ნაწილი 7
ღმერთის განზრახვა მალე განხორციელდება
1, 2. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ღმერთი ბოლოს მოუღებს ბოროტებასა და ტანჯვა-წამებას?
1 მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა თვალსაზრისით ღმერთმა ხანგრძლივი დროის მანძილზე დაუშვა არასრულყოფილება და ტანჯვა-წამება, ის აღარ დართავს ნებას, რომ ყოველივე ეს უსასრულოდ გაგრძელდეს. ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთმა ყველაფერი ეს დროის განსაზღვრულ პერიოდში დაუშვა.
2 „ყოველივეს თავის დრო აქვს“ (ეკლესიასტე 3:1). ღმერთი მაშინ ჩაერევა კაცობრიობის საქმეებში, როცა ამოიწურება დრო, რომელიც მან ბოროტებისა და ტანჯვა-წამების არსებობისთვის გამოყო. ის ბოლოს მოუღებს ბოროტებასა და ტანჯვა-წამებას და განახორციელებს თავის თავდაპირველ განზრახვას — შეავსოს დედამიწა სრულყოფილი და ბედნიერი ადამიანების ოჯახით, რომელიც სამოთხის პირობებში დატკბება საერთო მშვიდობითა და ეკონომიკური უსაფრთხოებით.
ღმერთის განაჩენი
3, 4. როგორ აღწერს წიგნი „იგავნი“ ღმერთის ჩარევის შედეგებს?
3 ყურადღება მიაქციე ბიბლიის მრავალი წინასწარმეტყველებიდან რამდენიმეს, რომლებიც გვამცნობს, თუ რას მოუტანს სულ მალე კაცობრიობას ღმერთის ჩარევა, ანუ მისი განაჩენის სისრულეში მოყვანა:
4 „ალალმართლები უნდა დამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ. ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავნი 2:21, 22).
5, 6. როგორ ცხადყოფს ფსალმუნის 36-ე თავი, თუ რა მოხდება, როდესაც ჩაერევა ღმერთი?
5 „ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას. კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი. . . ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:9–11).
6 „მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას. დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს. ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი გადაშენდება“ (ფსალმუნი 36:34, 37, 38).
7. რომელ გონივრულ რჩევას გვაძლევს ღმერთის სიტყვა?
7 ამიტომ, შესანიშნავი მომავლის გათვალისწინებით, რომელიც მოელის იმ ადამიანებს, რომლებიც აღიარებენ ყოვლისშემძლე შემოქმედის უფლებას, იმეფოს ადამიანებზე, ჩვენ მოგვიწოდებენ: „ჩემი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა, დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ“. სინამდვილეში, უსასრულო სიცოცხლე მიეცემა მათ, ვინც აირჩევს, ქმნას ღმერთის ნება! ამიტომ, ღმერთის სიტყვა გვირჩევს: „ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავნი 3:1, 2, 5, 6).
ღმერთის ზეციერი მმართველობა
8, 9. რისი საშუალებით გაწმენდს ღმერთი დედამიწას?
8 ღმერთი გაწმენდს დედამიწას საუკეთესო მთავრობის საშუალებით, რომლის მსგავსიც კაცობრიობას არასოდეს ჰყოლია. ეს ის მთავრობაა, რომელიც ირეკლავს ზეციერ სიბრძნეს, რადგანაც ის ღმერთის მითითების თანახმად მმართველობს ზეციდან. და ეს ზეციერი სამეფო დედამიწიდან მოაცილებს ადამიანთა მმართველობის ყველა ფორმას. ადამიანებს მეტად აღარასოდეს მიეცემათ მცდელობის შესაძლებლობა, მართონ ღმერთისგან დამოუკიდებლად.
9 ამის შესახებ დანიელის 2:44-ში მოცემული წინასწარმეტყველება აცხადებს: „იმ მეფეთა [თანამედროვე მთავრობების] დღეებში ზეციერი ღმერთი [ზეცაში] დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა [ადამიანებს აღარასოდეს ექნებათ ღმერთისგან დამოუკიდებლად მმართველობის უფლება]. იგი შემუსრავს, და დააქცევს [დღეს არსებულ] ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (ასევე, იხილე გამოცხადება 19:11–21; 20:4–6).
10. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დაიმედებული, რომ ღმერთის ზეციერი სამეფოს მმართველობის დროს აღარ იქნება გახრწნილი მოქმედებები მმართველობაში?
10 მაშასადამე, ადამიანებს აღარ ექნებათ მმართველობის გახრწნილი ფორმები, ვინაიდან მას შემდეგ, რაც ღმერთი მოსპობს ამ სისტემას, აღარასოდეს იარსებებს ღმერთისგან დამოუკიდებელი ადამიანთა მმართველობა. სამეფო, რომელიც ზეციდან იბატონებს, არ იქნება გახრწნილი, ვინაიდან მისი დამაარსებელი და დამცველი არის ღმერთი. პირიქით, ის იმოქმედებს თავისი ქვეშევრდომების საკეთილდღეოდ. მაშინ ღმერთის ნება მთელ დედამიწაზე შესრულდება ისე, როგორც ზეცაში. ამიტომ ასწავლა იესომ თავის მოწაფეებს, ელოცათ ღმერთის მიმართ: „მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:10).
რამდენად ახლოს ვართ?
11. ბიბლიაში რომელ ადგილებში შეიძლება ვნახოთ წინასწარმეტყველებები, რომლებიც დაგვეხმარება გავიგოთ, რამდენად ახლოს ვართ ამ სისტემის აღსასრულთან?
11 რამდენად ახლოს ვართ ამ არადამაკმაყოფილებელი სისტემის დასასრულთან და ღმერთის ახალი ქვეყნიერების დასაწყისთან? ბიბლიური წინასწარმეტყველება ნათლად გვპასუხობს ამაზე. მაგალითად, თვით იესომ იწინასწარმეტყველა იმ მოსალოდნელი ნიშნის შესახებ, რომლის საშუალებითაც შევძლებდით დაგვედგინა, თუ რამდენად მივუახლოვდით იმ დროს, რომელსაც ბიბლია ‘წუთისოფლის აღსასრულს’ უწოდებს. ეს ჩაწერილია მათეს სახარების 24-ე და 25-ე, მარკოზის მე-13-სა და ლუკას 21-ე თავებში. როგორც ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეს მე-3 თავი გვიჩვენებს, პავლე მოციქულმაც იწინასწარმეტყველა, რომ დადგებოდა ‘უკანასკნელ დღეებად’ წოდებული პერიოდი, როდესაც სხვადასხვა მოვლენები იქნებოდა იმის შემდგომი მტკიცება, თუ სად ვიმყოფებით დროის დინებაში.
12, 13. რა თქვეს იესომ და პავლემ აღსასრულის დროსთან დაკავშირებით?
12 იესომ თქვა, რომ დროის ეს მონაკვეთი დაიწყებოდა ასეთი მოვლენებით: „აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილი, და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ“ (მათე 24:7). ლუკას 21:11 გვიჩვენებს, რომ მან, ასევე, მოიხსენია „ადგილ-ადგილ მოსრვა“. აგრეთვე, გაგვაფრთხილა, რომ ‘გამრავლდებოდა უსჯულოება’ (მათე 24:12).
13 პავლე მოციქულმა იწინასწარმეტყველა: „ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმინდურნი, არამოყვარულნი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი. გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი, უფრო გულისთქმის ამყოლნი, ვიდრე ღმერთის მოყვარენი, რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ. . . ბოროტი ადამიანები და მატყუარები კი წინ წაიწევენ ბოროტებაში; აცდენენ და ცდებიან“ (2 ტიმოთე 3:1–5, 13).
14, 15. როგორ ადასტურებს მეოცე საუკუნის მოვლენები, რომ ნამდვილად უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ?
14 სრულდება თუ არა იესოსა და პავლეს მიერ ნაწინასწარმეტყველები მოვლენები ჩვენს დროში? დიახ, სრულდება. პირველი მსოფლიო ომი ყველაზე საშინელი იყო მანამდე მომხდარი ომებიდან. ის იყო პირველი მსოფლიო მასშტაბის ომი, რომელიც გარდამტეხი პუნქტი იყო თანამედროვე ისტორიაში. ამ ომს თან მოჰყვა სურსათის უკმარისობა, ეპიდემიები და სხვა უბედურებები. როგორც იესომ აღნიშნა, 1914 წლიდან ეს მოვლენები ‘მშობიარობის ტკივილთა დასაწყისი’ იყო (მათე 24:8). ამ მოვლენებით აღინიშნა იმ პერიოდის დასაწყისი, რომელიც ‘უკანასკნელ დღეებად’ არის წოდებული, უკანასკნელი მოდგმის დასაწყისი, რომლის არსებობის განმავლობაში ღმერთი დაუშვებდა ბოროტებასა და ტანჯვა-წამებას.
15 შესაძლოა, შენთვის ცნობილია მეოცე საუკუნის მოვლენები. შენ ხედავ ქაოსს, რომელიც გამეფებულია ყველგან. დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი დაიღუპა ომებში. სხვა ასობით მილიონი ადამიანი მოკვდა შიმშილისა და ავადმყოფობისგან. უთვალავი სიცოცხლე მოსპო მიწისძვრებმა. იზრდება უპატივცემლობა სიცოცხლისა და საკუთრების მიმართ. დამნაშავეობის გამო გამოწვეული შიში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. უგულებელყოფილია ზნეობრივი ნორმები. გადაუწყვეტელ პრობლემებს ქმნის მოსახლეობის სწრაფი ზრდა. გაბინძურება აქვეითებს სიცოცხლის უნარიანობას და საშიშროებაშიც კი აგდებს მას. მართლაც, 1914 წლიდან დაწყებული, ჩვენ ვცხოვრობთ უკანასკნელ დღეებში და ვუახლოვდებით იმ ბიბლიური წინასწარმეტყველებების კულმინაციურ წერტილს, რომლებიც ჩვენს დროს მოიცავენ.
16. დროის რა მონაკვეთს მოიცავს უკანასკნელი დღეები?
16 რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს უკანასკნელი დღეები? როდესაც ლაპარაკობდა იმ ეპოქის შესახებ, რომელსაც 1914 წლიდან ‘მშობიარობის ტკივილთა დასაწყისი’ უნდა განეცადა, იესომ თქვა: „არ გადაივლის ეს მოდგმა, ვიდრე ყველაფერი ეს არ მოხდება“ (მათე 24:8, 34–36). მაშასადამე, უკანასკნელი დღეების ყველა თავისებურება უნდა მოხდეს ერთ თაობაში — 1914 წლიდან წამოსული თაობის სიცოცხლის განმავლობაში. ასე რომ, ამ თაობის ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა 1914 წელს, ამ სისტემის დასასრულს ჯერ კიდევ ცოცხალი იქნება. ახლა ამ თაობის ადამიანები ძალიან ხანდაზმულები არიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არცთუ ისე დიდი დრო დარჩა მანამდე, როცა ღმერთი გაანადგურებს ამ სისტემას.
17, 18. რომელი წინასწარმეტყველება ცხადყოფს, რომ ძალიან ახლოს ვართ ქვეყნიერების აღსასრულთან?
17 სხვა წინასწარმეტყველება, რომელიც უჩვენებს, რომ ამ სისტემის ბოლო ძალიან ახლოსაა, წარმოთქვა პავლე მოციქულმა: „უფლის დღე ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი. ვინაიდან, როცა იტყვიან: ‘მშვიდობა და უსაფრთხოება’, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება. . . და ვერ დააღწევენ თავს“ (1 თესალონიკელთა 5:2, 3; ასევე, იხილე ლუკა 21:34, 35).
18 დღეს „ცივი ომი“ დასრულდა და, შესაძლოა, ომი ერებს შორის მეტად აღარ არის ძირითადი საფრთხის მიზეზი. ამიტომ, შეიძლება ქვეყნებს ჰგონიათ, რომ წარმატებები აქვთ ახალი მსოფლიო წყობილების დამყარებაში. მაგრამ, როცა ისინი იფიქრებენ, რომ მათმა ძალისხმევამ წარმატებას მიაღწია, ეს იქნება მათი ფიქრების საპირისპიროს მიმანიშნებელი, ვინაიდან ეს იქნება იმის საბოლოო ნიშანი, რომ ღმერთის მიერ ამ სისტემის განადგურება მოახლოებულია. გახსოვდეს, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებები და ხელშეკრულებები არავითარ არსებით ცვლილებებს არ ახდენენ ხალხებში. ისინი არ აღძრავენ ადამიანებს, უყვარდეთ ერთმანეთი. მსოფლიო ლიდერებს არ შეუძლიათ შეაჩერონ დამნაშავეობა და მოსპონ ავადმყოფობა და სიკვდილი. ასე რომ, ნუ დაენდობი ადამიანების მიერ მიღწეულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას და ნუ იფიქრებ, რომ ეს ქვეყნიერება დგას პრობლემების გადაწყვეტის გზაზე (ფსალმუნი 145:3). სინამდვილეში, ასეთი განაცხადები იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ ეს ქვეყნიერება ძალიან ახლოს არის განადგურებასთან.
კეთილი ცნობის ქადაგება
19, 20. სამქადაგებლო საქმიანობასთან დაკავშირებით რომელი წინასწარმეტყველების შესრულებას ვხედავთ უკანასკნელ დღეებში?
19 კიდევ სხვა წინასწარმეტყველება, რომელიც ცხადყოფს, რომ 1914 წლიდან ვიმყოფებით უკანასკნელ დღეებში, წარმოთქვა იესომ: „პირველად სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს“ (მარკოზი 13:10). ანუ, როგორც ამას მათეს 24:14 გადმოგვცემს: „ექადაგება ეს სახარება სასუფევლის შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხს დასამოწმებლად. და მაშინ მოვა აღსასრული“.
20 დღეს, როგორც არასდროს ისტორიაში, კეთილი ცნობა ქვეყნიერების აღსასრულისა და მომავალი ახალი ქვეყნიერების, სამოთხის შესახებ, სადაც მართავს ღმერთის სამეფო, ვრცელდება მთელ დედამიწაზე. ვის მიერ? — იეჰოვას მილიონობით მოწმის მიერ. ისინი ქადაგებენ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
21, 22. განსაკუთრებით, რა განასხვავებს იეჰოვას მოწმეებს, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს?
21 იმის გარდა, რომ იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ ღმერთის სამეფოს შესახებ, ისინი ისეთ თვისებებს ავლენენ, რაც განასხვავებს მათ, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრებს, რადგანაც მან განაცხადა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“. ასე რომ, იეჰოვას მოწმეები სიყვარულის უწყვეტი კავშირით არიან გაერთიანებული მსოფლიო ძმობაში (იოანე 13:35; ასევე, იხილე ესაია 2:2–4; კოლასელთა 3:14; იოანე 15:12–14; 1 იოანე 3:10–12; 4:20, 21; გამოცხადება 7:9, 10).
22 იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რასაც ამბობს ბიბლია: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ერში მისი მოშიში და სიმართლის მქნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმე 10:34, 35). რასისა და კანის ფერის მიუხედავად, ყველა ქვეყნის თანამორწმუნეებს ისინი სულიერ ძმებად და დებად თვლიან (მათე 23:8). და ის ფაქტი, რომ დღეს დედამიწაზე ასეთი მსოფლიო ძმობა არსებობს, დამატებითი მტკიცებაა იმისა, რომ ღმერთის განზრახვა მალე განხორციელდება.
[სურათი 26 გვერდზე]
ახალ ქვეყნიერებაში კაცობრიობის ერთადერთი მმართველი იქნება ღმერთის სრულყოფილი ზეციერი სამეფო.