43 ᲘᲝᲡᲔᲑᲘ
გამორჩეული ოჯახისთავი
ᲘᲡ ᲜᲐᲖᲐᲠᲔᲗᲨᲘ ცხოვრობს და თავს დურგლობით ირჩენს. მას საცოლეც ჰყავს და მალე დაქორწინებას აპირებენ. ერთ დღეს ის იგებს, რომ მისი საცოლე ფეხმძიმედაა, არადა ბავშვის მამა ის არაა. რა რეაქცია აქვს ამ კაცს ამის გაგებაზე? შეძლებს იმის დაჯერებას, რასაც საცოლე ეუბნება?
როგორც უკვე მიხვდით, ეს წყვილი იოსები და მარიამი არიან. იოსები, რომელსაც ბიბლია „მართალ კაცს“ უწოდებს, იეჰოვას მორჩილი და თანაც კეთილი, გულისხმიერი ადამიანია. ამიტომ მარიამის ამბის გაგების შემდეგ არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას და კარგად ფიქრობს, როგორ მოიქცეს. საბოლოოდ გადაწყვეტს, ფარულად გაეყაროს საცოლეს, რათა სახელი არ გაუტეხოს და არ დაამციროს (იმ დროს ნიშნობა ქორწინების ტოლფასად ითვლებოდა). თუმცა საქმეში იეჰოვა ერთვება. ის ანგელოზს უგზავნის იოსებს, რომელიც მას სიზმარში ეცხადება და ეუბნება: „ნუ გეშინია შენი ცოლის, მარიამის, სახლში მიყვანის“. ანგელოზი არწმუნებს იოსებს, რომ მარიამმა სიმართლე უთხრა და ბავშვი ნამდვილად ღვთის ძეა და ის მესია გახდება.
იოსებს ღვთის ძეზე უნდა ეზრუნა, რაც უზომოდ სერიოზული პასუხისმგებლობა იყო.
იოსები ზუსტად ისე იქცევა, როგორც ანგელოზი არიგებს. ეს მისგან ალბათ ძალიან დიდ გაბედულებას მოითხოვს. მან ხომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობა, ვინც მომავალი მესიის დედა გახდება, და მამობა გაუწიოს ასეთ განსაკუთრებულ ბავშვს, რომლის მსგავსიც ჯერ არ შობილა.
გადის რამდენიმე თვე და კეისარ ავგუსტუსი ბრძანებულებას გამოსცემს, რომ ყველა მშობლიურ ქალაქში წავიდეს აღსაწერად, რაც იმას ნიშნავს, რომ იოსებს ბეთლემში უწევს წასვლა. უცნობია, კანონის მიხედვით, ვალდებულია თუ არა მარიამი, თან გაჰყვეს იოსებს, მაგრამ მას მაინც მიჰყავს ცოლი. როგორც ჩანს, ის ფიქრობს, რომ ასე უკეთ იზრუნებს მასზე. მართალია, მარიამმა უკვე მალე უნდა იმშობიაროს, მაგრამ ის ქმართან ერთად საკმაოდ გრძელ გზას ადგება. ბეთლემში ჩასულები ისინი ბოსელში ჩერდებიან და სწორედ აქ იბადება იესო.
ოჯახის სარჩენად იოსები მძიმედ შრომობს, თუმცა ისინი საკმაოდ ხელმომჭირნედ ცხოვრობენ. როცა მათ ბავშვი იერუსალიმის ტაძარში მიჰყავთ, ისინი ღარიბებისთვის გათვალისწინებულ მსხვერპლს სწირავენ. რაღაც დროის შემდეგ მათთან ასტროლოგები ჩადიან, სავარაუდოდ ბაბილონიდან, რადგან ცაზე რაღაც ვარსკვლავის მსგავსი დაინახეს და მას გამოჰყვნენ. ამ დროს იოსები და მარიამი ბეთლემში ერთ სახლში ცხოვრობენ. მათ ბავშვისთვის ძვირფასი ძღვენი მიაქვთ. ამ ამბიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ იეჰოვა ანგელოზის მეშვეობით აფრთხილებს იოსებს, რომ მეფე ჰეროდეს პატარა იესოს მოკვლა აქვს განზრახული და ოჯახთან ერთად ეგვიპტეში გაიქცეს.
გაბედულება იოსებს ახლაც სჭირდება. ის ზუსტად ანგელოზის ნათქვამისამებრ იქცევა და ოჯახთან ერთად ღამით ბეთლემიდან სრულიად უცხო მიწისკენ, ეგვიპტისკენ, იღებს გეზს. საინტერესოა, ეგვიპტეში როგორღა შეძლებს იოსები ოჯახის რჩენას. როგორც ჩანს, იქ მათ თავი ასტროლოგებისგან მიღებული ძვირფასი ძღვნით გააქვთ. გადის დრო და იოსები ახლა სხვა მითითებას იღებს იეჰოვასგან – ისინი უკან, ისრაელში, უნდა დაბრუნდნენ. თუმცა ბეთლემში დაბრუნება უსაფრთხო არაა, რადგან იქაურობას საშიში მმართველი ჰყავს. ამიტომ ისინი ნაზარეთში მიდიან, როგორც ღმერთი აფრთხილებს იოსებს სიზმარში.
ნაზარეთში იოსებს და მარიამს, სულ მცირე, კიდევ 6 შვილი უჩნდებათ. ოჯახის სარჩენად იოსები კვლავ თავის საქმეს, დურგლობას, მისდევს და დაუღალავად შრომობს. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ის ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზეც ზრუნავს. ისინი ყოველთვის მიდიან სინაგოგაში, რომ მეტი ისწავლონ იეჰოვას შესახებ და იერუსალიმშიც ჩადიან ხოლმე დღესასწაულების აღსანიშნავად. ბიბლიაში იოსები ბოლოჯერ სწორედ მაშინ მოიხსენიება, როცა ოჯახთან ერთად იერუსალიმშია იესო 12 წლისაა. უკანა გზაზე მშობლები აღმოაჩენენ, რომ იესო თან არ ახლავთ. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარდება ამ დროს იოსები. ისინი ყველგან ეძებენ იესოს და ბოლოს მას სრულიად უვნებელს ტაძარში პოულობენ. ამის შემდეგ უკვე ერთად ბრუნდებიან სახლში და, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იესო კვლავაც ყველაფერში უჯერებს მათ.
ჩვენთვის უცნობია, როდის დაიღუპა იოსები, თუმცა ის კი ვიცით, რომ შვილობილს საქმე იმდენად კარგად ასწავლა, რომ იესო კარგი დურგალი დადგა – მას ხალხი მხოლოდ დურგლის ვაჟად კი არა, დურგლადაც იცნობდა. იოსების ისტორიიდან კარგად ჩანს, როგორი უნდა იყოს იეჰოვას მოსაწონი მამა – ვაჟკაცური, ერთგული, მზრუნველი და კარგი მასწავლებელი, რომელიც ღირსეულად ასრულებს იეჰოვასგან მიღებულ დავალებას.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა იოსების გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) რატომ მოიხსენიებს ლუკას 3:23 იოსებს „ელის ძედ“ მაშინ, როცა ელი, სინამდვილეში, მარიამის მამა იყო? (w17.08 32 ¶4)
2) რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ იოსებმა და მარიამმა იესოს დაბადებამდე თავი შეიკავეს სქესობრივი ურთიერთობისგან? (w03 12/15 5 ¶5)
3) რა მიანიშნებს იმაზე, რომ იოსები მშრომელი კაცი იყო? (ia 166, 167 ¶15–18) სურათი 1
სურათი 1
4) რატომ ვასკვნით, რომ იოსები მანამ მოკვდა, სანამ იესო ქადაგებას შეუდგებოდა? (w17.07 13 ¶8, სქ.)
რას სწავლობთ
იოსები მაშინაც ემორჩილებოდა იეჰოვას, როცა ამის გამო მსხვერპლზე წასვლა უწევდა. რისი სწავლა შეუძლიათ მისგან ოჯახისთავებს? (მათ. 1:20, 24; 2:13–15, 19–21)
იოსები ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ მის ოჯახში იეჰოვას თაყვანისცემა პრიორიტეტული ყოფილიყო. რისი სწავლა შეგვიძლია მისგან? (ლუკ. 2:41) სურათი 2
სურათი 2
კიდევ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ იოსებს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ იოსებს?
გაიგეთ მეტი
დაუკვირდით, როგორ დაჰყვა იოსები იეჰოვას ნებას.
„ისე მოიქცა [იოსები], როგორც იეჰოვას ანგელოზმა დაარიგა“ (4:39)
როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იოსებსა და მარიამს, თუ სახელმწიფო ჩვენთვის არახელსაყრელ ან უსამართლო კანონს იღებს?