შაბათი, 18 ოქტომბერი
ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ (ლუკ. 11:9).
ვინაიდან მოთმინებას ჩვენში წმინდა სული წარმოშობს, ამ თვისების განსავითარებლად იეჰოვას უნდა ვთხოვოთ თავისი სული (გალ. 5:22, 23). ამის გაკეთება განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როცა ჩვენი მოთმინება იცდება (ლუკ. 11:13). იეჰოვას იმაშიც უნდა ვთხოვოთ დახმარება, რომ საკითხებს მისი თვალით შევხედოთ. ჩვენი მხრივ კი, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ყოველდღიურ სიტუაციებში მოთმინება გამოვავლინოთ. თუ ასე მოვიქცევით, საბოლოოდ ეს თვისება ჩვენი პიროვნების განუყოფელი ნაწილი გახდება. იფიქრეთ ბიბლიაში ჩაწერილ მაგალითებზეც. ბიბლიაში ბევრი ისეთი ადამიანის შესახებაა ჩაწერილი, რომლებიც მოთმინებით გამოირჩეოდნენ. მათგან შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ გამოვავლინოთ ეს თვისება. w23.08 22 ¶10, 11
კვირა, 19 ოქტომბერი
ისროლეთ ბადეები თევზის დასაჭერად (ლუკ. 5:4).
მკვდრეთით აღმდგარმა იესომ მოციქული პეტრე იმაშიც დაარწმუნა, რომ იეჰოვა იზრუნებდა მასზე. სხვა მოციქულებთან ერთად სათევზაოდ გასულს მან დიდი რაოდენობით თევზი დააჭერინა (იოან. 21:4–6). ამ სასწაულის შემდეგ პეტრეს, ალბათ, ეჭვი აღარ შეეპარებოდა იესოს სიტყვების ჭეშმარიტებაში, რომ იეჰოვა იზრუნებდა მასზე, ვინც პირველ ადგილზე სამეფოს დააყენებდა (მათ. 6:33). ამიტომაც პეტრემ გადაწყვიტა, რომ მის ცხოვრებაში მთავარი თევზჭერა კი არა, მსახურება ყოფილიყო. იეჰოვამაც უხვად დააჯილდოვა ის ასეთი გადაწყვეტილებისთვის. პეტრეს დახმარებით უამრავი ადამიანი ეზიარა სასიხარულო ცნობას. მაგალითად, ახ. წ. 33 წელს, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, მისი სიტყვის მოსმენის შემდეგ ათასობით ებრაელი მოინათლა (საქ. 2:14, 37–41). მოგვიანებით მან სამარიელებისა და უცხოტომელების გაქრისტიანებაშიც გადამწყვეტი როლი შეასრულა (საქ. 8:14–17; 10:44–48). w23.09 20 ¶1; 23 ¶11
ორშაბათი, 20 ოქტომბერი
თუ არ მომიყვებით სიზმარს და არ ამიხსნით, ასო-ასო აიკუწებით (დან. 2:5).
ბაბილონელთა მიერ იერუსალიმის განადგურებიდან დაახლოებით 2 წლის შემდეგ მეფე ნაბუქოდონოსორი სიზმარმა ააფორიაქა. ის ყველა ბრძენკაცს სიკვდილით დაემუქრა, ვინც ვერ მოუყვებოდა და აუხსნიდა სიზმარს. ეს მუქარა დანიელზეც ვრცელდებოდა (დან. 2:3–5). ასე რომ, დანიელს ძალიან სწრაფად უნდა ემოქმედა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არ აცოცხლებდნენ. ისიც წავიდა მეფესთან და სთხოვა, რომ სიზმრის ასახსნელად დრო მიეცა (დან. 2:16). ამისთვის მას ნამდვილად დასჭირდებოდა გაბედულებაც და რწმენაც, რადგან არსად წერია, რომ დანიელს მანამდე ვინმესთვის სიზმარი აეხსნა. მან თავის მეგობრებსაც სთხოვა, რომ ზეციერი ღვთისთვის წყალობა ეთხოვათ, რათა მათთვის ეს საიდუმლო გაემჟღავნებინა (დან. 2:18). იეჰოვამაც უპასუხოდ არ დატოვა მათი ლოცვები. ღვთის დახმარებით დანიელმა ნაბუქოდონოსორს აუხსნა სიზმარი უზარმაზარ ქანდაკებაზე, რისი წყალობითაც ის თავის მეგობრებთან ერთად სიკვდილს გადაურჩა. w23.08 3 ¶4