საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 დეკემბერი გვ. 20-25
  • როგორ დავგეგმოთ ქორწილი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ დავგეგმოთ ქორწილი
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲐᲢᲝᲛᲐᲐ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲐᲖᲠᲘᲡ ᲒᲐᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲐ?
  • ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲝᲗ ᲡᲐᲛᲖᲐᲓᲘᲡᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ?
  • ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲐᲠᲗᲕᲐᲗ ᲗᲐᲕᲘ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲡ
  • დაე უფრო სასიხარულო და ღირსეული იყოს თქვენი ქორწინების დღე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • იეჰოვასთვის დიდების მომტანი სასიხარულო ქორწილები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • იეჰოვას პატივსაცემი ქორწილი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 დეკემბერი გვ. 20-25

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 51

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 132 ახლა ჩვენ ერთნი ვართ

როგორ დავგეგმოთ ქორწილი

„ყველაფერი წესისა და რიგისამებრ ხდებოდეს“ (1 ᲙᲝᲠ. 14:40).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორი ქორწილი მიაგებს პატივს იეჰოვას და რა უნდა გაითვალისწინონ წყვილებმა სამზადისის დროს.

1, 2. როგორი უნდა იყოს ქორწილის დღე?

ᲓᲐᲜᲘᲨᲜᲣᲚᲘ ხართ? თუ ასეა, ალბათ, საქორწილო სამზადისიც დაწყებული გაქვთ. იეჰოვასაც სურს, რომ ქორწილისa დღე სასიამოვნოდ დაგამახსოვრდეთ, ეს ხომ თქვენი ცოლქმრობის ლამაზი დასაწყისია (იგავ. 5:18; ქებ. 3:11).

2 თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თქვენი ქორწილი ღირსეული უნდა იყოს და იეჰოვას განადიდებდეს, რადგან ის ამას იმსახურებს. სწორედ ამაში დაგეხმარებათ ამ სტატიაში მოყვანილი რჩევები. ეს რჩევები ყველას ეხება – მიწვეულ სტუმრებსაც და მათაც, ვისაც ამ დღესთან დაკავშირებით რჩევას ეკითხებიან. ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ ქორწილის დღემ იეჰოვას მიაგოს პატივი.

ᲠᲐᲢᲝᲛᲐᲐ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲐᲖᲠᲘᲡ ᲒᲐᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲐ?

3. რა უნდა მიიღოს წყვილმა მხედველობაში და რატომ?

3 ქორწილის სამზადისში წყვილმა უნდა გაითვალისწინოს ღვთის სიტყვაში მოცემული პრინციპები. მიზეზი ნათელია: ქორწინებას იეჰოვამ ჩაუყარა საფუძველი. მან შეაუღლა პირველი წყვილი, ადამი და ევა (დაბ. 1:28; 2:24). აქედან გამომდინარე, მის აზრს წყვილისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.

4. კიდევ რა მიზეზის გამო უნდა გაითვალისწინოთ იეჰოვას აზრი?

4 კიდევ რა მიზეზის გამო უნდა გაითვალისწინოთ იეჰოვას აზრი? ის თქვენი საუკეთესო მეგობარი და ზეციერი მამაა (ებრ. 12:9). ბუნებრივია, გსურთ, რომ ეს ყოველთვის ასე იყოს. ამიტომ არც ქორწილის დღეს და არც მას მერე ისეთს არაფერს გააკეთებდით, რითაც გულს ატკენდით (ფსალმ. 25:14). თანაც თუ გავითვალისწინებთ, რამდენი რამ გაუკეთებია იეჰოვას ჩვენთვის და სამომავლოდ რას გვიმზადებს, ნამდვილად იმსახურებს, ისეთი ქორწილი დავგეგმოთ, რომელიც მის მსახურს შეჰფერის (ფსალმ. 116:12).

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲝᲗ ᲡᲐᲛᲖᲐᲓᲘᲡᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ?

5. რა მხრივ გამოადგებათ წყვილებს ბიბლიური პრინციპები?

5 ცხადია, ბიბლიაში არაა მოცემული კონკრეტული მითითებები, თუ როგორი ქორწილი უნდა გადავიხადოთ. ასე რომ, წყვილებს შეუძლიათ თავიანთი კულტურის, გემოვნებისა თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით გადაწყვიტონ, რას როგორ გააკეთებენ. ამავე დროს ისინი სახელმწიფოს მიერ დადგენილ კანონებსაც გაითვალისწინებენ (მათ. 22:21). თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბიბლიური პრინციპებით იხელმძღვანელონ, რათა იეჰოვას თვალში ღირსეული ქორწილი გადაიხადონ. ზოგიერთ პრინციპზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

6. რატომაა მნიშვნელოვანი კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა?

6 კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები (რომ. 13:1, 2). ბევრ ქვეყანაში წყვილმა დაქორწინებამდე სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. ამიტომ მათ უნდა გაარკვიონ, რას ავალდებულებთ კანონი. თუ ამ საკითხთან დაკავშირებით დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ უხუცესებს მიმართოთ.b

7. როგორი გარემო უნდა შექმნათ?

7 შესაფერისი გარემო (1 კორ. 10:31, 32). იზრუნეთ, რომ ქორწილში დღევანდელი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო კი არ შეიქმნას, არამედ ისეთი, რომელიც ღვთის მსახურს შეეფერება (გალ. 5:19–26). წმინდა წერილებში ჩაწერილი მეთაურობის პრინციპის თანახმად, მომავალი ოჯახისთავი უნდა აცნობიერებდეს თავის პასუხისმგებლობას, რომ ქორწილში ყველაფერმა ღირსეულად და სასიამოვნოდ ჩაიაროს. ერთ-ერთი, რაც ამას ხელს უწყობს, ბიბლიაზე დაფუძნებული საქორწინო მოხსენებაა. სიყვარულით და პატივისცემით წარმოთქმული მოხსენება ყველას დააფიქრებს იმ დიდებულ ძღვენზე, რაც ღმერთმა ქორწინების სახით გვიბოძა და დაანახვებს, რამდენად მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს ნეფე-პატარძალი. ბევრი ამ ღონისძიებას იეჰოვას მოწმეთა დარბაზში ატარებს. თუ თქვენც გსურთ, მოხსენება დარბაზში წარმოითქვას, წინასწარ წერილობითი თხოვნით მიმართეთ უხუცესთა საბჭოს. ისინი შეგატყობინებენ, თუ ამის შესაძლებლობა იქნება.

8. რა უნდა გააკეთოთ, რომ საქორწილო წვეულებამ ღირსეულად ჩაიაროს? (რომაელები 13:13).

8 წაიკითხეთ რომაელების 13:13. იმ შემთხვევაში, თუ საქორწილო წვეულებას გეგმავთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ ყველაფერმა ღირსეულად ჩაიაროს? ბერძნული სიტყვა, რომელიც ბიბლიაში „ღრეობად“ ითარგმნა, ისეთ შეკრებებს გულისხმობს, სადაც ხმამაღალი მუსიკა შუაღამემდეა და ხალხი გადამეტებულად სვამს (იხილეთ „საკვლევ ცნობარში“ სტატია „ღრეობა“). სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ გადაწყვეტთ, სუფრაზე ალკოჰოლური სასმელებიც იყოს, რომ არავინ დათვრეს.c იმაზეც იზრუნეთ, რომ ხმამაღალმა მუსიკამ სტუმრებს საუბარში ხელი არ შეუშალოს. აგრეთვე კარგად დაუკვირდით მუსიკის ჟანრსა და სიმღერების ტექსტებს, რომ ვინმე სინდისმა არ შეაწუხოს.

9. რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა საქორწილო პროგრამას ადგენთ?

9 შესაძლოა საქორწილო პროგრამისთვის ზოგმა სიტყვით გამოსვლა მოისურვოს, ზოგმაც ფოტო ან ვიდეოკოლაჟი წარმოადგინოს ან სხვა ნომერი მოამზადოს. ასეთი ელემენტები კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს და ალამაზებს ქორწილის დღეს. როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ, რა ნომერი შეიტანოთ პროგრამაში? (ფილ. 4:8). დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: ვინმე თავს უხერხულად ხომ არ იგრძნობს? რომელიმე ნომერი ქორწინებას ხომ არ წარმოაჩენს უპატივცემულოდ? და რაც ყველაზე მთავარია, ღვთის სახელს ხომ არ მიადგება ჩრდილი? ცხადია, ქორწილს იუმორიც თავის ხიბლს სძენს, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რომ ხუმრობები შეუფერებელი და ვულგარული შინაარსის არ იყოს (ეფეს. 5:3). დარწმუნდით, რომ თქვენი ოჯახის წევრები თუ მეგობრები სიტყვით გამოსვლის დროს გაითვალისწინებენ თქვენს აზრს და ისეთს არაფერს იტყვიან, რაც უხერხულობას შეგიქმნიდათ.

10. რას უნდა მოერიდოთ ქორწილის დაგეგმვისას და რატომ? (1 იოანე 2:15–17).

10 მოერიდეთ პომპეზურობას (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:15–17). იეჰოვას სიყვარული აღგვძრავს, რომ პატივი მას მივაგოთ და საკუთარ თავზე მეტისმეტი ყურადღება არ გადავიტანოთ. აქედან გამომდინარე, ღვთის მსახურები მოერიდებიან პომპეზურობას და „ქონებით ტრაბახს“. რატომ ღირს ასე მოქცევა? საინტერესო რამეს აღნიშნავს ერთი ნორვეგიელი ძმა მაიკი: „სადა და ლამაზი ქორწილი გადავიხადეთ, ისე რომ ვალები არ აგვიღია და პიონერობაში არ შეგვშლია ხელი“. ერთი ინდოელი და ტაბითა კი ამბობს: „ზედმეტი თავსატეხი ავირიდეთ. არჩევანი უბრალო ქორწილზე გავაკეთეთ. შესაბამისად, ბევრი რამის დაგეგმვაც არ გახდა საჭირო და უფრო მარტივად შევთანხმდით, რა როგორ გაგვეკეთებინა“.

ფოტოკოლაჟი: მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქრისტიანები ქორწილს მართავენ: 1) ნეფე-პატარძალი მათთვის წარმოთქმულ საქორწინო მოხსენებას უსმენს იეჰოვას მოწმეთა დარბაზში; 2) ღია ცის ქვეშ გამართულ საქორწილო წვეულებაზე ერთი წყვილი ახალდაქორწინებულებს დაოჯახებას ულოცავს; 3) ქორწილში ალაფურშეტია მოწყობილი. ნეფე-პატარძალი სტუმრებთან ერთად კერძებს იღებენ; 4) ძმა ნეფე-პატარძალს ღია ცის ქვეშ უკითხავს საქორწინო მოხსენებას.

სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, სადა და ლამაზი ქორწილის გადახდა ყველგან შესაძლებელია (იხილეთ აბზაცები 10, 11).


11. რაზე უნდა დაფიქრდეთ ჩაცმულობისა და ვარცხნილობის არჩევისას? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

11 უკვე გადაწყვიტეთ, რას ჩაიცვამთ? ამ დღეს ყველას უნდა, რომ განსაკუთრებულად გამოიყურებოდეს. ეს ასე იყო ბიბლიურ დროშიც (ეს. 61:10). როგორც წესი, საქორწილო სამოსი განსხვავდება ყოველდღიური სამოსისგან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს მეტის უფლება მივცეთ და მოკრძალება დავივიწყოთ (1 ტიმ. 2:9). არ იქნებოდა სწორი, თუ ყველაზე დიდ აქცენტს ჩვენს ჩაცმულობასა და გარეგნობაზე გავაკეთებდით (1 პეტ. 3:3, 4).

12. კიდევ რაში უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე?

12 ღვთისთვის მიუღებელი წეს-ჩვეულებები (გამოცხ. 18:4). დღეს საქორწინო წეს-ჩვეულებები გაჟღენთილია ცრურწმენებით და წარმართული თუ სპირიტისტული ელემენტებით. ეს გასაგებიცაა, რადგან მსოფლიოს სატანა მართავს. ამ საკითხზე იეჰოვას თვალსაზრისი არაორაზროვანია. ის მკაცრად გმობს მსგავს უწმინდურებას (2 კორ. 6:14–17). თუ რომელიმე საქორწინო ტრადიციის დაცვა გსურთ, მაგრამ ეჭვები გაქვთ, კარგი იქნება, თუ გამოიკვლევთ, საიდან იღებს დასაბამს და რამდენადაა თანხმობაში ბიბლიურ პრინციპებთან.

13. როგორი თვალსაზრისი უნდა გქონდეთ საქორწილო საჩუქრებზე?

13 ბევრ ქვეყანაში ნეფე-პატარძალს ქორწილში მისული სტუმრები საჩუქარს ჩუქნიან. ამ მხრივ არც ქრისტიანები ვართ გამონაკლისი. ბიბლიაც ხომ ხელგაშლილობისკენ მოგვიწოდებს და ჩვენც გვაბედნიერებს საჩუქრების გაკეთება (იგავ. 11:25; საქ. 20:35). თუმცა წყვილმა არ უნდა დაავალდებულოს ქორწილში დაპატიჟებულები, რამე აჩუქონ. მათ არც ის უნდა დაავიწყდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში სტუმრები საკუთარი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე არჩევენ საჩუქარს. ამიტომ ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა შექმნან, რომ მხოლოდ ძვირადღირებულ საჩუქრებს ელოდებიან. თუ მათ იეჰოვას ხედვა ექნებათ ამ საკითხზე, მთელი გულით გაღებულ ნებისმიერ საჩუქარს დააფასებენ (2 კორ. 9:7).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲐᲠᲗᲕᲐᲗ ᲗᲐᲕᲘ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲡ

14. რა თავსატეხები შეიძლება ახლდეს საქორწინო სამზადისს?

14 იეჰოვასთვის მოსაწონი ქორწილის დაგეგმვას შეიძლება არაერთი თავსატეხი ახლდეს თან. მაგალითად, არც ისე მარტივი აღმოჩნდეს მოკრძალებული ქორწილის გადახდა. სოლომონის კუნძულებზე მცხოვრები ჩარლი ამბობს: „ჩვენს კულტურაში ყველას აქვს მოლოდინი, რომ ქორწილში დაპატიჟებენ, ჩვენ კი დიდი სანაცნობო წრე გვყავს. ამიტომ ძალიან გაგვიჭირდა სტუმრების სიის შედგენა“. ზემოთ მოხსენიებული ტაბითა კი აღნიშნავს: „ჩვენთან ხალხი დიდ ქორწილებს იხდის. ამიტომ მშობლებს გაუჭირდათ იმ ფაქტთან შეგუება, რომ მხოლოდ 100 კაცს ვეპატიჟებოდით“. სარა, რომელიც აგრეთვე ინდოეთში ცხოვრობს, ამბობს: „ჩვენთან ეკონომიკურ მდგომარეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამის გამო ხშირად გრანდიოზულ ქორწილებს იხდიან. ჩემს ბიძაშვილ-მამიდაშვილებსაც დიდი ქორწილები ჰქონდათ. ამიტომ ბევრი მეუბნებოდა, მათზე უფრო მდიდრული ქორწილი გადამეხადა“. რა დაგეხმარებათ, თავი გაართვათ ამ და სხვა გამოწვევებს?

15. რატომაა მნიშვნელოვანი ლოცვა საქორწილო სამზადისის დროს?

15 ხშირად ილოცეთ. იეჰოვას გაანდეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ ან სტრესს გიქმნით (ფილ. 4:6, 7). სთხოვეთ მას დახმარება, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ, სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდე არ დაკარგოთ და რიგ შემთხვევებში პრინციპულები იყოთ (1 პეტ. 5:7). როცა დაინახავთ, როგორ გპასუხობთ იეჰოვა, უფრო მეტად გაგიღრმავდებათ მისადმი ნდობა. ზემოთ ნახსენები ტაბითა ამბობს: „მე და ჩემი საქმრო ვნერვიულობდით. არ გვინდოდა, საქორწინო სამზადისს უთანხმოება გამოეწვია ჩვენ ან ჩვენს ოჯახებს შორის. ამიტომ, ყოველ ჯერზე, სანამ რაიმეს დაგეგმვას დავიწყებდით, ვლოცულობდით. აშკარად ვიგრძენით იეჰოვას დახმარება, რადგან ყველაფერმა მშვიდად და დაძაბულობის გარეშე ჩაიარა“.

16, 17. რატომაა მნიშვნელოვანი კარგი კომუნიკაცია?

16 იქონიეთ კარგი კომუნიკაცია (იგავ. 15:22). საქორწილო სამზადისში არაერთი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. მაგალითად, უნდა შეარჩიოთ თარიღი, განსაზღვროთ ქორწილის ხარჯები და შეადგინოთ სტუმრების სია. გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის ერთად იმსჯელეთ, გაითვალისწინეთ შესაბამისი ბიბლიური პრინციპები და მოწიფული ქრისტიანების რჩევები. ვარიანტებზე მსჯელობისას იყავით თავაზიანი, რეალისტურად მიუდექით საკითხს და თქვენსას ნუ დაიჟინებთ. თუ ოჯახის წევრები, მაგალითად მშობლები, ისეთ იდეას შემოგთავაზებენ, რითაც არაფერი დაშავდება, ერთგვარი პატივისცემა იქნება, თუ გაითვალისწინებთ მათ აზრსაც. ბოლოს და ბოლოს ეს დღე ხომ მათთვისაც განსაკუთრებულია. მაგრამ, თუ ვერ გაითვალისწინებთ მათ თხოვნას, ტაქტიანად აუხსენით მიზეზი (კოლ. 4:6). ოჯახის წევრებს ნათლად დაანახვეთ, რომ თქვენი მთავარი მიზანია, ეს დღე ღვთის სახელსაც განადიდებდეს და სასიამოვნოდ გასახსენებელიც იყოს.

17 თუ მშობლები არ იზიარებენ თქვენს რწმენას, შეიძლება გაგიჭირდეთ იმის ახსნა, რატომ მიიღეთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ინდოეთში მცხოვრები ერთი ძმა სანტოში ამბობს: „ოჯახის წევრებს უნდოდათ, ინდუისტური რიტუალებიც ყოფილიყო ჩვენს ქორწილში. მე და ჩემს საცოლეს საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდა, მათთვის რომ აგვეხსნა ჩვენი პოზიცია. გარკვეულ დათმობაზეც წავედით ისეთ საკითხებში, რაშიც ბიბლიური პრინციპები არ ირღვეოდა. მაგალითად, მათი სურვილისამებრ შევცვალეთ მენიუ და უარი ვთქვით სიმღერასა და ცეკვაზე, რადგან ჩემს ოჯახს მსგავსი რამ დიდად არ უყვარდა“.

18. რა დაგეხმარებათ, რომ ქორწილში ყველაფერმა კარგად ჩაიაროს? (1 კორინთელები 14:40; იხილეთ აგრეთვე სურათი).

18 შეადგინეთ კარგი გეგმა. თუ ყველაფერი კარგად იქნება ორგანიზებული, ქორწილის დღეს ნაკლები სტრესი გექნებათ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 14:40). ტაივანში მცხოვრები უეინი ამბობს: „ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე, პატარა შეხვედრა მოვაწყვეთ მათთან, ვინც საქორწილო სამზადისში გვეხმარებოდა. იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი შეუფერხებლად ჩაივლიდა, ჩვენ-ჩვენი მოვალეობები შევიხსენეთ და პატარა რეპეტიციაც გავიარეთ“. პატივისცემის მაჩვენებელი იქნება, თუ ქორწილისთვის გაწერილ გეგმას მიჰყვებით და სტუმრებს არ ალოდინებთ.

დანიშნული წყვილი იმ მეგობრებთან ერთად განიხილავს ქორწილის დეტალებს, რომლებიც სამზადისში ეხმარებიან. საქმრო პლანშეტში უჩვენებს მათ, როგორი იქნება მაგიდების განლაგება წვეულებაზე.

წინასწარ დაგეგმეთ ყველაფერი, რომ ქორწილმა კარგად ჩაიაროს (იხილეთ აბზაცი 18).


19. რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ ქორწილში უსიამოვნებებმა არ იჩინოს თავი?

19 თუ წყვილს წინასწარ ექნება ნაფიქრი პოტენციურ უსიამოვნებებზე, ბევრ პრობლემას აირიდებს თავიდან (იგავ. 22:3). მაგალითად, თუ იქ, სადაც ცხოვრობთ, ჩვეულებრივი რამაა ქორწილში დაუპატიჟებლად მისვლა, დაფიქრდით, როგორ შეძლებთ მსგავსი უხერხულობის თავიდან არიდებას. ან რისი გაკეთება შეგიძლიათ მაშინ, თუ ქორწილში ისეთი ნათესავებიც იქნებიან, რომლებიც არ იზიარებენ თქვენს რწმენას? წინასწარ აუხსენით, რა გაქვთ დაგეგმილი და როგორია თქვენი შეხედულება სხვადასხვა საქორწინო წეს-ჩვეულებაზე. შეგიძლიათ გაუგზავნოთ ვებსაიტზე მოცემული სტატია „როგორ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები ქორწილს?“. გაუთვალისწინებელმა ფაქტორებმა რომ არ იჩინოს თავი და ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს, შეგიძლიათ რომელიმე სანდო ძმა „სუფრის გამრიგედ“ დანიშნოთ (იოან. 2:8). თუ მას კარგად აუხსნით თქვენს საქორწინო გეგმას, ის დაგეხმარებათ, რომ ყველაფერმა ღირსეულად და გეგმის მიხედვით ჩაიაროს.

20. რა უნდა ახსოვდეს ნეფე-პატარძალს?

20 შეიძლება გარკვეულ სტრესს განიცდით, როცა ყველა იმ დეტალზე ფიქრობთ, რაც საქორწილო სამზადისს უკავშირდება. მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგავიწყდეთ: ქორწილი მხოლოდ ერთი დღეა, წინ კი უამრავი ბედნიერი დღე გელოდებათ იეჰოვას მსახურებაში. ყველაფერი გააკეთეთ, რომ თქვენი ქორწილი უბრალო და ღირსეული იყოს. თუ მიენდობით იეჰოვას და მიჰყვებით მის ხელმძღვანელობას, სანანებელი არაფერი გექნებათ და ეს დღე ბედნიერ მოგონებად დარჩება თქვენს ცხოვრებაში (ფსალმ. 37:3, 4).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რატომ უნდა იყოს ნეფე-პატარძლის მიზანი, რომ მათმა ქორწილმა პატივი მიაგოს იეჰოვას?

  • რა დაეხმარება ნეფე-პატარძალს სასიამოვნო და ღირსეული ატმოსფერო შექმნაში?

  • რა დადებითი მხარეები აქვს სადა ქორწილს?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 107 ღმერთმა სიყვარულის მაგალითი მოგვცა

a ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ: ბევრ კულტურაში ქორწილი გულისხმობს ცერემონიას, როცა წყვილი ქორწინების აღთქმას დებს ღვთის წინაშე. ამას შეიძლება საქორწინო წვეულებაც მოჰყვეს. თუმცა ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება იმ შემთხვევაშიც მართებთ წყვილებს, თუ მათ კულტურაში ოფიციალურ საქორწინო ცერემონიას არ ატარებენ ან წვეულებას არ მართავენ.

b მეტი ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტიანს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების მიმართ, იხილეთ 2006 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „ღირსეული ქორწინება, როგორც ღვთის, ისე ადამიანის თვალში“.

c ვებსაიტზე jw.org უყურეთ ვიდეოს „მივართვა სტუმრებს ალკოჰოლური სასმელი?“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება