ხანდაზმულებო, თქვენ სჭირდებით კრებას!
„წარსულს რომ ვიხსენებ, მიკვირს რამდენი რამის გაკეთება შემეძლო. ახლა კი ელემენტარულიც დიდი ძალისხმევის ფასად მიჯდება“ (83 წლის კონი).
ასაკობრივი პრობლემების გამო ალბათ იმდენს ვერ აკეთებთ, რამდენიც გინდათ. შეიძლება მრავალი წელი ერთგულად ემსახურებოდით იეჰოვას და ბევრსაც აკეთებდით, მაგრამ ახლა ამდენის ძალა აღარ შეგწევთ და გული ძალიან გწყდებათ. რა დაგეხმარებათ, რომ ასეთ ფიქრებს გასაქანი არ მისცეთ და სიხარული არ დაკარგოთ?
ᲠᲐᲡ ᲛᲝᲔᲚᲘᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲒᲐᲜ?
დაფიქრდით, რას მოელის იეჰოვა თქვენგან. კანონის 6:5-ში ვკითხულობთ: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი ძალით“. რით არის ეს სიტყვები მანუგეშებელი?
როგორც ამ მუხლიდან ჩანს, იეჰოვა მოელის, რომ მას მთელი გულით, სულით და ძალით ემსახურებით. ეს იმასაც ნიშნავს, რომ საკუთარი თავი სხვებს არ უნდა შეადაროთ. არც ის იქნებოდა სწორი, რომ, რასაც დღეს იეჰოვასთვის აკეთებთ, ახალგაზრდობაში გაღებული მსხვერპლისთვის შეგედარებინათ.
დაფიქრდით: რა მსხვერპლს იღებდით იეჰოვასთვის ახალგაზრდობაში? ალბათ, მაშინ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს იღებდით. შესაძლოა თქვენი მდგომარეობა შეიცვალა, მაგრამ დღესაც, დიდი ალბათობით, საუკეთესოს იღებთ იეჰოვასთვის. თუ ამ კუთხით შეხედავთ ამ საკითხს, მიხვდებით, რომ დღესაც იმავეს იღებთ, რასაც წარსულში – საუკეთესოს.
ახალგაზრდობაში თქვენ საუკეთესოს იღებდით იეჰოვასთვის და დღესაც საუკეთესოს იღებთ.
ᲨᲔᲒᲘᲫᲚᲘᲐᲗ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘ ᲘᲧᲝᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
კიდევ რაზე ღირს დაფიქრება: ასაკი შეზღუდვად კი არ აღიქვათ, არამედ შესაძლებლობად. დღეს იმის საშუალება გეძლევათ, რაც ახალგაზრდობაში ვერ მოგეცემოდათ. რას ვგულისხმობთ?
გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება სხვებს. დაფიქრდით ბიბლიურ მაგალითებზე:
მეფე დავითი: „ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც, მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, არც მისი შვილები – პურზე ხელგაწვდილი“ (ფსალმ. 37:25).
იესო ნავეს ძე: „მე უკვე ვკვდები; კარგად იცით, რომ არ გამტყუნებულა არცერთი დანაპირები, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, თქვენ სასიკეთოდ მოგცათ, ყველა შეგისრულათ, არცერთი არ გამტყუნებულა“ (იეს. 23:14).
მეფე დავითი და იესო ნავეს ძე ამ ყველაფერს თავისი გამოცდილებით ამბობდნენ. წლების მანძილზე ეს ერთგული მსახურები ბევრი რამის მოწმენი გახდნენ, რამაც მათ ნათქვამს მეტი წონა შესძინა. წლებთან ერთად თქვენც დააგროვებდით მსგავს გამოცდილებას.
თუ უკვე დიდი ხანია, იეჰოვას ემსახურებით, თქვენც შეგიძლიათ პირადი გამოცდილება გაუზიაროთ სხვებს და მოუყვეთ, როგორ იგრძენით იეჰოვას ხელი სხვადასხვა სიტუაციაში. გახსენდებათ ისეთი შემთხვევა, როცა საკუთარი თვალით ნახეთ, როგორ იზრუნა იეჰოვამ თავის მსახურებზე? ნუ შეიკავებთ თავს სხვებთან ამაზე საუბრისგან. თქვენმა ისტორიამ შეიძლება და-ძმებზე წარუშლელი კვალი დატოვოს და გამხნევების წყარო აღმოჩნდეს მათთვის (რომ. 1:11, 12).
სხვების გამხნევებას იმ შემთხვევაშიც შეძლებთ, თუ კრებას დარბაზში დაესწრებით, რა თქმა უნდა, თუ მდგომარეობა ხელს გიწყობთ. ასე თქვენც უფრო მეტად გამხნევდებით. ზემოთ ნახსენები კონი ამბობს: „დარბაზში მისვლა და კრებაზე დასწრება ძალიან მამხნევებს და მეხმარება, სიხარული არ დავკარგო. როგორ შეიძლება გული გამიტყდეს, როცა ამხელა სიყვარულს და სითბოს ვიღებ და-ძმებისგან?! მეც ვცდილობ, მადლიერება გამოვხატო და პატარა საჩუქრებს ვაძლევ ხოლმე მათ. რაც შემიძლია იმას ვაკეთებ, რომ და-ძმებთან ვითანამშრომლო და ვემსახურო იეჰოვას“.
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲐᲤᲐᲡᲔᲑᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲔᲠᲗᲒᲣᲚᲔᲑᲐᲡ
ბიბლიაში არაერთი ადამიანის შესახებ ვკითხულობთ, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით ბევრს ვერ აკეთებდა იეჰოვასთვის, მაგრამ მას ძალიან უყვარდა თითოეული მათგანი. მაგალითად, სიმონი, რომელიც იესოს დაბადების დროს საკმაოდ ხანში შესული იყო. ის ტაძარში ხედავდა ახალგაზრდებს, რომლებიც სხვადასხვა მოვალეობას ასრულებდნენ. შესაძლოა სიმონი ფიქრობდა, რომ იეჰოვას თვალში უკვე ბევრს არაფერს წარმოადგენდა. მაგრამ იეჰოვას მის მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება ჰქონდა. მან პატივი დასდო ამ მართალ და ღვთისმოშიშ კაცს, საკუთარი თვალით ენახა ჩვილი იესო. მეტიც, იეჰოვამ წმინდა სულით აღავსო ის და მისი მეშვეობით წარმოთქვა მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება (ლუკ. 2:25–35). ფაქტია, ღმერთი თავის ხანდაზმულ მსახურში ფიზიკურ სისუსტეს კი არა, უდიდეს რწმენას ხედავდა.
იეჰოვამ სიმონს პატივი არგუნა, ჩვილი იესო ენახა და მის შესახებ წინასწარმეტყველება წარმოეთქვა.
დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა თქვენს ერთგულებასაც აფასებს და ვერანაირი ასაკობრივი შეზღუდვა მის თვალში ფასს ვერ დაგიკარგავთ. ის ხომ „ჩვენგან იმის გაღებას ელის, რაც გვაქვს და არა იმის, რაც არ გვაქვს“ (2 კორ. 8:12).
ასე რომ, ყურადღება იმაზე გადაიტანეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ. მაგალითად, მსახურების რა სფეროებში შეძლებდით მონაწილეობას, თუნდაც ხანმოკლე დროით? ან იქნებ და-ძმები ტელეფონით ან პატარა წერილით გაამხნეოთ? სიყვარულით ნაკარნახევ უბრალო ჟესტსაც კი ძალიან დიდი ძალა აქვს, მით უმეტეს იმ თანაქრისტიანისგან, რომელიც დიდი ხანია იეჰოვას ემსახურება.
ასაკობრივი შეზღუდვების მიუხედავად მაინც შეგიძლიათ იეჰოვასთვის ბევრი რამ გააკეთოთ. მაგალითისთვის იხილეთ ჩარჩო „როგორ იხსნა სიცოცხლე ერთმა ბიბლიურმა მუხლმა“, სადაც მოთხრობილია აღმოსავლეთ აფრიკაში მომხდარი შემთხვევა.
გახსოვდეთ, რომ თქვენი რწმენითა და ერთგულებით ბევრს ამხნევებთ. თქვენ მოთმინების ცოცხალი მაგალითი ხართ სხვებისთვის. გჯეროდეთ, „ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ, რადგან ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმინდებს“ (ებრ. 6:10).
ᲙᲕᲚᲐᲕ ᲓᲐᲔᲮᲛᲐᲠᲔᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲡ
კვლევების თანახმად, ის ხანში შესულები, რომლებიც სხვებს ეხმარებიან, უკეთესი ჯანმრთელობითა და სხარტი გონებით გამოირჩევიან და უფრო დიდ ხანსაც ცხოვრობენ.
ცხადია, სიკეთის კეთებით დაბერების პროცესს ვერ შევაჩერებთ. ამას მხოლოდ ღვთის სამეფო შეძლებს, რომელიც სიბერის და სიკვდილის გამომწვევ მიზეზს, ცოდვას, აღმოფხვრის (რომ. 5:12).
და მაინც, ღვთის მსახურება და სხვებისთვის მისი გაცნობა იმედს ცოცხლად შეგინარჩუნებთ და თქვენს ჯანმრთელობაზეც დადებითად იმოქმედებს. ხანდაზმულო და-ძმებო, დარწმუნებული იყავით, იეჰოვა აფასებს თქვენს მსახურებას და ისიც გახსოვდეთ, რომ კრებისთვის რწმენის დიდი მაგალითი ხართ.