა. თუ ეს თქვენს შემთხვევაშიც ასეა, შეიძლება განუგეშოთ იმის გაგებამ, რომ ასეთი გრძნობები არც ძველ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურებისთვის იყო უცხო. მაგალითად, პავლე მოციქულსაც თრგუნავდა საკუთარ ნაკლოვანებებზე ფიქრი (რომ. 7:24). მიუხედავად იმისა, რომ მოინანია და მოინათლა, წლების შემდეგაც ამბობდა, რომ „მოციქულებს შორის უმცირესი“, ხოლო „ცოდვილთა . . . შორის პირველი“ იყო (1 კორ. 15:9; 1 ტიმ. 1:15). w24.03 27 ¶5, 6

სამშაბათი, 14 ოქტომბერი

მიატოვეს მათ . . . ღვთის, იეჰოვას, ტაძარი (2 მატ. 24:18).

მეფე იეჰოაშის მაგალითი გვასწავლის, რამდენად მნიშვნელოვანია, მათთან ვიმეგობროთ, ვინც დადებით ზეგავლენას მოახდენს ჩვენზე. კარგ მეგობრობას ისინი გაგვიწევენ, ვისაც უყვართ იეჰოვა და მისი გულის გახარება სურთ. მეგობრების არჩევისას მხოლოდ თანატოლებით ნუ შემოიფარგლებით. მაგალითად, იეჰოაშის მეგობარი იეჰოიადა მასზე გაცილებით უფროსი იყო. კარგი იქნება, შემდეგ კითხვებზე დავფიქრდეთ: მეხმარებიან მეგობრები, იეჰოვასადმი რწმენა განვიმტკიცო და მისი ნორმებით ვიცხოვრო? უყვართ იეჰოვაზე და, ზოგადად, ბიბლიურ თემებზე საუბარი? ყოველთვის იმას მეუბნებიან, რისი მოსმენაც მესიამოვნება, თუ ჰყოფნით გაბედულება, საჭირო დროს რჩევა მომცენ? (იგავ. 27:5, 6, 17). თუ ხედავთ, რომ თქვენს მეგობრებს არ უყვართ იეჰოვა, თავი შორს დაიჭირეთ მათგან. მათ კი, ვინც კარგ ზეგავლენას ახდენს თქვენზე, უფრო დაუახლოვდით (იგავ. 13:20). w23.09 9, 10 ¶6, 7

ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი

მე ვარ ალფა და ომეგა (გამოცხ. 1:8).

„ალფა“ ბერძნული ანბანის პირველი ასოა, „ომეგა“ კი – ბოლო. ამით იეჰოვას იმის თქმა სურდა, რომ დაწყებულ საქმეს აუცილებლად მიიყვანდა ბოლომდე. როცა იეჰოვამ ადამი და ევა შექმნა, უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“ (დაბ. 1:28). ეს იმას ნიშნავდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ადამისა და ევას სრულყოფილი და ღვთის ერთგული შთამომავლები დედამიწას აავსებდნენ და მას სამოთხედ გადააქცევდნენ. შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვამ სწორედ ამ დროს თქვა: „ალფა“. შემდეგ კი იმის საჩვენებლად, რომ მისი განზრახვა აუცილებლად შესრულდებოდა, მან „მეშვიდე დღე“ წმინდად გამოაცხადა. სწორედ მეშვიდე დღის ბოლოს, როცა მისი განზრახვა ბოლომდე შესრულდება, იეჰოვა, ასე ვთქვათ, იტყვის: „ომეგა“ (დაბ. 2:1–3). w23.11 5 ¶13, 14

ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი

მოამზადეთ იეჰოვას გზა! მოასწორეთ ჩვენი ღვთისთვის სავალი, ხრიოკზე რომ გადის (ეს. 40:3).

ისრაელებს წინ საკმაოდ რთული ოთხთვიანი მგზავრობა ელოდათ. თუმცა იეჰოვამ აღუთქვა მათ, რომ ნებისმიერ დაბრკოლებას მოაშორებდა. ღვთისმოშიში ებრაელები თვლიდნენ, რომ ისრაელში დაბრუნება ნებისმიერ მსხვერპლად ღირდა, რადგან ესმოდათ, რომ იქ თავისუფლად შეძლებდნენ ღვთის თაყვანისცემას. ბაბილონში იეჰოვას ტაძარი არ იყო. ისრაელებს არც სამსხვერპლო ჰქონდათ, სადაც მოსეს კანონით გათვალისწინებულ მსხვერპლს შესწირავდნენ და არც მღვდელმსახურებას ეწეოდა ორგანიზება. თანაც ამდენ კერპთაყვანისმცემელს შორის, რომლებიც არად აგდებდნენ იეჰოვასა და მის ნორმებს, ღვთის ხალხი უმცირესობაში იყო. ასე რომ, ათიათასობით ღვთისმოშიშ ებრაელს ერთი სული ექნებოდა, როდის დაბრუნდებოდა სამშობლოში და აღადგენდა წმინდა თაყვანისმცემლობას. w23.05 14, 15 ¶3, 4

პარასკევი, 17 ოქტომბერი

იარეთ როგორც სინათლის შვილებმა (ეფეს. 5:8).

დღეს ქვეყნიერება ისე გაირყვნა, რომ საკმაოდ რთულია ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება. ამიტომ წმინდა სული გვჭირდება, რომ კვლავაც ისე ვიაროთ, როგორც „სინათლის შვილებმა“ (1 თეს. 4:3–5, 7, 8). წმინდა სული გვეხმარება, არ მოვექცეთ ქვეყნიერებაში გავრცელებული ცხოვრებისეული ფილოსოფიის ზეგავლენაში, რომელიც აშკარად უპირისპირდება ღვთის აზროვნებას. მეტიც, ღვთის სული ჩვენში წარმოშობს „ყოველივე იმას, რაც კარგი, მართალი და ჭეშმარიტია“ (ეფეს. 5:9). რა არის საჭირო წმინდა სულის მისაღებად? ლოცვა, რადგან, როგორც იესომ თქვა, იეჰოვა „წმინდა სულს მათ [მისცემს], ვინც სთხოვს“ (ლუკ. 11:13). ღვთის სულს ქრისტიანულ შეხვედრებზეც ვიღებთ (ეფ. 5:19, 20). დიახ, სწორედ ამ სულის დახმარებით შევძლებთ ღვთისმოსაწონად ცხოვრებას. w24.03 23, 24 ¶13–15

შაბათი, 18 ოქტომბერი

ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ (ლუკ. 11:9).

ვინაიდან მოთმინებას ჩვენში წმინდა სული წარმოშობს, ამ თვისების განსავითარებლად იეჰოვას უნდა ვთხოვოთ თავისი სული (გალ. 5:22, 23). ამის გაკეთება განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როცა ჩვენი მოთმინება იცდება (ლუკ. 11:13). იეჰოვას იმაშიც უნდა ვთხოვოთ დახმარება, რომ საკითხებს მისი თვალით შევხედოთ. ჩვენი მხრივ კი, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ყოველდღიურ სიტუაციებში მოთმინება გამოვავლინოთ. თუ ასე მოვიქცევით, საბოლოოდ ეს თვისება ჩვენი პიროვნების განუყოფელი ნაწილი გახდება. იფიქრეთ ბიბლიაში ჩაწერილ მაგალითებზეც. ბიბლიაში ბევრი ისეთი ადამიანის შესახებაა ჩაწერილი, რომლებიც მოთმინებით გამოირჩეოდნენ. მათგან შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ გამოვავლინოთ ეს თვისება. w23.08 22 ¶10, 11

კვირა, 19 ოქტომბერი

ისროლეთ ბადეები თევზის დასაჭერად (ლუკ. 5:4).

მკვდრეთით აღმდგარმა იესომ მოციქული პეტრე იმაშიც დაარწმუნა, რომ იეჰოვა იზრუნებდა მასზე. სხვა მოციქულებთან ერთად სათევზაოდ გასულს მან დიდი რაოდენობით თევზი დააჭერინა (იოან. 21:4–6). ამ სასწაულის შემდეგ პეტრეს, ალბათ, ეჭვი აღარ შეეპარებოდა იესოს სიტყვების ჭეშმარიტებაში, რომ იეჰოვა იზრუნებდა მასზე, ვინც პირველ ადგილზე სამეფოს დააყენებდა (მათ. 6:33). ამიტომაც პეტრემ გადაწყვიტა, რომ მის ცხოვრებაში მთავარი თევზჭერა კი არა, მსახურება ყოფილიყო. იეჰოვამაც უხვად დააჯილდოვა ის ასეთი გადაწყვეტილებისთვის. პეტრეს დახმარებით უამრავი ადამიანი ეზიარა სასიხარულო ცნობას. მაგალითად, ახ. წ. 33 წელს, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, მისი სიტყვის მოსმენის შემდეგ ათასობით ებრაელი მოინათლა (საქ. 2:14, 37–41). მოგვიანებით მან სამარიელებისა და უცხოტომელების გაქრისტიანებაშიც გადამწყვეტი როლი შეასრულა (საქ. 8:14–17; 10:44–48). w23.09 20 ¶1; 23 ¶11

ორშაბათი, 20 ოქტომბერი

თუ არ მომიყვებით სიზმარს და არ ამიხსნით, ასო-ასო აიკუწებით (დან. 2:5).

ბაბილონელთა მიერ იერუსალიმის განადგურებიდან დაახლოებით 2 წლის შემდეგ მეფე ნაბუქოდონოსორი სიზმარმა ააფორიაქა. ის ყველა ბრძენკაცს სიკვდილით დაემუქრა, ვინც ვერ მოუყვებოდა და აუხსნიდა სიზმარს. ეს მუქარა დანიელზეც ვრცელდებოდა (დან. 2:3–5). ასე რომ, დანიელს ძალიან სწრაფად უნდა ემოქმედა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არ აცოცხლებდნენ. ისიც წავიდა მეფესთან და სთხოვა, რომ სიზმრის ასახსნელად დრო მიეცა (დან. 2:16). ამისთვის მას ნამდვილად დასჭირდებოდა გაბედულებაც და რწმენაც, რადგან არსად წერია, რომ დანიელს მანამდე ვინმესთვის სიზმარი აეხსნა. მან თავის მეგობრებსაც სთხოვა, რომ ზეციერი ღვთისთვის წყალობა ეთხოვათ, რათა მათთვის ეს საიდუმლო გაემჟღავნებინა (დან. 2:18). იეჰოვამაც უპასუხოდ არ დატოვა მათი ლოცვები. ღვთის დახმარებით დანიელმა ნაბუქოდონოსორს აუხსნა სიზმარი უზარმაზარ ქანდაკებაზე, რისი წყალობითაც ის თავის მეგობრებთან ერთად სიკვდილს გადაურჩა. w23.08 3 ¶4

სამშაბათი, 21 ოქტომბერი

ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება (მათ. 24:13).

დაფიქრდით, რატომ ღირს მოთმინების გამოვლენა. როცა მოთმინებას ვავლენთ, ბედნიერებიც ვართ და შინაგან სიმშვიდესაც განვიცდით. მოთმინების გამოვლენა ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებს. სხვებთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს და კრების ერთობასაც ვუწყობთ ხელს. ხოლო თუ ვინმე ცუდად გვექცევა, ადვილად არ ვრისხდებით და ცეცხლზე ნავთს არ ვასხამთ (ფსალმ. 37:8, სქ; იგავ. 14:29). რაც მთავარია, ამგვარად ჩვენს ზეციერ მამას ვბაძავთ და უფრო ვუახლოვდებით. მოთმინება მართლაც შესანიშნავი თვისებაა! მართალია, ამ თვისების გამოვლენა ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ იეჰოვას დახმარებით შევძლებთ, უფრო მომთმენები გავხდეთ. ჩვენ მოთმინებით უნდა დაველოდოთ ახალ ქვეყნიერებას და გვჯეროდეს, რომ „იეჰოვა თვალყურს ადევნებს თავის მოშიშებს, მათ, ვინც მისგან სიკეთეს მოელის“ (ფსალმ. 33:18). მოდი ყველა ვეცადოთ, რომ ეს ძვირფასი თვისება ჩვენი პიროვნების განუყოფელი ნაწილი გახდეს! w23.08 22 ¶7; 25 ¶16, 17

ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი

რწმენაც ასეა, თუ საქმეები არ ახლავს თან, მკვდარია (იაკ. 2:17).

იაკობის სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ ადამიანი ვერ იტყვის რწმენა მაქვსო, თუ მას შესაბამისი საქმეები არ ახლავს თან (იაკ. 2:1–5, 9). შემდეგ იაკობი ამბობს, რომ ვერც ის ქრისტიანი დადებს რწმენაზე თავს, რომელიც ხედავს, რომ თანაქრისტიანი გასაჭირშია, მაგრამ მის დასახმარებლად არაფერს აკეთებს. ასეთ რწმენას ის „ფუჭს“ უწოდებს (იაკ. 2:14–16). მისაბაძ მაგალითად იაკობს რახაბი მოჰყავს (იაკ. 2:25, 26). მას გაგონილი ჰქონდა იეჰოვას შესახებ და ხვდებოდა, რომ ისრაელებს სწორედ ის უმართავდა ხელს (იეს. 2:9–11). მოსმენილი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ როცა განსაცდელში მყოფი ისრაელი მზვერავები ნახა, რწმენა საქმეებით გამოევლინა და თავისთან შეეფარებინა ისინი. ამის გამო ეს ცოდვილი უცხოტომელი ქალი აბრაამის მსგავსად მართლად ჩაითვალა. რახაბის მაგალითიდან შესანიშნავად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რწმენას საქმეები ახლდეს თან. w23.12 5, 6 ¶12, 13

ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი

მტკიცედ გაიდგით ფესვი და მყარ საძირკველზე დაფუძნდით (ეფეს. 3:17).

როგორც დავინახეთ, ქრისტიანები არ უნდა დავკმაყოფილდეთ ბიბლიის ზედაპირულ ცოდნას. ღვთის სულის დახმარებით ჩვენ შევძლებთ ჩავწვდეთ „ღვთიურ სიღრმეებსაც კი“ (1 კორ. 2:9, 10). შეგიძლიათ ისეთი საკითხები გამოიკვლიოთ, რომლებიც კიდევ უფრო დაგაახლოებთ იეჰოვასთან. მაგალითად, იმაში დასარწმუნებლად, რომ ღმერთს უყვარხართ, დაუკვირდით, როგორ ავლენდა ის სიყვარულს ძველად მცხოვრები თავისი მსახურების მიმართ; შეგიძლიათ ისიც გამოიკვლიოთ, როგორ თაყვანისმცემლობას მოითხოვდა ღმერთი ისრაელისგან და ქრისტიანებმა როგორ უნდა ვცეთ მას თაყვანი; ან უფრო ღრმად შეისწავლეთ ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც იესოზე შესრულდა. საკითხების გამოსაკვლევად შეგიძლიათ გამოიყენოთ „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“ და „იეჰოვას მოწმეების საკვლევი სახელმძღვანელო“. ბიბლიის სიღრმისეული კვლევა დიდ სიხარულს მოგანიჭებთ, შეგძენთ ცოდნას ღვთის შესახებ და განგიმტკიცებთ რწმენას (იგავ. 2:4, 5). w23.10 18, 19 ¶3–5

პარასკევი, 24 ოქტომბერი

რაც მთავარია, მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს (1 პეტ. 4:8).

ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნა, როგორც „მთელი გულით“, სიტყვასიტყვით ნიშნავს „გაჭიმულს“. მუხლის მეორე ნაწილიდან ვხედავთ, რას შეგვაძლებინებს ასეთი სიყვარული – ის და-ძმების ცოდვებს დაფარავს. სიყვარული შეიძლება ელასტიურ ნაჭერს შევადაროთ, რომელიც უფრო და უფრო მეტ რამეს დაფარავს, თუ გავწელავთ. დიახ, თუ მთელი გულით გვიყვარს და-ძმები, მათთვის ერთი და ორი შეცდომის კი არა, „უამრავი ცოდვის“ პატიებაც არ გაგვიჭირდება. ჩვენ მაშინაც უნდა შევძლოთ და-ძმების პატიება, როცა ეს განსაკუთრებით რთული გვეჩვენება (კოლ. 3:13). თუ ასე მოვიქცევით, ცხადვყოფთ, რომ ძლიერ გვიყვარს ისინი და გვსურს, იეჰოვას გავუხაროთ გული. w23.11 11, 12 ¶13–15

შაბათი, 25 ოქტომბერი

მწერალმა შაფანმა . . . წაუკითხა მეფეს (2 მატ. 34:18).

იოშია 26 წლის იყო, როცა ღვთის ტაძრის შეკეთებას შეუდგა. მუშაობის დროს იქ „მოსეს მიერ ისრაელებისთვის გადაცემული იეჰოვას კანონის წიგნი“ იპოვეს. როგორც კი იოშიამ კანონში ჩაწერილი მოისმინა, გადაწყვიტა, შესაბამისად ემოქმედა (2 მატ. 34:14, 19–21). გსურთ, რეგულარულად იკითხოთ ბიბლია? თუ უკვე კითხულობთ, მოგწონთ ეს პროცესი? ინიშნავთ თქვენთვის საინტერესო ბიბლიურ მუხლებს? იოშია დაახლოებით 40 წლისა იყო, როცა საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვასთვის ეთხოვა ხელმძღვანელობა, მან საკუთარი ჭკუით იმოქმედა (2 მატ. 35:20–25). გაკვეთილი ჩვენთვის: რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ და რამდენი წელიც არ უნდა ვიკვლევდეთ ბიბლიას, კვლავაც უნდა ვეძებოთ იეჰოვა, რაც იმას გულისხმობს, რომ ლოცვაში ვთხოვოთ ხელმძღვანელობა, შევისწავლოთ მისი სიტყვა და რჩევისთვის მოწიფულ ქრისტიანებს მივმართოთ. ამ შემთხვევაში ბედნიერები ვიქნებით და იმის ალბათობაც ნაკლები იქნება, რომ სერიოზულ შეცდომას დავუშვებთ (იაკ. 1:25). w23.09 12 ¶15, 16

კვირა, 26 ოქტომბერი

ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლების მიმართ კი წყალობას იჩენს (იაკ. 4:6).

ბიბლიის ფურცლებიდან არაერთი ღვთისმოშიში ქალის ისტორიას ვეცნობით, რომლებიც ზომიერები და ყოველმხრივ ერთგულები იყვნენ. ისინი ახალგაზრდა დებისთვის ნამდვილად სამაგალითონი არიან (1 ტიმ. 3:11). თუმცა ახალგაზრდებს საკუთარ კრებაშიც შეუძლიათ ბევრის სწავლა მოწიფული დებისგან. ახალგაზრდებო, კარგი იქნება, თუ თქვენს კრებაში რამდენიმე სამაგალითო დას შეარჩევთ და დაუკვირდებით, რა თვისებებს ავლენენ. შემდეგ კი დაფიქრდებით, თუ როგორ მიჰბაძოთ მათ. ერთ-ერთი თვისება, რომლითაც მოწიფული ქრისტიანი გამოირჩევა, თავმდაბლობაა. თავმდაბალ ქალს იეჰოვასთანაც კარგი ურთიერთობა აქვს და სხვებთანაც. მაგალითად, მას არ უჭირს ზეციერი მამის მიერ დადგენილი მეთაურობის პრინციპის მიყოლა და ითვალისწინებს მას როგორც კრებაში, ისე ოჯახში (1 კორ. 11:3). w23.12 18, 19 ¶3–5

ორშაბათი, 27 ოქტომბერი

ქმარს ისე უნდა უყვარდეს ცოლი, როგორც საკუთარი სხეული (ეფეს. 5:28).

იეჰოვა მოელის, რომ ქმარს ეყვარება ცოლი და იზრუნებს მის ფიზიკურ, ემოციურ თუ სულიერ საჭიროებებზე. საღად აზროვნების უნარი, ქალების პატივისცემა და სანდოობა, დაგეხმარებათ, კარგი მეუღლე დადგეთ. დაქორწინების შემდეგ შეიძლება შვილებიც გეყოლოთ. რა დაგეხმარებათ, კარგი მამა გახდეთ? დაფიქრდით საუკეთესო მამის, იეჰოვას მაგალითზე (ეფეს. 6:4). იეჰოვა არასდროს იკავებდა თავს, რომ იესო შეექო და თავის სიყვარულში დაერწმუნებინა (მათ. 3:17). თუ შვილი გეყოლებათ, ნურც თქვენ დაიშურებთ მისთვის საქებარ სიტყვებს და ყოველთვის უთხარით, რომ ძლიერ გიყვართ. იეჰოვასგან მართლაც ბევრის სწავლა შეგიძლიათ და, თუ მას მიჰბაძავთ, ხელს შეუწყობთ შვილს, რომ მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბდეს. მაგრამ დღეს რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ მომავალში არ გაგიჭირდეთ შვილისთვის კარგი მამობის გაწევა? იზრუნეთ ოჯახის წევრებსა თუ სულიერ და-ძმებზე და ისწავლეთ მათდამი თბილი გრძნობების გამოხატვა (იოან. 15:9). w23.12 28, 29 ¶17, 18

სამშაბათი, 28 ოქტომბერი

[იეჰოვა] გაცხოვრებს უსაფრთხოდ (ეს. 33:6).

ფაქტია, იეჰოვას მსახურები არ ვართ დაზღვეული სხვადასხვა სირთულისა თუ ავადმყოფობისგან. გარდა ამისა, შეიძლება დევნისა და წინააღმდეგობის ატანა მოგვიწიოს. მართალია, იეჰოვა არ გვარიდებს სირთულეებს, მაგრამ თავის მხარდაჭერაში გვარწმუნებს (ეს. 41:10). მისი დახმარებით ურთულეს სიტუაციებშიც კი შევძლებთ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას და სიხარულისა და ერთგულების შენარჩუნებას. იეჰოვა გვპირდება, რომ თავის მშვიდობას მოგვცემს (ფილ. 4:6, 7). ფრაზაში „ღვთის მშვიდობა“ იგულისხმება შინაგანი სიმშვიდე, რომელიც იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შედეგად გვეუფლება. ეს მშვიდობა ნებისმიერ აზრს აღემატება ანუ ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს. თქვენც დაგუფლებიათ ასეთი საოცარი სიმშვიდე მხურვალე ლოცვის შემდეგ? თუ ასეა, იცოდეთ, ამის მიზეზი ის იყო, რომ ღმერთმა თავისი მშვიდობა მოგცათ. w24.01 20 ¶2; 21 ¶4

ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი

ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო! მთელი არსებით განვადიდებ მის სახელს! (ფსალმ. 103:1).

იეჰოვას ერთგული მსახურები ოდითგანვე მთელი გულით განადიდებდნენ მის სახელს. დავითმა იეჰოვას განდიდება მისი სახელის განდიდებასთან გააიგივა. მას ესმოდა, რომ ღვთის სახელი მის რეპუტაციას, შესანიშნავ თვისებებსა და მის საოცარ საქმეებსაც მოიაზრებდა. ამიტომაც მისთვის წმინდა იყო ღვთის სახელი და სურდა, „მთელი არსებით“ განედიდებინა. ღვთის განდიდების კარგ მაგალითს ლევიანებიც გვაძლევენ. ისინიც მთელი გულით განადიდებდნენ იეჰოვას, თუმცა თავმდაბლურად აღიარებდნენ იმასაც, რომ ჯეროვნად ხოტბას ვერასდროს შეასხამდნენ მის წმინდა სახელს (ნეემ. 9:5). ეჭვგარეშეა, თავისი თავმდაბალი მსახურების მხრიდან საქებარი სიტყვების მოსმენა იეჰოვას დიდ სიხარულს ანიჭებდა. w24.02 9 ¶6

ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი

კვლავაც განვაგრძოთ აღებული გეზით სვლა იმის მიუხედავად, ვინ რამდენად მოწიფულია (ფილ. 3:16).

იეჰოვა თქვენგან იმის გაკეთებას არ ელის, რაც თქვენს ძალას აღემატება (2 კორ. 8:12). ამიტომ რეალისტური მიზნები გქონდეთ. იფიქრეთ იმაზე, რასაც უკვე მიაღწიეთ. ებრაელების 6:10-ში ნათქვამია: „ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა“. არც თქვენ უნდა დაივიწყოთ! იფიქრეთ იმაზე, რასაც უკვე მიაღწიეთ, იქნება ეს იეჰოვასთან დამეგობრება, სხვებთან მის შესახებ საუბარი თუ ნათლობა. დარწმუნებული იყავით, რომ თუ წარსულში შეძელით სულიერი მიზნის მიღწევა, ამას ახლაც შეძლებთ. ჩვენ მხოლოდ მიზნის მიღწევა კი არ გვახარებს, არამედ იმის დანახვაც, გზადაგზა როგორ გვეხმარება და გვაკურთხებს იეჰოვა (2 კორ. 4:7). არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ უფრო დიდი ჯილდო გველის. მთავარია, არ დავნებდეთ! (გალ. 6:9). w23.05 31 ¶16–18

პარასკევი, 31 ოქტომბერი

მამას უყვარხართ, რადგან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ მამისგან ვარ გამოგზავნილი (იოან. 16:27).

იეჰოვა არასდროს იშურებს თბილ სიტყვებს თავისი მსახურებისადმი და მათ ყოველთვის არწმუნებს თავის კეთილგანწყობილებაში. ბიბლიაში მოხსენიებულია ორი შემთხვევა, როცა იეჰოვამ იესოს უთხრა, რომ ის მისი საყვარელი ძე იყო და იწონებდა (მათ. 3:17; 17:5). ალბათ ყველანი ვისურვებდით, რომ იეჰოვას ასეთი სიტყვები ჩვენთვისაც ეთქვა. და ეს ასეც ხდება. მისი ხმა ბიბლიის ფურცლებიდან გვესმის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სახარებებში იესოს სიტყვებს ვკითხულობთ, რომელიც მამის სრულყოფილი ანარეკლი იყო. ასე რომ, ყოველთვის, როცა კითხულობთ, როგორ გამოხატავდა იესო მოწონებას თავისი მოწაფეების მიმართ, ჩათვალეთ, რომ ამ სიტყვებს იეჰოვა პირადად თქვენ გეუბნებათ (იოან. 15:9, 15). თუ დროდადრო იეჰოვა დაუშვებს, რომ სირთულეებს შევხვდეთ, არ უნდა დავასკვნათ, რომ მისი კეთილგანწყობილება დავკარგეთ. პირიქით, შექმნილი მდგომარეობა იმის შესაძლებლობად უნდა აღვიქვათ, რომ იეჰოვას სიყვარული და ნდობა დავუმტკიცოთ (იაკ. 1:12). w24.03 28 ¶10, 11

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება