საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 დეკემბერი გვ. 8-13
  • როგორ გვეხმარება წიგნი „იობი“ რჩევის მიცემისას

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ გვეხმარება წიგნი „იობი“ რჩევის მიცემისას
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲡᲐᲛᲘ ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲘᲡ ᲠᲩᲔᲕᲐ
  • ᲔᲚᲘᲰᲣᲡ ᲠᲩᲔᲕᲐ
  • ᲬᲘᲒᲜ „ᲘᲝᲑᲘᲓᲐᲜ“ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲑᲔᲕᲠ ᲠᲐᲛᲔᲡ ᲘᲡᲬᲐᲕᲚᲘᲗ
  • იეჰოვამ მას ჭრილობები მოუშუშა
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • იობის ჯილდო იმედის წყაროა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
  • ბიბლიის წიგნი 18 — იობი
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იობი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 დეკემბერი გვ. 8-13

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 49

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 44 თავმდაბლის ლოცვა

როგორ გვეხმარება წიგნი „იობი“ რჩევის მიცემისას

„ახლა შენ გთხოვ, იობ, მოისმინო ჩემი სიტყვები“ (ᲘᲝᲑ. 33:1).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

წიგნი „იობი“ გვანახვებს, როგორ მივცეთ რჩევები – რა ვთქვათ და როგორ ვთქვათ.

1, 2. რა სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ იობის სამი მეგობარი და ახალგაზრდა ელიჰუ?

ᲘᲝᲑᲘᲡ ამბავი მთელ აღმოსავლეთში ელვის სისწრაფით გავრცელდა. ერთ დროს უმდიდრესი კაცი, ყველაფრის გარეშე დარჩა. როცა იობის მეგობრებმა – ელიფაზმა, ბილდადმა და ცოფარმა – გაიგეს, რა გადახდა თავს, უცში ჩავიდნენ მის სანუგეშებლად. თუმცა მოუმზადებლები აღმოჩნდნენ იმისთვის, რაც იქ დახვდათ.

2 მათ თვალწინ შემზარავი სურათი გადაიშალა: იობი, რომელსაც უამრავი ცხვარ-ძროხა, აქლემი თუ ვირი ჰყავდა, ახლა ხელცარიელია. თითქმის ყველა მსახური მოკლულია. მისი შვილებიდან არცერთი აღარაა ცოცხალი – ყველანი სახლის ნანგრევებში მოყვნენ. თითქოს ეს არ კმაროდა, იობი საშინელი სენით იტანჯება – მთელი სხეული წყლულებით აქვს დაფარული. გაუბედურებული ნაცარში ზის და თავის ყოფას დასტირის. როგორ იქცევიან მისი მეგობრები? შვიდი დღე თავისთვის სხედან და სიტყვასაც არ ძრავენ ამ საბრალო კაცის სანუგეშებლად (იობ. 2:12, 13). რაღაც მომენტში ახალგაზრდა ელიჰუც მიდის იქ და შორიახლოს ჯდება. ბოლოს ისევ იობი არღვევს სიჩუმეს. ის თავისი გაჩენის დღეს წყევლის და სიკვდილს ნატრობს (იობ. 3:1–3, 11). მას თანადგომა და ნუგეში ჰაერივით სჭირდება. ის, თუ რას როგორ ეტყვიან იობს, აჩვენებს, არიან თუ არა ეს კაცები მისი ნამდვილი მეგობრები.

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ის, რაც ამ კაცებმა იობს უთხრეს, იეჰოვამ ბიბლიაში შემოგვინახა. საგულისხმოა, რომ ელიფაზის ზოგ სიტყვაში ბოროტი სულის გავლენა იგრძნობოდა, ელიჰუს კი იეჰოვა ალაპარაკებდა (იობ. 4:12–16; 33:24, 25). ასე რომ, რა გასაკვირია, რომ წიგნ „იობში“ ვხვდებით, როგორც საუკეთესო, ისე ყველაზე ცუდ რჩევებს. სწორედ ამიტომ ეს წიგნი კარგ დახმარებას გაგვიწევს, თუ ვინმესთვის რჩევის მიცემას გადავწყვეტთ. ჯერ იობის სამი მეგობრის მაგალითზე ვიმსჯელოთ, რას უნდა მოვერიდოთ რჩევის მიცემისას. შემდეგ კი ელიჰუს კარგ მაგალითზე ვისაუბროთ. ამ მაგალითების განხილვისას იმაზეც დავფიქრდებით, როგორ წაადგებოდათ ისრაელებს იობის ისტორია და ჩვენ რა მხრივ გვეხმარება.

ᲡᲐᲛᲘ ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲘᲡ ᲠᲩᲔᲕᲐ

4. რატომ ვერ შეძლო სამმა მეგობარმა იობის ნუგეშისცემა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

4 როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იობის სამი მეგობარი იმიტომ ჩავიდა მასთან, რომ თანაეგრძნოთ და ენუგეშებინათ (იობ. 2:11). თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. რატომ? სულ მცირე, სამი მიზეზის გამო. პირველი, მათ ნაადრევი დასკვნები გამოიტანეს. მაგალითად, იფიქრეს, რომ იობი ცოდვებისთვის ისჯებოდა (იობ. 4:7; 11:14).a მეორე, მათი რჩევები უსარგებლო, უტაქტო და მტკივნეული მოსასმენი იყო. თითქოსდა ჭკვიანურ რაღაცებს ამბობდნენ, მაგრამ, სინამდვილეში, შინაარსიანი და აზრიანი არაფერი უთქვამთ (იობ. 13:12). ბილდადმა ორჯერ უთხრა უხეშად იობს, რომ ბევრს ლაპარაკობდა (იობ. 8:2; 18:2). ცოფარმა კი, ფაქტობრივად, „უჭკუო კაცი“ უწოდა (იობ. 11:12). მესამე, შეიძლება ხმისთვის არ აუწევიათ, მაგრამ დამამცირებელი ტონი ჰქონდათ და სარკასტულად და კრიტიკულად ელაპარაკებოდნენ (იობ. 15:7–11). ისე გამოვიდა, რომ იობის დადანაშაულებას უფრო ცდილობდნენ, ვიდრე მის დამშვიდებას და გამხნევებას.

ერთ-ერთი მეგობარი მიწაზე მჯდომ იობს უხეშად ესაუბრება, დანარჩენი ორი კი უსმენს მათ. საშინელი სენით გატანჯულ იობს მისი სიტყვები დიდ ტკივილს აყენებს.

ჩვენი რჩევა მიზანს ვერ მიაღწევს და ადამიანს ვერ დავეხმარებით, თუ ისეთ შთაბეჭდილებას შევუქმნით, თითქოს მასზე უკეთესი ვართ (იხილეთ აბზაცი 4).


5. როგორ იმოქმედა იობზე სამი მეგობრის საუბარმა?

5 ასეთი სიტყვების მოსმენამ იობს გული მოუკლა (იობ. 19:2). ისღა დარჩენოდა, თავის მართლება დაეწყო, რამაც ხედვა დაუბინდა და დაუფიქრებელი სიტყვები ათქმევინა (იობ. 6:3, 26). ის, რასაც ეს ვითომ მეგობრები ამბობდნენ, შორს იყო იეჰოვას აზრებისგან. მათ არაფრად ჩააგდეს იობის გრძნობები და გულცივად მოექცნენ. მათდა უნებურად ისინი სატანის ხელში ბრმა იარაღი აღმოჩნდნენ (იობ. 2:4, 6). საინტერესოა, როგორ წაადგებოდათ ისრაელებს ეს ისტორია და ჩვენ რა მხრივ დაგვეხმარება.

6. რა შეეძლოთ ესწავლათ ისრაელ უხუცესებს იობის მეგობრების მაგალითზე?

6 რისი სწავლა შეეძლოთ ისრაელებს. ისრაელი ერის ჩამოყალიბების შემდეგ იეჰოვამ გამოცდილი უხუცესები მსაჯულებად დანიშნა, რათა მისი ნორმებით აღესრულებინათ სამართალი (კან. 1:15–18; 27:1). სანამ ვინმეს რჩევას მისცემდნენ ან განაჩენს გამოუტანდნენ, მათ ყურადღებით უნდა მოესმინათ (2 მატ. 19:6). ჯერ კითხვები უნდა დაესვათ და დარწმუნებულიყვნენ, რომ ყველა ფაქტი იცოდნენ (კან. 19:18). დახმარების სათხოვნელად მისულ ადამიანებს უხეშად არ უნდა დალაპარაკებოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათთან გულახდილად საუბარი არავის მოუნდებოდა (გამ. 22:22–24). ფაქტია, ისრაელ უხუცესებს ბევრი რამის სწავლა შეეძლოთ იობის ისტორიიდან.

7. კიდევ ვის წაადგებოდა იობის ისტორია და რა მხრივ? (იგავები 27:9).

7 რჩევის მიცემა ისრაელში მხოლოდ უხუცესების საქმე არ ყოფილა. რეალურად, ახალგაზრდას თუ ასაკოვანს, ქალსა თუ კაცს, ყველას შეეძლო რჩევის მიცემა მისთვის, ვისაც რაიმეში გამოსწორება ან გაუმჯობესება სჭირდებოდა (ფსალმ. 141:5). გულწრფელი რჩევა ნამდვილი მეგობრობის მაჩვენებელია (წაიკითხეთ იგავების 27:9). იობის სამმა მეგობარმა კარგი ნიმუში დაუტოვა ისრაელებს, რა არ უნდა ეთქვათ და როგორ არ უნდა მოქცეულიყვნენ რჩევის მიცემისას.

8. რაზე ღირს დაფიქრება რჩევის მიცემისას? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

8 ჩვენ რისი სწავლა შეგვიძლია. როცა თანაქრისტიანებს რთული პერიოდი აქვთ, გვინდა, მათ მხარში ამოვუდგეთ. თუმცა ამ დროს იობის მეგობრების შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ. რაზე ღირს დაფიქრება? პირველი, ნაჩქარევად არ უნდა გავაკეთოთ დასკვნები და სანამ რამეს ვიტყვით, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა ფაქტი ვიცით. მეორე, რჩევის მიცემისას ელიფაზივით მხოლოდ და მხოლოდ პირად გამოცდილებას არ უნდა დავეყრდნოთ, რადგან ჩვენი გამოცდილება ყველა სიტუაციას ვერ მოერგება. აჯობებს, ღვთის სიტყვაში მოცემული სანდო პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ (იობ. 4:8; 5:3, 27). მესამე, უნდა დავუკვირდეთ ჩვენს სიტყვებს, რომ უხეშად ან კრიტიკულად არ გამოგვივიდეს ნათქვამი. ფაქტია, იობის სამი მეგობრის ნათქვამში სიმართლის მარცვალიც ერია. მაგალითად, ელიფაზის სიტყვებს მოგვიანებით პავლე მოციქულიც ციტირებდა (იობის 5:13 შეადარეთ 1 კორინთელების 3:19-ს). და მაინც, ისინი, ძირითადად, ღმერთს ცუდად წარმოაჩენდნენ, იობს კი გულს სტკენდნენ. ამიტომაც ჩათვალა იეჰოვამ, რომ ისინი სიმართლეს არ ლაპარაკობდნენ (იობ. 42:7, 8). კარგი მრჩეველი არასოდეს შეუქმნის ვინმეს ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს იეჰოვას ვერაფრით ასიამოვნებს ან მისი სიყვარულის ღირსი არ არის. მოდი ახლა ვიმსჯელოთ, რისი სწავლა შეგვიძლია ელიჰუსგან.

ფოტოკოლაჟი: ერთი ძმა თანაქრისტიანს მეგობრულ რჩევას აძლევს: 1) ისინი აივანზე სხედან და მაგიდაზე გამაგრილებელი სასმელი უდევთ. ეს ძმა გაღიზიანებულ თანაქრისტიანს აცდის, ემოციებისგან დაიცალოს; 2) შემდეგ ეს ძმა ბიბლიას შლის; 3) ის ტაქტიანად აძლევს ბიბლიურ რჩევას, მეორე ძმა კი მშვიდად უსმენს.

რჩევის მიცემისას 1) დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ფაქტი იცით, 2) გამოიყენეთ ღვთის სიტყვა და 3) თბილად და ტაქტიანად ისაუბრეთ (იხილეთ აბზაცი 8).


ᲔᲚᲘᲰᲣᲡ ᲠᲩᲔᲕᲐ

9. როგორ იგრძნო იობმა თავი და როგორ დაეხმარა იეჰოვა მას?

9 იობისა და მისი ვითომ მეგობრების კამათს ბიბლიაში მთელი 28 თავი დაეთმო. ცხადია, ასეთმა ღვარძლით სავსე საუბარმა იობი ვერაფრით ანუგეშა. როგორ დაეხმარებოდა იეჰოვა ამ სულგამწარებულ კაცს? მან ელიჰუს მეშვეობით იობს საჭირო რჩევა მისცა და ანუგეშა. მაგრამ, საინტერესოა, თავიდანვე რატომ არ ჩაერია ელიჰუ საუბარში? მან თავად ახსნა მიზეზი, როცა სამ მეგობარს მიმართა: „მე თქვენზე უმცროსი ვარ, თქვენ კი – ჩემზე უფროსები; ამიტომაც ვიკავებდი თავს“ (იობ. 32:6, 7). ახალგაზრდა ელიჰუ კარგად ხვდებოდა ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: უფროს თაობას გაცილებით მეტი აქვს ნანახი და გამოცდილი, შესაბამისად, უფრო მეტიც გაეგება. მაგრამ, მას შემდეგ, რაც კარგა ხანს უსმინა იობსა და მის მეგობრებს, საჭიროდ ჩათვალა, ხმა ამოეღო. თავის შესავალ სიტყვაში მან თქვა: „მხოლოდ ასაკი როდი იძლევა სიბრძნეს და მხოლოდ მოხუცებს როდი ესმით, რა არის სწორი“ (იობ. 32:9). საინტერესოა, შემდეგ როგორ გააგრძელა საუბარი.

10. როგორ მოიქცა ელიჰუ, სანამ იობს რჩევას მისცემდა? (იობი 33:6, 7).

10 სანამ ელიჰუ რჩევის მიცემაზე გადავიდოდა, შესაფერისი ატმოსფეროს შექმნაზე იზრუნა. მართალია, თავიდან, ცოტა არ იყოს, გაბრაზებული იყო, მაგრამ თავი ხელში აიყვანა (იობ. 32:2–5). ეს იქიდან გამოჩნდა, რომ იობისთვის ერთი გადაბრუნებული სიტყვაც კი არ უთქვამს, პირიქით, მეგობრულად მიუდგა და დაამშვიდა: „ღვთისთვის ერთნი ვართ, მეც და შენც“ (წაიკითხეთ იობის 33:6, 7). ელიჰუ იობს ყურადღებითაც უსმენდა, რაზეც ისიც მოწმობს, რომ მისი ნათქვამიდან მთავარი აზრები გამოკვეთა (იობ. 32:11; 33:8–11). ასე მოიქცა მაშინაც, როცა იობს კიდევ ერთხელ მისცა რჩევა (იობ. 34:5, 6, 9; 35:1–4).

11. რა გაითვალისწინა ელიჰუმ რჩევის მიცემის დროს? (იობი 33:1).

11 ელიჰუ იობს პატივისცემით ელაპარაკა და მის ღირსებას გაუფრთხილდა. მაგალითად, სახელით მიმართა მას, რაც იობის სამ მეგობარს, როგორც ჩანს, აზრადაც არ მოსვლია (წაიკითხეთ იობის 33:1). ელიჰუმ, ალბათ, საკუთარი გამოცდილებით კიდევ ერთი მომენტი გაითვალისწინა: ხვდებოდა, რომ იობსაც მოუნდებოდა აზრის გამოთქმა. თავადაც ხომ ასე გრძნობდა თავს, როცა იობისა და მისი მეგობრების საუბარს უსმენდა (იობ. 32:4; 33:32). ამავე დროს იობს ისიც დაანახვა, რომ ზოგიერთ რაღაცაში ცდებოდა და ყურადღება იეჰოვას სიბრძნეზე, ძალაზე, სამართლიანობასა და ურყევ სიყვარულზე გაუმახვილა (იობ. 36:18, 21–26; 37:13, 23, 24). ასეთმა კარგმა რჩევებმა იობი იეჰოვასგან შეგონების მისაღებადაც მოამზადა (იობ. 38:1–3). საინტერესოა, ელიჰუს მაგალითი როგორ წაადგებოდათ ისრაელებს და ჩვენ რა მხრივ დაგვეხმარება.

12. ა) რატომ უგზავნიდა იეჰოვა წინასწარმეტყველებს თავის ხალხს? ბ) როგორ წაადგებოდათ წინასწარმეტყველებსა თუ სხვა ისრაელებს ელიჰუს მაგალითი?

12 რისი სწავლა შეეძლოთ ისრაელებს. იეჰოვა თავის ხალხს წინასწარმეტყველებს უგზავნიდა, რომ რჩევები მიეცა და, საჭიროების შემთხვევაში, შეეგონებინა კიდეც. მაგალითად, მსაჯულების დროს დებორა დედასავით არიგებდა მთელ ერს, მოგვიანებით კი ახალგაზრდა სამუელი შეუდგა ხალხისთვის იეჰოვას სიტყვის გადაცემას (მსაჯ. 4:4–7; 5:7; 1 სამ. 3:19, 20). მეფეების პერიოდში კი იეჰოვა, ფაქტობრივად, ერთიმეორის მიყოლებით უგზავნიდა წინასწარმეტყველებს თავის ხალხს, რომ სულიერად დაემოძღვრა ისინი და თავისთან დაებრუნებინა წმინდა თაყვანისმცემლობას ჩამოშორებულები (2 სამ. 12:1–4; საქ. 3:24). ელიჰუს მაგალითზე წინასწარმეტყველებსა თუ სხვა ღვთის ერთგულ მსახურებს შეეძლოთ ესწავლათ, რჩევის მიცემის დროს რა როგორ ეთქვათ.

13. ჩვენ როგორ შეგვიძლია გავამხნეოთ თანაქრისტიანები?

13 ჩვენ რისი სწავლა შეგვიძლია. დღეს ჩვენც გადავცემთ ხალხს ღვთის სიტყვას. აგრეთვე ვცდილობთ, რომ ჩვენი საუბრით აღვაშენოთ და გავამხნეოთ თანაქრისტიანები (1 კორ. 14:3). განსაკუთრებით უხუცესები უნდა იყვნენ მზად და-ძმების სანუგეშებლად და გასამხნევებლად იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი გაღიზიანებული არიან და ვერ საზღვრავენ, რას როგორ ამბობენ (იობ. 6:3; 1 თეს. 5:14).

14, 15. როგორ შეიძლება უხუცესმა მიჰბაძოს ელიჰუს? მოიყვანეთ მაგალითი.

14 წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: უხუცესმა შეიტყო, რომ ერთი და ემოციურად თავს ძალიან ცუდად გრძნობს. ამიტომ გადაწყვიტა, ერთ ძმასთან ერთად მოენახულებინა და გაემხნევებინა ის. დამ გულახდილად ისაუბრა თავის გრძნობებზე. თქვა, რომ სიხარულს ვერ განიცდის მიუხედავად იმისა, რომ კრებებსაც ესწრება და მსახურობს კიდეც. საინტერესოა, რა მეთოდს აირჩევს უხუცესი მის გასამხნევებლად?

15 პირველ რიგში, ის შეეცდება, გაიგოს მიზეზი, თუ რატომ გრძნობს თავს ასე ცუდად. ამისთვის კი საჭიროა, ყურადღებით მოუსმინოს. იქნებ თვლის, რომ იეჰოვას სიყვარულის ღირსი არაა? ან იქნებ ცხოვრებისეული პრობლემები უკარგავს ყველაფრის ხალისს? (ლუკ. 21:34). მეორე, უხუცესი დაფიქრდება, რისთვის იმსახურებს ეს და შექებას. მაგალითად, იმისთვის, რომ ასეთი განწყობის მიუხედავად მაინც დადის კრებებზე და მსახურობს. და მესამე, მას შემდეგ, რაც ბოლომდე გაერკვევა სიტუაციაში და გაიგებს მისი მწუხარების რეალურ მიზეზს, შეეცდება, ბიბლიის მეშვეობით დაარწმუნოს ღვთის სიყვარულში (გალ. 2:20).

ᲬᲘᲒᲜ „ᲘᲝᲑᲘᲓᲐᲜ“ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲑᲔᲕᲠ ᲠᲐᲛᲔᲡ ᲘᲡᲬᲐᲕᲚᲘᲗ

16. რატომ არ უნდა შევწყვიტოთ წიგნ „იობის“ კვლევა?

16 წიგნ „იობიდან“ ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლეთ. მაგალითად, წინა სტატიიდან გავიგეთ, თუ რატომ არ გვარიდებს ღმერთი განსაცდელებს და რა დაგვეხმარება მოთმენაში. ამ სტატიიდან კი იობის სამი მეგობრისა და ელიჰუს მაგალითზე დავინახეთ, როგორ მოვიქცეთ რჩევის მიცემის დროს. კარგი იქნება, თუ ამ აზრებს გადახედავთ, სანამ ვინმესთვის რჩევის მიცემას გადაწყვეტთ. და თუ უკვე დიდი ხანია, რაც ეს წიგნი არ წაგიკითხავთ, დაგეგმეთ მისი ხელახლა წაკითხვა. თქვენ აუცილებლად დარწმუნდებით, რომ იქ ჩაწერილი აზრები დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მისი დაწერის დროს.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რა ისწავლეთ იობის სამი მეგობრის მაგალითზე?

  • რა ისწავლეთ ელიჰუს მაგალითიდან?

  • რატომ არ უნდა შევწყვიტოთ წიგნ „იობის“ კვლევა?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 125 „ბედნიერნი არიან გულმოწყალენი!“

a როგორც ჩანს, ელიფაზი ბოროტი სულის გავლენით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იეჰოვა არცერთ ადამიანს არ თვლის მართლად. შესაბამისად, შეუძლებელია, ვინმემ მისი მოწონება დაიმსახუროს. ელიფაზმა, ფაქტობრივად, ამ იდეის გარშემო ააგო თავისი მსჯელობა. ეს კარგად გამოჩნდა სამივე შემთხვევაში, როცა ის იობს მიმართავდა (იობ. 4:17; 15:15, 16; 22:2).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება