46 ᲛᲐᲒᲓᲐᲚᲔᲚᲘ ᲛᲐᲠᲘᲐᲛᲘ
„უფალი ვიხილე“
ᲐᲛ ᲥᲐᲚᲛᲐ ბევრი სატანჯველი გამოიარა. ის შვიდ დემონს ჰყავდა შეპყრობილი, რომლებიც ცხოვრებას უმწარებდნენ. თუმცა ერთ დღეს იესოს შეხვდა, რის შემდეგაც მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. იესომ ის დემონების ტყვეობისგან გაათავისუფლა. ამის შემდეგ მადლიერი ქალი მისი მიმდევარი გახდა და მას „რაბუნის“ ეძახდა. ეს სიტყვა „მოძღვარს“ ნიშნავს და იესოს მიმართ მის ღრმა პატივისცემაზე მიანიშნებდა. ეს ქალი მარიამ მაგდალელი იყო.
მას შემდეგ, რაც მარიამი იესოს მიმდევარი გახდა, უნდოდა, რაც შეეძლო, ყველაფერი გაეკეთებინა თავისი უფლისთვის. იესო თავის 12 მოციქულთან ერთად იმ მხარეში დადიოდა და ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ ასწავლიდა. მარიამმა დაინახა, რომ ისინი მთელ თავიანთ დროსა და ენერგიას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს უთმობდნენ, რის გამოც მუშაობას ვეღარ ახერხებდნენ. მარიამმა გადაწყვიტა, რომ სხვა ქალებთან ერთად მათ საჭიროებებზე ეზრუნა. ბიბლიაში მათზე ვკითხულობთ: „ემსახურებოდნენ მათ და არ იშურებდნენ სახსრებს მათ დასახმარებლად“.
მარიამს მძიმე წარსული ჰქონდა, თუმცა იესოსთან შეხვედრის შემდეგ მან ცხოვრება თავისი უფლისა და მისი მიმდევრების მომსახურებას მიუძღვნა.
ეს ქალები თან დაჰყვებოდნენ იესოსა და მის მოციქულებს, რომლებიც საქადაგებლად ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში დადიოდნენ. ისინი ოცამდე იქნებოდნენ. იმ დროს ხალხი ამ ქალებზე ალბათ კარგს არაფერს იფიქრებდა, რადგან მათთვის წარმოუდგენელი იყო, ქალი ხლებოდა თან რელიგიურ მოძღვარს. თუმცა ხალხის უარყოფით რეაქციას არც მარიამი შეუშინებია და არც სხვები. გარშემომყოფების აზრის მიუხედავად ამ გაბედული ქალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იესოს მხარდაჭერა იყო.
მარიამის გაბედულება სხვა შემთხვევაშიც გამოჩნდა. ახ. წ. 33 წელს, პასექის აღნიშვნის შემდეგ, ღამით იესოს მკრეხელობაში დასდეს ბრალი და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მარიამი, რომელიც ღრმად დამწუხრებული იქნებოდა განვითარებული მოვლენების გამო, არც ამ დროს მოშორებია იესოს გვერდიდან. იესოს დედასთან და სხვა ქალებთან ერთად ისიც იქ იყო, სადაც მისი უფალი უნდა ეწამებინათ. როგორი სასიამოვნო იქნებოდა ძელზე გაკრული იესოსთვის იმის დანახვა, რომ ამ ქალებს ასე უყვარდათ და ბოლომდე მის გვერდით იყვნენ. იესოს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მარიამი იქ იყო და შესცქეროდა უფალს, რომელმაც ერთგულად დაასრულა სიცოცხლე და ბოლომდე მიიყვანა მამისგან დავალებული საქმე. ეს ქალები არც იმას მორიდებიან, რომ რომაელი ჯარისკაცებისა და იუდეველი წინამძღოლების წინაშე დაეტირებინათ თავიანთი მოძღვარი.
მარიამის ერთგულება იესოს სიკვდილის შემდეგაც გამოჩნდა. იუდეის კლიმატის გამო იქ ცხედარი ძალიან სწრაფად იწყებდა ხრწნას. ამიტომ მგლოვიარეები სუნს რომ არ შეეწუხებინა, დაკრძალვამდე მას ნელსაცხებლებითა და სურნელოვანი ნაზავით ამუშავებდნენ. თუმცა მარიამს იესოს დაკრძალვის შემდეგაც უნდოდა, ასე მოქცეულიყო. როდესაც შაბათი დასრულდა, სხვა ქალებთან ერთად მარიამმა ყველაფერი შეიძინა, რაც ცხედრის დასამუშავებლად იყო საჭირო, და დილაადრიან იესოს სამარხთან წავიდნენ.
წარმოიდგინეთ, როგორ გააოგნებდა მარიამს, რომელიც სავარაუდოდ იქ პირველი მივიდა, იმის დანახვა, რომ ლოდი გადაგორებული იყო, სამარხი კი – ცარიელი. ის მაშინვე გაიქცა, რომ ეს ამბავი პეტრესა და იოანესთვის ეცნობებინა. ამის შემდეგ ის კვლავ დაბრუნდა უკან, თუმცა იქ აღარავინ დახვდა. მან სამარხში შეიხედა და იმ ადგილას, სადაც იესოს ცხედარი ესვენა, ორი ანგელოზი დაინახა. მარიამმა მათ უთხრა, რომ იესოს ცხედარს ეძებდა, რის შემდეგაც მოტრიალდა და იქვე მდგომი კაცი დაინახა, რომელიც მებაღე ეგონა. კაცმა ჰკითხა, რატომ ტიროდა, რაზეც მარიამმა უთხრა, რომ იესოს ცხედარს ეძებდა. შემდეგ კი სთხოვა: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე და წამოვიღებ!“. მარიამი არც კი დაფიქრებულა, როგორ შეძლებდა მარტო მამაკაცის ცხედრის წაღებას. მან უბრალოდ იცოდა, რომ რაც შეეძლო, ყველაფერი უნდა ეღონა.
ამის შემდეგ კაცმა მას ერთი სიტყვა უთხრა: „მარიამ!“. მარიამიც მაშინვე მიხვდა, ვინ ელაპარაკებოდა და წამოიძახა: „რაბუნი“, რის შემდეგაც ხელი სტაცა მას. იესომ უთხრა: „გამიშვი ხელი“. შემდეგ კი მნიშვნელოვანი დავალება მისცა – ის მოციქულებთან უნდა წასულიყო და იესოს აღდგომის ამბავი ეთქვა. მარიამი დაუყოვნებლივ წავიდა მათთან და ახარა ეს ამბავი, თუმცა მათ არ დაუჯერეს. მეტიც, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, „ეს სიტყვები უაზრობად ეჩვენებოდათ“. თუმცა მათმა რეაქციამ მარიამი ვერ შეაჩერა. ეჭვგარეშეა, ეს გაბედული ქალი ამის შემდეგაც ბევრს გააგებინებდა იესოს მკვდრეთით აღდგომის ამბავს.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა მაგდალელი მარიამის გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) სავარაუდოდ, როგორ ეხმარებოდნენ მარიამ მაგდალელი და სხვა ქალები იესოსა და მის მოციქულებს? (ijwia სტატია 6 ¶5, 6) სურათი 1
სურათი 1
2) რატომ ვერ იცნო თავიდან მარიამმა მკვდრეთით აღმდგარი იესო? (ijwia სტატია 6 ¶16)
3) რატომ უთხრა იესომ მაგდალელ მარიამს, რომ მისთვის ხელი გაეშვა? (w08 4/15 32 ¶6)
4) მოციქულებმა იესოს აღდგომის შესახებ მაგდალელი მარიამის ნათქვამი უაზრობად მიიჩნიეს. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი? (ლუკ. 24:11; w12 9/1 10 ¶4, 5)
რას სწავლობთ
მაგდალელი მარიამი სხვების დასახმარებლად არანაირ საქმეს არ თაკილობდა. როგორ მივბაძოთ მას? სურათი 2
სურათი 2
როგორ მივბაძოთ მაგდალელ მარიამს, თუ ქადაგების დროს ხალხი არ იჯერებს და არ აფასებს ბიბლიურ ცნობას? (ლუკ. 24:10, 11)
როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მაგდალელ მარიამს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
მაგდალელი მარიამი შესაძლოა იესოს თანამმართველად იყოს არჩეული. რატომ ხართ მადლიერი, რომ ასეთი მმართველი გეყოლებათ?
გაიგეთ მეტი
ამ სტატიიდან გაიგებთ, რა მცდარი შეხედულებებია გავრცელებული მარიამის შესახებ და სინამდვილეში, რას ვიგებთ ბიბლიიდან.
ქალების მიმართ დამოკიდებულების რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?
„ქრისტიანი ქალები იმსახურებენ დაფასებასა და პატივისცემას“ (br8 ¶3–8)