16–22 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2026
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 20 უძვირფასესი ძე გაიღე
რატომ დაგვჭირდა გამოსასყიდი?
„ვინ დამიხსნის ამ მოკვდავი სხეულისგან?“ (ᲠᲝᲛ. 7:24).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
გამოსასყიდის წყალობით ღმერთი გვპატიობს ცოდვებს, მომავლის იმედს გვისახავს და მასთან შერიგებისა და დამეგობრების საშუალებას გვაძლევს.
1, 2. რისგან ვსაჭიროებთ დახსნას და რატომ? (რომაელები 7:22–24; იხილეთ სურათიც).
ᲬᲐᲠᲛᲝᲘᲓᲒᲘᲜᲔᲗ, რომ ადამიანი შენობის ნანგრევებშია მოყოლილი. ცოცხალია, მაგრამ განძრევას ვერ ახერხებს. მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ ვინმე გაიგებს მის განწირულ ხმას და დაიხსნის.
2 შეიძლება ითქვას, რომ ყველანი მსგავს მდგომარეობაში ვართ. როცა ადამი შემოქმედს ეურჩა, ცოდვილი გახდა და თავისი შთამომავლებიც ცოდვას დაუმონა. როგორც ნანგრევებში მოყოლილ ადამიანს სჭირდება შველა, ისე ჩვენ გვჭირდება დახმარება, რომ ცოდვისგან გავთავისუფლდეთ. რომაელებისთვის მიწერილ წერილში პავლე კარგად აღწერს ადამიანის ცოდვილ მდგომარეობას (წაიკითხეთ რომაელების 7:22–24). მას გააზრებული ჰქონდა, რომ ცოდვის გამო სიკვდილს ვერსად გაექცეოდა და ამიტომ დახსნას ითხოვდა (რომ. 6:23). ჩვენც იგივე დღეში ვართ; ჩვენც ვსაჭიროებთ შველას!
როგორც ნანგრევებში მოყოლილ ადამიანს სჭირდება შველა, ისე ჩვენ გვჭირდება დახმარება, რომ ცოდვისგან გავთავისუფლდეთ. (იხილეთ აბზაცები 1, 2)
3. რისი ძალა შესწევს გამოსასყიდს?
3 პავლემ ცოდვაზე საუბარი დამაიმედებლად დაასრულა. კითხვას „ვინ დამიხსნის ამ მოკვდავი სხეულისგან?“ თავადვე გასცა არაორაზროვანი პასუხი: „ვმადლობ ღმერთს, რომელიც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით დამიხსნის!“ (რომ. 7:25). პავლე ამ სიტყვებში იესოს მიერ გაღებულ გამოსასყიდსa გულისხმობდა. გამოსასყიდს 1) ცოდვების პატიების, 2) გასრულყოფილების და 3) ღმერთთან შერიგების ძალა შესწევს. ამ სამი მხარის განხილვა კიდევ უფრო შეგვაყვარებს იეჰოვას, „იმედის მომცემ ღმერთს“ (რომ. 15:13). გარდა ამისა, იესოს მიმართაც გაგვიღრმავდება მადლიერება, რომელმაც „გამოსასყიდით გაგვათავისუფლა“ (კოლ. 1:14).
ᲞᲐᲢᲘᲔᲑᲐ
4, 5. რატომ საჭიროებს ყველა ადამიანი გამოსყიდვას? (ეკლესიასტე 7:20).
4 არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არაფერი ეშლება, ამიტომ გამოსყიდვა ყველას გვჭირდება (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 7:20). ზოგი ცოდვა განსაკუთრებით მძიმეა. მაგალითად, მოსეს კანონის თანახმად, მრუშობა და მკვლელობა სიკვდილით ისჯებოდა (ლევ. 20:10; რიცხ. 35:30, 31). თუმცა ყველა ცოდვა, დიდი თუ პატარა, მაინც ცოდვად ითვლება. ეს დავითსაც კარგად ესმოდა. მან თქვა: „დავაკვირდები ჩემს ნაბიჯებს, რათა ენით არ შევცოდო“ (ფსალმ. 39:1). ასე რომ, ენითაც შეიძლება ადამიანი სცოდავდეს (იაკ. 3:2).
5 ალბათ ყველას გვითქვამს ან გაგვიკეთებია ისეთი რამ, რაც მოგვიანებით გვინანია. არც გვაქვს იმის პრეტენზია, რომ უშეცდომოები ვართ. და თუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს, ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, თავს იტყუებს და ჭეშმარიტება არ არის მასში (1 იოან. 1:8).
6, 7. რის საფუძველზე გვპატიობს იეჰოვა? (იხილეთ სურათიც).
6 იეჰოვა მიმტევებელია, მაგრამ ცოდვაზე თვალს ვერ დახუჭავს (ეს. 59:2). ამასთანავე, სრულყოფილად სამართლიანია, ამიტომ პატიებისთვის კანონიერი საფუძველი სჭირდება. გამოსასყიდი კი სწორედ ასეთი საფუძველია (ეფეს. 1:7).
7 მოსეს კანონის თანახმად, ისრაელებს ცოდვების მისატევებლად ცხოველური შესაწირავები უნდა გაეღოთ (ლევ. 4:27–31; 17:11). ამგვარი შესაწირავები მიანიშნებდა უკეთეს მსხვერპლზე, იესოს გამოსასყიდზე, და იმ კურთხევებზე, რომლებსაც ის ადამიანებს მოუტანდა. იესოს გამოსასყიდმა შექმნა კანონიერი საფუძველი, რომ იეჰოვას ჩვენთვის ეპატიებინა. პავლეს ესმოდა, რისი ძალა შესწევდა იესოს მსხვერპლს. მას შემდეგ, რაც კორინთელ ქრისტიანებს წარსული ცოდვები შეახსენა, ასეთი რამ უთხრა: „მაგრამ განიბანეთ, განიწმინდეთ და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, სახელით და ჩვენი ღვთის სულით მართლებად ჩაითვალეთ“ (1 კორ. 6:9–11).
ცოდვის მისატევებლად გაღებული ცხოველური შესაწირავები იესოს გამოსასყიდზე და იმ კურთხევებზე მიანიშნებდა, რომლებსაც ის ადამიანებს მოუტანდა. (იხილეთ აბზაცები 6, 7)
8. რაზე ღირს დაფიქრება გახსენების საღამოს პერიოდში?
8 გახსენების საღამოს პერიოდში ღირს იმაზე დაფიქრება, თუ რამხელა სიკეთე მოაქვს იეჰოვას მიმტევებლობას პირადად ჩვენთვის. მაგალითად, გამოსასყიდის წყალობით აღარ გვტანჯავს დანაშულის გრძნობა იმ ცოდვების გამო, რომლებიც მოვინანიეთ. თუმცა ზოგი მაინც ვერ ახერხებს ამ გრძნობისგან გათავისუფლებას და ფიქრობს: კი ვიცი, რომ იეჰოვა მპატიობს, მაგრამ მე ვერ ვპატიობ ჩემს თავს. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, გახსოვდეთ: პატიება იეჰოვას პრეროგატივაა, გასამართლების უფლებამოსილება კი თავის ძეს მისცა. მას არც თქვენთვის და არც სხვა ვინმესთვის მიუცია იმის უფლება, განსაზღვროს, ვინ იმსახურებს პატიებას და ვინ არა. ბიბლია გვარწმუნებს: „თუ სინათლეში დავდივართ, როგორც . . . [იეჰოვაა] სინათლეში, . . მისი ძის, იესოს, სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გვწმენდს“ (1 იოან. 1:6, 7). ეს ისეთივე უდავო ჭეშმარიტებაა, როგორიც ნებისმიერი სხვა ბიბლიური მოძღვრება. გარდა იმისა, რომ გამოსასყიდმა იეჰოვას პატიების კანონიერი საფუძველი შეუქმნა, მას ამის დიდი სურვილიც აქვს. ბიბლიაში მასზე ნათქვამია: „ყოველთვის მზად ხარ პატიებისთვის“ (ფსალმ. 86:5).
ᲘᲛᲔᲓᲘ
9. კიდევ რა იგულისხმება ცოდვაში? (ფსალმუნი 51:5).
9 ბიბლიაში სიტყვა „ცოდვა“ არასწორ საქციელთან ერთად იმ მდგომარეობაზეც მიანიშნებს, რომელშიც ჩასახვისთანავე აღმოვჩნდით (წაიკითხეთ ფსალმუნის 51:5). სამწუხაროდ, ცოდვილი მდგომარეობის გამო მხოლოდ შეცდომებს კი არ ვუშვებთ, არამედ ავად ვხვდებით, ვბერდებით და საბოლოოდ სიცოცხლესაც ვკარგავთ. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ჩვილი ბავშვებიც კი, რომელთაც არაფერი ჩაუდენიათ, ზოგჯერ ავად ხდებიან და იღუპებიან. ცოდვილი მდგომარეობაა იმის მიზეზიც, რომ განურჩევლად ყველა, კეთილიც და ბოროტიც, განსაცდელს ხვდება და საბოლოოდ ცხოვრებას სიკვდილით ამთავრებს. ადამის უკლებლივ ყველა შთამომავალი ცოდვილი ბუნების ტყვეობაშია.
10. რა გრძნობები დაეუფლათ ადამსა და ევას შეცოდების შემდეგ?
10 რა შეიცვალა ცოდვის ჩადენის შემდეგ პირველი წყვილისთვის? ღვთის კანონის დარღვევისთანავე მათ დიდი შინაგანი მღელვარება იგრძნეს და სინდისმა შეაწუხათ (რომ. 2:15). ისინი მაშინვე მიხვდნენ, რომ რაღაც ცუდისკენ შეიცვალა. სხეული დაიფარეს და, როგორც დამნაშავეები, ღმერთს დაემალნენ (დაბ. 3:7, 8). მათ პირველად განიცადეს დანაშაულის, წუხილის, დაუცველობისა და სირცხვილის გრძნობა. ეს გრძნობები მათ სიცოცხლის ბოლომდე დაუკარგავდა მოსვენებას (დაბ. 3:16–19).
11. ჩვენზე როგორ მოქმედებს ცოდვილი მდგომარეობა?
11 ცოდვა ჩვენშიც მსგავს გრძნობებს იწვევს. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ფიზიკურ თუ ემოციურ ტკივილს ვერც ჩვენ გავექცევით. ბიბლიაშიც ნათქვამია, რომ ყველა ადამიანი ამაოებას „დაემორჩილა“ (რომ. 8:20). დაფიქრდით, რამხელა გამოწვევების წინაშეა დღეს მთელი კაცობრიობა: ეკოლოგიური პრობლემები, დანაშაული, სიღარიბე და ომები. პატარ-პატარა სასიკეთო ძვრების მიუხედავად ადამიანების მცდელობა მაინც ამაოა და პრობლემა პრობლემად რჩება. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ამ შემთხვევაშიც გამოსასყიდია.
12. რა იმედს გვისახავს ღმერთი?
12 გამოსასყიდის საფუძველზე ღმერთი იმედს გვისახავს, რომ „ხრწნის მონობისგან“ გავთავისუფლდებით (რომ. 8:21). ახალ ქვეყნიერებაში, როცა მთელი სისავსით შევიგრძნობთ გამოსასყიდის ძალას, აღარ შეგვაწუხებს ფიზიკური, ემოციური თუ მენტალური პრობლემები და არც დანაშაულის, წუხილის, დაუცველობისა და სირცხვილის გრძნობა დაგვიმძიმებს გულს. უფრო მეტიც, ჩვენი გამომსყიდველის, „მშვიდობის მთავრის“, ხელმძღვანელობით ჩვენი მცდელობა, რომ დედამიწა უკეთეს საცხოვრებელ ადგილად ვაქციოთ და მშვიდობიანად ვიცხოვროთ, ამაო არ იქნება (ეს. 9:6, 7).
13. კიდევ რაზე ღირს დაფიქრება გახსენების საღამოს პერიოდში?
13 უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორი იქნება ცხოვრება, როცა ცოდვილ ბუნებას სამუდამოდ „გამოვემშვიდობებით“. ყოველ დილით სასიამოვნო შეგრძნებით გავიღვიძებთ და იმაზე ფიქრი არ შეგვაშინებს, რომ ჩვენ ან ჩვენს საყვარელ ადამიანებს რაიმე საფრთხეს შეუქმნის. თუმცა დღესვე შეგვიძლია თავი მეტ-ნაკლებად მშვიდად ვიგრძნოთ, თუკი ჩავეჭიდებით სანდო და მტკიცე იმედს, რომელიც ღუზასავითაა ჩვენთვის (ებრ. 6:18, 19). ეს იმედი რწმენას გვიძლიერებს და გვეხმარება, განსაცდელებს გავუძლოთ. ამას გარდა, გვჯერა, რომ იეჰოვა „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრ. 11:6). რომ არა გამოსასყიდი, დღეს ვერც შინაგან სიმშვიდეს ვიგრძნობდით და ვერც მომავლის იმედი გვექნებოდა.
ᲨᲔᲠᲘᲒᲔᲑᲐ
14. როგორ იმოქმედა ცოდვამ ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე? ახსენით.
14 ადამისა და ევას ცოდვამ მთელი კაცობრიობა ჩამოაშორა ღმერთს. ბიბლიაც პირდაპირ ამბობს, რომ ადამიანები ღვთისგან გაუცხოებული არიან (რომ. 8:7, 8; კოლ. 1:21). ვინაიდან იეჰოვას სრულყოფილი ნორმები აქვს, ცოდვაზე თვალს არ დახუჭავს. ბიბლიაში მასზე ნათქვამია: „ვერ უმზერ ბოროტებას, რადგან სპეტაკია შენი თვალები, არ იწყნარებ სიავეს“ (აბაკ. 1:13). ამგვარად ცოდვამ ადამიანი ღვთის მტრად აქცია. ვერავინ შევძლებდით მასთან დამეგობრებას, თუ ჯერ არ შევურიგდებოდით. შერიგება კი გამოსასყიდმა გახადა შესაძლებელი.
15. რა გაგებით მოემსახურა გამოსასყიდი შერიგებას და რისი შესაძლებლობა მოგვცა?
15 ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იესო „შერიგების მსხვერპლია ჩვენი ცოდვებისთვის“ (1 იოან. 2:2). ბერძნული სიტყვა, რომელიც გადმოტანილია „შერიგების მსხვერპლად“, აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს როგორც „დამამშვიდებელი“. რა გაგებით აღმოჩნდა იესოს გაღებული გამოსასყიდი იეჰოვასთვის დამამშვიდებელი? არა იმ გაგებით, რომ საყვარელი ძის სიკვდილმა იეჰოვას გული დაუმშვიდა. აქ იმაზეა საუბარი, რომ იესოს მსხვერპლმა ღვთის სამართლის მოთხოვნები დააკმაყოფილა და ადამიანთან ურთიერთობის აღდგენის საფუძველი შექმნა (რომ. 3:23–26). იეჰოვას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იესო გამოსასყიდს გაიღებდა. ამიტომ მართლებად ჩათვალა ისინიც, ვინც ამ მსხვერპლის გაღებამდე ერთგულად ემსახურებოდნენ მას (დაბ. 15:1, 6; ეს. 46:10). ამგვარად გამოსასყიდმა ყველას მოგვცა ღმერთთან დამეგობრების შესაძლებლობა.
16. კიდევ რაზე შეგვიძლია ვიფიქროთ გახსენების საღამოს მოახლოებისას? (იხილეთ სურათიც).
16 დაფიქრდით, რა შეცვლა ღმერთთან შერიგებამ თქვენთვის. ალბათ, იმის სითამამე შეგმატათ, რომ იეჰოვასთვის, როგორც მამისთვის, ისე მიგემართათ. იესომაც ხომ ამისკენ მოგვიწოდა (მათ. 6:9). გარდა ამისა, იეჰოვას თქვენს მეგობრად მიიჩნევთ. თუმცა ერთიცაა: როცა იეჰოვას სიტყვებით „მამა“ და „მეგობარი“ მივმართავთ, ამაში დიდი მოწიწება უნდა იგრძნობოდეს. მიზეზი ისაა, რომ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ჩვენი, ცოდვილი ადამიანების, დამსახურება არაა. რომ არა გამოსასყიდი, ეს ჩვენთვის მხოლოდ ოცნებად დარჩებოდა. საბედნიეროდ, ღმერთმა მოისურვა, რომ იესოს „მეშვეობით, მის მიერ წამების ძელზე დაღვრილი სისხლით, მშვიდობა აღედგინა და ასე შემოერიგებინა ყოველივე“ (კოლ. 1:19, 20). სწორედ ამან განაპირობა, რომ ცოდვილი ბუნების მიუხედავად შეგვიძლია გავიხაროთ ღმერთთან მეგობრობით.
იესოს მსხვერპლმა კანონიერი საფუძველი შექმნა, რომ იეჰოვა შერიგებოდა ადამიანებს და მათთან ურთიერთობა აღედგინა. (იხილეთ აბზაცი 16)
ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲡᲧᲘᲓᲘ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲒᲣᲚᲛᲝᲬᲧᲐᲚᲔᲑᲐᲖᲔ ᲛᲝᲬᲛᲝᲑᲡ
17. რაზე მოწმობს გამოსასყიდი? (ეფესოელები 2:4, 5).
17 გამოსასყიდი იეჰოვას უდიდეს გულმოწყალებაზე მეტყველებს. მან „გაგვაცოცხლა, როცა მკვდრები ვიყავით დანაშაულის გამო“ (წაიკითხეთ ეფესოელების 2:4, 5). მარადიული სიცოცხლის მისაღებად განწყობილი ადამიანები „შველას ითხოვენ“, რადგან ესმით, რომ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის ტყვეობაში არიან და დახსნას საჭიროებენ (საქ. 13:48). იეჰოვას ესმის მათი „განწირული ხმა“ და დახმარების ხელს უწვდის. ის ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, მოისმინონ სასიხარულო ცნობა და გაეცნონ მას და მის ძეს (იოან. 17:3). ასე რომ, თუ სატანას ეგონა, რომ ადამის და ევას შეცოდებით ღვთის განზრახვას ჩაშლიდა, მწარედ ცდებოდა.
18. რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან?
18 ცხადია, გამოსასყიდს უდიდესი სიკეთე მოაქვს თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ რეალურად ის უფრო დიდ მიზანს ემსახურება. ამით იეჰოვა პასუხს სცემს ედემის ბაღში წამოჭრილ საკამათო საკითხს (დაბ. 3:1–5, 15). გამოსასყიდის მეშვეობით ის განწმენდს თავის სახელს და აბათილებს სატანის ყველა ბრალდებას. იეჰოვა ცოდვისა და სიკვდილისგანაც გვიხსნის, რაც მის განუზომელ სიყვარულზე მოწმობს. ამასთანავე, ის საშუალებას გვაძლევს, ცოდვილი ბუნების მიუხედავად ჩვენი სიტყვა ვთქვათ საკამათო საკითხის გადაჭრაში, რასაც უდიდეს პატივად მივიჩნევთ (იგავ. 27:11). რით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ მადლიერი ვართ გამოსასყიდისთვის? ამაზე შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 19 უფლის გახსენების საღამო
a ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ: გამოსასყიდი არის საფასური, რომლითაც ხდება ვინმეს ტყვეობიდან გათავისუფლება. გამოსასყიდი, რომელიც იესოს სიცოცხლის ფასად დაუჯდა, ღვთის ერთგულ ადამიანებს ცოდვისა და სიკვდილისგან ათავისუფლებს.