საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 რომაელები 1:1-16:27
  • რომაელები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რომაელები
  • ბიბლია
ბიბლია
რომაელები

რომაელების მიმართ

1 პავლე — იესო ქრისტეს მონა,+ მოციქულად+ მოწოდებული+ და ღვთის იმ სასიხარულო ცნობისთვის გამორჩეული,+ 2 რომელსაც ის წინასწარ დაჰპირდა ადამიანებს თავის წინასწარმეტყველთა+ მეშვეობით წმინდა წერილებში, 3 თავის ძეზე, რომელიც ხორციელად+ დავითის+ შთამომავალია, 4 მაგრამ ძალითა+ და სიწმინდის სულით+ ღვთის ძედ+ იქნა გამოცხადებული, როცა აღდგა მკვდრეთით;+ ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე, 5 ვისი მეშვეობითაც მივიღეთ წყალობა+ და მოციქულობა,+ რათა მისი სახელის გულისთვის რწმენას დაემორჩილოს ყველა ხალხი,+ 6 რომელთა შორის თქვენც ხართ მოწოდებულნი, რომ იესო ქრისტესნი იყოთ — 7 გწერთ ყველას, ვინც რომში ხართ, ღვთისთვის საყვარლებს, წმინდებად+ მოწოდებულებს:+

წყალობა და მშვიდობა+ თქვენ ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან.+

8 უპირველეს ყოვლისა, იესო ქრისტეს მეშვეობით მადლობას ვუხდი+ ჩემს ღმერთს ყველა თქვენგანისთვის, რადგან მთელ ქვეყანაზე ლაპარაკობენ+ თქვენი რწმენის შესახებ. 9 ღმერთი, რომელსაც სულით ვუსრულებ წმინდა მსახურებას იმით, რასაც მისი ძის შესახებ სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, ჩემი მოწმეა,+ რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ ლოცვებში;+ 10 ვევედრები, რომ თუკი შესაძლებელია, ღვთის ნებით,+ ახლა მაინც მომემართოს ხელი და თქვენთან მოვიდე, 11 ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა,+ რათა გიწილადოთ სულიერი ძღვენი+ თქვენს განსამტკიცებლად, 12 უფრო სწორად, რათა გავამხნეოთ+ ერთმანეთი ჩვენ-ჩვენი რწმენით.+

13 არ მინდა, არ იცოდეთ, ძმებო,+ რომ ბევრჯერ განვიზრახე თქვენთან მოსვლა,+ რათა თქვენ შორისაც შემეძინა ნაყოფი,+ როგორც უცხოტომელებს შორის, მაგრამ აქამდე ხელი მეშლებოდა. 14 ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა+ და უგუნურთა მოვალე ვარ. 15 ამიტომაც ვისწრაფვი, რომ სასიხარულო ცნობა+ გაუწყოთ თქვენც, რომში მყოფთ,+ 16 ვინაიდან არა მრცხვენია+ სასიხარულო ცნობის გამო, რადგან ის ღვთის ძალაა+ ყველა მორწმუნის სახსნელად,+ ჯერ იუდეველის,+ მერე კი ბერძნისა.+ 17 მასში ცხადდება ღვთის სიმართლე+ რწმენით+ და რწმენისთვის, როგორც დაწერილია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“.+

18 ზეციდან ღვთის რისხვა+ ცხადდება იმ ადამიანთა ყოველგვარი უღმერთობისა და უმართლობის+ წინააღმდეგ, რომლებიც უმართლოდ+ ჩქმალავენ ჭეშმარიტებას.+ 19 მათთვის ცხადია ყველაფერი, რაც ღვთის შესახებ შეიძლება იცოდე,+ რადგან ეს მათ ღმერთმა გაუცხადა.+ 20 მისი უხილავი+ თვისებები — მარადიული ძლიერება+ და ღვთაებრიობა+ — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან,+ რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა,+ ასე რომ, მათ გამართლება არა აქვთ;+ 21 თუმცა იცნობდნენ ღმერთს, არ ადიდებდნენ მას, როგორც ღმერთს, და არც მადლობას უხდიდნენ,+ არამედ დაუჩლუნგდათ გონება+ და დაუბნელდათ უმეცარი გული.+ 22 თუმცა ამტკიცებდნენ, რომ ბრძენები იყვნენ, უგუნურები გახდნენ+ 23 და უხრწნელი ღვთის დიდება+ ხრწნადი ადამიანის, ფრინველის, ოთხფეხისა და ქვეწარმავლის+ გამოსახულებად+ აქციეს.

24 ამიტომ ღმერთმა ისინი უწმინდურებას გადასცა+ თავიანთი გულისთქმებისამებრ, რათა თავიანთი სხეულები+ შეურაცხეყოთ მათ,+ 25 ვინც ღვთის ჭეშმარიტება+ სიცრუეზე გაცვალა,+ პატივს მიაგებდა და წმინდა მსახურებას უსრულებდა ქმნილებას შემოქმედის ნაცვლად, რომელიც კურთხეულია მარადიულად. ამინ. 26 ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს,+ რადგან მათმა ქალებმა ბუნებრივი სქესობრივი ცხოვრება არაბუნებრივით შეცვალეს.+ 27 კაცებმაც მიატოვეს ქალთან ბუნებრივად ცხოვრება+ და გახურდნენ ერთმანეთთან ავხორცობით — კაცები კაცებთან;+ უხამსობას სჩადიოდნენ+ და მცდარი გზით სიარულისთვის+ საკადრისიც უკლებლივ მიიღეს.+

28 მათ არ უნდოდათ, საფუძვლიანი ცოდნა ჰქონოდათ ღვთის შესახებ+ და ამიტომ ღმერთმა ისინი უკუღმართ გონებას+ გადასცა არასაკადრისი საქმეების საკეთებლად,+ 29 რადგან სავსენი იყვნენ ყოველგვარი უმართლობით,+ ბოროტებით,+ სიხარბით,+ უკეთურებით,+ შურით,+ მკვლელობით,+ დავით,+ ცბიერებით,+ ღვარძლით,+ ჭორიკნები,+ 30 ზურგს უკან მოლაპარაკენი,+ ღვთისმოძულენი, თავხედნი,+ ამპარტავანნი,+ თავდაჯერებულნი,+ ბოროტი საქმეების გამომგონებელნი,+ მშობლების ურჩნი,+ 31 გაუგებარნი,+ სიტყვის გამტეხნი,+ თბილ გრძნობებს მოკლებულნი,+ უმოწყალონი.+ 32 თუმცა შესანიშნავად იციან ღვთის სამართალი,+ რომ ამის ჩამდენნი სიკვდილს იმსახურებენ,+ ისინი არა მხოლოდ აგრძელებენ ასე მოქმედებას, არამედ სხვებსაც უწონებენ+ ასეთ საქციელს.

2 ამიტომ, ვინც არ უნდა იყო, ადამიანო,+ გამართლება არა გაქვს, თუკი სხვას ასამართლებ,+ რადგან რაშიც სხვას ასამართლებ, იმაში საკუთარ თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან სხვისი გამსამართლებელი+ იმავეს სჩადიხარ.+ 2 ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების+ თანახმად ღვთის სასამართლო ამის ჩამდენთა წინააღმდეგაა.

3 ხომ არ გგონია, ადამიანო,+ რომ თუკი ამის ჩამდენთ ასამართლებ, ხოლო თვითონ იმავეს სჩადიხარ, ღვთის სასამართლოს გაექცევი?+ 4 ან იქნებ გძულს სიკეთის,+ დიდსულოვნებისა+ და სულგრძელობის+ სიმდიდრე, რადგან არ იცი, რომ ღვთის სიკეთეს მონანიებისკენ მიჰყავხარ?+ 5 შენი სიჯიუტითა+ და მოუნანიებელი გულით+ აგროვებ რისხვას,+ რომელიც თავს დაგატყდება ღვთის სამართლიანი განაჩენის+ გამოცხადებისა+ და რისხვის დღეს.+ 6 ის თითოეულს თავისი საქმეებისამებრ მიუზღავს:+ 7 მარადიულ სიცოცხლეს მათ, ვინც მოთმინებით აკეთებს სიკეთეს, რითაც დიდებას, პატივსა და უხრწნელობას+ ეძებენ, 8 ხოლო მათ, ვისაც კამათი უყვარს+ და ჭეშმარიტების+ ნაცვლად უმართლობას ემორჩილება, რისხვასა და გულისწყრომას,+ 9 გასაჭირსა და ვაებას მიუზღავს ყოველი ადამიანის სულს, რომელიც ბოროტებას სჩადის — ჯერ იუდეველებს,+ მერე კი ბერძნებს;+ 10 დიდებას, პატივსა და მშვიდობას კი მიაგებს ყველას, ვინც კარგს აკეთებს+ — ჯერ იუდეველებს,+ მერე კი ბერძნებს,+ 11 რადგან ღმერთი მიუკერძოებელია.+

12 ყველა, ვინც კანონის გარეშე სცოდავდა, კანონის გარეშე დაიღუპება;+ ხოლო ყველა, ვინც კანონს ექვემდებარებოდა+ და სცოდავდა, კანონით გასამართლდება.+ 13 კანონის მომსმენნი კი არ არიან ღვთის წინაშე მართლები, არამედ კანონის შემსრულებელნი+ იქნებიან აღიარებულნი მართლებად.+ 14 როცა უცხოტომელები,+ რომლებსაც კანონი არა აქვთ,+ თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია,+ ისინი, თუმცა კანონი არა აქვთ, თავიანთი თავის კანონი არიან. 15 ისინი აჩვენებენ, რომ კანონის არსი გულებში უწერიათ.+ ამას მათთან ერთად მოწმობს მათი სინდისიც+ და საკუთარი აზრები ხან ბრალს სდებენ+ მათ, ხან ამართლებენ. 16 ეს იქნება იმ დღეს, როცა ღმერთი ქრისტე იესოს მეშვეობით ადამიანთა+ ფარულ+ საქმეებს გაასამართლებს+ იმ სასიხარულო ცნობის მიხედვით, რომელსაც მე ვაუწყებ.+

17 თუ შენ იუდეველი გქვია,+ კანონით ხელმძღვანელობ+ და ღმერთით ამაყობ,+ 18 იცი მისი ნება,+ იწონებ საუკეთესოს, რადგან კანონი ზეპირგადმოცემით გაქვს ნასწავლი,+ 19 დარწმუნებული ხარ, რომ ბრმებისთვის მეგზური ხარ+ და ბნელში მყოფთათვის — სინათლე,+ 20 უგუნურთა გამომასწორებელი+ და ჩვილთა მასწავლებელი+ ხარ და კანონში მოცემული ჭეშმარიტებისა+ და ცოდნის მონახაზი გაქვს,+ 21 სხვებს ასწავლი და საკუთარ თავს არა?+ ქადაგებ, არ მოიპაროო+ და იპარავ?+ 22 ამბობ, არ იმრუშოო+ და მრუშობ? კერპები გეზიზღება და თან ტაძრებს ძარცვავ?+ 23 კანონით ამაყობ და თან კანონის დარღვევით+ ღმერთს შეურაცხყოფ? 24 „თქვენ გამო უცხოტომელები ღვთის სახელს გმობენ“,+ როგორც დაწერილია.

25 წინადაცვეთას+ მაშინ მოაქვს სარგებლობა, როცა კანონს ასრულებ,+ მაგრამ, თუ კანონს არღვევ, შენი წინადაცვეთა+ წინადაუცვეთელობა+ ხდება. 26 ამიტომ განა წინადაუცვეთელობა+ წინადაცვეთაში არ ჩაეთვლება წინადაუცვეთელს,+ რომელიც კანონის სამართლიან მოთხოვნებს+ იცავს? 27 და დაბადებიდან წინადაუცვეთელი, მაგრამ კანონის დამცველი, გაგასამართლებს შენ,+ ვისაც დაწერილ კანონთა კრებულიცა გაქვს და წინადაცვეთილიც ხარ, მაგრამ კანონს არღვევ. 28 ის კი არ არის იუდეველი, ვინც გარეგნულად არის ასეთი,+ და ის კი არ არის წინადაცვეთა, რაც გარეგნულად ჩანს ხორცზე,+ 29 არამედ იუდეველია ის, ვინც შინაგანად არის ასეთი+ და ვისი გულიც წინადაცვეთილია+ სულით და არა დაწერილ კანონთა კრებულით.+ ასეთ ადამიანს ქება+ აქვს არა ადამიანთაგან, არამედ ღვთისგან.+

3 მაშ, რა უპირატესობა აქვს იუდეველს+ ან რა სარგებლობა მოაქვს წინადაცვეთას?+ 2 ყოველმხრივ დიდი. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მათ ღვთის წმინდა სიტყვები მიენდოთ.+ 3 მერე რა? თუ ვინმემ რწმენა არ გამოავლინა,+ განა მათი ურწმუნოება ძალას დაუკარგავს+ ღვთის ერთგულებას?+ 4 არავითარ შემთხვევაში! ყველა კაციც რომ ცრუ+ იყოს, ღმერთი მაინც ჭეშმარიტი+ იქნება, როგორც დაწერილია: „რათა მართალი იყო შენს სიტყვებში და გაიმარჯვო გასამართლებისას“.+ 5 მაშინ რაღას ვიტყვით, თუ ჩვენი უმართლობა ღვთის სიმართლეს+ გამოაჩენს? ნუთუ უსამართლოა+ ღმერთი, როცა რისხდება? (ადამიანურად+ ვლაპარაკობ). 6 არავითარ შემთხვევაში! სხვაგვარად, როგორ გაასამართლებს ღმერთი ქვეყნიერებას?+

7 თუ ჩემი სიცრუით უფრო ცხადი გახდა ღვთის ჭეშმარიტება+ მის სადიდებლად, რაღად უნდა გავსამართლდე როგორც ცოდვილი?+ 8 მაშ, რატომ არ ვთქვათ ისე, როგორც ზოგიერთები გვწამებენ ცილს+ და ამტკიცებენ, თითქოს ვამბობდეთ, მოდი ცუდი ვაკეთოთ, რომ კარგი გამოვიდესო.+ ასეთი ადამიანების გასამართლება+ სამართლიანია.+

9 მაშ, რა? განა სხვებზე უკეთესად გვაქვს საქმე?+ არავითარ შემთხვევაში! ვინაიდან უკვე დავასაბუთეთ, რომ იუდეველებიც და ბერძნებიც ცოდვის ქვეშ არიან,+ 10 როგორც დაწერილია: „არავინ არის მართალი, აღარავინ,+ 11 არავის არაფერი გაეგება, არავინ ეძებს ღმერთს.+ 12 გზას ასცდნენ, უვარგისები გახდნენ. არავინ აკეთებს სიკეთეს, არავინ“,+ 13 „მათი ყელი ღია სამარხია, ენებით ცბიერებით ლაპარაკობენ“,+ „ბაგეებზე ასპიტის გესლი აქვთ“,+ 14 „პირი წყევლითა და მწარე სიტყვებით აქვთ სავსე“,+ 15 „ფეხმარდნი არიან სისხლის დასაღვრელად“,+ 16 „ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე+ 17 და არ იციან მშვიდობის გზა“,+ 18 „ღვთის შიში არა აქვთ თვალწინ“.+

19 ვიცით, რომ ყოველივეს, რასაც კანონი ამბობს,+ კანონს დაქვემდებარებულთა მიმართ ამბობს, რათა ყოველი პირი დადუმდეს+ და მთელი ქვეყნიერება ღვთის სასჯელს+ დაექვემდებაროს.+ 20 კანონით დადგენილი საქმეებით ვერც ერთი ხორციელი ვერ იქნება აღიარებული მართლად+ მის წინაშე, რადგან კანონი+ გვაძლევს საფუძვლიან ცოდნას ცოდვის შესახებ.+

21 ახლა კი კანონისგან დამოუკიდებლად გახდა ცხადი ღვთის სიმართლე,+ რასაც მოწმობს+ კანონი+ და წინასწარმეტყველთა წიგნები.+ 22 ღვთის სიმართლე ცხადი გახდა იესო ქრისტესადმი+ რწმენის მეშვეობით ყველა მორწმუნისთვის,+ რადგან არ არსებობს განსხვავება,+ 23 ვინაიდან ყველამ შესცოდა+ და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას,+ 24 და მათთვის უსასყიდლო ძღვენია,+ რომ მისმა წყალობამ+ გაათავისუფლა ისინი ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდით+ და მართლებად არიან აღიარებულნი. 25 ღმერთმა შერიგების შესაწირავად+ დაადგინა ის და ეს შერიგება მისი სისხლისადმი+ რწმენით არის შესაძლებელი. ეს იმიტომ მოხდა, რომ ეჩვენებინა თავისი სიმართლე, რადგან ღმერთი წარსულში ჩადენილ ცოდვებს+ პატიობდა და დიდსულოვნებას+ ავლენდა, 26 რომ ეჩვენებინა თავისი სიმართლე+ ჩვენს დროში, რათა ის მართალი იყოს, როცა მართლებად+ აღიარებს მათ, ვისაც იესო სწამს.

27 მაშ, რით ვიამაყოთ?+ მიზეზი აღარ არსებობს. რომელი კანონით?+ საქმეთა კანონით?+ არა, რწმენის კანონით.+ 28 ვფიქრობთ, რომ ადამიანი რწმენით არის აღიარებული მართლად, კანონით დადგენილი საქმეებისგან დამოუკიდებლად.+ 29 განა მხოლოდ იუდეველების ღმერთია იგი?+ განა უცხოტომელებისაც+ არა? დიახ, უცხოტომელებისაც,+ 30 თუ ნამდვილად ერთია ღმერთი,+ რომელიც წინადაცვეთილებს+ მათი რწმენის საფუძველზე აღიარებს მართლებად, ხოლო წინადაუცვეთელებს+ — მათი რწმენის მეშვეობით. 31 განა ვაუქმებთ კანონს რწმენით?+ არავითარ შემთხვევაში! პირიქით, ვამტკიცებთ კანონს.+

4 თუ ეს ასეა, მაშ, რას ვიტყვით აბრაამზე, ჩვენს ხორციელ წინაპარზე?+ 2 აბრაამი რომ თავისი საქმეებით ყოფილიყო მართლად აღიარებული,+ საამაყო ექნებოდა, მაგრამ არა ღვთის წინაშე. 3 რას ამბობს წმინდა წერილი? „აბრაამმა ირწმუნა იეჰოვა და ეს სიმართლედ ჩაეთვალა“.+ 4 კაცს, რომელიც საქმეს აკეთებს,+ ეკუთვნის გასამრჯელო+ და წყალობად+ არ ეთვლება. 5 მას კი, ვინც არ აკეთებს, მაგრამ სწამს+ ის, ვინც უღმერთოს მართლად აღიარებს, რწმენა სიმართლედ+ ეთვლება. 6 დავითიც ბედნიერს უწოდებს კაცს, რომელსაც ღმერთი მართლად თვლის საქმეებისგან დამოუკიდებლად: 7 „ბედნიერნი არიან ისინი, ვისაც უკანონო საქმეები ეპატიათ+ და ვისი ცოდვებიც დაიფარა.+ 8 ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა ცოდვას არ ჩაუთვლის“.+

9 ეს ბედნიერება მხოლოდ წინადაცვეთილებს აქვთ თუ წინადაუცვეთელებსაც?+ ჩვენ ვამბობთ, რომ აბრაამს რწმენა სიმართლედ ჩაეთვალა.+ 10 მაგრამ როდის ჩაეთვალა? წინადაცვეთილს თუ წინადაუცვეთელს?+ წინადაცვეთილს კი არა, წინადაუცვეთელს. 11 და მიიღო ნიშანი,+ წინადაცვეთა, იმის ბეჭედი, რომ წინადაუცვეთელობისას რწმენით მართლად იქნა აღიარებული, რათა ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის+ მამა+ გამხდარიყო, რომ ისინიც ჩათვლილიყვნენ მართლებად, 12 აგრეთვე გამხდარიყო წინადაცვეთილ შთამომავალთა მამა, რომლებიც არა მხოლოდ წინადაცვეთილები არიან, არამედ იმ რწმენის კვალს მიჰყვებიან, წინადაუცვეთელობისას რომ ჰქონდა ჩვენს მამა+ აბრაამს.

13 აბრაამს ან მის შთამომავლობას კანონის მეშვეობით კი არ მიეცა დაპირება,+ რომ ქვეყნიერების მემკვიდრე გახდებოდა, არამედ იმის გამო, რომ რწმენით მართლად იქნა აღიარებული.+ 14 თუ კანონის დამცველები მემკვიდრეები არიან, მაშინ რწმენა ფუჭი ყოფილა და დანაპირები გაუქმებულა.+ 15 სინამდვილეში, კანონი რისხვას წარმოქმნის,+ ხოლო სადაც კანონი არ არის, იქ არც დარღვევაა.+

16 მაშასადამე, ეს მოხდა რწმენის შედეგად, რათა ეს წყალობით+ ყოფილიყო და დანაპირები+ განმტკიცებულიყო მთელი მისი შთამომავლობისთვის+ — არა მხოლოდ მათთვის, ვინც კანონს მიჰყვება, არამედ მათთვისაც, ვინც აბრაამს მიჰყვება რწმენაში (ის ყველა ჩვენგანის მამაა,+ 17 როგორც დაწერილია: „მე დაგნიშნე მრავალი ხალხის მამად“).+ ეს მოხდა ღვთის წინაშე, ვისიც მას სწამდა და ვინც მკვდრებს აცოცხლებს+ და ისე მიმართავს არარსებულს, თითქოს არსებობდეს.+ 18 მას იმედის საფუძველი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ჰქონდა იმედი და სწამდა,+ რომ მრავალი ხალხის მამა გახდებოდა,+ როგორც ღმერთს ჰქონდა მისთვის ნათქვამი: „ასევე იქნება შენი შთამომავლობაც“.+ 19 თუმცა რწმენა არ შესუსტებია, ას წელს მიღწეული,+ ხედავდა, რომ სხეული გამოფიტული+ ჰქონდა და სარასაც უკვე ჩამკვდარი ჰქონდა საშვილოსნო.+ 20 მაგრამ, რაკი ღმერთი დაჰპირდა,+ არ დაეჭვებულა ურწმუნოებით,+ არამედ რწმენამ გააძლიერა,+ ღმერთს ადიდებდა 21 და სრულიად იყო დარწმუნებული, რომ ღმერთს დანაპირების შესრულებაც შეეძლო.+ 22 ამიტომაც „ეს სიმართლედ ჩაეთვალა“.+

23 და რომ ჩაეთვალა,+ მხოლოდ მისი გულისთვის კი არ დაიწერა,+ 24 არამედ ჩვენი გულისთვისაც, ვისაც ასევე ჩაგვეთვლება, რადგან გვწამს მისი, ვინც მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო.+ 25 ის ჩვენი შეცოდებებისთვის+ გადაეცა და აღდგა, რათა მართლებად გვაღიაროს.+

5 ამიტომ ახლა, როცა რწმენის გამო მართლებად ვართ აღიარებულნი,+ მშვიდობა+ შევინარჩუნოთ ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით. 2 მისი მეშვეობით რწმენით მოვიპოვეთ მისასვლელი+ იმ წყალობასთან, რომელშიც ვდგავართ. მაშ, მოდი ვიხაროთ ღვთის დიდების იმედით+ 3 და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირშიც ვიხაროთ,+ რადგან ვიცით, რომ გასაჭირი მოთმინებას წარმოშობს,+ 4 მოთმინებას ღვთის მოწონება მოაქვს,+ ღვთის მოწონებას — იმედი,+ 5 ხოლო იმედი არ გაგვაწბილებს,+ რადგან ჩვენს გულებში+ ღვთის სიყვარული+ ჩაიღვარა ჩვენთვის ბოძებული წმინდა სულის*+ მეშვეობით.

6 ქრისტე უღმერთოთათვის მოკვდა დანიშნულ დროს, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით.+ 7 ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისთვის,+ თუმცა კარგი+ კაცისთვის შეიძლება მოკვდეს კიდეც ვინმე.+ 8 ღმერთი კი თავის სიყვარულს+ იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.+ 9 უფრო მეტიც, რაკი მისი სისხლით მართლებად ვართ აღიარებულნი,+ რისხვასაც გადავურჩებით მისი მეშვეობით.+ 10 თუკი ღმერთს მისი ძის სიკვდილით შევურიგდით,+ როცა მტრები+ ვიყავით, მით უმეტეს ახლა, როცა შერიგებულები ვართ, გადავრჩებით მისი სიცოცხლით.+ 11 უფრო მეტიც, ვხარობთ კიდეც ღმერთში ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, ვისი მეშვეობითაც ახლა მივიღეთ შერიგება.+

12 ამიტომაც, როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით+ შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი,+ ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა. . .+ 13 სანამ კანონი იქნებოდა, ცოდვა უკვე იყო ქვეყნიერებაში, მაგრამ როცა კანონი არ არსებობს, ცოდვა დანაშაულად არ ითვლება.+ 14 მიუხედავად ამისა, სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე მათზეც,+ ვისაც არ ჩაუდენია ადამის დანაშაულის მსგავსი ცოდვა,+ ვინც იმის მსგავსება იყო, რომელიც უნდა მოსულიყო.+

15 ძღვნის შემთხვევაში ისე არ არის, როგორც შეცოდების შემთხვევაში იყო. თუ ერთი ადამიანის შეცოდებით მრავალი მოკვდა, ერთი ადამიანის,+ იესო ქრისტეს მეშვეობით მრავალს უხვად მიეცა ღვთის წყალობა და წყალობასთან ერთად მისი უსასყიდლო ძღვენი.+ 16 უსასყიდლო ძღვნის+ შემთხვევაში ისე არ ხდება, როგორც ერთი ადამიანის შეცოდების შემთხვევაში+ მოხდა; ერთმა შეცოდებამ მოიტანა გასამართლება+ — მსჯავრი,+ მრავალმა შეცოდებამ კი ძღვენი — მართლად აღიარება.+ 17 თუ ერთი ადამიანის შეცოდების+ გამო სიკვდილი მეფობდა+ მისი მეშვეობით, მით უმეტეს იმეფებენ+ სიცოცხლეში ერთი ადამიანის, იესო ქრისტეს მეშვეობით+ ისინი, ვინც უხვად მიიღებს წყალობასა+ და სიმართლის უსასყიდლო ძღვენს.+

18 ამრიგად, როგორც ერთმა შეცოდებამ მოუტანა მსჯავრი+ ყველას, ასევე ერთ მოქმედებას, რომელიც გამართლებას ემსახურებოდა,+ ყველასთვის+ მართლებად აღიარება მოაქვს სასიცოცხლოდ.+ 19 როგორც ერთი კაცის ურჩობით გახდა ბევრი+ ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით+ გახდება მრავალი+ მართალი.+ 20 კანონი+ კი იმისთვის შემოვიდა, რომ შეცოდებები გამრავლებულიყო,+ მაგრამ სადაც ცოდვა+ გამრავლდა, იქ წყალობა+ უფრო მეტად გამრავლდა. 21 რა მიზნით? როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილთან ერთად,+ ისევე რომ ემეფა წყალობას+ სიმართლის საშუალებით მარადიული სიცოცხლისთვის+ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით.

6 მაშ, რას ვიტყვით? დავრჩეთ ცოდვაში, რომ წყალობა გამრავლდეს?+ 2 არავითარ შემთხვევაში! თუ ცოდვისთვის დავიხოცეთ,+ როგორღა უნდა ვიცხოვროთ მასში?+ 3 ნუთუ არ იცით, რომ ყველა, ვინც ქრისტე იესოში მოვინათლეთ,+ მის სიკვდილში მოვინათლეთ?+ 4 როცა მის სიკვდილში მოვინათლეთ, მასთან ერთად დავიმარხეთ,+ რათა, როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით თავისი მამის დიდების წყალობით,+ ჩვენც ასევე ვიცხოვროთ ახალი ცხოვრებით.+ 5 თუკი მასთან სიკვდილის მსგავსებით გავერთიანდით,+ მისი აღდგომის მსგავსებითაც გავერთიანდებით,+ 6 რადგან ვიცით, რომ ჩვენი ძველი პიროვნება მასთან ერთად იქნა ბოძზე გაკრული,+ რათა ჩვენი ცოდვილი სხეული უმოქმედო გამხდარიყო+ და ცოდვის მონები აღარ ვყოფილიყავით,+ 7 ვინაიდან მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა.+

8 უფრო მეტიც, თუ ქრისტესთან ერთად დავიხოცეთ, გვწამს, რომ მასთან ერთად ვიცოცხლებთ კიდეც.+ 9 ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე+ აღარ კვდება,+ სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე, 10 ვინაიდან, რომ მოკვდა, ის ერთხელ მოკვდა ცოდვისთვის,+ ხოლო რომ ცოცხლობს, ღვთისთვის ცოცხლობს.+ 11 თქვენც ასევე: ჩათვალეთ, რომ ცოდვისთვის დაიხოცეთ+ და ღვთისთვის ცოცხლობთ+ ქრისტე იესოს მეშვეობით.

12 ამიტომ ნუღარ იმეფებს ცოდვა+ თქვენს მოკვდავ სხეულში და ნუ დაემორჩილებით მის სურვილებს.+ 13 ნურც უმართლობის იარაღად+ მისცემთ თქვენი სხეულის ნაწილებს ცოდვას,+ არამედ ღმერთს წარუდგინეთ თავი, როგორც მკვდრეთით აღმდგრებმა,+ და თქვენი სხეულის ნაწილებიც ღმერთს წარუდგინეთ სიმართლის იარაღად.+ 14 ცოდვამ არ უნდა იბატონოს თქვენზე, რადგან კანონს+ კი არ ექვემდებარებით, არამედ წყალობას.+

15 მერე რა? ხომ არ შევცოდოთ, რადგან კანონს კი არ ვექვემდებარებით,+ არამედ წყალობას?+ არავითარ შემთხვევაში! 16 ნუთუ არ იცით, რომ ვისაც ემონებით და ემორჩილებით, მისი მონები ხართ, რადგან მას ემორჩილებით:+ ან ცოდვისა+ სასიკვდილოდ,+ ან მორჩილებისა+ სიმართლისთვის?+ 17 მადლობა ღმერთს, რომ ცოდვის მონები კი იყავით, მაგრამ გულით დაემორჩილეთ იმ სწავლებას, რომელსაც თავი გადაეცით.+ 18 ამიტომ, რადგან ცოდვისგან გათავისუფლდით,+ სიმართლის+ მონები+ გახდით. 19 ადამიანურად ვლაპარაკობ თქვენი ხორცის უძლურების გამო:+ როგორც ადრე დაუმონეთ თქვენი სხეულის ნაწილები+ უწმინდურებასა+ და უკანონობას უკანონობისთვის, ისე ახლა დაუმონეთ თქვენი სხეულის ნაწილები სიმართლეს სიწმინდისთვის.+ 20 როცა ცოდვის მონები+ იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისგან.

21 აბა, რა ნაყოფი+ გქონდათ მაშინ? ის,+ რის გამოც ახლა გრცხვენიათ, რადგან მათი ბოლო სიკვდილია.+ 22 ახლა კი, როცა ცოდვისგან გათავისუფლდით და ღვთის მონები გახდით,+ თქვენი ნაყოფი სიწმინდეა,+ რაც მარადიულ სიცოცხლემდე მიგიყვანთ,+ 23 რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია,+ ხოლო ძღვენი,+ რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე+ ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით.+

7 განა არ იცით, ძმებო (კანონის მცოდნეებს ველაპარაკები), რომ კანონი მანამდე ბატონობს ადამიანზე, სანამ ის ცოცხალია?+ 2 მაგალითად, გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში კანონით შეკრულია მასთან, მაგრამ თუ ქმარი მოუკვდა, ქმრის კანონისგან თავისუფალია.+ 3 ამიტომ, თუ ქალი ქმრის სიცოცხლეში სხვა კაცს გაჰყვება, მას მრუში ეწოდება.+ მაგრამ, თუ ქმარი მოუკვდება, თავისუფალია მისი კანონისგან და სხვას რომ გაჰყვეს, მრუშად არ ჩაითვლება.+

4 ამიტომ, ჩემო ძმებო, თქვენც ხომ დაიხოცეთ კანონისთვის+ ქრისტეს სხეულის მეშვეობით, რომ ეკუთვნოდეთ სხვას,+ მკვდრეთით აღმდგარს,+ რათა ნაყოფი გამოვიღოთ+ ღვთისთვის. 5 როცა ხორციელად ვცხოვრობდით,+ კანონით აღძრული ცოდვილი ვნებები მოქმედებდნენ ჩვენი სხეულის ნაწილებში, რათა სასიკვდილო ნაყოფი გამოგვეღო.+ 6 ახლა კი გათავისუფლებულნი ვართ კანონისგან,+ რადგან დავიხოცეთ+ იმისთვის, რასაც ჩაჭიდებულნი ვიყავით, რათა მონები+ გავმხდარიყავით სულით,+ ახალი გაგებით, და არა დაწერილი კანონით,+ ძველი გაგებით.

7 მაშ, რას ვიტყვით? ნუთუ კანონი ცოდვაა?+ არავითარ შემთხვევაში! კანონი რომ არა, არ მეცოდინებოდა, რა არის ცოდვა.+ მაგალითად, კანონში რომ არ ყოფილიყო ნათქვამი: „სხვისი არაფერი ისურვო“,+ არ მეცოდინებოდა, რას ნიშნავს სხვისი რამის სურვილი.+ 8 მაგრამ ცოდვამ, რომელსაც მცნებამ მისცა საბაბი,+ ჩემში ყოველგვარი სურვილი წარმოქმნა, რადგან ცოდვა კანონის გარეშე მკვდარი იყო.+ 9 ერთ დროს ცოცხალი ვიყავი კანონის გარეშე,+ მაგრამ როცა მცნება გაჩნდა,+ ცოდვა გაცოცხლდა, მე კი მოვკვდი.+ 10 და დავინახე, რომ მცნება, რომელიც სასიცოცხლოდ+ იყო მოცემული, სასიკვდილოდ ყოფილა.+ 11 ცოდვამ, რომელსაც მცნებამ მისცა საბაბი, შემაცდინა+ და მომკლა მისი მეშვეობით. 12 ასე რომ, კანონი წმინდაა.+ მცნებაც წმინდაა, მართალი+ და კარგი.+

13 მაშ, განა იმან მომიტანა სიკვდილი, რაც კარგია? არავითარ შემთხვევაში! ცოდვამ მომიტანა, რათა გამოჩენილიყო, რომ ცოდვას მოაქვს სიკვდილი კარგის მეშვეობით,+ რათა ცოდვა კიდევ უფრო დამძიმდეს მცნების მეშვეობით.+ 14 ვიცით, რომ კანონი სულიერია,+ მე კი ხორციელი ვარ, ცოდვისთვის მიყიდული.+ 15 არ ვიცი, რას ვაკეთებ, რადგან იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს. 16 ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს,+ ამით ვაღიარებ, რომ კანონი კარგია.+ 17 მაგრამ ამას მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში მკვიდრობს.+ 18 ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს ხორცში კარგი არაფერი მკვიდრობს.+ კარგის კეთების სურვილი+ კი მაქვს, მაგრამ ვერ ვაკეთებ,+ 19 რადგან კარგს, რაც მსურს, არ ვაკეთებ,+ ცუდი კი არ მსურს, მაგრამ მაინც ვაკეთებ. 20 ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ამას მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში მკვიდრობს.+

21 ამრიგად, ასეთ კანონს ვპოულობ ჩემში: მინდა ვაკეთო, რაც სწორია,+ მაგრამ თან მდევს ცუდი.+ 22 შინაგანად+ მართლაც მსიამოვნებს+ ღვთის კანონი, 23 მაგრამ ჩემი სხეულის ნაწილებში+ სხვა კანონს ვხედავ, რომელიც ებრძვის+ ჩემი გონების კანონს+ და ჩემი სხეულის ნაწილებში მყოფი ცოდვის კანონის ტყვედ მაქცევს.+ 24 საწყალი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის სხეულისგან, რომელიც ამ სიკვდილით კვდება?+ 25 ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით!+ ასე რომ, გონებით ღვთის კანონის მონა+ ვარ, ხორცით კი — ცოდვის კანონისა.+

8 ამიტომ ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფთ მსჯავრი არ ედებათ,+ 2 რადგან სულის+ კანონმა,+ რომელიც სიცოცხლეს იძლევა+ ქრისტე იესოსთან ერთობაში, ცოდვისა და სიკვდილის კანონისგან+ გაგათავისუფლა.+ 3 ხორცის გამო კანონი სუსტი+ და უუნარო რომ იყო,+ ღმერთმა თავისი ძე+ გამოგზავნა ცოდვილი ხორცის+ მსგავსებით და ცოდვის გამო,+ და ამით მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში, 4 რათა კანონის სამართლიანი მოთხოვნა შესრულდეს+ ჩვენში, რომლებიც ხორცით კი არ დავდივართ, არამედ სულით.+ 5 ხორცით მავალნი ხორცისაზე ფიქრობენ,+ ხოლო სულით მავალნი — სულისაზე.+ 6 ხორცისაზე ფიქრი სიკვდილს ნიშნავს,+ სულისაზე ფიქრი კი+ — სიცოცხლესა და მშვიდობას. 7 ხორცისაზე ფიქრი ღვთის მტრობას+ ნიშნავს, რადგან ხორცი არ ემორჩილება+ ღვთის კანონს და ვერც დაემორჩილება. 8 ასე რომ, ვინც ხორციელად ცხოვრობს,+ ვერ ასიამოვნებს ღმერთს.

9 თუ ღვთის სული ნამდვილად მკვიდრობს თქვენში,+ ხორციელად კი არ ცხოვრობთ, არამედ სულით;+ ხოლო ვისაც არა აქვს ქრისტეს სული,+ ის ქრისტესი არ არის. 10 თუ ქრისტე თქვენთან ერთობაშია,+ სხეული მკვდარია ცოდვის გამო, სული კი სიცოცხლეა+ სიმართლის წყალობით. 11 და თუ მკვიდრობს თქვენში მისი სული, ვინც იესო მკვდრეთით აღადგინა, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო მკვდრეთით აღადგინა,+ თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს+ თავისი სულით, რომელიც თქვენში მკვიდრობს.

12 მაშ ასე, ძმებო, გვაქვს ვალდებულება, მაგრამ არა ხორცის მიმართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ,+ 13 რადგან, თუ ხორციელად იცხოვრებთ, სიკვდილი არ აგცდებათ,+ მაგრამ, თუ სულით სხეულის საქმეებს მოკლავთ,+ იცოცხლებთ, 14 ვინაიდან ყველანი, ვისაც ღვთის სული მიუძღვება, ღვთის ძეები არიან.+ 15 თქვენ კვლავ შიშის მომგვრელი+ მონობის სული კი არ მიგიღიათ, არამედ შვილების+ სული+ მიიღეთ, რომელი სულითაც ვღაღადებთ: „აბბა*,+ მამა!“ 16 ეს სული+ თვითონვე მოწმობს+ ჩვენს სულთან+ ერთად, რომ ღვთის შვილები ვართ.+ 17 და თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიც ვართ — ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი,+ თუკი მასთან ერთად ვიტანჯებით,+ რომ მასთან ერთად განვდიდდეთ კიდეც.+

18 ამიტომ, ვფიქრობ, ახლანდელი ტანჯვა+ არაფერია იმ დიდებასთან შედარებით,+ რომელიც ჩვენში გამოცხადდება. 19 მთელი ქმნილება+ მოუთმენლად მოელის+ ღვთის ძეების გამოცხადებას,+ 20 ვინაიდან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას,+ არამედ მისი დამმორჩილებლის ნებით იმ იმედის საფუძველზე,+ 21 რომ თვით ქმნილებაც+ გათავისუფლდება+ ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას. 22 ვიცით, რომ მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება. 23 ჩვენ თვითონაც, ვისაც გვაქვს პირველი ნაყოფი+ ანუ სული, ვოხრავთ+ და მოუთმენლად ველით შვილებას,+ ჩვენი სხეულებიდან გათავისუფლებას გამოსასყიდით. 24 ამ იმედით გადავრჩით.+ ხილული იმედი კი იმედი აღარ არის, რადგან, როცა ხედავს კაცი რამეს, რაღა იმედზეა ლაპარაკი? 25 მაგრამ, თუ იმის იმედი გვაქვს,+ რასაც ვერ ვხედავთ,+ მას მოთმინებით ველით.+

26 სულიც+ გვეხმარება ჩვენს უძლურებაში,+ რადგან, როცა უნდა ვილოცოთ და არ ვიცით,+ რაზე ვილოცოთ, სული+ გვშუამავლობს გამოუთქმელი ოხვრით; 27 ხოლო მან, ვინც გულებს იკვლევს,+ იცის, რა არის სულის ზრახვა,+ რადგან ის ღვთის ნებისამებრ შუამავლობს წმინდათათვის.+

28 ჩვენ ვიცით: ღმერთი ყველაფერს ისე აკეთებს,+ რომ ხელი შეუწყოს მის მოყვარულთა, მისი განზრახვით მოწოდებულთა კეთილდღეობას,+ 29 რადგან ისინი, ვინც მან პირველად ცნო,+ წინასწარ განაწესა,+ რომ თავისი ძის მსგავსები+ ყოფილიყვნენ, რათა ის პირმშო+ იყოს მრავალ ძმას შორის.+ 30 ვინც წინასწარ განაწესა,+ მათ მოუწოდა კიდეც,+ და ვისაც მოუწოდა, მართლებადაც აღიარა.+ და ბოლოს, ვინც მართლებად აღიარა, განადიდა კიდეც.+

31 ამაზე რაღას ვიტყვით? თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ გამოვა ჩვენ წინააღმდეგ?+ 32 ის, ვინც საკუთარი ძე გაიმეტა+ და ყველა ჩვენგანისთვის შესწირა,+ განა მასთან ერთად სხვა ყველაფერსაც არ გვიბოძებს?+ 33 ვინ დასდებს ბრალს ღვთის რჩეულებს?+ თვითონ ღმერთი აღიარებს მათ მართლებად.+ 34 ვის შეუძლია მსჯავრის დადება? ქრისტე იესო მოკვდა, უფრო სწორად, აღდგა, ღვთის მარჯვნივ არის+ და გვშუამავლობს კიდეც.+

35 ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს?+ გასაჭირი, ვაება, დევნა, შიმშილი, სიშიშვლე, საფრთხე თუ მახვილი?+ 36 როგორც დაწერილია: „შენი გულისთვის გვხოცავენ მთელი დღე, დასაკლავ ცხვრებად მიგვიჩნევენ“,+ 37 მაგრამ ჩვენ ყველაფერში სრულად ვიმარჯვებთ+ მისით, ვინც შეგვიყვარა, 38 რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე,+ ვერც ანგელოზები,+ ვერც მთავრობები,+ ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც ძალები,+ 39 ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია.+

9 ჭეშმარიტებას+ ვამბობ ქრისტეში, არ ვცრუობ,+ ჩემი სინდისი მემოწმება წმინდა სულში, 2 რომ დიდი მწუხარება და გაუყუჩებელი ტკივილი მაქვს გულში.+ 3 ნეტავი მე ვყოფილიყავი დაწყევლილი და ქრისტესგან მოკვეთილი ჩემი ძმების,+ ხორციელი ნათესავების გულისთვის,+ 4 რომლებიც ისრაელები+ არიან და რომლებსაც ეკუთვნით შვილება,+ დიდება,+ შეთანხმებები,+ რომლებსაც მიეცათ კანონი,+ წმინდა მსახურება+ და დაპირებები.+ 5 მათნი არიან წინაპრები+ და მათგან არის ქრისტე ხორციელად;+ ღმერთი+ კი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეული იყოს მარადიულად. ამინ.

6 ნუ იფიქრებთ, რომ ღვთის სიტყვა არ შესრულებულა,+ რადგან ისრაელთაგან ყველა როდია ნამდვილი ისრაელი.+ 7 და ის, რომ აბრაამის შთამომავლები არიან, არ ნიშნავს, რომ ყველა შვილია,+ არამედ, როგორც დაწერილია: „ის, ვისაც შენი შთამომავალი ეწოდება, ისაკისგან წარმოიშობა“.+ 8 ესე იგი, ხორციელი შვილები+ კი არ არიან ღვთის შვილები,+ არამედ შთამომავლებად ისინი ითვლებიან, რომლებიც დანაპირების+ მიხედვით არიან შვილები, 9 რადგან დანაპირები ასეთი იყო: „ამ დროს მოვალ და სარას ვაჟი ეყოლება“.+ 10 და არა მარტო ეს, რებეკასაც ჩაესახა ტყუპები+ ერთი კაცისგან — ჩვენი წინაპარი ისაკისგან. 11 როცა ჯერ არ იყვნენ დაბადებულნი და არც კარგი ჰქონდათ გაკეთებული და არც ცუდი+ — ღვთის განზრახვა არჩევანთან დაკავშირებით საქმეებზე რომ არ ყოფილიყო დამოკიდებული, არამედ მომწოდებელზე+ — 12 უთხრა მას ღმერთმა: „უფროსი უმცროსს დაემონება“,+ 13 როგორც წერია: „იაკობი შევიყვარე, ესავი კი შევიძულე“.+

14 მაშ, რას ვიტყვით? უსამართლობაა ღმერთთან?+ არავითარ შემთხვევაში! 15 ის მოსეს ეუბნება: „ვისაც შევიწყალებ, შევიწყალებ და ვისაც თანავუგრძნობ, თანავუგრძნობ“.+ 16 ეს მასზე კი არ არის დამოკიდებული, ვისაც სურს ან ვინც ისწრაფვის, არამედ მწყალობელ+ ღმერთზე.+ 17 წმინდა წერილი ფარაონს ეუბნება: „იმისთვის დაგტოვე, რომ შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა და ჩემი სახელი მთელ დედამიწას ეუწყოს“.+ 18 ასე რომ, თუ სურს, შეიწყალებს,+ და თუ სურს, დაუშვებს, რომ გაჯიუტდეს.+

19 მაგრამ შენ მკითხავ: „მაშ, რაღად სდებს ბრალს? ვინ აღუდგება წინ მის გამჟღავნებულ ნებას?“+ 20 ვინა ხარ შენ, ადამიანო,+ რომ სიტყვას უბრუნებ ღმერთს?+ განა ნაკეთობა ეტყვის გამკეთებელს, ასეთი რატომ შემქმენიო?+ 21 როგორ? ნუთუ მეთუნეს+ უფლება არა აქვს, რომ მოზელილი თიხისგან ერთი ჭურჭელი საპატიო ხმარებისთვის გააკეთოს, მეორე კი — არასაპატიო ხმარებისთვის?+ 22 მერე რა, რომ ღმერთი, რომელსაც სურს, აჩვენოს თავისი რისხვა და აუწყოს თავისი ძლიერება, დიდი სულგრძელობით უთმენდა დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭელს,+ 23 რათა ეჩვენებინა თავისი დიდების სიმდიდრე+ წყალობის ჭურჭელზე,+ რომელიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად,+ 24 ანუ ჩვენზე, რომლებსაც მოგვიწოდა არა მხოლოდ იუდეველთაგან, არამედ უცხოტომელთაგანაც?+ 25 როგორც ოსიაში ამბობს: «ვინც არ არის ჩემი ხალხი,+ მას ვუწოდებ ჩემს ხალხს და ვინც არ არის საყვარელი, მას ვუწოდებ საყვარელს,+ 26 და იქ, სადაც ნათქვამი იყო მათ მიმართ: „ჩემი ხალხი არა ხართ“, მათ „ცოცხალი ღვთის ძეები“ ეწოდებათ».+

27 ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელის ძეთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს,+ მხოლოდ ნაწილი გადარჩება,+ 28 რადგან იეჰოვა სამართალს აღასრულებს დედამიწაზე, საბოლოოდ და დაუყოვნებლივ“.+ 29 და როგორც ესაიას წინასწარ ჰქონდა ნათქვამი: „ლაშქართა ღმერთ იეჰოვას+ რომ არ დაეტოვებინა შთამომავლობა ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით“.+

30 მაშ, რას ვიტყვით? იმას, რომ უცხოტომელებმა, რომლებიც სიმართლისკენ არ ისწრაფოდნენ, მიაღწიეს სიმართლეს,+ რომელიც რწმენას მოაქვს.+ 31 ისრაელმა კი, თუმცა სიმართლის კანონისკენ ისწრაფოდა, ვერ მიაღწია მიზანს.+ 32 რატომ? იმიტომ, რომ რწმენით კი არ ისწრაფოდა მისკენ, არამედ საქმეებით.+ მათ ფეხი წამოჰკრეს „დაბრკოლების ქვას“,+ 33 როგორც დაწერილია: „აი, ვდებ სიონში დაბრკოლების ქვასა+ და შეფერხების კლდეს,+ მაგრამ მას, ვისაც სწამს ის, იმედი არ გაუცრუვდება“.+

10 ძმებო, გულით მსურს და ვევედრები ღმერთს მათთვის, რომ გადარჩნენ.+ 2 ვუმოწმებ მათ, რომ ღვთისთვის მოშურნეობა+ აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით,+ 3 რადგან რაკი არ იცოდნენ ღვთის სიმართლე+ და საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ,+ არ დაემორჩილნენ ღვთის სიმართლეს.+ 4 კანონის დასასრული ქრისტეა,+ რათა სიმართლე ჰქონდეს ყველას, ვისაც სწამს იგი.+

5 მოსე წერს, რომ კაცი, რომელიც კანონის სიმართლეს ასრულებს, სიმართლით იცოცხლებს.+ 6 რწმენიდან მომდინარე სიმართლე კი ამბობს: „ნუ იტყვი გულში,+ ვინ ავა ზეცაშიო?+ (ქრისტეს ჩამოსაყვანად),+ 7 ან ვინ ჩავა უფსკრულშიო?+ (ქრისტეს მკვდრეთით აღსადგენად)“.+ 8 მაშ, რას ამბობს ის? „ახლოა შენთან ეს სიტყვა, შენს ბაგეზე და შენს გულშია“,+ ანუ რწმენის სიტყვა,+ რომელსაც ვქადაგებთ.+ 9 თუ სახალხოდ აღიარებ „სიტყვას, რომელიც შენს ბაგეზეა“,+ რომ იესო უფალია,+ და გულით გწამს, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი,+ გადარჩები,+ 10 ვინაიდან გულით+ სწამთ სიმართლის მისაღწევად, პირით კი სახალხოდ აღიარებენ+ გადასარჩენად.

11 წმინდა წერილი ამბობს: „არავის გაუცრუვდება იმედი, ვისაც სწამს+ იგი“.+ 12 არ არსებობს განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის,+ რადგან უფალი ყველასთვის ერთია. ის გულუხვია ყველასთვის,+ ვინც მას უხმობს. 13 „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“.+ 14 მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს?+ ან როგორ ირწმუნონ ის, ვის შესახებაც არ სმენიათ? ან როგორ მოისმინონ, თუ არავინ უქადაგა?+ 15 ან როგორ იქადაგონ, თუ არავინ გაგზავნა?+ როგორც დაწერილია: „რა მშვენიერია კარგის მახარობელთა ფეხები!“+

16 მაგრამ ყველა როდი დაემორჩილა ამ სასიხარულო ცნობას,+ რადგან ესაია ამბობს: „იეჰოვა, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?“+ 17 ამრიგად, რწმენა მოსმენილისგან მოდის,+ მოსმენილი კი — ქრისტეს შესახებ სიტყვისგან.+ 18 მაგრამ გეკითხებით: განა არ მოუსმენიათ? „მთელ დედამიწაზე გაისმა მათი ხმა,+ მსოფლიოს კიდით კიდემდე — მათი სიტყვები“.+ 19 კვლავ გეკითხებით: განა ისრაელმა ვერ გაიგო?+ ჯერ მოსე ამბობს: „შურს აღგიძრავთ მათი მეშვეობით, ვინც ერად არც კი ითვლება; ძლიერ რისხვას აღვძრავ თქვენში უგუნური ერის მეშვეობით“.+ 20 ესაია კი დიდი გაბედულებით ამბობს: „ვინც არ მეძებდა, მათ მიპოვეს,+ ვინც არ მკითხულობდა, მათთვის გავხდი ცხადი“.+ 21 ისრაელის შესახებ კი ამბობს: „მთელი დღე გაწვდილი მქონდა ხელი ხალხისკენ, რომელიც მეურჩება+ და სიტყვას მიბრუნებს“.+

11 მაშ, გეკითხებით: განა უარყო ღმერთმა თავისი ხალხი?+ არავითარ შემთხვევაში! ვინაიდან მეც ისრაელი ვარ,+ აბრაამის შთამომავალი ბენიამინის ტომიდან.+ 2 არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც პირველად ცნო.+ როგორ, განა არ იცით, რას ამბობს წმინდა წერილი ელიას შესახებ, ისრაელის საქმეების გამო რომ შესჩივის ღმერთს?+ 3 „იეჰოვა, შენი წინასწარმეტყველები დახოცეს და შენი სამსხვერპლოები მოთხარეს, ერთი მე დავრჩი და ჩემს სულსაც* ეძებენ“.+ 4 მაგრამ რას პასუხობს მას ღმერთი?+ „დავიტოვე ჩემთვის შვიდი ათასი კაცი, რომლებმაც მუხლი არ მოიდრიკეს ბაალის წინაშე“.+ 5 ჩვენს დროშიც გამოჩნდა წყალობით ამორჩეული+ ხალხი*.+ 6 და თუ ეს წყალობით არის,+ ესე იგი, საქმეებით აღარ არის,+ სხვაგვარად წყალობა წყალობა აღარ იქნება.+

7 მაშ, რა? ისრაელმა ვერ მიიღო ის,+ რასაც გულმოდგინედ ეძებს, რჩეულებმა+ კი მიიღეს. დანარჩენებს გულები გაუქვავდათ,+ 8 როგორც დაწერილია: „მისცა მათ ღმერთმა ღრმა ძილის სული,+ თვალები, რომ ვერ დაენახათ, და ყურები, რომ ვერ მოესმინათ, და დღემდე ასეა“.+ 9 დავითიც ამბობს: „მახედ, ხაფანგად, დაბრკოლებად და საზღაურად ექცეთ თავიანთი სუფრა,+ 10 დაუბნელდეთ თვალები, რათა ვერ ხედავდნენ, და სამუდამოდ მოიკაკვონ წელში“.+

11 ამიტომ გეკითხებით: ნუთუ ისე დაბრკოლდნენ, რომ დაეცნენ?+ არავითარ შემთხვევაში! მაგრამ მათ მცდარ ნაბიჯს+ ხსნა მოაქვს უცხოტომელთათვის,+ რათა ამან შური აღუძრას მათ.+ 12 თუ მათი მცდარი ნაბიჯი სიმდიდრეს ნიშნავს ქვეყნიერებისთვის და მათი რიცხვის შემცირება — სიმდიდრეს უცხოტომელთათვის,+ რამდენად მეტს უნდა ნიშნავდეს მათი სრული რიცხვი!+

13 ახლა თქვენ გეუბნებით, უცხოტომელებო: რამდენადაც უცხოტომელთა+ მოციქული+ ვარ, ვადიდებ+ ჩემს მსახურებას,+ 14 იქნებ როგორღაც შური აღვუძრა ჩემს ხალხს და ზოგიერთი+ გადავარჩინო.+ 15 მათი მოკვეთა+ ქვეყნიერებისთვის თუ შერიგებას ნიშნავს,+ მაშ, რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა მკვდრებისთვის სიცოცხლის დაბრუნება? 16 თუ პირველ ნაყოფად+ აღებული ნაწილი წმინდაა, მთელი ცომიც წმინდაა,+ და თუ ფესვი წმინდაა, ტოტებიც წმინდაა.

17 თუ ზოგიერთი ტოტი გადატყდა და შენ, ველური ზეთისხილი, დაემყნე+ მათ შორის და მათთან ერთად ზეთისხილის+ ნოყიერების ფესვიდან+ დაიწყე საზრდოობა, 18 ნუ გამედიდურდები ტოტების წინაშე. თუ გამედიდურდი,+ გახსოვდეს: შენ კი არ გიკავია ფესვი,+ ფესვს უკავიხარ.+ 19 შენ იტყვი, ტოტები იმიტომ გადატყდნენ,+ რომ მე დავმყნობოდიო.+ 20 კეთილი, მაგრამ ისინი თავიანთი ურწმუნოების გამო+ გადატყდნენ, შენ კი რწმენით დგახარ.+ მოიშორე ქედმაღლური აზრები+ და გეშინოდეს,+ 21 რადგან, თუ ღმერთმა ბუნებრივი ტოტები არ დაინდო, არც შენ დაგინდობს.+ 22 ამიტომ დაინახე ღვთის სიკეთე+ და სიმკაცრე;+ მათ მიმართ, ვინც დაეცა — სიმკაცრე,+ შენ მიმართ კი — ღვთის სიკეთე, თუკი მის სიკეთეში დარჩები,+ თუ არადა, შენც მოიკვეთები.+ 23 ისინიც, თუ თავიანთ ურწმუნოებაში არ დარჩებიან, დაემყნობიან,+ რადგან ღმერთს შეუძლია მათი ხელახლა დამყნობა. 24 მაგრამ, თუ შენ ბუნებით ველური ზეთისხილიდან მოჭრილი იქენი და არაბუნებრივად დაემყნე+ ბაღის ზეთისხილს, რამდენად უკეთესად დაემყნობიან ბუნებრივი ტოტები თავიანთ ზეთისხილის ხეს!+

25 არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს წმინდა საიდუმლო,+ რათა გონიერები არ გეგონოთ საკუთარი თავი: ისრაელის ნაწილს მანამდე ექნება გული გაქვავებული,+ სანამ უცხოტომელთაგან სრული რიცხვი+ არ შეივსება.+ 26 ასე გადარჩება მთელი ისრაელი,+ როგორც დაწერილია: „სიონიდან+ მხსნელი მოვა და იაკობს უღმერთო საქმეებს მოაშორებს.+ 27 ეს არის ჩემი შეთანხმება მათთან,+ როცა მათ ცოდვებს წავშლი“.+ 28 სასიხარულო ცნობის მიხედვით ისინი ღვთის მტრები არიან თქვენ საკეთილდღეოდ,+ მაგრამ ღვთის მიერ არჩევის მიხედვით — საყვარელი ხალხი წინაპრების გამო.+ 29 ღმერთი არასოდეს ინანებს, რომ მათ ეს ძღვენი მისცა და მოუწოდა.+ 30 როგორც თქვენ იყავით ერთ დროს ღვთის ურჩნი,+ მაგრამ შეწყალებულნი+ ხართ მათი ურჩობის+ გამო, 31 ისე ისინიც ურჩობენ ახლა და ამიტომაც ხართ შეწყალებულნი,+ რათა ახლა ისინიც ასევე იქნენ შეწყალებულნი; 32 ვინაიდან ღმერთმა ყველანი ერთად დაამწყვდია ურჩობაში,+ რათა ყველა შეიწყალოს.+

33 ო, ღვთის სიმდიდრის,+ სიბრძნისა+ და ცოდნის+ სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი+ და მიუკვლეველია მისი გზები! 34 „ვინ შეიცნო იეჰოვას გონება?+ ან ვინ გახდა მისი მრჩეველი?“+ 35 ან „ვინ მისცა მას პირველმა, რომ უკან დაუბრუნოს?“+ 36 მისგან, მისით და მისთვის არის ყველაფერი.+ მას დიდება მარადიულად.+ ამინ.

12 მაშ, ძმებო, ღვთის თანაგრძნობით გეხვეწებით: წარადგინეთ თქვენი სხეულები+ ცოცხალ,+ წმინდა,+ ღვთისთვის მოსაწონ+ მსხვერპლად,+ რაც გააზრებული+ წმინდა მსახურებაა.+ 2 ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების* ყაიდაზე,+ არამედ განიახლეთ გონება+ და გარდაიქმენით, რათა დარწმუნდეთ,+ რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი.+

3 ჩემდამი გამოვლენილი წყალობით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ,+ არამედ ისე იფიქრეთ, რომ საღი აზროვნება+ გქონდეთ, თითოეულმა იმ ზომით, რა ზომითაც+ ღმერთმა გიწილადათ რწმენა.+ 4 ერთ სხეულში სხეულის ბევრი ნაწილი გვაქვს,+ მაგრამ ყველა ნაწილს ერთი დანიშნულება არა აქვს. 5 თუმცა ბევრნი ვართ, ჩვენც ერთი სხეული+ ვართ ქრისტესთან ერთობაში, ცალ-ცალკე კი სხეულის ნაწილები ვართ და ერთმანეთს ვეკუთვნით.+ 6 ჩვენ მიმართ გამოვლენილი წყალობით+ სხვადასხვა ძღვენი+ გვაქვს. თუ წინასწარმეტყველება გვაქვს, ჩვენი წილხვდომილი რწმენის მიხედვით ვიწინასწარმეტყველოთ; 7 თუ მსახურება გვაქვს, ვიმსახუროთ;+ ვინც ასწავლის,+ ასწავლოს;+ 8 ვინც შეაგონებს, შეაგონოს;+ ვინც გასცემს, გულუხვად გასცეს;+ ვინც ხელმძღვანელობს,+ ეს საქმე მთელი მონდომებით აკეთოს; ვინც შეიწყალებს,+ ხალისით შეიწყალოს.

9 თქვენი სიყვარული+ უთვალთმაქცო+ იყოს. ბოროტება შეიზიზღეთ+ და სიკეთეს მიეკარით.+ 10 ძმათმოყვარეობაში+ სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში+ ერთმანეთს დაასწარით. 11 საქმეში ნუ იზოზინებთ.+ სულით აენთეთ.+ ემსახურეთ იეჰოვას, როგორც მისმა მონებმა.+ 12 იხარეთ იმედში.+ გაუძელით გასაჭირს.+ გამუდმებით ილოცეთ.+ 13 წმინდებს მათი საჭიროებისდა მიხედვით გაუზიარეთ ყველაფერი.+ სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეთ.+ 14 ლოცეთ თქვენი მდევნელები,+ ლოცეთ,+ ნუ დაწყევლით.+ 15 მოხარულებთან იხარეთ,+ მოტირალებთან იტირეთ. 16 სხვებზე ისევე იფიქრეთ, როგორც საკუთარ თავზე.+ ქედმაღლურად კი ნუ იფიქრებთ,+ არამედ იმას მიჰყევით, რაც თავმდაბლობის მაჩვენებელია.+ გონიერი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი.+

17 ნურავის გადაუხდით სამაგიეროს.+ ის აკეთეთ, რაც ყველას თვალში კარგი იქნება. 18 რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად+ იყავით ყველასთან. 19 ნუ იძიებთ შურს,+ საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას,+ რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“.+ 20 მაგრამ, „თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე, თუ სწყურია, დაალევინე,+ რადგან ამით ნაკვერჩხლებს დააგროვებ მის თავზე“.+ 21 არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით.+

13 ყოველი სული* დაემორჩილოს+ უმაღლეს ხელისუფალთ,+ რადგან ყველა ხელისუფლება+ ღვთისგანაა.+ არსებულ ხელისუფალთ ღვთის+ მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ.+ 2 ამიტომ, ვინც ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, ღვთის მიერ დადგენილი წესრიგის წინააღმდეგია და ასეთებს მსჯავრი დაედებათ.+ 3 მმართველები მაშინ კი არ არიან საშიშნი, როცა კარგს აკეთებ, არამედ მაშინ, როცა ცუდს აკეთებ.+ გინდა, რომ ხელისუფლებისა არ გეშინოდეს? კარგი აკეთე+ და ქებას მიიღებ მისგან, 4 რადგან ის ღვთის მსახურია შენ სასარგებლოდ.+ მაგრამ, თუ ბოროტებას სჩადიხარ,+ გეშინოდეს, რადგან ის ტყუილუბრალოდ არ ატარებს მახვილს. ის ღვთის მსახურია და რისხვით იძიებს შურს+ ბოროტმოქმედებზე.

5 ასე რომ, საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ მორჩილებისთვის, მაგრამ არა მარტო რისხვის გამო, არამედ თქვენი სინდისის გამოც.+ 6 ამიტომაც იხდით გადასახადებს, რადგან ისინი ღვთის მსახურები+ არიან ხალხის საკეთილდღეოდ და გამუდმებით ემსახურებიან ამ საქმეს. 7 ვისაც რა ეკუთვნის, ის მიეცით: ვისაც გადასახადი — გადასახადი,+ ვისაც ხარკი — ხარკი, ვისაც შიში — შიში,+ ვისაც პატივი — პატივი.+

8 არავისი არაფერი გემართოთ+ გარდა ერთმანეთის სიყვარულისა,+ რადგან ვისაც სხვა უყვარს, კანონი შეასრულა.+ 9 კანონები: „არ იმრუშო,+ არ მოკლა,+ არ მოიპარო,+ სხვისი არაფერი ისურვო“+ და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“.+ 10 სიყვარული+ ბოროტს არ უკეთებს მოყვასს.+ ამიტომ სიყვარული კანონის+ შესრულებაა.

11 მაშ, ასე მოიქეცით, რადგან იცით, რა დროა: დადგა თქვენი გამოღვიძების საათი,+ ვინაიდან ხსნა ახლა უფრო ახლოა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.+ 12 ღამე იწურება და დღე+ ახლოვდება. მაშ, მოვიშოროთ სიბნელის საქმეები+ და შევიმოსოთ სინათლის საჭურვლით.+ 13 წესიერებით ვიაროთ,+ როგორც დღისით, არა ღრეობითა და გადამეტებული სმით,+ არა უზნეობითა და თავაშვებულობით,+ არა დავითა+ და შურით, 14 არამედ შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე+ და ნუ შეადგენთ გეგმებს, როგორ დაიკმაყოფილოთ ხორცის სურვილები.+

14 გულთბილად მიიღეთ ის, ვინც სუსტია+ რწმენაში, მაგრამ დასკვნებს ნუ გამოიტანთ შინაგან+ ეჭვებზე დაფუძნებით. 2 ზოგს ისეთი რწმენა აქვს, რომ ყველაფერს ჭამს,+ სუსტი კი მხოლოდ მწვანილეულს ჭამს. 3 ვინც ჭამს, ზემოდან ნუ დაუწყებს ყურებას იმას, ვინც არა ჭამს;+ და ვინც არა ჭამს, ნუ გაასამართლებს იმას, ვინც ჭამს, რადგან ღმერთმა გულთბილად მიიღო იგი. 4 ვინა ხარ შენ, რომ სხვის მოსამსახურეს ასამართლებ?+ დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა.+ ის არ წაიქცევა, რადგან იეჰოვას წყალობით დგას.+

5 ზოგი თვლის, რომ ერთი დღე მეორეზე მნიშვნელოვანია,+ ზოგისთვის კი ყველა დღე ერთნაირია.+ დაე, თითოეული ბოლომდე იყოს დარწმუნებული თავის აზრებში. 6 ვინც იცავს რომელიმე დღეს, იეჰოვასთვის იცავს, და ვინც ჭამს, იეჰოვასთვის ჭამს,+ რადგან მადლობას უხდის ღმერთს;+ ხოლო ვინც არ ჭამს, იეჰოვასთვის არ ჭამს+ და მაინც მადლობას უხდის ღმერთს.+ 7 არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს მხოლოდ საკუთარი თავისთვის+ და არც მხოლოდ საკუთარი თავისთვის კვდება ვინმე, 8 რადგან, თუ ვცოცხლობთ, იეჰოვასთვის ვცოცხლობთ+ და თუ ვკვდებით, იეჰოვასთვის ვკვდებით.+ ამიტომ ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, იეჰოვას ვეკუთვნით.+ 9 ქრისტე იმისთვის მოკვდა და იმისთვის გაცოცხლდა,+ რომ მკვდრებისა+ და ცოცხლების უფალი ყოფილიყო.+

10 რატომ ასამართლებ შენს ძმას?+ ან ზემოდან რატომ დაჰყურებ? ყველანი წარვდგებით ღვთის სასამართლო ტახტის წინაშე,+ 11 რადგან დაწერილია: „ცოცხალი ვარ, — ამბობს იეჰოვა,+ — ჩემ წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს“.+ 12 ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე.+

13 ამიტომ ნუღარ გავასამართლებთ+ ერთმანეთს, არამედ მივიღოთ გადაწყვეტილება,+ რომ ძმას არ დავუდოთ+ დაბრკოლების ლოდი+ ან ფეხწამოსაკრავი. 14 ვიცი და დარწმუნებული ვარ უფალ იესოში, რომ თავისთავად არაფერია შებილწული,+ მაგრამ, თუ ვინმე შებილწულად მიიჩნევს რამეს, ის მისთვის არის შებილწული.+ 15 თუ შენი ძმა დანაღვლიანდა საჭმლის გამო, შენ უკვე აღარ იქცევი სიყვარულით.+ ნუ დაღუპავ შენი საჭმლით მას, ვისთვისაც ქრისტე მოკვდა.+ 16 დასაგმობი ნუ გახდება თქვენი კარგი საქმეები, 17 რადგან ღვთის სამეფო+ საჭმელ-სასმელი+ კი არ არის, არამედ სიმართლე,+ მშვიდობა+ და სიხარული+ წმინდა სულში. 18 ვინც ასე ემსახურება ქრისტეს, როგორც მონა, მოსაწონია ღვთისთვისაც და ადამიანებისთვისაც.+

19 მაშ, იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა+ და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება.+ 20 ნუღარ დაანგრევ ღვთის საქმეებს საჭმლის გულისთვის.+ მართალია, ყველაფერი სუფთაა, მაგრამ საზიანოა ადამიანისთვის, თუ ჭამს და ამით სხვას აბრკოლებს.+ 21 კარგს იზამ, თუ არ შეჭამ ხორცს, არ დალევ ღვინოს ან არ გააკეთებ ისეთ რამეს, რაც აბრკოლებს შენს ძმას.+ 22 როგორი რწმენაც გაქვს, შენთვის გქონდეს ღვთის წინაშე.+ ბედნიერია კაცი, რომელიც არ ასამართლებს თავის თავს იმის გამო, რასაც ირჩევს. 23 მაგრამ, თუ ეჭვობს და ჭამს,+ მსჯავრი დაედება, რადგან რწმენით არა ჭამს. რაც რწმენით არ არის, ყველაფერი ცოდვაა.+

15 ამიტომ ჩვენ, ძლიერებმა, საკუთარ თავს კი არ უნდა ვასიამოვნოთ,+ არამედ უძლურთა სისუსტეები უნდა ვატაროთ.+ 2 თითოეულმა ჩვენგანმა ასიამოვნოს თავის მოყვასს ყველაფერში, რაც სასიკეთოა მის აღსაშენებლად,+ 3 რადგან არც ქრისტე ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე,+ არამედ, როგორც დაწერილია: „შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა“.+ 4 ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა,+ ჩვენ სასწავლებლად დაიწერა,+ რათა მოთმინებითა+ და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით+ გვქონდეს იმედი.+ 5 დაე, ღმერთმა, რომელიც მოთმინებასა და ნუგეშს გვაძლევს, მოგცეთ ისეთივე აზროვნება,+ როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა, 6 რათა ერთსულოვნად,+ ერთი პირით ადიდოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა.

7 ამიტომ გულთბილად მიიღეთ ერთმანეთი,+ როგორც ქრისტემ მიგიღოთ გულთბილად,+ ღვთის სადიდებლად. 8 გეუბნებით: იმის დასამტკიცებლად, რომ ღმერთი ჭეშმარიტია,+ ქრისტე გახდა წინადაცვეთილთა+ მსახური,+ რათა დაედასტურებინა ღვთის მიერ მათი მამა-პაპისთვის მიცემული დანაპირები+ 9 და ხალხებს+ განედიდებინათ ღმერთი მისი გულმოწყალებისთვის,+ როგორც წერია: „ამიტომ გაღიარებ ერებს შორის და ქებას ვუმღერებ შენს სახელს“.+ 10 ის კვლავ ამბობს: „იხარეთ, ერებო, მის ხალხთან ერთად“.+ 11 ასევე: „ადიდეთ იეჰოვა, ერებო, და აქონ ის ხალხებმა“.+ 12 ესაია კვლავ ამბობს: „გამოჩნდება იესეს ფესვი+ ხალხთა მმართველად,+ მასზე დაამყარებენ იმედს ხალხები“.+ 13 იმედის მომცემმა ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით თქვენი რწმენის მეშვეობით, რათა იუხვოთ იმედში წმინდა სულის ძალით.+

14 მეც დარწმუნებული ვარ, ძმებო, რომ სავსე ხართ ყოველივე კარგით, რადგან გაქვთ ყოველგვარი ცოდნა+ და ერთმანეთის შეგონებაც შეგიძლიათ.+ 15 მაგრამ შეხსენების+ მიზნით პირდაპირ გწერთ ზოგიერთი საკითხის შესახებ, რადგან ღმერთმა წყალობა გამოავლინა ჩემდამი,+ 16 რათა ქრისტე იესოს მსახური ვყოფილიყავი, უცხოტომელებთან წარგზავნილი,+ ღვთის სასიხარულო ცნობის+ წმინდა საქმეში ჩაბმული, რომ შესაწირავი,+ ანუ უცხოტომელები, მოსაწონი ყოფილიყო,+ როგორც წმინდა სულით განწმენდილი.+

17 ამიტომაც ღვთისა ყველაფერი+ დიდად მახარებს ქრისტე იესოში.+ 18 ვერ გავბედავ ისეთ რამეზე ლაპარაკს, რაც არ გაუკეთებია ქრისტეს ჩემი მეშვეობით+ უცხოტომელების დასამორჩილებლად,+ ჩემი სიტყვით+ თუ საქმით, 19 ნიშნებისა და საკვირველებების+ ძალით, წმინდა სულის ძალით. იერუსალიმიდან ილირიკონამდე ყველგან+ გულდასმით ვიქადაგე სასიხარულო ცნობა ქრისტეს შესახებ.+ 20 თანაც მიზნად დავისახე, არ მექადაგა სასიხარულო ცნობა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის მიერ ჩაყრილ საძირკველზე არ ამეშენებინა,+ 21 არამედ, როგორც დაწერილია: „ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ მის შესახებ, დაინახავს, და ვისაც არ მოუსმენია, გაიგებს“.+

22 ესეც იყო იმის მიზეზი, რომ ბევრჯერ შემეშალა ხელი თქვენთან მოსვლაში.+ 23 ახლა უკვე აღარ დამრჩა ამ მხარეში ისეთი ადგილი, სადაც არ მიქადაგია, და რამდენიმე წელია, თქვენთან მოსვლას ვნატრობ.+ 24 იმედი მაქვს, რომ ესპანეთში+ გამგზავრებისას გზად თქვენც გნახავთ, ცოტას გავიხარებ თქვენთან ურთიერთობით და გამაცილებთ+ კიდეც. 25 ახლა კი იერუსალიმში მივდივარ, რომ წმინდებს ვემსახურო.+ 26 მაკედონელებმა და აქაიელებმა+ სიამოვნებით გაიღეს შესაწირავები+ იერუსალიმში მცხოვრები ღარიბი წმინდებისთვის. 27 მართალია, მათ ეს სიამოვნებით გააკეთეს, მაგრამ მოვალენიც იყვნენ, რადგან, თუ ისინი, როგორც უცხოტომელები, მათ სულიერში ეზიარნენ,+ მართებთ ხორციელადაც მოემსახურონ.+ 28 ამრიგად, როცა ამას დავამთავრებ და ჩავაბარებ მათ ამ ნაყოფს,+ გამოგივლით და ისე წავალ ესპანეთში.+ 29 ისიც ვიცი, რომ თქვენთან ქრისტესგან სრული კურთხევით მოვალ.+

30 ახლა შეგაგონებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით და სულის სიყვარულით:+ ჩემთან ერთად დაუღალავად ილოცეთ ღვთისადმი ჩემთვის,+ 31 რომ თავი დავაღწიო+ ურწმუნოებს იუდეაში და იერუსალიმისთვის+ ჩემი მსახურება მოსაწონი იყოს წმინდათა თვალში,+ 32 რათა, ღვთის ნებით, სიხარულით მოვიდე თქვენთან და ძალები აღვიდგინო+ თქვენთან ერთად. 33 მშვიდობის მომცემი ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან.+ ამინ.

16 ვშუამდგომლობ და ფებეს, რომელიც კენქრეს+ კრების მსახურია.+ 2 გულთბილად მიიღეთ+ იგი უფალში, როგორც წმინდებს შეჰფერით, და დაეხმარეთ ყველაფერში, რაშიც დასჭირდებით,+ რადგან თვითონაც მრავლის ქომაგი იყო, მათ შორის ჩემიც.

3 მომიკითხეთ პრისკა და აკვილა,+ ჩემი თანამსახურები+ ქრისტე იესოში, 4 რომლებიც თავს+ საფრთხეში იგდებდნენ ჩემთვის. მათ მარტო მე კი არ ვემადლიერები, არამედ უცხოტომელთა ყველა კრებაც.+ 5 მომიკითხეთ კრება, რომელიც მათ სახლში იკრიბება.+ მომიკითხეთ საყვარელი ეპენეტე, აზიაში* პირველი ნაყოფი+ ქრისტესთვის. 6 მომიკითხეთ მარიამი, რომელმაც ბევრი იშრომა თქვენთვის. 7 მომიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები,+ რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ პატიმრობაში+ და რომლებსაც მოციქულები კარგი სახელით იცნობენ. ისინი ჩემზე დიდი ხანია, რაც ქრისტესთან ერთობაში არიან.+

8 მომიკითხეთ+ ამპლიასი, საყვარელი ძმა უფალში. 9 მომიკითხეთ ურბანუსი, ჩვენი თანამსახური ქრისტეში, და საყვარელი სტაქისი. 10 მომიკითხეთ+ აპელესი, ქრისტეში მოწონებული. მომიკითხეთ არისტობულეს ოჯახის წევრები. 11 მომიკითხეთ ჩემი ნათესავი+ ჰეროდიონი. მომიკითხეთ ნარკისეს ოჯახის წევრები, უფალში მყოფნი.+ 12 მომიკითხეთ ტრიფენა და ტრიფოსა, გამრჯე ქალები უფალში. მომიკითხეთ საყვარელი და პერსისი, რადგან მან ბევრი რამ გააკეთა უფალში. 13 მომიკითხეთ უფალში რჩეული რუფუსი და დედამისი, რომელიც ჩემთვისაც დედაა. 14 მომიკითხეთ ასინკრიტე, ფლეგონი, ჰერმესი, პატრობა, ჰერმა და მათთან მყოფი ძმები. 15 მომიკითხეთ ფილოლოგე და იულია, ნერევსი და მისი და, აგრეთვე ოლიმპა და მათთან მყოფი ყველა წმინდა.+ 16 მოიკითხეთ ერთმანეთი წმინდა ამბორით.+ მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა კრება.

17 ახლა შეგაგონებთ, ძმებო, თვალი გეჭიროთ მათზე, ვინც უთანხმოებებს იწვევს+ და აბრკოლებს სხვებს, რითაც ეწინააღმდეგება იმას,+ რაც გისწავლიათ. ერიდეთ მათ,+ 18 რადგან ასეთი ადამიანები ჩვენი უფლის, ქრისტეს მონები კი არ არიან, არამედ თავიანთი მუცლებისა,+ და შემპარავი სიტყვებითა+ და მლიქვნელობით+ აცდენენ გულუბრყვილოთა გულებს. 19 თქვენი მორჩილება ყველასთვის შესამჩნევი გახდა.+ ამიტომაც ვხარობ თქვენ გამო, მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ+ სიკეთისთვის და გულუბრყვილონი+ ბოროტებისთვის.+ 20 მშვიდობის მომცემი ღმერთი+ კი მალე შემუსრავს სატანას+ თქვენ ფეხქვეშ. ჩვენი უფლის იესოს წყალობა გქონდეთ.+

21 მოკითხვას გითვლიან ჩემი თანამსახური ტიმოთე და ჩემი ნათესავები: ლუციუსი, იასონი და სოსიპატრე.+

22 მოკითხვას გითვლით უფალში მე, ტერტიოსი, ამ წერილის დამწერი.

23 მოკითხვას გითვლით გაიუსი,+ ჩემი და მთელი კრების მასპინძელი. მოკითხვას გითვლიან ქალაქის მმართველი ერასტე+ და მისი ძმა კვარტუსი. 24 ——

25 მას,+ — ვისაც შეუძლია თქვენი განმტკიცება იმ სასიხარულო ცნობის შესაბამისად, მე რომ ვაუწყებ, და იესო ქრისტეს შესახებ ქადაგების მიხედვით, იმ წმინდა+ საიდუმლოს გამოცხადებით, რაც დიდი ხნის მანძილზე დაფარული იყო, 26 მაგრამ ახლა, მარადიული ღვთის ბრძანებით, ყველა ხალხისთვის ცხადი გახდა+ წინასწარმეტყველური წერილების მეშვეობით, რათა ადამიანებს რწმენით გამოევლინათ მორჩილება+ — 27 ღმერთს, ერთადერთ ბრძენს,+ მარადიული დიდება+ იესო ქრისტეს+ მეშვეობით. ამინ.

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.

არამეული სიტყვა, რაც ნიშნავს მამას.

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.

სიტყვასიტყვით — დარჩენილი ნაწილი.

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.

იხილეთ სქ. 2:9-ის სქოლიო.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება