ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი
რწმენაც ასეა, თუ საქმეები არ ახლავს თან, მკვდარია (იაკ. 2:17).
იაკობის სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ ადამიანი ვერ იტყვის რწმენა მაქვსო, თუ მას შესაბამისი საქმეები არ ახლავს თან (იაკ. 2:1–5, 9). შემდეგ იაკობი ამბობს, რომ ვერც ის ქრისტიანი დადებს რწმენაზე თავს, რომელიც ხედავს, რომ თანაქრისტიანი გასაჭირშია, მაგრამ მის დასახმარებლად არაფერს აკეთებს. ასეთ რწმენას ის „ფუჭს“ უწოდებს (იაკ. 2:14–16). მისაბაძ მაგალითად იაკობს რახაბი მოჰყავს (იაკ. 2:25, 26). მას გაგონილი ჰქონდა იეჰოვას შესახებ და ხვდებოდა, რომ ისრაელებს სწორედ ის უმართავდა ხელს (იეს. 2:9–11). მოსმენილი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ როცა განსაცდელში მყოფი ისრაელი მზვერავები ნახა, რწმენა საქმეებით გამოევლინა და თავისთან შეეფარებინა ისინი. ამის გამო ეს ცოდვილი უცხოტომელი ქალი აბრაამის მსგავსად მართლად ჩაითვალა. რახაბის მაგალითიდან შესანიშნავად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რწმენას საქმეები ახლდეს თან. w23.12 5, 6 ¶12, 13
ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი
მტკიცედ გაიდგით ფესვი და მყარ საძირკველზე დაფუძნდით (ეფეს. 3:17).
როგორც დავინახეთ, ქრისტიანები არ უნდა დავკმაყოფილდეთ ბიბლიის ზედაპირულ ცოდნას. ღვთის სულის დახმარებით ჩვენ შევძლებთ ჩავწვდეთ „ღვთიურ სიღრმეებსაც კი“ (1 კორ. 2:9, 10). შეგიძლიათ ისეთი საკითხები გამოიკვლიოთ, რომლებიც კიდევ უფრო დაგაახლოებთ იეჰოვასთან. მაგალითად, იმაში დასარწმუნებლად, რომ ღმერთს უყვარხართ, დაუკვირდით, როგორ ავლენდა ის სიყვარულს ძველად მცხოვრები თავისი მსახურების მიმართ; შეგიძლიათ ისიც გამოიკვლიოთ, როგორ თაყვანისმცემლობას მოითხოვდა ღმერთი ისრაელისგან და ქრისტიანებმა როგორ უნდა ვცეთ მას თაყვანი; ან უფრო ღრმად შეისწავლეთ ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც იესოზე შესრულდა. საკითხების გამოსაკვლევად შეგიძლიათ გამოიყენოთ „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“ და „იეჰოვას მოწმეების საკვლევი სახელმძღვანელო“. ბიბლიის სიღრმისეული კვლევა დიდ სიხარულს მოგანიჭებთ, შეგძენთ ცოდნას ღვთის შესახებ და განგიმტკიცებთ რწმენას (იგავ. 2:4, 5). w23.10 18, 19 ¶3–5
პარასკევი, 24 ოქტომბერი
რაც მთავარია, მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს (1 პეტ. 4:8).
ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნა, როგორც „მთელი გულით“, სიტყვასიტყვით ნიშნავს „გაჭიმულს“. მუხლის მეორე ნაწილიდან ვხედავთ, რას შეგვაძლებინებს ასეთი სიყვარული – ის და-ძმების ცოდვებს დაფარავს. სიყვარული შეიძლება ელასტიურ ნაჭერს შევადაროთ, რომელიც უფრო და უფრო მეტ რამეს დაფარავს, თუ გავწელავთ. დიახ, თუ მთელი გულით გვიყვარს და-ძმები, მათთვის ერთი და ორი შეცდომის კი არა, „უამრავი ცოდვის“ პატიებაც არ გაგვიჭირდება. ჩვენ მაშინაც უნდა შევძლოთ და-ძმების პატიება, როცა ეს განსაკუთრებით რთული გვეჩვენება (კოლ. 3:13). თუ ასე მოვიქცევით, ცხადვყოფთ, რომ ძლიერ გვიყვარს ისინი და გვსურს, იეჰოვას გავუხაროთ გული. w23.11 11, 12 ¶13–15