საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „კეთრი“
  • კეთრი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კეთრი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • კეთროვანი, მაგრამ სიხარულითა და სულიერი კურთხევებით აღსავსე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • რას ვსწავლობთ კანონიდან, რომელიც კეთრს ეხებოდა?
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2020
  • თანაგრძნობით განმსჭვალული იესო კეთროვანს კურნავს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „კეთრი“

კეთრი

ბიბლიაში ამ დაავადების აღსანიშნავად გამოიყენება ებრაული სიტყვა ცარაʽათ და ბერძნული სიტყვა ლეპრა. ამ სნეულებით დაავადებულს კეთროვანი ეწოდება.

ბიბლიაში კეთრში მხოლოდ დღეს ამ სახელით ცნობილი დაავადება არ იგულისხმება, რადგან იგი არა მარტო ადამიანს, არამედ ტანსაცმელსაც და სახლსაც უჩნდებოდა (ლვ. 14:55). დღეს კეთრს ჰანსენის დაავადებასაც უწოდებენ მისი გამომწვევი ბაცილის აღმომჩენის, ექიმ გერჰარდ ჰანსენის, პატივსაცემად. მართალია, სიტყვა ცარაʽათში მხოლოდ ჩვენთვის ცნობილი კეთრი არ იგულისხმება, მაგრამ აშკარაა, რომ ბიბლიურ დროში ახლო აღმოსავლეთში ჰანსენის დაავადებად წოდებული სნეულებაც იყო გავრცელებული.

კეთრის ფორმები და მათი გამოვლინება. კეთრი, იგივე ჰანსენის დაავადება, რომელიც ნაკლებად გადამდებია, დღეს სამი ძირითადი ფორმით გვხვდება. ერთ-ერთია კვანძოვანი ფორმა, რომელიც იწვევს კანის გასქელებას და ჯერ სახეზე, შემდეგ კი სხეულის სხვა ნაწილებზე კვანძების წარმოქმნას. ის აგრეთვე აზიანებს ცხვირისა და ხორხის ლორწოვან გარსს. მეორე ფორმას ანესთეზიურ-ლაქისებრი ეწოდება. ის პირველთან შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და, ძირითადად, პერიფერიულ ნერვულ ღეროებს აზიანებს. დაზიანებული კანი შეხებისას მტკივნეულია, ზოგჯერ კი საერთოდ კარგავს მგრძნობელობას. მესამე ტიპის კეთრი პირველი ორი ტიპის სიმპტომებს აერთიანებს.

კეთრის შორს წასული ფორმის დროს დაზიანებული ადგილები წყლულდება და ჩირქდება, დაავადებულს სცვივა თმა და წარბები, ფრჩხილები უნეკროზდება და ძვრება. თანდათანობით თითები, კიდურები, ცხვირი და თვალები ატროფირდება და ქრება. მძიმე ფორმის შემთხვევაში ადამიანი კვდება. ბიბლიაში მოხსენიებულ კეთრში ეს მძიმე დაავადებაც რომ იგულისხმებოდა, აარონის სიტყვებიდანაც ჩანს. ამ დაავადებით დასნეულებული მან „ნახევრად შეჭმულად“ მოიხსენია (რც. 12:12).

ზემოთქმულიდან გამომდინარე გვიადვილდება იმ ბიბლიური მონაკვეთების გაგება, სადაც ამ საშინელ დაავადებაზეა საუბარი. მაგალითად უკეთ გვესმის, რა დაიტეხა თავს უზიამ, როცა გაკადნიერდა და იეჰოვას ტაძარში საკმევლის კმევა მოინდომა (2მფ. 15:5; 2მტ. 26:16—23).

დიაგნოზი. მოსეს კანონში მოცემული მითითებები მღვდელს კეთრის დადგენაში და კეთრისა და სხვა ნაკლებად სერიოზული კანის დაავადებების ერთმანეთისგან გარჩევაში ეხმარებოდა. ლევიანების 13:1—46-დან ჩანს, რომ კეთრის საწყისი შეიძლება გამონაყარი, მუწუკი, ლაქა, ბებერა ან დამწვრობა გამხდარიყო. ზოგჯერ სიმპტომები აშკარად იყო გამოხატული. დაზიანებულ ადგილას თმა გათეთრებული იყო და წყლული კანში ღრმად იყო შეჭრილი. მაგალითად, თეთრ გამონაყარს შეიძლება თმაც გაეთეთრებინა და გამონაყარი ღია ჭრილობად გადაქცეულიყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ადამიანს კეთრი ჰქონდა და ის უწმინდურად უნდა გამოცხადებულიყო. თუ წყლული კანში ღრმად არ იყო შეჭრილი, დაავადებული კარანტინში უნდა მოეთავსებინათ, რის შემდეგაც მღვდელს ხელმეორედ უნდა დაეთვალიერებინა და განესაზღვრა, იყო თუ არა კეთროვანი.

კეთრი შეიძლება იმ სტადიაში გადასულიყო, როცა ის გადამდები აღარ იქნებოდა. მთელი სხეულის კეთრით დაფარვა, გათეთრება და მასზე ღია ჭრილობის არარსებობა იმის ნიშანი იყო, რომ დაავადება განიკურნა და მხოლოდ კვალი დატოვა. მაშინ მღვდელი განკურნებულს წმინდად გამოაცხადებდა, რადგან ის საფრთხეს აღარავის უქმნიდა (ლვ. 13:12—17).

ვინც კეთრისგან განიკურნებოდა, განწმენდის რიტუალი უნდა შეესრულებინა, რაშიც მღვდლის მიერ მსხვერპლის შეწირვა შედიოდა (ლვ. 14:1—32). თუ მღვდელი კეთროვანს უწმინდურად გამოაცხადებდა, მას ტანსაცმელი უნდა შემოეხია, მოუვლელი თავით ევლო, ულვაში ან ზედა ტუჩი დაეფარა და ეყვირა, უწმინდური, უწმინდურიო. მას ბანაკის გარეთ განცალკევებით უნდა ეცხოვრა (ლვ. 13:43—46), რათა არ წაებილწა ისინი, ვის შორისაც იეჰოვა მკვიდრობდა (რც. 5:1—4). როგორც ჩანს, ბიბლიურ დროში კეთროვნებს ერთმანეთთან ჰქონდათ ურთიერთობა ან ერთად ცხოვრობდნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ (2მფ. 7:3—5; ლკ. 17:12).

ტანსაცმელზე და სახლში გაჩენილი კეთრი. ზოგჯერ კეთრი შალისა და სელის ტანსაცმელს ან ტყავის ნივთებს უჩნდებოდა. ზოგჯერ წყლული რეცხვით ქრებოდა. დაწყლულებულ ნივთებს კარანტინში ათავსებდნენ. თუ მოყვითალო-მომწვანო ან მოწითალო წყლული არ გაქრებოდა, ეს განუკურნებელი კეთრის ნიშანი იყო, რის გამოც ეს ნივთი უნდა დაეწვათ (ლვ. 13:47—59). თუ მოყვითალო-მომწვანო ან მოწითალო წყლული სახლის კედელზე გაჩნდებოდა, მღვდელი სახლს რამდენიმე დღით ჩაკეტავდა. ამის შემდეგ დაწყლულებული ქვები კედლიდან უნდა გამოეღოთ და კედლები შიგნიდან ჩამოეფხიკათ. გამოღებული ქვები და ჩამოფხეკილი ბათქაში ქალაქგარეთ უწმინდურ ადგილზე უნდა გადაეყარათ. თუ წყლული კვლავ გაჩნდებოდა, სახლი უწმინდურად უნდა გამოეცხადებინათ და დაენგრიათ, ნანგრევები კი უწმინდურ ადგილზე გადაეყარათ. იმ სახლისთვის, რომელსაც წმინდად გამოაცხადებდნენ, განწმენდის რიტუალი უნდა შეესრულებინათ (ლვ. 14:33—57). დანამდვილებით ვერ ვიტყვით, მაგრამ როგორც ვარაუდობენ, ტანსაცმელსა და სახლში გაჩენილ კეთრში ჭრაქი ან ობი იგულისხმებოდა.

როგორც ნიშანი. ერთ-ერთი ნიშანი, რომლითაც მოსეს ისრაელებისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ ღვთისგან იყო წარგზავნილი, კეთრს უკავშირდებოდა. ღვთის მითითებისამებრ მოსემ ხელი ჩაიყო უბეში და იქიდან კეთრისგან თოვლივით გათეთრებული ამოიღო, ხოლო როცა ისევ უბეში ჩაიყო, ხელს ხორცისფერი დაუბრუნდა (გმ. 4:6, 7). ღვთის სასჯელის ნიშნად მირიამი კეთრმა „თოვლივით თეთრად“ დაფარა, რადგან მოსეს წინააღმდეგ აიმაღლა ხმა. მოსეს თხოვნით ღმერთმა ის განკურნა, მაგრამ მან შვიდ დღეს დაჰყო ბანაკის გარეთ (რც. 12:1, 2, 9—15).

ელისეს დროს. სირიელი ნაამანი „ძლიერი ვაჟკაცი იყო, მაგრამ კეთროვანი“ (2მფ. 5:1). სიამაყის გამო მან კინაღამ ხელიდან გაუშვა განკურნების შესაძლებლობა, თუმცა ბოლოს გაითვალისწინა ელისეს მითითება და იორდანეში შვიდჯერ ჩაყვინთა, რის შედეგადაც „განუახლდა ხორცი პატარა ბავშვის ხორცივით და განიწმინდა“ (2მფ. 5:14). ამის შემდეგ ის იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა. ელისეს მსახურმა, გეხაზიმ, ღვთის წყალობის სათავისოდ გამოყენება მოინდომა და ნაამანს თავისი ბატონის სახელით მოტყუებით გამოართვა საჩუქარი. ამ საქციელისთვის ღმერთმა გეხაზი დასაჯა და ის კეთრისგან „თოვლივით თეთრი“ გახდა (2მფ. 5:20—27).

ელისეს დროს ისრაელშიც იყვნენ კეთროვნები. ამაზე მოწმობს ბიბლიის ის მონაკვეთი, სადაც საუბარია სამარიის კარიბჭესთან მსხდომ ოთხ კეთროვანზე. ელისე ამ დროს შიგ ქალაქში იმყოფებოდა (2მფ. 7:3). მთლიანობაში ისრაელებს არ სწამდათ ელისესი, ჭეშმარიტი ღვთის კაცის. ებრაელებმა არც იესო მიიღეს მშობლიურ მხარეში. ამიტომაც თქვა მან: „ელისე წინასწარმეტყველის დროს ისრაელში მრავალი კეთროვანი იყო, მაგრამ არც ერთი მათგანი არ განწმენდილა სირიელი ნაამანის გარდა“ (ლკ. 4:27).

იესოსა და მისი მოწაფეების მიერ განკურნებული კეთროვნები. გალილეაში მსახურებისას იესომ განკურნა კეთროვანი, რომელსაც ლუკას აღწერილობით „მთელ სხეულზე კეთრი მოსდებოდა“. იესომ განკურნებულს მომხდარის შესახებ ვინმესთვის მოყოლა აუკრძალა და უთხრა: „წადი, მღვდელს ეჩვენე და შესაწირავი გაიღე შენი განწმენდისთვის, როგორც მოსემ დააწესა, მათთვის დასამოწმებლად“ (ლკ. 5:12—16; მთ. 8:2—4; მრ. 1:40—45).

როცა იესომ 12 მოციქული გაგზავნა საქადაგოდ, სხვადასხვა მითითება მისცა და კეთროვნების განწმენდაც დაავალა (მთ. 10:8). სამარიისა და გალილეის გავლისას იესომ ერთ სოფელში ათი კეთროვანი განკურნა. მათგან მხოლოდ ერთი სამარიელი „დაბრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს“. ის იესოს ფეხებთან პირქვე დაემხო და მადლობა გადაუხადა (ლკ. 17:11—19). აღსანიშნავია ისიც, რომ იესო სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ბეთანიაში კეთროვანი სიმონის (რომელიც შესაძლოა მან განკურნა) სახლში იმყოფებოდა, როცა მარიამმა მას ძვირფასი ნელსაცხებელი სცხო (მთ. 26:6—13; მრ. 14:3—9; ინ. 12:1—8).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება