მოციქულთა საქმეები
1 თეოფილე,+ პირველად იმის შესახებ მოგწერე, რასაც იესო აკეთებდა და ასწავლიდა+ 2 იმ დღემდე, სანამ ცაში იქნებოდა აყვანილი+ და მას შემდეგ, რაც თავის ამორჩეულ მოციქულებს წმინდა სულის მეშვეობით მისცა მითითება.+ 3 მათ ტანჯვის შემდეგაც არაერთხელ ეჩვენა ცოცხლად მრავალი სარწმუნო მტკიცებით.+ ორმოც დღეს ეჩვენებოდა მათ და ღვთის სამეფოზე ესაუბრებოდა.+ 4 ერთხელაც, როცა მათ შეხვდა, მითითებები მისცა: „არ გახვიდეთ იერუსალიმიდან+ და ელოდეთ მამის დაპირებულს,+ რაც ჩემგან მოისმინეთ. 5 იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი მალე წმინდა სულით+ მოინათლებით“.
6 სხვა დროს, როცა შეიკრიბნენ, ჰკითხეს მას: „უფალო, ახლა ხომ არ უნდა აღუდგინო სამეფო+ ისრაელს?“ 7 მან მიუგო: „თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ დროები და ვადები,+ რომლებიც მამის ძალაუფლებაშია,+ 8 მაგრამ როცა თქვენზე წმინდა სული* გადმოვა, ძალას მიიღებთ+ და იქნებით ჩემი მოწმეები+ იერუსალიმში,+ მთელ იუდეასა და სამარიაში+ და დედამიწის კიდით კიდემდე“.+ 9 ამის თქმის შემდეგ ის მათ თვალწინ ამაღლდა+ და ღრუბელმა დაფარა მათ თვალთაგან.+ 10 როცა ისინი ცაში ამავალ იესოს უყურებდნენ,+ მათ გვერდით დადგა თეთრებში+ შემოსილი ორი კაცი, 11 რომლებმაც უთხრეს: „გალილეელებო, რატომ დგახართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ცაში იქნა აყვანილი, ისევ მოვა,+ როგორც ცაში ამავალი იხილეთ“.
12 შემდეგ ისინი ზეთისხილის მთიდან იერუსალიმში დაბრუნდნენ.+ ზეთისხილის მთა იერუსალიმის მახლობლად შაბათი დღის სავალ მანძილზე* მდებარეობს.+ 13 პეტრე და იოანე, იაკობი და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, ალფეს ვაჟი იაკობი, სიმონი, რომელსაც მოშურნეს ეძახიან, და იაკობის ვაჟი იუდა+ ქალაქში შევიდნენ, ზემოთა ოთახში+ ავიდნენ და იქ დარჩნენ. 14 ყველა ერთსულოვნად ლოცულობდა გამუდმებით,+ მათ შორის რამდენიმე ქალი,+ იესოს ძმები და დედამისი მარიამი.+
15 იმ დროს წამოდგა პეტრე ძმებს შორის (იქნებოდა სულ ასოცამდე კაცი) და თქვა: 16 «ძმებო! უნდა შესრულებულიყო დაწერილი,+ რომელიც დავითის პირით წმინდა სულმა+ წინასწარ წარმოთქვა იუდას შესახებ,+ რომელმაც მეგზურობა გაუწია იესოს შემპყრობლებს,+ 17 რადგან ის ერთ-ერთი ჩვენგანი იყო+ და ჩვენთან ერთად ამ მსახურებაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა.+ 18 (ამ კაცმა უმართლობის+ საზღაურით შეიძინა+ მინდორი. ბოლოს მიწაზე თავით დაენარცხა,+ შუაზე გასკდა და ნაწლავები გადმოსცვივდა. 19 ეს იერუსალიმის ყველა მკვიდრმა შეიტყო. იმ მინდორს მათ ენაზე აკელდამა ანუ სისხლის მინდორი ეწოდა). 20 ფსალმუნების წიგნში წერია: „გაპარტახდეს მისი საცხოვრებელი და ნუ იქნება იქ მკვიდრი“+ და „მის ნაცვლად სხვამ შეასრულოს ზედამხედველის მოვალეობა“.+ 21 მაშასადამე, საჭიროა, რომ მათგან — ვინც ჩვენთან ერთად იკრიბებოდა მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ჩვენ შორის დადიოდა უფალი იესო,+ 22 იოანეს მიერ მისი მონათვლიდან+ მისი ამაღლების დღემდე+ — ერთ-ერთი ჩვენთან ერთად მისი აღდგომის მოწმე გახდეს».+
23 დაასახელეს ორი: ბარსაბად წოდებული იოსები, რომელსაც იუსტუსი შეარქვეს, და მატთია, 24 და ილოცეს: „იეჰოვა, გულთამხილავო,+ შენ გვიჩვენე, ამ ორიდან რომელი ამოირჩიე, 25 რომ მიიღოს ეს მსახურება და მოციქულობა,+ რომელსაც იუდა განუდგა, რათა თავის ადგილზე წასულიყო“. 26 წილი ჰყარეს,+ რომელიც ერგო მატთიას. თერთმეტ+ მოციქულს ეს ერთიც შეემატა.
2 ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე+ ყველანი ერთად იყვნენ. 2 უეცრად ციდან ხმაური გაისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ.+ 3 მათ თითქოს ცეცხლის ენები+ დაინახეს, რომლებიც სათითაოდ დაეშვა თითოეულ მათგანზე. 4 აღივსო ყველა წმინდა სულით+ და დაიწყეს სხვადასხვა ენაზე+ ლაპარაკი, როგორც სული ალაპარაკებდა მათ.
5 მაშინ იერუსალიმში იყვნენ ღვთისმოშიში+ იუდეველები+ ცისქვეშეთში მცხოვრები ყველა ხალხიდან. 6 როცა ხმაური გაისმა, დიდძალი ხალხი შეიკრიბა და ყველა საგონებელში ჩაცვივდა, რადგან ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ მათ ენებზე. 7 ისინი განცვიფრებულები ამბობდნენ: „შეხედეთ, განა ესენი, რომლებიც ლაპარაკობენ, ყველანი გალილეელები+ არ არიან? 8 მაშ, როგორ გვესმის ჩვენ-ჩვენი ენა, რომელზეც დაბადებიდან ვლაპარაკობთ? 9 პართელებს, მიდიელებს,+ ელამელებს,+ შუამდინარეთის, იუდეის,+ კაპადოკიის,+ პონტოს,+ აზიის*,+ 10 ფრიგიის,+ პამფილიისა+ და ეგვიპტის მკვიდრთ, აგრეთვე კირენესკენ მდებარე ლიბიის მხარეთა მკვიდრთ და რომიდან ჩამოსულ იუდეველებსა და პროზელიტებს,+ 11 კრეტელებსა+ და არაბებს+ — ყველას გვესმის, როგორ ლაპარაკობენ ჩვენს ენებზე ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“. 12 განცვიფრებულები იყვნენ, საგონებელში ჩაცვივდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს?“ 13 სხვები კი დასცინოდნენ მათ და ამბობდნენ, მაჭრით დამთვრალანო.+
14 წამოდგა პეტრე თერთმეტთან+ ერთად, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: «იუდეველნო და იერუსალიმის მკვიდრნო!+ იცოდეთ ეს და ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს. 15 ესენი მთვრალები არ არიან,+ როგორც თქვენ გგონიათ, რადგან ახლა დღის მესამე საათია*. 16 ეს ის არის, რაც იოელ წინასწარმეტყველის პირით იყო ნათქვამი: 17 „ბოლო დღეებში, — ამბობს ღმერთი, — გადმოვღვრი ჩემს სულს+ ყველანაირ ხორციელზე და თქვენი ვაჟები და ასულები იწინასწარმეტყველებენ, თქვენი ჭაბუკები ხილვებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ.+ 18 ჩემს მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემს სულს და ისინიც იწინასწარმეტყველებენ.+ 19 მაღლა ცაში მოვახდენ საკვირველებებს და დაბლა დედამიწაზე მოვავლენ ნიშნებს, სისხლს, ცეცხლსა და კვამლის ბოლქვებს.+ 20 მზე+ დაბნელდება და მთვარე სისხლად იქცევა იეჰოვას დიდი და დიდებული დღის მოსვლამდე.+ 21 და ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“.+
22 ისრაელებო, მოისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეთელი,+ კაცი, რომელიც ღმერთმა აშკარად დაგანახვათ სასწაულებით,+ საკვირველებებითა და ნიშნებით, რომლებსაც ღმერთი მისი მეშვეობით ახდენდა თქვენ შორის,+ როგორც თვითონვე იცით, 23 ღვთის განზრახვითა და წინასწარგანჭვრეტით გადაცემული,+ თქვენ ძელზე გააკარით უკანონობის მოქმედთა ხელით და მოკალით,+ 24 მაგრამ ღმერთმა ის სიკვდილის ტკივილებისგან+ გაათავისუფლა და აღადგინა,+ რადგან შეუძლებელი იყო, ის სიკვდილის ძალაუფლებაში დარჩენილიყო.+ 25 დავითი მასზე ამბობს: „იეჰოვა ყოველთვის თვალწინ მედგა, ის ჩემ მარჯვნივ არის, რათა არ შევდრკე.+ 26 ამიტომ გამხიარულდა ჩემი გული და ჩემმა ბაგეებმა დიდად გაიხარა. ჩემი სხეულიც კი იმედით იცოცხლებს,+ 27 რადგან არ დატოვებ ჩემს სულს* სამარეში* და არ დაუშვებ, რომ შენი ერთგული გაიხრწნას.+ 28 შენ გამაგებინე სიცოცხლის გზები, შენი სახე ამავსებს სიხარულით“.+
29 ძმებო, თქვენთან შეიძლება თამამად ითქვას მამამთავარი დავითის შესახებ, რომ ის მოკვდა+ და დამარხეს და მისი სამარხი დღემდე ჩვენ შორისაა. 30 ამიტომ, რადგან ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა შეჰფიცა, შენი საზარდულის ნაყოფს დავსვამო შენს ტახტზე,+ 31 მან წინასწარ იხილა და თქვა, რომ ქრისტე აღდგებოდა, არც სამარეში* იქნებოდა მიტოვებული და არც მისი სხეული გაიხრწნებოდა.+ 32 ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ყველანი ვართ.+ 33 ამიტომ, რადგანაც ის ღვთის მარჯვნივ ამაღლდა+ და აღთქმული წმინდა სული* მიიღო მამისგან,+ გადმოგვაფრქვია ის, რასაც ხედავთ და ისმენთ. 34 დავითი არ ასულა ზეცაში,+ მაგრამ თავად ამბობს: „იეჰოვამ უთხრა ჩემს უფალს, იჯექი ჩემ მარჯვნივ,+ 35 სანამ შენს მტრებს შენს ფეხსადგამად არ ვაქცევო“.+ 36 მაშ, ისრაელის მთელი სახლი დარწმუნებული იყოს, რომ იესო, რომელიც თქვენ ბოძზე გააკარით,+ ღმერთმა უფლად+ და ქრისტედ აქცია».
37 ეს რომ მოისმინეს, გულის სიღრმემდე შეიძრნენ+ და პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს ჰკითხეს: „ძმებო, როგორ მოვიქცეთ?“+ 38 პეტრემ მიუგო: „მოინანიეთ+ და მოინათლეთ+ იესო ქრისტეს სახელით,+ რათა ცოდვები მოგეტევოთ,+ და მიიღებთ უსასყიდლო ძღვენს+ — წმინდა სულს, 39 რადგან ეს დანაპირები+ თქვენთვის, თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისთვის არის,+ ვისაც კი მოუხმობს იეჰოვა, ჩვენი ღმერთი“.+ 40 მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა მათ საფუძვლიანად და შეაგონებდა: „თავი დააღწიეთ ამ უკუღმართ თაობას“.+ 41 ამიტომ, ვინც მთელი გულით მიიღო მისი სიტყვა, მოინათლა+ და იმ დღეს დაახლოებით სამი ათასი სული* შეემატათ.+ 42 ისინი მოციქულებისგან გამუდმებით სწავლობდნენ, ყველაფერს ერთმანეთს უზიარებდნენ,+ ერთად ჭამდნენ+ და ლოცულობდნენ.+
43 მაშინ შიშმა მოიცვა ყოველი სული და დაიწყეს მოციქულებმა მრავალი საკვირველებისა და ნიშნის მოხდენა.+ 44 ყველა, ვინც ირწმუნა, ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.+ 45 ისინი ყიდდნენ თავიანთ საკუთრებასა+ და ქონებას და ყველას საჭიროებისდა მიხედვით უნაწილებდნენ.+ 46 ყოველდღე ერთად იყვნენ ყველანი ტაძარში+ და დიდი სიხარულითა და წრფელი გულით ერთად ჭამდნენ+ ხან ერთთან და ხან მეორესთან, 47 ღმერთს აქებდნენ და კეთილგანწყობილებას იხვეჭდნენ ყველას თვალში,+ იეჰოვა კი ყოველდღე მატებდა+ მათ გადარჩენილებს.+
3 ერთხელ პეტრე და იოანე ტაძარში ადიოდნენ მეცხრე საათისთვის*, რომელიც ლოცვის საათი იყო.+ 2 იმ დროს იქ ერთი კაცი მიჰყავდათ, დედის მუცლიდან+ წელს ქვემოთ მოწყვეტილი. მას ყოველდღე ტოვებდნენ ტაძრის კარიბჭესთან, რომელსაც მშვენიერი+ ეწოდებოდა, რომ მოწყალება ეთხოვა ტაძარში შემსვლელთაგან.+ 3 როცა მან თვალი მოჰკრა ტაძარში შემავალ პეტრესა და იოანეს, მოწყალების თხოვნა დაუწყო.+ 4 პეტრემ და იოანემ შეხედეს+ მას და უთხრეს: „შემოგვხედე“. 5 მანაც შეხედა მათ იმ იმედით, რომ რამეს მისცემდნენ. 6 პეტრემ უთხრა: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმას მოგცემ:+ ნაზარეთელი იესო ქრისტეს+ სახელით გეუბნები, იარე!“+ 7 ხელი მარჯვენა ხელზე+ მოჰკიდა და წამოაყენა. კაცს უეცრად გაუმაგრდა ტერფები და კოჭები,+ 8 წამოხტა,+ ფეხზე დადგა, სიარული დაიწყო და მათთან ერთად ტაძარში შევიდა,+ დადიოდა, ხტოდა და ღმერთს აქებდა. 9 ყველამ+ დაინახა, რომ ის დადიოდა და ღმერთს აქებდა. 10 თანაც იცნეს, რომ ის ტაძრის იმ კარიბჭესთან იჯდა ხოლმე, რომელსაც მშვენიერი+ ეწოდება, და მოწყალებას ითხოვდა. განცვიფრდნენ და შეცბუნდნენ+ იმის გამო, რაც მას შეემთხვა.
11 ვინაიდან ის კაცი პეტრესა და იოანეს არ სცილდებოდა, განცვიფრებული ხალხი მათკენ გაიქცა, სოლომონის კოლონადად*+ წოდებული ადგილისკენ. 12 ამის დანახვაზე პეტრემ ხალხს უთხრა: «ისრაელებო, რატომ გიკვირთ ეს, ან რატომ გვიყურებთ ისე, თითქოს საკუთარი ძალით ან ღვთისადმი ერთგულებით დავაწყებინეთ მას სიარული?+ 13 აბრაამის, ისაკისა და იაკობის+ ღმერთმა, ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა განადიდა+ თავისი მსახური+ იესო, რომელიც თქვენ პილატეს გადაეცით+ და მის წინაშე უარყავით, როცა მან მისი გათავისუფლება გადაწყვიტა.+ 14 თქვენ უარყავით წმინდა და მართალი+ და მოითხოვეთ, რომ თქვენთვის მკვლელი+ ეჩუქებინათ, 15 ხოლო სიცოცხლის მეთაური მოკალით,+ მაგრამ ღმერთმა ის მკვდრეთით აღადგინა, რისი მოწმეებიც ჩვენა ვართ.+ 16 ეს კაცი, რომელსაც ხედავთ და იცნობთ, მისმა სახელმა და მისი სახელისადმი ჩვენმა რწმენამ გააძლიერა და ამავე რწმენამ გამოაჯანსაღა ყველა თქვენგანის წინაშე. 17 ახლა, ძმებო, ვიცი, რომ უცოდინარობით მოქმედებდით,+ როგორც თქვენი მმართველები,+ 18 მაგრამ ამით ღმერთმა შეასრულა ყველაფერი, რაც წინასწარ გამოგვიცხადა წინასწარმეტყველთა პირით, რომ მისი ცხებული* დაიტანჯებოდა.+
19 ამიტომ მოინანიეთ+ და მობრუნდით,+ რათა წაიშალოს+ თქვენი ცოდვები, მოვიდეს იეჰოვასგან გამოცოცხლების+ დრო 20 და გამოგიგზავნოთ თქვენთვის დანიშნული ქრისტე, იესო, 21 რომელიც ზეცაში უნდა იყოს,+ ვიდრე ყველაფერი არ აღდგება,+ რაზეც ღმერთი ლაპარაკობდა ძველ დროს თავის წმინდა წინასწარმეტყველთა პირით.+ 22 მოსემ თქვა: „იეჰოვა ღმერთი თქვენი ძმებიდან მოგივლენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს.+ გაუგონეთ მას ყველაფერი, რასაც გეტყვით,+ 23 ხოლო ყოველი სული*, რომელიც იმ წინასწარმეტყველს არ მოუსმენს, ხალხიდან აღმოიფხვრება“.+ 24 ყველა წინასწარმეტყველი — სამუელიდან დაწყებული მათით დამთავრებული, ვინც მის შემდეგ იყო და ლაპარაკობდა — ცხადად აუწყებდა ამ დღეების შესახებ.+ 25 თქვენ ხართ წინასწარმეტყველთა და იმ შეთანხმების ძეები,+ რომელიც ღმერთმა თქვენს მამა-პაპას დაუდო, როცა აბრაამს უთხრა: „შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ოჯახი“.+ 26 როცა ღმერთმა თავისი მსახური დანიშნა, პირველად+ ის თქვენ გამოგიგზავნათ, რომ თითოეული თქვენგანი ეკურთხებინეთ — ბოროტი საქმეებისგან მოექციეთ».
4 როცა პეტრე და იოანე ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავზე დაადგნენ უფროსი მღვდლები, ტაძრის+ მცველთა უფროსი და სადუკეველები,+ 2 რომლებიც გაღიზიანებულები იყვნენ იმის გამო, რომ ისინი ხალხს ასწავლიდნენ და აუწყებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას.+ 3 შეიპყრეს ისინი და დააპატიმრეს მეორე დღემდე,+ ვინაიდან უკვე საღამო იყო. 4 მათგან კი, ვინც სიტყვა მოისმინა, მრავალმა ირწმუნა+ და მათი რიცხვი ხუთი ათასამდე გაიზარდა.+
5 მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მმართველები, უხუცესები და მწიგნობრები+ 6 (აგრეთვე უფროსი მღვდელი ანა,+ კაიაფა,+ იოანე, ალექსანდრე და უფროსი მღვდლის ყველა ნათესავი), 7 დააყენეს ისინი შუაში და დაკითხვა დაუწყეს: „რა ძალით ან ვისი სახელით გააკეთეთ ეს?“+ 8 მაშინ პეტრე წმინდა სულით აღივსო+ და უთხრა:
«ხალხის მმართველებო და უხუცესებო, 9 რადგან ავადმყოფისთვის გაკეთებული კარგი საქმის გამო ვართ დღეს დაკითხვაზე+ და გაინტერესებთ, ვისი სახელით გამოჯანმრთელდა ეს კაცი, 10 ცნობილი იყოს თქვენთვის და ისრაელის მთელი ხალხისთვის, რომ ეს მოხდა ნაზარეთელი იესო ქრისტეს სახელით,+ რომელიც თქვენ ბოძზე გააკარით,+ მაგრამ რომელიც ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა.+ მისი მეშვეობით დგას ეს კაცი საღ-სალამათი თქვენ წინაშე. 11 ის არის „ქვა, რომელიც თქვენ, მშენებლებმა არაფრად ჩააგდეთ, მაგრამ კუთხის თავად იქცა“.+ 12 სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი,+ რომლითაც გადავრჩებით».+
13 როცა დაინახეს პეტრესა და იოანეს პირდაპირობა და შეატყვეს, რომ უსწავლელი და უბრალო ადამიანები იყვნენ,+ გაუკვირდათ. თანაც გაიხსენეს, რომ ისინიც იესოსთან ერთად იყვნენ.+ 14 უყურებდნენ მათთან მდგომ განკურნებულ კაცს+ და საწინააღმდეგოს ვეღარაფერს ამბობდნენ.+ 15 მოციქულებს მათ სინედრიონის* დარბაზის დატოვება უბრძანეს, თვითონ კი დაიწყეს მსჯელობა, 16 ამბობდნენ: „რა ვუყოთ ამათ?+ უდავოდ მოახდინეს დიდი ნიშანი, რაც იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის ცხადია+ და ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ, 17 მაგრამ, ეს რომ მეტად აღარ გახმაურდეს, მოდი დავემუქროთ, აღარავის ელაპარაკონ ამ სახელით“.+
18 დაუძახეს მათ და უბრძანეს, ხმა აღარ ამოეღოთ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით. 19 პეტრემ და იოანემ კი მიუგეს: „თავად განსაჯეთ, სწორია თუ არა ღვთის თვალში, თქვენ მოგისმინოთ და არა ღმერთს. 20 ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“.+ 21 კიდევ ერთხელ დაემუქრნენ და გაათავისუფლეს, რადგან მათ დასასჯელად ვერანაირი საფუძველი ვერ იპოვეს, ისიც გაითვალისწინეს, რომ ხალხი+ მომხდარის გამო ღმერთს განადიდებდა. 22 ის კაცი, რომელიც სასწაულებრივად განიკურნა, ორმოც წელს იყო გადაცილებული.
23 როცა გაათავისუფლეს, ისინი თავისიანებთან მივიდნენ+ და შეატყობინეს, რაც უფროსმა მღვდლებმა და უხუცესებმა უთხრეს. 24 ამის მოსმენისთანავე მათ ერთსულოვნად მიმართეს ღმერთს+ ხმამაღლა:
«უზენაესო+ უფალო, შენ შექმენი ცა და დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია,+ 25 და წმინდა სულის მეშვეობით ჩვენი წინაპარი დავითის,+ შენი მსახურის, პირით თქვი: „რატომ ახმაურდნენ ერები და რატომ ფიქრობენ ხალხები ამაოებაზე?+ 26 დადგნენ დედამიწის მეფეები და შეიკრიბნენ მმართველები იეჰოვასა და მისი ცხებულის წინააღმდეგ“.+ 27 ჰეროდე* და პონტიუს პილატე+ უცხოტომელებსა და ისრაელებთან ერთად შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმინდა+ მსახურის, იესოს, შენი ცხებულის წინააღმდეგ+ 28 იმის გასაკეთებლად, რისი მოხდენაც შენი ხელითა და შენი ნებით იქნა წინასწარ განსაზღვრული.+ 29 ახლა კი, იეჰოვა, დაინახე მათი მუქარა+ და ძალა მიეცი შენს მონებს, შენი სიტყვა მთელი გამბედაობით ილაპარაკონ,+ 30 როცა გაწვდილი გაქვს ხელი განსაკურნავად და შენი წმინდა მსახურის,+ იესოს სახელით+ ნიშნები და საკვირველებები+ ხდება».
31 როცა შეევედრნენ, ადგილი, სადაც შეკრებილები იყვნენ, შეირყა,+ ყველა წმინდა სულით+ აღივსო და დაიწყეს ღვთის სიტყვის გაბედულად ლაპარაკი.+
32 გარდა ამისა, მათ უმრავლესობას, რომლებმაც ირწმუნეს, ერთი გული და სული ჰქონდათ+ და არც ერთი მათგანი არ ამბობდა თავის ქონებაზე, ჩემიაო; ყველაფერი საერთო ჰქონდათ.+ 33 მოციქულებიც დიდი გულმოდგინებით განაგრძობდნენ მოწმობას უფალ იესოს აღდგენის შესახებ.+ ყველა მათგანზე უხვად იყო წყალობა. 34 არც ერთ მათგანს არ უჭირდა,+ რადგან ყველა, ვისაც მინდვრები და სახლები ჰქონდა, ყიდდნენ, საფასური მიჰქონდათ, 35 მოციქულთა ფეხებთან დებდნენ+ და შემდეგ თითოეულს საჭიროებისდა მიხედვით უნაწილდებოდა.+ 36 ამიტომ იოსებმა, რომელსაც მოციქულებმა ბარნაბა+ შეარქვეს (რაც ნუგეშის ძედ ითარგმნება), ლევიანმა, წარმოშობით კვიპროსელმა, 37 ნაკვეთის მფლობელმა, გაყიდა თავისი ნაკვეთი, ფული მიიტანა და მოციქულებს ფეხებთან დაუდო.+
5 ერთმა კაცმა ანანიამ და მისმა ცოლმა საფირამ თავიანთი ქონების ნაწილი გაყიდეს. 2 ანანიამ საფასურის ნაწილი გადამალა, რის შესახებაც ცოლმაც იცოდა, და მხოლოდ ნაწილი მიიტანა და დაუდო მოციქულებს ფეხებთან.+ 3 პეტრემ უთხრა: „ანანია, როგორ გაგაბედინა სატანამ+ წმინდა სულის+ მოტყუება+ და მინდვრის საფასურიდან ნაწილის გადამალვა? 4 განა შენი არ იყო, რაც გქონდა, და როცა გაყიდე, შენს ხელში არ რჩებოდა? რატომ ჩაიდე გულში ასეთი რამ? შენ ადამიანებისა კი არა, ღვთის+ მოტყუებას+ შეეცადე“. 5 ამ სიტყვების მოსმენისთანავე, ანანია დაეცა და მოკვდა.+ ყველას, ვინც ეს მოისმინა, ძალიან შეეშინდა.+ 6 მაშინ წამოდგნენ ბიჭები, გაახვიეს+ ის, გაიტანეს და დამარხეს.
7 სამიოდე საათის შემდეგ მისი ცოლი შევიდა, მაგრამ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. 8 პეტრემ ჰკითხა: „მითხარი, ამდენად გაყიდეთ მინდორი?“ მან უპასუხა: „დიახ, ამდენად“. 9 მაშინ პეტრემ უთხრა: „რატომ მოილაპარაკეთ, რომ იეჰოვას სული გამოგეცადათ?+ აი, კარს მოადგნენ შენი ქმრის დამმარხველები და შენც გაგიტანენ“. 10 ის მაშინვე დაეცა მის ფეხებთან და მოკვდა.+ როცა ის ბიჭები შევიდნენ და ნახეს, რომ მკვდარი იყო, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს. 11 შიშმა მოიცვა მთელი კრება და ყველა, ვინც ეს მოისმინა.
12 მოციქულების ხელით მრავალი ნიშანი და საკვირველება ხდებოდა ხალხში.+ ყველანი ერთად იყვნენ სოლომონის კოლონადაში*.+ 13 ვერავინ ბედავდა მათთან შეერთებას,+ მაგრამ ხალხი განადიდებდა მათ.+ 14 უფრო მეტიც, უფლის მორწმუნეებს უამრავი კაცი და ქალი ემატებოდა.+ 15 ავადმყოფები მთავარ ქუჩებშიც კი მიჰყავდათ და აწვენდნენ საწოლებსა და საკაცეებზე, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა რომელიმე მათგანს.+ 16 დიდძალი ხალხი მოდიოდა იერუსალიმის გარშემო მდებარე ქალაქებიდანაც, მოჰყავდათ ავადმყოფები და უწმინდური სულებით გაწამებულები, და ყველა იკურნებოდა.
17 მღვდელმთავარი და ყველა მასთან მყოფი, იმდროინდელი სადუკეველთა სექტის წევრები, შურით აღვსილები წამოდგნენ,+ 18 შეიპყრეს მოციქულები და საერთო საპატიმროში ჩაყარეს.+ 19 ღამით იეჰოვას ანგელოზმა+ საპყრობილის კარები+ გააღო, გამოიყვანა ისინი და უთხრა: 20 „წადით, დადექით ტაძარში და ყველაფერი მოუყევით ხალხს ამ სიცოცხლის შესახებ“.+ 21 ეს რომ მოისმინეს, გამთენიისას ტაძარში შევიდნენ და სწავლება დაიწყეს.
როცა მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი მივიდნენ, მოიწვიეს სინედრიონი* და ისრაელის ძეთა უხუცესები+ და გაგზავნეს კაცები საპყრობილეში მოციქულების მოსაყვანად. 22 როცა მცველები საპყრობილეში მივიდნენ, ისინი იქ ვეღარ ნახეს. ამიტომ უკან დაბრუნდნენ და შეატყობინეს: 23 „საპყრობილე საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი და მცველებიც კარებთან იდგნენ, მაგრამ როცა გავაღეთ, შიგნით არავინ დაგვხვდა“. 24 ამ სიტყვებმა უფროსი მღვდლები და ტაძრის მცველთა უფროსი საგონებელში ჩააგდო. ფიქრობდნენ, ნეტავი ახლა რაღა მოხდებაო.+ 25 მივიდა ერთი კაცი და აცნობა: „ის კაცები, თქვენ რომ საპყრობილეში ჩაყარეთ, ტაძარში დგანან და ხალხს ასწავლიან“.+ 26 მაშინ მცველთა უფროსი და მისი ხელქვეითები მათ მოსაყვანად წავიდნენ, მაგრამ ძალა არ უხმარიათ, რადგან ეშინოდათ,+ ხალხმა არ ჩაგვქოლოსო.
27 მოიყვანეს ისინი და სინედრიონის დარბაზში დააყენეს. მღვდელმთავარმა დაჰკითხა ისინი 28 და უთხრა: „ჩვენ სასტიკად აგიკრძალეთ,+ აღარ გესწავლებინათ ამ სახელით, თქვენ კი თქვენი სწავლებით+ აავსეთ იერუსალიმი და გინდათ, რომ ამ კაცის სისხლმა გვიწიოს“.+ 29 პეტრემ და სხვა მოციქულებმა მიუგეს: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს.+ 30 ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა აღადგინა+ იესო, რომელიც თქვენ ძელზე დაკიდეთ და მოკალით.+ 31 ღმერთმა ის თავის მარჯვნივ+ აამაღლა მეთაურად+ და მხსნელად,+ რათა მონანიებისა+ და ცოდვების მიტევების შესაძლებლობა მიეცა ისრაელისთვის.+ 32 ამის მოწმეები ვართ ჩვენ+ და წმინდა სული,+ რომელიც ღმერთმა მათ მისცა, ვინც მას მმართველად მიიჩნევს და ემორჩილება“.
33 ეს რომ მოისმინეს, გულზე გასკდნენ და მათი დახოცვა მოინდომეს,+ 34 მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი კაცი, ფარისეველი, სახელად გამალიელი,+ კანონის მასწავლებელი, რომელსაც ყველა პატივს სცემდა, და ბრძანა, ისინი ცოტა ხნით გარეთ გაეყვანათ.+ 35 შემდეგ უთხრა მათ: „ისრაელებო,+ დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს. 36 მაგალითად, ამას წინათ, გამოჩნდა თევდა, რომელსაც თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა,+ და მას ბევრი შეუერთდა+ — დაახლოებით ოთხასი კაცი, მაგრამ მოკლეს ის და ყველანი, ვინც მას ემორჩილებოდნენ, გაიფანტნენ და აღარავინ დარჩა. 37 შემდეგ გალილეელი იუდა გამოჩნდა აღწერის დროს+ და ხალხი აიყოლია, მაგრამ ისიც დაიღუპა და ყველა, ვინც მას ემორჩილებოდა, გაიფანტა. 38 ამიტომ გეუბნებით: ნუ ჩაერევით ამ ხალხის საქმეში, თავი დაანებეთ (რადგან, თუ ეს ზრახვა ან საქმე ადამიანთაგან არის, ჩაიშლება,+ 39 მაგრამ თუ ღვთისგან+ არის, თქვენ მათ ვერაფერს უზამთ),+ თორემ შეიძლება ღვთის წინააღმდეგ მებრძოლები გამოხვიდეთ“.+ 40 მათ დაუჯერეს, მოციქულებს მოუხმეს, სცემეს,+ უბრძანეს, აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით,+ და გაუშვეს.
41 ისინი კი წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ,+ რომ მისი სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ.+ 42 ტაძარში და კარდაკარ+ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ+ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე.+
6 იმ დროს, როცა მოწაფეების რიცხვი მატულობდა, ბერძნულენოვანმა+ იუდეველებმა დრტვინვა დაიწყეს იმის გამო, რომ ებრაულენოვან იუდეველებს საკვების ყოველდღიური განაწილების დროს მხედველობიდან რჩებოდათ მათი ქვრივები.+ 2 ამიტომ თორმეტმა მრავალი მოწაფე დაიბარა და უთხრა: „არ იქნება კარგი, რომ ჩვენ ღვთის სიტყვა მივატოვოთ და სუფრების მომსახურება დავიწყოთ.+ 3 ძმებო, თავად გამონახეთ+ თქვენ შორის შვიდი სანდო კაცი, სულითა და სიბრძნით სავსე,+ რათა ისინი ამ საჭირო საქმეზე დავნიშნოთ. 4 ჩვენ კი ლოცვასა და სიტყვის მსახურებას უნდა მივუძღვნათ თავი“.+ 5 ეს ნათქვამი ყველას მოეწონა და ამოირჩიეს სტეფანე, რწმენითა და წმინდა სულით სავსე,+ აგრეთვე ფილიპე,+ პროქორე, ნიკანორი, ტიმონი, პარმენი და ანტიოქელი პროზელიტი ნიკოლაე, 6 დააყენეს მოციქულების წინაშე, რომლებმაც ილოცეს და ხელები დაადეს+ მათ.
7 შედეგად ღვთის სიტყვა ვრცელდებოდა+ და იერუსალიმში მოწაფეების რიცხვი საოცრად იზრდებოდა.+ რწმენას უამრავი მღვდელიც+ იღებდა.+
8 მადლითა და ძალით სავსე სტეფანე ხალხში დიდ საკვირველებებსა და ნიშნებს+ ახდენდა. 9 მიუხედავად ამისა, ეგრეთ წოდებულ გათავისუფლებულთა სინაგოგიდან, აგრეთვე კირენეის, ალექსანდრიის,+ კილიკიისა+ და აზიის მკვიდრთაგან ზოგიერთებმა დავა დაუწყეს სტეფანეს, 10 მაგრამ წინ ვერ აღუდგნენ იმ სიბრძნესა+ და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა.+ 11 მაშინ მათ ჩუმად შეაგულიანეს კაცები და ათქმევინეს:+ „ჩვენ მოვისმინეთ, რომ ის მოსესა და ღმერთს გმობდა“.+ 12 შემდეგ წააქეზეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები, უეცრად თავზე დაადგნენ, შეიპყრეს და სინედრიონში* წაიყვანეს.+ 13 გამოიყვანეს ცრუმოწმეები,+ რომლებიც ამბობდნენ: „ეს კაცი არ იშლის ამ წმინდა ადგილისა და კანონის წინააღმდეგ ლაპარაკს.+ 14 ჩვენი ყურით მოვისმინეთ, რომ ამბობდა, იესო ნაზარეთელი ამ ადგილს დაანგრევს და მოსეს მიერ გადმოცემულ ჩვეულებებს შეცვლისო“.
15 ყველა, ვინც სინედრიონში იჯდა, მას უყურებდა+ და ხედავდა, რომ სახე ანგელოზის სახეს მიუგავდა.+
7 მღვდელმთავარმა ჰკითხა: „მართალს ამბობენ?“ 2 მან მიუგო: «ხალხო, ძმებო და მამებო, მომისმინეთ. შუამდინარეთში, ხარანში+ დასახლებამდე, ჩვენს წინაპარ აბრაამს დიდების ღმერთი+ ეჩვენა 3 და უთხრა: „დატოვე შენი ქვეყანა და შენი სანათესავო და წადი ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ“.+ 4 მანაც დატოვა ქალდეველების ქვეყანა და ხარანში დასახლდა. მამამისის სიკვდილის შემდეგ+ კი ღმერთმა ამ ქვეყანაში გადმოასახლა, რომელშიც ახლა ცხოვრობთ.+ 5 ღმერთს ამ ქვეყანაში ტერფისოდენა+ სამკვიდროც კი არ მიუცია აბრაამისთვის, მაგრამ დაჰპირდა, რომ საკუთრებად+ მისცემდა ამ ქვეყანას, მის შემდეგ კი მის შთამომავლობას,+ თუმცა იმ დროს ჯერ არ ჰყავდა შვილი.+ 6 ღმერთმა ისიც უთხრა, რომ მისი შთამომავლები ხიზნები+ იქნებოდნენ სხვა ქვეყანაში,+ დაიმონებდნენ და ოთხას წელიწადს დაჩაგრავდნენ მათ.+ 7 „ერს, რომლის მონებიც გახდებიან, მე გავასამართლებ,+ — თქვა ღმერთმა, — ამის შემდეგ კი გამოვლენ მჩაგვრელთა ქვეყნიდან და ამ ადგილას წმინდა მსახურებას შემისრულებენ“.+
8 მან წინადაცვეთის+ შეთანხმებაც დაუდო მას. ასე რომ, როცა აბრაამს ისაკი+ შეეძინა, მერვე დღეს წინადაცვითა.+ ისაკს იაკობი შეეძინა, იაკობს კი — თორმეტი მამამთავარი.+ 9 მაგრამ მამამთავრებს იოსებისა შეშურდათ+ და ეგვიპტეში გაყიდეს.+ ღმერთი კი მასთან იყო,+ 10 დაიხსნა ის ყველა გასაჭირიდან და მისცა მადლი და სიბრძნე, რაც დაინახა ეგვიპტის მეფემ, ფარაონმა, და ის ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის გამგებლად დანიშნა.+ 11 მთელ ეგვიპტესა და ქანაანში შიმშილობა ჩამოვარდა, დიდი გასაჭირი დადგა. ჩვენი მამა-პაპა საზრდოს ვერ შოულობდა,+ 12 იაკობმა კი გაიგო, რომ ეგვიპტეში+ იყო საკვები და ჩვენი მამა-პაპა გაგზავნა.+ 13 მეორედ ჩასვლისას იოსებმა თავისი ვინაობა გაუმხილა ძმებს+ და იოსების წარმოშობის ამბავი ფარაონმაც შეიტყო.+ 14 იოსებმა გაგზავნა ისინი და გამოიხმო ქანაანიდან მამამისი იაკობი და მთელი სანათესავო+ — სამოცდათხუთმეტი* სული.+ 15 იაკობი ეგვიპტეში ჩავიდა+ და იქ გარდაიცვალა.+ იქვე დაიხოცა ჩვენი მამა-პაპაც.+ 16 ისინი შექემში+ გადაასვენეს და დაასვენეს სამარხში,+ რომელიც აბრაამმა ხამორის ვაჟებისგან იყიდა ვერცხლის ფულით.+
17 ახლოვდებოდა ღვთის მიერ აბრაამისთვის გაცხადებული დანაპირების შესრულების დრო და ეგვიპტეში ხალხი იზრდებოდა რიცხობრივად და მრავლდებოდა,+ 18 სანამ სხვა მეფე გამეფდებოდა ეგვიპტეში, რომელიც იოსებს არ იცნობდა.+ 19 ის ვერაგულად ექცეოდა ჩვენს ხალხს+ და მამებს აიძულებდა, მიეტოვებინათ თავიანთი ჩვილები, რომ დახოცილიყვნენ.+ 20 სწორედ იმ დროს დაიბადა მოსე,+ არაჩვეულებრივად ლამაზი ბავშვი.+ მას სამი თვე უვლიდნენ მამამისის სახლში, 21 ხოლო, როცა მიატოვეს, ფარაონის ქალიშვილმა აიყვანა და საკუთარი ვაჟივით გაზარდა.+ 22 ასე ისწავლა მოსემ ეგვიპტელთა მთელი სიბრძნე.+ ის ძლიერი იყო სიტყვასა+ და საქმეში.
23 ორმოცი წელი რომ უსრულდებოდა, თავისი ძმების, ისრაელის ძეების სანახავად გაუწია გულმა,+ 24 და როცა დაინახა, რომ ერთ-ერთს უსამართლოდ ექცეოდნენ, დაიცვა ის, შური იძია და მოკლა ეგვიპტელი.+ 25 ეგონა, მიხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ,+ მაგრამ ვერ მიხვდნენ. 26 მეორე დღეს ის მათთან მივიდა, როცა ჩხუბობდნენ, და მათ შერიგებას შეეცადა:+ „თქვენ ხომ ძმები ხართ. რატომ ექცევით ერთმანეთს უსამართლოდ?“+ 27 მან, ვინც უსამართლოდ ექცეოდა თავის მოყვასს, ხელი ჰკრა მას და უთხრა: „ვინ დაგაყენა ჩვენს მმართველად და მოსამართლედ?+ 28 ჩემი მოკვლაც ხომ არ გინდა, როგორც გუშინ ის ეგვიპტელი მოკალი?“+ 29 ამ სიტყვების გამო მოსე გაიქცა და მიდიანის+ მიწას შეეხიზნა, სადაც მას ორი ვაჟი შეეძინა.+
30 ორმოცი წლის შემდეგ სინას მთასთან, უდაბნოში, მას ანგელოზი გამოეცხადა ცეცხლმოდებული ბუჩქის ალში.+ 31 ამან მოსე გააოცა,+ ხოლო როცა დააპირა, ახლოდან ენახა, იეჰოვას ხმა მოესმა: 32 „მე ვარ შენი მამა-პაპის ღმერთი, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი“.+ მოსე კანკალმა აიტანა და ვეღარ გაბედა ახლოს მისვლა. 33 იეჰოვამ უთხრა: „გაიხადე სანდლები, რადგან წმინდა მიწაზე დგახარ.+ 34 ვიხილე ჩემი ხალხის ჩაგვრა ეგვიპტეში,+ მოვისმინე მათი ოხვრა+ და ჩამოვედი მათ დასახსნელად.+ ამიტომ ეგვიპტეში გგზავნი“.+ 35 ის მოსე, რომელიც უარყვეს — ვინ დაგაყენა ჩვენს მმართველად და მოსამართლედო+ — ღმერთმა მმართველად და მხსნელად გაგზავნა+ იმ ანგელოზის ხელით, რომელიც მას ეკლიან ბუჩქში ეჩვენა. 36 ამ კაცმა გამოიყვანა ისინი.+ ორმოცი წელი საკვირველებებსა და ნიშნებს ახდენდა ეგვიპტეში,+ წითელ ზღვასთან+ და უდაბნოში.+
37 ეს ის მოსეა, რომელმაც ისრაელის ძეებს უთხრა: „ღმერთი თქვენი ძმებიდან მოგივლენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს“.+ 38 ეს ის არის,+ ვინც უდაბნოში კრებულში+ იყო ანგელოზთან ერთად,+ რომელიც სინას მთაზე ელაპარაკა მას და ჩვენს მამა-პაპას, და ის, ვინც ცოცხალი წმინდა სიტყვები მიიღო თქვენთვის გადმოსაცემად.+ 39 მას არ დაემორჩილა ჩვენი მამა-პაპა, არამედ ხელი ჰკრეს+ და თავიანთი გულით ეგვიპტეში დაბრუნდნენ,+ 40 აარონს ეუბნებოდნენ: „გაგვიკეთე ღმერთები, რომ წაგვიძღვნენ, რადგან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგვიყვანა“.+ 41 გააკეთეს იმ დღეებში ხბო,+ მსხვერპლი შესწირეს კერპს და ხარობდნენ თავიანთი ნახელავით.+ 42 ამიტომ ღმერთმა ზურგი შეაქცია მათ+ და თავიანთ ნებაზე მიუშვა, რომ წმინდა მსახურება შეესრულებინათ ცის ლაშქრისთვის, როგორც წინასწარმეტყველთა წიგნშია+ დაწერილი: „ისრაელის სახლო, განა მე მწირავდით საკლავსა და მსხვერპლს უდაბნოში ორმოც წელიწადს?+ 43 თქვენ მოლოქის*+ კარავსა და ღმერთ რომფას ვარსკვლავს+ დაატარებდით, გამოსახულებებს, რომლებიც თაყვანსაცემად გააკეთეთ. ამიტომ ბაბილონის იქით გადაგასახლებთ“.+
44 ჩვენს მამა-პაპას უდაბნოში მოწმობის კარავი ჰქონდა, როგორც ღმერთმა უბრძანა მოსეს, რომ იმ ნიმუშის მიხედვით გაეკეთებინა, რომელიც იხილა.+ 45 ჩვენმა მამა-პაპამ მემკვიდრეობით მიიღო ის და იესო ნავეს ძესთან+ ერთად იმ ხალხთა მიწაზე შეიტანა,+ რომლებიც ღმერთმა ჩვენი მამა-პაპის თვალწინ განდევნა.+ დავითის დრომდე იქ იყო კარავი. 46 დავითმა კი კეთილგანწყობა პოვა+ ღვთის თვალში და სთხოვა, პატივი ებოძებინა მისთვის, რომ სამყოფელი+ მოეწყო იაკობის ღვთისთვის, 47 მაგრამ მას სოლომონმა აუშენა სახლი.+ 48 მიუხედავად ამისა, უზენაესი ხელთქმნილ სახლებში არ ცხოვრობს,+ როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: 49 „ზეცა ჩემი ტახტია+ და დედამიწა ჩემი ფეხსადგამი.+ როგორ სახლს ამიშენებთ? — ამბობს იეჰოვა. — ან სად არის ჩემი დასასვენებელი ადგილი?+ 50 განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ეს ყოველივე?“+
51 ჯიუტებო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელებო,+ თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებით წმინდა სულს, როგორც თქვენი მამა-პაპა.+ 52 რომელ წინასწარმეტყველს არ დევნიდა თქვენი მამა-პაპა?+ ისინი კლავდნენ+ მათ, ვინც წინასწარ აუწყებდა იმ მართლის მოსვლას,+ ვისი გამცემები და მკვლელებიც ახლა თქვენ გახდით,+ 53 ვინც ანგელოზების მიერ გადმოცემული კანონი მიიღეთ,+ მაგრამ არ დაიცავით».
54 ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ+ და კბილებს უღრჭიალებდნენ.+ 55 მან კი, წმინდა სულით სავსემ, აიხედა ცაში და დაინახა ღვთის დიდება და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო+ 56 და თქვა: „აი, ვხედავ გახსნილ ცას+ და კაცის ძეს,+ ღვთის მარჯვნივ მდგომს“.+ 57 ამის გაგონებაზე მთელი ხმით დაიყვირეს, ყურებზე ხელები მიიფარეს+ და ერთად მისცვივდნენ მას, 58 ქალაქიდან გააგდეს+ და ქვები დაუშინეს.+ თვითმხილველებმა+ თავიანთი ტანსაცმელი ერთი ახალგაზრდის, სავლეს ფეხებთან დააწყვეს.+ 59 ისინი ქვებს ესროდნენ სტეფანეს, ის კი შეევედრა: „უფალო იესო, მიიღე ჩემი სული*“.+ 60 შემდეგ მუხლი მოიდრიკა და ხმამაღლა დაიძახა: „იეჰოვა, ნუ ჩაუთვლი მათ ამ ცოდვას“.+ ეს თქვა და სიკვდილის ძილით დაიძინა.
8 სავლე იწონებდა მის მოკვლას.+
იმ დღიდან იერუსალიმის კრების საშინელი დევნა+ დაიწყო. მოციქულების გარდა, ყველა იუდეასა და სამარიაში გაიფანტა.+ 2 ღვთისმოშიშმა კაცებმა სტეფანეს ცხედარი დასამარხად წაიღეს+ და დიდი გლოვა+ გამართეს. 3 ხოლო სავლე არბევდა კრებას, იჭრებოდა სახლებში, ძალით გამოჰყავდა კაცები და ქალები და საპყრობილეში გადასცემდა.+
4 ისინი კი, ვინც აქეთ-იქით გაიფანტა, დადიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას.+ 5 მაგალითად, ფილიპე ქალაქ სამარიაში ჩავიდა+ და იქ ქადაგებდა ქრისტეს შესახებ. 6 მთელი ხალხი ყურს უგდებდა ფილიპეს ლაპარაკს და ხედავდა ნიშნებს, რომლებსაც ის ახდენდა. 7 იქ მრავალი იყო შეპყრობილი უწმინდური სულებით,+ რომლებიც ყვირილით გამოდიოდნენ მათგან. გარდა ამისა, ბევრი დამბლადაცემული+ და კოჭლი განიკურნა. 8 ასე რომ, იმ ქალაქში დიდი სიხარული იყო.+
9 იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი კაცი სიმონი, რომელიც ჯადოქრობას მისდევდა,+ თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა და აოცებდა სამარიელებს.+ 10 დიდიან-პატარიანად ყველა ყურს უგდებდა მას და ამბობდა: „ეს კაცი ღვთის ძალაა, რომელსაც შეიძლება დიდი ეწოდოს“. 11 ყურს უგდებდნენ მას, რადგან დიდი ხნის მანძილზე აოცებდა მათ ჯადოქრობით. 12 მაგრამ როცა მათ ირწმუნეს სასიხარულო ცნობა, რომელსაც ფილიპე ღვთის სამეფოსა+ და იესო ქრისტეს სახელის შესახებ აუწყებდა, მოინათლნენ, კაცებიც და ქალებიც.+ 13 სიმონმაც ირწმუნა და მონათვლის შემდეგ გვერდიდან არ შორდებოდა ფილიპეს;+ გაოცებული იყო, რადგან ხედავდა, რომ ნიშნები და დიდი სასწაულები ხდებოდა.
14 როცა იერუსალიმში მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიელებმა ღვთის სიტყვა მიიღეს,+ პეტრე და იოანე გაგზავნეს მათთან. 15 ისინი ჩავიდნენ და ილოცეს, რომ მათ წმინდა სული მიეღოთ,+ 16 რადგან ის ჯერ არც ერთ მათგანზე არ გადმოსულიყო, მხოლოდ უფალ იესოს სახელით იყვნენ მონათლულები.+ 17 მაშინ მოციქულებმა მათ ხელები დაადეს+ და გადმოვიდა მათზე წმინდა სული.
18 როცა სიმონმა დაინახა, რომ მათ მოციქულთა ხელების დადებით ეძლეოდათ სული, ფული შესთავაზა მოციქულებს+ 19 და სთხოვა: „მეც მომეცით ძალაუფლება, რომ ვისაც ხელს დავადებ, მიიღოს წმინდა სული“. 20 პეტრემ უთხრა: „ოხრად დაგრჩეს შენი ვერცხლი, რადგან მოინდომე, ფულით დაუფლებოდი ღვთის უსასყიდლო ძღვენს.+ 21 შენ ამას ვერ ეზიარები, არა გაქვს წილი ამაში, რადგან გულწრფელი არა ხარ ღვთის წინაშე.+ 22 ამიტომ მოინანიე ეს ბოროტება და შეევედრე იეჰოვას,+ იქნებ გაპატიოს გულის ზრახვა, 23 რადგან გხედავ, რომ შხამიანი ნაღველი+ და უმართლობის ბორკილი ხარ“.+ 24 სიმონმა მიუგო: „თქვენ შეევედრეთ+ იეჰოვას, რომ თქვენი ნათქვამიდან არაფერი შემემთხვეს“.
25 მათ საფუძვლიანად დაამოწმეს და ილაპარაკეს იეჰოვას სიტყვა და, იერუსალიმში რომ ბრუნდებოდნენ, გზად სამარიელების სოფლებში სასიხარულო ცნობას აუწყებდნენ.+
26 ფილიპეს იეჰოვას ანგელოზმა+ უთხრა: „ადექი და სამხრეთით წადი, გადი იმ გზაზე, რომელიც იერუსალიმიდან ღაზაში ეშვება“ (ეს უკაცრიელი გზაა). 27 ისიც ადგა და წავიდა. და აი, ხედავს ეთიოპ+ საჭურისს,+ რომელიც იყო კანდაკეს, ეთიოპთა დედოფლის დიდებული და მთელ მის საგანძურზე პასუხისმგებელი. ის იერუსალიმში იყო თაყვანსაცემად,+ 28 მაგრამ ახლა თავისი ეტლით უკან ბრუნდებოდა და ხმამაღლა კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს.+ 29 სულმა ფილიპეს უთხრა:+ „მიდი და იმ ეტლს დაეწიე“. 30 ფილიპე სირბილით გაედევნა, გაიგონა, საჭურისი ესაია წინასწარმეტყველს რომ კითხულობდა და ჰკითხა: „გესმის, რასაც კითხულობ?“ 31 მან მიუგო: „როგორ გავიგებ, თუ არავინ მასწავლა?“ შემდეგ შეეხვეწა ფილიპეს, ასულიყო და გვერდით დასჯდომოდა. 32 ის ხმამაღლა კითხულობდა წმინდა წერილის შემდეგ მონაკვეთს: „ცხვარივით მიჰყავდათ დასაკლავად და როგორც ბატკანი დუმს მპარსველების წინაშე, მასაც არ დაუძრავს სიტყვა.+ 33 დამცირებისას სამართალი წაერთვა.+ ვინ განგვიმარტავს მისი წარმოშობის ამბავს? მოისპობა მისი სიცოცხლე და მოიკვეთება დედამიწაზე“.+
34 საჭურისმა ჰკითხა ფილიპეს: „გთხოვ, მითხარი, ვისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას? საკუთარ თავზე თუ სხვა ვინმეზე?“ 35 ფილიპემ გახსნა ბაგე,+ წმინდა წერილის+ ამ მონაკვეთიდან დაიწყო და მას იესოს შესახებ სასიხარულო ცნობა აუწყა. 36 გზად წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: „აი წყალი. რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“+ 37 —— 38 მან ეტლის გაჩერება ბრძანა, ორივენი წყალში ჩავიდნენ და ფილიპემ საჭურისი მონათლა. 39 როცა წყლიდან ამოვიდნენ, ფილიპე იეჰოვას სულმა აიტაცა+ და საჭურისს მეტად აღარ უხილავს იგი. მან გახარებულმა განაგრძო გზა. 40 ფილიპე კი აშდოდში იმყოფებოდა, იმ მხარეში დადიოდა და სასიხარულო ცნობას ყველა ქალაქში აუწყებდა,+ სანამ კესარეაში მივიდოდა.+
9 სავლე, რომელიც ჯერ კიდევ ემუქრებოდა უფლის მოწაფეებს+ და მათი მოკვლის+ სურვილი არ ასვენებდა, მღვდელმთავართან მივიდა 2 და წერილები სთხოვა დამასკოს სინაგოგებისთვის, რომ ვისაც უფლის გზაზე+ მდგომს იპოვიდა, განურჩევლად კაცისა და ქალისა, შეებოჭა და იერუსალიმში მიეყვანა.
3 როცა დამასკოს უახლოვდებოდა, მას ციდან უეცრად სინათლე მოეფინა,+ 4 მიწაზე დაეცა და ხმა მოესმა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი?“+ 5 სავლემ ჰკითხა: „ვინა ხარ, უფალო?“ მან უპასუხა: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი.+ 6 ადექი,+ შედი ქალაქში და იქ გაიგებ, რა უნდა გააკეთო“. 7 მისი თანამგზავრები+ ენაჩავარდნილები იდგნენ,+ ხმა ესმოდათ,+ მაგრამ ვერავის ხედავდნენ. 8 სავლე წამოდგა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა, თუმცა თვალები გახელილი ჰქონდა.+ მათ ხელი ჩაჰკიდეს და ისე შეიყვანეს დამასკოში. 9 სამი დღე ვერაფერს ხედავდა,+ არც ჭამდა და არც სვამდა.
10 დამასკოში იყო ერთი მოწაფე, სახელად ანანია.+ მას უფალმა ხილვაში მიმართა: „ანანია!“ მან მიუგო: „აქა ვარ, უფალო“. 11 უფალმა უთხრა: „ადექი, წადი ქუჩაზე, რომელსაც სწორი ჰქვია, და იუდას სახლში მოძებნე ტარსოსელი+ კაცი, სახელად სავლე. ის ლოცულობს 12 და ხილვაში იხილა, რომ კაცი, სახელად ანანია შევიდა და ხელები დაადო მას, რათა მხედველობა დაჰბრუნებოდა“.+ 13 ანანიამ უპასუხა: „უფალო, ბევრისგან მსმენია ამ კაცის შესახებ, რამდენი ბოროტება გაუკეთებია შენი წმინდებისთვის იერუსალიმში. 14 ახლა უფროსი მღვდლებისგან უფლებამოსილება აქვს, ბორკილები დაადოს აქ ყველას, ვინც შენს სახელს უხმობს“.+ 15 უფალმა უთხრა მას: „წადი, ეს კაცი ჩემი რჩეული ჭურჭელია,+ რათა ჩემი სახელი გაუცხადოს უცხოტომელებს,+ მეფეებსა+ და ისრაელის ძეებს. 16 ვაჩვენებ მას, რამდენი რამ უნდა გადაიტანოს ჩემი სახელისთვის“.+
17 წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, ხელები დაადო მას და უთხრა: „სავლე, ძმაო, უფალმა იესომ, გზაზე რომ გეჩვენა, გამომგზავნა, რათა მხედველობა დაგიბრუნდეს და წმინდა სულით აღივსო“.+ 18 მაშინვე თვალებიდან თითქოს ლიბრი მოსცილდა და მხედველობა დაუბრუნდა, ადგა და მოინათლა, 19 მერე შეჭამა და მოღონიერდა.+
რამდენიმე დღე მოწაფეებთან დარჩა დამასკოში+ 20 და მაშინვე დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იესოზე,+ რომ ის არის ღვთის ძე. 21 ყველა, ვინც მას უსმენდა, განცვიფრებული ამბობდა: „ეს ის კაცი არ არის, იერუსალიმში რომ მუსრავდა+ მათ, ვინც ამ სახელს უხმობდა? აქაც იმისთვის არ მოვიდა, რომ შეებოჭა ისინი და უფროს მღვდლებთან მიეყვანა?“+ 22 სავლე კი უფრო ძლიერდებოდა და თავისი ლოგიკური მსჯელობით, რომ იესო არის ქრისტე, საგონებელში აგდებდა დამასკოში მცხოვრებ იუდეველებს.+
23 განვლო საკმაო დრომ და იუდეველებმა მოითათბირეს, რომ მოეკლათ იგი,+ 24 მაგრამ სავლემ გაიგო მათი შეთქმულების ამბავი. ისინი კარიბჭეებთანაც კი სდარაჯობდნენ მას დღედაღამ, რომ მოეკლათ.+ 25 ამიტომ მისმა მოწაფეებმა წაიყვანეს და ღამით გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით.+
26 იერუსალიმში მისვლისას+ ის ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, რადგან არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო. 27 ამიტომ ბარნაბა მის დასახმარებლად მივიდა,+ მოციქულებთან მიიყვანა და დაწვრილებით მოუყვა, როგორ იხილა სავლემ უფალი გზაზე, როგორ ელაპარაკა მას უფალი+ და როგორ ლაპარაკობდა+ ის გაბედულად იესოს სახელით დამასკოში.+ 28 სავლე მათთან დარჩა, თავისუფლად დადიოდა იერუსალიმში და გაბედულად ლაპარაკობდა უფლის სახელით.+ 29 ის ესაუბრებოდა და ეკამათებოდა ბერძნულენოვან იუდეველებს, ისინი კი არაერთხელ შეეცადნენ მის მოკვლას.+ 30 როცა ეს ძმებმა შეიტყვეს, სავლე კესარეაში ჩაიყვანეს და ტარსოსში გაგზავნეს.+
31 ამის შემდეგ კრებას+ მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობის დრო დაუდგა და შენდებოდა; იეჰოვას შიშითა+ და წმინდა სულის+ ნუგეშით რიცხობრივად იზრდებოდა.
32 როცა პეტრემ ყველა მხარე მოიარა, ლიდაში+ ჩავიდა წმინდებთან. 33 იქ ნახა ერთი დამბლადაცემული კაცი, სახელად ენეა, რომელიც რვა წელი ლოგინს იყო მიჯაჭვული. 34 პეტრემ უთხრა მას:+ „ენეა, იესო ქრისტე გკურნავს შენ.+ ადექი და გაასწორე ლოგინი“. ისიც მაშინვე ადგა. 35 შარონის+ ველისა და ლიდას მკვიდრებმა ნახეს იგი და ისინიც უფლისკენ მოიქცნენ.+
36 იოპეში+ იყო ერთი მოწაფე, სახელად ტაბითა, რაც ქურციკად ითარგმნება. ის ბევრ კარგ საქმეს+ აკეთებდა და მოწყალებასაც უხვად გასცემდა. 37 იმ დღეებში ის ავად გახდა და მოკვდა. დაბანეს და ზემოთა ოთახში დაასვენეს. 38 როცა მოწაფეებმა შეიტყვეს, რომ პეტრე იოპესთან+ ახლოს, ქალაქ ლიდაში იმყოფებოდა, ორი კაცი გაუგზავნეს და შეეხვეწნენ: „მოდი ჩვენთან“. 39 პეტრეც ადგა და მათთან ერთად წავიდა. როგორც კი მივიდა, ზემოთა ოთახში აიყვანეს, სადაც ქვრივები ტირილით შეხვდნენ და აჩვენებდნენ ქურციკის+ შეკერილ ტანსაცმელსა და მოსასხამებს.+ 40 პეტრემ ყველა გარეთ გაუშვა,+ მუხლი მოიდრიკა, ილოცა, შემდეგ ცხედარს მიუბრუნდა და უთხრა: „ტაბითა, ადექი!“ მანაც თვალები გაახილა და, როცა პეტრე დაინახა, წამოჯდა.+ 41 პეტრემ მას ხელი გაუწოდა და წამოაყენა,+ შემდეგ წმინდებსა და ქვრივებს დაუძახა და ცოცხალი წარუდგინა მათ.+ 42 ეს ამბავი მთელ იოპეში გავრცელდა და მრავალმა ირწმუნა უფალი.+ 43 პეტრე საკმაოდ დიდხანს დარჩა იოპეში+ ერთ მეტყავე სიმონთან.+
10 კესარეაში ცხოვრობდა ერთი კაცი კორნელიუსი, ეგრეთ წოდებული იტალიური რაზმის+ ასისთავი;+ 2 მორწმუნე+ იყო და ღვთის შიში ჰქონდათ+ მასაც და მის შინაურებსაც, უხვად გასცემდა მოწყალებას+ და ყოველთვის ევედრებოდა ღმერთს.+ 3 დღის მეცხრე საათისთვის*+ მან თვალნათლივ იხილა ხილვაში,+ რომ შევიდა მასთან ღვთის ანგელოზი+ და მიმართა: „კორნელიუს!“ 4 მან კი შეშინებულმა შეხედა და ჰკითხა: „რა, უფალო?“ ანგელოზმა მიუგო: „შენი ლოცვები+ და მოწყალება გახსენებულ იქნა ღვთის წინაშე.+ 5 ამიტომ გაგზავნე კაცები იოპეში და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს. 6 ის მეტყავე სიმონთან არის სტუმრად, რომლის სახლიც ზღვის პირასაა“.+ 7 როგორც კი გაშორდა ანგელოზი, მას რომ ელაპარაკებოდა, კორნელიუსმა მოუხმო თავის ორ მოსამსახურესა და ღვთისმოშიშ ჯარისკაცს, რომელიც გვერდიდან არ შორდებოდა,+ 8 ყველაფერი მოუყვა მათ და იოპეში+ გაგზავნა.
9 მეორე დღეს, როცა ისინი გზას განაგრძობდნენ და ქალაქს უახლოვდებოდნენ, პეტრე მეექვსე საათისთვის ბანზე+ ავიდა სალოცავად.+ 10 ძალიან მოშივდა და ჭამა მოუნდა. სანამ საჭმელს ამზადებდნენ, ის ბურანში წავიდა+ 11 და იხილა გახსნილი ცა+ და რაღაც ტილოს მსგავსი, რომელიც მიწაზე ოთხივე კიდით ეშვებოდა. 12 მასში იყო დედამიწის ყველანაირი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველები.+ 13 მას მოესმა ხმა: „პეტრე, ადექი, დაკალი და ჭამე!“+ 14 პეტრემ იუარა: „არა, უფალო, არასოდეს მიჭამია ბილწი და უწმინდური“.+ 15 მას მეორედ მოესმა ხმა: „ნუღარ უწოდებ ბილწს+ იმას, რაც ღმერთმა განწმინდა“. 16 ეს მესამედაც მოხდა და ის ტილოს მსგავსი რაღაცა სწრაფად ავიდა ცაში.+
17 პეტრე საგონებელში ჩააგდო ამ ხილვამ. კორნელიუსის მიერ გამოგზავნილ კაცებს კი გამოეკითხათ, სად იყო სიმონის სახლი, და ჭიშკარს მისდგომოდნენ.+ 18 დაიძახეს და იკითხეს, იყო თუ არა იქ სტუმრად სიმონი, პეტრედ წოდებული. 19 როცა პეტრე ხილვაზე ფიქრობდა, სულმა+ უთხრა: „აი, სამი კაცი გეძებს. 20 ადექი, ჩადი დაბლა და გაჰყევი მათ. არაფერმა დაგაეჭვოს, ისინი მე გამოვგზავნე“.+ 21 პეტრე ჩავიდა მათთან და უთხრა: „მე ვარ ის, ვისაც ეძებთ. რისთვის მოსულხართ?“ 22 მათ მიუგეს: „ასისთავ კორნელიუსს, მართალ კაცს, რომელსაც ღვთის შიში+ აქვს და კარგი სახელი+ მთელ იუდეველ ხალხში, ღმერთმა უბრძანა წმინდა ანგელოზის მეშვეობით, გამოეგზავნა კაცები, რომ სახლში მიგიწვიოს და შენი სიტყვები მოისმინოს“. 23 პეტრემ ისინი სახლში შეიპატიჟა და გაუმასპინძლდა.
მეორე დღეს ადგა და გაჰყვა მათ. ზოგი იოპელი ძმაც მასთან ერთად წავიდა. 24 მომდევნო დღეს ის კესარეაში შევიდა. კორნელიუსი ელოდა მათ. ნათესავებისა და ახლო მეგობრებისთვისაც დაეძახა. 25 პეტრე რომ შევიდა, კორნელიუსი შეეგება, მის ფეხებთან დაემხო და მდაბლად თაყვანი სცა, 26 მაგრამ პეტრემ წამოაყენა და უთხრა: „ადექი, მეც ადამიანი ვარ“.+ 27 ამას რომ ეუბნებოდა, შიგნით შევიდა და დაინახა, რომ მრავალი შეკრებილიყო. 28 მან უთხრა მათ: „თქვენ კარგად იცით, რომ კანონი იუდეველს უკრძალავს უცხოტომელთან+ მისვლასა და ურთიერთობას, მაგრამ ღმერთმა მაჩვენა, რომ არავის ვუწოდო ბილწი ან უწმინდური.+ 29 ამიტომ, როცა მომიხმეს, უსიტყვოდ წამოვედი. ახლა მინდა გკითხოთ, რისთვის მომიხმეთ“.
30 კორნელიუსმა უთხრა: «ოთხი დღის წინ, მეცხრე საათზე,+ სახლში ვლოცულობდი და ჩემ წინ კაცი გაჩნდა მბრწყინავ სამოსელში+ 31 და მითხრა: „კორნელიუს, შესმენილია შენი ლოცვა და შენი მოწყალება გახსენებულ იქნა ღვთის წინაშე.+ 32 გაგზავნე ვინმე იოპეში და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს.+ ის მეტყავე სიმონთან არის სტუმრად ზღვის პირას“.+ 33 მეც მაშინვე გამოვგზავნე შენთან კაცები და კარგია, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ღვთის წინაშე ვდგავართ, რომ მოვისმინოთ ყველაფერი, რის თქმაც იეჰოვასგან გაქვს ნაბრძანები».+
34 მაშინ პეტრემ გახსნა ბაგე და თქვა: „ახლა მართლა ვხედავ, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,+ 35 არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის.+ 36 მან სიტყვა გაუგზავნა+ ისრაელის ძეებს, ეხარებინა მშვიდობა+ იესო ქრისტეს მეშვეობით, რომ ის არის ყველას უფალი.+ 37 თქვენ იცით, რასაც ლაპარაკობდნენ მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული, იმ ნათლობის შემდეგ, რომელსაც იოანე ქადაგებდა.+ 38 ლაპარაკობდნენ იესო ნაზარეთელზე, როგორ სცხო მას ღმერთმა წმინდა სული+ და მისცა ძალა და როგორ დადიოდა ყველგან, სიკეთეს აკეთებდა და კურნავდა ეშმაკის მიერ დაჩაგრულებს,+ რადგან ღმერთი იყო მასთან.+ 39 ჩვენ იმ ყველაფრის მოწმეები ვართ, რაც მან იუდეველების ქვეყანასა და იერუსალიმში გააკეთა, მაგრამ ის ძელზე დაკიდეს და მოკლეს.+ 40 ღმერთმა ის მესამე დღეს აღადგინა და ნება მისცა, გამოცხადებოდა ადამიანებს,+ 41 მაგრამ არა ყველას, არამედ ღვთის მიერ წინასწარ დანიშნულ მოწმეებს+ — ჩვენ, ვინც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით+ მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. 42 მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ+ ხალხს და საფუძვლიანად დავამოწმოთ, რომ ღმერთმა ის ცოცხლებისა და მკვდრების მოსამართლედ დანიშნა.+ 43 მასზე ყველა წინასწარმეტყველი მოწმობს,+ რომ მისი სახელის მეშვეობით ყოველ მის მორწმუნეს მიეტევება ცოდვები“.+
44 პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა წმინდა სული გადმოვიდა ყველაზე, ვინც სიტყვას ისმენდა.+ 45 წინადაცვეთილი ერთგულები, რომლებიც პეტრესთან ერთად მოვიდნენ, გაოცებულები იყვნენ, რომ უცხოტომელებსაც მიეცათ უსასყიდლო ძღვენი, წმინდა სული,+ 46 რადგან ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ისინი უცხო ენებზე და განადიდებდნენ ღმერთს.+ მაშინ პეტრემ თქვა: 47 „ვის შეუძლია წყალში მონათვლა აუკრძალოს ამათ,+ რომლებმაც ჩვენსავით მიიღეს წმინდა სული?“ 48 და უბრძანა მათ, იესო ქრისტეს სახელით მონათლულიყვნენ.+ შემდეგ მათ პეტრეს სთხოვეს, რამდენიმე დღე დარჩენილიყო.
11 იმ დროს იუდეაში მოციქულებმა და ძმებმა გაიგეს, რომ უცხოტომელებმაც+ მიიღეს ღვთის სიტყვა. 2 როცა პეტრე იერუსალიმში ავიდა, წინადაცვეთის+ მომხრეებმა კამათი დაუწყეს იმის გამო, 3 რომ წინადაუცვეთელთა სახლში შევიდა და მათთან ერთად ჭამა. 4 პეტრემ თავიდან დაიწყო და ყველაფერი დაწვრილებით აუხსნა:
5 «ქალაქ იოპეში ვიყავი და ერთხელაც, როცა ვლოცულობდი, ბურანში წავედი და ხილვა ვიხილე: რაღაც ტილოს მსგავსი ოთხივე კიდით ეშვებოდა ციდან და ჩემ წინ გაჩერდა. 6 დავაკვირდი და დავინახე დედამიწის ოთხფეხნი, მხეცები, ქვეწარმავლები და ცის ფრინველები.+ 7 და მომესმა ხმა: „პეტრე, ადექი, დაკალი და ჭამე!“+ 8 მე კი ვუთხარი: „არა, უფალო, ბილწისა და უწმინდურისთვის პირი არასოდეს დამიკარებია“.+ 9 ხმამ ციდან მეორედ მითხრა: „ნუღარ უწოდებ ბილწს იმას, რაც ღმერთმა განწმინდა“.+ 10 ეს მესამედაც მოხდა და ყველაფერი ისევ ცაში ავიდა.+ 11 თანაც, იმ დროს, სახლს, რომელშიც ვიყავით, სამი კაცი მოადგა. ისინი კესარეიდან იყვნენ გამოგზავნილები ჩემთან.+ 12 სულმა+ მითხრა, რომ გავყოლოდი მათ და ეჭვი არაფერში შემპარვოდა. ეს ექვსი ძმაც გამომყვა და იმ კაცის სახლში მივედით.+
13 მან გვიამბო, როგორ იხილა თავის სახლში ანგელოზი, რომელმაც უთხრა: «გაგზავნე კაცები იოპეში და მოაყვანინე სიმონი, პეტრედ წოდებული,+ 14 და ის გეტყვის ყველაფერს, რაც გადაგარჩენთ შენ და შენს შინაურებს“.+ 15 როცა ლაპარაკი დავიწყე, წმინდა სული გადმოვიდა მათზე, როგორც ჩვენზე თავდაპირველად.+ 16 ამაზე უფლის ნათქვამი გამახსენდა: „იოანე წყლით ნათლავდა,+ თქვენ კი წმინდა სულით მოინათლებით“.+ 17 ამიტომ, თუ ღმერთმა მათ ისეთივე უსასყიდლო ძღვენი მისცა, როგორიც ჩვენ, ვინც უფალი იესო ქრისტე ვირწმუნეთ,+ მე ვინა ვარ, რომ ღმერთს შევეწინააღმდეგო?»+
18 როცა ეს მოისმინეს, ვეღარაფერი უთხრეს+ და ღმერთი განადიდეს:+ „ღმერთმა უცხოტომელებსაც მისცა იმის ნება, რომ მოინანიონ და იცოცხლონ“.+
19 ისინი კი, ვინც სტეფანეს გამო დამდგარი გასაჭირის დროს მიმოიფანტა,+ მივიდნენ ფინიკიაში,+ კვიპროსსა+ და ანტიოქიაში, მაგრამ იუდეველების გარდა არავის ამცნობდნენ სიტყვას.+ 20 ანტიოქიაში მისულთაგან ზოგიერთი კვიპროსელი და კირენელი იყო და ისინი ბერძნულენოვან მოსახლეობას+ აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას უფალ იესოს შესახებ.+ 21 იეჰოვას ხელი+ იყო მათთან და დიდძალმა ხალხმა ირწმუნა და უფლისკენ მოიქცა.+
22 ეს ამბავი იერუსალიმის კრებამ შეიტყო და მათ ბარნაბა+ გაგზავნეს ანტიოქიაში. 23 როცა ის ჩავიდა და ღვთის წყალობა+ იხილა, გაიხარა+ და ყველას ამხნევებდა, რომ მთელი გულით გადაეწყვიტათ, ყოველთვის უფალს მიჰყოლოდნენ.+ 24 ბარნაბა კარგი ადამიანი იყო, წმინდა სულითა და რწმენით სავსე. უამრავი ხალხი შეემატა უფალს.+ 25 იქიდან ის ტარსოსში+ წავიდა სავლეს საძებნელად,+ 26 იპოვა და ანტიოქიაში მიიყვანა. მთელი წელი იქ იკრიბებოდნენ სხვებთან ერთად და დიდძალ ხალხს ასწავლიდნენ. მოწაფეებს ღვთის განგებით პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები.+
27 იმ დღეებში იერუსალიმიდან ანტიოქიაში წინასწარმეტყველები+ ჩავიდნენ. 28 ერთი მათგანი, სახელად აგაბე,+ ადგა და სულით აღძრულმა თქვა, რომ დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ ქვეყნიერებაზე,+ რაც კლავდიუსის დროს მოხდა კიდეც. 29 ამიტომ მოწაფეებმა გადაწყვიტეს, იუდეაში ძმებისთვის დახმარება+ გაეგზავნათ, ვინც რამდენს შეძლებდა.+ 30 ასეც მოიქცნენ და ბარნაბასა და სავლეს ხელით გაუგზავნეს დახმარება უხუცესებს.+
12 იმ დროს მეფე ჰეროდემ* კრების ზოგიერთ წევრზე ხელი აღმართა და სასტიკად+ ექცეოდა მათ. 2 მან მახვილით+ მოკლა იაკობი, იოანეს ძმა.+ 3 დაინახა, რომ ამით იუდეველებს ასიამოვნა+ და პეტრეც დააპატიმრა (ეს უფუარობის დღესასწაულზე მოხდა).+ 4 შეიპყრო ის, საპყრობილეში ჩასვა+ და დაუყენა ჯარისკაცთა ოთხი ოთხეული, რათა მონაცვლეობით ედარაჯათ, რადგან აპირებდა, პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე.+ 5 პეტრე საპყრობილეში ჰყავდათ, კრება კი მხურვალედ ლოცულობდა+ მისთვის.
6 ჰეროდემ მისი გამოყვანა დააპირა. იმ ღამეს პეტრეს ეძინა, ორი ჯაჭვით იყო შეკრული და აქეთ-იქით თითო ჯარისკაცი ედგა, კართან კი მცველები იდგნენ და საპყრობილეს სდარაჯობდნენ. 7 უეცრად იქ იეჰოვას ანგელოზი გაჩნდა+ და საკანი განათდა. მან პეტრეს გვერდში წაჰკრა, წამოაყენა+ და უთხრა: „ადექი, ჩქარა!“ და პეტრეს ხელებიდან ჯაჭვები+ დასცვივდა. 8 ანგელოზმა+ უთხრა: „სარტყელი შემოირტყი და სანდლები შეიკარი“. ისიც ასე მოიქცა. ბოლოს მან უთხრა: „მოსასხამი მოისხი+ და მომყევი“. 9 ისიც გავიდა და გაჰყვა, მაგრამ არ იცოდა, რომ, რასაც ანგელოზი აკეთებდა, ცხადი იყო და არა ხილვა, როგორც თვითონ ეგონა.+ 10 პირველ და მეორე საგუშაგოებს რომ გასცდნენ, მიადგნენ ქალაქში შესასვლელ რკინის კარიბჭეს, რომელიც მათ წინაშე თავისით გაიღო.+ გავიდნენ, ერთი ქუჩა გაიარეს და უეცრად მას ანგელოზი ჩამოშორდა. 11 პეტრე გონს მოეგო და თქვა: „ახლა ნამდვილად ვიცი, რომ იეჰოვამ თავისი ანგელოზი გამოგზავნა+ და დამიხსნა+ ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისგან, რასაც იუდეველები ელოდნენ“.
12 როგორც კი ეს გაიფიქრა, წავიდა მარკოზად+ წოდებული იოანეს დედის, მარიამის სახლში, სადაც მრავალი შეკრებილიყო და ლოცულობდა. 13 ჭიშკარზე დააკაკუნა და ხმაზე ერთი მოახლე გამოვიდა, სახელად როდე. 14 პეტრეს ხმა რომ იცნო, ისე გაუხარდა, რომ ჭიშკრის გაღების ნაცვლად სახლში შევარდა და ყველას შეატყობინა, ჭიშკართან პეტრე დგასო. 15 მათ უთხრეს: „ხომ არ შეიშალე?!“ ის კი დაჟინებით ირწმუნებოდა, მართალს გეუბნებითო. მაშინ თქვეს, მისი ანგელოზი იქნებაო.+ 16 პეტრე კი გარეთ იდგა და აკაკუნებდა. კარი რომ გააღეს და პეტრე დაინახეს, სახტად დარჩნენ. 17 მან კი ხელით ანიშნა,+ ჩუმად ყოფილიყვნენ და დაწვრილებით მოუყვა, როგორ გამოიყვანა იეჰოვამ საპყრობილიდან. ბოლოს უთხრა: „ეს ყველაფერი იაკობსა+ და ძმებს შეატყობინეთ“. ამის შემდეგ სხვაგან წავიდა.
18 გათენებისას+ ჯარისკაცებს შორის დიდი ჩოჩქოლი ატყდა, პეტრე რა იქნაო. 19 ჰეროდემ+ ბევრი ეძება ის და, რომ ვერ იპოვა, მცველები დაჰკითხა და ბრძანა, ისინი დასასჯელად წაეყვანათ,+ თვითონ კი იუდეიდან კესარეაში ჩავიდა და რამდენიმე ხანს იქ დარჩა.
20 ის გულმოსული იყო ტვიროსელებსა და სიდონელებზე. ამიტომ ისინი ყველანი ერთად მივიდნენ მასთან, გადაიბირეს მეფის სახლთუხუცესი ბლასტე და მშვიდობას ითხოვდნენ, რადგან მათი ქვეყანა ჰეროდეს სამფლობელოდან საზრდოობდა.+ 21 ერთ დღესაც ჰეროდე სამეფო სამოსლით შეიმოსა, სასამართლო ტახტზე დაჯდა და მათ სიტყვით მიმართა. 22 შეკრებილი ხალხი ხმამაღლა იძახდა: „ღვთის ხმაა და არა კაცისა!“+ 23 უცბად ის იეჰოვას ანგელოზმა დასცა,+ რადგან დიდება არ მიაგო ღმერთს+ და მატლებისგან შეჭმული მოკვდა.
24 იეჰოვას სიტყვა+ კი იზრდებოდა და ვრცელდებოდა.+
25 ბარნაბამ+ და სავლემ დახმარება+ ჩაიტანეს იერუსალიმში, ხოლო უკან რომ ბრუნდებოდნენ, თან წაიყვანეს იოანე,+ მარკოზად წოდებული.
13 ანტიოქიის კრებაში იყვნენ წინასწარმეტყველები+ და მასწავლებლები: ბარნაბა, სიმონი, რომელსაც ნიგერს ეძახდნენ, კირენელი ლუციუსი,+ მანაენი, რომელმაც განათლება გამგებელ ჰეროდესთან ერთად მიიღო, და სავლე. 2 როცა ისინი საჯაროდ ემსახურებოდნენ+ იეჰოვას და მარხულობდნენ, წმინდა სულმა უთხრა მათ: „ბარნაბა და სავლე+ იმ საქმისთვის გამოყავით, რომლისთვისაც მოვუწოდე“. 3 მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაადეს+ მათ და გაუშვეს.
4 ისინი, წმინდა სულის მიერ გაგზავნილნი, სელევკიაში ჩავიდნენ და იქიდან კვიპროსისკენ გაცურეს, 5 სალამინში მივიდნენ და იუდეველთა სინაგოგებში დაიწყეს ღვთის სიტყვის გაცხადება. იოანეც+ მათთან იყო დამხმარედ.
6 მთელი კუნძული შემოიარეს და პაფოსამდე მივიდნენ, სადაც შეხვდნენ ერთ იუდეველ ჯადოქარსა და ცრუწინასწარმეტყველს,+ სახელად ბარიესოს, 7 რომელიც ჭკვიან კაცთან, პროკონსულ სერგიუს პავლუსთან იყო. პროკონსულმა ბარნაბა და სავლე დაიბარა, რადგან ძალიან უნდოდა ღვთის სიტყვის მოსმენა. 8 ჯადოქარი ელიმა (ასე ითარგმნება მისი სახელი) შეეწინააღმდეგა მათ+ და ცდილობდა პროკონსულისთვის რწმენა დაეკარგვინებინა. 9 სავლე, რომელსაც პავლესაც ეძახდნენ, წმინდა სულით აღივსო, შეხედა მას 10 და უთხრა: „ოჰ, ყოველგვარი მზაკვრობითა და ბოროტებით სავსევ, ეშმაკის+ შვილო, ყოველივე მართლის მტერო, არ მოეშვები იეჰოვას სწორი გზების გამრუდებას? 11 იეჰოვას ხელია შენზე: დაბრმავდები და დროებით ვეღარ დაინახავ მზის შუქს“. ის მაშინვე ბინდმა და სიბნელემ მოიცვა, ხელის ცეცებით დადიოდა და ეძებდა ვინმეს, რომ ხელი ჩაეკიდა მისთვის და წაეყვანა.+ 12 როცა პროკონსულმა+ დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა და განცვიფრებული იყო იეჰოვას სწავლებით.
13 შემდეგ პავლემ და მისმა თანამგზავრებმა პაფოსიდან გაცურეს და პამფილიის+ პერგეში ჩავიდნენ. იოანე+ ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.+ 14 მათ პერგედან გზა განაგრძეს და მივიდნენ პისიდიის ანტიოქიაში, შაბათს სინაგოგაში+ შევიდნენ და დასხდნენ. 15 ხალხისთვის კანონისა+ და წინასწარმეტყველთა წიგნების წაკითხვის შემდეგ სინაგოგის წინამძღვრებმა+ შეუთვალეს: „ძმებო, თუ რამე გამამხნევებელი გაქვთ სათქმელი, თქვით“. 16 პავლე ადგა, ხელით ანიშნა,+ რომ გაჩუმებულიყვნენ, და თქვა:
«ისრაელებო და თქვენ, ვისაც ღვთის შიში გაქვთ, მოისმინეთ!+ 17 ამ ხალხის, ისრაელის, ღმერთმა ჩვენი მამა-პაპა აირჩია, აამაღლა ისინი ეგვიპტეში ხიზნობის დროს და აღმართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.+ 18 ორმოცი წელი+ ითმენდა მათ საქციელს უდაბნოში. 19 ქანაანის მიწაზე შვიდი ერი ამოწყვიტა და მათი მიწა წილისყრით დაანაწილა.+ 20 ყველაფერი ეს დაახლოებით ოთხას ორმოცდაათ წელს გაგრძელდა.
ამის შემდეგ მისცა მათ მსაჯულები სამუელ წინასწარმეტყველამდე.+ 21 მერე მეფე მოითხოვეს+ და ღმერთმა მისცა საული, კიშის ძე ბენიამინის ტომიდან,+ რომელმაც ორმოცი წელი იმეფა. 22 ღმერთმა მის ნაცვლად+ დავითი გაამეფა,+ რომლის შესახებაც დაამოწმა: „ვპოვე დავითი, იესეს ძე,+ გულით სასურველი კაცი,+ რომელიც ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც მე მსურს“.+ 23 მისი შთამომავლობიდან,+ თავისი დანაპირების თანახმად, ღმერთმა ისრაელს მხსნელი,+ იესო მოუვლინა 24 იოანეს+ შემდეგ, რომელიც მის მოსვლამდე+ საჯაროდ უქადაგებდა ისრაელის მთელ ხალხს, რომ მონათლულიყვნენ მონანიების ნიშნად. 25 მაგრამ თავისი სარბიელის დასასრულს იოანე ამბობდა: „ვინ გგონივართ? ვინც თქვენ გგონივართ, ის არა ვარ. ჩემ შემდეგ მოდის ის, ვისი სანდლების გახსნის ღირსიც არა ვარ“.+
26 ძმებო, აბრაამის შთამომავალნო და თქვენ, ვისაც ღვთის შიში გაქვთ, ამ ხსნის სიტყვა ჩვენ გამოგვეგზავნა,+ 27 რადგან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მმართველებმა არ ცნეს ის,+ არამედ გაასამართლეს, რითაც შეასრულეს წინასწარმეტყველთა წიგნებში ჩაწერილი სიტყვები,+ რომლებიც ყოველ შაბათს ხმამაღლა იკითხება; 28 და, თუმცა სიკვდილით დასჯის მიზეზი ვერ უპოვეს,+ პილატეს მოსთხოვეს, სიკვდილით დაესაჯა იგი.+ 29 როცა შეასრულეს ყველაფერი, რაც მასზე იყო დაწერილი,+ ძელიდან ჩამოხსნეს+ და სამარხში დაასვენეს.+ 30 მაგრამ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იესო+ 31 და ის მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ, ვინც მასთან ერთად ავიდნენ გალილეიდან იერუსალიმში და ახლა მის შესახებ უმოწმებენ ხალხს.+
32 ამიტომ გიცხადებთ სასიხარულო ცნობას ჩვენი მამა-პაპისთვის მიცემული დანაპირების შესახებ,+ 33 რომ ღმერთმა ის პირნათლად შეგვისრულა ჩვენ, მათ შვილებს, იმით, რომ აღადგინა იესო,+ როგორც მეორე ფსალმუნში წერია: „შენ ჩემი ძე ხარ, მე დღეს გავხდი შენი მამა“.+ 34 ის, რომ მან მკვდრეთით აღადგინა იესო, რათა აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნას, მან შემდეგნაირად თქვა: „მოგცემთ დავითის მიმართ ერთგულებით გამოვლენილ მრავალ სიკეთეს*“.+ 35 ის სხვა ფსალმუნშიც ამბობს: „არ დაუშვებ, რომ შენი ერთგული გაიხრწნას“.+ 36 დავითი+ ღვთის ნათლად გამოხატულ ნებას მოემსახურა თავის მოდგმაში. მან სიკვდილის ძილით დაიძინა, თავის მამა-პაპასთან დაასვენეს და გაიხრწნა;+ 37 ის კი, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ გახრწნილა.+
38 ამიტომ, ძმებო, იცოდეთ, რომ ახლა მისი მეშვეობით გეუწყებათ ცოდვების პატიება.+ 39 ყველაფერში, რაშიც მოსეს კანონით ვერ ჩაითვალეთ უდანაშაულოდ,+ მისი მეშვეობით ჩაითვლება უდანაშაულოდ ყველა მორწმუნე.+ 40 ამიტომ გაფრთხილდით, რომ თქვენზე არ შესრულდეს წინასწარმეტყველთა წიგნებში ნათქვამი: 41 „უყურეთ, მოძულენო, გაიკვირვეთ და გაუჩინარდით, რადგან ისეთ საქმეს ვაკეთებ თქვენს დროში, ვინმე დაწვრილებითაც რომ მოგიყვეთ, მაინც არ ირწმუნებთ“».+
42 ისინი გარეთ გადიოდნენ და ხალხი ეხვეწებოდა, ამ საკითხებზე კიდევ ელაპარაკათ მომდევნო შაბათს.+ 43 როცა სინაგოგაში შეკრებილი ხალხი დაიშალა, მრავალი იუდეველი და ღვთის თაყვანისმცემელი პროზელიტი გაჰყვა პავლესა და ბარნაბას,+ რომლებიც ესაუბრებოდნენ მათ და ღვთის წყალობაში+ დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.+
44 მომდევნო შაბათს თითქმის მთელი ქალაქი შეიკრიბა იეჰოვას სიტყვის მოსასმენად.+ 45 როცა იუდეველებმა ამდენი ხალხი დაინახეს, შურით აღივსნენ+ და მკრეხელურად ეწინააღმდეგებოდნენ პავლეს ნათქვამს.+ 46 პავლე და ბარნაბა კი გაბედულად ლაპარაკობდნენ: «ღვთის სიტყვა პირველად თქვენ უნდა გაგეგოთ,+ მაგრამ, რადგან უარყოფთ+ მას და საკუთარ თავს მარადიული სიცოცხლის ღირსად არ თვლით, ჩვენ უცხოტომელებთან მივდივართ.+ 47 იეჰოვამ ასეთი მცნებაც დაგვიდო: „დაგნიშნე ერების სინათლედ,+ რომ მხსნელი იყო დედამიწის კიდით-კიდემდე“».+
48 როცა ეს უცხოტომელებმა მოისმინეს, გაუხარდათ და იეჰოვას სიტყვის განდიდება დაიწყეს,+ და ყველამ, ვინც მარადიული სიცოცხლისთვის იყო განწყობილი, ირწმუნა.+ 49 იეჰოვას სიტყვა მთელ იმ ქვეყანაში ვრცელდებოდა.+ 50 მაგრამ იუდეველებმა+ წააქეზეს ღვთის თაყვანისმცემელი პატივცემული ქალები და ქალაქის გავლენიანი კაცები. მათაც დაიწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა+ და თავიანთი საზღვრებიდან გააძევეს. 51 მათ კი ფეხებიდან მტვერი დაიბერტყეს მათ წინაშე+ და იკონიონში წავიდნენ. 52 მოწაფეები კვლავ სიხარულითა+ და წმინდა სულით ივსებოდნენ.
14 იკონიონში+ პავლე და ბარნაბა ერთად შევიდნენ იუდეველების სინაგოგაში+ და ისე ილაპარაკეს, რომ უამრავმა იუდეველმა და ბერძენმა+ ირწმუნა. 2 იმ იუდეველებმა კი, რომლებმაც არ ირწმუნეს, გააღიზიანეს+ უცხოტომელები და ძმების წინააღმდეგ განაწყვეს.+ 3 ამიტომ მოციქულები კარგა ხანს დარჩნენ იქ და გაბედულად ლაპარაკობდნენ იეჰოვასგან მიღებული უფლებამოსილებით, რომელმაც მათი ხელით მოხდენილი ნიშნებითა და საკვირველებებით დაამოწმა თავისი წყალობის შესახებ.+ 4 ქალაქის მოსახლეობა გაიყო: ზოგი იუდეველების მხარეს იყო, ზოგი — მოციქულების მხარეს. 5 გაშმაგებული უცხოტომელები, იუდეველები და მათი მმართველები აპირებდნენ, თავს დასხმოდნენ მათ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ და ჩაექოლათ.+ 6 ისინი კი, როცა ეს შეიტყვეს, გაიქცნენ+ ლიკაონიის ქალაქებისკენ — ლისტრის, დერბესა და მათი შემოგარენისკენ, 7 და იქ აცხადებდნენ სასიხარულო ცნობას.+
8 ლისტრაში იყო დედის მუცლიდანვე წელს ქვემოთ მოწყვეტილი კაცი,+ რომელსაც არასოდეს გაევლო. 9 ის პავლეს უსმენდა. როცა პავლემ შეხედა მას და დაინახა, რომ გამოჯანმრთელების რწმენა+ ჰქონდა, 10 ხმამაღლა უთხრა: „ადექი ფეხზე და გაიმართე“. ისიც წამოხტა და გაიარა.+ 11 ხალხმა კი, როცა დაინახა, რა გააკეთა პავლემ, ლიკაონიურ ენაზე წამოიძახა: „ღმერთებს+ ადამიანების სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულან!“ 12 დაარქვეს ბარნაბას ზევსი, ხოლო პავლეს — ჰერმესი, რადგან საუბარი მას მიჰყავდა. 13 ზევსის ქურუმმა ხარები მორეკა კარიბჭესთან (ზევსის ტაძარი ქალაქის წინ იდგა), თან გვირგვინები მოიტანა, რადგან სურდა, ხალხთან ერთად შეეწირა+ მსხვერპლი.
14 ეს რომ მოციქულებმა — ბარნაბამ და პავლემ გაიგეს, ტანსაცმელი შემოიხიეს და ხალხში შეცვივდნენ ყვირილით: 15 „ამას რას აკეთებთ, ხალხო? ჩვენც თქვენი მსგავსი უძლური+ ადამიანები+ ვართ და სასიხარულო ცნობას გაუწყებთ, რათა მიატოვოთ ეს ამაოება+ და მიუბრუნდეთ ცოცხალ ღმერთს,+ რომელმაც შექმნა ცა,+ დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია. 16 გასულ თაობებში ის ნებას აძლევდა ყველა ხალხს, თავიანთი გზებით ევლოთ,+ 17 თუმცა სიკეთის კეთებით საკუთარ თავზე დამოწმება არ შეუწყვეტია+ — გაძლევდათ წვიმას+ ციდან და მოსავლიან დროებს, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს“.+ 18 ამას კი ეუბნებოდნენ, მაგრამ ძლივს შეაკავეს ხალხი, რომ მათთვის მსხვერპლი არ შეეწირათ.
19 ანტიოქიიდან და იკონიონიდან კი იუდეველები ჩამოვიდნენ. მათ მიერ გადაბირებულმა ხალხმა+ პავლე ჩაქოლა და ქალაქგარეთ გაათრია, რადგან მკვდარი ეგონათ,+ 20 მაგრამ როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, ის წამოდგა და ქალაქში შევიდა. მეორე დღეს ის და ბარნაბა დერბეში წავიდნენ.+ 21 სასიხარულო ცნობა რომ აუწყეს იმ ქალაქს და საკმაოდ ბევრი აქციეს მოწაფედ,+ დაბრუნდნენ ლისტრაში, იკონიონსა და ანტიოქიაში, 22 სადაც მოწაფეებს განამტკიცებდნენ,+ რწმენაში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ და ეუბნებოდნენ, ღვთის სამეფოში შესასვლელად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევსო.+ 23 გარდა ამისა, თითოეულ კრებაში უხუცესები+ დანიშნეს და ლოცვითა და მარხვით+ მიანდეს ისინი იეჰოვას,+ რომელიც ირწმუნეს.
24 შემდეგ პისიდიის გავლით პამფილიაში+ მივიდნენ, 25 პერგეში სიტყვა აუწყეს და ატალიაში ჩავიდნენ. 26 იქიდან ანტიოქიაში გაცურეს,+ სადაც ერთ დროს ისინი ღვთის წყალობას მიანდეს იმ საქმისთვის, რომელიც შეასრულეს კიდეც.+
27 ჩავიდნენ, კრება მოიწვიეს და ბევრი რამ უამბეს იმაზე, რაც ღმერთმა მათი მეშვეობით გააკეთა. იმასაც მოუყვნენ,+ რომ ღმერთმა რწმენის კარი გაუღო უცხოტომელებს.+ 28 ისინი არცთუ მცირე ხანს დარჩნენ მოწაფეებთან.
15 იუდეიდან რამდენიმე კაცი ჩამოვიდა+ და ძმებს ასწავლიდა, თუ წინადაცვეთის ჩვეულებას არ დაიცავთ+ მოსეს კანონის თანახმად,+ ვერ გადარჩებითო. 2 როცა პავლესა და ბარნაბას მათთან დიდი უთანხმოება და დავა მოუხდათ, გადაწყვიტეს, პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი მათგანი მოციქულებსა და უხუცესებთან ასულიყვნენ იერუსალიმში+ ამ დავის თაობაზე.
3 ისინი კრებამ გააცილა.+ ფინიკიისა და სამარიის გავლისას ყველა ძმას დაწვრილებით უყვებოდნენ უცხოტომელების მოქცევის შესახებ,+ რაც ძმებს ძალიან ახარებდათ.+ 4 იერუსალიმში რომ მივიდნენ, კრებამ, მოციქულებმა და უხუცესებმა გულთბილად მიიღეს+ ისინი და მათგან ბევრი რამ მოისმინეს იმის შესახებ, რაც ღმერთმა მათი მეშვეობით მოიმოქმედა.+ 5 მაგრამ ფარისეველთა სექტის წევრები, რომლებმაც ირწმუნეს, წამოდგნენ და თქვეს: „საჭიროა მათი წინადაცვეთა+ და იმის მოთხოვნა, რომ მოსეს კანონი დაიცვან“.+
6 ამ საკითხის განსახილველად მოციქულები და უხუცესები შეიკრიბნენ.+ 7 დიდხანს იდავეს,+ ბოლოს პეტრე ადგა და უთხრა მათ: „ძმებო, კარგად იცით, რომ პირველი დღეებიდან ღმერთმა თქვენგან მე ამირჩია, რათა უცხოტომელებს ჩემი პირით მოესმინათ სასიხარულო ცნობა და ერწმუნათ.+ 8 გულთამხილავმა ღმერთმაც+ დაუმოწმა მათ, როცა წმინდა სული მისცა,+ როგორც ჩვენ. 9 არანაირი განსხვავება არ გაუკეთებია ჩვენსა და მათ შორის+ და მათი გულებიც რწმენით განწმინდა.+ 10 მაშ, რატომ სცდით ღმერთს და რატომ ადგამთ მოწაფეებს კისერზე უღელს,+ რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამა-პაპამ შეძლო და ვერც ჩვენ?+ 11 მაგრამ გვწამს, რომ უფალ იესოს წყალობა+ გადაგვარჩენს ჩვენც და იმ ხალხსაც“.+
12 ამაზე მთელი ხალხი დადუმდა და უსმენდა ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც იმ მრავალი ნიშნისა და საკვირველების შესახებ უყვებოდნენ, რომლებიც ღმერთმა მათი მეშვეობით მოიმოქმედა უცხოტომელთა შორის.+ 13 როცა ლაპარაკი დაასრულეს, იაკობმა თქვა: «ძმებო, მომისმინეთ.+ 14 სიმონმა+ ყველაფერი გვიამბო, თუ როგორ მოხედა ღმერთმა პირველად უცხოტომელებს, რათა მათგან გამოეყო ხალხი თავისი სახელისთვის.+ 15 ამას ადასტურებს წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც დაწერილია: 16 „ამის შემდეგ დავბრუნდები და აღვადგენ დავითის დაცემულ კარავს, აღვადგენ მის ნანგრევებს და ხელახლა ავაგებ,+ 17 რათა დარჩენილებმა და ჩემი სახელით წოდებულმა უცხოტომელებმა გულმოდგინედ ეძებონ იეჰოვა, — ამბობს იეჰოვა, ყოველივე იმის მოქმედი,+ 18 რაც ძველი დროიდან არის ცნობილი“.+ 19 ვფიქრობ, არ გავუძნელოთ უცხოტომელებს ღვთისკენ მოქცევა,+ 20 არამედ მივწეროთ მათ, მოერიდონ კერპებით შებილწულს,+ სიძვას,+ დამხრჩვალსა+ და სისხლს.+ 21 მოსეს ძველი დროიდან ჰყავს თავისი მქადაგებლები ყველა ქალაქში, ვინაიდან მის წერილებს ხმამაღლა კითხულობენ სინაგოგებში ყოველ შაბათს».+
22 მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა მთელ კრებასთან ერთად მართებულად მიიჩნიეს, რომ თავიანთგან აერჩიათ ბარსაბად წოდებული იუდა და სილა, ხელმძღვანელი ძმები, და პავლესა და ბარნაბასთან+ ერთად ანტიოქიაში გაეგზავნათ. 23 მათი ხელით გაგზავნეს ასეთი წერილი:
„ძმების, მოციქულებისა და უხუცესებისგან უცხოტომელთაგან მოქცეულ ძმებს ანტიოქიაში,+ სირიასა და კილიკიაში:+ მოგესალმებით! 24 გავიგეთ, რომ ზოგიერთმა ჩვენგანმა თავიანთი სიტყვებით+ აგაფორიაქეს და შეეცადნენ თქვენი სულების დანგრევას, თუმცა მათთვის არანაირი მითითება არ მიგვიცია.+ 25 ამიტომ ერთსულოვნად შევთანხმდით+ და მართებულად მივიჩნიეთ, აგვერჩია ძმები, რათა თქვენთან გამოგვეგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად,+ 26 რომლებმაც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისთვის საფრთხეში ჩაიგდეს სიცოცხლე.+ 27 ვგზავნით იუდასა და სილას,+ რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვიერად.+ 28 წმინდა სულმა+ და ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, მეტი აღარაფერი დაგვეკისრებინა+ თქვენთვის ამ აუცილებლის გარდა, 29 რომ მოერიდოთ კერპთშენაწირს,+ სისხლს,+ დამხრჩვალსა+ და სიძვას.+ თუ ამისგან დაიცავთ თავს,+ წარმატებული იქნებით. იყავით ჯანმრთელად!“
30 გაგზავნილი კაცები ანტიოქიაში ჩავიდნენ, დიდძალი ხალხი შეკრიბეს და წერილი გადასცეს.+ 31 მათ წაიკითხეს, გამხნევდნენ და დიდად გაიხარეს.+ 32 ძმებს მრავალი სიტყვით ამხნევებდნენ და განამტკიცებდნენ+ იუდაც და სილაც, რადგან წინასწარმეტყველები+ იყვნენ. 33 დაჰყვეს იქ რამდენიმე ხანი და ძმებმა მშვიდობით გაისტუმრეს+ ისინი მოციქულებსა და უხუცესებთან. 34 —— 35 პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში+ დარჩნენ, ასწავლიდნენ და სხვებთან ერთად აცხადებდნენ სასიხარულო ცნობას იეჰოვას სიტყვის შესახებ.+
36 რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: „მოდი ახლა დავბრუნდეთ და მოვინახულოთ ძმები ყველა ქალაქში, სადაც იეჰოვას სიტყვას ვაუწყებდით; ვნახოთ, როგორ არიან“.+ 37 ბარნაბამ კი გადაწყვიტა, თან წაეყვანა იოანე, რომელსაც მარკოზს ეძახდნენ,+ 38 მაგრამ პავლე შეუფერებლად მიიჩნევდა მის წაყვანას, რადგან ის მათ პამფილიაში+ ჩამოშორდა და საქმეზე არ გაჰყვა. 39 ამის გამო ორივენი გაცეცხლდნენ და ერთმანეთს დასცილდნენ. ბარნაბამ+ მარკოზი წაიყვანა და ხომალდით კვიპროსში+ წავიდა, 40 პავლემ კი, როცა ძმებმა ის იეჰოვას წყალობას მიანდეს,+ სილა+ აირჩია და წავიდა. 41 სირიისა და კილიკიის გავლისას ის კრებებს განამტკიცებდა.+
16 ის დერბესა და ლისტრაშიც ჩავიდა.+ იქ იყო ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე,+ მორწმუნე იუდეველი ქალის შვილი, მამით ბერძენი. 2 ლისტრელი და იკონიონელი ძმები მას დადებითად ახასიათებდნენ. 3 პავლემ მისი თან წაყვანის სურვილი გამოთქვა, წაიყვანა კიდეც და წინადაცვითა+ იქ მცხოვრები იუდეველების გამო, რადგან ყველამ იცოდა, რომ ბერძენი მამა ჰყავდა. 4 ქალაქებში გავლისას, იქაურებს გადასცემდნენ მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში მიღებულ დადგენილებებს, რომლებიც უნდა დაეცვათ.+ 5 კრებები რწმენაში მტკიცდებოდა+ და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა.
6 მათ ფრიგია და გალატიაც+ გაიარეს, რადგან წმინდა სულმა აზიაში სიტყვის ქადაგება აუკრძალა. 7 მისიაში რომ ჩავიდნენ, ბითინიაში+ შესვლა დააპირეს, მაგრამ იესოს სულმა არ გაუშვა. 8 ამიტომ მისია გაიარეს და ტროაში+ ჩავიდნენ. 9 ღამით პავლეს ხილვა+ ჰქონდა: ვიღაც მაკედონელი კაცი ეხვეწებოდა, ჩამოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო. 10 როგორც კი ეს ხილვა იხილა, მაკედონიაში+ გადავწყვიტეთ წასვლა, რადგან დავასკვენით, რომ ღმერთმა მიგვითითა, მათთვის გვეუწყებინა სასიხარულო ცნობა.
11 ამიტომ გავცურეთ ტროადან და პირდაპირ სამოთრაკიაში ჩავედით, მეორე დღეს — ნეაპოლისში, 12 იქიდან კი ფილიპეში,+ რომელიც კოლონიაა და მაკედონიის+ მთავარი ქალაქია. ამ ქალაქში რამდენიმე დღე დავრჩით. 13 შაბათს კარიბჭის გარეთ გავედით, მდინარის პირას, სადაც სამლოცველო ადგილი გვეგულებოდა. დავსხედით და შეკრებილ ქალებს დავუწყეთ ლაპარაკი. 14 მსმენელთა შორის იყო ერთი ძოწეულით მოვაჭრე თიატირელი+ ქალი, სახელად ლიდია, ღვთის თაყვანისმცემელი. იეჰოვამ მას გული გაუხსნა,+ რომ ყურადღებით მოესმინა პავლეს ნათქვამი. 15 როცა ის და მისი შინაურები მოინათლნენ,+ გვეხვეწებოდა, თუ იეჰოვას ერთგულად მთვლით, ჩემთან მოდით სახლში და დარჩითო,+ და დაგვიყოლია.+
16 სამლოცველო ადგილზე რომ მივდიოდით, შეგვხვდა ერთი მოახლე გოგონა. ის შეპყრობილი იყო სულით,+ დემონით, რომელიც მკითხაობის ძალას აძლევდა.+ წინასწარმეტყველებით გოგონა დიდ მოგებას+ აძლევდა თავის ბატონებს. 17 ის აგვედევნა ჩვენ და პავლეს და ყვიროდა:+ „ეს კაცები უზენაესი ღვთის მონები არიან, რომლებიც ხსნის გზას გაუწყებენ“. 18 ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში.+ ბოლოს პავლე შეწუხდა, მიუბრუნდა და სულს უთხრა: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოდი მისგან!“+ ის მაშინვე გამოვიდა.+
19 მიხვდნენ გოგონას ბატონები, რომ მოგების იმედი ვეღარ ექნებოდათ,+ შეიპყრეს პავლე და სილა და მმართველებთან მიათრიეს მოედანზე,+ 20 მიიყვანეს სახელმწიფო მოხელეებთან და მოახსენეს: „ამ კაცებს დიდი არეულობა+ შემოაქვთ ჩვენს ქალაქში. იუდეველები არიან 21 და ისეთ ჩვეულებებს+ ავრცელებენ, რომელთა მიღება ან დაცვა ჩვენთვის, რომაელებისთვის, ნებადართული არ არის“. 22 აღსდგა ხალხი მათ წინააღმდეგ. სახელმწიფო მოხელეებმა მათ ტანსაცმელი შემოახიეს და ბრძანეს, რომ გაეჯოხათ.+ 23 მაგრად რომ სცემეს, საპყრობილეში ჩაყარეს+ და საპყრობილის ზედამხედველს უბრძანეს, მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყოლოდათ.+ 24 ასეთი ბრძანების შემდეგ მან შიდა საპყრობილეში+ ჩაყარა ისინი და ფეხებზე ხუნდები დაადო.+
25 შუაღამისას+ პავლე და სილა ლოცულობდნენ და ღმერთს სადიდებელს უმღეროდნენ,+ პატიმრები კი უსმენდნენ მათ. 26 უეცრად ძლიერი მიწისძვრა მოხდა და საპატიმროს საძირკველი შეირყა. უცებ ყველა კარი გაიღო და პატიმრებს ბორკილები დაეხსნათ.+ 27 საპყრობილის ზედამხედველს გაეღვიძა და საპყრობილის კარები ღია რომ დაინახა, მახვილი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა,+ რადგან ეგონა, რომ პატიმრები გაიქცნენ.+ 28 მაგრამ პავლემ ხმამაღლა დაუძახა: „თავს არაფერი დამართო,+ ყველანი აქა ვართ!“ 29 მან სანათი მოითხოვა, შიგნით შევარდა და, აკანკალებული, პავლესა და სილას წინაშე დაემხო,+ 30 გარეთ გამოიყვანა და ჰკითხა: „ბატონებო, რა გავაკეთო,+ რომ გადავრჩე?“ 31 მათ მიუგეს: „ირწმუნე უფალი იესო და გადარჩებით+ შენც და შენი შინაურებიც“.+ 32 და იეჰოვას სიტყვა აუწყეს მას და ყველა მის სახლში მყოფს.+ 33 მან ისინი მაშინვე, იმ ღამესვე წაიყვანა და ჭრილობები მოჰბანა. ის და ყველა მისიანი დაუყოვნებლივ მოინათლნენ.+ 34 სახლში მიიყვანა ისინი, სუფრა გაუშალა და დიდად ხარობდა თავის შინაურებთან ერთად, რადგან ღმერთი ირწმუნა.
35 როცა გათენდა, სახელმწიფო მოხელეებმა+ მსახურები გაუგზავნეს საპყრობილის ზედამხედველს და შეუთვალეს: „გაათავისუფლე ის კაცები“. 36 საპყრობილის ზედამხედველმა მათი სიტყვები პავლეს გადასცა: „სახელმწიფო მოხელეებმა კაცები გამომიგზავნეს, რომ გაგათავისუფლოთ. ამიტომ გამოდით და წადით მშვიდობით“. 37 პავლემ მიუგო: „ჩვენ, რომაელები,+ სახალხოდ გვცემეს გაუსამართლებლად და საპყრობილეში ჩაგვყარეს, ახლა კი ჩვენი ფარულად გაშვება უნდათ? არავითარ შემთხვევაში! მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ“. 38 მსახურებმა ეს სიტყვები სახელმწიფო მოხელეებს მოახსენეს. მათ კი შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომ ისინი რომაელები+ იყვნენ. 39 მივიდნენ და მათთვის გულის მოლბობას შეეცადნენ, გამოიყვანეს და სთხოვეს, ქალაქი დაეტოვებინათ, 40 მაგრამ ისინი საპყრობილიდან ლიდიას სახლში მივიდნენ. იქ ძმებს შეხვდნენ, გაამხნევეს+ და წავიდნენ.
17 მათ გაიარეს ამფიპოლისი და აპოლონია და მივიდნენ თესალონიკეში,+ სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო. 2 ჩვეულებისამებრ,+ პავლე სინაგოგაში შევიდა და სამ შაბათს მათთან ერთად მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე.+ 3 ის უხსნიდა და წერილებიდან უმტკიცებდა, რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა+ და მკვდრეთით აღმდგარიყო,+ და ეუბნებოდა: „ქრისტე+ ეს იესოა, რომელსაც გაუწყებთ“. 4 ზოგმა მათგანმა ირწმუნა+ და პავლესა და სილას+ შეუერთდა. მსგავსად მოიქცა ღვთის თაყვანისმცემელი მრავალი ბერძენი და ბევრი გავლენიანი ქალიც.
5 იუდეველებს კი შეშურდათ,+ ბაზრის მოედნიდან წაიყვანეს რამდენიმე უსაქმური, ბოროტი კაცი, ბრბო შეყარეს და ქალაქში აურზაური ატეხეს,+ იასონის+ სახლს მიადგნენ და დააპირეს, ბრბოს წინაშე გამოეყვანათ პავლე და სილა. 6 ისინი ვერ იპოვეს და იასონი და რამდენიმე ძმა წაათრიეს ქალაქის გამგებლებთან ყვირილით: „ამათ ქვეყანა ყირაზე+ დააყენეს და აქაც მოვიდნენ, 7 იასონმა კი სტუმართმოყვარულად მიიღო. ესენი კეისრის დადგენილებებს+ ეწინააღმდეგებიან, ამბობენ, სხვა მეფეც არისო,+ იესო“. 8 ამის მოსმენაზე ხალხი და ქალაქის გამგებლები აღშფოთდნენ. 9 იასონისა და დანარჩენებისგან თავდები აიღეს და გაუშვეს.
10 ძმებმა პავლე და სილა იმ ღამესვე+ ბერეაში გაგზავნეს, ისინი კი ჩასვლისთანავე იუდეველთა სინაგოგაში შევიდნენ. 11 იქაურები თესალონიკელებზე კეთილშობილები იყვნენ, რადგან უდიდესი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ+ წმინდა წერილებს,+ ნამდვილად ასე თუ არისო.+ 12 მათგან მრავალმა ირწმუნა. ირწმუნეს პატივცემულმა+ ბერძენმა ქალებმა და კაცებმა, 13 მაგრამ როცა თესალონიკელმა იუდეველებმა გაიგეს, რომ პავლემ ბერეაშიც აუწყა ღვთის სიტყვა, მივიდნენ, იქაც წააქეზეს+ და აღაშფოთეს+ ხალხი. 14 ძმებმა პავლე მაშინვე ზღვისკენ გაგზავნეს,+ სილა და ტიმოთე კი იქ დარჩნენ. 15 გამცილებლებმა პავლე ათენში მიიყვანეს. სანამ წავიდოდნენ, პავლემ მათ სილასა და ტიმოთესთან+ დააბარა, რაც შეიძლება მალე მისულიყვნენ მასთან.
16 როცა მათ ათენში ელოდებოდა, პავლემ ნახა, რომ ქალაქი კერპებით იყო სავსე, რამაც აღაშფოთა+ იგი. 17 მსჯელობდა ის სინაგოგაში იუდეველებთან+ და ღვთის თაყვანისმცემელ უცხოტომელებთან და ყოველდღე ესაუბრებოდა მათ, ვისაც მოედანზე+ ხვდებოდა. 18 ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოიკოსმა ფილოსოფოსმა+ მას დავა დაუწყო. ზოგი ამბობდა: „რისი თქმა უნდა ამ მოლაყბეს?“+ სხვები კი ამბობდნენ: „ეტყობა, უცხო ღვთაებებს ქადაგებს“. ამას იმიტომ ამბობდნენ, რომ სასიხარულო ცნობას აუწყებდა იესოსა და აღდგომის შესახებ.+ 19 შეიპყრეს ის, არეოპაგში* მიიყვანეს და ჰკითხეს: „გაგვაგებინე, რა ახალ სწავლებას+ ქადაგებ? 20 ჩვენს ყურებს უცნაურ რამეს ასმენინებ. გვინდა გავიგოთ, რას ნიშნავს ეს“.+ 21 სინამდვილეში ათენელები და იქ დროებით მცხოვრები უცხოელები თავისუფალ დროს მხოლოდ ახალი ამბების მოყოლასა და მოსმენაში ატარებდნენ. 22 პავლე არეოპაგის+ შუაში დადგა და თქვა:
«ათენელებო, ყველაფერში გეტყობათ, რომ სხვებზე მეტად გეშინიათ ღვთაებებისა.+ 23 როცა მოვდიოდი და თქვენი თაყვანისცემის საგნებს ვათვალიერებდი, ვნახე სამსხვერპლოც, რომელზეც ეწერა: „უცნობ ღმერთს“. მე სწორედ იმის შესახებ გაუწყებთ, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით. 24 ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია, და რომელიც არის ცისა და დედამიწის უფალი,+ ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს,+ 25 არც ადამიანთა ხელით სამსახურს მოითხოვს, თითქოს რამე სჭირდებოდეს,+ რადგან თვითონ აძლევს ყველას სიცოცხლეს,+ სუნთქვასა+ და ყოველივეს. 26 მან ერთი ადამიანიდან შექმნა+ ყველა ხალხი,+ რათა მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ,+ და დასასახლებლად დაუნიშნა დროები+ და დაუდო საზღვრები,+ 27 რათა ეძებნათ ღმერთი,+ იქნებ როგორმე ეგრძნოთ იგი,+ და ეპოვათ, თუმცა ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან, 28 რადგან მისით ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ,+ როგორც თქვენს ზოგ პოეტსაც+ უთქვამს, ჩვენ მისი მოდგმა ვართო.
29 რადგან ღვთის მოდგმა ვართ,+ არ უნდა გვეგონოს, რომ ღმერთი+ ჰგავს ოქროს, ვერცხლს ან ქვას, ადამიანის ხელოვნებითა და წარმოსახვით გამოქანდაკებულს.+ 30 ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრო+ და ახლა ყველას ყველგან ეუბნება, რომ მოინანიონ.+ 31 ვინაიდან დანიშნა დღე, რომ თავისი განზრახვის თანახმად სიმართლით გაასამართლოს+ მსოფლიო თავის მიერ დანიშნული კაცის მეშვეობით და ამაში იმით დაარწმუნა ყველა, რომ მკვდრეთით+ აღადგინა იგი».
32 როცა მკვდრეთით აღდგომის შესახებ მოისმინეს, ზოგს ეს სიცილად არ ეყო,+ ზოგი კი ამბობდა, ამის შესახებ სხვა დროსაც მოგისმენთო. 33 ბოლოს პავლე წავიდა, 34 ზოგიერთები გაჰყვნენ მას და ირწმუნეს. მათ შორის იყვნენ არეოპაგის+ მოსამართლე დიონისე, ერთი ქალი, სახელად დამარისი, და სხვები.
18 ათენიდან ის კორინთში წავიდა. 2 იქ ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა,+ წარმოშობით პონტოელი, და მისი ცოლი პრისკილა. ისინი ახალი ჩამოსულები იყვნენ იტალიიდან,+ რადგან კლავდიუსს+ ნაბრძანები ჰქონდა, რომ ყველა იუდეველს დაეტოვებინა რომი. ის მათთან მივიდა 3 და რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, კარვებს კერავდნენ, მათთან დარჩა და ერთად მუშაობდნენ.+ 4 ყოველ შაბათს ის სიტყვით გამოდიოდა სინაგოგაში+ და იუდეველებსა და ბერძნებს არწმუნებდა.
5 როცა მაკედონიიდან სილა+ და ტიმოთე+ ჩამოვიდნენ, პავლე მთლიანად ჩაება სიტყვის ქადაგებაში. ის უმოწმებდა და უმტკიცებდა იუდეველებს, რომ იესო არის ქრისტე.+ 6 მაგრამ, რაკი ეწინააღმდეგებოდნენ მას და შეურაცხყოფას აყენებდნენ,+ ტანსაცმელი დაიბერტყა+ და უთხრა: „თქვენი სისხლი+ თქვენზე იყოს. მე სუფთა+ ვარ. ამიერიდან უცხოტომელებთან წავალ“.+ 7 წავიდა იქიდან და მივიდა ღვთის თაყვანისმცემელ ტიციუს იუსტუსთან, რომლის სახლიც სინაგოგაზე იყო მიშენებული. 8 სინაგოგის წინამძღვარმა კრისპუსმა+ და ყველა მისმა შინაურმა ირწმუნა უფალი. ირწმუნა მრავალმა კორინთელმაც, ვინც ცნობა მოისმინა, და მოინათლა. 9 უფალმა ღამით ხილვაში უთხრა პავლეს:+ „ნუ გეშინია, ილაპარაკე და არ გაჩუმდე, 10 შენთანა ვარ+ და ვერავინ აღმართავს ხელს შენს საზიანოდ, რადგან ამ ქალაქში ბევრი ხალხი მყავს“. 11 ამიტომ ის წელიწადი და ექვსი თვე დარჩა იქ და ღვთის სიტყვას ასწავლიდა.
12 იმ დროს, როცა გალიონი აქაიის პროკონსული+ იყო, იუდეველები ერთიანად აუმხედრდნენ პავლეს, სასამართლო ტახტთან მიიყვანეს+ 13 და ამბობდნენ: „ეს კაცი კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებს — ხალხს არწმუნებს,+ რომ სხვაგვარად სცენ ღმერთს თაყვანი“. 14 როცა პავლემ რაღაცის თქმა დააპირა, გალიონმა იუდეველებს უთხრა: „იუდეველებო, საქმე რაიმე არასწორ საქციელს ან საშინელ ბოროტმოქმედებას რომ ეხებოდეს, მოთმინებით მოგისმენდით, 15 მაგრამ თუ თქვენს სიტყვებზე, სახელებსა+ და კანონზე+ დავობთ, თვითონვე მიხედეთ ამ საქმეს. მე არ მინდა, ამის მოსამართლე ვიყო“. 16 ეს რომ თქვა, ყველა გააძევა სასამართლო ტახტიდან. 17 მათ სინაგოგის წინამძღვარი სოსთენე+ დაიჭირეს და სასამართლო ტახტის წინ სცემეს. გალიონს კი ეს სულ არ ადარდებდა.
18 პავლე კარგა ხანს დარჩა მათთან. მერე ძმებს გამოემშვიდობა და პრისკილასა და აკვილასთან ერთად სირიისკენ გაცურა. კენქრეში+ მან თავი გაიკრიჭა,+ რადგან აღთქმა ჰქონდა დადებული. 19 ეფესოში რომ ჩავიდნენ, ისინი იქ დატოვა, თვითონ კი სინაგოგაში+ შევიდა და იუდეველებთან მსჯელობდა. 20 მიუხედავად იმისა, რომ სთხოვდნენ, მეტ ხანს დარჩენილიყო, არ დათანხმდა, 21 გამოემშვიდობა+ მათ და უთხრა: „თუ იეჰოვა ინებებს, კვლავ დავბრუნდები“.+ ეფესოდან ზღვით წავიდა 22 კესარეაში. იქიდან წავიდა* და კრება მოინახულა, საიდანაც ანტიოქიაში ჩავიდა.
23 იქ რამდენიმე ხანი დაყო, მერე კი გალატიისა+ და ფრიგიის+ მხარეებში დადიოდა და მოწაფეებს განამტკიცებდა.+
24 იმ დროს ეფესოში ჩავიდა ერთი მჭევრმეტყველი იუდეველი, სახელად აპოლოსი,+ წარმოშობით ალექსანდრიელი. მან კარგად იცოდა წმინდა წერილები.+ 25 ზეპირგადმოცემით ჰქონდა ნასწავლი იეჰოვას გზა და რადგან ღვთის სულით იყო ანთებული,+ სწორად ლაპარაკობდა და ასწავლიდა იესოს შესახებ, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლობა+ იცოდა. 26 მან გაბედულად დაიწყო ლაპარაკი სინაგოგაში. როცა მას პრისკილამ და აკვილამ+ მოუსმინეს, თავიანთთან წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს ღვთის გზა. 27 ვინაიდან მას აქაიაში უნდოდა წასვლა, ძმებმა მოწაფეებს მისწერეს და მოუწოდეს, რომ გულთბილად მიეღოთ იგი. ჩავიდა აპოლოსი და დიდად დაეხმარა+ მათ, ვინც ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით ირწმუნა.+ 28 ის ყველას წინაშე გულმოდგინებით და საფუძვლიანად უმტკიცებდა იუდეველებს, რომ მართლები არ იყვნენ, და წმინდა წერილებიდან+ უჩვენებდა, რომ იესო იყო ქრისტე.+
19 აპოლოსის+ კორინთში ყოფნის დროს პავლემ ზღვიდან დაშორებული მხარეები გაიარა და ეფესოში+ ჩავიდა, სადაც რამდენიმე მოწაფეს შეხვდა. 2 პავლემ ჰკითხა მათ: „მიიღეთ წმინდა სული,+ როცა ირწმუნეთ?“ მათ მიუგეს: „არაფერი გაგვიგია წმინდა სულზე“.+ 3 მან ისევ ჰკითხა: „აბა, რით მოინათლეთ?“ მათ უპასუხეს: „იოანეს ნათლობით“.+ 4 პავლემ უთხრა: „იოანე ხალხს მონანიების ნიშნად ნათლავდა+ და ეუბნებოდა, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი,+ იესო“. 5 ეს რომ მოისმინეს, უფალ იესოს სახელით მოინათლნენ,+ 6 ხოლო როცა პავლემ მათ ხელები დაადო,+ მათზე წმინდა სული გადმოვიდა და დაიწყეს უცხო ენებზე ლაპარაკი და წინასწარმეტყველება.+ 7 სულ თორმეტი კაცი იქნებოდა.
8 ის სამი თვე სინაგოგაში+ დადიოდა და გაბედულად ლაპარაკობდა, სიტყვით გამოდიოდა და დამაჯერებლად აუწყებდა ღვთის სამეფოს+ შესახებ. 9 მაგრამ როცა ზოგიერთი გაჯიუტდა და არ ირწმუნა,+ არამედ უფლის გზას+ გმობდა დიდძალი ხალხის წინაშე, პავლე გაშორდა მათ,+ მათგან მოწაფეები გამოაცალკევა+ და ყოველდღე სიტყვით გამოდიოდა ტირანეს სკოლაში. 10 ასე ორი წელი გაგრძელდა+ და უფლის სიტყვა მოისმინეს აზიის+ მცხოვრებლებმა, იუდეველებმაც და ბერძნებმაც.
11 ღმერთი პავლეს ხელით განსაკუთრებულ სასწაულებრივ საქმეებს ახდენდა.+ 12 მისი ნაქონი ნაჭრები და წინსაფრები ავადმყოფებთან მიჰქონდათ,+ ისინი კი იკურნებოდნენ და ბოროტი სულები გამოდიოდნენ მათგან.+ 13 მოხეტიალე იუდეველებიც, რომლებიც დემონებს დევნიდნენ,+ შეეცადნენ, ბოროტი სულებით შეპყრობილი ადამიანებისთვის უფალ იესოს სახელით+ მიემართათ: „გიბრძანებ+ იესოს სახელით, რომელსაც პავლე ქადაგებს“. 14 ასე იქცეოდა ერთი იუდეველი უფროსი მღვდლის, სკევას შვიდი ვაჟი. 15 ბოროტმა სულმა მიუგო: „იესოსაც ვიცნობ+ და პავლესაც,+ მაგრამ თქვენ ვინღა ხართ?“ 16 ეს რომ თქვა, ბოროტი სულით შეპყრობილი კაცი ეცა მათ+ და ყველას სძლია, და ისინი გაშიშვლებულები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ სახლიდან. 17 ეს ამბავი ყველამ შეიტყო ეფესოში, იუდეველებმაც და ბერძნებმაც, და შიშმა+ მოიცვა ისინი; უფალ იესოს სახელს კი კვლავაც ადიდებდნენ.+ 18 მრავალი, ვინც ირწმუნა, მოდიოდა და საჯაროდ აღიარებდა+ თავის საქმეებს. 19 ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოქრობას მისდევდა,+ მოიტანა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა. მათ შეაჯამეს წიგნების ფასი და მათი ღირებულება ორმოცდაათი ათასი ვერცხლი გამოვიდა. 20 ასე იზრდებოდა და ძლიერდებოდა+ იეჰოვას სიტყვა.
21 ამის შემდეგ პავლემ გადაწყვიტა მაკედონიისა+ და აქაიის გავლით იერუსალიმში+ წასვლა, ამბობდა, იქ რომ ჩავალ, რომშიც უნდა წავიდეო.+ 22 მან მაკედონიაში გაგზავნა ორი კაცი, ტიმოთე+ და ერასტე,+ რომლებიც მას ემსახურებოდნენ, თვითონ კი დროებით აზიაში დარჩა.
23 იმ დროს იქ დიდი შფოთი+ ატყდა უფლის გზის+ გამო. 24 ერთი ვერცხლის მჭედელი დემეტრიოსი ვერცხლისგან არტემიდას პატარა ტაძრებს აკეთებდა და სხვა ხელოსნებსაც კარგ მოგებას+ აძლევდა. 25 მან შეკრიბა ისინი და ამ საქმეზე მომუშავეები+ და უთხრა: „თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი კეთილდღეობა ამ საქმეზეა დამოკიდებული.+ 26 იმასაც ხედავთ და გესმით, რომ მარტო ეფესოში+ კი არა, თითქმის მთელ აზიაში ეს პავლე არწმუნებს და აზრს აცვლევინებს დიდძალ ხალხს; ეუბნება, რაც ხელით არის გაკეთებული,+ ღმერთები არ არიანო. 27 თანაც მხოლოდ იმის საშიშროება კი არ არსებობს, რომ ჩვენი ხელობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდ ქალღმერთ არტემიდას+ ტაძარსაც აღარაფრად ჩათვლიან და ბოლო მოეღება მის დიდებულებასაც, რომელსაც თაყვანს სცემს არა მარტო აზია, არამედ მთელი მსოფლიო“. 28 ეს რომ მოისმინეს, განრისხდნენ და აყვირდნენ: „დიდია ეფესოელების არტემიდა!“
29 ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. მთელი ხალხი თეატრში შეცვივდა, მიათრევდნენ გაიუსსა და არისტარქეს,+ პავლეს მაკედონელ თანამგზავრებს. 30 პავლეს უნდოდა ხალხში შესულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს. 31 ზეიმებისა და თამაშების ზოგიერთმა ორგანიზატორმაც, რომლებიც მის მიმართ მეგობრულად იყვნენ განწყობილნი, ხალხი გაუგზავნეს მას და ეხვეწებოდნენ, თავი საფრთხეში არ ჩაეგდო თეატრში. 32 ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი — მეორეს,+ შეკრებილ ხალხში არეულობა იყო და უმრავლესობამ არც კი იცოდა, რისთვის იყვნენ შეკრებილნი. 33 გაიყვანეს ხალხიდან ალექსანდრე, რომელიც იუდეველებმა ხელის კვრით წინ გააგდეს. მან ხელით ანიშნა ხალხს, გაჩუმებულიყვნენ, და თავის დაცვა დააპირა მათ წინაშე. 34 როცა იცნეს, რომ იუდეველი იყო, ყველა ერთხმად აყვირდა და თითქმის ორ საათს გაჰყვიროდნენ: „დიდია+ ეფესოელების არტემიდა!“
35 როგორც იქნა, ქალაქის მწერალმა ხალხი დააშოშმინა+ და მიმართა: „ეფესოელებო, ვინ არ იცის, რომ ეფესოელების ქალაქი იცავს დიდი არტემიდას ტაძარსა და ცით მოვლენილ ქანდაკებას? 36 და რაკი ეს უდავოა, გმართებთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წინდაუხედავად არ მოიქცეთ.+ 37 თქვენი მოყვანილი კაცები არც ტაძრის მძარცველები არიან და არც ჩვენი ქალღმერთის მგმობელები. 38 ამიტომ, თუ დემეტრიოსსა+ და სხვა ხელოსნებს ვინმეზე საჩივარი აქვთ, ამისთვის სასამართლოს+ დღეები იმართება და არიან პროკონსულები;+ წაუყენონ ერთმანეთს ბრალდებები. 39 მაგრამ, თუ სხვა რამე გაინტერესებთ, ეს ჩვეულებრივ კრებაზე უნდა გადაწყდეს, 40 რადგან მართლა გვემუქრება იმის საშიშროება, რომ ამბოხებისკენ მოწოდებაში დაგვადანაშაულონ დღეს მომხდარის გამო, ვინაიდან ვერაფრით გავამართლებთ ამ უწესრიგო თავყრილობას“. 41 ეს თქვა+ და შეკრებილი ხალხი დაიშალა.+
20 აურზაური რომ დაცხრა, პავლემ მოწაფეები დაიბარა, გაამხნევა ისინი, დაემშვიდობა+ და მაკედონიაში+ წავიდა. 2 მოიარა ის მხარეები, იქაურები მრავალი სიტყვით+ გაამხნევა და საბერძნეთში ჩავიდა. 3 იქ სამი თვე დაყო, შემდეგ კი მაკედონიის გავლით გადაწყვიტა დაბრუნება, რადგან, როცა სირიაში ზღვით გამგზავრება დააპირა, იუდეველებმა შეთქმულება+ მოუწყვეს. 4 მას თან ახლდნენ ბერეელი პიროსის ვაჟი სოპატრე,+ თესალონიკედან არისტარქე+ და სეკუნდუსი, დერბელი გაიუსი, ტიმოთე,+ და აზიიდან ტიქიკე+ და ტროფიმე.+ 5 ისინი ჩვენზე წინ წავიდნენ და ტროაში+ გველოდებოდნენ, 6 ჩვენ კი უფუარობის დღესასწაულის+ შემდეგ ფილიპედან ზღვით წავედით და ხუთ დღეში ჩავედით მათთან ტროაში.+ იქ შვიდ დღეს დავრჩით.
7 კვირის პირველ დღეს,+ როცა საჭმელად შევიკრიბეთ, პავლემ სიტყვით მიმართა მათ, რადგან მეორე დღეს წასვლას აპირებდა; სიტყვა შუაღამემდე გაუგრძელდა. 8 ზემოთა ოთახში,+ სადაც შეკრებილები ვიყავით, ბევრი ლამპარი ენთო. 9 როცა პავლე ლაპარაკობდა, ერთ ბიჭს, სახელად ევტიქეს, რომელიც ფანჯრის რაფაზე იჯდა, ძილი მოერია, ღრმად ჩაეძინა, მესამე სართულიდან გადმოვარდა და მოკვდა. 10 პავლე დაბლა ჩავიდა, დაემხო მას,+ მოეხვია და თქვა: „დაწყნარდით, მისი სული* მასშია“.+ 11 შემდეგ მაღლა ავიდა, პური გატეხა და ჭამა დაიწყო. ჭამის შემდეგ გათენებამდე საუბრობდა, მერე კი წავიდა. 12 მათ ბიჭი ცოცხალი წაიყვანეს, რამაც ყველა დიდად ანუგეშა.
13 ჩვენ კი ხომალდისკენ გავეშურეთ და ასოსისკენ გავცურეთ, სადაც პავლე ხომალდზე უნდა აგვეყვანა. მან თვითონ მოგვცა ასეთი მითითება, თავად კი ფეხით აპირებდა წასვლას. 14 როცა ასოსში დაგვეწია, ხომალდზე ამოვიყვანეთ და მიტილენეში წავედით. 15 მეორე დღეს იქიდან რომ გავცურეთ, ქიოსის პირდაპირ გავჩერდით, მესამე დღეს სამოსს მივადექით, მეოთხე დღეს კი მილეტში მივედით. 16 პავლეს გადაწყვეტილი ჰქონდა, ეფესოსთვის+ გვერდი აევლო, რათა აზიაში არ გაჩერებულიყო. ჩქარობდა, უნდოდა, თუკი შეძლებდა, იერუსალიმში+ ასულიყო ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე.
17 მილეტში მან ეფესოს კრების უხუცესები+ დაიბარა. 18 როცა მივიდნენ, უთხრა მათ: «თქვენ კარგად იცით, რომ აზიაში+ მოსვლის პირველივე დღიდან სულ თქვენთან ვიყავი+ 19 და ვემსახურებოდი უფალს, როგორც მონა,+ უდიდესი თავმდაბლობით,+ ცრემლებითა და განსაცდელებით, რომლებიც თავს დამატყდა იუდეველთა შეთქმულებების+ გამო. 20 თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყოველივე სასარგებლოს და გასწავლიდით+ სახალხოდ და კარდაკარ,+ 21 საფუძვლიანად ვუმოწმებდი+ იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებისა+ და ჩვენი უფალი იესოსადმი რწმენის შესახებ. 22 ახლა კი ღვთის სულს+ მივყავარ იერუსალიმში, თუმცა არ ვიცი, რა შემემთხვევა იქ, 23 გარდა იმისა, რომ ბორკილები და გასაჭირი მელის, რასაც წმინდა სული+ განუწყვეტლივ მიმოწმებს ქალაქიდან ქალაქში,+ 24 მაგრამ ჩემი სული არ მანაღვლებს,+ ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი+ და უფალ იესოსგან მიღებული+ მსახურება,+ რათა საფუძვლიანად დავამოწმო სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ.+
25 ვიცი, რომ ვერც ერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც სამეფოს შესახებ ვქადაგებდი, ჩემს სახეს ვეღარ იხილავს. 26 ამიტომ მოგიწოდებთ, რათა დამემოწმოთ დღეს, რომ სუფთა ვარ ყველას სისხლისაგან,+ 27 რადგან თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, ღვთის ყველა განზრახვაზე+ გელაპარაკებოდით. 28 ყურადღება+ მიაქციეთ საკუთარ თავს+ და მთელ სამწყსოს,+ რომლის ზედამხედველებადაც+ წმინდა სულმა დაგნიშნათ, რათა დამწყემსოთ ღვთის კრება,+ რომელიც მან საკუთარი ძის სისხლით+ შეიძინა. 29 ვიცი, ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები+ და არ დაინდობენ სამწყსოს; 30 თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად+ ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები.+
31 მაშ, ფხიზლად იყავით და გახსოვდეთ, რომ სამი წელი,+ დღე და ღამე, განუწყვეტლივ შეგაგონებდით+ ცრემლებით თითოეულ თქვენგანს. 32 ახლა კი მიგანდობთ ღმერთსა+ და მისი წყალობის სიტყვას, რომელსაც შეუძლია თქვენი აღშენება+ და თქვენთვის მემკვიდრეობის მოცემა, როგორც ყველა განწმენდილს მისცა.+ 33 არავისი არც ვერცხლი მისურვია, არც ოქრო და არც ტანსაცმელი.+ 34 თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ხელები ემსახურებოდა ჩემსა და ჩემთან მყოფთა საჭიროებებს.+ 35 ყველაფერში გიჩვენეთ, რომ ასეთი შრომით+ უნდა დაეხმაროთ უძლურებს+ და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს,+ ვიდრე მიღებას“».
36 ეს თქვა, მუხლი მოიყარა+ და მათთან ერთად ილოცა. 37 ყველა ატირდა, პავლეს კისერზე+ ეხვეოდნენ და სიყვარულით კოცნიდნენ.+ 38 განსაკუთრებით იმ სიტყვებმა დაამწუხრა ყველა, რომ მის სახეს ვეღარ იხილავდნენ,+ და მიაცილეს+ იგი ხომალდამდე.
21 დავშორდით მათ, ქარის მიმართულებით გავცურეთ და პირდაპირ კოსზე მივედით, მეორე დღეს წავედით როდოსზე, იქიდან კი — პატარაში. 2 მოვძებნეთ ფინიკიაში მიმავალი ხომალდი, ავედით მასზე და გავემგზავრეთ. 3 მარცხნივ გამოჩნდა კუნძული კვიპროსი,+ რომელიც უკან მოვიტოვეთ, სირიისკენ+ გავემართეთ და ტვიროსში ჩავედით, რადგან ხომალდი უნდა გადმოეტვირთათ.+ 4 იქ მოწაფეები მოვნახეთ და შვიდი დღე დავრჩით. მათ, სულით+ აღძრულებმა, არაერთხელ უთხრეს პავლეს, არ ასულიყო იერუსალიმში. 5 იმ დღეებმა რომ ჩაიარა, იქიდან წამოვედით. მათ კი ყველამ ერთად, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, ქალაქგარეთ გაგვაცილეს. ზღვის პირას მუხლი მოვიყარეთ,+ ვილოცეთ 6 და ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ.+ ჩვენ ხომალდზე ავედით, ისინი კი სახლებში დაბრუნდნენ.
7 ტვიროსიდან მივედით პტოლემაიდაში, სადაც ხომალდით მგზავრობა დავასრულეთ. იქ ძმები მოვინახულეთ და ერთი დღე მათთან დავრჩით. 8 მეორე დღეს გზას დავადექით და კესარეაში+ მივედით. შევედით მახარობელ ფილიპეს სახლში, რომელიც შვიდიდან+ ერთ-ერთი იყო, და მასთან დავრჩით. 9 მას ოთხი ასული ჰყავდა, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ.+ 10 მასთან დიდხანს დავრჩით და ჩვენი იქ ყოფნის დროს იუდეიდან ჩამოვიდა წინასწარმეტყველი აგაბე.+ 11 ის ჩვენთან მოვიდა, პავლეს სარტყელი აიღო, ხელ-ფეხი შეიბოჭა და თქვა: «ასე ამბობს წმინდა სული: „ამ სარტყლის პატრონს იუდეველები ასე შებოჭავენ+ იერუსალიმში და უცხოტომელებს გადასცემენ“».+ 12 ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც და იქაურებიც ვეხვეწებოდით მას, არ ასულიყო+ იერუსალიმში. 13 მაშინ პავლემ გვიპასუხა: „გულს რატომ მიღონებთ+ თქვენი ტირილით?+ დარწმუნებულნი იყავით: მე მზად ვარ არა მხოლოდ შესაბოჭად, არამედ იმისთვისაც, რომ უფალ იესოს სახელისთვის მოვკვდე+ იერუსალიმში“. 14 ვერ გადავათქმევინეთ და ძალაუნებურად დავეთანხმეთ, ვთქვით: „იყოს იეჰოვას ნება“.+
15 ამის შემდეგ გავემზადეთ და იერუსალიმის გზას დავადექით.+ 16 თან გამოგვყვა რამდენიმე კესარეელი+ მოწაფე, რათა მივეყვანეთ ერთ-ერთი პირველი მოწაფის, კვიპროსელი მნასონის სახლში, სადაც უნდა გავჩერებულიყავით. 17 იერუსალიმში+ ძმებმა სიხარულით+ მიგვიღეს. 18 მეორე დღეს პავლესთან ერთად წავედით იაკობთან,+ სადაც ყველა უხუცესი შეკრებილიყო. 19 პავლე მიესალმა მათ და დაწვრილებით უამბო,+ რა გააკეთა ღმერთმა უცხოტომელებში მისი მსახურებით.+
20 ეს რომ მოისმინეს, ღვთის განდიდება დაიწყეს და პავლეს ეუბნებოდნენ: „შენ ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველებს შორის, თანაც კანონის მოშურნეები არიან.+ 21 მათ გაგებული აქვთ შენზე, რომ უცხოტომელთა შორის მცხოვრებ იუდეველებს მოსესგან განდგომას ასწავლი+ და ეუბნები, რომ თავიანთი შვილები არ უნდა წინადაცვითონ+ და წეს-ჩვეულებებს არ უნდა მისდიონ. 22 მაშ, რა ვქნათ? ისინი მაინც გაიგებენ, რომ ჩამოხვედი. 23 ამიტომ, რასაც გეტყვით, ის გააკეთე: ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომლებსაც აღთქმა აქვთ დადებული. 24 წაიყვანე ისინი+ და მათთან ერთად შეასრულე განწმენდის წეს-ჩვეულება. ხარჯები შენ თავზე აიღე+ და თავები გააკრეჭინე.+ მაშინ ყველა გაიგებს, რომ, რაც შენზე გაუგიათ, უსაფუძვლოა, და რომ შენ სწორად იქცევი და კანონსაც იცავ.+ 25 რაც შეეხება მორწმუნეებს უცხოტომელებიდან, მათ ჩვენი გადაწყვეტილება გავუგზავნეთ, რომ თავი დაიცვან კერპთშენაწირისგან,+ სისხლისგან,+ დამხრჩვალისა+ და სიძვისგან“.+
26 მეორე დღეს პავლემ ის კაცები წაიყვანა და მათთან+ ერთად შეასრულა განწმენდის წეს-ჩვეულება. შემდეგ ტაძარში შევიდა, რომ განეცხადებინა განწმენდის დღეების დასრულების+ შესახებ, როცა თითოეულისთვის უნდა შეწირულიყო+ შესაწირავი.+
27 შვიდი+ დღე რომ იწურებოდა და აზიელმა იუდეველებმა ის ტაძარში ნახეს, მთელ ხალხში არეულობა+ შეიტანეს, შეიპყრეს იგი და 28 ყვიროდნენ: „ისრაელებო, გვიშველეთ! ეს ის კაცია, რომელიც ყველას და ყველგან ასწავლის ხალხის,+ კანონისა და ამ ადგილის წინააღმდეგ, მან ბერძნებიც კი შეიყვანა ტაძარში და შებილწა ეს წმინდა ადგილი“.+ 29 მანამდე ქალაქში მათ პავლესთან დაინახეს ეფესოელი ტროფიმე+ და ეგონათ, რომ მან ის ტაძარში შეიყვანა. 30 აურზაური მთელ ქალაქს მოედო,+ ხალხი მოცვივდა, პავლე დაიჭირეს და ტაძრიდან გამოათრიეს.+ კარები მაშინვე დაკეტეს. 31 როცა მოკვლა დაუპირეს, რაზმის მეთაურს ცნობა მიუვიდა, რომ მთელ იერუსალიმში არეულობა იყო.+ 32 მან მაშინვე წაიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და ხალხისკენ გაემართა.+ მათ ათასისთავი+ და ჯარისკაცები რომ დაინახეს, პავლეს ცემა შეწყვიტეს.
33 მაშინ ათასისთავი ახლოს მივიდა, პავლეს ხელი მოჰკიდა, ბრძანა, რომ ორი ჯაჭვით+ შეეკრათ, და გამოკითხვა დაიწყო, თუ ვინ იყო და რა ჩაიდინა. 34 ხალხში ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი — მეორეს.+ აურზაურის გამო რომ ვერაფერი გაიგო, ბრძანა, ის ყაზარმაში წაეყვანათ.+ 35 მაგრამ პავლე კიბეზე რომ ავიდა, ხალხი ისე იყო გამძვინვარებული, ჯარისკაცებს მისი ხელში აყვანა მოუწიათ. 36 მათ დიდძალი ხალხი მისდევდა ყვირილით: „მოგვაშორე!“+
37 პავლე უკვე ყაზარმაში შეჰყავდათ, როცა მან ათასისთავს ჰკითხა: „შეიძლება რაღაცა გითხრა?“ მან მიუგო: „ბერძნული იცი? 38 შენ ის ეგვიპტელი ხომ არა ხარ, რომელმაც ამას წინათ ამბოხება მოაწყო+ და ოთხი ათასი მეამბოხე გაიყვანა უდაბნოში?“ 39 პავლემ უპასუხა: „მე იუდეველი ვარ,+ კილიკიის ტარსოსიდან,+ საკმაოდ ცნობილი ქალაქის მოქალაქე. ნება მიბოძეთ, ხალხს დაველაპარაკო“. 40 ნებართვის მიღების შემდეგ კიბიდან პავლემ ხელით ანიშნა+ ხალხს, გაჩუმებულიყვნენ. სრული სიჩუმე რომ ჩამოვარდა, ებრაულად+ მიმართა მათ:
22 „ძმებო+ და მამებო, მომისმინეთ, თავი მინდა დავიცვა+ თქვენ წინაშე“. 2 (როცა გაიგონეს, რომ ებრაულად+ მიმართავდა, უფრო ჩაწყნარდნენ, მან კი თქვა:) 3 «მე იუდეველი ვარ,+ დავიბადე კილიკიის+ ტარსოსში, მაგრამ განათლება ამ ქალაქში მივიღე გამალიელის+ ფეხებთან. მამაპაპისეული კანონის სიმკაცრით+ განსწავლული და ღვთის მოშურნე ვარ,+ როგორც თითოეული თქვენგანი დღეს. 4 ვდევნიდი უფლის გზის მიმდევრებს, სასიკვდილოდაც+ კი ვიმეტებდი მათ, ვბოჭავდი და საპყრობილეებში+ ვყრიდი კაცსაც და ქალსაც, 5 რაშიც მღვდელმთავარი და ყველა უხუცესი+ დამემოწმება. მათ წერილებიც+ კი გამატანეს დამასკოელ ძმებთან და წავედი, რომ იქაურებიც შემებოჭა და იერუსალიმში მომეყვანა დასასჯელად.
6 როცა დამასკოს ვუახლოვდებოდი, შუადღისას უეცრად ძლიერი სინათლე მომეფინა ციდან,+ 7 მიწაზე დავეცი და გავიგონე ხმა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი?“+ 8 ვკითხე: „ვინა ხარ, უფალო?“ მან მითხრა: „მე ვარ იესო ნაზარეთელი, რომელსაც შენ დევნი“.+ 9 ჩემი თანამგზავრები ხედავდნენ+ სინათლეს, მაგრამ ვერ გაეგოთ, რას მელაპარაკებოდა ის ხმა.+ 10 მაშინ ვკითხე: „როგორ მოვიქცე,+ უფალო?“ უფალმა მომიგო: „ადექი, წადი დამასკოში და იქ გეუწყება ყველაფერი, რის გაკეთებაც გევალება“.+ 11 იმდენად დიდებული იყო ის სინათლე, რომ ვეღარაფერს ვხედავდი. ამიტომ ჩემმა თანამგზავრებმა ხელი ჩამკიდეს და ისე მიმიყვანეს დამასკოში.+
12 შემდეგ ერთი ღვთისმოშიში და კანონის დამცველი კაცი, ანანია, რომელსაც კარგი სახელი ჰქონდა+ იქ მცხოვრებ იუდეველებს შორის, 13 ჩემთან მოვიდა, გვერდით დამიდგა და მითხრა: „სავლე, ძმაო, აგეხილოს თვალი!“+ მე მაშინვე დავინახე იგი. 14 მან მითხრა: „ჩვენი მამა-პაპის+ ღმერთმა აგირჩია,+ რომ მისი ნება შეგეცნო და დაგენახა+ ის, ვინც მართალია,+ და მოგესმინა მისი ხმა,+ 15 რადგან შენ მისი მოწმე უნდა იყო და ყველას წინაშე უნდა დაამოწმო ის, რაც ნახე და მოისმინე.+ 16 რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე,+ ჩამოირეცხე+ ცოდვები და მოუხმე მის სახელს“.+
17 როცა იერუსალიმში+ დავბრუნდი და ტაძარში ვლოცულობდი, ბურანში წავედი+ 18 და ვიხილე იგი. მან მითხრა: „იჩქარე, მალე გადი იერუსალიმიდან, რადგან ისინი არ მიიღებენ+ შენს მოწმობას ჩემ შესახებ“. 19 მე მივუგე: „უფალო, მათ ხომ კარგად იციან, რომ შენს მორწმუნეებს საპყრობილეში+ ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი.+ 20 და როცა შენი მოწმის, სტეფანეს+ სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი, ვიწონებდი+ ამას და მისი მკვლელების ტანსაცმელს ვდარაჯობდი“. 21 მან კი მაინც მითხრა: „წადი, შორს გგზავნი, უცხოტომელებთან“».+
22 ამ სიტყვებამდე ისინი უსმენდნენ მას, შემდეგ კი აყვირდნენ: „მოაშორე ეს კაცი მიწის პირისგან, არ არის სიცოცხლის ღირსი!“+ 23 ყვიროდნენ, ტანსაცმელს აქეთ-იქით ისროდნენ და მტვერს ჰაერში ყრიდნენ,+ 24 რის გამოც ათასისთავმა ბრძანა, ის ყაზარმაში წაეყვანათ და შოლტით დაეკითხათ, რომ ბოლომდე გაეგო, რატომ ყვიროდნენ+ ასე მის წინააღმდეგ. 25 მაგრამ როცა ის გასაშოლტად დააბეს, პავლემ იქ მდგომ ასისთავს უთხრა: „განა გაქვთ იმის უფლება, რომ რომაელი+ კაცი გაუსამართლებლად გაშოლტოთ?“ 26 როცა ასისთავმა ეს გაიგონა, ათასისთავთან მივიდა და მოახსენა: „რას აპირებ? რომაელი ყოფილა ეს კაცი“. 27 ათასისთავი მივიდა მასთან და ჰკითხა: „მითხარი, რომაელი ხარ?“+ მან უპასუხა: „დიახ“. 28 ათასისთავმა დასძინა: „მე დიდი თანხა დამიჯდა ამ მოქალაქეობის მიღება“. პავლემ მიუგო: „მე კი ამ მოქალაქის უფლებებით დავიბადე“.+
29 როგორც კი ეს მოისმინეს, მათ, ვინც წამებით უპირებდა დაკითხვას, მიატოვეს ის. ათასისთავს შეეშინდა, როცა გაიგო, რომ ის რომაელი+ ყოფილა, რადგან მან შებოჭა იგი.
30 მეორე დღეს, რადგან სურდა დანამდვილებით გაეგო, რატომ სდებდნენ ბრალს იუდეველები, ის გაათავისუფლა და ბრძანა, რომ უფროსი მღვდლები და მთელი სინედრიონი* შეკრებილიყო; ჩამოიყვანა პავლე და მათ შორის დააყენა.+
23 პავლემ შეხედა სინედრიონს და თქვა: „ძმებო, დღემდე სრულიად სუფთა სინდისით+ დავდივარ ღვთის წინაშე“. 2 ამაზე მღვდელმთავარმა ანანიამ მის გვერდით მდგომთ უბრძანა, ტუჩებში შემოერტყათ+ მისთვის. 3 მაშინ პავლემ უთხრა მას: „ღმერთი შემოგარტყამს შე შეთეთრებულო+ კედელო. თან ზიხარ და კანონით მასამართლებ,+ თან კიდევ ჩემს ცემას ბრძანებ და ამით თვითონვე არღვევ კანონს?!“+ 4 მის გვერდით მდგომებმა თქვეს: „ღვთის მღვდელმთავარს ლანძღავ?“ 5 პავლემ მიუგო: «ძმებო, არ ვიცოდი, რომ მღვდელმთავარი იყო. დაწერილია: „შენი ხალხის მმართველზე ცუდს ნუ იტყვი“».+
6 პავლემ შენიშნა, რომ ერთნი სადუკეველები+ იყვნენ, მეორენი კი — ფარისევლები, და სინედრიონში წამოიძახა: „ძმებო, მე ფარისეველი ვარ,+ ფარისევლების შვილი. მკვდრეთით აღდგომის იმედის+ გამო მასამართლებენ“.+ 7 ეს რომ თქვა, უთანხმოება+ ჩამოვარდა ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის და იქ მყოფი ხალხი გაიყო, 8 რადგან სადუკეველები+ ამბობენ, რომ არ არსებობს არც აღდგომა,+ არც ანგელოზი და არც სული, ფარისევლები კი ამ ყველაფერს აღიარებენ. 9 ატყდა ძლიერი ყვირილი+ და ფარისევლების მხრიდან ზოგი მწიგნობარი წამოდგა და ცხარე კამათი გამართეს: „ამ კაცს ვერანაირი დანაშაული ვერ ვუპოვეთ,+ და თუ მას სული ან ანგელოზი ელაპარაკა . . .“+ 10 როცა უთანხმოება გამწვავდა, ათასისთავს შეეშინდა, პავლე არ გაგლიჯონო, და ჯარისკაცებს+ უბრძანა, ჩასულიყვნენ, გამოეტაცათ მათთვის და ყაზარმაში წაეყვანათ.+
11 მეორე ღამეს უფალი გამოეცხადა მას+ და უთხრა: „გამაგრდი!+ როგორც იერუსალიმში ამოწმებდი+ საფუძვლიანად ჩემ შესახებ, რომშიც ისევე უნდა დაამოწმო“.+
12 როცა გათენდა, იუდეველებმა პირი შეკრეს+ და ფიცი დადეს,+ რომ სანამ პავლეს არ მოკლავდნენ, არც შეჭამდნენ და არც დალევდნენ.+ 13 ამაში ორმოც კაცზე მეტი მონაწილეობდა. 14 ისინი უფროს+ მღვდლებთან და უხუცესებთან მივიდნენ და უთხრეს: „ჩვენ ფიცი დავდეთ, რომ, სანამ პავლეს არ მოვკლავთ, ლუკმას არ ჩავიდებთ პირში. 15 ამიტომ სინედრიონთან ერთად აუხსენით ათასისთავს მისი მოყვანის მიზეზი. უთხარით, ვითომ გინდათ უკეთ გაერკვეთ მის საქმეში, და სანამ აქამდე მოვა,+ ჩვენ უკვე მზად ვიქნებით მის მოსაკლავად“.+
16 პავლეს დისშვილმა გაიგო, რომ პავლეს ჩაუსაფრდნენ,+ წავიდა ყაზარმაში და შეატყობინა მას. 17 პავლემ ერთი ასისთავი მოიხმო და უთხრა: „ეს ბიჭი ათასისთავთან წაიყვანე, რაღაცა აქვს სათქმელი“. 18 მანაც მიიყვანა ის ათასისთავთან და უთხრა: „პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, ეს ბიჭი შენთან მომეყვანა, რაღაცა აქვს სათქმელი“. 19 ათასისთავმა მას ხელი მოჰკიდა,+ გვერდზე გაიყვანა და ჰკითხა: „აბა, რა უნდა მითხრა?“ 20 მან უპასუხა: „იუდეველებმა მოილაპარაკეს, გთხოვონ, ხვალ პავლე სინედრიონში ჩაიყვანო, ვითომ უკეთ უნდა გაერკვიონ მის საქმეში.+ 21 არ დაგიყოლიონ, რადგან მათგან ორმოცზე მეტი კაცი ჩაუსაფრდა პავლეს.+ მათ ფიცი აქვთ დადებული, რომ სანამ მას არ მოკლავენ,+ არც შეჭამენ და არც დალევენ. უკვე მზად არიან და შენს თანხმობასღა ელიან“. 22 ათასისთავმა ბიჭს უბრძანა, არავისთან წამოგცდეს, ეს რომ მითხარიო, და გაუშვა.
23 მან ორი ასისთავი დაიბარა და უთხრა: „ღამის მესამე საათისთვის* მზად გყავდეთ ორასი ჯარისკაცი, სამოცდაათი მხედარი და ორასი შუბოსანი კესარეაში გასამგზავრებლად. 24 მზად გყავდეთ სახედრებიც, რათა პავლე საღ-სალამათი მიიყვანონ გამგებელ ფელიქსთან“. 25 და დაწერა შემდეგი შინაარსის წერილი:
26 „მის აღმატებულებას გამგებელ ფელიქსს+ კლავდიუს ლისიასგან. მოგესალმები! 27 ეს კაცი იუდეველებმა შეიპყრეს და უკვე მოკვლას უპირებდნენ, მაგრამ მე მაშინვე მივედი ჩემი ჯარისკაცებით და გამოვიხსენი,+ რადგან გავიგე, რომ რომაელი ყოფილა.+ 28 მინდოდა გამეგო, რაში სდებდნენ ბრალს და სინედრიონში მივიყვანე.+ 29 დავინახე, რომ მას თავიანთი კანონის საკითხებში სდებდნენ ბრალს+ და ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ სიკვდილი ან ბორკილები დაემსახურებინა.+ 30 და რადგან გავიგე, რომ შეთქმულება+ მოუწყვეს, დაუყოვნებლივ გიგზავნით მას და ვუბრძანებ მის ბრალმდებლებს, თქვენ წინაშე ილაპარაკონ მის წინააღმდეგ“.+
31 ჯარისკაცებმა+ წაიყვანეს პავლე, როგორც ნაბრძანები ჰქონდათ, და ღამით ანტიპატრიდაში მიიყვანეს. 32 მეორე დღეს ის მხედრებს გააყოლეს, თვითონ კი ყაზარმაში დაბრუნდნენ. 33 მხედრები კესარეაში+ მივიდნენ, გამგებელს წერილი გადასცეს და პავლე წარუდგინეს. 34 მან წერილი წაიკითხა და პავლეს ჰკითხა, რომელი პროვინციიდან ხარო, და გაიგო,+ რომ კილიკიიდან+ იყო. 35 „როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ, ამ საქმეს ყურადღებით მოვისმენ“,+ — უთხრა მას და ბრძანა, რომ ის ჰეროდეს პრეტორიუმის სასახლეში დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ ჰყოლოდათ.
24 ხუთი დღის შემდეგ მოვიდნენ მღვდელმთავარი ანანია,+ რამდენიმე უხუცესი და ვინმე ორატორი ტერტულუსი. ისინი გამგებელს+ უარყოფითად ესაუბრნენ+ პავლეზე. 2 როცა ტერტულუსი გამოიძახეს, რომ ბრალი დაედო პავლესთვის, მან დაიწყო:
„თქვენი წყალობით გვაქვს დიდი მშვიდობა+ და თქვენი შორსმჭვრეტელობით ხდება ამ ერში გარდაქმნები. 3 ამას, თქვენო აღმატებულებავ,+ ფელიქს, ყოველთვის და ყველგან უდიდესი მადლიერებით ვიღებთ. 4 მაგრამ მეტად რომ აღარ შეგაწუხოთ, მოკლედ ვიტყვი და უმორჩილესად გთხოვთ, მოგვისმინოთ თქვენი გულკეთილობით. 5 ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს კაცი მავნებელია,+ მთელ მსოფლიოში იუდეველებს ამბოხებისკენ მოუწოდებს+ და ნაზარეთელთა+ სექტის წინამძღოლია, 6 ტაძრის შებღალვასაც შეეცადა,+ მაგრამ შევიპყარით. 7 —— 8 დაჰკითხეთ და თავად შეიტყობთ მისგან ყველაფერს, რაშიც ჩვენ ვდებთ ბრალს“.
9 ამასობაში, იუდეველებიც გადავიდნენ შეტევაზე და ირწმუნებოდნენ, მართალს ამბობსო. 10 გამგებელმა თავით ანიშნა პავლეს, ილაპარაკეო, და მანაც დაიწყო:
„კარგად ვიცი, რომ მრავალი წელია თქვენ ამ ერის მოსამართლე ბრძანდებით, ამიტომ თამამად ვილაპარაკებ და დავიცავ თავს.+ 11 თავადვე შეგიძლიათ დაადგინოთ, რომ თორმეტი დღეც არ გასულა მას შემდეგ, რაც იერუსალიმში ავედი თაყვანსაცემად.+ 12 მათ არც ტაძარში+ ვუნახივარ ვინმესთან მოკამათე და არც სინაგოგებსა თუ ქალაქში ამიშფოთებია ხალხი.+ 13 ვერც იმას დაამტკიცებენ,+ რაშიც ახლა მდებენ ბრალს. 14 ვაღიარებ თქვენ წინაშე, რომ თუმცა ისინი ამას სექტას უწოდებენ, მე ჩემი მამა-პაპის+ ღმერთს ვუსრულებ წმინდა მსახურებას, რადგან მწამს ყველაფერი, რაც კანონშია+ მოცემული და წინასწარმეტყველთა წიგნებში წერია. 15 მათ მსგავსად მეც მაქვს ღვთის იმედი,+ რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა,+ მართლებისაც+ და უმართლოებისაც.+ 16 ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, გათვითცნობიერებული+ მქონდეს, რომ ცუდი არაფერი გავაკეთო ღვთისა და ადამიანების წინაშე. 17 მრავალი წლის შემდეგ მივედი ჩემს ხალხთან მოწყალების მისატანად, მივიტანე შესაწირავიც.+ 18 მათ ტაძარში მნახეს განწმენდილი+ და არა ბრბოში და აურზაურში. იქ იყვნენ იუდეველები აზიიდან; 19 კარგი იქნებოდა, ისინიც აქ ყოფილიყვნენ თქვენ წინაშე, რათა ბრალი დაედოთ ჩემთვის, თუ შეძლებდნენ.+ 20 ანდა აქ მყოფებმა თვითონ თქვან, რა გავაკეთე ცუდი, როცა სინედრიონის* წინაშე ვიდექი, 21 მხოლოდ ის წამოვიძახე, მკვდრეთით აღდგომისთვის მასამართლებენ-მეთქი დღეს თქვენ წინაშე!“+
22 ფელიქსი+ საკმაოდ კარგად იცნობდა უფლის გზას,+ ამიტომ მათი საქმე გადადო და უთხრა: „როცა ათასისთავი ლისია+ ჩამოვა, მაშინ გადავწყვეტ თქვენს საქმეს“. 23 მან ასისთავს უბრძანა, თვალყური ედევნებინა პავლესთვის, მისი პატიმრობა შეემსუბუქებინა და არავისთვის აეკრძალა მისი მომსახურება.+
24 რამდენიმე დღის შემდეგ ჩავიდნენ ფელიქსი+ და თავისი ცოლი დრუზილა, რომელიც იუდეველი იყო.+ ფელიქსმა პავლე გამოაძახებინა და ისმენდა, რასაც ის ქრისტე იესოსადმი რწმენაზე ამბობდა.+ 25 ვინაიდან პავლე სიმართლეზე,+ თავშეკავებასა+ და მომავალ სასამართლოზე+ ლაპარაკობდა, ფელიქსს შეეშინდა და უთხრა: „ახლა წადი და როცა მოვიცლი, კვლავ დაგიძახებ“. 26 თანაც იმედოვნებდა, რომ პავლე ფულს მისცემდა.+ ამიტომ ხშირ-ხშირად უხმობდა მას და ესაუბრებოდა.+ 27 ორი წლის შემდეგ ფელიქსი პორციუს ფესტუსმა შეცვალა და რადგან ფელიქსს იუდეველებს შორის კეთილგანწყობილების მოხვეჭა უნდოდა,+ პავლე შებორკილი დატოვა.
25 პროვინციის მართვის დაწყებიდან+ სამი დღის შემდეგ ფესტუსი კესარეიდან იერუსალიმში ავიდა.+ 2 უფროსი მღვდლები და გავლენიანი იუდეველები მას პავლეზე უარყოფითად ელაპარაკნენ.+ ისინი ეხვეწებოდნენ, 3 შეესრულებინა მათი თხოვნა და პავლე იერუსალიმში მიეყვანა, რადგან აპირებდნენ გზაში ჩასაფრებოდნენ+ მას და მოეკლათ. 4 მაგრამ ფესტუსმა უპასუხა, რომ პავლე კესარეაში უნდა ყოფილიყო მეთვალყურეობის ქვეშ და მალე თვითონაც წავიდოდა იქ. 5 „ამიტომ, ვისაც შეგიძლიათ, — უთხრა მან, — გამომყევით და ბრალი დასდეთ მას,+ თუ რამე აქვს ჩადენილი“.
6 იქ რვა თუ ათი დღე დარჩა და კესარეაში ჩავიდა. მეორე დღეს სასამართლო ტახტზე დაჯდა+ და პავლეს მოყვანა ბრძანა. 7 როცა ის მოვიდა, იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველები გარს შემოეხვივნენ და მრავალ სერიოზულ ბრალდებას+ უყენებდნენ, თუმცა მათი დამტკიცება არ შეეძლოთ.
8 პავლემ კი თავი დაიცვა: „არანაირი ცოდვა არ ჩამიდენია+ არც იუდეველების კანონის წინააღმდეგ და არც ტაძრისა+ და კეისრის წინააღმდეგ“. 9 ფესტუსს იუდეველების მომადლიერება+ უნდოდა და პავლეს ჰკითხა: „არ გინდა იერუსალიმში ახვიდე და იქ გაგასამართლო?“+ 10 პავლემ მიუგო: „მე ვდგავარ კეისრის სასამართლო ტახტის წინ,+ სადაც უნდა გავსამართლდე კიდეც. იუდეველებისთვის ცუდი არაფერი გამიკეთებია,+ რაც თავადაც კარგად მოგეხსენებათ. 11 თუ მართლა დამნაშავე ვარ+ და ისეთი რამ ჩავიდინე, რომ სიკვდილს ვიმსახურებ,+ უარს არ ვამბობ სიკვდილზე, მაგრამ, თუ ესენი ტყუილად მდებენ ბრალს, მათ ჩემს თავს ვერავინ გადასცემს მათი გულის მოსაგებად. კეისართან ვასაჩივრებ!“+ 12 ფესტუსი მრჩევლებს მოეთათბირა და უთხრა მას: „კეისართან ასაჩივრებ და კეისართან წახვალ“.
13 რამდენიმე დღის შემდეგ კესარეაში ფესტუსს ეწვივნენ მეფე აგრიპა* და ბერნიკე. 14 ისინი რამდენიმე დღე დარჩნენ იქ. ფესტუსმა მეფეს პავლეს ამბავი მოახსენა:
„აქ არის ერთი კაცი, რომელიც ფელიქსმა დატოვა პატიმრად. 15 იერუსალიმში რომ ვიყავი, უფროსმა მღვდლებმა და იუდეველთა უხუცესებმა მის შესახებ ცნობები+ მომაწოდეს და მის დასჯას მოითხოვდნენ. 16 მე ვუპასუხე, რომ რომაელებს არ სჩვევიათ კაცისთვის მსჯავრის დადება ვინმეს გულის მოსაგებად, სანამ ბრალდებული+ თავის ბრალმდებლებს არ დაუპირისპირდება და თავდაცვის საშუალება არ მიეცემა. 17 ამიტომ, როცა ყველა ერთად შეიკრიბა, აღარ დავაყოვნე, მეორე დღესვე დავჯექი სასამართლო ტახტზე და მისი მოყვანა ვბრძანე. 18 ბრალმდებლებმა ვერ დასდეს მას ბრალი+ იმ ბოროტმოქმედებებში, რასაც მე ვვარაუდობდი. 19 ისინი მას რაღაცას ედავებოდნენ თავიანთ სარწმუნოებასა+ და ვიღაც მკვდარ იესოზე, რომელზეც პავლე ირწმუნებოდა, ცოცხალიაო.+ 20 ამ დავამ დამაფიქრა და ვკითხე, ხომ არ უნდოდა იერუსალიმში წასვლა და იქ გასამართლება,+ 21 მაგრამ როცა პავლემ კეისართან მოითხოვა+ გასაჩივრება, რომ მის უდიდებულესობას გამოეტანა გადაწყვეტილება, ვბრძანე, ის კეისართან გაგზავნამდე დაეკავებინათ“.
22 მაშინ აგრიპამ ფესტუსს უთხრა: „მეც მინდა იმ კაცს მოვუსმინო“.+ მან მიუგო: „ხვალვე მოუსმენ“. 23 მეორე დღეს აგრიპა და ბერნიკე დიდი ზარ-ზეიმით+ მივიდნენ და მისაღებ დარბაზში შევიდნენ ათასისთავებსა და ქალაქის წარჩინებულებთან ერთად და, ფესტუსის ბრძანებით, პავლე მოიყვანეს. 24 ფესტუსმა თქვა: „მეფე აგრიპა და ყველა დამსწრეებო, თქვენ ხედავთ კაცს, ვის გამოც მრავალმა იუდეველმა მომმართა იერუსალიმშიც და აქაც. ისინი გაჰყვიროდნენ, ეს კაცი სიცოცხლის ღირსი არ არისო.+ 25 მე კი მივხვდი, რომ მას ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ სიკვდილს იმსახურებდეს.+ ამიტომ, როცა მან თვითონ გაასაჩივრა+ მის უდიდებულესობასთან, გადავწყვიტე, მასთან გამეგზავნა. 26 მაგრამ მასზე ჩემს მეუფეს კონკრეტულს ვერაფერს მივწერ. ამიტომ მოვიყვანე ის ყველას წინაშე, უფრო კი თქვენ წინაშე, მეფე აგრიპა, რათა სასამართლო განხილვის+ შემდეგ შევძლო რამის დაწერა, 27 რადგან უგუნურებად მიმაჩნია, გავგზავნო პატიმარი და ბრალდებები არ ჩამოვწერო“.
26 აგრიპამ+ უთხრა პავლეს: „ნება გეძლევა ილაპარაკო და თავი დაიცვა“. მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა+ და თავის დასაცავად თქვა:+
2 «მეფე აგრიპა, მიხარია, რომ დღეს თქვენ წინაშე მიწევს თავის დაცვა იუდეველთა ბრალდებებისგან,+ 3 განსაკუთრებით იმიტომ, რომ თქვენ იუდეველების ყველა ჩვეულებასა+ და სადავო საკითხში ერკვევით. გთხოვთ, მოთმინებით მომისმინოთ.
4 რაც შეეხება იმას, თუ ახალგაზრდობიდანვე რა ცხოვრებით+ ვცხოვრობდი ჩემს ერში და იერუსალიმში, ყველა იუდეველმა, 5 ვინც კი ადრიდანვე მიცნობს, იცის — თუ მოისურვებენ, დამემოწმონ — რომ ფარისეველი ვიყავი,+ როგორც ამას ჩვენი სექტისთვის+ დამახასიათებელი უმკაცრესი თაყვანისმცემლობა მოითხოვდა. 6 ახლა კი სასამართლოს წინაშე ვდგავარ იმის გამო, რომ იმ დანაპირების+ იმედი+ მაქვს, რომელიც ღმერთმა ჩვენს მამა-პაპას მისცა. 7 ჩვენს თორმეტ ტომს კი იმის იმედი აქვს, რომ იხილავს ამ დანაპირების შესრულებას, და ამიტომ დღედაღამ გულმოდგინედ უსრულებს ღმერთს წმინდა მსახურებას.+ იუდეველები ამ იმედის გამო მდებენ ბრალს,+ მეფეო!
8 რატომ არ გჯერათ, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს?+ 9 პირადად მე მართლა ვფიქრობდი, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა იესო ნაზარეთელის სახელის წინააღმდეგ. 10 ასეც ვიქცეოდი იერუსალიმში და მრავალი წმინდაც ჩამიგდია საპყრობილეში,+ რისი უფლებამოსილებაც უფროსი მღვდლებისგან მქონდა,+ და მათ სიკვდილით დასჯასაც მხარს ვუჭერდი. 11 არაერთხელ დამისჯია ისინი სინაგოგებში+ და ასე ვცდილობდი მეიძულებინა, თავიანთი რწმენა დაეგმოთ, და, გაშმაგებული, სხვა ქალაქებშიც ვდევნიდი მათ.
12 სწორედ ამისთვის მივდიოდი დამასკოში+ უფროსი მღვდლებისგან მიღებული უფლებამოსილებითა და დავალებით. 13 შუადღისას, მეფეო, გზაზე სინათლე დავინახე, მზის ბრწყინვალებაზე ძლიერი, რომელიც მე და ჩემს თანამგზავრებს მოგვეფინა ციდან.+ 14 ყველანი მიწაზე დავემხეთ და მომესმა ხმა, რომელიც ებრაულად მეუბნებოდა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი? სახრესთან გაძალიანება კარგს არაფერს მოგიტანს“.+ 15 ვკითხე: „ვინა ხარ, უფალო?“ უფალმა მიპასუხა: „მე ვარ იესო, რომელსაც დევნი.+ 16 ადექი ფეხზე.+ მე იმიტომ მოგევლინე, რომ აგირჩიო მსახურად და იმის მოწმედ,+ რაც იხილე და რასაც გაჩვენებ ჩემ შესახებ. 17 მე დაგიხსნი ამ ხალხისგანაც და უცხოტომელებისგანაც, რომლებთანაც გგზავნი,+ 18 რომ თვალები აუხილო მათ,+ მოაქციო სიბნელიდან+ სინათლისკენ+ და სატანის ძალაუფლებისგან+ ღვთისკენ, რათა ჩემდამი რწმენით ცოდვები+ მიეტეოთ და მემკვიდრეობა+ მიიღონ განწმენდილებთან+ ერთად“.
19 ამიტომ, მეფე აგრიპა, მე არ ვეურჩე ზეციურ ჩვენებას,+ 20 წავედი დამასკოში,+ იქიდან იერუსალიმში,+ მთელ იუდეაში და უცხოტომელებთან+ და ვაცნობე ყველას, რომ უნდა მოენანიებინათ, მონანიების დამამტკიცებელი საქმეები ეკეთებინათ და ღვთისკენ მოქცეულიყვნენ.+ 21 ამის გამო იუდეველებმა ტაძარში შემიპყრეს და მოკვლა დამიპირეს,+ 22 მაგრამ, ღვთის შეწევნით,+ დღემდე ვუმოწმებ დიდსა თუ პატარას და არაფერს ვლაპარაკობ იმაზე მეტს, რაც წინასწარმეტყველებმა+ და მოსემ+ თქვეს, რომ უნდა მომხდარიყო: 23 რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა,+ პირველი უნდა აღმდგარიყო+ მკვდრეთით და სინათლე ეუწყებინა+ ამ ხალხისთვისაც და უცხოტომელებისთვისაც».+
24 ამას რომ ამბობდა თავის დასაცავად, ფესტუსმა ხმამაღლა თქვა: „გაგიჟებულხარ,+ პავლე! მეტისმეტ წიგნიერებას ჭკუაზე შეუშლიხარ!“ 25 პავლემ მიუგო: „მე არ გავგიჟებულვარ, თქვენო აღმატებულებავ, ფესტუს, არამედ საღად ვაზროვნებ და ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ. 26 სინამდვილეში, მეფემ, რომელსაც თამამად ველაპარაკები, კარგად იცის ეს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, მას არაფერი გამოეპარებოდა, ვინაიდან ეს გადაკარგულში არ მომხდარა.+ 27 მეფე აგრიპა, გწამთ, რაც წინასწარმეტყველებს უწერიათ? ვიცი, რომ გწამთ“.+ 28 აგრიპამ უთხრა პავლეს: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“. 29 ამაზე პავლემ მიუგო: „ღმერთს ვევედრები, რომ ადრე თუ გვიან მარტო თქვენ კი არა, ყველა, ვინც დღეს მისმენს, ჩემნაირი გახდეს, რა თქმა უნდა, ამ ბორკილების გარეშე“.
30 წამოიშალნენ მეფე, გამგებელი, ბერნიკე და მათთან ერთად მსხდომნი. 31 როცა გადიოდნენ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ეს კაცი ისეთს არაფერს აკეთებს, რომ სიკვდილს+ ან ბორკილებს იმსახურებდეს“. 32 აგრიპამ ფესტუსს უთხრა: „კეისართან რომ არ გაესაჩივრებინა,+ შეიძლებოდა მისი გათავისუფლება“.
27 გადაწყდა, რომ იტალიაში+ უნდა გაგვეცურა, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი გადასცეს ავგუსტუსის რაზმის ასისთავს, სახელად იულიუსს. 2 ავედით ადრამიტეიონიდან მომავალ ხომალდზე, რომელსაც აზიის სანაპიროებზე უნდა გაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან ერთად იყო მაკედონელი არისტარქე+ თესალონიკედან. 3 მეორე დღეს სიდონს მივადექით. იულიუსმა პავლესადმი კაცთმოყვარეობა+ გამოიჩინა და ნება დართო, მეგობრებთან წასულიყო, რათა მასზე ეზრუნათ.+
4 იქიდან რომ გავცურეთ, პირქარის გამო კვიპროსს შემოვუარეთ. 5 შუა ზღვაში მივცურავდით კილიკიისა და პამფილიის გასწვრივ და ლიკიის მირაში ჩავედით. 6 იქ ასისთავმა ალექსანდრიიდან+ იტალიაში მიმავალ ხომალდზე გადაგვსხა. 7 მრავალდღიანი ნელი ცურვის შემდეგ ძლივს მივუახლოვდით კნიდოსს. ქარი არ გვიშვებდა, ამიტომ სალმონესთან ჩავუარეთ კრეტას. 8 გაჭირვებით მივედით მყუდრო ნავსაყუდლად წოდებულ ადგილას, რომლის მახლობლადაც იყო ქალაქი ლასეა.
9 კარგა ხანი გავიდა და ცურვა სახიფათო გახდა, რადგან გამოსყიდვის+ დღის მარხვაც გასული იყო. პავლემ მათ ურჩია: 10 „ხალხო, ვხედავ, რომ ეს მგზავრობა საზიანო იქნება და ბევრ რამეს დავკარგავთ, მარტო ტვირთსა და ხომალდს კი არა, საკუთარ სულებსაც*“.+ 11 მაგრამ ასისთავი მესაჭესა და გემის მფლობელს უფრო უჯერებდა, ვიდრე პავლეს. 12 ნავსადგური მოუხერხებელი იყო ზამთრის გასატარებლად და ამიტომ უმრავლესობის აზრით უმჯობესი იქნებოდა, ფენიქსში წავსულიყავით როგორმე და იქ გამოგვეზამთრა, კრეტას ნავსადგურში, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ იყო მიქცეული.
13 როცა სამხრეთის ქარმა დაუბერა, მათ იფიქრეს, რომ ცოტაც და მიზანს მიაღწევდნენ, ღუზა აუშვეს და კრეტის სანაპიროს გასწვრივ გაცურეს. 14 არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ ამოვარდა ძლიერი ქარი+ — ევრაკილონი, გემს ეკვეთა 15 და გაიტაცა. ხომალდი პირქარს ვეღარ დაუდგა, და ჩვენც, ტალღებს მინებებულნი, გავქროლდით. 16 ჩავუქროლეთ პატარა კუნძულ კავდას და ძლივს ამოვათრიეთ კიჩოზე მიბმული ნავი.+ 17 ნავის ამოთრევის შემდეგ ხელსაწყოები მოიმარჯვეს, რომ ხომალდისთვის ბაგირები შემოერტყათ, და იმის შიშით, სირტისში მეჩეჩზე არ დავჯდეთო, გემსართავი ჩამოუშვეს და ასე მივქროდით. 18 ქარიშხალი საშინლად გვარყევდა, რის გამოც მეორე დღეს გემის შემსუბუქება+ დაიწყეს. 19 მესამე დღეს კი საკუთარი ხელით გადაყარეს ხომალდის აღჭურვილობა.
20 მრავალი დღე არც მზე ჩანდა და არც ვარსკვლავები, არც ძლიერი ქარიშხალი+ ცხრებოდა და გადარჩენის იმედი გადაგვეწურა. 21 ხალხი დიდი ხნის უჭმელი იყო. პავლე მათ შორის დადგა+ და თქვა: «ხალხო, ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტიდან არ გამოვსულიყავით, ასეთ ზიანსა და დანაკარგს თავიდან ავიცილებდით,+ 22 მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ, თქვენგან ერთი სულიც არ მოკვდება, მხოლოდ ხომალდი დაიღუპება. 23 ჩემმა ღმერთმა, რომელსაც წმინდა მსახურებას+ ვუსრულებ, წუხელ ანგელოზი+ მომივლინა, 24 რომელმაც მითხრა: „ნუ გეშინია, პავლე. შენ კეისრის+ წინაშე უნდა წარდგე და ღმერთმა ყველა შენი თანამგზავრი გაჩუქა“. 25 გულს ნუ გაიტეხთ, ხალხო, რადგან მწამს ღვთისა,+ რომ ზუსტად ისე იქნება, როგორც მოვისმინე, 26 რომელიმე კუნძულზე გავირიყებით».+
27 მეთოთხმეტე ღამეს ქარი ჯერ კიდევ ადრიატიკის ზღვაში დაგვაქროლებდა. შუაღამისას მეზღვაურებს ეგონათ, ხმელეთს ვუახლოვდებითო. 28 სიღრმე გაზომეს და ოცდათექვსმეტი მეტრი იყო. ცოტა რომ გაიარეს, კიდევ გაზომეს, და ოცდაშვიდი მეტრი იყო. 29 ეშინოდათ, სადმე კლდეებს არ შევასკდეთო, კიჩოდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და ნატრობდნენ, რომ მალე გათენებულიყო. 30 როცა მეზღვაურები ხომალდიდან გაქცევას შეეცადნენ და თქვეს, ხომალდის ცხვირიდან ღუზებს ჩავუშვებთო, ზღვაში კი ნავი ჩაუშვეს, 31 პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს უთხრა: „თუ ეს კაცები ხომალდზე არ დარჩებიან, ვერ გადარჩებით“.+ 32 მაშინ ჯარისკაცებმა ნავს თოკები გადაუჭრეს+ და ზღვაში ჩააგდეს.
33 გამთენიისას პავლე ყველას ეუბნებოდა, რომ საჭმელი ეჭამათ: „დღეს მეთოთხმეტე დღეა, რაც მოლოდინში ხართ და არაფერი გიჭამიათ, ლუკმაც კი არ ჩაგიდიათ პირში. 34 გეხვეწებით, ჭამეთ რამე, თქვენთვის ვამბობ, რომ არაფერი დაგემართოთ. თქვენი თავიდან თმის ღერიც+ კი არ დაიკარგება“. 35 ეს თქვა, პური აიღო, ყველას წინაშე ღმერთს მადლობა შესწირა,+ გატეხა და ჭამა დაიწყო. 36 ყველა გახალისდა და მათაც დაიწყეს ჭამა. 37 ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით. 38 როცა დანაყრდნენ, დაიწყეს ხორბლის გადაყრა ზღვაში და ხომალდის შემსუბუქება.+
39 გათენებისას სანაპიროიანი ყურე დაინახეს, თუმცა ვერ ხვდებოდნენ სად იყვნენ, და გადაწყვიტეს, თუ მოახერხებდნენ, ხომალდი ნაპირთან+ მიეყენებინათ. 40 ღუზები გადაჭრეს და ზღვაში ჩაყარეს, საჭის თოკები ახსნეს, წინა იალქანი ქარის მიმართულებით აუშვეს და ნაპირისკენ აიღეს გეზი, 41 მაგრამ გემი ცხვირით მეჩეჩზე დაჯდა და გაჩერდა. გამძვინვარებული ტალღები კიჩოს ამსხვრევდა.+ 42 მაშინ ჯარისკაცებმა პატიმრების დახოცვა გადაწყვიტეს, რომ არავის გაეცურა და გაქცეულიყო. 43 ასისთავს კი სურდა, პავლე უვნებლად ჩაეყვანა და შეაკავა ისინი თავიანთი განზრახვისგან, და ყველას, ვინც ცურვა იცოდა, უბრძანა, ზღვაში გადამხტარიყვნენ და პირველები გასულიყვნენ ნაპირზე, 44 მათ დანარჩენები მიჰყოლოდნენ — ზოგს ფიცრებით გაეცურა, ზოგსაც სხვა რამით. ნაპირზე ყველა უვნებლად გავიდა.+
28 გადარჩენილებმა მერეღა შევიტყვეთ, რომ ეს კუნძული მალტა+ იყო. 2 იქაურმა უცხოენოვანმა მოსახლეობამ დიდი კაცთმოყვარეობა+ გამოიჩინა, ცეცხლი დაგვინთეს და ყველა შეგვიფარეს წვიმასა და სიცივეში.+ 3 როცა პავლემ ფიჩხი მოაგროვა და ცეცხლს უმატებდა, სიცხეზე გველგესლა გამოძვრა და მას ხელზე შემოეხვია. 4 იმ უცხოენოვანმა ხალხმა მის ხელზე დაკიდებული შხამიანი გველის დანახვაზე ერთმანეთს გადაულაპარაკა: „ეს კაცი ნამდვილად მკვლელია. ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი მაინც არ აცოცხლებს“. 5 მან კი ხელი დაიქნია და შხამიანი გველი ცეცხლში ჩააგდო, ისე რომ არაფერი ვნებია.+ 6 ისინი კი ელოდებოდნენ, რომ პავლე უცბად დასივდებოდა და მოკვდებოდა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაინახეს, რომ მას არაფერი ევნო და აზრი შეიცვალეს, ამბობდნენ, ღმერთიაო.+
7 პუბლიუსს, რომელიც გავლენიანი კაცი იყო კუნძულზე, იქვე ახლოს მამულები ჰქონდა. მან სტუმართმოყვარულად მიგვიღო და სამი დღე მეგობრულად გვიმასპინძლა. 8 იმ დროს პუბლიუსის მამა ციებ-ცხელებითა და დიზენტერიით იტანჯებოდა და იწვა. პავლე შევიდა მასთან, ილოცა, ხელები+ დაადო და განკურნა.+ 9 ამის შემდეგ კუნძულზე მცხოვრები სხვა ავადმყოფებიც მოდიოდნენ და იკურნებოდნენ.+ 10 მათ პატივი გვცეს, დიდად დაგვასაჩუქრეს, და როცა გამგზავრება დავაპირეთ, ყოველივე აუცილებლით მოგვამარაგეს.
11 სამი თვის შემდეგ გავემგზავრეთ ალექსანდრიიდან+ მოსული ხომალდით, რომელიც მთელი ზამთარი კუნძულთან იდგა და რომელსაც ქიმზე ზევსის ვაჟების ნიშანი ჰქონდა. 12 ჩავედით სირაკუსაში და იქ სამი დღე დავრჩით. 13 იქიდან რეგიუმში ჩავედით. მეორე დღეს სამხრეთის ქარი ამოვარდა და პუტეოლეში მესამე დღეს მივედით. 14 იქ ძმები მოვნახეთ, რომლებიც შეგვეხვეწნენ, შვიდ დღეს დავრჩენილიყავით მათთან. ასე მივუახლოვდით რომს. 15 იქაური ძმები, რომლებმაც ჩვენი ამბავი გაიგეს, წამოვიდნენ და აპიუსის მოედანსა და „სამ ფუნდუკთან“ შეგვეგებნენ. მათ დანახვაზე პავლემ ღმერთს მადლობა გადაუხადა და გამხნევდა.+ 16 ბოლოს, რომში რომ შევედით, პავლეს ნება+ დართეს, ცალკე ეცხოვრა ჯარისკაცის მეთვალყურეობის ქვეშ.
17 სამი დღის შემდეგ მან გავლენიანი იუდეველები მიიწვია. როცა შეიკრიბნენ, პავლემ უთხრა: „ძმებო, თუმცა ჩვენი ხალხისა და ჩვენი მამა-პაპის ჩვეულებების+ საწინააღმდეგო არაფერი ჩამიდენია, იერუსალიმიდან პატიმრად გადამცეს რომაელებს.+ 18 როცა დამკითხეს,+ ჩემი გათავისუფლება უნდოდათ,+ რადგან სიკვდილით დასჯისთვის მიზეზი არ ჰქონდათ.+ 19 რაკი იუდეველები თავისას არ იშლიდნენ, იძულებული გავხდი, კეისართან გამესაჩივრებინა,+ მაგრამ ჩემი ხალხისთვის ბრალის დადება აზრად არ მქონია. 20 ამიტომ გეხვეწებოდით, რომ შეგხვედროდით და მელაპარაკა, რადგან ამ ჯაჭვით იმ იმედის გამო ვარ შეკრული,+ რომელიც ისრაელსაც აქვს“.+ 21 მათ უთხრეს: „ჩვენ არც წერილები მიგვიღია იუდეიდან შენ შესახებ და არც ჩამოსული ძმებიდან უთქვამს რომელიმეს ცუდი შენზე, 22 მაგრამ ჩვენი აზრით კარგი იქნება, შენგან მოვისმინოთ, რას ფიქრობ, რადგან ვიცით, რომ ყველგან ამ სექტის+ წინააღმდეგ ლაპარაკობენ“.+
23 ამის შემდეგ დღე დაუთქვეს და მასთან უამრავი ხალხი მივიდა. ის დილიდან საღამომდე უხსნიდა მათ ყველაფერს, საფუძვლიანად უმოწმებდა ღვთის სამეფოზე+ და დამაჯერებლად ელაპარაკებოდა იესოზე მოსეს კანონიდან+ და წინასწარმეტყველთა+ წიგნებიდან. 24 ზოგმა ირწმუნა+ მისი ნათქვამი, ზოგმა — არა.+ 25 მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდა და წასვლა დააპირეს. პავლემ მიაძახა:
«წმინდა სულმა სწორად უთხრა თქვენს მამა-პაპას ესაია წინასწარმეტყველის პირით: 26 „მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ; შეხედვით შეხედავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ.+ 27 გაუუხეშდა ამ ხალხს გული, ყურებით ესმით, მაგრამ ამაოდ; დახუჭეს თვალები, რომ თვალებით აღარ დაინახონ და ყურებით აღარ მოისმინონ და გულით ვერ გაიგონ და არ მობრუნდნენ, რომ განვკურნო“.+ 28 ამიტომ იცოდეთ: ღვთისგან ხსნა უცხოტომელებს გაეგზავნა.+ ისინი უეჭველად მოისმენენ».+ 29 ——
30 ის ორი წელი ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა+ და ყველას გულთბილად იღებდა; 31 უქადაგებდა მათ ღვთის სამეფოზე და სიტყვაში უდიდესი სითამამით,+ შეუფერხებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
დაახლოებით 890 მეტრი. შეადერეთ იეს. 3:4.
აზიაში იგულისხმება რომის იმპერიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული მხარე.
დაახლოებით დილის 9 საათი, მესამე საათი მზის ამოსვლიდან.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ბერძნულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან ჰადეს. იხილეთ დანართი 2გ.
იხილეთ 2:27-ის სქოლიო.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ა.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
დაახლოებით დღის 3 საათი.
სვეტებიანი დერეფანი.
სიტყვასიტყვით — ქრისტე.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ებრაელების უზენაესი სასამართლო.
ანუ ჰეროდე ანტიპა, ჰეროდე დიდის ვაჟი.
სვეტებიანი დერეფანი.
ებრაელების უზენაესი სასამართლო.
ებრაელების უზენაესი სასამართლო.
იხილეთ დბ. 46:20, 27-ის სქოლიოები.
შესაძლოა მოლექი, ამონელთა ღვთაება. იხილეთ 1 მფ. 11:7.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
დაახლოებით დღის 3 საათი.
ანუ ჰეროდე აგრიპა I.
იხილეთ ეს. 55:3-ის სქოლიო.
მაღლობი ძველ ათენში, სადაც უზენაესი სასამართლოც იკრიბებოდა.
სიტყვასიტყვით — ავიდა. როგორც ჩანს იერუსალიმში.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ებრაელების უზენაესი სასამართლო.
დაახლოებით საღამოს 9 საათი, მესამე საათი მზის ჩასვლიდან.
ებრაელების უზენაესი სასამართლო.
ანუ ჰეროდე აგრიპა II.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.