54 ᲛᲝᲪᲘᲥᲣᲚᲘ ᲘᲝᲐᲜᲔ
ურთულეს პერიოდშიც კი გაბედული
„ᲐᲮᲚᲐ უკანასკნელი დროა“ – ეს სიტყვები ღრმად მოხუცებულმა მოციქულმა იოანემ დაწერა. ათწლეულებით ადრე ჯერ იესო, შემდეგ კი მოციქული პავლე საუბრობდა, რომ განდგომილება მოიკიდებდა ფეხს. როცა ეს ასეც მოხდა, იოანე და სხვა მოციქულები ცდილობდნენ, კრება გამხრწნელი გავლენისგან დაეცვათ (მათ. 7:15; საქ. 20:29, 30; 2 თეს. 2:6, 7). თუმცა იმ დროისთვის, როცა იოანემ ზემოთქმული სიტყვები დაწერა, მოციქულთაგან მხოლოდ ის იყო ცოცხალი და მარტოს უწევდა განდგომილების შეკავება. წარმოიდგინეთ, როგორ უმძიმებდა გულს მოციქულს იმის დანახვა, რომ ერთმანეთის მიყოლებით ყველა კრებაში იკიდებდა ფეხს განდგომილება. თუმცა მას იმედი არ გადაუწურავს და ბოლომდე გაბედულებას იჩენდა.
როგორ შეძლო ღრმად მოხუცებულმა მოციქულმა, გამკლავებოდა ისეთ სირთულეებს, როგორებიცაა დევნა, გადასახლება და განდგომილება?
90 წელს გადაცილებული იოანე ისეთი გულმოდგინე მქადაგებელი იყო, რომ „ღვთისა და იესოს შესახებ ქადაგების გამო“ კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს. ეს ეგეოსის ზღვაში მდებარე უდაბური და ქვა-ღორღიანი კუნძული იყო. რა ეხმარებოდა იოანეს, რომ ამ სიტუაციაშიც არ დაეკარგა იმედი? ალბათ მას კარგად ახსოვდა და მხნეობას მატებდა იესოს სიტყვები: „ყოველდღე თქვენთან ვიქნები ქვეყნიერების აღსასრულამდე!“ (მათ. 28:20).
ამ დაპირების წარმოთქმიდან 60 წელზე მეტი ხნის შემდეგ პატმოსზე მყოფ იოანეს იესომ ღვთის ნებით გასაოცარი რამ ახილვინა. ეს იყო ხილვა „უფლის დღის“ შესახებ, როცა წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგებოდა. იესომ ისიც ანახა იოანეს, რომ თავის მიმდევრებს ურთულესი განსაცდელების დროსაც დაეხმარებოდა ერთგულების შენარჩუნებაში.
ეს ხილვა იესომ იოანეს „ნიშნებით აჩვენა“. შესაბამისად, მოციქული ალბათ ბევრ რამეს ვერ ჩასწვდა. თუმცა ერთი რამ აშკარა იყო: განდგომილებას, რომელსაც კრებებში ფეხი ჰქონდა მოკიდებული, იეჰოვა და იესო საბოლოოდ შეაჩერებდნენ. „უფლის დღეს“ ღვთის ხალხის რიცხვი უზომოდ გაიზრდებოდა და ისინი იეჰოვას საოცარი საქმეების მომსწრენი გახდებოდნენ. ზეციერ ბრძოლაში სატანა დამარცხდებოდა და მას დედამიწაზე გადმოაგდებდნენ. ბოლოს კი ის ერთხელ და სამუდამოდ განადგურდებოდა. ეს ხილვა ნამდვილად შემატებდა გამბედაობას იოანეს, რომელმაც ყველაფერი დაწერა, „რაც ნახა“.
გადასახლებაში ყოფნამ იოანე ვერ გატეხა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანების დაუძინებელი მტერი, რომის იმპერატორი დომიციანე, მოკვდა, იოანე გაათავისუფლეს. მოგვიანებით მოციქულმა, რომელიც იმ დროისთვის, სავარაუდოდ, ეფესოში ცხოვრობდა, არცთუ ისე მარტივი დავალება მიიღო.
100 წელს მიტანებულ იოანეს ღვთის შთაგონებით ბოლო, მეოთხე სახარება უნდა დაეწერა. მან კარგად იცოდა, რომ მისი ნაწერები სწრაფად გავრცელდებოდა კრებებში და ბევრს შემატებდა რწმენასა და გამბედაობას. ეს ქრისტიანობის მოძულეთ დიდად განარისხებდა. ამიტომ მოციქული დიდ საფრთხეში იგდებდა თავს. თუმცა ამან ის ვერ შეაკავა, რომ ღვთის დავალება შეესრულებინა.
იესოს სიკვდილის შემდეგ 70 წელი იყო გასული, მაგრამ იოანეს ყველაფერი გუშინდელი დღესავით ახსოვდა იმის წყალობით, რომ იეჰოვა მას წმინდა სულს აძლევდა. იესოს ცხოვრება მოციქულმა შთამბეჭდავად და გულში ჩამწვდომად აღწერა. ისიც აღსანიშნავია, რომ იმ ყველაფრის 90 პროცენტს, რაც მან თავის სახარებაში ჩაწერა, სხვა არცერთ სახარებაში არ ვხვდებით. მაგალითად, მხოლოდ იოანე მოიხსენიებს ლაზარეს მკვდრეთით აღდგომას და იმას, რომ ამის შემდეგ რელიგიურმა წინამძღოლებმა მისი მოკვლა განიზრახეს (იოან. 11:1–46; 12:10). გარდა ამისა, იოანეს დეტალურად აქვს აღწერილი, რა უთხრა იესომ მოწაფეებს იმ ღამით, როცა გასცეს, და როგორ ილოცა მათთვის. თავისი სახარებით მან მართლაც დიდი საჩუქარი გაუკეთა ყველა ქრისტიანს.
იმავე პერიოდში ღვთის შთაგონებით იოანემ სამი წერილიც მისწერა თანაქრისტიანებს. ამ წერილებში ის პირდაპირ საუბრობს კრებაში არსებულ განდგომილებაზე და თანაქრისტიანებს აფრთხილებს, რომ განდგომილებთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდეთ და არც კი მიესალმონ მათ. სამივე წერილი სიყვარულითაა განმსჭვალული და იმედის მომცემია. სწორედ ამ წერილებში აღნიშნავს იოანე, რომ „ღმერთი სიყვარულია“ და ზუსტად ეს სიყვარული გამოსჭვივის მისი რჩევებიდან თუ გამამხნევებელი სიტყვებიდან. ის სიხარულსაც გამოხატავს, რომ მისი სულიერი შვილები ჭეშმარიტების გზას ადგანან. ამის მოსმენა მათ ნამდვილად შემატებდა ძალებს, რომ არჩეულ კურსს მიჰყოლოდნენ.
მართალია, განდგომილები კვლავაც ცდილობენ სხვების შეცდომაში შეყვანას, მაგრამ ქრისტიანულ კრებაში ვეღარ მოიკიდებს ფეხს განდგომილება, როგორც ეს იოანეს სიკვდილის შემდეგ მოხდა (ეს. 54:17; საქ. 3:21). თუმცა იოანეს მსგავსად ჩვენც შევხვდებით ბევრ განსაცდელს და დევნას. რწმენის გამო შეიძლება დაგვაპატიმრონ კიდეც. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს იოანეს მაგალითი და გადაწყვეტილი გვქონდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, კვლავაც გაბედულად ვიაროთ ღვთის გზით!
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა მოციქული იოანეს გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) საიდან ჩანს, რომ იოანეს ძლიერი ხასიათი ჰქონდა? (bt 33, ჩარჩო ¶3, 4)
2) რატომ თქვეს იოანეზე, რომ „უსწავლელი და უბრალო“ ადამიანი იყო? (საქ. 4:13; w08 5/15 31 ¶1)
3) რატომ თქვა იესომ იოანეზე, რომ მის მოსვლამდე დარჩებოდა? (იოან. 21:22; w05 1/15 13 ¶14, 15)
4) რა გვარწმუნებს, რომ ნამდვილად იოანემ დაწერა მისი სახელით ცნობილი სახარება? (it „იოანეს სახარება“ ¶2–8) სურათი 1
Fondation Martin Bodmer, Cologny (Genève)
სურათი 1: დაახლ. ახ. წ. II საუკუნით დათარიღებული ხელნაწერი სათაურით „იოანეს სახარება“
რას სწავლობთ
იოანეს მიერ დაწერილ ბიბლიის წიგნებში მას 100-ზე მეტჯერ აქვს ნახსენები იესოს მსხვერპლი და ის კურთხევები, რაც მას მოაქვს. ჩვენ როგორ შეგვიძლია იოანეს მსგავსად გამოვხატოთ მადლიერება იესოს მიერ გაღებული მსხვერპლისთვის?
იოანე 100 წელს იყო მიტანებული, როცა ღვთის შთაგონებით ბიბლიის ხუთი წიგნი დაწერა. რას ვიგებთ აქედან ხანდაზმულების მიმართ იეჰოვას დამოკიდებულების შესახებ? სურათი 2
სურათი 2
როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იოანეს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
იოანე იესომ თანამმართველად აირჩია. რატომ ხართ მადლიერი, რომ ასეთი მმართველი გეყოლებათ?
გაიგეთ მეტი
დღესაც შეუძლიათ ასაკოვან და-ძმებს ისეთივე გაბედულება გამოავლინონ, როგორსაც იოანე ავლენდა?
იოანე ხშირად საუბრობდა სიყვარულზე. ნახეთ, რისი სწავლა შეგვიძლია როგორც თავად მისგან, ისე მის მიერ დაწერილი ბიბლიის წიგნებიდან.
„რას ვსწავლობთ მოწაფისგან, „რომელიც იესოს გამორჩეულად უყვარდა“ (w21.01 8–13)