ორშაბათი, 1 სექტემბერი
ცისკარი მოგვევლინა მაღლიდან (ლუკ. 1:78).
ღმერთმა იესოს კაცობრიობის პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭირო ძალა მისცა. იესოს სასწაულები იმაზე მოწმობს, რომ მას ყველა იმ პრობლემის მოგვარების ძალა აქვს, რომელთაც ჩვენით ვერასდროს მოვაგვარებდით. მაგალითად, ის გაგვათავისუფლებს ცოდვისგან, რაც ყველა პრობლემის თავიდათავია, და მისი შედეგებისგანაც, მათ შორის ავადმყოფობისა და სიკვდილისგან (მათ. 9:1–6; რომ. 5:12, 18, 19). იესოს სასწაულები მოწმობს, რომ მას ნებისმიერი ავადმყოფობის განკურნება და მკვდრების გაცოცხლებაც შეუძლია (მათ. 4:23; იოან. 11:43, 44). მას იმის ძალაც აქვს, რომ დაიმორჩილოს სტიქიები და ბოროტი სულების ზეგავლენისგან გაათავისუფლოს ადამიანები (მარ. 4:37–39; ლუკ. 8:2). რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვამ თავის ძეს ასეთი ძალა უბოძა! ეჭვი არ გვეპარება, რომ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს იეჰოვას ყველა დანაპირები შესრულდება. სასწაულები, რომლებსაც იესო დედამიწაზე ახდენდა, იმის ერთგვარი მონახაზია, თუ რას გააკეთებს ის ზეციდან, როგორც ღვთის სამეფოს მეფე. w23.04 3 ¶5–7
სამშაბათი, 2 სექტემბერი
სული ყველაფერს ჰფენს ნათელს, ღვთიურ სიღრმეებსაც კი (1 კორ. 2:10).
თუ თქვენს კრებაში ბევრი მაუწყებელი მსახურობს, შესაძლოა შეხვედრებზე ხშირად არ გაპასუხებინონ. ხელს ნუ ჩაიქნევთ და უბრალოდ მსმენელის როლს ნუ მოირგებთ. თითოეული შეხვედრისთვის რამდენიმე კომენტარი მოამზადეთ. ამ შემთხვევაში, თუ თავშივე არ გაპასუხებინებენ, მოგვიანებით მაინც შეძლებთ პასუხის გაცემას. მაგალითად, „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიის მომზადების დროს დაფიქრდით, როგორ უკავშირდება თითოეული აბზაცი მთავარ თემას. ამ შემთხვევაში განხილვის განმავლობაში უფრო ხშირად გექნებათ რაიმე სათქმელი. შეგიძლიათ ისეთ აბზაცებზე მოამზადოთ კომენტარები, რომლებშიც უფრო ღრმა საკითხები განიხილება, რადგან ამ დროს ნაკლები იწევს ხოლმე ხელს. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მაინც არ გეძლევათ კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა? ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ჩამტარებელს შეხვედრის დაწყებამდე უთხრათ, რომელ კითხვაზე გსურთ პასუხის გაცემა. w23.04 21, 22 ¶9, 10
ოთხშაბათი, 3 სექტემბერი
[იოსები] ისე მოიქცა, როგორც იეჰოვას ანგელოზმა დაარიგა; მოიყვანა ცოლად მარიამი (მათ. 1:24).
იოსები ყოველთვის მიჰყვებოდა იეჰოვას ხელმძღვანელობას, რაც დაეხმარა, კარგი მეუღლე ყოფილიყო. ბიბლიაში სამი შემთხვევაა ჩაწერილი, როცა ღვთისგან მან კონკრეტული მითითებები მიიღო. სამივე შემთხვევაში ის დაუყოვნებლივ დაჰყვა იეჰოვას ნებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ადვილი (მათ. 1:20; 2:13–15, 19–21). სწორედ მორჩილების წყალობით შეძლო იოსებმა, რომ სათანადოდ ეზრუნა მარიამზე და დაეცვა ის. ამის შემხედვარე მარიამს კიდევ უფრო შეუყვარდებოდა იოსები და გაუღრმავდებოდა მისადმი პატივისცემა. ქმრებო, თქვენ რისი სწავლა შეგიძლიათ იოსებისგან? ოჯახს კარგად რომ გაუძღვეთ, ხელმძღვანელობისთვის ღვთის სიტყვას მიმართეთ. თუ მაშინაც გაითვალისწინებთ ბიბლიურ რჩევებს, როცა ეს მთლად ადვილი არ არის, ცხადყოფთ, რომ გიყვართ მეუღლე და მასთან ურთიერთობასაც განიმტკიცებთ. ვანუატუში მცხოვრები ერთი და, რომელიც 20 წელზე მეტია, დაქორწინებულია, ამბობს: „როცა ვხედავ, რომ ჩემი მეუღლე იეჰოვას რჩევებით ხელმძღვანელობს, ეს მის მიმართ მეტი პატივისცემით განმაწყობს. მის გადაწყვეტილებებში ეჭვი არ მეპარება და თავს დაცულად ვგრძნობ“. w23.05 21 ¶5