წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან
ძვირფასო და-ძმებო,
სმირნის კრების მისამართით იესომ ასეთი სიტყვები თქვა: „ნუ შეგაშინებს ის სატანჯველი, რისი ატანაც მოგიწევს“ (გამოცხ. 2:10). ეს სიტყვები ჩვენც გვეხება, ვინც იმ დროს ვცხოვრობთ, რომელსაც „უფლის დღე“ ეწოდება (გამოცხ. 1:10). დღეს მართლაც „მძიმე და ძნელად ასატანი დრო“ დგას, რის გამოც მთელ მსოფლიოში ღვთის მსახურებიც ბევრ სირთულეს ხვდებიან. ძალიან გვამხნევებს იმის დანახვა, რომ ყველაფრის მიუხედავად ისინი რწმენას და გაბედულებას ავლენენ (2 ტიმ. 3:1–5).
როგორ შევინარჩუნოთ ძლიერი რწმენა? რა დაგვეხმარება, რომ შიშის გამო არასდროს დავიხიოთ უკან? (ებრ. 10:39). ეს ყოველთვის ადვილი არ იქნება, რადგან შეიძლება წინააღმდეგობას და დევნასაც კი შევხვდეთ. თუმცა ბუნებით მორცხვი და გაუბედავიც რომ ვიყოთ, თუ გადაწყვეტილი გვექნება, ყოველთვის გაბედულად დავიკავოთ იეჰოვას მხარე და მისი გზით ვიაროთ, ამას აუცილებლად შევძლებთ.
რა დაგვეხმარება ამაში? ღვთის სიტყვა, სადაც უამრავი გაბედული ადამიანის ისტორიაა მოთხრობილი. ეს წიგნი სწორედ იმ მიზნით მომზადდა, რომ უკეთ გავეცნოთ ღვთის ამ მსახურთა ცხოვრებას და მივბაძოთ მათ. კითხვის დროს სთხოვეთ იეჰოვას, დაგანახვოთ, როგორ გიკავშირდებათ ეს ისტორიები და როგორ დაგეხმარებათ პრობლემებთან ჭიდილში ახლაც და მომავალშიც. იმაზეც დაფიქრდით, თქვენ როგორ შეგმატებთ იეჰოვა გამბედაობას და როგორ დაგეხმარებათ ღვთის ამ მსახურთა ისტორიები, . .
მოახდინოთ ცვლილებები (იაკ. 3:17). ამ მხრივ კარგი მაგალითი დაგვიტოვა იონათანმა. ის ალბათ ფიქრობდა, რომ ისრაელის მეფე გახდებოდა. თუმცა იეჰოვამ უარყო საული და მის ნაცვლად დავითი აირჩია მომავალ მეფედ. ასეთი ცვლილების მიუხედავად იონათანი დაჰყვა იეჰოვას ნებას და მხარს უჭერდა მის გადაწყვეტილებას. ეს ნამდვილად მოითხოვდა მისგან ერთგულებასა და გაბედულებას.
ღვთის სამართლიანი ნორმების თანახმად იცხოვროთ (ებრ. 11:32–34). გაიხსენეთ ხანანია, მიშაელი და აზარია. იეჰოვას ერთგულები რომ დარჩენილიყვნენ, ისინი გავარვარებულ ღუმელსაც კი არ შეუშინდნენ.
სხვებთან ჭეშმარიტების შესახებ ისაუბროთ (მათ. 22:16). დაფიქრდით ტარსოსელ სავლეზე. მისი თანამემამულეები ფიქრობდნენ, რომ სავლე მათ ქრისტეს მიმდევართა შეჩერებაში დაეხმარებოდა. თუმცა გაქრისტიანების შემდეგ ზუსტად ამ ხალხს უქადაგებდა გაბედულად.
ვლოცულობთ, რომ ამ პუბლიკაციამ რწმენა და გამბედაობა შეგმატოთ (ფსალმ. 27:14). იეჰოვამ გაკურთხოთ, რომ ოჯახის წევრებსა და თანამორწმუნეებსაც ეხმარებით, გაბედულად დაიკავონ ღვთის სამეფოს მხარე!
თქვენი ძმები,
იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო