44 ᲘᲝᲐᲜᲔ ᲜᲐᲗᲚᲘᲡᲛᲪᲔᲛᲔᲚᲘ
„არავინ ყოფილა იოანეზე დიდი“
ᲣᲙᲕᲔ საუკუნეებია, იეჰოვას თავისი ხალხისთვის არცერთი წინასწარმეტყველი არ გაუგზავნია. ახლა კი თავისი ცნობის გადასაცემად მათთან ერთ მამაკაცს გზავნის, რომელიც იუდეის უდაბნოში მარტო ცხოვრობს. ეს კლდოვანი და ქვაღორღიანი ტერიტორია სავსეა გველებით, მორიელებითა და მტაცებელი ცხოველებით. ამ უკაცრიელ ადგილას ხშირად ყაჩაღებიც დათარეშობენ. ასეთ პირობებში რომ ეცხოვრა და თან ღვთის ცნობა გადაეცა, ამ მამაკაცს ნამდვილად დასჭირდებოდა გაბედულება.
ეს კაცი იოანე ნათლისმცემელია, ზაქარიასა და ელისაბედის ვაჟი. ალბათ მას მშობლებისგან სმენია, რა უთხრა წლების წინ ღვთის ანგელოზმა მამამისს მის შესახებ. მან იცის, რომ ელიასავით გულმოდგინე წინასწარმეტყველი და სამუელივით ნაზირი უნდა იყოს. იოანემ ისიც კარგად უწყის, რომ გზა უნდა მოუმზადოს თავისზე უფრო დიდს. ახლა ის 30 წლის ხდება და ნაცვლად იმისა, რომ მამამისივით მღვდელმსახურება დაიწყოს, ხალხს მონანიებისკენ მოუწოდებს. ასე სრულდება მასზე დიდი ხნით ადრე წარმოთქმული წინასწარმეტყველება: „უდაბნოში მღაღადებლის ხმა ისმის“. ის მთელი შემართებით ქადაგებს ზეციერ სამეფოზე. მის მოსასმენად ხალხი სხვა ქალაქებიდანაც კი მოდის. ღვთისგან მიღებული უფლებამოსილებით იოანე წყალში ნათლავს მათ, ვინც ინანიებს. თუმცა მხოლოდ ეს არაა – ის გავლენიან რელიგიურ წინამძღოლებს, სადუკეველებსა და ფარისევლებს, ღვთის კანონის დარღვევაში უშიშრად ამხელს.
თუმცა იოანე მხოლოდ გაბედულებით კი არა, თავმდაბლობითაც გამოირჩევა. მას განსაკუთრებული დავალების შესრულება უწევს – გზას უმზადებს მის შემდეგ მომავალს, რომელიც მასზე უფრო დიდია. ეს დავალება იოანეს არ აამაყებს, პირიქით, უფრო მეტ თავმდაბლობას იჩენს. იმასაც კი ამბობს, რომ ვინც მის შემდეგ მოვა, მისი სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც კი არ არის. და აი, დგება ის დღეც, როცა მის შემდეგ მომავალი ჩნდება. ეს იესოა, რომლის მონათვლის შემდეგაც იოანე ზეციდან ღვთის ხმას იგებს: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე!“. მოგვიანებით, როცა იესო კვლავ ბრუნდება იოანესთან, ის ყველას გასაგონად ამბობს: „აი ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი!“.
ის ახლა თავის მიმდევრებს იმისკენ მოუწოდებს, რომ იესოს გაჰყვნენ, რაც მის თავმდაბლობაზე მეტყველებს. ბევრი ასეც იქცევა. მათ შორის არიან პეტრეს ძმა ანდრია და, როგორც ჩანს, ზებედეს ვაჟი იოანეც. მოგვიანებით ორივე იესოს მოციქული ხდება. გარკვეული დროის მანძილზე იესოც და იოანეც მსგავს საქმეს ასრულებენ ანუ მოუწოდებენ ხალხს, რომ მონანიების ნიშნად მოინათლონ. იესოს მოწაფეები უფრო მეტს ნათლავენ, ვიდრე იოანე. ეს ამბავი იოანეს ყურამდეც მიაქვთ, თუმცა მას ოდნავაც არ ეუფლება შურის გრძნობა. მეტიც, თავმდაბლად ამბობს: „ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე“.
იოანეს სიტყვები განარისხებდა გავლენიან ხალხს, თუმცა მათ, ვინც მესიას ელოდნენ, ახარებდათ მისი მოსმენა.
იოანეს სხვა სიტუაციაშიც უწევს გაბედულების გამოვლენა. იუდაიზმზე მოქცეული ძლევამოსილი მმართველი, ჰეროდე ანტიპა, თავისი ნახევარძმის ცოლზე, ჰეროდიაზე, ქორწინდება. იოანე გამბედაობას იკრებს და ჰეროდეს ღვთის კანონის დარღვევაში ამხელს. ამის გამო ჰეროდე მას ციხეში სვამს. თუმცა ეს ჰეროდიას არ აკმაყოფილებს – მას იოანეს სიკვდილი სურს.
პატიმრობაში მყოფი იოანე თავის ორ მოწაფეს იესოსთან გზავნის, რათა ჰკითხონ, „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთო“. როგორც ჩანს, მისი ცხოვრების ამ ეტაპზე იოანეს კიდევ ერთხელ სჭირდება ამ საკითხში რწმენის გაძლიერება. იესო საკმაოდ საინტერესო პასუხს უთვლის მას: „უსინათლოები ხედავენ . . . ყრუებს ესმით, მკვდრები ცოცხლდებიან“. ბნელ საკანში გამოკეტილ იოანეს ეს სიტყვები ნამდვილად ანუგეშებდა. შეიძლება ელიასგან განსხვავებით, რომლის მსგავსი წინასწარმეტყველიც იყო, მას სასწაულები არ მოუხდენია, მაგრამ მან ზუსტად ის დავალება შეასრულა, რაც იეჰოვასგან ჰქონდა მიღებული – გზა მოუმზადა მას, ვინც უამრავ სასწაულს ახდენდა.
ამ ამბიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ ჰეროდიას ჩანაფიქრი სისრულეში მოჰყავს. ჰეროდეს დაბადების დღეზე ჰეროდიას ქალიშვილი მეფისთვის ცეკვავს. ჰეროდეს ეს იმდენად სიამოვნებს, რომ ეუბნება: „რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ!“. ჰეროდია ქალიშვილს ითანხმებს, რომ მეფეს იოანე ნათლისმცემლის თავი სთხოვოს. ამ მხდალ კაცს არ ჰყოფნის გაბედულება, უარი თქვას, და იოანეს სიკვდილით ასჯევინებს. თუმცა მისგან განსხვავებით იოანე სიცოცხლის ბოლო წუთამდე გაბედული რჩება.
იესომ იოანეზე ერთხელ ასეთი სიტყვები თქვა: „ქალის მიერ შობილთა შორის არავინ ყოფილა იოანეზე დიდი“. მართლაც, არცერთ არასრულყოფილ ადამიანს, ისეთ წინასწარმეტყველებსაც კი, როგორებიც იყვნენ მოსე და ელია, არ ჰქონიათ იმის პატივი, რომ გზა მოემზადებინათ მესიისთვის და მათზე შესრულებულიყო წინასწარმეტყველება: „უდაბნოში მღაღადებლის ხმა ისმის“. მისი მაგალითი დღემდე ბევრს მატებს გაბედულებას.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა იოანე ნათლისმცემლის გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) რა ნათესაური კავშირი არსებობდა იოანე ნათლისმცემელსა და იესოს შორის? (w10 9/1 15 ¶4–6)
2) როგორ ადასტურებს პირველი საუკუნის ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, ჩანაწერები იოანე ნათლისმცემლის არსებობას? (mrt სტატია 14) სურათი 1
სურათი 1: ახ. წ. 30 წელს ჰეროდე ანტიპას მიერ მოჭრილი მონეტა, რომელზეც გაკეთებულია წარწერა: „ტეტრარქი [პროვინციის მმართველი] ჰეროდე“.
3) რა გაგებით დადიოდა იოანე „ელიას სულითა და ძალით“? (ლუკ. 1:17; it „სული (II)“ ¶60) სურათი 2
სურათი 2
4) საიდან ჩანს, რომ იოანე ზეცაში საცხოვრებლად არ აღმდგარა? (მათ. 11:11; ijwbq სტატია 178 ¶4)
რას სწავლობთ
მართალია, იოანეზე შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველება და მან მოუმზადა გზა მესიას, მაგრამ მას არ დაუკარგავს თავმდაბლობა (იოან. 1:26, 27). რისი სწავლა შეგვიძლია მისგან?
იოანე უბრალოდ ცხოვრობდა და მთლიანად იეჰოვას ნების შესრულებაზე იყო გადართული (მათ. 3:4). ჩვენ რა დაგვეხმარება, რომ უბრალოდ ვიცხოვროთ? სურათი 3
სურათი 3
როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იოანე ნათლისმცემელს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ იოანე ნათლისმცემელს?
გაიგეთ მეტი
გაიგეთ, რა დაეხმარა იოანეს, არ დაეკარგა სიხარული და ბოლომდე მოეთმინა.
„იოანე ნათლისმცემელი – ის სიხარულს არ კარგავდა“ (w19.08 29–31)
ნახეთ, როგორ დაგეხმარებათ იოანეს მაგალითი, თუ დევნას ან ეკონომიკურ სირთულეებს ხვდებით ან სხვა მიზეზების გამო გაგიტყდათ გული.