12 ᲥᲐᲚᲔᲑ ᲘᲔᲤᲣᲜᲔᲡ ᲫᲔ
მან ბოლომდე უერთგულა თავის ღმერთს
ᲓᲐᲐᲮᲚᲝᲔᲑᲘᲗ იმ დროს, როცა მოსე ეგვიპტიდან გაიქცა, მონობაში მყოფი ერთი ებრაელი კაცის, იეფუნეს, ოჯახში ვაჟი გაჩნდა, რომელსაც ქალები დაარქვეს. მართალია, ბავშვი მონობაში გაიზარდა, მაგრამ წინ მას თავისუფლება ელოდა! ქალები 40 წლის იქნებოდა, როცა მოსე იეჰოვას დავალებით ეგვიპტეში დაბრუნდა, რომ ისრაელი გაეთავისუფლებინა. მასზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ათი სასჯელი და ისიც, როგორ გაყო იეჰოვამ წითელი ზღვა თავისი ხალხის სახსნელად.
ეგვიპტის დატოვებიდან სულ რამდენიმე თვე იყო გასული, როცა ისრაელები სინაის მთასთან იეჰოვას ეურჩნენ (გამ. 32:1). მაგრამ მათგან განსხვავებით, ქალებ იეფუნეს ძეს რწმენა არ დაუკარგავს. მალევე მოსემ მას საპასუხისმგებლო დავალება მიანდო – იესო ნავეს ძესთან და ისრაელის სხვა ათ თავკაცთან ერთად აღთქმული მიწა უნდა დაეზვერა.
ეს 12 მამაკაცი გაბედულად გაემართა აღთქმული მიწისკენ და მას 40 დღე ზვერავდა. ისინი აკვირდებოდნენ, როგორი ხალხი ცხოვრობდა და როგორი მოსავალი მოდიოდა ქალაქებში. მათ მიწის ნაყოფიც წამოიღეს, მათ შორის ვაზისმტევნიანი რქა, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ ორ კაცს კეტით მოჰქონდა. უკან დაბრუნებულმა ათმა მზვერავმა ისრაელებს ისეთი რამ უამბო, რაც ქალებ იეფუნეს ძეს ალბათ გააოგნებდა. ისინი გულს უტეხდნენ ისრაელებს და ამბობდნენ, რომ ქანაანელები ძლიერი ბუმბერაზები იყვნენ, რომელთა წინააღმდეგაც ვერაფერს გახდებოდნენ. ირწმუნებოდნენ, რომ ისინი ნეფილიმების შთამომავლები იყვნენ, რაც აბსურდული განაცხადი იყო, რადგან ისინი ჯერ კიდევ წარღვნის დროს განადგურდნენ (რიცხ. 13:33, სქ.). მათმა ნათქვამმა ხალხი შეაშინა. ზოგს ისიც კი უნდოდა, რომ ახალი წინამძღოლი აერჩიათ და ეგვიპტეში დაბრუნებულიყვნენ.
თუმცა ქალებ იეფუნეს ძეს და იესო ნავეს ძეს სრულიად განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ. ისინი ხალხს ამხნევებდნენ და არწმუნებდნენ, რომ იეჰოვა მათ გვერდით იყო და არ უნდა შეშინებოდათ. მაგრამ მათმა სიტყვებმა ურწმუნო ისრაელები კიდევ უფრო გააღიზიანა და მათი ჩაქოლვაც კი მოინდომეს.
იეჰოვა განარისხა ისრაელების საქციელმა. მან ხომ მრავალი სასწაული მოახდინა, რომ ისრაელები ეგვიპტელთა ხელიდან დაეხსნა?! მათ კი მალევე დაკარგეს მისადმი ნდობა. მაგრამ იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის რწმენა და გაბედულება. ქალებ იეფუნეს ძეზე მან ისიც კი თქვა, რომ „სხვა სულისკვეთება“ ჰქონდა და ბოლომდე უერთგულა. იეჰოვას გადაწყვეტილებით, ურწმუნო ისრაელების მთელი თაობა უდაბნოში დაიხოცებოდა.a ქალებ იეფუნეს ძე და იესო ნავეს ძე კი იმ უმცირესთა შორის მოხვდნენ, რომლებიც შეძლებდნენ აღთქმულ მიწაზე შესვლას.
ქალებ იეფუნეს ძე არ შეუშინდა მტრულად განწყობილ ურწმუნო ისრაელებს და იეჰოვას მხარე დაიკავა.
40 წლის განმავლობაში, როცა ისრაელი უდაბნოში დახეტიალობდა, ქალებ იეფუნეს ძე კვლავაც ავლენდა რწმენას და გამბედაობას. ის ერთგულად უჭერდა მხარს ჯერ მოსეს და შემდეგ მისი საქმის გამგრძელებელს, იესო ნავეს ძეს, რომელმაც ღვთის ხალხს მდინარე იორდანე გადააკვეთინა და აღთქმულ მიწაზე შეიყვანა. ის ამის შემდეგაც გაბედულად აგრძელებდა ბრძოლას ქანაანელთა წინააღმდეგ.
მდინარე იორდანის გადაკვეთიდან 6 წლის შემდეგ ღვთის ხალხს აღთქმული მიწის დიდი ნაწილი ჰქონდა დაპყრობილი. დადგა იმის დრო, რომ ქალებ იეფუნეს ძესაც აერჩია საცხოვრებელი ადგილი. მან ხებრონი აირჩია, ის ადგილი, რომელზეც ურწმუნო მზვერავებმა თქვეს, რომ ვერ დაიპყრობდნენ. მართალია, იმ დროს ქალებ იეფუნეს ძე უკვე 85 წელს იყო მიტანებული, მაგრამ ერთ რამეში ეჭვი არ ეპარებოდა: იეჰოვა იქნებოდა მის გვერდით და მისი დახმარებით განდევნიდა მტრებს. ღმერთმა მას არ გაუმტყუნა მოლოდინი. ქალებ იეფუნეს ძემ აიღო ხებრონი და იქ დასახლდა. ამის შემდეგ მშვიდობა ჩამოვარდა იმ მიწაზე.
მოსემ ჯერ კიდევ წლებით ადრე თქვა ქალებ იეფუნეს ძეზე, რომ მან ბოლომდე უერთგულა ღმერთს. ის არ შემცდარა. ქალებ იეფუნეს ძემ ნამდვილად გაამართლა მისი მოლოდინი და სიცოცხლის ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩა.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა ქალებ იეფუნეს ძის რწმენა და გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) რატომ შეიძლება ითქვას, რომ რიცხვების 13:23-ში არ არის გაზვიადებული აღთქმული მიწის ნაყოფის აღწერილობა? (w06 6/15 16 ¶1, 2)
2) მართლა რძე და თაფლი მოედინებოდა აღთქმულ მიწაზე, როგორც ეს ქალებ იეფუნეს ძემ და იესო ნავეს ძემ თქვეს? (რიცხ. 14:8; w11 3/1 15) სურათი 1
Institute of Archaeology/Hebrew University © Tel Rehov Excavations
სურათი 1: ისრაელის ტერიტორიაზე აღმოჩენილი თიხის სკები, რომლებიც ძვ. წ. X-IX საუკუნეებით თარიღდება
3) რამდენად ახლოს იყვნენ ისრაელები აღთქმულ მიწასთან, როცა მოსემ 12 მზვერავი გაგზავნა კადეშიდან? (w04 10/15 17 ¶11, 12) სურათი 2
სურათი 2
4) როგორ აკურთხა იეჰოვამ ქალებ იეფუნეს ძე რწმენისა და გაბედულებისთვის? (w06 10/1 18 ¶11)
რას სწავლობთ
მართალია, ქალებ იეფუნეს ძე იეჰოვას ერთგული იყო, მაგრამ მასაც სხვა ისრაელებთან ერთად მოუწია უდაბნოში ხეტიალი. მიუხედავად ამისა, მას იეჰოვასადმი ნდობა არ დაუკარგავს. როდის შეგვიძლია მივბაძოთ ქალებ იეფუნეს ძეს?
როგორ დაგვეხმარება ქალებ იეფუნეს ძის მაგალითი, რომ არ ავყვეთ უმრავლესობას? (გამ. 23:2) სურათი 3
სურათი
კიდევ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ ქალებ იეფუნეს ძეს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ ქალებ იეფუნეს ძეს?
გაიგეთ მეტი
გაიგეთ, როგორ დაეხმარა ქალებ იეფუნეს ძეს რწმენა გაბედულების გამოვლენაში.
„რწმენა და ღვთის შიში გამბედაობას გვმატებს“ (w06 10/1 16–19 ¶1–12)
რატომ შეეძლო 85 წლის ქალებ იეფუნეს ძეს ეთქვა, რომ ბოლომდე უერთგულა იეჰოვას? (იეს. 14:8)
„ბოლომდე უერთგულეთ იეჰოვას“ (w93 5/15 26–29)
a იეჰოვას ეს გადაწყვეტილება არ ეხებოდა ლევიანებს და ოც წლამდე ასაკის ისრაელებს (რიცხ. 14:29).