ესთერი*
1 ახაშვეროშის*+ დროს — იმ ახაშვეროშისა, რომელიც ინდოეთიდან ეთიოპიამდე ას ოცდაშვიდი სამთავროს მეფე იყო+ — 2 იმ დროს, როცა მეფე ახაშვეროში იჯდა თავის სამეფო ტახტზე,+ შუშანის+ ციხე-დარბაზში,+ 3 თავისი მეფობის მესამე წელს მან ნადიმი+ გაუმართა თავის მთავრებსა და მსახურებს, სპარსეთისა+ და მიდიის+ მხედართმთავრებს, წარჩინებულებსა+ და სამთავროთა მთავრებს.+ მასთან იყვნენ ისინი 4 და ის უჩვენებდა მათ თავისი დიდებული სამეფოს სიმდიდრეს,+ მოწიწების მომგვრელ+ სიდიადესა და თავის ბრწყინვალებას მრავალ დღეს, ას ოთხმოც დღეს. 5 ამის შემდეგ, მეფემ სასახლის ბაღის ეზოში შვიდდღიანი ნადიმი გაუმართა ყველას, ვინც შუშანის ციხე-დარბაზში იყო, დიდსა თუ პატარას. 6 სელისა და საუკეთესო ბამბის ქსოვილები, ასევე ლურჯი+ ქსოვილები წმინდა ძაფებით დამზადებული თოკებით იყო დამაგრებული; მოშინდისფრო+ შალის ზონრები ვერცხლის რგოლებში იყო გაყრილი და მარმარილოს სვეტებზე მიმაგრებული, ოქროსა და ვერცხლის ტახტები+ იდგა პორფირის*, მარმარილოს, სადაფისა და შავი მარმარილოს ქვაფენილზე.
7 ღვინოს ოქროს სასმისებით+ აწვდიდნენ, ნაირ-ნაირი სასმისებით; უხვად იყო სამეფო ღვინო,+ როგორც მეფეს შეეფერებოდა. 8 სმის დროს არავის აძალებდნენ დალევას, როგორც ეს კანონით მოითხოვებოდა, რადგან მეფეს ნაბრძანები ჰქონდა თავისი სახლის დიდებულებისთვის, რომ თითოეულის სურვილისამებრ მოქცეულიყვნენ.
9 დედოფალმა ვაშთიმაც+ გამართა ნადიმი ქალთათვის მეფე ახაშვეროშის სამეფო სასახლეში.
10 მეშვიდე დღეს, როცა ღვინომ გაამხიარულა მეფის გული,+ უთხრა მან მეჰუმანს, ბიზთას, ხარბონას,+ ბიგთას, აბაგთას, ზეთარსა და ქარქასს — შვიდ კარისკაცს, რომლებიც თვით მეფე ახაშვეროშს ემსახურებოდნენ,+ 11 რომ მეფესთან მიეყვანათ დედოფალი ვაშთი სამეფო თავსაბურავით ხალხთათვის და მთავართათვის მისი სილამაზის საჩვენებლად, რადგან თვალტანადი იყო იგი.+ 12 მაგრამ არ ისურვა+ დედოფალმა ვაშთიმ მისვლა მეფის სიტყვისამებრ, კარისკაცებმა რომ გადასცეს, რის გამოც ძლიერ განრისხდა მეფე და რისხვით აენთო.+
13 ჰკითხა მეფემ დროთა მცოდნე+ ბრძენკაცებს+ (რადგან ასე განიხილებოდა მეფის საქმეები კანონისა და სამართლის მცოდნეთა წინაშე; 14 მასთან ყველაზე დაახლოებული პირები იყვნენ: ქარშენა, შეთარი, ადმათა, თარშიში, მერესი, მარსენა და მემუქანი — სპარსეთისა და მიდიის შვიდი+ მთავარი, რომლებსაც მეფესთან შესვლის უფლება+ ჰქონდათ და სამეფოში პირველი ადგილები ეკავათ): 15 „კანონის თანახმად რა უნდა ვუყოთ დედოფალ ვაშთის იმისთვის, რომ არ შეასრულა მეფე ახაშვეროშის სიტყვა, კარისკაცების მიერ გადაცემული?“
16 თქვა მემუქანმა+ მეფისა და მთავრების წინაშე: „დედოფალი ვაშთი არა მხოლოდ მეფეს მოექცა ცუდად,+ არამედ მეფე ახაშვეროშის სამთავროებში მცხოვრებ ყველა მთავარსა და ყველა ხალხს. 17 რადგან მიუვა დედოფლის ამბავი ყველა ცოლს, ისინიც აითვალწუნებენ+ თავიანთ ქმრებს+ და იტყვიან: მეფე ახაშვეროშმა ბრძანა, რომ მასთან მიეყვანათ დედოფალი ვაშთი, მაგრამ ის არ მისულაო. 18 ახლა სპარსეთისა და მიდიის მთავრების ცოლები, რომლებმაც შეიტყვეს დედოფლის ამბავი, ასევე შეეპასუხებიან მეფის მთავრებს, ამას კი დიდი სიძულვილი და რისხვა მოჰყვება.+ 19 თუ მეფე ინებებს,+ გამოვიდეს მისგან სამეფო სიტყვა და ჩაიწეროს ის სპარსეთისა და მიდიის კანონებში,+ რათა არ გაუქმდეს,+ და აღარ დაიშვას ვაშთი მეფე ახაშვეროშთან; მისი სამეფო ღირსება კი მეფემ გადასცეს სხვა ქალს, მასზე უკეთესს. 20 წაიკითხონ მეფის დადგენილება მთელ მის სამეფოში (რადგან ვრცელია ის), და ყველა ცოლი, დიდებული თუ მდაბიო, პატივს მიაგებს+ თავის პატრონს“.+
21 მოეწონათ მეფესა+ და მთავრებს ეს წინადადება, და მეფეც მემუქანის სიტყვისამებრ მოიქცა. 22 დაგზავნა მან წერილები+ სამეფოს ყველა სამთავროში, თითოეულ სამთავროში+ თავისი დამწერლობით, ყველა ხალხთან თავიანთ ენაზე, რომ ყველა ქმარი თავისი სახლის+ მთავარი ყოფილიყო და თავისი ხალხის ენაზე ელაპარაკა.
2 ამ ამბების შემდეგ, როცა დაცხრა მეფე ახაშვეროშის+ რისხვა, გაახსენდა მას ვაშთი,+ მისი საქციელი+ და მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება.+ 2 თქვეს მეფის მხლებლებმა, მისმა მსახურებმა:+ „მოძებნონ+ მეფისთვის ლამაზი ახალგაზრდა ქალწულები;+ 3 დანიშნოს მეფემ ზედამხედველები თავისი სამეფოს ყველა სამთავროში+ და შეკრიბონ მათ ლამაზი ახალგაზრდა ქალწულები შუშანის ციხე-დარბაზში,+ ქალთა სახლში, რომელიც მეფის საჭურისს,+ ქალთა მცველ ჰეგაის+ აბარია; და დაუზილონ მათ სხეული. 4 ის ახალგაზრდა ქალი, რომელიც თვალში მოუვა მეფეს, ვაშთის მაგივრად გახდება დედოფალი“.+ მოეწონა ეს სიტყვა მეფეს და ასეც მოიქცა.
5 შუშანის ციხე-დარბაზში+ იყო ერთი იუდეველი კაცი, სახელად მორდოქაი,+ ბენიამინელი+ კიშის ვაჟის, შიმეის ვაჟის იაირის ვაჟი, 6 რომელიც იერუსალიმიდან იყო გადასახლებული+ სხვა ხალხთან და იუდას მეფე იექონიასთან+ ერთად ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის+ მიერ. 7 ის პატრონობდა+ ჰადასას, იგივე ესთერს, მამამისის ძმის ასულს,+ რადგან მას არც დედა ჰყავდა და არც მამა. ახალგაზრდა ქალი ტანადი და ლამაზი შესახედავი იყო;+ დედ-მამის სიკვდილის შემდეგ მორდოქაიმ იშვილა ის. 8 როცა მეფის სიტყვა და მისი კანონი მოისმინეს, ბევრი ახალგაზრდა ქალი შეკრიბეს შუშანის+ ციხე-დარბაზში და ჩააბარეს ჰეგაის,+ მაშინ ესთერიც მიიყვანეს მეფის სასახლეში და ჩააბარეს ჰეგაის, ქალთა მცველს.
9 მას თვალში მოუვიდა ეს ახალგაზრდა ქალი, კეთილად*+ განეწყო მის მიმართ და დაუყოვნებლივ ბრძანა, რომ დაეზილათ მისთვის სხეული,+ მიეცათ განსაკუთრებული საკვები და მიეჩინათ მისთვის შვიდი რჩეული ახალგაზრდა ქალი მეფის სასახლიდან. მან ახალგაზრდა ქალებთან ერთად ის ქალთა სახლის საუკეთესო ნაწილში გადაიყვანა. 10 ესთერს არ გაუმჟღავნებია თავისი ხალხისა+ და ნათესავების ვინაობა, რადგან მორდოქაის ჰქონდა ნაბრძანები მისთვის, რომ არ ეთქვა.+ 11 ყოველდღე მიმოდიოდა მორდოქაი ქალთა სახლის ეზოს წინ, რომ გაეგო, როგორ იყო ესთერი და რა ხდებოდა მის თავს.
12 როცა ახალგაზრდა ქალთაგან ვინმეს მეფე ახაშვეროშთან მისვლის ჯერი დაუდგებოდა მას შემდეგ, რაც მას თორმეტი თვის განმავლობაში ქალებისთვის დადგენილი წესისამებრ უვლიდნენ (რადგან ამდენი დრო სჭირდებოდა მათი სხეულების დაზელას: ექვსი თვე — სმირნის ზეთით+ და ექვსი თვე — ბალზამით,+ გარდა ქალებისთვის განკუთვნილი ჩვეული დაზელისა), 13 მაშინ შედიოდა ახალგაზრდა ქალი მეფესთან. რაც არ უნდა ეთხოვა, ატანდნენ მას ქალთა სახლიდან მეფის სასახლეში წასაღებად.+ 14 საღამოს შედიოდა ის, დილით კი ბრუნდებოდა ქალთა მეორე სახლში, რომელიც მეფის საჭურისს, ხარჭების მცველ შააშგაზს ჰქონდა ჩაბარებული.+ ის აღარ შევიდოდა მეფესთან, თუ მეფე არ ისურვებდა და სახელით არ მოუხმობდა.+
15 დადგა ესთერის, მორდოქაის ბიძის, აბიხაილის ასულის — მორდოქაის რომ ჰყავდა ნაშვილები+ — შესვლის ჯერი მეფესთან და მას არაფერი უთხოვია+ გარდა იმისა, რაც ქალთა მცველმა ჰეგაიმ,+ მეფის საჭურისმა, ურჩია (მთელი ამ ხნის განმავლობაში ესთერს ყველა კარგი თვალით უყურებდა).+ 16 მიიყვანეს ესთერი მეფე ახაშვეროშთან მის სამეფო სასახლეში მეათე ანუ ტებეთის თვეში, მისი მეფობის მეშვიდე წელს.+ 17 მეფეს სხვა ქალებზე მეტად შეუყვარდა ესთერი, მან სხვა ქალწულებზე მეტად დაიმსახურა კეთილგანწყობა და მეტი სიკეთე პოვა მის წინაშე.+ მეფემ სამეფო თავსაბურავი დაახურა მას თავზე და ვაშთის მაგივრად დასვა დედოფლად.+ 18 მეფემ დიდი ნადიმი გაუმართა თავის მთავრებსა და მსახურებს ესთერის გამო. მან გარკვეული ვალდებულებებისგან გაათავისუფლა+ სამთავროები და მეფური საჩუქრები გასცა.
19 იმ დროს, როცა მეორედ შეკრიბეს ქალწულები,+ მორდოქაი მეფის კარიბჭესთან იჯდა.+ 20 ესთერს არ გაუმხელია თავისი ნათესავებისა და ხალხის ვინაობა,+ როგორც მორდოქაის+ ჰქონდა ნაბრძანები მისთვის;+ ესთერი ისევე ემორჩილებოდა მორდოქაის სიტყვას, როგორც მაშინ, როცა მისი მეურვეობის ქვეშ იყო.+
21 იმ დროს, როცა მორდოქაი მეფის კარიბჭესთან იჯდა, ბიგთანი და თერეში, კარისკაცები, კარის მცველები, განრისხდნენ და მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვის შესაძლებლობას ეძებდნენ.+ 22 შეიტყო ეს ამბავი მორდოქაიმ და მაშინვე აცნობა დედოფალ ესთერს,+ ესთერი კი მორდოქაის სახელით დაელაპარაკა მეფეს.+ 23 გამოიძიეს ეს საქმე და გაარკვიეს, ორივე მათგანი ძელზე+ ჩამოკიდეს;+ ამის შემდეგ ეს ამბავი მეფის წინაშე ჩაიწერა მატიანეში.+
3 ამ ამბების შემდეგ მეფე ახაშვეროშმა განადიდა ჰამანი,+ აგაგელი+ ჰამედათას ვაჟი, აღაზევა ის+ და თავის სხვა მთავრებზე მაღლა დაუდგა ტახტი.+ 2 მეფის ყველა მსახური, რომლებიც მეფის კარიბჭესთან+ იყვნენ, მდაბლად თაყვანს სცემდნენ ჰამანს და ემხობოდნენ მის წინაშე, რადგან ასე ჰქონდა მეფეს ნაბრძანები, მორდოქაი კი არც თაყვანს სცემდა მას და არც ემხობოდა მის წინაშე.+ 3 მეფის კარიბჭესთან მყოფი მეფის მსახურები ეუბნებოდნენ მორდოქაის, რატომ არღვევო მეფის ბრძანებას?!+ 4 რაკი ყოველდღე ეუბნებოდნენ ამას და ის არ უსმენდა მათ, შეატყობინეს ჰამანს, რათა ენახათ, კვლავ თავისაზე იდგებოდა თუ არა მორდოქაი;+ რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის, რომ იუდეველი იყო.+
5 ხედავდა ჰამანი, რომ მორდოქაი თაყვანს არ სცემდა მას და არ ემხობოდა მის წინაშე,+ და რისხვით აივსო ჰამანი.+ 6 თუმცა იუკადრისა მხოლოდ მორდოქაიზე ხელის აღმართვა, რაკი ნათქვამი ჰქონდათ მისთვის, რომელი ხალხიდან იყო მორდოქაი. შესაძლებლობას ეძებდა ჰამანი ახაშვეროშის მთელ სამეფოში ყველა იუდეველის, მორდოქაის ხალხის+ მოსასპობად.+
7 მეფე ახაშვეროშის მეფობის მეთორმეტე წელს,+ პირველ თვეს,+ ანუ ნისანის თვეში, ფურს+ ანუ წილს+ ყრიდნენ ჰამანის წინაშე დღეებსა და თვეებზე, და წილი მეთორმეტე თვეს, ადარს,+ ხვდა. 8 უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: „არის ხალხი, რომელიც გაფანტულია ხალხებში+ და გამოცალკევებულია სხვა ხალხებისგან შენი სამეფოს ყველა სამთავროში;+ მათი კანონები ყველა სხვა ხალხის კანონებისგან განსხვავდება, ისინი არც მეფის კანონებს ასრულებენ;+ არ მართებს მეფეს მათი თავის ნებაზე მიშვება. 9 თუ მეფე ინებებს, დაიწეროს ბრძანება მათი განადგურების შესახებ; მე მივიტან ათი ათას ვერცხლის+ ტალანტს სამეფო საგანძურში ამ საქმის+ შემსრულებელთათვის“.
10 წაიძრო მეფემ ხელიდან ბეჭედი+ და მისცა ჰამანს,+ აგაგელი+ ჰამედათას ძეს, იუდეველთა მტერს,+ 11 და უთხრა მეფემ ჰამანს: „ვერცხლიც+ გეძლევა და ხალხიც, მოექეცი მათ, როგორც გენებოს!“+ 12 პირველი თვის მეცამეტე დღეს მოუხმეს მეფის მწერლებს+ და ყველაფერი ისე დაიწერა,+ როგორც ჰამანმა უბრძანა მეფის სატრაპებს, სხვადასხვა სამთავროს გამგებლებს+ და თითოეულ სამთავროში მცხოვრები ხალხის მთავრებს, ყველას თავისი დამწერლობისამებრ+ და ყველა ხალხს თავის ენაზე; ყველაფერი მეფე ახაშვეროშის სახელით+ დაიწერა და მეფის ბეჭდით დაიბეჭდა.+
13 შიკრიკების+ ხელით დაგზავნეს წერილები სამეფოს ყველა სამთავროში, რომ ერთ დღეს,+ მეთორმეტე თვის ანუ ადარის მეცამეტე დღეს მოესპოთ,+ დაეხოცათ და გაენადგურებინათ ყველა იუდეველი, ჭაბუკი თუ მოხუცი, ქალი თუ ბავშვი და დაეტაცებინათ მათი ქონება.+ 14 ასლი ამ წერილობითი ბრძანებისა, რომელიც ყველა სამთავროში+ კანონად+ უნდა გამოცხადებულიყო, წაუკითხეს ყველა ხალხს, რათა მზად ყოფილიყვნენ იმ დღისთვის. 15 შიკრიკები სწრაფად გაეშურნენ მეფის სიტყვისამებრ;+ ამასობაში კანონი შუშანის+ ციხე-დარბაზშიც გამოცხადდა. დასხდნენ მეფე და ჰამანი, დაიწყეს სმა,+ ქალაქი შუშანი+ კი მღელვარებამ მოიცვა.+
4 შეიტყო მორდოქაიმ+ ყველაფერი, რაც მოხდა,+ ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალო+ ჩაიცვა და ნაცარი+ დაიყარა. გავიდა შუაგულ ქალაქში და ხმამაღლა და მწარედ მოთქვამდა,+ 2 ვიდრე მეფის კარიბჭემდე+ არ მივიდა, რადგან ჯვალოთი შემოსილს არავის შეეძლო მეფის კარიბჭეში შესვლა. 3 ყველა სამთავროში,+ სადაც მეფის სიტყვამ და მისმა კანონმა მიაღწია, დიდი გლოვა+ ატყდა იუდეველთა შორის; მარხულობდნენ,+ ტიროდნენ და მოთქვამდნენ, ბევრს ჯვალო+ და ნაცარი+ ლოგინად ექცა. 4 ესთერის მოახლეები და საჭურისები+ მიდიოდნენ მასთან და ყველაფერს უამბობდნენ. ძლიერ წუხდა დედოფალი. ტანსაცმელი გაუგზავნა მორდოქაის, რომ ჯვალო გაეხადა, მაგრამ მან არ მიიღო.+ 5 მაშინ ესთერმა მოიხმო ჰათაქი,+ მეფის ერთ-ერთი საჭურისი, რომელიც მსახურად ჰყავდა მეფეს დაყენებული მისთვის, და უბრძანა, წასულიყო მორდოქაისთან და გაეგო, რას ნიშნავდა ეს და რა ხდებოდა.
6 მივიდა ჰათაქი მორდოქაისთან ქალაქის მოედანზე, მეფის კარიბჭის წინ. 7 ამცნო მორდოქაიმ მას ყველაფერი, რაც თავს დაატყდა,+ და იმ თანხის ზუსტი ოდენობა, რომელიც ჰამანს, თავისი სიტყვისამებრ, სამეფო საგანძურში+ უნდა შეეტანა იუდეველთა გასანადგურებლად.+ 8 მისცა მათ გასანადგურებლად შუშანში+ გამოცხადებული, დაწერილი კანონის ასლი,+ რომ ეჩვენებინა ესთერისთვის, ასევე ეცნობებინა და ებრძანებინა მისთვის,+ შესულიყო მეფესთან, წყალობა გამოეთხოვა მისგან+ და თავისი ხალხის გულისთვის თხოვნით უშუალოდ მისთვის მიემართა.+
9 მოვიდა ჰათაქი+ და გადასცა ესთერს მორდოქაის სიტყვები. 10 მაშინ ელაპარაკა ესთერი ჰათაქს და შეუთვალა მორდოქაის მისი პირით:+ 11 „მეფის ყველა მსახურმა და მისი სამეფოს სამთავროებში მცხოვრებმა ხალხმა იციან, რომ ნებისმიერი კაცისთვის თუ ქალისთვის, რომელიც მოხმობის გარეშე შევა მეფესთან შიდა ეზოში,+ მეფეს ერთი კანონი+ აქვს — სიკვდილით დასჯა, მხოლოდ მაშინ დარჩება ცოცხალი,+ თუ მეფე ოქროს კვერთხს გაიშვერს მისკენ. მე კი უკვე ოცდაათი დღეა, რაც არ მოვუხმივარ მეფეს“.
12 გადასცეს მორდოქაის ესთერის სიტყვები. 13 მორდოქაიმ კი პასუხად შეუთვალა ესთერს: „ნუ იფიქრებ, რომ შენ ერთი გადარჩები იუდეველთაგან, რადგან მეფის სახლში ხარ.+ 14 თუ ახლა დადუმდები, სხვა მხრიდან მოვა შვება და ხსნა იუდეველთათვის,+ შენ და მამაშენის სახლი კი დაიღუპებით. ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ დროისთვის მოიპოვე სამეფო ღირსება?!“+
15 შეუთვალა ესთერმა პასუხად მორდოქაის: 16 „წადი, თავი მოუყარე შუშანში+ მცხოვრებ ყველა იუდეველს და იმარხულეთ+ ჩემთვის სამ დღეს,+ დღედაღამ, არ ჭამოთ და არ სვათ. მეც ვიმარხულებ ჩემს მოახლეებთან ერთად+ და მერე შევალ მეფესთან, თუმცა ეს კანონით დაუშვებელია. თუ დავიღუპები,+ დავიღუპო!“ 17 წავიდა მორდოქაი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ესთერმა უბრძანა.
5 მესამე დღეს+ გამოეწყო ესთერი სამეფო სამოსელში+ და დადგა მეფის სასახლის წინ, მეფის სასახლის შიდა ეზოში,+ მეფე კი თავის სამეფო ტახტზე იჯდა სამეფო სასახლეში, სასახლის შესასვლელის წინ. 2 როგორც კი მეფემ ეზოში მდგომი დედოფალი ესთერი დაინახა, წყალობა პოვა+ მან მის თვალში და გაიშვირა ესთერისკენ ოქროს კვერთხი,+ ხელში რომ ეჭირა. ესთერიც მიუახლოვდა და კვერთხის წვერს შეეხო.
3 ჰკითხა მეფემ მას: „რა მოხდა, დედოფალო ესთერ? რა სათხოვარი გაქვს?+ ნახევარი სამეფოც+ რომ მთხოვო, მოგცემ!“ 4 ესთერმა მიუგო: „თუ ისურვებს მეფე, მობრძანდეს დღეს მეფე ჰამანთან+ ერთად ნადიმზე,+ რომელიც მოვუმზადე მას“. 5 თქვა მეფემ: „დააჩქარეთ ჰამანი,+ რომ შეასრულოს ესთერის სიტყვა!“ მივიდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც ესთერმა გამართა.
6 ღვინის სმის დროს უთხრა მეფემ ესთერს: „რა სათხოვარი გაქვს?+ შეგისრულდება! რა თხოვნა გაქვს? ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, მოგცემ!“ 7 მაშინ ესთერმა მიუგო: „აი ჩემი სათხოვარი და თხოვნა: 8 თუ წყალობა მიპოვნია მეფის თვალში+ და თუ მეფე ინებებს ჩემი ხვეწნისა და თხოვნის შესრულებას, მოვიდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელსაც ხვალ გავმართავ მათთვის, და ხვალ მოვიქცევი მეფის სიტყვისამებრ“.+
9 იმ დღეს გახარებული და გულმხიარული+ წავიდა ჰამანი იქიდან, მაგრამ როგორც კი თვალი მოჰკრა ჰამანმა მეფის კარიბჭესთან+ მორდოქაის, რომელიც არც ამდგარა+ და არც მის წინაშე აკანკალებულა,+ რისხვით აივსო+ მორდოქაიზე. 10 თუმცა თავი შეიკავა ჰამანმა და სახლში წავიდა, დაიბარა თავისი მეგობრები და ზერეში,+ თავისი ცოლი. 11 უყვებოდა მათ თავის დიდებულ სიმდიდრეზე,+ თავის მრავალ ვაჟზე+ და ყველაფერზე, რითაც მეფემ განადიდა ის, და რომ აღაზევა თავის მთავრებსა და მსახურებზე მეტად.+
12 თქვა ჰამანმა: „თანაც დედოფალ ესთერს მეფესთან ერთად ჩემ გარდა არავინ მიუწვევია ნადიმზე,+ ხვალაც+ მასთან ვარ დაპატიჟებული მეფესთან ერთად. 13 მაგრამ ეს ყველაფერი არაფრად მიღირს, ვიდრე ვხედავ იუდეველ მორდოქაის, მეფის კარიბჭესთან მჯდომს“. 14 უთხრეს მას მისმა ცოლმა, ზერეშმა, და მისმა მეგობრებმა: „გააკეთონ ძელი,+ სიმაღლით ორმოცდაათი წყრთა. დილით+ უთხარი მეფეს, რომ მასზე ჩამოკიდონ მორდოქაი,+ მერე კი მხიარული წადი მეფესთან ერთად ნადიმზე“. მოეწონა ეს აზრი+ ჰამანს და გაამზადებინა ძელი.+
6 ღამით ძილი გაუკრთა მეფეს,+ ამიტომ ბრძანა, რომ მოეტანათ მისთვის იმ დღეთა მატიანე.+ როცა უკითხავდნენ მას მეფეს, 2 აღმოაჩინეს ჩანაწერი, თუ რა შეატყობინა მორდოქაიმ+ ბიგთანასა და თერეშზე, კარისკაცებზე,+ კარის მცველებზე, რომლებიც მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვის შესაძლებლობას ეძებდნენ. 3 მაშინ იკითხა მეფემ: „რა პატივი მიაგეს მორდოქაის ამისთვის და როგორ განადიდეს?“ რაზეც მეფის მხლებლებმა, მისმა მსახურებმა მიუგეს, არაფერი გაუკეთებიათო მისთვის.+
4 იკითხა მეფემ: „ვინ არის ეზოში?“ მეფის სასახლის გარეთა ეზოში+ ჰამანი იყო მოსული მეფისთვის იმის სათქმელად, რომ მორდოქაი ჩამოეკიდათ ძელზე,+ რომელიც მისთვის ჰქონდა გამზადებული. 5 მოახსენეს მეფეს მისმა მხლებლებმა: „აი ჰამანი+ დგას ეზოში“. თქვა მეფემ: „შემოვიდეს!“
6 შევიდა ჰამანი და ჰკითხა მას მეფემ: „რა უნდა გაუკეთონ კაცს, რომლის პატივისცემაც მეფეს სურს?“+ ჰამანმა გულში გაიფიქრა: „ვისთვის ენდომება მეფეს პატივის მიგება, თუ არა ჩემთვის?!“+ 7 მიუგო ჰამანმა მეფეს: „იმ კაცს, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურს, 8 მიართვან სამეფო სამოსელი,+ რომლითაც მეფე იმოსება, და ცხენი, რომელზეც მეფე ჯდება+ და რომელსაც თავი სამეფო მოსართავით აქვს მორთული. 9 ჩააბარონ სამოსელი და ცხენი მეფის ერთ-ერთ წარჩინებულ მთავარს,+ შემოსონ ეს კაცი, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურს, მოატარონ ცხენით ქალაქის+ მოედანი+ და იძახონ მის წინაშე: აი ასე ექცევიანო კაცს, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურს!“+ 10 მაშინ უთხრა მეფემ ჰამანს: „იჩქარე, აიღე სამოსელი და წაიყვანე ცხენი, როგორც თქვი, და ასე მოექეცი იუდეველ მორდოქაის, რომელიც მეფის კარიბჭესთან ზის. არაფერი გამოგრჩეს იქიდან, რაც თქვი!“+
11 აიღო ჰამანმა სამოსელი+ და წაიყვანა ცხენი, შემოსა მორდოქაი,+ ცხენით მოატარა მას ქალაქის მოედანი+ და იძახდა მის წინაშე:+ „აი ასე ექცევიან კაცს, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურს!“+ 12 შემდეგ მორდოქაი დაბრუნდა მეფის კარიბჭესთან,+ ჰამანი კი დამწუხრებული და თავდაფარული გაეშურა შინისკენ.+ 13 მოუყვა ჰამანი თავის ცოლს, ზერეშს,+ და თავის მეგობრებს ყველაფერს, რაც შეემთხვა. მაშინ უთხრეს მას მისმა ბრძენკაცებმა+ და ზერეშმა, მისმა ცოლმა: „თუ ეს მორდოქაი, რომლის წინაშეც ეცემი, იუდეველთა შთამომავალია, შენ ვერ სძლევ მას, უეჭველად დაეცემი მის წინაშე“.+
14 ჯერ კიდევ ელაპარაკებოდნენ მას, როცა მივიდნენ მეფის კარისკაცები. დააჩქარეს+ ჰამანი და ესთერის მიერ გამართულ ნადიმზე+ წაიყვანეს.
7 მივიდნენ მეფე და ჰამანი+ დედოფალ ესთერთან ნადიმზე 2 მეორე დღეს. ღვინის სმის დროს კვლავ ჰკითხა მეფემ ესთერს:+ „რა თხოვნა გაქვს,+ დედოფალო ესთერ? შეგისრულდება!+ რა სათხოვარი გაქვს? ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო,+ მოგცემ!“ 3 ამაზე დედოფალმა ესთერმა მიუგო: „თუ წყალობა მიპოვნია შენს თვალში, მეფეო, და თუ მეფე ინებებს, მომეცეს ჩემი ხვეწნით ჩემი სული+ და ჩემი თხოვნით — ჩემი ხალხი,+ 4 რადგან გაყიდულნი ვართ+ მე და ჩემი ხალხი მოსასპობად,+ დასახოცად და გასანადგურებლად. მონებად+ და მხევლებად რომ გავყიდულიყავით, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ეს უბედურება მეფეს ზიანს მოუტანს, რაც ყოვლად დაუშვებელია“.
5 ჰკითხა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს: „ვინ არის+ და სად არის ის, ვინც ასეთი რამ გაბედა?“+ 6 ესთერმა კი მიუგო: „ეს კაცი, მოწინააღმდეგე+ და მტერი,+ ბოროტი ჰამანია“.
თავზარი+ დაეცა ჰამანს მეფისა და დედოფლის შიშით. 7 წამოდგა განრისხებული+ მეფე ღვინის სმის დროს და სასახლის ბაღში გავიდა. ადგა ჰამანი, რომ დედოფალ ესთერისთვის+ მოწყალება ეთხოვა სულის გადასარჩენად, რადგან მიხვდა, რომ მეფეს ცუდი+ რამ განეზრახა მისთვის.+ 8 როცა მეფე სასახლის ბაღიდან დაბრუნდა იქ, სადაც ღვინოს სვამდნენ,+ ჰამანი ესთერის ტახტზე+ დამხობილი დახვდა. თქვა მეფემ: „დედოფალზეც ძალადობ ჩემი აქ ყოფნის დროს?!“ სიტყვა გამოვიდა მეფის ბაგიდან+ და სახე დაუფარეს ჰამანს. 9 ხარბონამ,+ ერთ-ერთმა კარისკაცმა,+ თქვა: „ჰამანის სახლში ორმოცდაათწყრთიანი ძელი+ დგას, ჰამანმა რომ მოუმზადა მორდოქაის, მეფის სასიკეთოდ მოლაპარაკეს“.+ მაშინ ბრძანა მეფემ: „მასზე ჩამოკიდეთ ის!“+ 10 ჩამოკიდეს ჰამანი იმ ძელზე,+ რომელიც მას მორდოქაისთვის ჰქონდა გამზადებული,+ და დაცხრა მეფის რისხვა.
8 იმ დღეს მეფე ახაშვეროშმა მისცა დედოფალ ესთერს იუდეველთა მტრის,+ ჰამანის სახლი,+ მორდოქაი კი წარდგა მეფის წინაშე, რადგან გაამხილა ესთერმა, ვინ იყო ის მისი.+ 2 წაიძრო მეფემ ბეჭედი,+ რომელიც ჰამანს ჩამოართვა, და მისცა მორდოქაის. ჰამანის სახლის ზედამხედველად ესთერმა მორდოქაი დააყენა.+
3 კვლავ დაელაპარაკა ესთერი მეფეს, დაემხო მის ფეხებთან, ტიროდა და წყალობას სთხოვდა,+ რომ გაექარწყლებინა აგაგელი ჰამანის ბოროტება+ და იუდეველთა წინააღმდეგ ჩაფიქრებული+ მისი განზრახვა.+ 4 გაიშვირა მეფემ ესთერისკენ ოქროს კვერთხი,+ წამოდგა ესთერი, დადგა მეფის წინაშე 5 და უთხრა: „თუ მეფე ინებებს, თუ წყალობა მიპოვნია მის წინაშე,+ თუ მართებულად ჩათვლის მეფე და მეც მოსაწონი ვარ მის თვალში, მაშინ წერილობით გაუქმდეს ის საბუთები+ — ჰამანის, აგაგელი+ ჰამედათას ვაჟის განზრახვა — რომლებიც მან სამეფოს ყველა სამთავროში+ მცხოვრებ იუდეველთა გასანადგურებლად შეადგინა.+ 6 როგორ ვუყურო ჩემი ხალხის უბედურებას, რომელიც თავს დაატყდებათ, და როგორ ვუყურო ჩემი ნათესავების განადგურებას?!“
7 უთხრა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს და იუდეველ მორდოქაის: „აი, ესთერს+ მივეცი ჰამანის სახლი, ის კი ძელზე ჩამოკიდეს,+ რადგან ხელი აღმართა იუდეველებზე. 8 თქვენ თვითონ დაწერეთ მეფის სახელით+ იუდეველთათვის ის, რასაც მოისურვებთ, და დაბეჭდეთ მეფის ბეჭდით, რადგან მეფის სახელით დაწერილისა და მეფის ბეჭდით დაბეჭდილის გაუქმება შეუძლებელია“.+
9 ამიტომ მესამე თვის ანუ სივანის თვის ოცდამესამე დღეს მოუხმეს მეფის მწერლებს,+ და დაიწერა ყველაფერი, რაც მორდოქაიმ უბრძანა იუდეველებს, სატრაპებს,+ გამგებლებსა და ას ოცდაშვიდი სამთავროს მთავრებს+ ინდოეთიდან ეთიოპიამდე; ყოველ სამთავროს თავისი დამწერლობისამებრ+ და ყოველ ხალხს თავის ენაზე,+ იუდეველებსაც თავიანთი დამწერლობისამებრ და თავიანთ ენაზე.+
10 მეფე ახაშვეროშის სახელით დაწერა მან წერილები,+ მეფის ბეჭდით+ დაბეჭდა+ ისინი და დაგზავნა ცხენოსანი შიკრიკების ხელით, რომლებიც სამეფო სამსახურისთვის განკუთვნილი გზავნილების გადამტან ცხენებზე იყვნენ ამხედრებულნი,+ სწრაფი ბედაურების ნაშიერებზე, 11 იმის შესატყობინებლად, რომ მეფე ნებას რთავდა სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ იუდეველებს, შეკრებილიყვნენ+ და დაეცვათ თავიანთი სულები, მოესპოთ, დაეხოცათ და გაენადგურებინათ იმ ხალხისა და სამთავროს ძალა,+ რომელიც მტრად ექცეოდა მათ, არ დაენდოთ არც ბავშვი და არც ქალი და დაეტაცებინათ მათი ქონება+ 12 ერთ დღეს+ მეფე ახაშვეროშის სამეფოს ყველა სამთავროში, მეთორმეტე თვის ანუ ადარის+ მეცამეტე დღეს.+ 13 ასლი+ იმ წერილობითი ბრძანებისა, რომელიც ყველა სამთავროში კანონად უნდა გამოცხადებულიყო, წაუკითხეს ყველა ხალხს, რათა მზად ყოფილიყვნენ იუდეველები იმ დღისთვის თავიანთ მტრებზე შურის საძიებლად.+ 14 ჭენებ-ჭენებით გაეშურნენ მეფის სიტყვის გამო აჩქარებული+ შიკრიკები,+ სამეფო სამსახურისთვის განკუთვნილი გზავნილების გადამტან ცხენებზე ამხედრებულნი. ამასობაში კანონი შუშანის+ ციხე-დარბაზშიც გამოცხადდა.
15 გამოვიდა მეფისგან მორდოქაი ლურჯი ქსოვილისა და სელის სამეფო სამოსლით,+ ოქროს დიდი გვირგვინითა და ძვირფასი ქსოვილის,+ მოშინდისფრო შალის მოსასხამით.+ ყიჟინებდა და ხარობდა ქალაქი შუშანი.+ 16 იუდეველებს სინათლე, სიხარული, მხიარულება+ და პატივი ეწიათ. 17 ყველა სამთავროსა და ქალაქში, სადაც კი მისწვდა მეფის სიტყვა და მისი კანონი, ხარობდნენ და მხიარულობდნენ იუდეველები, ნადიმობდნენ+ და ზეიმობდნენ. იმ მიწაზე მცხოვრებ ხალხთაგან+ მრავალმა თავი იუდეველად გამოაცხადა,+ რადგან იუდეველთა შიშმა+ მოიცვა ისინი.
9 მეთორმეტე თვის ანუ ადარის+ მეცამეტე დღეს, როცა დადგა მეფის სიტყვისა და კანონის შესრულების+ დრო, იმ დღეს, რომელსაც იუდეველთა მტრები ელოდნენ მათ დასამორჩილებლად, ყველაფერი პირიქით მოხდა და იუდეველებმა იმძლავრეს თავიანთ მოძულეებზე.+ 2 შეიკრიბნენ იუდეველები+ თავიანთ ქალაქებში მეფე ახაშვეროშის+ სამეფოს ყველა სამთავროში, რომ ხელი აღემართათ მათთვის ავის+ მსურველებზე. წინ ვერავინ აღუდგა იუდეველებს, რადგან მათმა შიშმა+ მოიცვა ყველა ხალხი. 3 სამთავროთა მთავრები,+ სატრაპები,+ გამგებლები და მეფის საქმის შემსრულებლები+ ეხმარებოდნენ იუდეველებს, რადგან მორდოქაის შიშმა+ მოიცვა ისინი. 4 დიდებული+ იყო მორდოქაი მეფის სასახლეში და სახელი გაითქვა+ ყველა სამთავროში, რადგან უფრო და უფრო დიდებული ხდებოდა იგი.+
5 დასცეს იუდეველებმა თავიანთი მტრები, მახვილით დახოცეს+ და გაანადგურეს; ისე მოექცნენ თავიანთ მოძულეებს, როგორც სურდათ.+ 6 შუშანის+ ციხე-დარბაზში იუდეველებმა ხუთასი კაცი მოკლეს და გაანადგურეს, 7 აგრეთვე — ფარშანდათა, დალფონი, ასფათა, 8 ფორათა, ადალია, არიდათა, 9 ფარმაშთა, არისაი, არიდაი და ვაიზათა, 10 იუდეველთა მტრის,+ ჰამანის,+ ჰამედათას ძის ათი ვაჟი,+ მაგრამ საძარცვავად+ ხელი არ გაუწვდიათ.
11 იმავე დღეს ემცნო მეფეს შუშანის ციხე-დარბაზში დახოცილთა რიცხვი.
12 უთხრა მეფემ დედოფალ ესთერს:+ „შუშანის ციხე-დარბაზში+ იუდეველებმა ხუთასი კაცი და ჰამანის ათი ვაჟი დახოცეს. სამეფოს სხვა სამთავროებში+ რაღას იზამდნენ?!+ რა სათხოვარი გაქვს? შეგისრულდება!+ კიდევ რა თხოვნა გაქვს?+ აგისრულდება!“ 13 მაშინ ესთერმა მიუგო: „თუ მეფე ინებებს,+ ხვალაც მიეცეთ შუშანში მცხოვრებ იუდეველებს იმის უფლება, რომ დღევანდელი კანონით იმოქმედონ+ და ძელზე ჩამოკიდონ ჰამანის ათი ვაჟი“.+ 14 ბრძანა მეფემ, რომ ასეც მოქცეულიყვნენ.+ გამოცხადდა შუშანში კანონი და ძელზე ჩამოკიდეს ჰამანის ათი ვაჟი.
15 ადარის თვის მეთოთხმეტე+ დღესაც შეიკრიბნენ შუშანში მცხოვრები იუდეველები და მოკლეს შუშანში სამასი კაცი, მაგრამ საძარცვავად ხელი არ გაუწვდიათ.+
16 სამეფოს სხვა სამთავროებში+ მცხოვრები იუდეველებიც შეიკრიბნენ და დადგნენ თავიანთი სულების დასაცავად.+ მათ შური იძიეს+ მტრებზე და მოკლეს თავიანთ მოძულეთაგან სამოცდათხუთმეტი ათასი კაცი, მაგრამ საძარცვავად ხელი არ გაუწვდიათ. 17 ეს მოხდა ადარის თვის მეცამეტე დღეს. მეთოთხმეტე დღეს კი დაისვენეს და ნადიმისა+ და მხიარულების დღედ აქციეს ის.+
18 შუშანში მცხოვრები იუდეველები შეიკრიბნენ მეცამეტე+ და მეთოთხმეტე დღეს, მეთხუთმეტე დღეს კი დაისვენეს და ნადიმისა და მხიარულების დღედ აქციეს ის.+ 19 მოშორებულ ქალაქებში მცხოვრებმა იუდეველებმა ადარის+ თვის მეთოთხმეტე დღე აქციეს სიხარულის,+ ნადიმის, ზეიმისა+ და ერთმანეთისთვის მოსაკითხის გაგზავნის დღედ.+
20 ჩაწერა მორდოქაიმ+ ეს ყველაფერი და დაუგზავნა წერილები იუდეველებს მეფე ახაშვეროშის სამეფოს ყველა სამთავროში,+ ახლოს თუ შორს მცხოვრებთ, 21 რომ წესად დაედო+ მათთვის ყოველ წელს, მუდმივად, ადარის თვის მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე დღის აღნიშვნა, 22 რადგან ამ დღეებში დაისვენეს იუდეველებმა თავიანთი მტრებისგან+ და ამ თვეში ექცათ მწუხარება სიხარულად და გლოვა+ — ზეიმად, რათა ეს დღეები მათთვის ნადიმობის, მხიარულების, ერთმანეთისთვის მოსაკითხისა+ და ღარიბებისთვის საჩუქრების გაგზავნის დღეები ყოფილიყო.+
23 მიიღეს იუდეველებმა ის, რაც მორდოქაიმ მისწერა მათ და რისი კეთებაც უკვე დაწყებული ჰქონდათ. 24 რაკი ჰამანს,+ აგაგელი+ ჰამედათას ვაჟს,+ იუდეველთა მტერს,+ იუდეველთა განადგურება ჰქონდა განზრახული,+ მან ფური+ ანუ წილი+ ყარა მათ ასაფორიაქებლად და მოსასპობად, 25 მაგრამ როცა ესთერი წარდგა მეფის წინაშე, მეფემ წერილობით განაცხადა:+ „მასვე ეწიოს ბოროტი ზრახვა,+ იუდეველთა წინააღმდეგ რომ ჰქონდა ჩაფიქრებული!“+ და ძელზე ჩამოკიდეს ის და მისი ვაჟები.+ 26 ამიტომ ამ დღეებს ფურის+ გამო ფურიმი უწოდეს. და ამ წერილის+ სიტყვების, საკუთარი თვალით ნანახისა და გადატანილის თანახმად, 27 იუდეველებმა ვალდებულებად და წესად დაუდგინეს თავიანთ თავს, თავიანთ შთამომავლებს და ყველას, ვინც მათ შეუერთდა,+ რომ მუდმივად, ყოველწლიურად, დანიშნულ დროს დაიცავდნენ ამ ორ დღეს მათზე დაწერილის თანახმად. 28 უნდა ხსომებოდათ და აღენიშნათ ეს დღეები ყველა თაობაში, ყველა ოჯახში, ყველა სამთავროსა და ქალაქში. არ უნდა გაუქმებულიყო ფურიმის დღეები იუდეველთათვის და არ უნდა დაევიწყებინათ+ ის დღეები მათ შთამომავლებს.
29 დედოფალმა ესთერმა, აბიხაილის+ ასულმა, და იუდეველმა მორდოქაიმ მთელი უფლებამოსილებით წერილობით დაადასტურეს მეორე წერილი ფურიმის თაობაზე. 30 მან წერილები, მშვიდობისა და ჭეშმარიტების სიტყვები,+ ახაშვეროშის+ სამეფოს ას ოცდაშვიდ სამთავროში+ მცხოვრებ იუდეველებს დაუგზავნა, 31 რათა დაეცვათ ფურიმის ეს დღეები განსაზღვრულ დროს, როგორც იუდეველ მორდოქაისა და დედოფალ ესთერს ჰქონდათ ნაბრძანები, და თავადაც ჰქონდათ დადგენილი+ თავიანთი სულებისთვის და თავიანთი შთამომავლებისთვის+ — მარხვა+ და საშველად ღვთის მოხმობა.+ 32 ესთერის სიტყვებმა განამტკიცა ყველაფერი, რაც ფურიმს+ ეხებოდა, და წიგნში ჩაიწერა ისინი.
10 მეფე ახაშვეროშმა დაიმონა+ ქვეყნები და ზღვის კუნძულები.+
2 მისი დიდებული საქმეები, მისი ძლევამოსილება და ზუსტი მონათხრობი მორდოქაის+ სიდიადის შესახებ, თუ როგორ განადიდა+ მეფემ, მიდიისა და სპარსეთის+ მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.+ 3 იუდეველი მორდოქაი მეორე+ კაცი იყო მეფე ახაშვეროშის შემდეგ. ის დიდებული იყო იუდეველთა შორის, დაფასებული თავის მრავალრიცხოვან ძმათა მიერ. ის თავისი ხალხის სასიკეთოდ მოქმედებდა და მათ შთამომავლობას მშვიდობას აუწყებდა.+
ეს წიგნი დასათაურებულია დედოფალ ესთერის სახელით.
სეპტუაგინტის მიხედვით არტაქსერქსე. ფიქრობენ, რომ ეს არის ქსერქსე I, დარიოს I-ის ვაჟი.
ძვირად ღირებული, მაგარი ქვა, ჩვეულებრივ მუქი წითელი, თეთრი წინწკლებით.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.