53 ᲞᲐᲕᲚᲔ
„ნუ გეშინიათ“
ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ სავლე გაქრისტიანდა, იესომ მასზე თქვა, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგების გამო ბევრი რამის გადატანა მოუწევდა. იესოს სიტყვები გამართლდა. დაახლოებით 20 წლის შემდეგ პავლემ კორინთელებს მისწერა, რომ ბევრჯერ სცემეს, სიკვდილსაც არაერთხელ ჩახედა თვალებში, სამჯერ გადაურჩა ხომალდის მსხვრევას და ერთხელ მთელი დღე და ღამე გაატარა შუა ზღვაში. თუმცა განსაცდელები ამით არ დამთავრებულა.
პავლე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დაპატიმრებული კესარეაში. გამგებელი ფელიქსი იმედოვნებდა, რომ პავლე ფულს მისცემდა. ამიტომ მას პატიმრობაში ტოვებდა. რაღაც დროის შემდეგ კესარეაში ფელიქსის ნაცვლად ფესტუსი დაინიშნა გამგებლად. პავლემ მას სთხოვა, კეისართან გაეგზავნა, რათა მას მოესმინა მისი საქმე. ფესტუსმაც დააკმაყოფილა პავლეს მოთხოვნა და ასე აღმოჩნდა ის კვლავაც ხომალდზე. მას წინ საკმაოდ ხანგრძლივი, დამქანცველი მოგზაურობა ელის – რომში ჩასასვლელად მათ 3 000 კილომეტრზე მეტი უნდა გაიარონ. გემზე მასთან ერთად არიან მისი მეგობრები, ექიმი ლუკა და არისტარქე (კოლ. 4:14).
თავიდან ისინი მირაში ჩადიან. იქ რომაელ ასისთავს, იულიუსს, პავლე და კიდევ რამდენიმე პატიმარი რომისკენ მიმავალ სხვა გემზე გადაჰყავს – ეს ეგვიპტიდან მომავალი მარცვლეულით დატვირთული ხომალდია. ლუკას სიტყვებიდან ჩანს, რომ პირქარის გამო მათ ძალიან უჭირთ ზღვაში გადაადგილება. საბოლოოდ, როგორღაც ახერხებენ „მყუდრო ნავსაყუდელის“ სახელით ცნობილ ნავსადგურში მისვლას. პავლე ფიქრობს, რომ სჯობს, იქ გამოიზამთრონ, რადგან რომამდე ჩასვლა უსაფრთხო არ იქნება.
ის გამბედაობას იკრებს და იულიუსს აფრთხილებს, რომ ეს მგზავრობა დააზარალებს და ბევრ რამეს დაკარგავენ. თუმცა იულიუსი არ ითვალისწინებს მის რჩევას და სხვებს უჯერებს, რაც მოგვიანებით სანანებელი უხდება. სულ მალე ამოვარდნილი გრიგალის გამო ხომალდი წონასწორობას ვეღარ ინარჩუნებს და მას ტალღები იტაცებს. ქარიშხალი უფრო და უფრო ძლიერდება, ამიტომ მეზღვაურები ხომალდის შემსუბუქებას იწყებენ. რამდენიმე დღე ლუკმასაც ვერ იდებენ პირში. ასე გადის თითქმის ორი კვირა და მათ გადარჩენის იმედიც ეწურებათ.
პატიმარი პავლე ხომალდზე მყოფთ გადარჩენაში დაეხმარა.
გემის დაღუპვა გარდაუვალი ჩანს, მაგრამ პავლე თავდაჯერებით ეუბნება გემზე მყოფთ: „ნუ გეშინიათ, არცერთი თქვენგანი არ დაიღუპება, მხოლოდ ხომალდი დაიმსხვრევა“. მე-14 ღამეს მეზღვაურებს ჰგონიათ, რომ ხმელეთს მიუახლოვდნენ და ხომალდიდან ნავით გაქცევას ცდილობენ, მაგრამ პავლე აფრთხილებს, რომ თუ სიცოცხლის შენარჩუნება სურთ, გემზე უნდა დარჩნენ. ამიტომ ჯარისკაცები თოკებს ჭრიან და ნავს ზღვაში აგდებენ.
გამთენიისას პავლე გემზე მყოფებს სთხოვს, რომ საჭმელი ჭამონ და არწმუნებს: „თქვენი თავიდან თმის ღერიც კი არ ჩამოვარდება“. ამის შემდეგ კი ღმერთს ყველას თვალწინ მადლობას უხდის. როცა ჭამას ასრულებენ, ისინი მორჩენილ ხორბალს წყალში ყრიან. პავლეს გაბედულება სხვებსაც მატებს მხნეობას. გამთენიისას ყურეს ხედავენ, თუმცა გემი მეჩეჩზე ჯდება, აზვირთებული ტალღები კი კიჩოს ამსხვრევს. საბოლოოდ გემი იმსხვრევა, თუმცა პავლეს სიტყვებისამებრ ნაპირზე ყველა უვნებელი გადის.
ნაპირზე რომ გადიან, მხოლოდ ამის შემდეგ იგებენ, რომ ეს კუნძული მალტაა. პავლე და მისი თანამსახურები აქაც ქადაგებენ და იეჰოვა მათი მეშვეობით სასწაულებსაც ახდენს. ხალხიც ემადლიერება მათ და პატივისცემით ისტუმრებენ.
მომდევნო წლის გაზაფხულზე პავლე რომში ჩავიდა, სადაც ორი წლის განმავლობაში ჯარისკაცის მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ. ამ რთული სიტუაციის მიუხედავად, ის კვლავაც ავლენდა გაბედულებას, არ წყვეტდა ქადაგებას და წერილებსაც სწერდა თანაქრისტიანებს. ის გათავისუფლების შემდეგაც თავდაუზოგავად ქადაგებდა. რაღაც დროის შემდეგ პავლე ისევ დააპატიმრეს რომში და ეს პატიმრობა მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, რომაელებმა ეს ღვთისმოშიში და გაბედული კაცი სიკვდილით დასაჯეს. თუმცა პავლეს სიკვდილი არ აშინებდა. მას „უკანასკნელ მტერს“ უწოდებდა, რომელსაც ბოლო მოეღება (1 კორ. 15:26). მან კარგად იცოდა, რომ, დაპირებისამებრ, ის უკვდავებას მიიღებდა და ქრისტესთან ერთად მეფედ და მღვდლად იმსახურებდა.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა პავლეს გაბედულება მისი ცხოვრების ამ ეტაპზე?
გამოიკვლიეთ
1) რატომ მიანიჭა სავლემ თავის რომაულ სახელს, პავლეს, უპირატესობა? (w08 3/1 12 ¶4, 5)
2) სავარაუდოდ, რას აკეთებდა პავლე და რა სირთულეებს ხვდებოდა იმ ცხრა წლის განმავლობაში, როცა ის არ მოიხსენიება? (w00 7/15 26, 27, ჩარჩო ¶3, 4)
3) გონივრული იყო პავლეს რჩევა, რომ არ გაეგრძელებინათ იტალიისკენ მგზავრობა? (საქ. 27:9, 10; wp17.5 9 ¶3, 4) სურათი 1
სურათი 1: პირველი საუკუნის სავაჭრო გემი, რომლის მსგავსითაც პავლემ მირამდე იმგზავრა.
4) რატომ თქვეს მალტელებმა პავლეზე: „ეს კაცი ნამდვილად მკვლელია“? (საქ. 28:4; w15 10/1 9 ¶5, 6)
რას სწავლობთ
პავლემ თანამგზავრებს უთხრა, რომ ღვთის წყალობით მათი თავიდან თმის ღერიც კი არ ჩამოვარდებოდა (საქ. 27:22, 34). როცა ფიქრობთ, რისი გაკეთების ძალა შესწევს იეჰოვას, როგორ აისახება ეს ქადაგებისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე?
პავლეს ლოცვის შემდეგ ხომალდზე მყოფთ მხნეობა დაუბრუნდათ (საქ. 27:35, 36). რა შემთხვევებში გაამხნევებს ჩვენი ლოცვა სხვებს? სურათი 2
სურათი 2
როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ პავლეს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
პავლე იესომ თანამმართველად აირჩია. ზემოთ განხილულის ფონზე, რატომ ხართ მადლიერი, რომ ასეთი მმართველი გეყოლებათ?
გაიგეთ მეტი
გაიგეთ, რა როლს ასრულებდა ზღვაოსნობა პირველ საუკუნეში და როგორ შეუწყო ხელი ზღვით მგზავრობამ ქრისტიანობის გავრცელებას.
პავლეს მსგავსად, როგორ ავლენენ უხუცესები მოთმინებასა და თავგანწირვის სულს?
„მიჰბაძეთ მათ, ვინც მოთმინებით იღებს დანაპირებს – პავლე“ (3:22)