4 ᲐᲑᲠᲐᲐᲛᲘ
ის იყო პირველი, ვინც იეჰოვას ომში იბრძოდა
ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲛ მას შესანიშნავი დაპირება მისცა, რომელიც მთელი კაცობრიობის მომავალს შეცვლიდა: „დიდ ხალხს წარმოვშობ შენგან“. მოგვიანებით კი ის ნაყოფიერი მიწაც აჩვენა, რომელზეც მისი შთამომავლები დასახლდებოდნენ (დაბ. 12:2; 13:14, 15). ეს კაცი ღვთის მეგობარი, აბრაამი, იყო. თუმცა ღვთის განზრახვისთვის ხელი რომ შეეშალა, სატანამ აბრაამისა და მისი შთამომავლობის მოსპობა განიზრახა. მან იცოდა, რომ სწორედ ამ მამაკაცის ხაზში მოვიდოდა აღთქმული შთამომავალი, რომელიც მის მმართველობას წერტილს დაუსვამდა და მასაც ერთხელ და სამუდამოდ გაანადგურებდა (დაბ. 3:15).
სატანამ აბრაამსა და მის ოჯახზე იერიში მიიტანა. მისი ერთ-ერთი სამიზნე აბრაამის ძმისშვილი ლოტი გახდა. ყველაფერი ასე დაიწყო: როცა აღთქმულ მიწაზე უნდა დასახლებულიყვნენ, აბრაამმა დიდსულოვნება გამოიჩინა და ლოტს საშუალება მისცა, თავად აერჩია სასურველი მიწა. ლოტმა სოდომთან ახლომდებარე მდიდარი და ნაყოფიერი მხარე აირჩია. სოდომელები ბოროტები იყვნენ და „დიდად სცოდავდნენ იეჰოვას“ (დაბ. 13:8–13). წლების განმავლობაში სოდომის მეფე სხვა ოთხ ქანაანელ მეფესთან ერთად ელამის მეფეს ხარკს უხდიდა. ბოლოს ისინი აჯანყდნენ. ამის საპასუხოდ ელამის მეფემ სამ სხვა მეფესთან ერთად მათ წინააღმდეგ გაილაშქრა, ჩრდილოეთიდან შეუტია და სასტიკად დაამარცხა. გამარჯვებულებმა დიდძალი ნადავლი და ტყვეები წამოასხეს, რომელთა შორის ლოტი და მისი ოჯახიც იყვნენ.
აბრაამი 318 კაცთან ერთად დაედევნა და შეებრძოლა ოთხი მეფის ძლიერ ჯარს.
აბრაამი რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას. მას შეუძლია, არაფერი იღონოს ლოტის სახსნელად და იფიქროს, რომ ის თავისივე არასწორი არჩევანის შედეგს იმკის. თანაც ლოტი რომ დაიხსნას, აბრაამს ელამის მეფესთან და მის მოკავშირეებთან შებრძოლება მოუწევს. არადა ის გამოცდილი მეომარი ნამდვილად არ არის. მეტიც, ელამის მეფის ერთ-ერთი მოკავშირე მისი მშობლიური მხარის, შინარის, მეფეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აბრაამი ვეღარასდროს დაბრუნდება ურში. მაგრამ ის უკან არ იხევს და ლოტის დასახსნელად მიდის, რადგან დარწმუნებულია, რომ იეჰოვა გაამარჯვებინებს.
აბრაამის სახლეულობა 1 000-ზე მეტი ადამიანისგან შედგება. ის თავის მსახურთაგან 318 საბრძოლოდ მომზადებულ კაცს კრებს და რამდენიმე მოკავშირესთან ერთად საბრძოლველად მიემართება. ისინი ჩრდილოეთისკენ იღებენ გეზს და მალე მტერს უახლოვდებიან. აბრაამი თავის მსახურებს ჯგუფებად ყოფს და მოწინააღმდეგეებს ღამით უტევს. მიუხედავად იმისა, რომ მას გაცილებით მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავს, მაინც იმარჯვებს მტერზე. ოთხივე მეფე მებრძოლებთან ერთად ჩრდილოეთისკენ გარბიან. აბრაამი მათ ფეხდაფეხ მისდევს და საბოლოოდ დამასკოს ჩრდილოეთით, ხობთან, ამარცხებს. ის იბრუნებს დიდძალ ნადავლს, რომელიც მათ ქანაანიდან წაიღეს და რაც მთავარია, ლოტსა და მის ოჯახს მშვიდობით აბრუნებს შინ.
იეჰოვა რას ფიქრობს აბრაამის ამ გაბედულ საქციელზე? ეს შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან ჩანს. ქალაქ სალემთან მისულ აბრაამს მეფე და მღვდელი მელქისედეკი ეგებება. ის ლოცავს მას, აბრაამი კი მას საუკეთესო ნადავლის მეათედს აძლევს. აშკარაა, ეს კაცი ხვდება, რომ გამარჯვება იეჰოვამ მოაპოვებინა და თავმდაბლად აღიარებს ამას.
მართლაც, ამ გამარჯვებაში იეჰოვას ხელი ერია. ბიბლია მოიხსენიებს „იეჰოვას ომების მატიანეს“ (რიცხ. 21:14). შესაძლოა სწორედ აბრაამის ბრძოლა იყო პირველი, რომელიც ამ წიგნში ჩაიწერა. საუკუნეების შემდეგ, როცა მისი შთამომავლები ბოროტი ქანაანელებისგან აღთქმული მიწის განწმენდას ცდილობდნენ, იეჰოვამ მათ არაერთი გამარჯვება მოაპოვებინა.
დროის სვლასთან ერთად ღვთის ხალხმა, ისრაელმა, ზურგი აქცია ღმერთს და ღვთის მფარველობაც დაკარგა. ხოლო მას შემდეგ, რაც ღვთის ძე, მესია უარყვეს, იეჰოვამაც უარყო ისინი და მათ ნაცვლად სულიერი ისრაელი აირჩია, რომლის მეფეც იესო ქრისტეა. იესომ თავის მიმდევრებს ბრძოლაში მონაწილეობა აუკრძალა (მათ. 26:52). თუმცა ასწავლა, როგორ უნდა ჩაბმულიყვნენ სულიერ ბრძოლაში სატანისა და მისი ქვეყნიერების წინააღმდეგ და საკუთარი მაგალითით უჩვენა, რომ ასეთ ბრძოლას არანაკლები გამბედაობა სჭირდება.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა აბრაამის გაბედულება მისი ცხოვრების ამ ეტაპზე?
გამოიკვლიეთ
1) როგორ ადასტურებს არქეოლოგია ამ ისტორიის სიზუსტეს? (w89 7/1 5 ¶4–6 ¶1)
2) რამდენად შეესაბამება სოდომისა და გომორის ბიბლიური აღწერილობა სინამდვილეს? (it „მარილოვანი ზღვა“ ¶6) სურათი 1
BestTravelPhotography/iStock via Getty Images Plus
სურათი 1: იმ ადგილას, სადაც სავარაუდოდ ძველი სოდომი მდებარეობდა, დღესაც შეხვდებით პალმებსა თუ სხვა მცენარეულობას.
3) სად მდებარეობდა სალემი, რომლის მეფეც და მღვდელიც მელქისედეკი იყო? (it „სალემი“)
4) რა მხრივ იყო მელქისედეკი იესოს წინასწარმეტყველური პირველსახე? (it „მღვდელმთავარი“ ¶27, 28) სურათი 2
სურათი 2
რას სწავლობთ
აბრაამმა ლოტს საშუალება მისცა, რომ საუკეთესო მიწა აერჩია. Როგორ მივბაძოთ აბრაამს ოჯახის წევრებთან, თანამორწმუნეებთან თუ სხვებთან ურთიერთობისას? სურათი 3
სურათი 3
რა შეგვიძლია ვისწავლოთ აბრაამისგან, რომელმაც უკან არ დაიხია თავისი ძმისშვილის დასახსნელად?
კიდევ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ აბრაამს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ აბრაამს ან ლოტს?
გაიგეთ მეტი
დაფიქრდით, რამ განუმტკიცა აბრაამს იეჰოვასადმი ნდობა.
რაში გამოჩნდა აბრაამის გაბედულება ჯერ კიდევ ურის დატოვებამდე?