ᲓᲐᲡᲙᲕᲜᲐ
იყავით გაბედული!
1. რაზე გავამახვილებთ ყურადღებას დასკვნით ნაწილში?
ᲐᲛ ᲬᲘᲒᲜᲨᲘ გაბედულებით გამორჩეული არაერთი ბიბლიური პერსონაჟის ისტორია განვიხილეთ და ისიც დავინახეთ, როგორ მივბაძოთ მათ. თუმცა ამ თვისების შესახებ ბიბლიიდან კიდევ ბევრს ვიგებთ. მაგალითად, მასში სხვა გაბედული ადამიანებიც არიან მოხსენიებული, რომლებზეც აქ არ გვისაუბრია. დასკვნით ნაწილში გვინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რის გარეშეც ვერ შევძლებთ ამ გაბედული ადამიანების მიბაძვას.
2. კიდევ რომელი ბიბლიური პერსონაჟები გამოირჩეოდნენ გაბედულებით?
2 ამ წიგნში განხილული ადამიანების გარდა კიდევ ვინ გახსენდებათ, ვისაც გაბედულება გამოარჩევდა? შეიძლება ისეთი მამაცი წინასწარმეტყველები გაგახსენდეთ, როგორებიც იყვნენ ესაია, იერემია, ეზეკიელი, იონა ან მალაქია. მათზეც შეიძლება ითქვას ის, რაც მოციქულმა პავლემ ღვთივშთაგონებით დაწერა: „ზოგიც დაცინვითა და გაშოლტვით, უფრო მეტიც, ბორკილებითა და საპყრობილეებით გამოიცადა. . . [ისინი] გაჭირვებას, ტანჯვასა და სასტიკ მოპყრობას იტანდნენ“ (ებრ. 11:36, 37). მიუხედავად იმისა, რომ ასეთ განსაცდელებს ხვდებოდნენ და ზოგჯერ მათ წამებითაც კლავდნენ, ისინი გაბედულად იკავებდნენ იეჰოვას მხარეს.
3, 4. როგორ დაიცვა საფრთხისგან ორმა ქალმა მეფე დავითი?
3 ბიბლიაში ბევრი ისეთი გაბედული ადამიანის ისტორიაცაა მოთხრობილი, რომელთა სახელებიც არ ვიცით. მაგალითად, გავიხსენოთ გაბედულებით გამორჩეული ორი ქალი, რომლებიც მეფე დავითის თანამედროვეები იყვნენ. ერთხელ აბესალომმა, რომელიც სასტიკი და ამაყი კაცი იყო, საკუთარი მამის ტახტიდან ჩამოგდება განიზრახა. ამის გამო მეფე დავითი იძულებული გახდა, იერუსალიმიდან გაქცეულიყო. მან ერთ გაბედულ მღვდელს, ცადოკს, დაავალა, იერუსალიმში დაბრუნებულიყო და აბესალომის გეგმების შესახებ მეტი გაეგო. მას შემდეგ, რაც ცადოკმა შეიტყო, რის გაკეთებას აპირებდა აბესალომი, ამ ამბის გადასაცემად მოახლე გოგო გაგზავნა. მართალია, ამ დავალების შესრულება შესაძლოა მოახლე გოგოს სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა, მაგრამ მან უკან არ დაიხია და ცადოკის დანაბარები დავითის ორ მომხრეს გადასცა. როცა ეს კაცები დავითის გასაფრთხილებლად წავიდნენ, ერთმა ყმაწვილმა დაინახა ისინი და ამის შესახებ აბესალომს ამცნო. თავის გადასარჩენად ისინი ერთი კაცის ჭაში დაიმალნენ, რომლის ცოლმაც ჭას თავზე დააფარა და ზედ ბურღული დააყარა. როცა მასთან აბესალომის გაგზავნილი კაცები მივიდნენ, მან არ გაამხილა დავითის მეგობრების ადგილსამყოფელი და ისინი არასწორი გზით გაუშვა. მართალია, ბიბლიაში არც იმ მოახლე გოგოს და არც ამ ქალის სახელია მოხსენიებული, მაგრამ იმას კი ვიგებთ, რომ სწორედ მათი გაბედულების წყალობით გადარჩა იეჰოვას მიერ არჩეული მეფე (2 სამ. 15:23–37; 17:8–22).
გაბედული ქალები, რომლებმაც დავითის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს
4 ბიბლიაში სხვა ბევრი ასეთი ისტორიაა მოთხრობილი. ბევრს სახელით ვიცნობთ, ბევრის ვინაობაც უცნობია. ზოგი მდიდარი იყო, ზოგიც – ღარიბი, ზოგი ცნობილი ადამიანი იყო, ზოგი კი – ნაკლებად ცნობილი. თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებდათ – ისინი გაბედულად იკავებდნენ იეჰოვას მხარეს, რის გამოც მათი მაგალითები ჩვენთვის დღემდე დამხმარეა.
ლოცვის ძალა
5–7. როგორ მოიკრიბა პავლემ გამბედაობა სასტიკი წინააღმდეგობის დროს?
5 როგორ მივბაძოთ იმ გაბედულ ადამიანებს, რომელთა შესახებაც ბიბლია მოგვითხრობს? პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი ბუნებით მამაცი სულაც არ ყოფილა და მათ არც იმის წყალობით მოუკრებიათ გამბედაობა, რომ საკუთარ თავში იპოვეს საჭირო ძალა. მათი გაბედულების წყარო სულ სხვა რამ იყო.
6 გავიხსენოთ, რა გადახდა ერთხელ მოციქულ პავლეს. ფილიპეში ყოფნის დროს მას და სილას გახელებული ბრბო დაესხა თავს. მათ ტანსაცმელი შემოახიეს, გაჯოხეს და ფეხებზე ხუნდებდადებულები საპყრობილეში ჩაყარეს (საქ. 16:12, 19–24). ამ ყველაფრის გადატანის შემდეგ, ბუნებრივია, პავლეს შიში დაუფლებოდა. თუმცა გათავისუფლების შემდეგ მან გააგრძელა იეჰოვას დავალების შესრულება და თესალონიკისკენ აიღო გეზი. საიდან მოიკრიბა მან საჭირო ძალა და გამბედაობა?
7 აი, რა დაწერა მან მოგვიანებით: „მას შემდეგ, რაც ფილიპეში ვიტანჯეთ და შეურაცხგვყვეს, რაც თქვენც კარგად იცით, ჩვენი ღვთის დახმარებით გაბედულება მოვიკრიბეთ, რომ სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა გვეუწყებინა“ (1 თეს. 2:2). პავლემ კარგად უწყოდა, რომ იეჰოვას დავალების შესასრულებლად გამბედაობა სჭირდებოდა, მაგრამ როგორ უნდა მოეკრიბა ასეთი გაბედულება? საკუთარ თავში ხომ არ უნდა ეპოვა საჭირო ძალა? ამ კითხვებზე პასუხი მისივე სიტყვებიდან ჩანს. ამ თავმდაბალ კაცს კარგად ესმოდა, რომ გაბედულების წყარო იეჰოვა იყო და სწორედ მისთვის უნდა ეთხოვა დახმარება. იეჰოვამაც უპასუხოდ არ დატოვა მისი სათხოვარი.
8. როგორ მივბაძოთ პავლეს?
8 თუ პავლემ შეძლო გაბედულების გამოვლენა, თქვენც შეძლებთ. ნუ იფიქრებთ, რომ საამისოდ ბუნებით უნდა იყოთ გაბედულები ან საკუთარ თავში იპოვოთ საჭირო ძალა. პავლეს მსგავსად თქვენც იეჰოვას მიმართეთ დახმარებისთვის და ევედრეთ, რომ საჭირო გაბედულება შეგმატოთ (საქ. 4:29).
9. რატომ უნდა ვთხოვოთ ზეციერ მამას, რომ რწმენა გაგვიძლიეროს?
9 გაბედულებასთან ერთად იეჰოვას ისიც შეგიძლიათ სთხოვოთ, რომ რწმენა გაგიძლიეროთ. ეს ორი თვისება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. რწმენა ღვთის სულის ნაყოფში შედის და სულიერი საჭურვლის მნიშვნელოვანი ნაწილია (გალ. 5:22, 23; ეფეს. 6:16). მას იმხელა ძალა აქვს, რომ, როგორც ბიბლიაში წერია, მისით შეგვიძლია ქვეყნიერებას ვძლიოთ (1 იოან. 5:4). სწორედ იეჰოვასადმი რწმენა წარმოშობს ჩვენში გაბედულებას. თუ იოტისოდენა ეჭვიც არ შეგვეპარება, რომ გასაჭირში იეჰოვა ამოგვიდგება მხარში, წარმოუდგენლად დიდი გაბედულების გამოვლენას შევძლებთ. ამიტომ თითოეული ქრისტიანი იმავეს უნდა შევთხოვდეთ იეჰოვას, რაც მოციქულებმა ითხოვეს: „რწმენა გაგვიძლიერე“ (ლუკ. 17:5).
„გამაგრდით!“
10, 11. რატომ გაუმახვილა ყურადღება პავლემ ებრაელ ქრისტიანებს გაბედულებაზე?
10 როცა პავლემ იერუსალიმსა და მის შემოგარენში მცხოვრებ ებრაელ ქრისტიანებს მისწერა, მან იცოდა, რომ უკვე მოახლოებული იყო იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები იერუსალიმის განადგურება. ეს იმას ნიშნავდა, რომ მალე მათ მძიმე დრო დაუდგებოდათ (ლუკ. 19:41–44; 21:20–24). რა შეახსენა პავლემ მათ, რაც გაბედულების მოკრებაში დაეხმარებოდათ? იეჰოვას დაპირება, რომელიც ამ წიგნის შესავალშიც იყო ციტირებული: „არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“. სწორედ ეს დაპირება შემატებდათ მათ გაბედულებას. პავლემაც ხომ თქვა: „გულდაჯერებულნი ვამბობთ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?!“ (ებრ. 13:5, 6).
11 მართალია, ბიბლიიდან არ ვიცით, ზუსტად როგორ განვითარდა მოვლენები ახ. წ. 70 წელს, როცა იერუსალიმი განადგურდა, მაგრამ ერთ რამეში შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ: ერთგულმა ქრისტიანებმა გაითვალისწინეს პავლეს რჩევა. მათ გამბედაობა მოიკრიბეს და, იესოს მითითებისამებრ, საჭირო დროს მთებში გაიქცნენ (ლუკ. 21:20, 21).
12. ა) როგორ შეგიძლიათ მოიკრიბოთ გაბედულება რთულ დროს? ბ) როგორ ავლენენ ქრისტიანები გაბედულებას თანამედროვე დროს და თქვენ რისკენ აღგძრავთ მათი მაგალითი? (იხილეთ ჩარჩო „იყავით მათსავით გაბედული!“)
12 პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად სირთულეების დროს იეჰოვა ჩვენც შეგვმატებს გაბედულებას (ეზეკ. 38:1, 2, 10–12; მათ. 24:21). არასდროს დაგავიწყდეთ, რომ იეჰოვა თავად დაგვპირდა მფარველობას (ეზეკ. 38:19–23; 2 თეს. 3:3). ის არასდროს დატოვებს მარტო თავის მოყვარულებს, რომლებიც მასზე ამყარებენ იმედს. იეჰოვამ იესო ნავეს ძეს უთხრა: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი!“ (იეს. 1:7, 9, 18). ფაქტობრივად, ამ სიტყვებით იეჰოვა თითოეულ ჩვენგანსაც მოგვმართავს. არც ის დაგავიწყდეთ, რომ იესომაც გაამხნევა თავისი მიმდევრები მსგავსი სიტყვებით. ის მათ დაჰპირდა, რომ გაბედულების მოსაკრებად იეჰოვა წმინდა სულს მისცემდა. გჯეროდეთ, იესოს სიტყვები აუცილებლად შესრულდება და წმინდა სული ნებისმიერი სირთულის გადასატანად შეგმატებთ გაბედულებას (იოან. 14:26; 15:26, 27; 16:33).
იეჰოვა გვპირდება, რომ თავისი წმინდა სულით ნებისმიერ სიტუაციაში შეგვმატებს გამბედაობას.
13. თქვენ რა გმატებთ გამბედაობას?
13 წარმოიდგინეთ ის დრო, როცა მთელ დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს, დრო, როდესაც იეჰოვა სიცოცხლეს დაუბრუნებს მათ, ვინც თავის მეხსიერებაში ჰყავს შემონახული. წარმოიდგინეთ, როგორ გაგახარებთ გაბედულ ღვთის მსახურებთან შეხვედრა, რომელთაგან ზოგზე ამ წიგნშიც ვისაუბრეთ. ღვთისადმი ერთგულება რომ შეენარჩუნებინათ, სატანის ქვეყნიერებაში მათ ბევრი განსაცდელის ატანა მოუწიათ, ზოგი სიცოცხლესაც კი გამოასალმეს. თუმცა როგორ ფიქრობთ, ინანებს რომელიმე მათგანი ამ არჩევანს ახალ ქვეყნიერებაში? რა თქმა უნდა, არა! ჩვენზე რისი თქმა შეიძლება? დარწმუნებული ვართ, ჩვენც არასდროს ვინანებთ, რომ ამ ბოლო დღეებში გაბედულად დავიკავეთ იეჰოვას მხარე. წინ ხომ უდიდესი სიხარული გველის – ჩვენ მათთან ერთად დედამიწას სამოთხედ გადავაქცევთ. ასე რომ, კვლავაც გამოავლინეთ გაბედულება და ამას არასდროს ინანებთ!