საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 45 გვ. 204-გვ. 207
  • „ცოდვილი კაცი ვარ!“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „ცოდვილი კაცი ვარ!“
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • მან გაამართლა თავისი სახელი
    გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • დაემსგავსეთ იეჰოვასა და იესოს აზროვნებაში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • პეტრემ თავად იესოსგან ისწავლა პატიების ნამდვილი ფასი
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • პეტრემ თავად იესოსგან ისწავლა პატიების ნამდვილი ფასი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 45 გვ. 204-გვ. 207

45 ᲞᲔᲢᲠᲔ

„ცოდვილი კაცი ვარ!“

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲗᲐᲕᲘᲡ ᲝᲯᲐᲮᲗᲐᲜ ერთად ის მეთევზეობით ირჩენს თავს. ერთ დღესაც მასთან მისი ძმა მიდის და გახარებული ეუბნება: „მესია ვიპოვეთ!“. ალბათ უკვე მიხვდით, რომ ეს კაცი პეტრეა, ვინც ამ სიტყვებს ეუბნება კი – მისი ძმა ანდრია. სულ მალე პეტრე იესოს მიმდევარი ხდება.

გადის რამდენიმე თვე და იესო პეტრეს მშობლიურ ქალაქს, კაპერნაუმს, სტუმრობს. როცა პეტრეს ხვდება, ის დაღლილია, რადგან მთელი ღამე თევზაობდა, მაგრამ ვერაფერი დაიჭირა. იესო ეუბნება, წყალში ღრმად შეცუროს და ხელახლა ისროლოს ბადეები. პეტრე დიდი აღფრთოვანებით არ ხვდება იესოს წინადადებას, რადგან დღისით-მზისით თევზის დაჭერა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ის ამბობს: „მთელი ღამე ვთევზაობდით და ვერაფერი დავიჭირეთ“. და მაინც, ის იესოს მითითებისამებრ იქცევა. ამის შემდეგ მოულოდნელი რამ ხდება. ნავზე მყოფნი იმდენ თევზს იჭერენ, რომ სულ მალე ორი ნავი თევზით ივსება და სიმძიმისგან ჩაძირვას იწყებს. ნანახით გაოგნებული პეტრე იესოს მუხლებში უვარდება და ეუბნება: „გამშორდი, უფალო, ცოდვილი კაცი ვარ!“. აშკარაა, იესოს ამ სასწაულის შემხედვარე პეტრე თავს უღირსად გრძნობს და ფიქრობს, რომ არ იმსახურებს ღვთის ძის გვერდით ყოფნას. თუმცა იესო ანუგეშებს მას: „ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანებს დაიჭერ“.

პეტრე ნავში იესოს წინ მუხლებზეა დამხობილი. სხვა მეთევზეები ცდილობენ, როგორმე ნავზე ამოათრიონ თევზით სავსე ბადეები.

ფაქტია, იესომ პეტრეში კარგი დაინახა და მოგვიანებით თავის ერთ-ერთ მოციქულადაც აირჩია. პეტრემაც გაამართლა ნდობა. მან არაერთხელ გამოიჩინა გაბედულება. მაგალითად, ის უკან არ იხევდა შეკითხვისგან, როცა იესოს ნათქვამი დამაბნეველი ან გაუგებარი ეჩვენებოდა. არადა ასეთ დროს სხვა მოწაფეები კითხვის დასმას ვერ ბედავდნენ. პეტრეს გამბედაობამ მაშინაც არ უღალატა, როცა წყალზე მომავალი იესო დაინახა და მაშინვე მოინდომა მისკენ წყალდაწყალ წასვლა.

პეტრეს ჰყოფნიდა ვაჟკაცობა, ეღიარებინა შეცდომები და შეცვლილიყო.

თუმცა მისი გამბედავი ბუნება სხვა რაღაცებშიც ჩანდა. მას ჰყოფნიდა ვაჟკაცობა, გულწრფელად და თავმდაბლად ეღიარებინა თავისი შეცდომები და შემდეგ საჭირო ცვლილებებიც მოეხდინა. მაგალითად, როცა იესომ თქვა, რომ უნდა მომკვდარიყო, პეტრე მის გადარწმუნებას შეეცადა და უთხრა: „შეიწყალე თავი, უფალო!“. ამ სიტყვების გამო იესომ მას მკაცრად უსაყვედურა და უთხრა, რომ ეს აზრი ღვთის ნებას ეწინააღმდეგებოდა და სატანის წისქვილზე ასხამდა წყალს. პეტრემ თავმდაბლად მიიღო რჩევა.

მსგავსი რამ სხვა დროსაც მოხდა. სიკვდილის წინა ღამით იესოს უნდოდა, თავისი მოციქულებისთვის თავმდაბლობის მაგალითი მიეცა. ამიტომ ისეთი რამ გააკეთა, რასაც, ჩვეულებრივ, მსახური აკეთებდა – ფეხები დაბანა მათ. პეტრემ მისი შეჩერება სცადა და უთხრა: „არა, არ დაგაბანინებ ფეხებს!“. იესომ ამჯერადაც მკაცრი საყვედური მისცა პეტრეს, რის შემდეგაც მოციქულმა მას მხოლოდ ფეხების კი არა, ხელებისა და თავის დაბანაც სთხოვა. ამის გამო იესოს მოუწია, კვლავ შეესწორებინა მისთვის აზრი.

მოგვიანებით იესომ მოციქულებს ისიც უთხრა, რომ ყველანი მიატოვებდნენ. თუმცა პეტრე დაჟინებით ირწმუნებოდა: „ყველამ რომ მიგატოვოს, მე არ მიგატოვებ!“. ამაზე იესომ უპასუხა, რომ იმ ღამით სამჯერ უარყოფდა. მართლაც, რამდენიმე საათში იესო შეიპყრეს. თავიდან პეტრე ჩვეული გაბედულებით გაჰყვა მას. მართალია, ის ცოტა მოშორებით მიდიოდა, მაგრამ, ფაქტია, მაინც არ მიატოვა მოძღვარი. როცა მღვდელმთავრის სახლთან მივიდნენ, იქ სრულიად უდანაშაულო იესოს სამარცხვინო და უკანონო სასამართლო პროცესი მოუწყვეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ამ დროს ეზოში ზოგიერთმა იცნო, რომ პეტრე იესოს მიმდევარი იყო. და ზუსტად მაშინ პეტრემ ის გააკეთა, რის შესახებაც იესოს ჰყავდა გაფრთხილებული – სამჯერ უარყო თავისი მოძღვარი.

სწორედ ამ დროს იესო მღვდელმთავრის სახლიდან გამოჰყავდათ. ის მიბრუნდა და პეტრეს შეხედა. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა მოციქული. ის მაშინვე „გარეთ გავიდა და მწარედ ატირდა“. თუმცა ბევრად უარესად მაშინ იგრძნობდა თავს, როცა სულ რამდენიმე საათში მისი საყვარელი უფალი სასტიკად აწამეს და მოკლეს. ამხელა შეცდომის მიუხედავად, პეტრე ბოლომდე არ გატყდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, კვლავაც გაეგრძელებინა იეჰოვას მსახურება. ამიტომ არ განმარტოებულა და კვლავ მოციქულების გვერდით იყო. მოგვიანებით, როცა იესო მკვდრეთით აღდგა, ის ცალკე ეჩვენა პეტრეს. ჩვენ არ ვიცით, რა უთხრა მას მოძღვარმა, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ამან ანუგეშა და განამტკიცა ის. მან დაინახა, რომ იესომ აპატია.

იესომ პეტრე სხვაგვარადაც დაარწმუნა თავის სიყვარულში. მოგვიანებით, როცა გალილეის ზღვასთან მოციქულებს გამოეცხადა, მან პეტრეს სამჯერ მისცა იმის შესაძლებლობა, რომ თავის სიყვარულში დაერწმუნებინა. როგორი ბედნიერი იქნებოდა ამ დროს პეტრე, რომელმაც მანამდე ზუსტად სამჯერ უარყო ის. იესომ სხვაგვარადაც დაანახვა პეტრეს, რომ ენდობოდა. მან მნიშვნელოვანი დავალება მისცა მას: „დამწყემსე ჩემი ბატკნები!“. ამ წიგნის 49-ე თავიდან დავინახავთ, რომ პეტრემ მთელი გულით შეასრულა ეს დავალება და კიდევ უფრო მეტი გამბედაობაც გამოავლინა.

წაიკითხეთ:

  • მათე 14:23–29; 15:15; 16:21–23; 18:21; 19:27–29; 26:69–75

  • მარკოზი 14:27–31, 53, 54; 16:7

  • ლუკა 5:1–11; 12:41; 22:61, 62; 24:33, 34

  • იოანე 1:40–42; 13:3–9, 36–38; 21:15–17

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა პეტრეს გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) რას აკეთებდნენ მეთევზეები ბიბლიურ დროში? (it „ნადირობა და თევზაობა“ ¶6, 7) სურათი 1

    პირველი საუკუნის მეთევზე ბადეს კერავს.

    სურათი 1

  2. 2) რატომ დაარქვა იესომ სიმონს „კეფა“ (პეტრე)? (იოან. 1:42; w24.06 28 ¶11)

  3. 3) რა იგულისხმა იესომ, როცა პეტრეს და ანდრიას უთხრა, რომ „ადამიანთა მებადურები“ გახდებოდნენ? (მათ. 4:18–20; w16.05 9 ¶3, 4) სურათი 2

    პირველ საუკუნეში ოთხი მეთევზე ცდილობს, ნავზე ამოათრიოს თევზით სავსე ბადე.

    სურათი 2

  4. 4) ზეცად ამაღლებამდე ცოტა ხნით ადრე იესომ პეტრეს ჰკითხა: „ამათზე მეტად გიყვარვარ?“. რას გულისხმობდა ის ამ სიტყვებში? (იოან. 21:15; w17.05 22 ¶2)

რას სწავლობთ

  • რისი სწავლა შეგიძლიათ პეტრესგან, თუ თქვენც გიწევთ ისეთ სისუსტესთან ბრძოლა, რომელიც კვლავ და კვლავ გახსენებთ თავს? სურათი 3

    ფოტოკოლაჟზე ნაჩვენებია ახალგაზრდა ძმა, რომელიც რაღაც სისუსტეს ებრძვის. ეს სცენები მეორდება ამავე თავში. ახალგაზრდა ძმა, რომელიც თავისი სისუსტის გამო გულდამძიმებულია, სარკეში იყურება. სამწყემსო მონახულების დროს ამ ძმას ორი უხუცესი ბიბლიის მეშვეობით ამხნევებს. ეს ძმა კრებაზე სცენიდან ბიბლიას კითხულობს.

    სურათი 3

  • როგორ დაგეხმარებათ იმაზე დაფიქრება, რომ იეჰოვამ და იესომ მთელი გულით აპატიეს პეტრეს?

  • როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ პეტრეს გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • პეტრე იესომ თანამმართველად აირჩია. ზემოთ განხილულის ფონზე, რატომ ხართ მადლიერი, რომ ასეთი მმართველი გეყოლებათ?

გაიგეთ მეტი

როგორ შეუძლიათ მშობლებს პეტრეს მაგალითით შვილები იეჰოვას გულმოწყალებაზე დააფიქრონ?

„იეჰოვა გვპატიობს“ (9:40)

ამ ისტორიიდან დაინახავთ, როგორ უერთგულა პეტრემ იესოს მაშინ, როცა სხვებმა მიატოვეს.

„ის ერთგული დარჩა განსაცდელების დროს“ (ia 188–194)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება