23–29 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2026
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 18 მადლიერნი ვართ გამოსასყიდისთვის
რით აჩვენებთ, რომ მადლიერი ხართ გამოსასყიდისთვის?
„ჩვენი აღმძვრელი ის სიყვარულია, რომელიც ქრისტეს აქვს“ (2 ᲙᲝᲠ. 5:14).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ეს სტატია დაგვაფიქრებს, პირადად ჩვენ როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ გამოსასყიდისთვის.
1, 2. რისკენ უნდა აღგვძრას გამოსასყიდმა და რატომ? (2 კორინთელები 5:14, 15; იხილეთ სურათიც).
ᲗᲣ ᲜᲐᲜᲒᲠᲔᲕᲔᲑᲘᲓᲐᲜ გამოგიყვანეს და გადაგარჩინეს, ცხადია, თავს დავალებულად იგრძნობთ იმ ადამიანის წინაშე, ვინც თქვენი სიცოცხლე იხსნა. ალბათ პირადად გადაწყვეტდით მისთვის მადლობის გადახდას, თუნდაც თქვენთან ერთად სხვებიც გადაერჩინა.
2 როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისგან ჩვენით ვერ დავიხსნით თავს. იესოს გამოსასყიდს კი 1) ცოდვების პატიების, 2) ცოდვილი მდგომარეობისგან გათავისუფლების და 3) ღმერთთან შერიგების ძალა შესწევს. ეს ყველაფერი ახალ ქვეყნიერებაში მარადიული ცხოვრების იმედსაც გვისახავს. იესოს გაღებული მსხვერპლი იმასაც მოწმობს, რა ძლიერ უყვარს ადამიანები. მან ხომ ჯერ კიდევ ზეცაში ყოფნის დროს შეგვიყვარა (იგავ. 8:30, 31). პავლემაც თქვა: „ჩვენი აღმძვრელი ის სიყვარულია, რომელიც ქრისტეს აქვს“ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 5:14, 15). როცა ვფიქრობთ, რამხელა სიყვარული დაგვიმტკიცა იესომ, სურვილი გვიჩნდება, ამ სიყვარულის საპასუხოდ ჩვენც გავაკეთოთ რამე.
როგორც ნანგრევებში მოყოლილი კაცი გრძნობს თავს დავალებულად თავის გადამრჩენელთან, ისე ჩვენ ვართ ვალში მის წინაშე, ვინც ცოდვისგან დაგვიხსნა. (იხილეთ აბზაცები 1, 2)
3. რა განაპირობებს, რით გამოვხატავთ მადლიერებას?
3 თქვენ რისკენ აღგძრავთ გამოსასყიდი? ამ კითხვაზე პასუხი იმაზეა დამოკიდებული, იეჰოვასთან ურთიერთობის რა ეტაპზე ხართ. ამის უკეთ დასანახვებლად მოვიყვანოთ პირობითი სიტუაცია. სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ სამ ადამიანს ერთსა და იმავე ადგილას სურს გამგზავრება. ცხადია, დანიშნულების ადგილამდე ისინი სხვადასხვა მარშრუტით ჩავლენ. ამ სტატიაშიც სამი კატეგორიის ადამიანზე ვისაუბრებთ, რომელთაც გამოსასყიდისთვის მადლიერების გამოხატვა სურთ. ესენი არიან: 1) ბიბლიის შემსწავლელები, 2) მონათლული ქრისტიანები და 3) ისინი, ვინც ამა თუ იმ მიზეზით კრებას ჩამოშორდა. ეს ადამიანები განსხვავებულ სიტუაციაში არიან, შესაბამისად, მადლიერებასაც სხვადასხვა გზით გამოხატავენ. ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, როგორ შეუძლიათ მათ ამის გაკეთება.
ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲨᲔᲛᲡᲬᲐᲕᲚᲔᲚᲔᲑᲘ
4. რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას ბიბლიის შემსწავლელების მიმართ?
4 თუ ბიბლიას სწავლობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იეჰოვა დაინტერესდა თქვენით და სურს, დაუმეგობრდეთ მას (იოან. 6:44; საქ. 13:48). „გულების შემმოწმებელ“ ღმერთს შეუმჩნეველი არ რჩება თქვენი მცდელობა. მას ძალიან ახარებს იმის დანახვა, რომ მზად ხართ ცვლილებებისთვის და კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამთ (იგავ. 17:3; 27:11). ეს ურთიერთობა გამოსასყიდმა გახადა შესაძლებელი, რასაც, ალბათ, ყოველთვის დააფასებთ (რომ. 5:10, 11).
5. როგორ შეუძლიათ შემსწავლელებს ფილიპელების 3:16-ის გათვალისწინება?
5 როგორ შეგიძლიათ მადლიერება გამოხატოთ გამოსასყიდისთვის? შეეცადეთ, გაითვალისწინოთ ფილიპელებისთვის მიწერილი პავლეს რჩევა და განაგრძოთ აღებული გეზით სვლა (ფილ. 3:16). ნურაფერს მისცეთ უფლებას, სიცოცხლის გზაზე სიარულისას ხელი შეგიშალოთ (მათ. 7:14; ლუკ. 9:62).
6. რა დაეხმარებათ შემსწავლელებს, თუ ცვლილებების მოხდენა უჭირთ? (კანონი 30:11–14; იხილეთ სურათიც).
6 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ რომელიმე ბიბლიურ სწავლებას ბოლომდე არ ეთანხმებით? შეეცადეთ, მეტი გამოიკვლიოთ და იეჰოვას სთხოვეთ, ამ საკითხის უკეთ გაგებაში დაგეხმაროთ (ფსალმ. 86:11). თუ მაინც ბუნდოვანი იქნება, აჯობებს, მოგვიანებით მიუბრუნდეთ და შესწავლა არ შეწყვიტოთ. ან შეიძლება გერთულებათ ღვთისთვის მიუღებელი ჩვევების მიტოვება. ნუ იფიქრებთ, რომ იეჰოვას ნორმებით ცხოვრებას ვერ შეძლებთ. ის ისეთს არაფერს მოგთხოვთ, რაც თქვენს ძალებს აღემატება (წაიკითხეთ კანონის 30:11–14). თანაც, იეჰოვა გპირდებათ, რომ დაგეხმარებათ (ეს. 41:10, 13; 1 კორ. 10:13). ასე რომ, არ დანებდეთ. ბევრს ნუ იფიქრებთ იმ სირთულეებზე, რასაც სწავლის პროცესში აწყდებით, ყურადღება იმაზე გადაიტანეთ, იეჰოვამ როგორ გაგრძნობინათ თავისი ხელი და რამხელა მსხვერპლი გაიღო თქვენთვის. რაც უფრო მეტად შეიყვარებთ ღმერთს, მით უფრო გაგიადვილდებათ მისი ნორმების დაცვა (1 იოან. 5:3).a
იეჰოვა შეუძლებელს არ გთხოვთ. ის აუცილებლად დაგეხმარებათ მისი ნორმებით ცხოვრებაში. (იხილეთ აბზაცი 6)
7. რაზე უნდა დაფიქრდნენ ახალგაზრდები, რომლებიც იეჰოვას მოწმეების ოჯახში იზრდებიან?
7 თუ იეჰოვას მოწმეების ოჯახში იზრდებით, გამოდის, რომ თქვენც ბიბლიის შემსწავლელი ხართ. მშობლებს ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია, იეჰოვა გაგაცნონ. ბიბლიაში ნათქვამია: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკ. 4:8; 1 მატ. 28:9). თუ იეჰოვასთან დასამეგობრებლად ნაბიჯებს გადადგამთ, ისიც დაგიმეგობრდებათ. ის ისე არ გიყურებთ, როგორც თავისი მსახურის შვილს, არამედ როგორც ცალკე პიროვნებას, რომელთანაც პირადი ურთიერთობა სურს. მასთან დაახლოება კი ისევ და ისევ გამოსასყიდმა გახადა შესაძლებელი. არასდროს დაივიწყოთ იეჰოვასგან ბოძებული ეს უძვირფასესი საჩუქარი (რომ. 5:1, 2). გახსენების საღამოს პერიოდი კარგი შესაძლებლობაა, დაფიქრდეთ, რას ნიშნავს იესოს მსხვერპლი პირადად თქვენთვის. ეს აღგძრავთ, დაისახოთ სულიერი მიზნები და ამით მადლიერება გამოხატოთ იეჰოვას მიმართ.b
ᲛᲝᲜᲐᲗᲚᲣᲚᲘ ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲘ
8. რაში გამოჩნდა გამოსასყიდისადმი თქვენი რწმენა?
8 როგორც მონათლულმა ქრისტიანმა თქვენ უკვე არაერთგზის დაამტკიცეთ, რომ აფასებთ ქრისტეს გამოსასყიდს. მაგალითად, დაუახლოვდით იეჰოვას და მისი ნორმებით დაიწყეთ ცხოვრება. გაითვალისწინეთ იესოს მოწოდება და აქტიურად დაკავდით მოწაფეების მომზადებით. შემდეგ კი თავი მიუძღვენით იეჰოვას და მოინათლეთ. ალბათ რწმენის გამო წინააღმდეგობასაც შეხვდით (2 ტიმ. 3:12). თქვენი ერთგულება და ძლიერი რწმენა იმაზე მოწმობს, რომ გიყვართ იეჰოვა და ძალიან აფასებთ გამოსასყიდს (ებრ. 12:2, 3).
9. რაში მართებთ სიფრთხილე ქრისტიანებს?
9 მონათლულმა ქრისტიანებმა უნდა იფრთხილონ, რომ დროთა განმავლობაში მათთვის გამოსასყიდი არ გაუბრალოვდეს. დავფიქრდეთ, რა მოხდა ეფესოელი ქრისტიანების შემთხვევაში. ზეცად ამაღლებულმა იესომ ეფესოს კრება მოთმინებისთვის შეაქო, თუმცა იქვე დასძინა: „უკმაყოფილო ვარ იმით, რომ აღარ გაქვს თავდაპირველი სიყვარული“ (გამოცხ. 2:3, 4). როგორც იესოს სიტყვებიდან ჩანს, ქრისტიანული მსახურება შეიძლება თანდათან რუტინად გვექცეს. შეიძლება ვლოცულობდეთ, არ ვაცდენდეთ კრებებს და ვქადაგებდეთ კიდეც, თუმცა ამ ყველაფერს უბრალოდ მექანიკურად ვაკეთებდეთ და არა სიყვარულის გამო. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ვამჩნევთ, რომ იეჰოვასადმი სიყვარული გაგვინელდა?
10. როგორ შეგვიძლია გავითვალისწინოთ ტიმოთესთვის მიწერილი პავლეს რჩევა? (1 ტიმოთე 4:13, 15).
10 მოციქულმა პავლემ ტიმოთეს ურჩია, ყოველთვის მთელი გულით და გააზრებულად ემსახურა ღვთისთვის (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:13, 15). თქვენ როგორ შეგიძლიათ ამ რჩევის გათვალისწინება? დაფიქრდით, რა დაგეხმარებათ, რომ ყოველთვის იყოთ სულით ანთებული, ანუ არ დაკარგოთ ენთუზიაზმი (რომ. 12:11). მაგალითად, შეეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ კრებისთვის მომზადებას, რაც დაგეხმარებათ, უფრო ყურადღებით იყოთ შეხვედრაზე. ან პირადი შესწავლის ჩასატარებლად ისეთი გარემო შეარჩიეთ, სადაც ნასწავლზე ფიქრი გაგიადვილდებათ. ცეცხლი რომ გიზგიზებდეს და არ ჩაქრეს, პერიოდულად უნდა გავაღვივოთ. მსგავსად, იეჰოვასგან ბოძებული ყველა ძღვნის, მათ შორის გამოსასყიდის მიმართ მადლიერების გრძნობა რომ არ გაგვინელდეს, ეს პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ამას გარდა, კარგი იქნება, თუ გახსენების საღამოს პერიოდში ვიფიქრებთ ყველა იმ სიკეთეზე, რაც მის მონათლულ მსახურებს გვაქვს. ეს კიდევ უფრო გაგვიღრმავებს მადლიერების გრძნობას გამოსასყიდისადმი, რის გარეშეც ჩვენთვის შეუძლებელი იქნებოდა იეჰოვასთან ურთიერთობა.
11, 12. ნიშნავს ენთუზიაზმის დაკარგვა იმას, რომ ქრისტიანს აღარ აქვს წმინდა სული? (იხილეთ სურათიც).
11 თუ ამჩნევთ, რომ აღარ გაქვთ ისეთი შემართება, როგორსაც ისურვებდით, გულს ნუ გაიტეხთ და ნუ ჩათვლით, რომ წმინდა სული დაკარგეთ. გაიხსენეთ, რა თქვა პავლემ თავის დავალებაზე: „იძულებითაც რომ ვაკეთებდე, ეს მაინც ჩემთვის დაკისრებული პასუხისმგებლობაა“ (1 კორ. 9:17). რისი თქმა სურდა მას?
12 დროდადრო პავლეც კარგავდა მსახურების ხალისს. თუმცა, როგორც არ უნდა ეგრძნო თავი, ამ საქმეზე უარს მაინც არ ამბობდა. შეეცადეთ, მსგავსი განწყობა გქონდეთ და განაგრძეთ სულიერი საქმეების კეთება, თუნდაც არ გეხალისებოდეთ. აგრეთვე ღმერთს სთხოვეთ დახმარება, რომელიც „სურვილსაც აღგიძრავთ და მოქმედების ძალასაც“ მოგცემთ (ფილ. 2:13). არ ჩამორჩეთ სულიერ განრიგს. გჯეროდეთ, დროთა განმავლობაში დაგიბრუნდებათ ხალისი და განგიახლდებათ თავდაპირველი სიყვარული.
შეეცადეთ, მიჰყვეთ სულიერ განრიგს, თუნდაც არ გეხალისებოდეთ. (იხილეთ აბზაცები 11, 12)
13. როგორ შევამოწმოთ, გვაქვს თუ არა რწმენა?
13 კარგი იქნება, პერიოდულად მოციქული პავლეს შემდეგი რჩევისამებრ მოვიქცეთ: „ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, გაქვთ თუ არა რწმენა; გამოსცადეთ საკუთარი თავი“ (2 კორ. 13:5). თვითშე მოწმებაში შემდეგი კითხვები დაგვეხმარება: ჩანს ჩემი ცხოვრებიდან, რომ ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე ვაყენებ? (მათ. 6:33). ისეთი რამით ხომ არ ვერთობი, რაც იეჰოვასთვის საძულველია? (ფსალმ. 97:10). ვუწყობ ხელს თანაქრისტიანებს შორის მშვიდობასა და ერთობას? (ეფეს. 4:2, 3). გახსენების საღამოს პერიოდში, როცა განსაკუთრებით ბევრს ვფიქრობთ გამოსასყიდზე, შესაძლებლობა გვაქვს, შევამოწმოთ საკუთარი თავი და დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად ქრისტესთვის ვცხოვრობთ და არა საკუთარი თავისთვის.c
ᲙᲠᲔᲑᲐᲡ ᲩᲐᲛᲝᲨᲝᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲘ
14. რატომ შეწყვიტა ზოგმა კრებაზე დასწრება?
14 ზოგმა ქრისტიანმა მონათვლიდან მალევე დატოვა კრება, ზოგი კი მრავალწლიანი ერთგული მსახურების მიუხედავად სულიერად მოსუსტდა და არააქტიური გახდა. რამ გამოიწვია ეს? ზოგი ცხოვრებისეულმა საზრუნავმა მოიცვა (ლუკ. 21:34). ზოგზეც თანაქრისტიანის სიტყვებმა თუ საქციელმა იმოქმედა (იაკ. 3:2). ზოგმაც ცოდვა ჩაიდინა და დახმარების თხოვნა მოერიდა ან არ მოისურვა. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, შეეცადეთ, დაუბრუნდეთ თქვენს სულიერ ოჯახს. ამაში გამოსასყიდზე ფიქრი დაგეხმარებათ.
15. საიდან ჩანს, რომ იეჰოვასთვის ძვირფასნი არიან მის ფარას ჩამოშორებულები? (ეზეკიელი 34:11, 12, 16).
15 როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას მათ მიმართ, ვინც ფარას ჩამოშორდა? ის არ ბრაზობს მათზე, პირიქით, გული შესტკივა. ცდილობს, თავის ფარაში დააბრუნოს და სულიერად გამოკვებოს (წაიკითხეთ ეზეკიელის 34:11, 12, 16). იეჰოვა თქვენს შემთხვევაშიც ასე იქცევა. ის, რომ ახლა ამ სტატიას კითხულობთ, იმის მაჩვენებელია, რომ თქვენს გულში ისევ არის იეჰოვას ადგილი. თუკი მან თავის დროზე დაინახა რაღაც კარგი თქვენში და ჭეშმარიტებისკენ მიგიზიდათ, ახლა ვერ შეამჩნევს ამას და არ შეეცდება, თავის ოჯახში დაგაბრუნოთ?!
16. რა ეხმარებათ კრებას ჩამოშორებულებს იეჰოვასთან დაბრუნებაში? (იხილეთ სურათიც).
16 ბროშურაში „დაუბრუნდი იეჰოვას“ ასეთი სიტყვები წერია: „გჯეროდეს, რომ იეჰოვა სიხარულით მიგიღებს! იგი დაგეხმარება, გული არ დაგიმძიმოს საფიქრალმა, დაძლიო გულისტკივილი, დაიბრუნო სუფთა სინდისი და იგრძნო შინაგანი სიმშვიდე. კვლავ გაგიჩნდება სურვილი, თანაქრისტიანებთან ერთად ემსახურო იეჰოვას“. ისიც გახსოვდეთ, რომ უხუცესებიც სიამოვნებით დაგეხმარებიან. ისინი იქნებიან თქვენთვის „თავშესაფარი ქარში და საფარი ქარიშხალში“ (ეს. 32:2). გვჯერა, რომ მადლიერი ხართ გამოსასყიდისთვის და გსურთ კიდეც, გამოხატოთ ეს. ამიტომ კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ კვლავ იგრძნოთ იეჰოვასთან სიახლოვე (ეს. 1:18; 1 პეტ. 2:25). იქნებ დარბაზში მიხვიდეთ და კრებას დაესწროთ ან დახმარებისთვის რომელიმე უხუცესს მიმართოთ? მან შეიძლება შემოგთავაზოთ, რომ რაღაც პერიოდი ვინმემ შესწავლა ჩაგიტაროთ. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა დაგიფასებთ მცდელობას, დაუბრუნდეთ მას და მადლიერება გამოხატოთ გამოსასყიდის მიმართ.
დაფიქრდით, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ კვლავ იგრძნოთ იეჰოვასთან სიახლოვე. (იხილეთ აბზაცი 16)
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲒᲘᲫᲚᲘᲐᲗ ᲛᲐᲓᲚᲘᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲮᲐᲢᲕᲐ
17, 18. რა შეგიძლიათ გააკეთოთ გახსენების საღამოს პერიოდში?
17 იესომ გამოსასყიდი მთელი კაცობრიობისთვის გაიღო, „რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:16). ამგვარად ის სამუდამოდ გაგვათავისუფლებს ცოდვისა და სიკვდილისგან. ასეთ სიკეთეს არასოდეს დავივიწყებთ (რომ. 3:23, 24; 2 კორ. 6:1). გახსენების საღამოს პერიოდი შესაძლებლობას გვაძლევს, ვიფიქროთ რამხელა სიყვარული დაგვიმტკიცეს იეჰოვამ და იესომ, რაც შესაბამისი მოქმედებისკენ აღგვძრავს.
18 თქვენ რისკენ აღგძრავთ გამოსასყიდი? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამაზე შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული პასუხები გვქონდეს. მაგრამ გახსოვდეთ, იეჰოვა დაგიფასებთ ძალისხმევას, იმ მილიონობით ღვთის მსახურს შორის იყოთ, რომლებმაც გადაწყვიტეს, „საკუთარი თავისთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ მისთვის, ვინც მათთვის მოკვდა“ (2 კორ. 5:15).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 14 განადიდეთ დედამიწის ახალი მეფე!
a სულიერ წინსვლაში დაგეხმარებათ წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ თითოეული გაკვეთილის ბოლოს მოცემული ჩარჩო „დავალება/მიზანი“.
b იმის გასაგებად, თუ რა სულიერი მიზნები შეგიძლიათ დაისახოთ, იხილეთ 2017 წლის დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „ახალგაზრდებო, „კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის“.
c იმის გასაგებად, თუ რა დაგვეხმარება, არ დავკარგოთ ღვთისადმი მადლიერება, იხილეთ 1995 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „რა აღგძრავს, ემსახურო ღმერთს?“.