ᲑᲐᲜᲐᲝᲑᲐ, ᲓᲐᲑᲐᲜᲐ, ᲒᲐᲜᲑᲐᲜᲐ
ებრაული სიტყვა „რახაც“, რომელიც ითარგმნება როგორც ბანაობა, გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც საუბარია ადამიანის სხეულის თუ სხვა ობიექტების გაწმენდაზე წყალში მოთავსების ან მათზე წყლის დაღვრის შედეგად (ლვ. 16:24; დბ. 24:32). თუმღაცა, ტანსაცმლის რეცხვის აღსაწერად ბიბლიის მწერლები იყენებდნენ ებრაულ სიტყვა „კავას“-ს, რომელიც აზრობრივად უახლოვდება არაბულ სიტყვას „კაბასა“ (ჭყლეტა; ტკეპნა) და აქადურ სიტყვას „კაბასუ“ (ტკეპნა). მაგალითად, ლევიანების 14:8-ში ვკითხულობთ: „მან, ვინც იწმინდება, გაირეცხოს [სიტყვა „კავას“-ის ფორმა] ტანსაცმელი, მთელი სხეული გაიპარსოს, იბანაოს [ვერახაც] და განიწმინდება“ (იხ. აგრეთვე 15:5—27; რც. 19:19).
„განბანის“ შესატყვისი ბერძნული სიტყვა არის „ლუტრონ“-ი (ტიტ. 3:5).
ფიზიკური სისუფთავე მოითხოვება მათგან, ვინც სიწმინდითა და სისპეტაკით სცემს თაყვანს იეჰოვას. ეს კარგად ჩანს იქიდან, თუ როგორ იყო ორგანიზებული მსახურება კარავთან და მოგვიანებით ტაძარში. მღვდლად დანიშვნის ცერემონიალზე მღვდელმთავარმა აარონმა და მისმა ვაჟებმა ჯერ დაიბანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიმოსნენ თავიანთი სამღვდელო სამოსით (გმ. 29:4—9; 40:12—15; ლვ. 8:6, 7). ხელ-ფეხის დასაბანად მღვდლები სარგებლობდნენ წყლით, რომელიც კარვის ეზოში განთავსებულ სპილენძის აუზში ესხა; მოგვიანებით კი, სოლომონის ტაძრისთვის ჩამოსხმული უზარმაზარი აუზის წყლით იბანდნენ ხელ-ფეხს (გმ. 30:18—21; 40:30—32; 2მტ. 4:2—6). გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარი ორჯერ ბანაობდა (ლვ. 16:4, 23, 24). მათ, ვინც განტევების ვაცს გაუშვებდა, ვინც ცხოველური შესაწირავებისგან მორჩენილ ნარჩენებს შეაგროვებდა, ან ბანაკის გარეთ შესაწირავად გამიზნულ წითელ დეკეულს გაიყვანდა, ბანაკში დაბრუნებამდე უნდა ებანავათ და ტანსაცმელიც უნდა გაერეცხათ (ლვ. 16:26—28; რც. 19:2—10).
ზოგადად, ისრაელების მხრიდან სხვადასხვა შემთხვევებში მოითხოვებოდა რიტუალური განბანვა. „გაუწმინდურებულად“ ითვლებოდნენ და უნდა ებანავათ მათ, ვინც: განიკურნებოდა კეთრისგან; შეეხებოდა ისეთ ნივთებს, რასაც მანამდე გამონადენის მქონე პირი შეეხო; მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა თესლდენა; ქალი ყოველთვიური მენსტრუაციის ან სისხლდენის შემდეგ; ან ისინი, ვისაც სქესობრივი კავშირი ჰქონდათ (ლვ. 14:8, 9; 15:4—27). ის, ვინც ერთ კარავში იმყოფებოდა ცხედართან ან შეეხებოდა მას, „გაუწმინდურდებოდა“ და განმწმენდი წყლით უნდა განწმენდილიყო. თუ ვინმე უგულებელყოფდა ამ მითითებას, ის „უნდა მოკვეთილიყო კრებულიდან, რადგან მან იეჰოვას საწმინდარი წაბილწა“ (რც. 19:20). აქედან გამომდინარე, არაა გასაკვირი, რომ გადატანითი მნიშვნელობით დაბანაში იგულისხმება იეჰოვას წინაშე სუფთად დგომა (ფს. 26:6; 73:13; ეს. 1:16; ეზკ. 16:9). განბანას იეჰოვასგან მომდინარე ჭეშმარიტების სიტყვით, რომელიც წყლით არის წარმოდგენილი, განწმენდის ძალა აქვს (ეფ. 5:26).
ბიბლიაში მოკლედ არის მოხსენიებული რამდენიმე ადამიანის შემთხვევა, რომლებიც ბანაობდნენ: ფარაონის ასული, რომელიც ნილოსში ჩავიდა საბანაოდ (გმ. 2:5); რუთი, რომელმაც ბოაზთან შეხვედრამდე იბანავა (რთ. 3:3); ბათშება, რომელმაც არ იცოდა, რომ მის ბანაობას დავითი ადევნებდა თვალს (2სმ. 11:2, 3); დავითი, რომელმაც იეჰოვას კარავში თაყვანსაცემად მისვლამდე დაიბანა (2სმ. 12:20); მეძავები, რომლებიც სამარიის წყალსატევთან ბანაობდნენ (1მფ. 22:38). კეთროვანმა ნაამანმა, რომელსაც ელისემ შეუთვალა, „განიბანე და განიწმინდებიო“, შვიდჯერ ჩაყვინთა მდინარე იორდანეში (2მფ. 5:9—14). მიღებული იყო ახალშობილი ჩვილების დაბანა, აგრეთვე ბანდნენ მიცვალებულებს დაკრძალვის წინ (ეზკ. 16:4; სქ. 9:37).
ახლო აღმოსავლეთის ცხელ კლიმატში, როდესაც ხალხი მტვრიან გზებზე ღია სანდლებით დადიოდა, გულითადი სტუმართმოყვარეობის ნიშნად მასპინძელი სტუმრის ფეხების დაბანაზე ზრუნავდა. აბრაამმა ასეთი სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა ანგელოზების მიმართ (დბ. 18:1—4); მსგავსი დამოკიდებულება გამოავლინეს ლოტმა, ლაბანმა და აბიგაილმა (დბ. 19:1, 2; 24:29—32; 1სმ. 25:41; ლკ. 7:38, 44; 1ტმ. 5:10). იესომაც დაბანა ფეხები თავის მოწაფეებს (ინ. 13:5—17; იხ. ᲤᲔᲮᲘᲡ ᲓᲐᲑᲐᲜᲐ).
ფარისევლები იდაყვებამდე იბანდნენ ხელებს, და ამას იმიტომ კი არ აკეთებდნენ, რომ ძალიან ზრუნავდნენ ჰიგიენაზე, არამედ იმიტომ, რომ ზედმიწევნით იცავდნენ რაბინულ ადათ-წესებს (მრ. 7:1—5; მთ. 15:1, 2).