საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 დეკემბერი გვ. 14-19
  • მიჰბაძეთ იეჰოვას თავმდაბლობაში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მიჰბაძეთ იეჰოვას თავმდაბლობაში
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲣᲚᲘᲐ
  • ᲒᲣᲚᲘᲡᲮᲛᲘᲔᲠᲘᲐ
  • ᲛᲝᲛᲗᲛᲔᲜᲘᲐ
  • ᲐᲛᲩᲜᲔᲕᲡ ᲓᲐ ᲐᲤᲐᲡᲔᲑᲡ ᲣᲑᲠᲐᲚᲝ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲡ
  • დაემსგავსეთ იეჰოვასა და იესოს აზროვნებაში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • თავმდაბლურად ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ არ ვიცით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ხელგაშლილობა გვაბედნიერებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • გადაწყვეტილებები, რომლებიც იეჰოვასადმი ნდობაზე მეტყველებს
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 დეკემბერი გვ. 14-19

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 50

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 48 ყოველდღე ვიაროთ იეჰოვასთან

მიჰბაძეთ იეჰოვას თავმდაბლობაში

„მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც მისმა საყვარელმა შვილებმა“ (ᲔᲤᲔᲡ. 5:1).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

განვიხილავთ ოთხ მხარეს, თუ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას თავმდაბლობაში.

1. რატომ გაოცებთ იეჰოვას თავმდაბლობა?

ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ მქონე ადამიანთან სიტყვა „თავმდაბლობა“, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ასოცირდება. თუმცა იეჰოვაზე ამას ვერ ვიტყვით. მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისშემძლეა, ის საოცრად თავმდაბალია (ფსალმ. 113:5–8). ეს თვისება მის ყველა ქმედებაში ჩანს; მის პიროვნებაში სიამაყის ნატამალიც კი არ არის. ამ სტატიაში ვისაუბრებთ იეჰოვას ოთხ შესანიშნავ თვისებაზე და დავაკვირდებით, ამ თვისებებიდან როგორ იკვეთება მისი თავმდაბლობა. აგრეთვე განვიხილავთ, იესო როგორ ჰბაძავდა მამას. ამ ყველაფერზე დაფიქრება უფრო დაგვაახლოებს იეჰოვასთან და დაგვეხმარება, უფრო თავმდაბლები გავხდეთ.

ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲣᲚᲘᲐ

2. რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ ფსალმუნის 62:8-დან? (იხილეთ სურათი).

2 როგორც წესი, ამაყი ადამიანები არ გამოირჩევიან მეგობრული დამოკიდებულებით, რის გამოც ბევრს უჭირს მათთან ურთიერთობა, ზოგიც საერთოდ თავს არიდებს მათ. ამის ფონზე გვაოცებს, როგორი თავმდაბალია ჩვენი ზეციერი მამა იეჰოვა. ის მოგვიწოდებს, რომ დავუახლოვდეთ და ჩვენი გრძნობები და ფიქრები გავუზიაროთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 62:8). როგორც მოსიყვარულე მამას აინტერესებს, რაზე ფიქრობს და რა აწუხებს შვილს და არასდროს იღლება მისი მოსმენით, ისე იეჰოვაც დიდი ინტერესით ისმენს თავისი მსახურების ლოცვებს. ამაზე ისიც მოწმობს, რომ თავისი არაერთი მსახურის ლოცვა შემოგვინახა ბიბლიაში (იეს. 10:12–14; 1 სამ. 1:10–18). თუმცა ზოგჯერ დაშვებული შეცდომების გამო შეიძლება გაგვიჭირდეს იეჰოვასთვის ლოცვით მიმართვა. როგორია ასეთ დროს მისი დამოკიდებულება?

მამა მოთმინებით უსმენს შვილს, რომელიც უხსნის, შემთხვევით როგორ გატეხა ლარნაკი სათამაშო თვითმფრინავით.

მამა, რომელიც იეჰოვას ჰბაძავს თავმდაბლობაში, მოთმინებით უსმენს შვილს, რომელმაც ლარნაკი გატეხა (იხილეთ აბზაცი 2).


3. საიდან ჩანს, რომ იეჰოვას სურს, ხშირად მივმართოთ ლოცვით?

3 იეჰოვას სურს, მაშინაც ვილოცოთ, თუ თავს მისი სიყვარულის ღირსად არ ვთვლით. საიდან ვიცით ეს? ამაზე მოწმობს იესოს იგავი გზასაცდენილ შვილზე, რომელიც თავს იმის ღირსად არ თვლიდა, რომ ოჯახს დაბრუნებოდა. მაგრამ გახსოვთ, როგორი იყო მამის რეაქცია მის დანახვაზე? როგორც კი თვალი მოჰკრა, მისკენ „გაიქცა, გულში ჩაიკრა და აკოცა“ (ლუკ. 15:17–20). იესომ ამ იგავით დაგვანახვა, რომ იეჰოვაც ასეთი გულისხმიერი მამაა. დანაშაულის გრძნობით თუ სხვა საწუხარით გულდამძიმებულები როგორც კი ლოცვას ვიწყებთ, ის მაშინვე „იხრება“ ჩვენკენ და იწყებს ჩვენს მოსმენას (გოდ. 3:19, 20). ეს იეჰოვას თავმდაბლობაზე მოწმობს. დიდი თანაგრძნობით აღძრული, ის, ასე ვთქვათ, გამორბის ჩვენკენ, რომ გვანუგეშოს და თავის სიყვარულში დაგვარწმუნოს (ეს. 57:15). როგორ აკეთებს ამას? მზრუნველი უხუცესების, ოჯახის წევრების და სხვა თანაქრისტიანების მეშვეობით (იაკ. 5:14, 15). ამ ყველაფერს კი იმიტომ აკეთებს, რომ მასთან სიახლოვე ვიგრძნოთ.

4. საიდან ჩანს, რომ იესოს მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა ადამიანების მიმართ?

4 როგორ ჰბაძავდა იესო მამას. მამის მსგავსად ისიც თავმდაბალია. როცა დედამიწაზე იყო ხალხს მასთან ურთიერთობა და კითხვების დასმა არ ერიდებოდა (მარ. 4:10, 11). როცა იესო მათი აზრით ინტერესდებოდა, ისინიც თავისუფლად გამოხატავდნენ, რას ფიქრობდნენ (მათ. 16:13–16). შეცდომების გამო თავს უხერხულად არ გრძნობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ იესო გულკეთილი, ლმობიერი და მომთმენი იყო (მათ. 17:24–27). სწორედ იმის წყალობით, რომ იესო სრულყოფილად ჰბაძავდა მამას, მოწაფეებმა უკეთ გაიცნეს იეჰოვას პიროვნება (იოან. 14:9). მათ დაინახეს, რომ იეჰოვა არაფრით ჰგავდა იმდროინდელ რელიგიურ ლიდერებს, რომლებიც უხეშები და ამპარტავნები იყვნენ და უბრალო ადამიანებისგან თავი შორს ეჭირათ. იესოს შემხედვარე, ისინი დარწმუნდნენ, რომ იეჰოვა თავმდაბალი და მეგობრულია.

5. რა უადვილებს სხვებს ჩვენთან ურთიერთობას? ახსენით.

5 ჩვენ როგორ მივბაძოთ იეჰოვას. რაც უფრო თავმდაბლები ვიქნებით, მით უფრო გაუადვილდებათ სხვებს ჩვენთან ურთიერთობა. თავმდაბალ ადამიანს სხვების არ შურს, არც თავს ამეტებს ვინმეს და არც პატიება უჭირს. ასეთ ადამიანთან კი ყველას მოუნდება ურთიერთობა (კოლ. 3:12–14). განსაკუთრებით უხუცესები უნდა ცდილობდნენ, რომ ყველას მიმართ მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეთ. ეს კი და-ძმებთან ხშირი ურთიერთობის გარეშე შეუძლებელი იქნება. ასე რომ, თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, უმჯობესია, კრებას დარბაზში დაესწრონ და არა ვიდეოკონფერენციის მეშვეობით. გარდა ამისა, კარგი იქნება, მაქსიმალურად ითანამშრომლონ თანაქრისტიანებთან კარდაკარ მსახურებაში. ამ შემთხვევაში და-ძმები უკეთ გაიცნობენ უხუცესებს და საჭიროების შემთხვევაში მათთვის დახმარების თხოვნა არ მოერიდებათ.

ᲒᲣᲚᲘᲡᲮᲛᲘᲔᲠᲘᲐ

6, 7. მოიყვანეთ მაგალითები, საიდანაც იეჰოვას გულისხმიერება ჩანს.

6 როგორც წესი, ამაყი ადამიანი იმდენად დარწმუნებულია თავის თავში, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას თითქმის არასდროს ცვლის. მაგრამ იეჰოვა, რომელიც სამყაროში ყველაზე აღმატებულია, თავმდაბლობით გამოირჩევა და მზადაა, დათმობაზეც წავიდეს. ეს კარგად გამოჩნდა მოსეს დის, მირიამის შემთხვევაში. მან აარონთან ერთად იეჰოვას წარმომადგენლის, მოსეს, წინააღმდეგ დაიწყო ლაპარაკი და ამით, ფაქტობრივად, იეჰოვას მიმართ გამოავლინა უპატივცემულობა. ასეთი საქციელის გამო ღმერთმა დასაჯა და კეთრი შეჰყარა მას. შემდეგ აარონის თხოვნით მოსე იეჰოვას შეევედრა, განეკურნა მირიამი. როგორი იყო ამაზე იეჰოვას რეაქცია? მან არ ითაკილა თავისი სიტყვის უკან წაღება; უდიდესი თავმდაბლობა და გულისხმიერება გამოიჩინა და განკურნა მირიამი (რიცხ. 12:1–15).

7 იეჰოვას თავმდაბლობა კიდევ ერთი შემთხვევიდან გამოჩნდა, რომელიც მეფე ხიზკიას უკავშირდება. როცა ის მძიმე სენით დაავადდა, იეჰოვამ წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით შეატყობინა, რომ დიდი დრო აღარ დარჩენოდა. სასოწარკვეთილი ხიზკია იეჰოვას ემუდარებოდა, განმკურნეო. ღმერთმაც შეისმინა მისი სათხოვარი და 15 წლით გაუხანგრძლივა სიცოცხლე (2 მეფ. 20:1, 5, 6). აშკარაა, რომ იეჰოვას თავმდაბლობა უბიძგებს, მოუსმინოს თავის მსახურებს და მათ მიმართ თანაგრძნობა და გულისხმიერება გამოიჩინოს.

8. საიდან გამოჩნდა იესოს გულისხმიერება? (მარკოზი 3:1–6).

8 როგორ ჰბაძავდა იესო მამას. დედამიწაზე ყოფნის დროს იესო დიდ სიკეთეს იჩენდა ადამიანების მიმართ. მაგალითად, მან შაბათ დღესაც განკურნა ავადმყოფები, არადა იცოდა, რომ ამას გულცივი ფარისევლებისგან დიდი უკმაყოფილება მოჰყვებოდა (წაიკითხეთ მარკოზის 3:1–6). იესო, როგორც კრების თავი, დღესაც ავლენს გულისხმიერებას. მაგალითად, როცა ვინმე კრებაში ცოდვას სჩადის, მის მიმართ მოთმინებას იჩენს და გამოსწორების საშუალებას აძლევს (გამოცხ. 2:2–5).

9. ჩვენ როგორ შეგვიძლია სხვების მიმართ გულისხმიერები ვიყოთ? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

9 ჩვენ როგორ მივბაძოთ იეჰოვას. იეჰოვას მივბაძავთ, თუ გონივრულად შევაფასებთ სიტუაციას და რეალისტური მოლოდინები გვექნება (იაკ. 3:17). მაგალითად, მშობლები შვილებისგან მეტისმეტს არ ითხოვენ, თუმცა არც უადგილო შემწყნარებლობას იჩენენ. ამის შესანიშნავ მაგალითს იაკობი გვაძლევს, რომლის შესახებაც დაბადების 33:12–14-ში ვკითხულობთ. გარდა ამისა, თავმდაბალი და გულისხმიერი მშობლები შვილებს არ ადარებენ ერთმანეთს და ერთს მეორეზე მაღლა არ აყენებენ. გულისხმიერება უხუცესსაც მოეთხოვება. მაგალითად, თუ საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ის გონივრულად შეაფასებს სიტუაციას, თავისას არ დაიჟინებს და მხარს დაუჭერს უმრავლესობის გადაწყვეტილებას, თუ ბიბლიური პრინციპი არ ირღვევა (1 ტიმ. 3:2, 3). ცხადია, ყველას გვმართებს, გაგებით მოვეკიდოთ ერთმანეთის განსხვავებულ შეხედულებებს, რაშიც ჩვენი გონიერება და გულისხმიერება გამოჩნდება (რომ. 14:1; ფილ. 4:5).

ფოტოკოლაჟი: მამა ორ პატარა შვილთან ერთად კარდაკარ მსახურობს: 1) ის ღიმილიანი სახით უყურებს თავის ბიჭუნას, რომელიც ერთ კაცს სთავაზობს ბროშურას „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“; 2) მოგვიანებით ის კმაყოფილი სახით აკვირდება, როგორ სთავაზობს მისი გოგონა ერთ ქალს jw.org-ის საკონტაქტო ბარათს.

გულისხმიერ მამას რეალისტური მოლოდინები აქვს და შვილებს მეტისმეტს არ სთხოვს მსახურებაში (იხილეთ აბზაცი 9).


ᲛᲝᲛᲗᲛᲔᲜᲘᲐ

10. რაში გამოვლინდა იეჰოვას მოთმინება?

10 ამაყ ადამიანს უჭირს ლოდინი და მოთმინების უნარი არა აქვს. თუმცა იეჰოვაზე ამას ვერ ვიტყვით. ის მოთმინების სანიმუშო მაგალითს გვაძლევს. მაგალითად, ნოეს დროს იეჰოვამ გადაწყვიტა, 120 წელი მოეცადა, ვიდრე ბოროტებს გაანადგურებდა (დაბ. 6:3). ამ ხნის მანძილზე კი ნოეს იმის საშუალება მიეცა, რომ შვილები აღეზარდა და ოჯახის წევრების დახმარებით კიდობანიც აეგო. იეჰოვამ მოთმინება მაშინაც გამოიჩინა, როცა აბრაამმა ეჭვქვეშ დააყენა მისი გადაწყვეტილება, გაენადგურებინა სოდომი და გომორა. ქედმაღალი რომ ყოფილიყო, ალბათ, კითხვასაც არ დაასმევინებდა, მაგრამ, რადგან თავმდაბალია, ბოლომდე ათქმევინა რაც აწუხებდა (დაბ. 18:20–33).

11. დღეს რატომ ითმენს იეჰოვა? (2 პეტრე 3:9).

11 იეჰოვა დღესაც ითმენს ბოროტებას და ელოდება დროს, როცა საბოლოოდ აღასრულებს თავის განაჩენს. რატომ ითმენს ის? მას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:9). მისი მოთმინების შედეგია, რომ მილიონობით ადამიანმა გაიცნო ის და დაუახლოვდა. იმედი გვაქვს, რომ კიდევ მილიონები შემოუერთდებიან ჩვენს დიდ ოჯახს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვას მოთმინება უსაზღვროა. მას უყვარს ადამიანები, მაგრამ ყოველთვის არ შეიწყნარებს ბოროტებს (აბაკ. 2:3).

12. იესო როგორ ჰბაძავს მამას მოთმინებაში?

12 როგორ ჰბაძავს იესო მამას. უკვე ათასობით წელია, რაც იესო მოთმინებას იჩენს. ხედავს, დღემდე როგორ სწამებს სატანა ცილს იეჰოვას და მის ერთგულ მსახურებს (დაბ. 3:4, 5; იობ. 1:11; გამოცხ. 12:10). ის ადამიანთა ენით აუწერელი ტანჯვასაც უყურებს და, ალბათ, ერთი სული აქვს, როდის მოუღებს ბოლოს ეშმაკის საქმეებს (1 იოან. 3:8). თუმცა ვიდრე იეჰოვა ამის უფლებას მისცემს, რა ეხმარება მას მოთმინებით ლოდინში? თავმდაბლობა. მას ესმის, რომ „დროებსა და ვადებს“ მხოლოდ იეჰოვა განაგებს (საქ. 1:7).

13. რატომ უთმენდა იესო მოციქულებს და რაში ჩანდა ეს?

13 იესო მოციქულებთანაც ავლენდა მოთმინებას. მაგალითად, როცა ისინი იმაზე დავობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი, იესოს მათზე ხელი არ ჩაუქნევია (ლუკ. 9:46; 22:24–27). სჯეროდა, რომ დროთა განმავლობაში უფრო თავმდაბლები გახდებოდნენ. ჩვენც, ალბათ, არაერთხელ დაგვიშვია ერთი და იგივე შეცდომა. მაგრამ, როცა ვფიქრობთ, როგორი თავმდაბალი და მომთმენი მეფე გვყავს, ეს ძალიან გვამხნევებს.

14. როგორ გავხდეთ უფრო მომთმენები?

14 ჩვენ როგორ მივბაძოთ იეჰოვას. ამისთვის საჭიროა, გვქონდეს „ქრისტეს გონება“ (1 კორ. 2:16). რა დაგვეხმარება, რომ ისეთივე ხედვა და დამოკიდებულება გვქონდეს, როგორიც იესოს აქვს? მის პიროვნებას ყველაზე უკეთ სახარებები გვაცნობს. ამიტომ ღირს, დრო დავუთმოთ იმ მონაკვეთებზე ფიქრს, საიდანაც კარგად ჩანს იესოს შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე. ამასთან ერთად უნდა ვთხოვოთ იეჰოვას, რომ იესოს მსგავსად გამოვიჩინოთ თავმდაბლობა და მოთმინება. რაც უფრო ჩავწვდებით „ქრისტეს გონებას“, მით უფრო მივბაძავთ იეჰოვას და მოთმინებას გამოვიჩენთ როგორც საკუთარი თავის, ისე თანაქრისტიანების მიმართ (მათ. 18:26–30, 35).

ᲐᲛᲩᲜᲔᲕᲡ ᲓᲐ ᲐᲤᲐᲡᲔᲑᲡ ᲣᲑᲠᲐᲚᲝ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲡ

15. მოიყვანეთ მაგალითები, საიდანაც ჩანს, რომ იეჰოვა აფასებს უბრალო ადამიანებს (ფსალმუნი 138:6).

15 წაიკითხეთ ფსალმუნის 138:6. ალბათ ძალიან დაფასებულად იგრძნობს ადამიანი თავს, როცა გაიაზრებს, რომ სამყაროს უზენაესი მმართველი მის მიმართ ყურადღებას იჩენს. საუკუნეების მანძილზე იეჰოვა ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა უბრალო და თავმდაბალი ადამიანების მიმართ. მან ისიც კი ჩათვალა საჭიროდ, რომ მათ შესახებ ბიბლიაში ჩაწერილიყო. ზოგიერთი მათგანი შეიძლება ჩვენ არც კი გვახსენდებოდეს. მაგალითად, ასეთია რებეკას ძიძა დებორა, რომელიც ისაკისა და იაკობის ოჯახს დაახლოებით 125 წელი ერთგულად ემსახურებოდა. მართალია, მასზე ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ იეჰოვამ მოსეს ისეთი დეტალი დააწერინა, რომელიც გვანახვებს, როგორ აფასებდნენ მას (დაბ. 24:59; 35:8, სქ.). საუკუნეების შემდეგ იეჰოვამ ერთი მწყემსი ბიჭი დავითი აირჩია ისრაელის მეფედ (2 სამ. 22:1, 36). როცა იესო დაიბადა, იეჰოვამ ანგელოზები უბრალო მწყემსებს გაუგზავნა და მათ დასდო პატივი, პირველებს გაეგოთ მესიის დაბადების შესახებ (ლუკ. 2:8–11). როცა იოსებმა და მარიამმა პატარა იესო ტაძარში მიიყვანეს, იეჰოვამ მოხუცებულ სიმონს და ანას არგუნა პატივი, მომავალი მესია ენახათ (ლუკ. 2:25–30, 36–38). როგორც ვხედავთ, იეჰოვა ამჩნევს თავმდაბლებს მიუხედავად იმისა, რომ აღმატებულია.

16. საიდან ჩანს, რომ იესო ჰბაძავს მამას?

16 როგორ ჰბაძავს იესო მამას. დედამიწაზე ყოფნისას ის განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა „უსწავლელი და უბრალო“ ხალხის მიმართ და მათ სამეფოს შესახებ უქადაგებდა (საქ. 4:13; მათ. 11:25). გარდა ამისა, ავადმყოფებსაც კურნავდა, თანაც ისე, რომ ღირსების გრძნობას უმაღლებდა (ლუკ. 5:13). სიკვდილის წინა ღამეს იესო მოციქულებს მოემსახურა და ფეხები დაბანა (იოან. 13:5). ზეცად ამაღლებამდე კი თავის ყველა მოწაფეს, მათ შორის ჩვენ, უმნიშვნელოვანესი დავალება მოგვანდო, რომ ადამიანებს მარადიული სიცოცხლის მოპოვებაში დავეხმაროთ (მათ. 28:19, 20).

17. ჩვენ როგორ შეგვიძლია იეჰოვას მივბაძოთ?

17 ჩვენ როგორ მივბაძოთ იეჰოვას. როცა განურჩევლად ყველას ვუქადაგებთ სოციალური სტატუსის, განათლების დონის თუ წარმომავლობის მიუხედავად, მათ მიმართ პატივისცემას გამოვხატავთ. აგრეთვე და-ძმებს „საკუთარ თავზე აღმატებულად“ ვთვლით, თუნდაც კრებაში მეტი პასუხისმგებლობები გვქონდეს ან რაიმე უნარით გამოვირჩეოდეთ (ფილ. 2:3). იეჰოვას სიამოვნებს, როცა ხედავს, რომ თავმდაბლები ვართ და შესაძლებლობებს ვეძებთ, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოვხატოთ (რომ. 12:10; სოფ. 3:12).

ორი და ბიბლიის შესწავლას უტარებს ერთ პატიმარს ქალთა კოლონიაში.

იეჰოვას თავმდაბლობაში ვბაძავთ, როცა ყველანაირ ადამიანს ვუზიარებთ სასიხარულო ცნობას (იხილეთ აბზაცი 17).a


18. რატომ გსურთ, იეჰოვას თავმდაბლობაში მიჰბაძოთ?

18 როცა ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენს მოსიყვარულე მამას მივბაძოთ თავმდაბლობაში, ეს უფრო მეგობრულს, გულისხმიერს და მომთმენს გვხდის. აგრეთვე სხვების მიმართ პატივისცემასაც ვიჩენთ. მოდი არ შევწყვიტოთ ჩვენს თავმდაბალ ღმერთთან დაახლოება, რადგან ეს მის თვალში კიდევ უფრო ძვირფასად გვაქცევს (ეს. 43:4).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲗᲐᲕᲛᲓᲐᲑᲚᲝᲑᲐ, ᲒᲐᲕᲮᲓᲔᲗ ᲣᲤᲠᲝ . . .

  • მეგობრული?

  • გულისხმიერი?

  • მომთმენი?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 159 განადიდეთ იეჰოვა

a ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: დები იეჰოვას ჰბაძავენ თავმდაბლობაში და მსჯავრდებულებს უქადაგებენ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება