11 ᲛᲝᲡᲔ
ის ფარაონის წინაშე წარდგა
ᲛᲝᲡᲔ ახლა სულ სხვა ადამიანია. მან ეგვიპტე დიდი ხნის წინ დატოვა და, როგორც ჩანს, უკვე აღარ ფიქრობს, რომ იეჰოვა სწორედ მისი მეშვეობით გაათავისუფლებს ისრაელებს მონობისგან. ის უკვე 80 წლისაა და ცოლი და ორი შვილი ჰყავს. ბოლო 40 წელია, მიდიანელთა მხარეში მშრალ, უნაყოფო მიწაზე ცხოვრობს და სიმამრის ცხვარს მწყემსავს.
იეჰოვა ხედავს, რომ მოსე შეიცვალა და უფრო თავმდაბალი გახდა. ერთ დღეს ის სინაის, იგივე ხორების მთასთან, ცეცხლმოკიდებულ ბუჩქს ხედავს, რომელიც არ იწვის. ის მას უახლოვდება, ალიდან კი ხმა ესმის. იეჰოვა მას ანგელოზის მეშვეობით ეუბნება, რომ ეგვიპტეში დაბრუნდეს და თავისი ხალხი გაათავისუფლოს. მოსეს გაბედულება რომ შემატოს, ის თავისი სახელის, „იეჰოვას“, მნიშვნელობას მეტ ნათელს ჰფენს და ეუბნება: „ვიქცევი იმად, რადაც მოვისურვებ“. ფაქტობრივად, იეჰოვა ამით მას არწმუნებს, რომ თავისი ჩაგრული ხალხისთვის მხსნელად იქცევა და ყველაფერს გააკეთებს, რომ ისინი ეგვიპტელთა მონობისგან გაათავისუფლოს და ძლიერ ხალხად აქციოს.
თუმცა მოსე მაინც ყოყმანობს. ის ფიქრობს, რომ ამ საქმეს თავს ვერ გაართმევს და ეგვიპტის ფარაონის წინაშე საუბარს ვერ შეძლებს. იეჰოვა მას თვალსაზრისს უსწორებს და არწმუნებს, რომ დავალებას თავს გაართმევს. გარდა ამისა, სასწაულების მოხდენის ზებუნებრივ ძალასაც აძლევს და იმასაც ეუბნება, რომ ფარაონთან თავისი ძმა აარონი გაჰყვება და მის ნაცვლად ილაპარაკებს. საბოლოოდ, მოსე თანხმდება იეჰოვას დავალებას და მესია ანუ ცხებული ხდება, რომელმაც ისრაელები უნდა გაათავისუფლოს (ებრ. 11:26).
მოსე აარონს ხვდება და ისინი ეგვიპტის ფარაონთან მიდიან. მოსე და აარონი ფარაონს სთხოვენ, ისრაელები უდაბნოში გაუშვას, რომ თავიანთ ღმერთს, იეჰოვას, თაყვანი სცენ. მათი ნათქვამით განრისხებული ფარაონი გათავისუფლების ნაცვლად ისრაელებს კიდევ უფრო მეტ სამუშაოს აკისრებს. შემდეგ იეჰოვა კვლავ გზავნის მოსეს ფარაონის წინაშე პირველი სასჯელის გასაცხადებლად, რომელიც ეგვიპტეს დაატყდება. სასჯელიც არ აყოვნებს და მდინარე ნილოსი სისხლად იქცევა. თუმცა ფარაონი აზრს მაინც არ იცვლის. იეჰოვა ამის შემდეგაც ყოველ ჯერზე წინასწარ გზავნის მოსეს ფარაონთან იმის სათქმელად, რომ სასჯელის დატეხვას აპირებს. მოსეც უყოყმანოდ მიდის, თუმცა ამაყ ფარაონს სიტყვის გაგონებაც არ უნდა.
ეგვიპტელი ქურუმები, მათი ცრუ ღმერთები და თავად ფარაონი იეჰოვას წინაშე უძლურები არიან. მეოთხე სასჯელიდან მოყოლებული იეჰოვა აცალკევებს თავის ხალხს და უბედურებას მხოლოდ ეგვიპტელებს ატეხს. მიუხედავად ამისა, ფარაონი ჯიუტობს და არ ათავისუფლებს ისრაელებს. მეცხრე სასჯელად ეგვიპტეში უკუნი სიბნელე ისადგურებს. მხოლოდ ისრაელების საცხოვრებლებშია სინათლე. ამის შემდეგ ფარაონი თანხმდება მონების გათავისუფლებაზე, მაგრამ მალევე უკან მიაქვს თავისი სიტყვები. ის მოსეს ემუქრება, რომ თუ კიდევ ერთხელ მივა მასთან, არ აცოცხლებს.
მოსე არ შეუშინდა განრისხებულ ფარაონს და არაერთხელ წარდგა მის წინაშე.
ეგვიპტეში მცხოვრებ ყველა ოჯახს ბოლო, მეათე სასჯელი, ატყდება თავს. იეჰოვა როგორც ადამიანთა, ისე ცხოველთა პირმშოებს ხოცავს. პირმშო ფარაონსაც უკვდება. განადგურებული ფარაონი მოსეს იხმობს. იეჰოვაც ბოლოჯერ გზავნის მოსეს მასთან. ფარაონი ეუბნება, რომ მზად არის, ისრაელები გაათავისუფლოს, და კურთხევას ითხოვს. როგორც იქნა, ისრაელი თავს აღწევს ეგვიპტის მონობას. ეს ზუსტად 430 წლის თავზე ხდება მას შემდეგ, რაც აბრაამმა აღთქმულ მიწაზე პირველად შეაბიჯა. ისრაელებთან ერთად უამრავი ჭრელი ხალხი ტოვებს ეგვიპტეს, რომელთა უმეტესობაც, სავარაუდოდ, ეგვიპტელია. ფარაონი ისევ იცვლის აზრს და აღარ სურს მათი გაშვება. ის დიდძალ ჯარს კრებს და ისრაელების კვალს ადგება.
წითელ ზღვასთან მისულ ისრაელებს შიში იპყრობთ, რადგან ფიქრობენ, რომ ჩიხში მოექცნენ. მოსე იეჰოვას შველას სთხოვს. იეჰოვაც საპასუხოდ ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სასწაულს ახდენს. ის წითელ ზღვას შუაზე ყოფს და ისრაელები ზღვის ფსკერზე კედლებად აღმართულ წყლებს შორის გადიან. ფარაონი ცხენებითა და საომარი ეტლებით უკან მისდევს მათ. როგორც კი ისრაელები მეორე მხარეს გადიან, იეჰოვა წყალს თავის ადგილას აბრუნებს და ფარაონი და მისი ჯარი შუა ზღვაში იხრჩობიან. იქიდან ცოცხალი ვერავინ აღწევს თავს!
ამ შემთხვევამ მოსეზე წარუშლელი კვალი დატოვა. მას რწმენა კიდევ უფრო გაუძლიერდა. ის მომდევნო 40 წლის განმავლობაში, სიკვდილამდე, მიუძღოდა ღვთის ხალხს და სათუთად ზრუნავდა მათზე. მთელი ამ დროის მანძილზე მოსე დიდ რწმენას, სიყვარულსა და გაბედულებას ავლენდა.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა მოსეს გაბედულება მისი ცხოვრების ამ ეტაპზე?
გამოიკვლიეთ
1) ბიბლიაში არ არის მოხსენიებული იმ ფარაონის სახელი, რომლის წინაშეც მოსე და აარონი წარდგნენ და ჯერჯერობით არც რაიმე ხელნაწერია აღმოჩენილი, რომელშიც ამ მოვლენებზეა საუბარი. მიუხედავად ამისა, რატომ გვჯერა, რომ ეს ისტორია რეალურია? (g04 4/8 7 ¶4–9 ¶1)
2) რატომ ეშინოდა ხალხს ფარაონის? (w14 4/15 8 ¶1) სურათი 1
PRISMA ARCHIVO/Alamy Stock Photo
სურათი 1: კედლის რელიეფი, რომელზეც ერთ-ერთი ფარაონია გამოსახული
3) როგორ დაამცირა ათმა სასჯელმა ეგვიპტის ღმერთები? (it „ღმერთები და ქალღმერთები“ ¶24–26)
4) რა მიანიშნებს, რომ წითელი ზღვის ფსკერზე წარმოქმნილი დერეფანი საკმაოდ განიერი იყო? რა რაოდენობის ხალხს შეიძლება გაევლო იქ? (it „გამოსვლა“ ¶46–51) სურათი 2
სურათი 2: სინის ნახევარკუნძულიდან გადაღებული წითელი ზღვის ის მონაკვეთი, სადაც, სავარაუდოდ, ისრაელებმა ზღვა გადაკვეთეს
რას სწავლობთ
როგორ დაგვეხმარება მოსეს მაგალითი, როცა ვთვლით, რომ რომელიმე დავალებას თავს ვერ გავართმევთ? (გამ. 4:10; 7:6, 7)
აარონმა დიდი გაბედულება გამოიჩინა და მოსეს დავალების შესრულებაში დაეხმარა. ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას და დავეხმაროთ და-ძმებს? (გამ. 4:14–16) სურათი 3
სურათი 3
კიდევ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ მოსეს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ მოსეს ეგვიპტიდან ისრაელების გათავისუფლების პერიოდზე?
გაიგეთ მეტი
გაიგეთ, როგორ შემატებს გაბედულებას ბავშვებს ღვთის სახელის მნიშვნელობის ცოდნა.
როგორ გააცნო გამოცდილებამ მოსეს იეჰოვას პიროვნება?