ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 48
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 129 ბოლომდე მოვითმენთ
როგორ გვეხმარება წიგნი „იობი“ განსაცდელში
„არ იქმს ღმერთი ბოროტებას“ (ᲘᲝᲑ. 34:12).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
იობის ისტორიიდან ვიგებთ, რატომ უშვებს ღმერთი განსაცდელებს და რა დაგვეხმარება ასეთ დროს ერთგულების შენარჩუნებაში.
1, 2. რით არის გამორჩეული წიგნი „იობი“?
ᲒᲐᲮᲡᲝᲕᲗ, ბოლოს როდის წაიკითხეთ იობის ისტორია? ბიბლიის ეს წიგნი 3 500 წლის წინ დაიწერა და დღესაც მსოფლიო ლიტერატურის შედევრად მიიჩნევა. ის მარტივი, ლამაზი და ექსპრესიული ენითაა დაწერილი, რის გამოც ერთ-ერთი ნაშრომი „იობის“ დამწერს „ლიტერატურის გენიოსსაც“ კი უწოდებს. მართალია, წიგნი მოსეს კალამს ეკუთვნის, მაგრამ მისი რეალური ავტორი იეჰოვაა (2 ტიმ. 3:16).
2 წიგნ „იობს“ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მთელ ბიბლიაში. რითაა ის გამორჩეული? ის ნათელს ჰფენს ღვთის სახელის განწმენდასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რომელიც ყველა მოაზროვნე ქმნილებას ეხება. ამ წიგნიდან ბევრ რამეს ვიგებთ იეჰოვას სიყვარულზე, სიბრძნეზე, სამართლიანობაზე, ძალაზე და სხვა შესანიშნავ თვისებებზე. მაგალითად, მასში იეჰოვა 31-ჯერ არის მოხსენიებული „ყოვლისშემძლედ“, რაც უფრო მეტია, ვიდრე ბიბლიის სხვა წიგნებში ერთად აღებული. ამასთანავე, ის გვპასუხობს დღემდე აქტუალურ კითხვებზე. მაგალითად, რატომ უშვებს ღმერთი განსაცდელებს?
3. რატომ ღირს წიგნ „იობის“ გამოკვლევა?
3 წიგნ „იობის“ კითხვა შეიძლება მთაზე ასვლას შევადაროთ. რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით უფრო კარგად ვხედავთ ირგვლივ ყველაფერს. მსგავსად, რაც უფრო მეტად ვიკვლევთ ამ წიგნს, მით უფრო გვიფართოვდება თვალსაწიერი და ჩვენთვის ნათელი ხდება, როგორ უყურებს იეჰოვა ადამიანების მდგომარეობას. ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ დაგვეხმარება წიგნი „იობი“, როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი გვიდგას. განვიხილავთ, რისი სწავლა შეეძლოთ ისრაელებს იობის ისტორიიდან და ჩვენთვის რით არის საყურადღებო. იმაზეც ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია ეს ბიბლიური ისტორია სხვების დასახმარებლად გამოვიყენოთ.
ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲛ ᲘᲝᲑᲡ ᲒᲐᲜᲡᲐᲪᲓᲔᲚᲘ ᲐᲠ ᲐᲐᲠᲘᲓᲐ
4. რით განსხვავდებოდა იობი ეგვიპტეში მცხოვრები ისრაელებისგან?
4 იმ დროს, როცა ისრაელები ეგვიპტის მონობაში იყვნენ, სადღაც ჩრდილოეთ არაბეთში, უცის მიწაზე, ცხოვრობდა კაცი, სახელად იობი. ისრაელებისგან განსხვავებით, რომლებმაც ეგვიპტურ ღვთაებებს დაუწყეს თაყვანისცემა, იობი ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას (იეს. 24:14; ეზეკ. 20:8). აი რა თქვა ღმერთმა მასზე: „დედამიწაზე არავინაა მისი მსგავსი“ (იობ. 1:8).a მთელ აღმოსავლეთში იობი ყველაზე მდიდარი და პატივდებული კაცი იყო (იობ. 1:3). ცხადია, სატანას ნამდვილად არ ესიამოვნებოდა იმის დანახვა, რომ ასეთი წარმატებული და გავლენიანი კაცი იეჰოვას ერთგულად სცემდა თაყვანს.
5. რატომ არ აარიდა იეჰოვამ იობს განსაცდელი? (იობ. 1:20–22; 2:9, 10).
5 სატანა ირწმუნებოდა, რომ იობი განსაცდელების პირისპირ ზურგს შეაქცევდა ღმერთს (იობ. 1:7–11; 2:2–5). იეჰოვას ძალიან უყვარდა იობი, მაგრამ სატანის ბრალდებამ ისეთი საკითხები წამოჭრა, რომელთაც პასუხი უნდა გასცემოდა. ამიტომაც მისცა უფლება, თავისი „სიმართლე“ დაემტკიცებინა (იობ. 1:12–19; 2:6–8). სატანამ იობს ყველაფერი წაართვა, რაც ებადა, შვილებიც კი. თავად მას კი მთელი სხეული დაუწყლულა. მაგრამ იობის ერთგულება ასეთმა სადისტურმა მეთოდებმაც ვერ შეარყია (წაიკითხეთ იობის 1:20–22; 2:9, 10). დროთა განმავლობაში იეჰოვამ იობს ჯანმრთელობაც დაუბრუნა, სიმდიდრეც და რეპუტაციაც. ამას გარდა, კიდევ ათი შვილით აკურთხა და სიცოცხლეც გაუხანგრძლივა 140 წლით. ის თავისი შთამომავლების ოთხ თაობას მოესწრო (იობ. 42:10–13, 16). საინტერესოა, როგორ დაეხმარებოდა იობის ისტორია ღვთის ადრინდელ მსახურებს და ჩვენ როგორ გვეხმარება დღეს.
6. რაში წაადგებოდათ ისრაელებს იმის ცოდნა, თუ რატომ უშვებს ღმერთი განსაცდელებს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
6 როგორ დაეხმარებოდა იობის ისტორია ისრაელებს. ისრაელებს ეგვიპტეში მძიმე ცხოვრება ჰქონდათ. მაგალითად, იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ ახალგაზრდული წლები მონობაში გაატარეს. შემდეგ სხვების გამო 40 წელი უდაბნოში ხეტიალიც მოუწიათ. შესაძლოა ისრაელებმა უდაბნოში ყოფნის დროს გაიგეს, რა შეემთხვა იობს და როგორ დასრულდა მისი ამბავი. თუ ეს ასე მოხდა, მისი ისტორია მათ და მათ შთამომავლებს დაანახვებდა ადამიანთა ტანჯვის მთავარ მიზეზს. შესაბამისად, იმასაც უკეთ მიხვდებოდნენ, თუ რატომ უშვებს ღმერთი განსაცდელებს და როგორ აფასებს ადამიანების ერთგულებას.
ისრაელებს, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ეგვიპტის მონობაში იყვნენ, იობის ისტორია ბევრ რამეს მიახვედრებდა (იხილეთ აბზაცი 6).
7, 8. როგორ დაეხმარება იობის შემთხვევა მათ, ვინც განსაცდელშია? მოიყვანეთ მაგალითი.
7 როგორ გვეხმარება ჩვენ. ბევრს არ ესმის, კარგ ადამიანებს რატომ ატყდებათ თავს უბედურება, ამიტომ ღვთისადმი რწმენას კარგავს. დავფიქრდეთ რუანდაში მცხოვრები ჰეიზელისb მაგალითზე. პატარაობაში მას სწამდა ღმერთის, მაგრამ ცხოვრებაში გადამხდარმა საშინელებებმა ღვთისადმი რწმენა დააკარგვინა. დავიწყოთ იმით, რომ მისი მშობლები განქორწინდნენ. შემდეგ მამობილთან მოუწია ცხოვრება, რომელიც ძალიან ცუდად ექცეოდა. მოზარდობაში გაუპატიურების მსხვერპლიც გახდა. როცა სამლოცველოში მიდიოდა, იქ ვერანაირ ნუგეშს ვერ იღებდა. ამიტომ გადაწყვიტა, ღმერთისთვის „გამოსამშვიდობებელი წერილი“ დაეწერა: „ღმერთო, მე სულ ვლოცულობდი; ვცდილობდი, კარგად მოვქცეულიყავი, მაგრამ შენ ამ ყველაფერზე ბოროტებით მიპასუხე. დღეიდან ისე ვიცხოვრებ, როგორც მომინდება. შენ ჩემთვის აღარ არსებობ“. ჩვენ გული შეგვტკივა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ცხოვრებამ აფიქრებინა, რომ ღმერთია დამნაშავე მათ უბედურებაში.
8 მათგან განსხვავებით ჩვენ იობის ისტორიიდან შევიტყვეთ, რომ ადამიანთა უბედურებაზე პასუხისმგებელი ღმერთი კი არა, სატანაა. ამასთანავე, როცა ვინმეს განსაცდელები ატყდება თავს, არ უნდა დავასკვნათ, რომ რაც დათესა, იმას იმკის, რადგან ყველაზე „დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლ. 9:11; იობ. 4:1, 8). გავიგეთ ისიც, რომ თუ გასაჭირში იეჰოვას ერთგულები ვრჩებით, სატანის ბრალდებას ვაბათილებთ და ღვთის სახელის განწმენდაში შეგვაქვს წვლილი (იობ. 2:3; იგავ. 27:11). ძალიან მადლიერი ვართ იეჰოვასი, რომ დაგვანახვა, სინამდვილეში რატომ გვატყდება თავს სხვადასხვა ქარტეხილი. საბედნიეროდ, ეს სიმართლე ჰეიზელმაც შეიტყო ბიბლიის შესწავლის დროს. ის ამბობს: „ისევ ვილოცე და ღმერთს ჩემი გრძნობები გავუზიარე. ვაღიარე, რომ ვცდებოდი და გულის სიღრმეში იმის თქმა ნამდვილად არ მინდოდა, რომ ჩემთვის არ არსებობდა. ასე იმიტომ მომივიდა, რომ მას არ ვიცნობდი. ახლა კი ვიცი, რომ იეჰოვას ვუყვარვარ და ნამდვილად შემიძლია იმის თქმა, რომ ბედნიერი ვარ“. მართლაც, რამხელა ბედნიერებაა სიმართლის ცოდნა. მოდი ახლა იმაზე ვიმსჯელოთ, როგორ გვეხმარება იობის ისტორია, როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი გვიდგას.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲘᲝᲑᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ ᲛᲝᲗᲛᲔᲜᲐᲨᲘ
9. რა განწყობით შეხვდა იობი თავსდატეხილ უბედურებას? (იაკობი 5:11).
9 წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა იობი. ის ნაცარში იჯდა, მთელი სხეული წყლულებით ჰქონდა დაფარული და ტკივილისგან წელში იყო მოხრილი. გაძვალტყავებულს გაშავებული კანი ძვრებოდა და სხეულს თიხის ნატეხებით იქავებდა. ისე ჩანდა, რომ იობი მხოლოდ დასტიროდა თავის მდგომარეობას და მეტი არაფერი. მაგრამ სინამდვილეში ის უბრალოდ გაძლებაზე არ იყო, მოთმინებით იტანდა ამ ყველაფერს (წაიკითხეთ იაკობის 5:11). რა დაეხმარა მას ამაში?
10. როგორი ურთიერთობა ჰქონდა იობს იეჰოვასთან?
10 იობი თავისუფლად გამოხატავდა იეჰოვასთან თავის გრძნობებს (იობ. 10:1, 2; 16:20). მაგალითად, როგორც იობის მე-3 თავიდან ვიგებთ, ის მწარედ მოთქვამდა თავისი უბედურებების გამო. შემდეგ კი ისიც დაასკვნა, რომ ეს ყველაფერი იეჰოვამ დაატეხა თავს. მოგვიანებით, როცა სამი მეგობარი მის ერთგულებას ეჭვქვეშ აყენებდა, საპასუხოდ ღმერთს მიმართავდა და უმტკიცებდა, რომ მისთვის არ უღალატია. ზოგჯერ ისე გამოსდიოდა, თითქოს ღმერთზე მართალი იყო (იობ. 10:1–3; 32:1, 2; 35:1, 2). თუმცა იობი აღიარებდა, რომ ყოველთვის ვერ საზღვრავდა, რას ამბობდა, იმდენად იყო გადართული საკუთარი სიმართლის მტკიცებაზე (იობ. 6:3, 26). 31-ე თავიდან იმასაც ვიგებთ, რომ იობს სურდა, ღმერთს დაედასტურებინა მისი უდანაშაულობა (იობ. 31:35). ცხადია, მისი მხრიდან გაუმართლებელი იყო, რომ ღმერთისგან კატეგორიულად მოეთხოვა თავისი ტანჯვის მიზეზის ახსნა.
11. როგორი იყო იეჰოვას რეაქცია იობის თხოვნაზე?
11 როცა მთლიანობაში აღვიქვამთ იობის ისტორიას, ვხვდებით, რატომ მიმართავდა ღმერთს ასე. ის ენდობოდა მას და იმედი ჰქონდა, რომ იეჰოვა ეჭვს არ შეიტანდა მის ერთგულებაში. როცა ღმერთმა საბოლოოდ უპასუხა ქარიშხლიდან, საჭიროდ არ ჩათვალა, იობისთვის კონკრეტული მიზეზი აეხსნა, თუ რატომ იყო ასეთ დღეში. არც პასუხი მოუთხოვია იმის გამო, რომ თავს იმართლებდა და ემოციებს მძაფრად გამოხატავდა. პირიქით, მოსიყვარულე მშობელივით მიუდგა და დაანახვა, რაში ცდებოდა. მართლაც, იეჰოვამ საუკეთესო მიდგომა აირჩია მის დასახმარებლად. ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ იობმა თავმდაბლად აღიარა თავისი უცოდინარობა და ინანა, რაც მანამდე თქვა (იობ. 31:6; 40:4, 5; 42:1–6). როგორ დაეხმარებოდა იობის მაგალითი წარსულში მცხოვრებ ღვთის მსახურებს და დღეს როგორ გვეხმარება?
12. რა მხრივ წაადგებოდათ ისრაელებს იობის ისტორია?
12 როგორ დაეხმარებოდა იობის მაგალითი ისრაელებს. ჯერ მოსეზე ვისაუბროთ. როგორც ისრაელი ერის წინამძღოლს, ბევრი სიძნელის გადატანა მოუწია. არაერთხელ შეხვდა იმედგაცრუებასა და გულგატეხილობას. თუმცა იმ ურჩი ისრაელებისგან განსხვავებით, რომლებიც სამდურავს გამოთქვამდნენ იეჰოვას მიმართ, მოსე თავის სატკივარს პირადად უზიარებდა ღმერთს (გამ. 16:6–8; რიცხ. 11:10–14; 14:1–4, 11; 16:41, 49; 17:5). შესაძლოა იობის მაგალითი იეჰოვასგან შეგონების მიღებაშიც დაეხმარა. უდაბნოში ყოფნის მიწურულს, როცა ისრაელი კადეშში იყო დაბანაკებული, მოსემ დაუფიქრებლად ილაპარაკა და პატივი არ მიაგო ღმერთს (ფსალმ. 106:32, 33). ამის გამო იეჰოვამ მას აღთქმულ მიწაზე შესვლის უფლება არ მისცა (კან. 32:50–52). მოსესთვის ალბათ მტკივნეული იქნებოდა იეჰოვას გადაწყვეტილების მოსმენა, მაგრამ თავმდაბლობა გამოიჩინა და არ გაუპროტესტებია. იობის ისტორია, ალბათ, იმ ისრაელებსაც წაადგებოდათ, რომლებიც აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ ბევრ სირთულეს შეხვდებოდნენ. მის მაგალითზე ისინი დაინახავდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, უშუალოდ იეჰოვასთან გამოეთქვათ საწუხარი, არ დაეწყოთ თავის მართლება და თავმდაბლურად ეღიარებინათ შეცდომები.
13. როგორ გვეხმარება იობის მაგალითი მოთმინებაში? (ებრაელები 10:36).
13 როგორ გვეხმარება ჩვენ. ჩვენც ბევრი რამის ატანა გვიწევს (წაიკითხეთ ებრაელების 10:36). მაგალითად, ზოგს ავადმყოფობა აწუხებს, ზოგს ემოციური პრობლემები აქვს, ზოგს ოჯახში აქვს დაძაბული სიტუაცია, ზოგიც ახლობლის დაკარგვას განიცდის ან სხვა სირთულის პირისპირ დგას. ამას კი ზოგჯერ სხვისი გულსატკენი სიტყვები თუ საქციელიც ემატება (იგავ. 12:18). იობის მაგალითზე ვსწავლობთ, რომ ჩვენი ღრმა გრძნობები იეჰოვას გავუზიაროთ, რადგან ის აუცილებლად მოგვისმენს (1 იოან. 5:14). ის არ განგვსჯის, თუ მძიმე ემოციური ფონის გამო იობივით ჩვენც დაუფიქრებლად ვიტყვით რამეს, პირიქით, მოთმინებისთვის საჭირო ძალასა და სიბრძნეს მოგვცემს (2 მატ. 16:9; იაკ. 1:5). თუმცა, როგორც მოსიყვარულე მამა, არც იმისგან შეიკავებს თავს, რომ შეცდომაზე მიგვითითოს, იქნება ეს თავისი სიტყვის, ორგანიზაციისა თუ ჩვენი თანაქრისტიანების მეშვეობით (ებრ. 12:5–7). თუ ასეთ დროს იობის მსგავსად თავმდაბლები ვიქნებით, უკეთეს ქრისტიანებად ჩამოვყალიბდებით (2 კორ. 13:11). მართლაც, რამდენი რამის სწავლა შეგვიძლია იობისგან! მოდი ახლა ვიმსჯელოთ, როგორ შეგვიძლია მისი ისტორიით სხვებს დავეხმაროთ.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲛᲝᲕᲘᲧᲔᲜᲝᲗ ᲬᲘᲒᲜᲘ „ᲘᲝᲑᲘ“ ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲐᲓ
14. როგორ აუხსნიდით სხვებს ადამიანთა ტანჯვის მიზეზს?
14 ალბათ ყველას შეგვხვედრია მსახურებაში ისეთი ადამიანი, ვისაც აინტერესებს, რატომ ხდება ამდენი უბედურება. თქვენ რა მიდგომას იყენებთ ხოლმე ასეთ დროს? შესაძლოა მსჯელობას ედემის ბაღიდან იწყებთ და უხსნით, რომ ბოროტმა ანგელოზმა სატანამ პირველ ადამიანებს სიცრუე უთხრა და ღვთისადმი დაუმორჩილებლობისკენ წააქეზა (დაბ. 3:1–6). შემდეგ, ალბათ, იმასაც ეუბნებით, რა მოჰყვა ადამისა და ევას ურჩობას – ტანჯვა და სიკვდილი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა (რომ. 5:12). ბოლოს კი უხსნით, რატომ იცდის ღმერთი – რომ გამოაშკარავდეს სატანის სიცრუე და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, რა დიდებული მომავალი გველის წინ (გამოცხ. 21:3, 4). ფაქტია, ეს მიდგომა ხშირად ამართლებს.
15. წიგნ „იობის“ დახმარებით როგორ ავუხსნათ სხვებს ადამიანთა ტანჯვის მიზეზი? (იხილეთ აგრეთვე სურათები).
15 როცა ვინმესთან ამ საკითხზე საუბრობთ, შეგიძლიათ აზრები წიგნ „იობიდანაც“ მოიშველიოთ. კარგი იქნება, თუ ჯერ შეაქებთ, რომ ასეთი ლოგიკური კითხვა გაუჩნდა. შემდეგ კი აღნიშნეთ, რომ ღვთისმოშიშს იობსაც, რომელმაც მრავალი გასაჭირი გამოიარა, მსგავსი კითხვა აწუხებდა; ის შესაძლოა იმასაც კი ფიქრობდა, რომ ღმერთი უვლენდა განსაცდელებს (იობ. 7:17–21). იმ ადამიანისთვის, ვისაც ესაუბრებით, ალბათ, საინტერესო იქნება იმის გაგება, რომ ეს საკითხი ოდითგანვე აწუხებდათ ადამიანებს. კარგი იქნება, თუ იმასაც აუხსნით, რომ იობის გასაჭირის მიღმა ღმერთი კი არა, ეშმაკი იდგა. მას სურდა, დაემტკიცებინა, რომ ადამიანები ღმერთს ანგარებით ემსახურებიან. იმასაც გაუსვით ხაზი, რომ ღმერთს კი არ გამოუწვევია იობის განსაცდელი, უბრალოდ დაუშვა, ასე მომხდარიყო. და ეს იმიტომ, რომ სჯერა, თავისი ერთგული მსახურები საკადრის პასუხს გასცემენ სატანის ბრალდებას. ბოლოს კი ისიც უთხარით, რომ ღმერთმა იობი ერთგულებისთვის დააჯილდოვა. ამგვარი მსჯელობით ადამიანებს დაანახვებთ, რომ ღმერთი არ არის ჩვენი ტანჯვის მიზეზი. ეს კი შეიძლება ბევრისთვის აღმოჩნდეს გამამხნევებელი.
წიგნ „იობის“ მეშვეობით როგორ დაარწმუნებდით ადამიანებს, რომ ღმერთი არ იწვევს უბედურებებს? (იხილეთ აბზაცი 15)
16. როგორ დაეხმარა წიგნი „იობი“ მარიოს?
16 გავიგოთ, როგორ დაეხმარა იობის ისტორია მარიოს. 2021 წლის ერთ მშვენიერ დღეს ჩვენმა დამ გადაწყვიტა ტელეფონით ექადაგა. პირველივე ზარზე მას მარიომ უპასუხა. დამ ბიბლიური მუხლი წაუკითხა და უთხრა, რომ ღმერთი არა მხოლოდ ისმენს ჩვენს ლოცვებს, შესანიშნავ მომავალსაც გვპირდება. შემდეგ ჰკითხა, რას ფიქრობდა ამ ყველაფერზე. მარიომ უთხრა, რომ თვითმკვლელობა ჰქონდა გადაწყვეტილი და ზუსტად იმ მომენტში ოჯახისთვის გამოსამშვიდობებელ წერილს წერდა. შემდეგ კი უთხრა: „ღმერთის კი მწამს, მაგრამ მგონია, რომ მისთვის სულერთი ვარ“. მეორედ რომ დაურეკა ჩვენმა დამ, იობის ისტორიას მოუყვა. მარიოს სურვილი გაუჩნდა, მთლიანად წაეკითხა ბიბლიის ეს წიგნი. ამიტომ დამ მას „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ბმული გაუგზავნა. მალე მარიომ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და აღფრთოვანდა იმის გაგებით, რომ ღმერთს უყვარს ის და დაინტერესებულია მისით.
17. რისთვის უნდა ვიყოთ მადლიერი? (იობი 34:12).
17 ღვთის სიტყვას ადამიანების დახმარების ძალა შესწევს, მათ შორის მათი, ვინც განსაცდელშია (ებრ. 4:12). მადლიერები ვართ, რომ ბიბლიაში იეჰოვამ იობის ისტორიაც შემოგვინახა (იობ. 19:23, 24). ეს წიგნი გვარწმუნებს, რომ ღმერთი შორსაა ბოროტებისგან (წაიკითხეთ იობის 34:12). იმასაც გვიმხელს, რატომ უშვებს ის განსაცდელებს და რა დაგვეხმარება, მოვითმინოთ. მისი მეშვეობით შეგვიძლია სხვებიც ვანუგეშოთ. შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ გვეხმარება ეს წიგნი რჩევის მიცემისას.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 156 რწმენის თვალით
a როგორც ჩანს, იეჰოვასა და სატანას შორის საუბარი და იობის განსაცდელები იოსების სიკვდილის შემდეგ (ძვ. წ. 1657 წ.) და მოსეს წინასწარმეტყველად გახდომამდე (დაახლ. ძვ. წ. 1514 წ.) პერიოდში მოხდა.
b ზოგი სახელი შეცვლილია.