ახალგაზრდების შეკითხვები
რატომ არის დედა ასე ავად?
ელს მამა კიბოთი გარდაეცვალაa. მან იცოდა მკვდრეთით აღდგომის შესახებ ბიბლიური აღთქმა, რამაც ასე თუ ისე, აატანინა ეს დანაკლისი. მაგრამ, როდესაც დედასაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, საშინელი ტკივილი კვლავ განუახლდა. მეორე მშობლის მოსალოდნელ დაკარგვაზე გაფიქრებაც კი ელს შიშის ზარს სცემდა. „რატომ უნდა იყოს დედაჩემი ავად?“ — ეს კითხვა მოსვენებას არ აძლევდა გულმოკლულ შვილს.
დოქტორ ლეონარდ ფელდერის სიტყვების თანახმად, „60 მილიონზე მეტ ამერიკელს . . . საყვარელი ადამიანი ავადმყოფი ან ინვალიდი ჰყავს“. ფელდერი იმასაც აღნიშნავს, რომ „4-დან ერთ ამერიკელ მუშა-მოსამსახურეს კიდევ ერთი დამატებითი საქმე უჩნდება — დაავადებულ მშობელზე“ ან სხვა საყვარელ ადამინზე ზრუნვა. თუ შენი მდგომარეობაც ასეთივეა, იცოდე, რომ ბევრ სხვასაც აქვს მსგავსი პრობლემა. მიუხედავად ამისა, საყვარელი ადამიანის დაავადება შემზარავი და მტკივნეულია. როგორ შეგიძლია ამ პრობლემასთან გამკლავება?
რატომ არის დედა (ან მამა) ავად?
იგავნის 15:13-ში ნათქვამია: „გულის წუხილისას სულიც იტანჯება“. მშობლის დაავადებისას ძლიერი ემოციური ტკივილის განცდა სრულიად ნორმალურია. მაგალითად, შესაძლებელია მშობლის დაავადებაში საკუთარ თავს ადანაშაულებდე. შეიძლება ადრე ერთმანეთში უთანხმოება გქონდათ ან რამდენჯერმე სერიოზული შეკამათებაც კი მოგსვლიათ. ახლა კი, როდესაც მშობელი ავად გაგიხდა, რატომღაც გგონია, რომ ამაში ბრალი შენ მიგიძღვის. გახსოვდეს, რომ ოჯახური უთანხმოებები შეიძლება სტრესის მიზეზი გახდეს, მაგრამ იშვიათად იწვევს სერიოზულ დაავადებას. უთანხმოებები და მცირე შეკამათებები მოსიყვარულე ქრისტიანულ ოჯახებშიც კი ხდება. ამიტომ ტყუილად ნუ დაიმძიმებ თავს დანაშაულის ტვირთით და ნუ იფიქრებ, რომ მშობლის ავადმყოფობის მიზეზი შენ ხარ.
დედის ან მამის ავადმყოფობა უმთავრესად, პირველი წყვილის, ადამისა და ევას, ცოდვის შედეგია (რომაელთა 5:12). იმ უპირველესი ცოდვის გამო „მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე“ (რომაელთა 8:22).
მტანჯველი გრძნობები
მიუხედავად ამისა, შეიძლება მაინც წუხდე და განიცდიდე. ტერის დედას კანის ტუბერკულოზი აქვს. ეს საშინელი დაავადებაა. ტერი ყვება: „თუ სადმე წავალ, ყოველთვის ვნერვიულობ და ვფიქრობ, დედას ხომ არაფერი უჭირს. ამ დროს მიჭირს გონების კონცენტრირება. მიუხედავად ამისა, დედისთვის ჩემი გრძნობები არასოდეს გამიმხელია, რადგან არ მინდოდა სანერვიულო დამემატებინა“.
იგავნის 12:25-ში ნათქვამია: „სადარდებელი კაცის გულს აღონებს“. ასეთ სიტუაციაში მყოფი ახალგაზრდები ხშირად დეპრესიაში ცვივდებიან. ტერის გულს უკლავდა იმის დანახვა, რომ დედას ელემენტარული რამის გაკეთებაც კი არ შეეძლო. ასეთ სტრესს ისიც ემატება, რომ ბავშვებს, და ხშირად კი გოგონებს, საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებაც უწევთ. პროფესორი ბრუს კომპასი აღნიშნავს: „გოგონებს ტვირთად აწვებათ საოჯახო საქმეები, მაგალითად, სახლის მოვლა და უმცროს და-ძმებზე ზრუნვა. ეს კი მათ შესაძლებლობებს აღემატება და მათ სოციალურ განვითარებასაც ხელს უშლის“. ამის გამო ზოგი მოზარდი საკუთარ თავში იკეტება და სევდიანი მუსიკის მოსმენის გარდა ყველაფრის გაკეთების სურვილს კარგავს (იგავნი 18:1, აქ).
ჩვეულებრივია იმის შიშიც, რომ ერთ მშვენიერ დღეს დედა (ან მამა) აღარ იქნება. ტერი მარტოხელა დედის ერთადერთი შვილია. როდესაც დედა საავადმყოფოში მიდიოდა, გოგონას ყოველთვის იმის შიში ჰქონდა, რომ მას ცოცხალს ვეღარ ნახავდა და ტიროდა. ტერი ყვება: „ჩვენ ხომ ოჯახში მხოლოდ ორნი ვიყავით. არაფრით არ მინდოდა ჩემი საუკეთესო მეგობრის დაკარგვა“. მსგავსი გრძნობა ეუფლებოდა მართასაც: „ახლა 18 წლისა ვარ, მაგრამ კვლავინდებურად მეშინია მშობლების დაკარგვის. მათ გარეშე, ხომ მარტოობის საშინელი გრძნობა დამეუფლებოდა“. მშობლების ავადმყოფობაზე კიდევ ერთი გავრცელებული რეაქცია არის ძილის დარღვევა, სიზმარში კოშმარების ნახვა და კვების მოშლილობა.
რის გაკეთება შეგიძლია
რაც უნდა რთულად გეჩვენებოდეს ახლა მდგომარეობა, იცოდე, რომ შეგიძლია მასთან გამკლავება! გაუზიარე მშობლებს შენი შიში და საწუხარი. გაიგე, რამდენად სერიოზულია მშობლის მდგომარეობა. როგორია მისი გამოჯანმრთელების ალბათობა? რა უნდა გააკეთო იმ შემთხვევისთვის, თუ მშობელი არ გამოჯანმრთელდება? არსებობს იმის რაიმე შესაძლებლობა, რომ ოდესმე ეს დაავადება შენც განგივითარდეს? მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე საუბარი მშობლებისთვის ადვილი არ არის, თუ მშვიდად და მოკრძალებით სთხოვ მხარში ამოდგომას, ისინი, ალბათ, ყველაფერს იღონებენ შენს დასახმარებლად.
მშობლებს დადებითი გრძნობებიც გაუზიარე. როდესაც გაიგო, რომ დედა კიბოთი უკვდებოდა, ელმა ვერ შეძლო ამის გაკეთება. ის იხსენებს: „დედას ვერ ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარდა. ეჭვი არ მეპარება, რომ მას სურდა ჩემგან ამ სიტყვების მოსმენა, მაგრამ მაშინ, მოზარდობის ასაკში, ამის თქმა მეუხერხულებოდა. ცოტა ხნის შემდეგ დედა დამეღუპა. მის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რადგან ხელიდან გავუშვი მისი გახარების შესანიშნავი შესაძლებლობა. ახლა კი ძალიან ვნანობ; დედა ხომ ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი იყო“. ასე რომ, ნურასოდეს მოგერიდება მშობლისთვის იმის თქმა, რომ ძალიან გიყვარს.
თუ შესაძლებელია, შეისწავლე მშობლების დაავადება (იგავნი 18:15). ამაში შეიძლება ოჯახის ექიმი დაგეხმაროს. მიღებული ცოდნა მეტი თანაგრძნობის, მოთმინებისა და გულისხმიერების გამოვლენაში დაგეხმარება. აგრეთვე შეგამზადებს იმ ნებისმიერი ფიზიკური ცვლილებისთვის, რომელიც შეიძლება მშობლის ორგანიზმში მოხდეს, მაგალითად, სხეულზე ნაიარევების დარჩენა, თმების გაცვენა ან ფიზიკური დაუძლურება.
რა უნდა ქნა, თუ მშობელი საავადმყოფოში წევს? ეცადე მონახულებისას მხიარული და გამამხნევებელი ატმოსფერო შეუქმნა. საუბრისას მაქსიმალურად შეინარჩუნე დადებითი განწყობილება. მოუყევი სკოლასა და ქრისტიანულ მსახურებასთან დაკავშირებული ახალი ამბები (შეადარეთ იგავნი 25:25). თუ შენს ქვეყანაში მიღებულია ნათესავების მხრიდან ავადმყოფისთვის საჭმლითა და სხვა სახის მომსახურების გაწევით დახმარება, ყოველგვარი წუწუნის გარეშე მიიღე მასში მონაწილეობა. მოხდენილი ჩაცმულობა და სათანადო გარეგნული იერი არა მხოლოდ მშობლისთვის იქნება სასიამოვნო სანახავი, არამედ საავადმყოფოს პერსონალზეც დადებითად იმოქმედებს და შეიძლება შენი მშობლების მიმართ მეტი ყურადღებაც გამოავლინონb.
ნაავადმყოფარ მშობელს სახლში მოვლა ხომ არ სჭირდება? თუ დიახ, მის ხელშესაწყობად ყოველი ღონე იხმარე. გამოავლინე ინიციატივა და მონაწილეობა მიიღე საოჯახო საქმეებში. შეეცადე მიბაძო იეჰოვას და „უშურველად“ (სსგ) და „დაუყვედრებლად“ გასცე შენი ძალ-ღონე (იაკობი 1:5). მაქსიმალურად ეცადე, გამოავლინო ოპტიმისტური, დადებითი განწყობილება.
რა თქმა უნდა, მშობლის ავადმყოფობა სკოლის დავალებებისგან არ გათავისუფლებს. გამოყავი დრო მათ შესასრულებლად, რადგან განათლების მიღებას საყვარელი ადამიანის ავადმყოფობა მნიშვნელოვნებას არ უკარგავს. თუ შესაძლებელია, დასვენებასა და გართობასაც დაუთმე დრო (ეკლესიასტე 4:6, აქ). ეს ძალებს განგიახლებს, შედეგად კი უკეთესად შეძლებ მშობლის მოვლას. და ბოლოს, ნუ ჩაიკეტები საკუთარ თავში. ნუ უგულებელყოფ თანაქრისტიანების მხარდაჭერას (გალატელთა 6:2). ტერი ყვება: „კრებამ ოჯახის მაგივრობა გამიწია. უხუცესები ყოველთვის მზად იყვნენ ჩემს დასახმარებლად და გასამხნევებლად. ამას ვერასოდეს დავივიწყებ“.
ნუ დაკარგავ სულიერ წონასწორობას
ასეთ სიტუაციებში უმნიშვნელოვანესია სულიერი წონასწორობის შენარჩუნება. მთელი ძალით ჩაები სულიერ საქმიანობაში: იკითხე ბიბლია, დაესწარი კრების შეხვედრებს და იქადაგე (1 კორინთელთა 15:58). ზაფხულის თვეებში ტერიმ უფრო აქტიურად დაიწყო ქადაგება და დამხმარე პიონერი გახდა. ის ყვება: „დედა ყოველთვის ხელს მიწყობდა იმაში, რომ კრების შეხვედრები არ გამეცდინა და ყოველთვის მომზადებული წავსულიყავი. ეს ორივესთვის სასარგებლო აღმოჩნდა. რადგან დედას ყოველთვის არ შეეძლო კრების შეხვედრებზე დასწრება, ამიტომ მე მეტი ყურადღებით ვიყავი, რათა შემდეგ ყველაფერი მისთვის მომეყოლა. ამგვარად, თუკი კრებას ვერ დაესწრებოდა, მისთვის სულიერი საზრდოს მიწოდება ჩემზე იყო დამოკიდებული“.
„ნიუ-იორკ ტაიმზის“ ერთი სტატიის რეზიუმეში აღნიშნული იყო სოციალური სფეროს ერთ-ერთი თანამშრომლის შესახებ, რომელსაც „აოცებდა ის ფაქტი, რომ მშობლების ავადმყოფობით მიყენებული ტრავმის მიუხედავად, ბავშვები შესანიშნავად ვითარდებოდნენ და დიდ წარმატებებსაც კი აღწევენ“. მან აღნიშნა: „ისინი გარკვეულ საქმეებში თავიანთდა უნებურად დახელოვდნენ . . . ბავშვები, რომლებიც ამ ტვირთს უძლებენ, სხვასაც ბევრს გაუძლებენ“.
შენც გაუძლებ ცხოვრების ამ რთულ პერიოდს. მაგალითად, ტერის დედა უკვე საკმაოდ მომჯობინდა და საკუთარი თავის მოვლა შეუძლია. გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება შენი მშობელიც გამოჯანმრთელდეს. დღეს კი არ დაგავიწყდეს, რომ შენი ზეციერი მეგობარი, იეჰოვა, ყოველთვის შენს გვერდით არის. ის ‘ლოცვების მომსმენი’ ღმერთია და არასოდეს წაუყრუებს დახმარებისთვის აღვლენილ ლოცვებს (ფსალმუნი 64:3). იეჰოვა შენ და შენს ღვთისმოშიშ მშობელს პრობლემასთან გასამკლავებლად ‘აღმატებულ ძლიერებას’ მოგცემთ (2 კორინთელთა 4:7; ფსალმუნი 40:4).
[სქოლიოები]
a ზოგი სახელი შეცვლილია.
b 1991 წლის 8 აპრილის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ მოცემულია სტატია: „ავადმყოფის მონახულება — როგორ შეიძლება მისთვის დახმარების აღმოჩენა“ (რუს.), რომელშიც მრავალ პრაქტიკულ რჩევას იპოვი.
[ჩანართი 14 გვერდზე]
„თუ სადმე წავალ, ყოველთვის ვნერვიულობ და ვფიქრობ, დედას ხომ არაფერი უჭირს“.
[სურათები 15 გვერდზე]
მშობლის ავადმყოფობის შესახებ გარკვეული ცოდნის მიღება, მის დასახმარებლად უკეთეს შესაძლებლობას მოგცემდა.